სოციალური უსაფრთხოების ქსელები, არაფორმალური ეკონომიკა და საბინაო სიღარიბე – გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილება

001➤ ავტორი: იოზეფ ჰეგედიუსი;  მეტროპოლიტენის კვლევითი ცენტრი, ბუდაპეშტი, უნგრეთი.

სტატია პირველად გამოქვეყნდა „უსახლკარობის ევროპულ ჟურნალში“ (European Journal of Homelessness);  აგვისტო, 2011

➤ თარგმანი:  გიორგი კობახიძე, მაგდა ლაბაძე

➤ რედაქტორი : ლევან ასაბაშვილი

➤ ტექსტი მომზადებულია პროექტის – „საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ურბან რეაქტორის“ მიერ,  ანალიტიკურ მედია პლატფორმა European.ge-სა და „ურბანული კვლევების ცენტრთან“ თანამშრომლობით, “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

➤ ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ თარგმანები:

“საცხოვრისი – ზოგადი შესავალი რამდენიმე მაგალითით“ 
“რატომაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი საცხოვრისის უფლების რეალიზება?“
“საცხოვრებლის ეკონომიკური მნიშვნელობა განვითარებად ქვეყნებში“ 
“შედარებითი საბინაო პოლიტიკა და კეთილდღეობა”

➤ ასევე, შეგიძლიათ მოისმინოთ კვლევის შუალედური მოხსენება  : “საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა : საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს რეალობა”

© European.ge

002

შესავალი 

სოციალურმა და ეკონომიკურმა კონფლიქტებმა, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გარდამავალ პერიოდში წარმოიშვა, მთავრობებს კეთილდღეობის სისტემების რეფორმირება აიძულა. როდესაც სოციალური უზრუნველყოფის ძველი, საბჭოური სისტემა ჩამოიშალა, გარდამავალი პერიოდის გამოწვევებთან გასამკლავებლად, ახალი ზომების მიღება გახდა საჭირო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: კეთილდღეობის როგორი სისტემისკენ ისწრაფვიან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები და არსებობს თუ არა ახალი მოდელი, რომელიც აერთიანებს კეთილდღეობის თანამედროვე, ევროპული მოდელისა და ძველი, „სოციალისტური ტრადიციის“ ელემენტებს? მკვლევარები არ შეთანხმებულან იმ საკითხზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ზოგადი დასკვნების გამოტანა კეთილდღეობის სისტემების განვითარებაზე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში; აქ არაერთ პრობლემას ვაწყდებით: საჯარო სექტორში (განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.) რეფორმები დაუსრულებელია. ერთსა და იმავე ქვეყნებში, ინსტიტუტები კეთილდღეობის სხვადასხვა სექტორებში განსხვავებულ პრინციპებს მისდევენ. ასევე, დიდია განსხვავება  რიტორიკასა და თავად განხორციელებულ პროგრამებს შორის. კვლევათა უმეტესობა არ უზრუნველყოფს უდავო დასკვნებს, საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში არსებული მრავალი შეუსაბამობა კი არ იძლევა კეთილდღეობის სისტემის ერთი ცალკეული კატეგორიის გამოყოფის საშუალებას. მოცემულ ნაშრომში განხილულია საბინაო პოლიტიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ავტორის მიდგომა ეყრდნობა „რბილ სტრუქტურალისტურ“ მეთოდს, რომელიც აერთიანებს სტრუქტურულ ელემენტებს და „რაციონალური არჩევანის“ (პოლიტიკის ან ორგანოს არჩევანი) მიდგომას – ასე ვთქვათ კონტექსტუალიზებულ რაციონალური არჩევანის თეორიას. ნაშრომში ეს თეორია გამოიყენება საცხოვრებლით სიღარიბის თავისებურებების და მასშტაბების ასახსნელად. სტატია ეყრდნობა უნგრეთის საბინაო სისტემაში მომხდარი ცვლილებების ანალიზს, თუმცა არგუმენტების გასამყარებლად გამოყენებულია სხვა რეგიონების მაგალითებიც.    

საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთ ევროპული საბინაო მოდელი; საცხოვრისის ხელმისაწვდომობა და სიღარიბე; კეთილდღეობის სისტემები

აღმოსავლეთ ევროპის საბინაო მოდელის მემკვიდრეობა: განსხვავებული თეორიული მიდგომები გარდამავალი პერიოდის მიმართ

აღმოსავლეთ ევროპის საბინაო მოდელის მთავარ თავისებურებებს წარმოადგენდა: საცხოვრებლის ბაზრის ერთპარტიული პოლიტიკური მართვა, საბაზრო მექანიზმების მეორეხარისხოვანი როლი, საბინაო სააგენტოებს შორის საბაზრო კონკურენციის ნაკლებობა (ბიუროკრატიული კოორდინირების შედეგად) და ფართომასშტაბიანი კონტროლი საბინაო მომსახურების განაწილებაზე. კომუნისტური პარტიის მიერ მართული სახელმწიფო, ჩაბმული იყო ეკონომიკურ/სამხედრო დაპირისპირებაში დასავლურ სამყაროსთან, ხოლო სოციალისტური იდეოლოგია (თანასწორი განაწილების პრინციპის ერთგულება და საბაზრო მექანიზმების აღმოფხვრა) მისი პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა, თავად ამ მოდელში გაჩნდა გარკვეული შიდა ნაირსახეობები; ეს იყო ცალკეული ქვეყნების პასუხი, სოციალისტური ეკონომიკის განვითარებისას წარმოშობილ კონკრეტულ გამოწვევებზე. მაშინ, როდესაც ამ მოდელის ძირითად მიდგომებს  შეიძლება ეწოდოს – სტრუქტურალისტური, მისგან გადახრა,  თეორიულად აღიქმებოდა, როგორც ცალკეული სახელმწიფოების „პოლისების არჩევანი“. მიუხედავად ამისა, სოციალისტური ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესში წარმოიშვა გარკვეული წინააღმდეგობები, რამაც გარდამტეხი როლი შეასრულა მოდელის ინსტიტუციურ განვითარებაში. ზემოთხსენებული სტრუქტურული კონფლიქტების (თუ „ბზარების“) პრობლემა სხვადასხვაგვარად წყდებოდა. ბულგარეთმა, რუსეთმა და აღმოსავლეთ გერმანიამ მიიღეს კონტროლის მკაცრი ზომები, ხოლო იუგოსლავიამ და უნგრეთმა დაუშვეს კვაზი-საბაზრო მექანიზმების არსებობა. ეს განსხვავებები გამოწვეული იყო როგორც გარე ფაქტორებით – პარტიისა და სახელმწიფოს ორგანიზაციული განვითარებითა და სოციო-ეკონომიკური პოლიტიკით, ასევე, ნაწილობრივ, ადგილობრივი საბინაო ინსტიტუტების განვითარებით.

აღმოსავლეთ ევროპის საბინაო მოდელს  გააჩნდა საერთო  ბირთვი (ცენტრალიზებული, გეგმიური ეკონომიკა და პოლიტიკურად განსაზღვრული ძალაუფლებრივი სტრუქტურა), და ხორციელდებოდა ეროვნულ დონეზე, კანონმდებლობის, ბინათმფლობელობის ფორმებისა და რეგულაციების გზით. მაგალითად, უნგრეთში, ორმოცდაათიან წლებშიც კი, გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავებული საქირავნო კანონი, უმნიშვნელო ცვლილებებით. ამ დროს, გერმანიაში, ურბანული საბინაო ფონდის ნაციონალიზაციის საჭიროება არ დამდგარა, რადგანაც კანონით ნებადართული იყო კერძო საკუთრებაში არსებული ფონდის საჯარო გამოყენება. „წარსულზე დამოკიდებულებას“[1], პრე-კომუნისტური სისტემის მემკვიდრეობას და სხვა „შემთხვევით ფაქტორებს“ გავლენა ჰქონდა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის საბინაო მოდელთან მიმართებაში, კრიტიკულ ვითარებებში მიიღებოდა. თუმცა, გარდამავალი პერიოდის შემდგომი საბინაო ბაზრების[2] განვითარების ამგვარი ახსნა ეფუძნება რაციონალური არჩევანის თეორიას, სადაც ადამიანი დგას  შეზღუდული არჩევანის წინაშე, რომელიც განპირობებულია სტრუქტურული შეზღუდვებით ან პოლიტიკური ძალაუფლებით.

გარდამავალი პერიოდის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის საბინაო მოდელში მოქმედი ძირითადი ლოგიკა საკამათო საკითხად იქცა. 1989-90-იანი წლების მოვლენების შემდეგ, ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებმა მძიმე ვარდნა განიცადა. მიუხედავად სხვადასხვაგვარი ეკონომიკური სტრატეგიებისა,  „შოკური თერაპიიდან“ დაწყებული, დამთავრებული რბილი რეფორმებით, ცალკეულ ქვეყნებში ფასების ლიბერალიზაცია და სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია,  ფართო მასშტაბით განხორციელდა. ამან შექმნა ახალი ეკონომიკური/პოლიტიკური სისტემა, სადაც კაპიტალისტთა (მსხვილი და წვრილი კაპიტალის, ადგილობრივის და საერთაშორისოს) ინტერესები მძლავრად იყო წარმოდგენილი.

მრავალპარტიული სისტემა, რადიკალური პრივატიზაცია და სწრაფი დეცენტრალიზაცია მკაფიოდ მიანიშნებდა „გეგმიური“ საზოგადოებიდან „საბაზრო“ საზოგადოებაზე გადასვლისკენ. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, საბინაო პოლიტიკის ცვლილების კვლევაში ორი მიდგომა გაბატონდა. პირველია ნორმატიული მიდგომა, რომელიც ეფუძნება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილ პოლიტიკას (მსოფლიო ბანკი, 1993). ეს პოლისები მიმართული იყო მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი ინსტიტუტების (საკუთრების უფლება, სამშენებლო რეგულაციები, დაგეგმარების მოქნილი სტრუქტურა და ა.შ.) და საბაზრო ინსტიტუტების (საცხოვრებელთან დაკავშირებული საფინანსო სისტემები, უძრავი ქონების მართვა და ა.შ.) დადგენასა და აღწერაზე, ასევე მიზნობრივი სოციალური პროგრამების დანერგვაზე (პიქლერ-მილანოვიჩი, 2001; ცენკოვა, 2009). მაგრამ, ეს მიდგომა არ ითვალისწინებდა იმას, რომ მიუხედავად კომუნისტური პარტიის ჰეგემონიის მრავალპარტიულობით ჩანაცვლებისა, დემოკრატიული ტრადიციების ნაკლებობის გამო, არსებობდა დემაგოგიის მაღალი რისკი და იმის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკოსები მიმართავდნენ პოპულისტურ ან ნაციონალისტურ ფანდებს – ერთგვარი „სამხრეთ ამერიკანიზაციის“ საშიშროება.  კეთილდღეობის სფეროსთან (საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, საპენსიო სისტემები და ა.შ.) დაკავშირებული პოლისები, რომლებიც სოციალისტური იდეებიდან და ნორმებიდან (რომლსაც ცოტა ქონდა საერთო, წარსულში „არსებულ სოციალიზმთან“) ამოიზარდა,  დემაგოგიური შეტევების მარტივ სამიზნედ იქცა.

კვლევისადმი  მეორე მიდგომა ანგლო-საქსურია, ის ყურადღებას ამახვილებს ბინათმფლობელობის ფორმებზე და საბინაო სისტემებს,  საბაზისო ბინათმფლობელობის ტიპების მიხედვით ახარისხებს. ამ სისტემაში (ლუქსი, 2011), არიან „სწრაფი პრივატიზატორები“ (უნგრეთი, სლოვენია, ესტონეთი და ა.შ.), „ნელი პრივატიზატორები“ (პოლონეთი, ლატვია და ჩეხეთი) და ცალკე მდგომი – ბულგარეთი: ქვეყანა, სადაც საჯარო საცხოვრებელი, გარდამავალი პერიოდის დასაწყისშივე  ნაკლებად განვითარებული იყო. ბულგარეთის შემთხვევა ხაზს უსვამს ბინათმფლობელობის ფორმებზე ორიენტირებული მიდგომის შეზღუდვებს. ეს ტიპოლოგია ვერ გვაჩვენებს იმას, თუ როგორ გაიარა ბულგარეთმა გარდამავალი პერიოდი ან როგორ უმკლავდებოდნენ ამ ქვეყანაში ხელმისაწვდომობის პრობლემას სოციალური საცხოვრებლის პოლიტიკით. გარდა ამისა, არ შეჩერებულა პრივატიზაციის პროცესი; ნავარაუდებია, რომ გაიყიდება ჩეხეთის საბინაო ფონდის 75% და ლატვიის  80%, პრივატიზაცია ასევე გრძელდება რუსეთშიც.

მოცემულ ნაშრომში გთავაზობთ მესამე მიდგომას, რომელიც განიხილავს სხვადასხვა აქტორების (შინამეურნეობები, მუნიციპალიტეტები, პოლიტიკური ჯგუფები და ა.შ.) ქცევით განპირობებულ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც გარდამავალი პერიოდის კონფლიქტებთან გამკლავების პროცესში განხორციელდა. 

გარდამავალი პერიოდის რეცესია და სიღარიბე

ზემოთ აღწერილი ეკონომიკური რეცესიის შედეგად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა და აღარც გაზრდილა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე. უმუშევრობა (ფენომენი, რომელსაც სოციალისტურ პერიოდში არ იცნობდნენ) იქცა ერთ-ერთ ყველაზე რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემად. ოთხმოცდაათიანებში, საშემოსავლო უთანასწორობის მწვავე ზრდასთან ერთად (მიტრა და იემცოვი, 2006), აღმ. ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მთავარ სოციალურ პრობლემად სიღარიბე იქცა. ზოგადად, 90-იანი წლების პირველ ნახევარში, საშუალო შემოსავალი მცირდებოდა, ხოლო საშემოსავლო უთანასწორობა შესამჩნევად იზრდებოდა. ეს მონაცემები სტაბილურად შენარჩუნდა 2000-იანების შემდეგაც. მაგალითად, უნგრეთში, საშუალო შემოსავლის თანაფარდობა უმცირეს და უმაღლეს პერცენტილებს შორის გაიზარდა 4.6-დან 1987 წელს, 7.6-მდე 2004-ში. გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ, რეგიონში სივრცითი უთანასწორობაც გაზარდა. უნგრეთის ყველაზე მაღალგანვითარებულ რეგიონში, წმინდა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 50%-ით უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის ორ ყველაზე დაბალგანვითარებულ რეგიონში. მკვერთრად შეიცვალა  გარდამავალი პერიოდის ქვეყნების დემოგრაფიული მდგომარეობაც, რაც პირველ რიგში, მოსახლეობის შემცირებით გამოიხატა. მოსალოდნელია, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უმეტეს ქვეყნებში (გარდა ალბანეთისა) მოსახლეობის რაოდენობის შემცირება გაგრძელდება, რადგან შობადობის მაჩვენებელი რეპროდუქციის დონეზე დაბალია და შესაბამისად, ასაკოვანთა პროპორციული რაოდენობა სულ უფრო სწრაფად იზრდება. გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში, საზოგადოების დაბერება ეკონომიკური განვითარების ბევრად უფრო დაბალ დონეზე მიმდინარეობს, ვიდრე დასავლეთში. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, დაბერების პროცესი დამატებით ტვირთად აწვება, ფისკალურ პოლიტიკას კეთილდღეობის სექტორში (საპენსიო სისტემები, ჯანდაცვის სისტემები და ა.შ.) და აჩენს პოლიტიკურ დაპირისპირებებს საჯარო დაფინანსების საკითხის გარშემო. გარდამავალი პერიოდის ქვეყნები ბევრად უფრო მწვავე პრობლემების წინაშე დგანან, ვინაიდან გარდა იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებზე ღარიბები არიან, მათი მოსახლეობა მცირდება და ეკონომიკური ზრდა ფერხდება ახალგაზრდა, მაღალკვალიფიციური მშრომელების გადინების შედეგად.

არაფორმალური ეკონომიკის გაფართოება წარმოადგენდა ჩვეულ რეაქციას გარდამავალი პერიოდის წინააღმდეგობებზე. თუმცა, არ არსებობს მისი რეალური ზომის სანდო ან საზოგადოდ მიღებული მაჩვენებლები. გლოვაჩკასის (2007) მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში არაფორმალური ეკონომიკები საშუალოდ 9%-ს შეადგენს, ახალ წევრ-სახელმწიფოებში 20%-ს, ხოლო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში 48%-ს. უნგრეთში, 1990-1997 წლებში, არაფორმალური ეკონომიკის სიდიდე მ.შ.პ.-ს 25-33%-მდე მერყეობდა (ლაჩკო, 2000). დღესაც, არაფორმალური ტრანზაქციები ფართოდ არის მიღებული მომხმარებლებში (სემიენი და სხვები, 2008). არაფორმალური ეკონომიკის არსებობა ორგვარად ახდენს გავლენას კეთილდღეობის პროგრამების ეფექტურობაზე: პირველ რიგში, მაღალი საგადასახადო განაკვეთების პირობებშიც, საგადასახადო შემოსავალი, მწირ სახსრებს უზრუნველყოფს კეთილდღეობის პროგრამებისთვის და მეორე – მიზნობრივი სოციალური პროგრამების ბენეფიციართა შერჩევა ხდება არასწორად, ვინაიდან სახელმწიფო არ ფლობს საკმარის ინფორმაციას იმ ჯგუფების შემოსავლების შესახებ, რომელთაც ასეთი პროგრამები ესაჭიროებათ. პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში, ეკონომიკური კრიზისებისგან თავის დაღწევისა და სოციალური/პოლიტიკური გარდამავალი პროცესები სხვადასხვაგვარად განვითარდა. ევროკავშირის ახალ წევრ-სახელმწიფოებში ეკონომიკა უფრო სწრაფად გაუმჯობესდა და სოციალური პოლარიზაციაც უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე დსთ-ს დაბალშემოსავლიან ქვეყნებში. გამყოფი ხაზი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს შორის ასევე თვალსაჩინოა საბინაო სისტემების თვალსაზრისითაც.

საბინაო  სისტემების ტრანსფორმაცია

გარდამავალ ქვეყნებში, პრივატიზაციამ და რესტიტუციამ (კანონი ქონების ანაზღაურების/აღდგენის შესახებ [მთარგმნ.]) მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბინაო სისტემებზე. პრივატიზაცია პასუხობდა გარდამავალი პროცესიდან ამოზრდილ წინააღმდეგობებს (ის წარმოადგენდა „ამორტიზატორს“ (სტრუიკი, 1996)). სოციალური საქირავნო საბინაო სექტორი კი ფაქტობრივად გაქრა ამ ქვეყნების უმეტესობაში. საკითხავია, უნდა განვიხილოთ თუ არა გამონაკლისი ქვეყნები (ჩეხეთი, პოლონეთი და რუსეთი) განსხვავებული მოდელის მაგალითებად თუ  ეს განსხვავებულობა უბრალოდ ამ ქვეყნებში პრივატიზაციის უფრო ნელი ტემპით განხორციელებას  უნდა მივაწეროთ? პრივატიზაციას რეგრესული სოციალური გავლენა ჰქონდა. დაბალშემოსავლიანი ოჯახები მომწყვდეულნი აღმოჩნდნენ სოციალურ საქირავნო საბინაო სექტორში, ვინაიდან ვერ ყიდულობდნენ სახლებს. მაშინაც, როდესაც საცხოვრებლის პრივატიზაციის პაკეტები მათ ფასდაკლებებს სთავაზობდა. შესაბამისად, სოციალური საქირავნო საცხოვრებელი იქცა მცირე, მიტოვებულ სექტორად, რომელშიც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადმა ჯგუფებმა მოიყარეს თავი. სექტორი იცვლება მფლობელობის უფლებების,  ქირის რეგულაციების და განაწილების თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკურ მიზეზთა გამო, ამ ცვლილებებმა ვერ შეძლო გამჭვირვალე და მდგრადი სისტემის შექმნა. რესტიტუციის შედეგად (მაგალითად, ჩეხეთში, სლოვენიაში და პოლონეთში, მაგრამ არა უნგრეთში), წარმოიშვა საცხოვრებლის კერძო საქირავნო სექტორი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კერძო საკუთრებაში დაბრუნებულ სახლებში უშუალო ბინადრებად დარჩენილი კერძო მოქირავნეები (რომლებიც ფულს უკვე არა სახელმწიფოს, არამედ კერძო მფლობელს უხდიან) და ამ სახლების კერძო მესაკუთრეები/გამქირავებლები. ქვეყნების უმრავლესობაში, უძრავი ქონების (ახალმა) მესაკუთრეებმა წარმატებით გაზარდეს ქირის ფასი და საბინაო ხარჯები გადაიტანეს მოქირავნესა და სახელმწიფოზე (ქირის სუბსიდიების მეშვეობით).

სახელმწიფოს მიერ მართული საბინაო სექტორის საფინანსო სისტემა 1990 წელს ჩამოიშალა, საბაზრო იპოთეკური საფინანსო სისტემის განვითარებას კი 10-15 წელი დასჭირდა. ახალმა, პრივატიზებულმა საბანკო სისტემამ, სესხების გაცემა 2000 წლის შემდეგ დაიწყო და სწრაფად გაფართოვდა. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ევროკავშირის ახალი წევრი-სახელმწიფოები თანდათან ეწეოდნენ ევროპის უფრო განვითარებულ ქვეყნებს. იპოთეკური საფინანსო სისტემის მნიშვნელობა რეგიონში 2000 წლიდან გაიზარდა და დაუფარავი იპოთეკური სესხების თანაფარდობამ მ.შ.პ.-სთან საგრძნობლად აიწია. ზოგიერთ ქვეყანაში (ესტონეთი, ლატვია და გარკვეულწილად, ლიტვაც), იპოთეკური საფინანსო სისტემის განვითარებას საფუძვლად დაედო საცხოვრებლის გაძვირებით ნასაზრდოები სპეკულატიური მოთხოვნა. სხვა ქვეყნებში, ბაზარი სწრაფად, მაგრამ შედარებით დაბალანსებულად გაიზარდა (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და სლოვენია); ხოლო ბულგარეთსა და რუმინეთში, ბაზარის განვითარება სულ რაღაც ოთხი წლის წინ დაიწყო (ჰეგედიუსი და სტრუიკი, 2006).

004

სტუდიო ბასარის მიერ შექმნილი, ბუქარესტში 2000-2010 წლებში მიმდინარე გამოსახლებების ამსახველი გრაფიკული მასალა. 

რეგიონის უმეტეს ქვეყნებში, დამკვიდრდა სესხების გაცემის პრაქტიკა უცხოურ ვალუტაში, კერძოდ ევროსა და შვეიცარიულ ფრანკში. ამ ქვეყნებს შორის არიან: ხორვატია, პოლონეთი, რუმინეთი და 2005 წლის შემდეგ, უნგრეთი.  უცხოურ ვალუტაში გასაცემ სესხებზე პროცენტები უფრო დაბალი იყო, ვიდრე ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ  შინამეურნეობებს საკუთარ თავზე უნდა აეღოთ სავალუტო და საპროცენტო რისკები[3]. ამასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომობის პრობლემები თვალსაჩინო გახდა მხოლოდ 2008-2009 წლის რეცესიის დროს (მაგალითად, უნგრეთში). ამ პროცესების შედეგად, 2000 წლიდან, მკვეთრად გაიზარდა შინამეურნეობის ვალები[4]. თუმცა, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე განვითარებულებიც კი ბევრით ჩამორჩებიან ევროკავშირს; დაუფარავი სესხების და მ.შ.პ.-ს საშუალო თანაფარდობა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 7%-ია, ხოლო ევროზონაში 38%.  დაიწყო საცხოვრებლის ფასების ზრდა, განსაკუთრებით დედაქალაქებში და გლობალიზაციისა და სპეკულაციების (ახლად გაჩენილი იპოთეკის ბაზრების ნიადაგზე) შედეგად რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოიშვვა  ფასების ბუშტი საცხოვრებელზე.

რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში, ეკონომიკის აღდგენის და მასობრივი პრივატიზაციის შედეგად, გაჩნდა საჯარო/სოციალური საცხოვრებლის საჭიროება. ამ საჭიროებას ხაზი გაესვა პოლიტიკაში და საბინაო პოლისებში. შეიქმნა რამოდენიმე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური საქირავნო სექტორის გაფართოვებას. თუმცა, როგორც ჩანს, ნამდვილ გარღვევას ვერც ერთმა მიაღწია. ამ სფეროში გარკვეული პროგრესის (ხშირად მოყვანილი) მაგალითია პოლონეთის სოციალური საცხოვრებლის ასოციაციები, ან TBS (“towarzystwo budownictwa spolecznego”), როგორც მათ  მოიხსენიებენ. ეს არის სოციალური საცხოვრებლის მხარდამჭერთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელშიც შედიან სპეციალური საბინაო კომპანიები და ადგილობრივი მთავრობები. არაერთმა სხვა პროგრამამ, ჩეხეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, უნგრეთში და სერბეთში,  გამოიღო გარკვეული თვალსაზრისით  საინტერესო, მაგრამ ამავდროულად საეჭვო შედეგები. როგორც წესი, სოციალური საცხოვრებლის ზრდა უმნიშვნელოა და რაც მთავარია, ახალი სოციალური საბინაო ფონდის ფინანსური და სოციალური მდგრადობა ძალიან მყიფეა. ამ სექტორის გამართული მუშაობა მოითხოვს უზარმაზარ სუბსიდიებს, საბაზრო ქირას და „სოციალურ“ ქირას შორის არსებული სხვაობის დასაფარად: ისევ მოქმედებს გამქირავებელთა გაზრდილი უფლებები. განაწილების პროცესი ხშირად არ არის გამჭვირვალე. პირველადი შენატანის, როგორც სექტორში მოხვედრის წინაპირობის შემოღებამ (ირიბად) უარყოფითად იმოქმედა სავარაუდო მოქირავნეების შერჩევაზე და შექმნა ისეთი  სახის პრობლემები როგორიცაა, საბინაო ხარჯების გადაუხდელობა, დაზიანებული უძრავი ქონება და ა.შ.

რეგიონის ქვეყნებში შეიმუშავეს საცხოვრებლის თავიანთი, სპეციფიური ინსტიტუციური სტრუქტურები. მათ შორის არის სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოები, არაკომერციული ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები – ბანკები, დეველოპერები და სამშენებლო კომპანიები. მიუხედავად ამისა, ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებული პროგრამებისა და ქსელების დასტაბილურება არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, საცხოვრებლის ახალი რეჟიმების შესახებ, ზოგადი დასკვნების გამოტანა რთულია. სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი სიახლეებია „საცხოვრებლის მართვის“ კუთხით, მაგალითად როგორიცაა: სოციალური საცხოვრებლის ინსტიტუციური მოდელები, საცხოვრებლის ეროვნული ფონდები, საბინაო უზრუნველყოფის (სხვადასხვა მოდელები) და მაღალსართულიანი რაიონების განახლების პროგრამები.

საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა და საბინაო სიღარიბე – ინსტიტუციური ცვლილებები და შინამეურნეობების მხრიდან გამოსავლის ძიების სტრატეგიები უნგრეთში

გარდამავალი პერიოდის შემდეგ, ფასების ლიბერალიზაციის შედეგად, საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები, შინამეურნეობის შემოსავალთან შედარებით ბევრად მეტად გაიზარდა. პრივატიზაციისა და საჯარო საქირავნო სექტორის რეზიდუალიზაციის[5]: გამო, ქირა სოციალურ საქირავნო სექტორში  ხარჯების უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს. ხარჯების  ზრდა უმეტესად ენერგომომარაგების და კომუნალური მომსახურეობის ფასების (წყალმომარაგება, დასუფთავება, გათბობა, ხოლო მრავალ ბინიან კომპლექსებში შენობის მოვლისა და სამურნეო ხარჯების) გაძვირებამ გამოიწვია. 20 წლიან პოსტგარდამავალ პერიოდში, სოციალური დაძაბულობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მზარდი სიღარიბეა, რაც მჭიდრო კავშირშია საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასთან. როგორც კერძო მფლობელობაში არსებულ, ასევე  საჯარო საცხოვრებლებში მცხოვრები შინამეურნეობებისთვის, ხარჯების ზრდა უზარმაზარ ტვირთად იქცა. შედეგად, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი  დავალიანების პრობლემის წინაშეა, ვინაიდან ვერ ახერხებს წყლის, გათბობის, ელექტრო ენერგიის და კომუნალური  ხარჯების დაფარვას.  საჯარო საქირავნო სექტორში კი   ქირის დაფარვის პრობლემა დგას. უნგრეთში, ოჯახების 14-18%-სთვის საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. შედეგად, იზრდება დავალიანებების მქონეთა რიცხვი. ოჯახის ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი ენერგომომარაგებაზე მიდის; 2007 წელს, ხარჯებში ეს წილი 70%-ს აღწევდა (ჰეგედიუსი და სხვები, 2010). აქედან გამომდინარე, ენერგოსიღარიბე (Energy poverty) პოსტსოციალისტური ქვეყნების ზოგად სახასიათო ნიშნად იქცა (ბუზარი, 2007). ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც გადაუხდელი დავალიანებების ტვირთი მფლობელებს შორის ნაწილდება.

ხელმისაწვდომობის განსხვავებული დონეების  არსებობა, არ არის გამოწვეული მხოლოდ შემოსავლების უთანასწორობით. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი მთავრობები, სერვისის მომწოდებლები და სხვადასხვა ინტერესთა  ჯგუფები. მაგალითად, მონოპოლისტი სერვისის მომწოდებლები, მხოლოდ შემოსავლის მაქსიმიზაციით არიან დაინტერესებულნი, რაც გამორიცხავს მათ დაინტერესებას  გადაჭრან პრობლემა  ბრუნვისა და მოხმარების შემცირების გზით,  თუ რა თქმა უნდა დანახარჯები ამისდა მიუხედავად არ იქნა დაფარული. სერვისის მომწოდებლები დანაკარგების რისკს ტარიფის განსაზღვირის დროს ითვალისწინებენ  და რადგანაც მათი ფასები/ტარიფები მისაღებია მომხამრებლისა თუ (ცენტრალური ან ადგილობრივი) მთავრობისთვის, დავალიანება დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ. მიუხედავად ამისა, ცენტრალურ მთავრობას, ადგილობრივ თვითმმართველობებს თუ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, შეუძლიათ აიძულონ სერვისის მომწოდებლები, შეცვალონ შემოსავლის მაქსიმიზაცისკენ მიმართული მიდგომები, ერთობლივ თანამშრომლობაზე ორიენტირებული მიდგომებით. ამის საილუსტრაციოდ არსებობს რამოდენიმე კარგი მაგალითი, როგორიცაა ინდივიდუალური  წყლის მრიცხველების შემოღება ადრეულ 90-იანებში და  უბნებისთვის  გათბობის ინდივდუალური ქვე – მრიცხველების დაყენება.   სხვადასხვა აქტორებს შორის წარმოშობილმა კონფლიქტებმა, ბიძგი მისცა პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა მეთოდის შემუშავებას. ეს აისახა განსხვავებულ ტარიფებსა თუ ფასების დაწესების სხვადასხვა მექანიზმებზე, რისი ახსნაც მხოლოდ შემოსავლებისა და   ტექონოლოგიური უთანასწორობით შეუძლებელია.

მათი ფინანსური და ტექნიკური რესურსებიდან გამომდინარე, სერვისის მომწოდებლები, ინტერესების წარმოდგენის კუთხით, როგორც წესი უფრო კარგ პოზიციაში იმყოფებიან, ვიდრე სახელმწიფო. სწორედ ამიტომ ცენტრალური/ადგილობრივი კონტორლი ტარიფიების ზრდაზე არაეფექტურია. თუმცა, ისევე როგორც სერვისის მომწოდებლებსა და საგადასახადო ოროგანოებს, ასევე ცენტრალურ თუ ადგილობრივ მთავრობებს აქვთ ინტერესი, გაზარდონ საბინაო მომსახურეობის ფასი, ვინიდან ეს იგივეა რაც არაპირდაპირი გადასახადები.

ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრა ორგვარად შეიძლება: ან უნდა გაიზარდოს შინამეურნეობის შემოსვალი, ან უნდა შემცირდეს მისი დანახარჯები. როგორც წესი, პოსტსოცილისტურ ქვეყნებში, დაბალი შემოსავლების კომპენსირება შეუძლებელია ცენტრალური და ადგოლიბრივი რესურსებით. ამიტომ შინამეურნეობები იძულებული გახდნენ, შემოსავალი გაეზარდათ არაფორამალური ეკონომიკური საქმინობით  თუ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მეშვეობით. ისინი ერთდროულად მიმართავდნენ  სხვადასხვა ხერხს, მაგალითად დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით ეწერებოდნენ სხვადასხვა პროგრამებში (ბავშვზე ზრუნვის ან სამედიცინო დახმარების), ასრულებდნენ არაფორმალურ სამუშაოებს, იღებდნენ დახმარებას ოჯახის წევრებისგან ან მიდიოდნენ ემიგრაციაში. ისინი კი,  ვინც არ მოისურვა ან ვერ მოახერხა ამ მეთოდების გამოყენება განიცდიდნენ ჭარბვალიანობას. სოციალური  პოლიტიკის ავტორთა დაყოვნებამ, წარმოედგინათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური დახმარების სისტემა, განაპირობა მზარდი უთანასწორობა, არამხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმალურ შემოსავლებსა და ხარჯებს შორისაც. გარდა ამისა უნდობლობის ფაქტორმა რომელიც სხვადასხვა სექტორებსა და მოქმედ სუბიექტებს შორის არსებობდა, გამოიწვია საბინაო უზრუნველყოფის სრულიად არათანმიმდევრული სისტემის შექმნა.  ჩრდილოვანი ეკონომიკა, წარმოადგენს როგორც  მიზეზს, ასევე შედეგს, არასაკმარისი დაფინანსებისა. კეთილდღეობის სისტემა ბევრად ეფექტურად იმუშავებდა იმ შემთხვევაში თუ სოციალური დახმარება იქნებოდა საჭიროებებზე მორგებული. სხვა შემთხვევაში ის ვინც არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის წყალობით უკეთეს ფინანსურ მდოგმარეობაშია, იგივენაირად მიიღებს შემწეობას, როგორც ის ვინც ნამდვილად საჭიროებს დახმარებას. მეორეს მხრივ კი, ვინც შრომის ბაზარს ეთიშება, ცხოვრების სტანდარტის შესანარჩუნებლად იძულებულია ჩაერთოს არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაში. სისტემაში გამჭვირვალობის ნაკლებობა აუცილებლად იწვევს შინამეურნეობებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის  კონფლიქტს.  თუმცა, ობიექტურად რომ შევხედოთ, ეს განპირობებულია მთლიანად სისტემის კრახით და არ შეიძლება  დაბრალდეს,  მხოლოდ ადგილიბრივ მთავრობებს თუ  თავად შინამეურნეობებს.

ამგვარად, მიუხედავად ძალისხმევისა, სხვადასხვა პროგრამის მეშვებით (მათ შორის საბინაო უზრუნველყოფის პროგრამები) დახმარებოდნენ დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებს, მაინც ვერ მოხერხდა საცხოვრებლის ფასებსა და მათ შემოსავლებს შორის არსებული მზარდი ნაპრალის ამოვსება, რის შედეგადაც იმატა იმ შინამეურნეობების რიცხვმა, რომლებსაც სულ უფრო და უფრო უჭირდათ საცხროვრებლის ხარჯების დაფარვა. საბინაო პროგრამების არაეფექტურობა, ნაწილობრივ გამოწვეულია  პროგრამით სარგებლობისთვის  დაწესებული  ძალიან დაბალი საშემოსავლო ჭერით, რაც ვერ უზრუნველყოფდა ყველა იმ შინამეურნეობას, ვისაც რეალურად სჭირდებოდა დახმარება. უფრო მეტიც, დამატებითი საბინაო  დახმარებების სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის ძალზედ ფრაგმენტულია. ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობები და არაკომერციული ფონდები ზოგჯერ თანამშრომლობდნენ, ზოგჯერ კი ერთმანეთთან კონკურენციაში იმყოფებოდნენ, თუმცა უმეტესწილად ისინი ერთმანეთის პროგრამებს არ ითვალისწინებდნენ.  ამ ქაოტურ სისტემაში, რომელიც ინფორმაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობას განიცდის, დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობები სულ ადვილად შეიძლება ჩაიკარგონ და გახდნენ უფრო მეტად დაუცველები.

შინამეურნეობებისთვის, ვისაც დავალიანება დაუგროვდა, ერთერთი გამოსავალია, გადავიდნენ  შედარებით იაფფასიან საცხოვრებელში და  ფასის სხვაობის მეშვეობით დაფარონ კომუნალური დავალინება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომუნალური სერვისის მომწოდებელი კომპანიები ისაკუთრებენ მათ უძრავ ქონებას. ასეთი სახის „დაღმავალი მობილობა“ არ იყო დამახასიათებელი გარდამავალ პერიოდამდე, თუმცა ამჟამად ეს  ტიპიური შედეგია იმისა,  როცა შინამეურნეობა ვერ ახერხებს თავისი ხარჯების შეზღუდული ბიუჯეტისთვის მორგებას. უნგრეთში ხელმისაწვდომობის პრობლემასთან დაკავშირებული კონკრეტული ტიპის დანაშაულიც კი არსებობს. დიდი კომუნალური დავალიანების მქონე შინამეურნეობები, ებმებიან ე.წ. „უძრავი ქონების მაფიის“ მახეში, რომლებიც მათ დავალიანებული ბინის ნაცვლად  სხვა საცხოვრებელ სახლს (ჩველებრისამებრ, მიკარგულ სოფელში ან ქალაქის მივარდნილ უბნებში) სთავაზობენ. 2001-2003 წლებში 400-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს მსგავსი პრობლემების მქონე შინამეურნეობების მხოლოდ მცირე ნაწილია. როგორც ჩანს,  ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერს ვხედავთ, ვინაიდან დაღმავალი მობილობა გრძელდება და ხელს უწყობს (თუმცა არსებობს ამის ხელშემწყობი სხვა ფაქოტრებიც) მიყრუებული სოფლებისა და ქალაქის გარკვეული უბნების ე.წ. „ჯურღმულად ქცევის“ პროცესს. ასეთ სოფლებში ნაკლებია წვდომა შრომის ბაზარზე, ასევე  საგანმანათლებლო თუ ჯანდაცვის სერვისებსა და სხვა დახმარებებზე. სოციალური თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტური იქნებოდა ენერგო ტარიფების შემცირება. მიუხედავად იმისა რომ 2000-იან წლებში რამოდენიმე პროგრამა იქნა ინიცირებული, დამეტებითი სოციალური დახმარების სისტემამ, ვერ უბიძგა ოჯახებს უფრო რაციონალური ენერგომოხმარებისკენ.

ზოგადად, კეთილდღეობის სხვადასხვა პროგრამების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად არის შინამეურნოების სტრატეგია მორგებული მაკროეკონომიკურ და მაკროსოციალურ გარემოებებს. ინდივიდუალური შინამეურნეობის სტრატეგიებზე გავლენას ახდენს არა იმდენად, თავად შანამეურნეობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, როგორიცაა მაგალითად მისი პოზიცია შრომის ბაზარზე, მისი სოციალური ქსელი და სოციალური კაპიტალი, არამედ სხვადასხვა ინსტიტუციური და ორგანიზაციული მექანიზმები, რომელზეც მას ხელი მიუწვდება.

საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემის სოციალური შედეგი იყო თაობათაშორისი ტრანსფერების მზარდი როლი, როგორიცაა ოჯახის ქონებისა და მემკვიდრეობის გადაცემა თაობიდან თაობაზე. ეს გარკვეულწილად ხსნის იმას  თუ  როგორ ასებობდა უძრავი ქონების ბაზარი,  ფასებისა და შემოსავალის  თანაფარდობის ასეთი მაღალი მაჩვენებლისა  და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის ასეთი დაბალი  ინდექსის პირობებში. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ თაობათაშორისი ტრანსფერები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბინაო ფინანსებში. მაგალითად უნგრეთში  ოჯახების 50%-მა პროცენტმა, სახლი თავიანთი ოჯახების დახმარებით შეიძინა (ჰეგედიუსი-სომოგუი, 2005).

საბინაო ბაზარზე მიმდინარე პორცესები ასევე ხელს უწყობს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გარიყვას. ეს ეხება არა  მხოლოდ  ბოშებს,   არამედ სხვა  დაბალშემოსავლიან ჯგუფებსაც. სწორედ ეს წარმოადგენს გადაკვეთის წერტილს, რომელიც ორი ტიპის ხელმისაწვდომობის პრობლემას აერთიანებს. სოციალურმა გარიყვამ, რომლის პრაქტიკაც,  საბინაო ბაზრის აგენტებმა შექმენს (ადგილობრივი მთავრობები, ბანკები, დეველოპერები და ა.შ.), გაზარდა ბაზრიდან გარიყვის ეფექტიც. მაგალითად, ზოგჯერ ადგილობრივი მთავრობები ბოშებს სთავაზობდნენ ფულად დახმარებას, რათა ისინი ქალაქიდან სოფლებში ან მიყრუებულ ადგილებში გადასახლებულიყვნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი დეველოპერები სუბსიდირების პროგრამების მეშვეობით, სოფლებში საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში აშენებდნენ ახალ, მაგრამ ძალიან დაბალი ხარისხის საცხოვრებელ სახლებს.

დასკვნა: წინ ახალი კეთილდღეობის რეჟიმისკენ?

წინამდებარე მიმოხილვა, საცხოვრისის ხელმისაწვდომობის შესახებ აჩვენებს, რომ უთანასწორობის გარღმავებაში, რომელიც შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის მიერაა განპირობებული, დიდი წვლილი მიუძღვის  საბინაო სექტორსაც. ეს ხდება, როგორც საბაზრო პროცესებისა და ინსტიტუციური მექანიზმების მეშვეობით, ასევე  სამართლებრივი სტრუქტურისა და  საბინაო ბაზრის აგენტების დისკრიმინაციული მიდგომების წყალობითაც. არსებობს უფრო სიღრმისეული კვლევის საჭირობა, რათა უკეთ გავიგოთ  საბინაო  სისტემის სხვადასხვა აქტორების ქცევები, კეთილდღეობის სისტემასთან მიმართებაში. ასევე ის სოციალური მექანიზმები, რომელმაც გაზარდა ან შეამცირა უთანასწორობა და დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის. გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში, საბინაო პოლიტიკის ავტორებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ინსტიტუციური დახმარების აღმოჩენა  იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც ეკონომიკაში მიმდინარე სტურქტურული ცვლილებების წყალობით აღმოჩნდენ სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში. მიზეზთა შორისაა საცხვორისის პრივატიზაცია და საჯარო სერვისების კომოდიფიკაცია.

ამჟამად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საბინაო სისტემაში არსებული მთავარი ტენდენცია, არის სწრაფვა ისეთი საბინაო და კეთილდღეობის რეჟიმისკენ, სადაც სახელმწიფო სულ უფრო და უფრო  ნაკლებ როლს თამაშობს. ახალი პოსტ-ტრანზიციული პერიოდისათვის დამახასიათებელი უმუშევრობის და არაფორმალური ეკონომიკის ფონზე, სოციალურ ინსტიტუტებს არ აღმოაჩნდათ იმის უნარი და სათანადო რესურსი, რომ წარმოედგინათ ეფექტური სოციალური დაცვის ქსელი. მათ დახმარების გაწევა შეძლეს მხოლოდ ყველაზე დაბალშემოსავლიან და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი შინამეურნეობებისთვის.  ეს  სისტემა წააგავს ერთგვარ კომბინაციას  ლიბერალური და „ჩანასახოვანი“ კეთილდღეობის სახელმწიფოს რეჟიმისა, როგორც ამას ბარლოუ და დუნკანი აღწერდნენ (1994). თუმცა, კეთილდღეობის რეჟიმების ინტიტუციური სტრუქტურის ჩამოყალიბება ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ მსგავსი კატეგორიზაცია შესაძლოა ნაადრევია.

შენიშვნები:

[1] “წარსულზე დამოკიდებულება“ (path dependency) წარმოადგენს თეორიას ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში, რომლის მიხედვითაც ადამიანის კონკრეტულ არჩევანზე ამა თუ იმ დროსა და ადგილას გავლენას ახდენს მის მიერ წარსულში გაკეთებულ არჩევანთა ერთობლიობა (ე.ი. მის მიერ განვლილი „გზა“) [მთარგმნ.]

[2] იგულისხმება საცხოვრებლის ბაზრები იმ ქვეყნებში, რომლებიც გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო მოდელებზე გადავიდნენ. [მთარგმნ.]

[3] სავალუტო რისკი – Exchange rate risk – ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგების ალბათობა. დანაკარგების რისკი – Interest rate risk – საპროცენტო განაკვეთის შემცირების შედეგად გამოწვეული ფასიანი ქაღალდების შემცირების ალბათობა [მთარგმნ.].

[4] Household debt – მოიცავს როგორც ოჯახის წევრთა სამომხმარებლო სესხებს, ასევე იპოთეკურ სესხებს.

[5] ტერმინი აღნიშნავს პროცესს, როდესც მოსახლეობის შედარებით შეძლებული ნაწილი ტოვებს ამა თუ იმ უბანს  ვინაიდან იქ ცხოვრება აღარ არის სასურველი. მიტოვებულ ადგილას კი რჩება მოსახლეობის შედარებით ღარიბი ფენა.

გამოყენებული ლიტერატურა:                     

Barlow, J. and Duncan, S. (1994) Success and Failure in Housing Provision: European systems compared (Oxford: Pergamon).

Buzar, S. (2007) Energy Poverty in Eastern Europe: Hidden Geographies of Deprivation. (Aldershot. Ashgate). Cerami, A. (2005) Social Policy in Central and Eastern Europe. The Emergence of a New European Model of Solidarity? (University of Erfurt doctoral dissertation, unpublished).

Ferge, Z. (2002) Social Structure and Inequalities in Old Socialism and New Capitalism in Hungary, Review of Sociology of the Hungarian Sociological Association 8(4) pp. 9-34.

Glovackas, S. (2007) The Informal Economy in Central and Eastern Europe: www.wiego.org/papers/2005/Glovackas.doc.

Hegedüs, J. and Somogyi, E. (2005) Evaluation of the Hungarian Mortgage Program 2000-2004, in: J. Hegedüs and R.J. Struyk (Eds.) Housing Finance: New and Old Models in Central Europe, Russia and Kazakhstan, pp. 177-208. (Budapest: OSI/LGI).

Hegedüs, J., Kőszeghy, L. and Petrovácz, R. (2010) Housing Affordability and Energy Efficiency (Hungary: Metropolitan Research Institute in cooperation with Habitat for Humanity commissioned by Energy Club).

Hegedüs, J. and Struyk, R. (2006) Divergences and Convergences in Restructuring Housing Finance in Transition Countries, in: J. Hegedüs and R.J. Struyk (Eds.) Housing Finance: New and Old Models in Central Europe, Russia and Kazakhstan, pp. 3-41. (Budapest: OSI/LGI).

Kasza, G. (2002) The Illusion of Welfare Regimes, Journal of Social Policy 31(2) pp. 271-287.

Laczkó, M. (2000) Egy rázós szektor: a rejtett gazdaság és hatásai a poszt-szocialista országokban a háztartási áramfogyasztásra épülő becslések alapján. Elemzés a rejtett gazdaság magyarországi szerepéről [The hidden economy and its effect on the post-socialist economy on the basis of the household energy consumption. An analysis of the role of the hidden economy in Hungary] (Budapest: Economic Institute of Hungarian Academy of Science (MTA-KTI) and TARKI).

Lux, M. (2001) Social Housing in the Czech Republic, Poland and Slovakia, European Journal of Housing Policy 1 (2) pp. 189-209.

Mitra, P. and Yemtsov, R. (2006) Increasing Inequality in Transition Economies: Is There More to Come? (Washington, DC: World Bank Policy Research Working Paper 4007).

Pichler-Milanovich, N. (2001) Urban Housing Markets in Central and Eastern Europe: Convergence, Divergence or Policy ‘Collapse’, European Journal of Housing Policy 1(2) pp. 145-187.

Semjén, A., Tóth, I.J., Medgyesi, M. and Czibik, Á. (2008) Adócsalás és korrupció: lakossági érintettség és elfogadottság [Tax evasion and corruption: population involvement and acceptance] (Budapest: Institute of Economics, Hungarian Academy of Sciences, Discussion Paper 2008/13).

Struyk, R. (1996) (ed) Economic Restructuring of the Former Soviet Block: The Case of Housing (Aldershot: Avebury).

Tausz, K. (2009) From State Socialism to a Hybrid Welfare State: Hungary, K. Schubert, S. Hegelich and U. Bazant (Eds.) The Handbook of European Welfare Systems (New York: Routledge).

Tomka, B. (2005) Determinants of East Central European Welfare Systems: A Comparative Perspective, 1945-2000, 20th ICHS Conference, Sydney.

Tsenkova, S. (2009) Housing Policy Reforms in Post-Socialist Europe (Heidelberg: Physica-Verlag).

World Bank (1993) Housing: Enabling Markets to Work (Washington, DC: World Bank).

World Bank (2006) Dimensions of Urban Poverty in the Europe and Central Asia Region (Washington, DC: World Bank Policy Research Working Paper 3998).

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ