“სოციალ დემოკრატების” საკონსტიტუციო ინიციატივები

socia-democrats► პარტიამ, “სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიას ორი ინიციატივა წარუდგინა. პირველი ეხება საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებს, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოს შეზღუდული აქვს საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფილად წარმართვის საშუალება და საგადასახადო განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდა ან ახალი ტიპის გადასახადის შემოღება მხოლოდ მთავრობის მიერ დანიშნული რეფერენდუმის შედეგადაა შესაძლებელი. პარტიის მეორე ინიციატივა ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს “საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”.

პარტიის წინადადებები

1.1 კონსტიტუციის 94 მუხლი

ზემოაღნიშნული საკონსტიტუციო პუნქტების მიხედვით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წართმეული აქვს ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკის წარმართვის ინსტრუმენტები, რითიც პარლამენტი, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო იზღუდება თავის არსებით ფუნქციაში განსაზღვროს ქვეყნის განვითარების მიმართულება. პარტია მიიჩნევს რომ აღნიშნული პუნქტები მიმართულია ინსტიტუციური დემოკრატიის წინააღმდეგ, ასუსტებს სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შესაძლებლობებს და ლეგიტიმაციას.

“ჩვენი ღრმა რწმენით, წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისა და სახელმწიფო საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფილი, დემორკატიული წარმართვისთვის, აუცილებელია პარლამენტს დაუბრუნდეს მართვის ინსტრუმენტები, რომლებიც ტრადიციულად დამახასიათებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის და საზოგადოდ წარმომადგენლობითი დემოკრატიისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო ჩანაწერი გადასახადების შესახებ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო სისტემის ისეთ მთავარ პრინციპთან, როგორიცაა მოქნილობა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ გამოწვევებზე საკანონმდებლო ორგანოს მიერ ეფექტურ რეაგირებას და ადაპტირებას. პარტიამ განიხილა ისეთი 55 ევროპული და აზიური ქვეყნის კონსტიტუცია(იხ: მიმაგრებულ ფაილებში) , რომლებშიც არსებობს ჩანწერები საგადასახადო პოლიტიკის შესახებ, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერი არსად არ გვხვდება.”

1.2 “საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მასში ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები არასათანადოდაა წარმოდგენილი. 1. მკაფიოდ არ ჩანს ასეთი უფლებების განხორციელებაში სახელმწიფოს როლი და 2. უფლებების სია არასრულია.

ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, აუცილებელია გადაიხედოს საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებების ნაწილი. 1. გამოიკვეთოს სახელმწიფოს როლი ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების განხორციელებაში და 2. შეივსოს ამ უფლებების სია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

“აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად, ამ ეტაპზე, გამოვდივართ ინიციატივით ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების სიას დაემატოს უფლება ღირსეულ საცხოვრებელზე.

ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ღირსეული საცხოვრებლის უფლების განხორციელებას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ამ უფლების აღიარების და განხორციელების მოწოდებას აქვს არა მხოლოდ ეთიკური საფუძველი. ის ასევე ეფუძნება უაღრესად პრაგმატულ ხედვას. საცხოვრებელი არის ძირითადი განმაპირობებელი ისეთი ერთმანეთთან დაკავშირებული სასარგებლო ასპექტებისა, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობა, დასაქმების შესაძლებლობები, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, სათანადო განათლება, ეკონომიკური უსაფრთხოება და ა.შ. ასევე, აღსანიშნავია საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის მაკროეკონომიკური შედეგები. სწორი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში საბინაო მშენებლობაში სახელმწიფოს ინვესტირებას ძლიერი მულტიპლიკატორული ეფექტის გამოღება შეუძლია, რაც ადგილობრივი მრეწველობისთვის დიდი სტიმული იქნება, ხოლო მეორეს მხრივ გაიზრდება საცხოვრისის მფლობელობის მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც საქართველოს მსგავსად სწრაფი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია აირჩია, (სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური და სხვა) აღნიშნული უფლების რეალიზაციაში სახელმწიფოს აქტიურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო წინადადებები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში რაც თავის მხრივ ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის მიერ მცირე, მაგრამ ავტორიტარული სახელმწიფოს გამოცდილების და მოდელის უარყოფას. ჩვენი წინადადებების დაკმაყოფილების შემთხვევაში პარტია მზადაა აქტიურად ჩაეთოს საგადასახადო საკითხის და საბინაო პოლიტიკის შემუშავებაში და პოლიტიკურ დებატებში.”

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ