რით განსხვავდება მარქსის მეთოდი პოლიტიკური ეკონომიკისგან?

sopo

► ავტორი: სოფო ჯაფარიძე, თბილისის სოლიდარობის ქსელის წევრი. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სოფო ჯაფარიძის სხვა წერილიც: “რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება.”

► ყველა ციტატა კარლ მარქსის Grundrisse-ის შესავლიდან არის ამოღებული.

© European.ge

რით განსხვავდება მარქსის აზრები კაპტალიზმის შესახებ ყველა სხვა ეკონომისტის აზრებისგან? სხვა ეკონომისტები განმარტავენ კაპიტალიზმს – რომელსაც ისინი აერთიანებენ ზოგადად წარმოების ისტორიასთან – ამ სისტემაში მცხოვრები ადამიანის პერსპექტივიდან. კაპიტალიზმის მუშაობა იხსნება შემდეგნაირად: ეკონომისტები მოიშველიებენ გაბატონებული ბურჟუაზიული იდეოლოგიიდან ამოზრდილ თანამედროვე იდეებს, უსადაგებენ მათ წარსულს და ამავდროულად ამართლებენ კაპიტალიზმის სამომავლო განვითარებას.

ამის საპირისპიროდ, მარქსი განიხილავს კაპიტალიზმს მის ისტორიულ განვითარებაში, ხოლო კაპიტალიზმში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც ბურჟუაზიული წარმოების წესის შედეგს. ბურჟუა ეკონომისტები ეკონომიკას განმარტავენ „ადამიანის ბუნებაზე“ დაყრდნობით, რომელსაც სინამდვილეში საზოგადოება განაპირობებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეკონომისტები იკვლევენ კაპიტალიზმში მცხოვრებ ადამიანს და ასკვნიან, რომ ეს არის ადამიანი როგორც ასეთი – ყველა ყოველთვის მასსავით ფიქრობდა და იქცეოდა. მარქსი კი ამბობს, რომ იგივე ადამიანი სინამდვილეში იმ სისტემის პროდუქტია, რომელმაც ის წარმოშვა. ის არ წარმოადგენს უნივერსალურ, ტრანსისტორიულ არსებას.

სხვადასხვა პოლიტეკონომიური სისტემა წარმოშობს სხვადასხვაგვარ ადამიანს. ბურჟუა ეკონომისტებისთვის, მათ მიერ აღწერილი კაპიტალიზმში მცხოვრები ადამიანი „დროის მიღმაა“ – ე.ი. ნებისმიერ პიროვნებას, ნებისმიერ დროსა და ადგილზე ერთი და იგივე საჭიროებები, სურვილები და შესაძლებლობები აქვს.

მეტიც, სასწაულებრივად, ეს ადამიანი დამოუკიდებელია საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან (მისი გადარჩენა/განვითარება არ არის დამოკიდებული სხვებზე). ეს „გააკვირვებდა“ ბევრ ისეთ „პიროვნებას“, რომელიც გილდიის, მამულის (ყმები), ტომის, კლანის ან სხვა კოლექტიური ერთეულის ნაწილი ყოფილა. დღევანდელი ინდივიდუალიზმი არ არსებობდა კაპიტალიზმის გამოჩენამდე.

ამისგან განსხვავებით, კაპიტალიზმამდე ადამიანებს განიხილავდნენ მუდმივ და მჭიდრო კავშირში სანათესაოებთან, მიწასთან ან/და გარკვეულ ჯგუფთან. ისინი არ ირჩევდნენ თავიანთ ცხოვრების წესს და თავად არ განსაზღვრავდნენ იმას, თუ ვისთან ექნებოდათ კავშირი. ადამიანის გადარჩენა დამოკიდებული იყო დადგენილ ერთობლივ თანამშრომლობაზე.

ე.ი. რატომ იქნება მცდარი დღევანდელი პიროვნების მახასიათებლების გამოცხადება „ადამიანის ბუნებად“?

ამ შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთში ავურევთ ისტორიული პირობებით დასწავლილ ქცევას და ადამიანის ბუნებას. სხვადასხვა პერიოდი ახალისებს ან სჯის ადამიანს სხვადასხვა საქციელისთვის.

მარქსი წერს:

სმიტი და რიკარდო კვლავ მყარად დგანან მეთვრამეტე საუკუნის წინასწარმეტყველთა მხრებზე. ამ უკანასკნელთა წარმოსახვაში კი მეთვრამეტე საუკუნის პიროვნება – ერთი მხრივ ფეოდალური ფორმების ნგრევის, მეორე მხრივ კი მეთექვსმეტე საუკუნიდან მომდინარე ახალი მწარმოებლური ძალების ნაწარმი – იდეალიზებულია. ამ იდეალს ისინი წარსულს მიუსადაგებენ. არა როგორც ისტორიულ შედეგს, არამედ როგორც ისტორიის საწყისს.

ბურჟუა ეკონომისტები თავიანთ არგუმენტებს „ადამიანის ბუნებაზე“ ამყარებენ კონკრეტული ესთეტიკის გამოყენებით. ისინი იშველიებენ რობინზონ კრუზოს. ეს არის თეთრკანიანი ევროპელი მამაკაცი, რომელიც კუნძულზე აღმოჩნდება. ისინი აკვირდებიან მას და მსჯელობენ ლოგიკაზე მის ქმედებებში, აზროვნებაში და იმაში, თუ როგორ ახერხებს ის გადარჩენას. ცხადია, რობინზონ კრუზო უნაკლოდ ამართლებს ბურჟუა ეკონომისტების მოლოდინებს. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ წარმოება შეუძლებელია ინდივიდუალურად, ხოლო იმ ხელსაწყოთა უმეტესობა, რომლებსაც კრუზო იყენებს, ევროპაში შეიქმნა და კუნძულზე გემის მეშვეობით აღმოჩნდა.        

ბურჟუა ეკონომისტების ერთ-ერთი თვალშისაცემი შეცდომა „პიროვნების დამოუკიდებლობის“ იდეალიზაციისას იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალიზმი პრაქტიკაში, სინამდვილეში წარმოების ყველაზე სოციალურ ფორმას წარმოადგენს. ნებისმიერ სხვა ფორმასთან შედარებით, აქ ყველაზე მეტი ადამიანია გაერთიანებული და ერთმანეთზე დამოკიდებული საქონლის შექმნის პროცესში. წარმოების ამ ბურჟუაზიულმა წესმა დაამკვიდრა თანამშრომლობის ისეთი მასშტაბები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა.

ზედაპირზე, გვეუბნებიან, რომ ინდივიდები ვართ, საზოგადოების მიღმა ვდგავართ და შეგვიძლია ავირჩიოთ როგორი დამოკიდებულება გვექნება მასთან. სინამდვილეში კი ინდივიდუალური წარმოება შეუძლებელია და კონკურენცია კაპიტალისტებსა და მშრომელებს შორის გვაიძულებს „ავირჩიოთ“ შრომა ყოველდღე კაპიტალისტების სასარგებლოდ და მშრომელებთან ერთად, თუ გვსურს რომ გადავრჩეთ.

წარმოების ისტორიული ურთიერთობების მუდმივმოქმედად გამოცხადება – წარმოება და დანაწილება ზოგადად. – საკუთრება.

ვინმე „ჭკვიანი ადამიანი“ დააკვირდება სხვადასხვა დროსა და ადგილს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან მიმართებით და იპოვის მათში საერთო თავისებურებებს. შემდეგ ის თავის მიგნებებს ამ მოვლენებისა და ადგილების „ზოგად გარემოებებად“ გამოაცხადებს. დავუშვათ მსურს ავღწერო „სახლის“ იდეა ზოგადად (კატეგორია: სახლი). ვიტყოდი, რომ ის უნდა უზრუნველყოფდეს თავშესაფარს. მაგრამ როგორ დამეხმარებოდა ეს ზოგადი თავისებურება მდიდრული სახლისა და იგლუს ერთმანეთისგან გარჩევაში? რეალურად, „თავშესაფარით უზრუნველყოფის“ აბსტრაქტული კატეგორია არაფერს მეუბნება ისტორიულ სტადიაზე, გეოგრაფიაზე და სხვა ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ განსხვავებებზე იგლუსა და მდიდრულ სახლს შორის. ასეთი ზოგადი კატეგორიები, მარქსის მიხედვით, არაფერს ამჟღავნებს, მხოლოდ განმეორებისგან გვიცავს. ისინი ტავტოლოგიებია. ჩვენი ცხოვრების შესახებ ნამდვილი ცოდნის მოსაპოვებლად უნდა დავაკვირდეთ თითოეული სახლის სპეციფიურ თავისებურებებს და არა ზოგად მსგავსებებს მათ შორის.

„ერთის მხრივ, წარმოების ყველა ეპოქას გააჩნია გარკვეული საერთო ნიშნები, საერთო განსაზღვრებანი. წარმოება საერთოდ – ეს არის აბსტრაქცია, თუმცა გონივრული აბსტრაქცია, რამდენადაც ის ნამდვილად გამოყოფს (აცალკევებს) საერთოს, აფიქსირებს მას და ამიტომაც გვათავისუფლებს ჩვენ განმეორებისგან. მათ შორის, ეს საყოველთაო ან საერთო, გამოყოფილი შედარების გზით, თავად არის რაღაც, რაც მრავალგზის დაყოფილია ნაწილებად, გამოხატული სხვადასხვა განსაზღვრებებად. აქედან ზოგი მიეკუთვნება ყველა ეპოქას, დანარჩენი კი მოიაზრება საერთოში მხოლოდ კონკრეტულ ეპოქებში. ზოგიერთი განსაზღვრება საერთოა როგორც ახალი, ისე ადრეული ეპოქებისთვის. მათ გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი წარმოება; თუმცა როგორც მეტად განვითარებული ენებს ახასიათებს თავისი კანონები და განსაზღვრებანი, საერთონი ნაკლებად განვითარებულ ენებთან, სწორედ ამ საყოველთაოსა და საერთოს განსხვავება არის ის, რაც შეადგენს მათ განვითარებას. განსაზღვრებანი, რომლებიც ნამდვილია წარმოებისათვის საერთოდ, უნდა იყოს დაცალკევებული სწორედ იმისთვის, რომ იმ ერთგვაროვნების გამო, რომელიც გამომდინარეობს უკვე იქიდან, რომ სუბიექტი, კაცობრობა და ობიექტი, ბუნება – ერთი და იგივეა, ამ ერთგვაროვნების გამო არ იქნას დავიწყებული მათი არსებითი განსხვავებანი“

როდესაც ბურჟუა ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ არსებობს „წარმოება ზოგადად“, ისინი განაზოგადებენ და აბუნდოვანებენ ნამდვილ სოციალურ ურთიერთობებს. არ არსებობს არავითარი ზოგადი წარმოება ან წარმოება ზოგადად. ყოველთვის, როდესაც წარმოებას ვეხებით, ვსაუბრობთ სპეციფიურ წარმოებაზე ან სხვადასხვა სპეციფიურ წარმოებათა ერთობლიობაზე. მატერიალურად, შეუძლებელია არსებობდეს წარმოება ზოგადად, თუ სასწაულებრივად არ აღმოვაჩენთ მილიონობით განსხვავებული სახმარი ღირებულების (პროდუქტების) ერთნაირად და ერთი და იგივე მასალებით წარმოების ხერხს. ღვინის და სკამის წარმოების წესი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან: განსხვავდება მასალები, ცოდნები, საწარმოო აღჭურვილობა და ა.შ.

წარმოების დროში განზოგადებულ ფენომენზე ფიქსაციით (მაგალითად, როგორც ფეოდალიზმი, ასევე კაპიტალიზმი მოიცავს ბაზარს და ადამიანებს. შესაბამისად, ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ) ისინი ამარტივებენ და ჩრდილში ტოვებენ არსებით სტრუქტურულ განსხვავებებს. ამახვილებენ რა ყურადღებას წარმოსახვითი უცვლელი ადამიანის ურთიერთობაზე წარმოებასთან, მალავენ ამ ურთიერთობის განსაზღვრულობას დროსა და ადგილთან მიმართებაში. ისინი დაუღალავად განიხილავენ განაწილებას, მიწოდებას და მოთხოვნას, მაგრამ არასდროს იმათ, ვინც აკეთებს მოწყობილობებს, იარაღს ან კარაქს. ეს შეგვიძლია შევადაროთ მომენტს რელიგიურ კამათში, როდესაც საქმე მიდგება საკითხის არსს, მორწმუნის საფუძველმდებარე პრინციპს წარმოადგენს ღმერთის უპირობო რწმენა. ბურჟუა ეკონომისტების ყველა კვლევა და თეორია იწყება იმ დაშვებით, რომ წარმოების მათი ვერსია ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენს და მსჯელობა მისით უნდა დავიწყოთ:

„ამის დავიწყებაში მდგომარეობს სწორედ თანამედროვე ეკონომისტების მთელი სიბრძნე, რომლებიც ამტკიცებენ არსებული სოციალური ურთიერთობის მუდმივობას (მარადიულობას) და ჰარმონიას. მაგალითად, ისინი ამტკიცებენ, რომ ვერანაირი წარმოება ვერ იარსებებს საწარმოო საშუალებების გარეშე, თუნდაც ეს საშუალება იყოს მხოლოდ ხელი. შეუძლებელია ნებისმიერი წარმოება წინამორბედი, დაგროვებული შრომის გარეშე, თუნდაც ეს შრომა იყოს მხოლოდ ხერხი, რომელიც ველურმა ხელმა აითვისა და დააგროვა განმეორებითი ვარჯიშის გზით. კაპიტალი არის, თავის მხრივ, ასევე წარმოების საშუალება და წარსული, ობიექტივირებული შრომა. მათი აზრით, კაპიტალი არის საყოველთაო, მუდმივი ბუნებრივი ურთიერთობა. ეს გამოდის იმიტომ, რომ ისინი უარყოფენ სწორედ იმ სპეფიციკურს, რაც აქცევს «წარმოების საშუალებებს», «დაგროვებულ შრომას» კაპიტალად.“   

და მაინც რას უთმობენ დროს ბურჟუა ეკონომისტები თუ არა წარმოებას? ისინი განაწილებაზე წერენ. განაწილების და წარმოების ერთმანეთისგან განცალკევებით, ისინი წარმატებით ამოშლიან წარმოებას ჩვენი არაცნობიერიდან და ჩვენი ყურადღება მთლიანად განაწილებაზე გადააქვთ. წარმოება იქცევა ფიქსირებულ ელემენტად, ხოლო განაწილება ცვლადად. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოსახვაში განაწილება ცვლადია, მას მაინც აქვს გარკვეული კანონები, ზოგადი და საერთო მახასიათებლები. ეკონომისტთა უმეტესობა ორი სახის „ზოგად მახასიათებელზე“ მიგვითითებს. პირველია საკუთრება და მეორე მისი დაცვა სასამართლოების, პოლიციის და სხვა ხერხების მეშვეობით.

მარქსი წერს, რომ როდესაც ვეხებით საკუთრებას, ვსაუბრობთ მითვისებაზე (აპროპრიაციაზე), ან ობიექტური მასალის, მიწის და ა.შ. აღებაზე. ეკონომისტები ცდილობენ წარმოების და საკუთრების განცალკევებას; მაგრამ ნებისმიერი წარმოება მოიცავს საკუთრებას. წარმოება ვერ შედგება საკუთრების გარეშე, რადგან საკუთრება მითვისებაა. როდესაც ეკონომისტები იყენებენ ტერმინს „საკუთრება“, ისინი კერძო საკუთრებას გულისხმობენ. არსებითად, კერძო საკუთრების იდეა საჭიროებს გარკვეულ ისტორიულ ურთიერთობებს. ის არ წარმოადგენს ბუნებრივ ან მუდმიც კონცეფტს. სინამდვილეში, ისტორიულად, აპროპრიაციის უმეტესი ნაწილი განხორციელდა კოლექტიურად და არა კერძოდ. მეორე – საკუთრების დაცვა პოლიციის, სასამართლოს და ა.შ. მეშვეობით უბრალოდ გამოხატავს (ამ შემთხვევაში) ბურჟუაზიული საზოგადოების სოციალური ურთიერთობების ლეგალურ მხარეს.

წარმოების ზოგადი ურთიერთობა განაწილებასთან, გაცვლასთან და მოხმარებასთან   

ბურჟუა ეკონომისტები წარმოებასთან ერთად სხვა კატეგორიებსაც ხედავენ. ისინი ხელოვნურად შლიან პოლიტეკონომიის მთლიანობას წარმოებად, განაწილებად, გაცვლად და მოხმარებად. ისინი კამათობენ ერთმანეთში და ამ პროცესში შემთხვევით და სწორხაზოვნად აწყობენ და გადააწყობენ თავიანთ კატეგორიებს.

marx ბურჟუაზიული ლოგიკის თანახმად, წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების ეკონომიკური ცხოვრების ციკლი იწყება წარმოებით. თავიდან, ადამიანი და ბუნება ერთმანეთს ხვდება – მათი ურთიერთობა უფრო სიმბიოტურია, ვიდრე პარაზიტული. ადამიანები მიითვისებენ ბუნებას, რომ აწარმოონ „ნივთები“. განაწილება არსებობს იმისთვის, რომ „განისაზღვროს რამდენად საზიაროა პიროვნებისთვის პროდუქტი“, ის „ანაწილებს პროდუქტებს სოციალური კანონების მიხედვით.“ ბურჟუა ეკონომისტებისთვის, გაცვლა წარმოადგენს „ადგილზე მიტანის“ მეთოდს, ურიგებს პროდუქტებს ადამიანებს და განსაზღვრავს თითოეულ პორციას. ეს პორციები კიდევ ნაწილდება ჩვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (ვხარჯავ ჩემი ხელფასის ნახევარს საკვებსა და თავშესაფარზე, ერთ მეოთხედს ტანსაცმელზე და მეორე მეოთხედს მგზავრობაზე). საბოლოოდ, მოხმარება აღნიშნავს იმას, თუ როგორ ვიყენებთ წარმოების პროდუქტებს (ვჭამ საჭმელს, ვიცვამ ტანსაცმელს, ვატარებ მანქანას).

არსებითად, წარმოება ბუნებითი კანონია, განაწილებას განსაზღვრავს საზოგადოება (გადასახადები, კანონები და ა.შ.) და მოხმარება წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს. განაწილებას ექცევა ბურჟუა ეკონომისტების ყურადღების ცენტრში იმიტომ, რომ აქ შემოდის „საზოგადოება“: აქ საზოგადოების პოლისებს გავლენა აქვთ. განაწილება გამაშუალებელია წარმოებასა და მოხმარებას შორის.

მარქსი ამას არ ეთანხმება და განმარტავს როგორ შეადგენენ არსებობის ეს თითქოს ცალკეული ნაწილები ორგანულ მთლიანობას.

მოხმარება და წარმოება

მოხმარება წარმოებაა, ხოლო წარმოება მოხმარება. ეს ერთი და იგივე მოქმედებაა. როდესაც ადამიანი მოიხმარს, ის ასევე აწარმოებს. ხოლო როდესაც ადამიანი აწარმოებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან მოიხმარა. წარმოიდგინეთ, რომ მოვიხმარე ყავა და ნამცხვარი, რომ მეწარმოებინა ეს ტექსტი. ის ფაქტი, რომ ეს ტექსტი ვაწარმოე, გვეუბნება, რომ მოვიხმარე ენერგია, ტექნიკა, პროგრამები (ვინაიდან ამას კომპიუტერით ვწერ) და ყველა ის რესურსი, რომელიც ამ კომპიუტერის და ინტერნეტის შექმნისთვის იყო საჭირო. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოვიხმართ რაიმეს. ვერ დავტოვებ უყურადღებოდ იმას, რომ ვბეჭდავ კლავიატურაზე, რაც ზღუდავს ჩემს წარმოებას და ასევე ზღუდავს თქვენს მოხმარებას. რომ არ გქონოდათ ინტერნეტი, ან ვინმეს არ ჰქონოდა პრინტერი თქვენთვის ამ ტექსტის ამოსაბეჭდად, თქვენ მას ვერ „მოიხმარდით“, ე.ი. ვერ წაიკითხავდით. მოკლედ, ის, თუ როგორ მოიხმართ ამ ტექსტს, განსაზღვრულია იმით, თუ როგორ მოხდა მისი წარმოება.

პროდუქტი არ არის პროდუქტი თუ მას არ მოიხმარენ. რა აზრი აქვს ბუნების მითვისებას თუ მას არ გამოიყენებ? ეს უბრალო დროის კარგვა იქნებოდა. ე.ი. პროდუქტი სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მოიხმარენ. მოხმარება ასევე ხელახლა იწყებს მთლიან პროცესს: ის აჩენს წარმოების საჭიროებას. მარქსი წერს:

„მოხმარება ქმნის წარმოებას ორგვარი ურთიერთობით: 1) იმით, რომ მხოლოდ მოხმარება აქცევს პროდუქტს ნამდვილ პროდუქტად. მაგალითად, კაბა ხდება ნამდვილად კაბა მხოლოდ მაშინ, როცა მას იცვამენ; სახლი, რომელშიც არ ცხოვრობენ, ფაქტობრივად არ არის ნამდვილი სახლი. ამ თვალსაზრისით, პროდუქტი, განსხვავებით სხვა უბრალო, ბუნების საგნისაგან, გამოავლენს თავს როგორც პროდუქტი, მხოლოდ მოხმარებისას. მოხმარება, ანადგურებს რა პროდუქტს, ამითვე მიჰყავს ის უკანასკნელ შტრიხამდე, რამდენადაც პროდუქტი არის პროდუქტი არა როგორც განივთებული მოქმედება, არამედ მხოლოდ როგორც საგანი მოქმედი სუბიექტისათვის. 2) იმით, რომ მოხმარება ქმნის მოთხოვნას ახალი წარმოებისა. აქედან გამო,დინარეობს, რომ იდეალური, შინაგანი მამოძრავებელი მიზანი წარმოებისა, წარმოადგენს მის წინაპირობას. მოხმარება აჩენს სტიმულს წარმოებისათვის, ის ქმნის ასევე საგანს, რომელიც მოქმედებს წარმოებაზე, განსაზღვრავს მის მიზანს. და თუ ცხადია, რომ წარმოება უწესებს მოხმარებას საგანს მისი გარეგნული ფორმით, მაშინ აუცილებლად ცხადია ისიც, რომ მოხმარება გულისხმობს წარმოების საგანს იდეალურად, როგორც შინაგან სახეხატს, როგორც მოთხოვნას, როგორც მამოძრავებელს და როგორც მიზანს. ის ქმნის წარმოების საგნებს მათსავე ჯერ კიდევ სუბიექტურ ფორმაში. საჭიროების გარეშე არ არსებობს წარმოება; თუმცა სწორედ მოხმარება აწარმოებს მოთხოვნას.“

მარქსის მიხედვით, მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ მოხმარება და წარმოება ერთი და იგივე მოქმედების ნაწილებია – თუმცა სხვადასხვა ნაწილში ადამიანების სხვადასხვა რაოდენობა მონაწილეობს (ასმა გერმანელმა აწარმოა ფეხსაცმელი, მაგრამ მხოლოდ ერთმა ამერიკელმა იხმარა). მაგრამ, წარმოება ამ ციკლში პირველად როლს ასრულებს: ის ფაქტი, რომ გვჭირდება მოხმარება ადასტურებს, რომ ხდება წარმოება.

„საზოგადოებაში“ (კაპიტალისტურ სოციალურ ურთიერთობებში) ვხედავთ, რომ ის, რასაც ადამიანი აწარმოებს არ ეკუთვნის მას ავტომატურად. ამის ნაცვლად, წარმოებასა და მოხმარებას შორის დგება განაწილება. შესაბამისად, უნდა დავსვათ კითხვა: დგას თუ არა განაწილება წარმოების გვერდით და მის გარეთ, როგორც ავტონომიური სფერო?

განაწილება და წარმოება

მარქსი წერს, რომ ეკონომისტები საკითხს ორმაგად აყენებენ: მაგალითად, განაწილებას მიაწერენ მიწის ქირას, ხელფასებს, პროცენტებს და მოგებას, ხოლო წარმოებას მიაწერენ მიწას, შრომას და კაპიტალს. მარქსის მიხედვით, „ეს განაწილების ტიპებია, რომელთა წინაპირობასაც წარმოადგენს კაპიტალი, როგორც წარმოების აგენტი. ასევე, ისინი კაპიტალის კვლავწარმოების საშუალებებსაც წარმოადგენენ.“ ე.ი. მიწის ქირა, ხელფასები, პროცენტები და მოგება წინაპირობად საჭიროებდნენ მიწას, შრომას და კაპიტალს.

განაწილების სტრუქტურას წარმოების სტრუქტურა განსაზღვრავს. განაწილება წარმოების ნაწილია: ის, თუ როგორ განაწილდება რაიმე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება მისი წარმოება. განაწილება გვეჩვენება რაიმედ, რაც წინ უსწრებს წარმოებას ინდივიდუალურ და კოლექტიურ დონეზე. დაბადების შემდეგ, ადამიანი მალევე იაზრებს, რომ უნდა იშრომოს გადარჩენისთვის. განაწილება ბუნებით კანონად გვსახება.

საზოგადოებების შემთხვევაში ჩანს, თითქოს განაწილება განსაზღვრავს წარმოებას. მაგალითად, წარმოების საგნები ერთ დროს დამპყრობლებმა ჩაიგდეს ხელში (დამპყრობლებმა მიითვისეს და გაანაწილეს), ან რევოლუციონერებმა, რომლებმაც შემდგომ მიწა უფრო პატარა ნაკვეთებად დაყვეს. ამგვარად მიწას სულ უფრო მეტი პატრონი უჩნდება, რაც „წარმოებას ახალ თავისებურებებს სძენს“ (რევოლუციონერების მიერ მიწის განაწილება). მაგრამ, განაწილება არ გულისხმობს მხოლოდ პროდუქტების განაწილებას. სანამ პროდუქტები განაწილდება, სხვაგვარი განაწილება ხდება.

საწარმოო საშუალებები (იარაღები, მიწა, ქარხნები) და საზოგადოების წევრები ნაწილდებიან წარმოების სხვადასხვა სფეროში. ვინ რას გააკეთებს და ვინ დაეპატრონება საწარმოო საშუალებებს წყდება თავად წარმოებაში; შესაბამისად, წარმოებას ვერ ავუვლით გვერდს, როგორც მუდმივმოქმედ ფენომენს, რადგან ეს ფაქტორები კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებში იცვლება.  განაწილების არქიტექტორები წარმოების შიგნით არიან ადამიანები კონკრეტული მიზნებით.

„კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ურთიერთობაშია წარმოებასთან მისი განმსაზღვრელი განაწილება, როგორც ჩანს, თავად წარმოებას ეხება. თუ იტყვიან, რომ ყოველ შემთხვევაში, ვინაიდან წარმოება უნდა გამომდინარეობდეს საწარმოო საშუალებების არსებული განაწილებიდან და განაწილება, ამ თვალსაზრისით, წინ უსწრებს წარმოებას, უნდა ვუპასუხოთ, რომ წარმოებას ნამდვილად აქვს თავისი პირობები და წინაპირობები, რომლებიც მის მომენტებს ქმნიან. ეს უკანასკნელნი შესაძლოა საწყისში თავისთავად გაჩენილებად, ბუნებრივად წარმოგვიდგნენ. მაგრამ წარმოების პროცესში ისინი ისტორიულ განსაზღვრულობებად იქცევიან. და თუ ერთ პერიოდში ისინი წარმოების ბუნებრივ წინაპირობად გვეჩვენებოდა, მეორე პერიოდში მის ისტორიულ შედეგად იქცევიან. თავად წარმოების პროცესში ისინი მუდმივად იცვლებიან. მაგალითად, დანადგარების გამოყენებამ შეცვალა როგორც საწარმოო საშუალებების, ასევე პროდუქტების განაწილება. თანამედროვე ფართო-მასშტაბური მიწის საკუთრება თვითონ წარმოადგენს როგორც თანამედროვე ვაჭრობის და ინდუსტრიის შედეგს, ასევე ამ უკანასკნელის მიწათმოქმედებაში გამოყენების შედეგს.“    

ე.ი. ის ფაქტი, რომ იძულებული ვარ ვიშრომო, რომ გადავრჩე, განპირობებულია წარმოების პროცესში მიმდინარე განაწილებით. მთლიანი საზოგადოებების შემთხვევაში, იმისთვის, რომ დამპყრობელს გაეძარცვა, უნდა არსებულიყო რაიმე სახის წარმოება, რომლის გაძარცვაც იქნებოდა შესაძლებელი. დღესდღეობით, აღარავინ მოიპარავს ძროხას ან თხას, რადგან მათ შესანახად მიწაა საჭირო. ამის ნაცვლად იპარავენ ძროხის ან თხის გაყინულ ხორცს. ისევე, როგორც მეთოთხმეტე საუკუნის პოლონელი ქალები ვერ მოიპარავდნენ ვინმეს იდენტობას ინტერნეტში, რადგან არ ჰქონდათ კომპიუტერი. შესაბამისად, წარმოება განაპირობებს განაწილებას. ახლა კი შევხედოთ ურთიერთობას წარმოებასა და გაცვლას შორის.

გაცვლა და წარმოება

ადამიანების და საწარმოო საშუალებების განაწილების მსგავსად, გაცვლაც წარმოებაში ხდება. პირველ რიგში, ხდება აქტივობების და შესაძლებლობების გაცვლა წარმოებაში. ამას შრომის დანაწილებასაც უწოდებენ. შემდეგ, საგნების გაცვლა წარმოებაში (ნედლი მასალებიდან მზა პროდუქტებამდე). ასევე, გაცვლას ვხვდებით მოვაჭრეებს შორის. მაგალითად, როდესაც ნედლი მასალების კომპანია თავის პროდუქტს გადამამუშავებელ კომპანიას მიჰყიდის. ყველა ეს გაცვლა მოქმედებს წარმოებაში, ან განპირობებულია წარმოებით – წარმოებულ პროდუქტს ყიდულობს კლიენტი.

„ამით ვასკვნით არა იმას, რომ წარმოება, განაწილება, გაცვლა და მოხმარება იდენტურია, არამედ იმას, რომ ისინი ერთად ქმნიან მთლიანობას – განსხვავებებს ერთიანობაში. წარმოება ბატონობს არამარტო საკუთარ თავზე, თავის განსაზღვრებებთან სრულ წინააღმდეგობაში ყოფნით, არამედ სხვა მომენტებზეც. პროცესი ყოველთვის უბრნდება მას, რათა დაიწყოს ხელახლა. გაცვლა და მოხმარება რომ ვერ იქნება პირველადი თავისთავად ცხადია. იგივე შეიძლება ითქვას განაწილებაზე პროდუქტთა განაწილების შემთხვევაში. ხოლო წარმოების ფაქტორების განაწილება თავად წარმოადგენს წარმოებას. ასე, გარკვეული წარმოება განსაზღვრავს გარკვეულ მოხმარებას, განაწილებას და გაცვლას, ისევე როგორც გარკვეულ ურთიერთობას ამ განსხვავებულ მომენტებს შორის. ცხადია, წარმოებაც მის ცალმხრივ ფორმაში, თავის მხრივ, სხვა მომენტებით განისაზღვრება. მაგალითად, როდესაც ფართოვდება ბაზარი, ე.ი. გაცვლის სფერო, იზრდება წარმოების მასშტაბი და ღრმავდება დიფერენციაცია მის შიგნით. წარმოება ასევე იცვლება განაწილების ცვლასთან ერთად. მაგალითად, როდესაც კაპიტალის კონცენტრაცია სხვადასხვაგვარად ნაწილდება ქალაქსა და სოფელს შორის და ა.შ. საბოლოოდ, მოხმარების მოთხოვნილება განსაზღვრავს წარმოებას. განსხვავებულ მომენტთა შორის მიმდინარეობს ურთიერთქმედება. ეს ყველა ორგანულ მთლიანობაში ხდება.“  

მარქსი აკვირდება სხვადასხვა განსხვავებას და ასკვნის, რომ წარმოება ხშირად განაპირობებს სხვა მომენტებს, თუმცა შესაძლოა თავად წარმოებასაც განაპირობებდნენ. ამის შემდეგ, მარქსი განიხილავს იმას, თუ როგორ საუბრობენ ბურჟუა ეკონომისტები პოლიტეკონომიაზე.

პოლიტეკონომიის მეთოდი

Grundrisse-ს შესავალის ამ ნაწილში პოლიტეკონომიის შესახებ, მარქსი წერს იმაზე, თუ როგორ იკვლევენ ბურჟუა ეკონომისტები პოლიტეკონომიას და რა არის მცდარი მათ მეთოდში.

ბურჟუა ეკონომისტები ცდილობენ დაიწყონ ცოცხალი მთლიანობით და მიდიან აბსტრაქტულ განმსაზღვრელებამდე. მაგალითად, ეკონომიკაზე მსჯელობისას. ისინი იწყებენ მოსახლეობით, რაც დასაწყისისთვის რეალურ და კონკრეტულ საკვლევ ობიექტს წარმოადგენს. თუმცა, ეს არასწორი მიდგომაა, ვინაიდან მოსახლეობა სინამდვილეში აბსტრაქციაა. თუ გვინდა საუბარი მოსახლეობაზე, უნდა ვისაუბროთ კლასებზე, ხოლო თუ ვსაუბრობთ კლასებზე, უნდა ვისაუბროთ სახელფასო შრომაზე, კაპიტალზე და სხვა განმსაზღვრელებზე, რომლებიც გაცვლის, შრომის დანაწილების, ფასების და ა.შ. წინაპირობებია. ე.ი. მიმართულებას ავიღებდით უფრო ზუსტი განმარტებებისკენმ რომ მივსულიყავით სულ უფრო მარტივ განმარტებებთან, სანამ არ მივიღებდით ყველაზე მარტივ განმარტებას ან განმსაზღვრელს.

ყველაზე მარტივი განმსაზღვრელიდან ისევ უკანა გზას უნდა დავადგეთ, სანამ არ დავუბრუნდებით მოსახლეობას. ამ შემთხვევაში, ის უკვე წარმოების მრავალფეროვანი მთლიანობა იქნებოდა. პირველი ხერხი – მსჯელობა ცოცხალი მთლიანობიდან უმარტივეს განმსაზღვრელამდე – ბურჟუაზიული მეთოდია, ხოლო მეორე – უმარტივესი განსაზღვრებიდან კონკრეტულ რეალობამდე – სწორი მეთოდი.

მეჩვიდმეტე საუკუნეში, ეკონომისტები მსჯელობას იწყებდნენ მოსახლეობით, ერით, ან რამდენიმე სახელმწიფოთი და ყოველთვის ასრულებდნენ ერთი-ორი ზოგადი აბსტრაქტული ურთიერთობის აღმოჩენით. მაგალითად, შრომის დანაწილების, ღირებულების, ან ფულის. ამ ფაქტორების დაფუძნების შემდეგ, ისინი ჩათვლიდნენ, რომ ეკონომიკური სისტემები განვითარდა ამ მარტივი კონცეფტებიდან უფრო მაღალგანვითარებულ კატეგორიებამდე, მაგალითად, სახელმწიფო, საერთაშორისო გაცვლა და მსოფლიო ბაზარი. ე.ი. მარტივი კატეგორიები სწორხაზოვნად მიდიან რთულ კატეგორიებამდე: სახელმწიფო, საერთაშორისო გაცვლა ან მსოფლიო ბაზარი გვევლინება კვლევის შედეგად და არა მის საწყის წერტილად.

ქვემოთ მოცემულია პოლიტეკონომიაზე მსჯელობის ორი განსხვავებული მეთოდი:

  1. ნამდვილი სამყაროს სურათი – აზრები გამარტივებისთვის – გამარტივების გამეორება – აბსტრაქტული ფაქტორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სხეული და ვერ ვხედავთ ნამდვილ სამყაროში.
  2. აბსტრაქტული ფაქტორი – რა წინაპირობებს მოიცავს? (ემატება ფენები) – კიდევ რა წინაპირობებს მოიცავს? (ემატება უფრო მეტი ფენა) – ნამდვილი სამყაროს სურათი

როგორც ვხედავთ, პირველი მეთოდი გვიბიძგებს მივატოვოთ კონკრეტული რეალობა და მივსდიოთ აბსტრაქციებს, ხოლო მეორე გვაიძულებს მუდმივად ვიფიქროთ ნამდვილ სამყაროზე და გამოვიკვლიოთ ურთიერთკავშირები აბსტრაქტულ კონცეფტებთან, რომ გავიგოთ კონკრეტული რეალობა. მეორე მეთოდი მარქსისტული მეთოდია.

სანამ მეთოდოლოგიის გზას მივჰყვებით, უნდა განვიხილოთ კატეგორიები. რა არის კატეგორიები? მარტივი კატეგორიები საერთოა წარმოების რამდენიმე ეპოქისთვის ან წესისთვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, მარტივი კატეგორია შესაძლოა წინ უსწრებდეს ამ კატეგორიის დღევანდელ, კონკრეტულ გამოვლინებას. მაგალითად, „ბაზარი“ ან „შრომა“ წინ უსწრებს კაპიტალიზმს. მაგრამ კაპიტალიზმში, ის სრულიად ახალ ფორმას იძენს. ის აღარ არის სხვა განმსაზღვრელებთან თანაცხოვრებაში მყოფი მზა განმსაზღვრელი. ისეთი კატეგორიები, როგორიც ბაზარ და შრომაა, ექვემდებარება სპეციფიურ შრომით პროცესს, რომელიც განაპირობებს მის კონკრეტულ გამოვლინებას.

მეტიც, მარქსი წერს, რომ „ყველაზე ზოგადი აბსტრაქციები წარმოიშვება მხოლოდ მდიდარი კონკრეტული განვითარების პირობებში.“ სხვა სიტყვებით, როდესაც კატეგორია აღარ განიხილება გარკვეულ ფორმაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეპოქამ მიაღწია პრაქტიკის ასეთ საფეხურს. მაგალითად, შრომა ჩვეულებრივ ისტორიაში ნიშნავდა შრომის გარკვეულ ტიპს, მაგრამ ამ ისტორიულ მომენტში, „შრომა“ აღარ აღნიშნავს მის სპეციფიურ სახეობას, რადგან პიროვნების სამსახური, რომელიც უფრო მარტივად იცვლება, შეიძლება პროფესიულ განათლებაზე მეტად შემთხვევაზე იყოს დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ კატეგორია აღწევს ზრდასრულობას კონკრეტულ რეალობაში გამოვლენილი ზრდასრულობით. კაპიტალიზმში, შრომის მოძრაობა მშრომელთა უნარების სრული გაქრობისკენ არის მიმართული. დღეს, როდესაც ვფიქრობთ „შრომაზე“, არ გვახსენდება მხოლოდ ერთი სახეობა, რადგან მრავალგვარი მშრომელი არსებობს. 29 წლისას, უკვე მიმუშავია ოფიციანტად, გამყიდველად, იურისტის ასისტენტად, რეპეტიტორად და პროფკავშირის ორგანიზატორად: უნარების თვალსაზრისით, ეს სამსახურები არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან. ჩვენ განვასხეულებთ აბსტრაქტულ შრომას: ამ სხვადასხვა სახის სამუშაოებზე მთლიანობაში ვფიქრობთ, ან სათითაოდ ჩამოვთვლით. ჩვენი გონება ამ აბსტრაქტულ კონცეფტს უფრო მარტივად აღიქვამს, რადგან ჩვენი რეალობა ხელს უწყობს მის აბსტრაქტულად აღქმას. მარქსი აგრძელებს:

„ბურჟუაზიული საზოგადოება წარმოადგენს წარმოების ყველაზე განვითარებულ და მრავალმხრივ ისტორიულ მოწყობას. ამიტომ, მისი ურთიერთობების გამომხატველი კატეგორიები, მისი ორგანიზაციის გაგება, შესაძლებლობას გვაძლევს შევიჭრათ ორგანიზაციაში და საწარმოო ურთიერთობებში გარდასული საზოგადოებრივი ფორმებისა, რომელთა ნანგრევებით და ელემენტებით ის თავად შენდება – ნაწილობრივ ის თან მოათრევს ძველის გაურკვეველ გადმონაშთებს და მეორეს მხრივ, სრულ მნიშვნელობამდე ავითარებს იმას, რაც მანამდე მხოლოდ მინიშნების სახით გვქონდა მოცემული. ადამიანის ანატომია – მაიმუნის ანატომიის გასაღებია.“

თითოეულ ეპოქაზე მსჯელობისას უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად მისი ურთიერთობების გამომხატველი კატეგორიების სიმრავლისა, საზოგადოების ყველა ფორმაში არის სპეციფიური წარმოება, რომელიც ბატონობს სხვა ტიპებზე და „რომლის ურთიერთობაც რანგსა და გავლენას მიუჩენს სხვებს.“ მაგალითად, ფერმერები იმკიდნენ მოსავალს მეცხოველეობის პარალელურად. მაგრამ, მიწის დამუშავება არ ყოფილა წარმოების პირველადი სახეობა, არამედ ფერმერული საქმიანობის ნაწილს წარმოადგენდა. კაპიტალიზმში შეგვიძლია ვიპოვოთ წარმოების სხვადასხვა სახეობა, მაგრამ ბატონობს მხოლოდ ერთი და ის სჯის დანარჩენებს. შესაბამისად, როდესაც ვიკვლევთ სხვადასხვა ეპოქას და მათ კატეგორიებს, არ ვახარისხებთ მათ მიმდევრობით და სწორხაზოვნად, არამედ ვპოულობთ მთავარ ბურჟუაზიულ ურთიერთობას და ვნახულობთ როგორ უკავშირდება ის სხვა კატეგორიებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ