სოციალური სახელმწიფოს ფორმულა: მაქსიმუმი, სულ ცოტა, მინიმუმისათვის

Share on Facebook163Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ana

ავტორი: ანა ფირცხალაშვილი, სამართალმცოდნე.

© European.ge

სოციალური უფლებები, იმ უფლებათა კატეგორიას წარნოადგენენ, რომლითაც ყველაზე უფრო აპელირებენ არჩევნებამდე, მაგრამ ყველაზე ძალიან უფრთხიან არჩევნების შემდეგ. მის ძირითად, კონსტიტუციურ უფლებად ქცევას კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ არ გააცნობიერებენ მის ჭეშმარიტ არსს.   ზოგიერთი ნეოლიბერალი ფიქრობს, რომ იგი სოციალიზმისკენ (ან კომუნიზმისკენ) გვიბიძგებს. ან კიდევ სოციალიზმთან აიგივებს მას. სხვების აზრით კონსტიტუციაში მათი გარანტირება, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, სხვა უფლება-თავისუფლებებსაც დააკნინებს… ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ იგი სამართლიანობასთან ან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში. ან კიდევ სოციალური სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოების მოქალქეთა ფუფუნება… ან მისი გარანტიები, შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისათის… და ალბათ კიდევ ბევრი სხვა ასეთი მიზეზი, ან არგუმენტი მოიძებნება სოციალური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

სიღრმისეულად გააზრების შემთხვევაში ამ ყველა კითხვას პასუხი თავისთავად გამოუჩნდება.

სოციალური სახელმწიფო იმ სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება, რომელთა მინიმალურ დონეზე გარანტირებაც კი, (თუკი ეს მინიმალური სახელმწიფოს მაქსიმალურ ძალისხმევას წარმოადგენს) ქმნის სოციალური სახელმწიფოს ფუნდამენტს. ეს სამი ელემენტია: სოცი­ალური უსაფრთხოება, ეკონომიკური თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა.

რითი განხვავდება სოციალური სახელმწიფო საციალისტური და კომუნისტური სახელმწიფოსგან? სოციალიზმი (და კომუნიზმი კიდევ უფრო) ადამიანთა ტოტალურ გათანაბრებას ცდილობენ. რაც უგულებელყოფს ინდივიდის უნარებს, შესაძლებლობებს და საბოლოოდ ზღუდავს მათ თავისუფლებას. ეს კი ყოველთვის დიქტატურით მთავრდება. ჩვენ არც ისე შორი წარსული გვაშორებს ისტორიის ამგვარ განვითარებას. ამიტომაც, შიში ყველაფრის მიმართ, რაც სოციალისტურთან შეიძლება ასოცირდეს, არ არის უცნობი… ან კიდევ მეორე უკიდურესობა, ზოგიერთის მხრიდან სოციალისტური საქართველოს ნოსტალგია, ამ ჯგუფის დასამშვიდებლად და გასახარებლად უსაფუძვლოა სიციალური სახელმწიფოს პრინციპების მოშველიება. როგორც კი სახელმწიფოში, ადამიანების ერთმანეთთან ტოტალური გათანაბრება მიზნით, ინდივიდის არათანაზომიერი შეზღუდვა იწყება, სრულდება სოციალური სახელმწიფო და იწყება სოციალისტური დიქტატურა.

მართალია, საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობა, დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სიდიდეზე. თუმცა, მხოლოდ მდიდარი ბიუჯეტის სახელმწიფოები ვერ ჩაითვლებიან სოციალურ სახელმწიფობად, თუ ეს სიმდიდრე სამართლიანად არ არის საზოგადოებაში გადანაწილებული და სახელმწიფოში პირის ღირსეული ყოფა არ არის გარანტირებული. ითვლება, რომ სახელმწიფოს მცდელობაც კი, დაალაგოს თავისი ბიუჯეტი, სოციალური პრიორიტეტების მიხედვით და სამართლიანად გადაანაწილოს ის რასაც ფლობს, უკვე აქცევს მას სოციალურ სახელმწიფოდ. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ძალისხმევა და ნაკლებად შედეგი. მთა­ვარია, მოქმედების სოციალურიად გათვლილი პრიორიტეტულობა და მათი მიზანმიმართულობა – შექმნას ადამიანისათვის ღირსეული ცხოვრების პირობები.

სოციალური სახელმწიფოსთვის ძირითადად დამახასიათებელია სამართლიანი გადანაწილების პრინციპი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოში სახელმწიფოს მიერ განხორცილებული ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, სასურველია, სახსრები სხვაგვარად გადანიწილდეს. მაგალითად, დაწესდეს დაზღვევა არა ყველასთვის, არამედ იმათვის, რომლებსაც განსაზღვრული რაოდენობის შემოსავალი აქვთ. იმის მიხედვით თუ რა შემოსავალს ფლობს ადამიანი, განსხვავებული პაკეტით უნდა სარგებლობდეს, და არა ყველა თანაბარით. ან მაგალითად, უფასო მშობიარობის თანხა ყველას! „ყველას“ არ ჭირდება უფასოდ მშობიარობა, თუმცა ზოგიერთს, მშობიარობის შემდგომ ბავშვის შენახვის თანხა უკეთ გამოადგებოდა. ესაა სამართლიანი გადანაწილების პრინციპი, რომელზე დგას სოლიდარული საზოგადოება და სოციალური სახელმწიფო.

სწორედ, ამიტომ გასათვალისწინებელია ის გარემოებას, რომ სოციალური სახელმწიფოს მიზნები მართალია, არ არის სრული მასშტაბით განხორციელებადი. მაგრამ, ისინი უნდა იყოს სახელმწიფოს მუდმივი ამოცანა და ზრუნვის საგანი. ამ მი­მართულებით ძალისხმევაა სოციალური სახელმწიფოს მოვალეობა.

სოციალური სახელმწიფო აქტიური და მოქმედი სახელმწიფოა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის ერთ-ერთ გადაწვეტილებაში, 2002 წელს, განაცხა­და, რომ სახელმწიფო მოვალეა, მიმართოს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს სოციალური უფლებების დაცვის, სულ ცოტა, მინიმალური დონე მაინც.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი არამხოლოდ სახელმწიფოს ავალდებულებს. იგი წარმოქმნის სოლიდარული საზოგადოების ვალდებულებებს, პირების სოციალურ პასუხისმგებლობას, რათა მათი საკუთრება გარკვეულ წილად საზოგადოების სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული. ასეთ სოლიდარულ საზოგადოებაში – საკუთრება ავალდებულებს, მას აქვს ერთგვარი სოციალური ბოჭვა, რომელიც მოქმედებს ყველაზე – ვინაც ფლობს საკუთრებას.

ზოგჯერ, დემოკრატიული და სამართლებ­რივი სახელმწიფო, ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველ­ყოფს სოციალური უსაფრთხოების დონის მინიმუმსაც კი. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს ძალისხმევის მხოლოდ შედეგები და წარმატებულობა არ არის გადამწყვეტი, არამედ ის, რომ სახელმწიფოს ქმედება არის „მაქსიმუმი, სულ ცოტა, მინიმუმისათვის“

და ბოლოს! სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის ნაწილია და ლიბერალურ ფასეულობებზე დაყრდნობით მისი უგულებელყოფა თვით თავისუფლების გაგებასთან მოდის წინააღმდეგობაში. სოციალურ უფლებათა ადგილი კი, სწორედ ქვეყნის უზენაეს კანონში, კონსტიტუციაშია.


ვენს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ანა ფირცხალაშვილის სხვა წერილიც: “როგორ შევინარჩუნოთ მუდმივად ფუნდამენტური ღირებულებები კონსტიტუციაში?

Share on Facebook163Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.