სოციალ-დემოკრატების ეთიკის კოდექსი

სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის

ჩვენ, სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის, ვადასტურებთ ჩვენ უპირობო ერთგულებას თანასწორობის, თავისუფლების, სამართლიანობის, სოლიდარობისა და მშვიდობის იდეალებისადმი, რომლებიც დემოკრატიული სოციალიზმის საფუძველს წარმოადგნენ. საზოგადოების წინაშე ვაცხადებთ, რომ პატივს ვცემთ, დავიცავთ და განვავითარებთ ამ ფასეულობებს.

ამ ფასეულობათა გაზიარება ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო გზას გამოვიყენებთ ჩვენ ქვეყანასა და მსოფლიოში ქცევის შემდეგი კოდექსის დასამკვიდრებლად:

I

განვახორციელებთ პროგრესულ პოლიტიკას, რომელიც უმთავრეს მიზნად ისახავს ადამიანთა კეთილდღეობას, ეკონომიკურ განვითარებას, მიუკერძოებელ ვაჭრობას, სოციალურ სამართლიანობას, გარემოს დაცვას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მდგრად განვითარებას.

დავუპირისპირდებით ყველა სახის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, რომელიც პრივილეგირებულ ჯგუფთა ინტერესებს ემსახურება, და ხელს შევუწყობთ იმგვარი ეკონომიკური და საზოგადოებრივი სისტემის შექმნას, რომელიც ყველა ადამიანის ძირითადი და უმთავრესი ინტერესების დაკმაყოფილებას ესწრაფვის.

ვიბრძოლებთ კორუფციისა და საზოგადოებრივი მმართველობის ყველა სახის დაბრკოლების წინააღმდეგ.

II

დავიცავთ პლურალისტურ დემოკრატიას. ეს გულისხმობს:

მოქალაქეთა თავისუფლებას, პოლიტიკურ საშუალებათა შორის ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ თავისუფალი, ხშირი და გამჭვირვალე არჩევნების გზით.

ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას მშვიდობიანი საშუალებებით და მოქალაქეთა თავისუფალი თვითგამოხატვის გზით.

უმცირესობათა და თითოეული ინდივიდის უფლებათა პატივისცემას.

კანონზე დაფუძნებულ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს.

თავისუფალ და პლურალისტურ მედია-სივრცეს.

დემოკრატიულ გარემოს პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირებისთვის.

III

ჩვენ მოვალეობად მივიჩნევთ:

ნებისმიერ პირობებში უზრუნველვყოთ ადამიანის ღირსების პატივისცემა, ვიმოქმედოთ ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის, გაერთიანებული ერების და მის ინსტიტუციათა მიერ მიღებულ სხვა შეთანხმებათა შესაბამისად.

პატივი ვცეთ, დავამკიდროთ და განვავითაროთ ადამიანის ძირითადი ინდივიდუალური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

ხელი შევუწყოთ სქესთა შორის თანასწორობას ყველა სფეროში, და ამის მაგალითი შევქმნათ ჩვენ პარტიაში ყველა დონეზე და ყველა სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორობის უზრუნველყოფით.

ვიბრძოლოთ სქესის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, მსოფლმხედველობრივი თუ პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე წარმოშობილი ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ვიბრძოლოთ ულტრა-ნაციონალისტური, ფუნდამენტალისტური, ქსენოფობიური, რასისტული ტენდენციების წინააღმდეგ; უარი ვთქვათ პოლიტიკურ ალიანსზე ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელიც აღვივებს ეთნიკურ, რასობრივ, რელიგიურ და ა.შ. სიძულვილს.

უარვყოთ, და შესაბამისად, დავუპირსპირდეთ ავტორიტარიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, ასევე ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც დასაშვებს ხდის ადამიანის უფლებათა ხელყოფას, ძალადობას ადამიანთა მიმართ, წამებას, სასამართლოს გარეშე ტუსაღობას, მედიის ცენზურას, მშვიდობიანი თვითგამოხატვის დარბევას ძალაუფლების ხელში ჩაგდების, ან შენარჩუნების მიზნით.

მხარი დავუჭიროთ ადამიანთა შორის მშვიდობის, შემწყნარებლობის, დიალოგის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისკენ მიმართულ ლოკალურ თუ საერთაშორისო ძალისხმევას.

უარვყოთ შეიარაღებული ძალები, როგორც ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება; კონფლიქტების გადაჭრისას უპირატესობა მივანიჭოთ დიპლომატიას, ხოლო სამხედრო ძალების  გამოყენების აუცილებელ პირობად გავნსაზღვროთ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრ ქვეყანათა მხრიდან ერთობლივი სანქცია.

ძალისხმევა შევუერთოთ მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციისა და განიარაღებისაკენ მიმართულ პროცესებს.

მხარი დავუჭიროთ ყველა ორგანიზაციას, რომელიც მოწოდებულია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისათვის.

პატივი ვცეთ სიცოცხლის ყველა გამოვლინებას, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ბუნება, მხარი დავუჭიროთ ძალისხმევებს, რომლებიც ადამიანის ჩარევით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად.

ვცნოთ მომავალი თაობების უფლება, იცხოვრონ მშვიდობიან, კეთილდღეობის, უსაფრთხო, სოლიდარულ მსოფლიოში, და ვიმოქმედოთ ამის შესაბამისად.

ეთიკის კოდექსის აღიარება პოლიტიკური ორგანიზაცია სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის წევრობის აუცილებელი პირობაა. ამავე დროს, ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს შესწორებები ან/და დამატებები მასში. ეთიკის კოდექსის ცვლილება ხდება პარტიის ყრილობის მიერ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ