სიღარიბის დაძლევის მიზნობრივი პროგრამების სისუსტეები

Share on Facebook121Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

inequalityგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

ავტორი: ტატო ხუნდაძე, “საზოგადოების კვლევის ცენტრის” მკვლევარი და European.ge-ს სარედაქციო საბჭოს წევრი.

European.ge

შესავალი

1980-იანი წლებში, როცა “რეიგან-ეკონომიკამ” და “ტეტჩერიზმა” მოიცვა ევროპა და ამერიკა, შემდგომში კი მთელი მსოფლიო, სიღარიბის გამომწვევი მიზეზების შესახებ გაძლიერდა ის დისკურსები, რომლებიც სიღარიბის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე აპელირებს. ნეოლიბერალური თვალსაზრისით, სიღარიბე აღარ არის საზოგადოებრივი დაავადება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებელ ადამიანთა ინდივიდუალური მარცხი, რაც ზოგიერთ შეთხვევაში წახალისებულია არასწორი სახელმწიფო პოლიტიკით. ამერიკელი ნეოლიბერალი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი მიიჩნევდა, რომ სიღარიბე არის შედეგი არასწორი სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც რედისტრიბუციაზე და უნივერსალიზმზეა დაფუძნებული (Friedman M. , 1993). მეგი ტეტჩერის ცნობილი ფრაზა, „არსებობს არა საზოგადოება, არამედ ინდივიდები“, სარჩულად დაედო ნეოლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინას, მათ შორის სიღარიბის დაძლევის პროგრამების რეფორმირების მხრივ.

ამგვარი შეხედულებების გაბატონების შედეგად, შეიცვალა სიღარიბის მიმართ ბრძოლის მეთოდები. თუ 80-იან წლებამდე სიღარიბეს ებრძოდნენ ძირითადად სახელმწიფო სოციალური და განვითარების პოლიტიკების საშუალებით, დღესდღეობით მოხდა სიღარიბის პრობლემის პოლიტიკური შინაარსიდან დაცლა და იგი განიხილება როგორც ტექნიკური პრობლემა, რომელსაც უნდა ებრძოლონ ტექნიკური საშუალებებით. ასეთ ტექნიკურ საშუალებას წარმოადგენს სიღარიბის დაძლევის მიზნობრივი პროგრამები. სიღარიბემ დაკარგა კლასობრივი შინაარსი. გამარჯვებულად და დამარცხებულად საზოგადოების დაყოფა, დომინანტი იდეოლოგიისა და იდეოლოგების მეშვეობით წარსულს ჩაბარდა. დღეს ჩვენ ვაწყდებით სახელმწიფო პოლიტიკებს, რომელთაც ამოცანად სიღარიბის პრობლემის მართვა აქვთ დასახული და არა მისი სრულად აღმოფხვრა.

წინამდებარე ესსე ერთგვარი მოკლე მიმოხილვაა სიღარიბის დაძლევის მიზნობრივი პროგრამების ძირითადი ძლიერი და სუსტი მხარეებისა, სხვადასხვა თეორიული პერსპექტივიდან.

მიზნობრივი პროგრამის შინაარსი და ტიპები

კეთილდღეობის თეორიებში არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, რომელიც მიმართულია სიღარიბის აღმოფხვრაზე. პირველი ეს არის უნივერსალური მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოების თითოეული წევრისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფაზე, რათა მათ შეძლონ სიღარიბის უფსკრულიდან ამოსვლა. შესაბამის გარემოში იგულისხმება განათლების, საკვების, თავშესაფრისა, ჯანდაცვის და ზოგადად განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა. უნივერსალისტური მიდგომა ხორციელდება უნივერსალური ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების განხორციელებით, მინიმალური ხელფასის და უმუშევრობის დაზღვევის პროგრამების გატარებით. სიღარიბის დაძლევის პროგრამა უფრო ჰოლისტურია და ებრძვის სიღარიბის გამომწვევ ფუნდამენტურ პრობლემებს (Esping-Andersen, 1990). შეიძლება ითქვას, რომ სიღარიბის დაძლევის უნივერსალისტური მიდგომა უფრო ხალხზეა ორიენტირებული, მაშინ როცა მიზნობრივი დახმარება არის ერთგვარი „მატყუარა საწოვარა“, რომელთა საშუალებითაც მდიდრები და ისტებლიშმენტის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, თავს ირიდებენ ღარიბთა მასიურ გამოსვლებს და სოციალურ დაპირისპირებებს.

ძირითადი ინდიკატორი, რაც განასხვავებს, მიზნობრივ მიდგომას უნივერსალისტურისგან, ეს არის ინდივიდების ან შინამეურნებობის შერჩევით დახმარება. ძირითადად მიზნობრივი პოლიტიკა მოიცავს მონეტარული შემწეობების სისტემას, როცა შერჩეული ინდივიდები ან შინამეურნეობები იღებენ პირდაპირ ფულად დახმარებებს. თუმცა მიზნობრივი პროგრამების ინსტრუმენტები ბევრად უფრო ფართოა. ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებობს რამდენიმე ტიპის სახელმწიფო ინტერვენცია, რომელიც შეიძლება ჯდებოდეს მიზნობრივი პროგრამების ლოგიკაში, ესენია: პირდაპირი ფინანსური დახმარება, საჯარო სამსახურები, ფასების სუბსიდირება და სოციალური ფონდები (Coady, 2003). მიზნობრივი დახმარება ასევე შეიძლება მოიცავდეს ინფრასტრუქტურის, ელექტრო ენერგიისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციას მიზნობრივად სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის. არსებობს ასევე ე.წ. in kind დახმარებები, რომლებიც მოიცავენ, მაგალითად, ტალონების სისტემით მიზნობრივი ჯგუფებისთვის საკვების ან სხვა სოციალური მომსახურებების მიწოდებას. ამ მხრივ ამერიკაში საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს ე.წ. food stump-ების სისტემა, რომლის საშუალებითაც მიზნობრივ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ გარკვეული რაოდენობის საკვები. საზოგადოებრივი სამუშაოები მოიცავენ, სპეციალურად ღარიბებისთვის შეთავაზებული სამუშაოებს, რომელთა სანაცვლოდ ღარიბი დასაქმებულები იღებენ ან შესაბამის ხელფასს ან საკვებს. მიზნობრივი სუბსიდიები არის განკუთვნილი ასევე მიზნობრივად შერჩეული ჯგუფებისთვის, რითიც ღარიბები უფრო ნაკლებს იხდიან მაგალითად ელექტრო ენერგიაში (Lavalllee, 2010). ასეთი პროგრამა არსებობდა საქართველოშიც 2011 წელს, როცა თბილისში პენსიონერებს სუბსიდირების შედეგად უფრო იაფად მიეწოდებოდათ ელექტრო ენერგია.

არგუმენტები მიზნობრივი პროგრამების სასარგებლოდ

უნივერსალური პროგრამებისგან განსხვავებით, მიზნობრივი პროგრამები მორგებულია ღარიბების საჭიროებებს და ითვალისწინებს სიღარიბის ფენომენის კომპლექსურობას. მაშინ როცა უნივერსალური პროგრამები დგანან საყოველთაობის პრინციპზე. მაგალითად მინიმალური ხელფასი, არის ერთგვარი საყოველთაო სიკეთე, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე, არამედ მთელი საზოგადოებაზე.

მეორე ძირითადი არგუმენტია, ის რომ მიზნობრივი პროგრამები არის საშუალება რესურსების უკეთესად გადანაწილებისთვის. მიზნობრივი პროგრამების მხარდამჭერი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უნივერსალურ პროგრამებს აქვთ ორი ძირითადი პრობლემა. მაგალითად, უნივერსალური განათლების სისტემა, მილტონ ფრიდმანის აზრით მორგებულია ძირითადად საშუალო და მდიდარი კლასის ინტერესებს, რადგან ღარიბ უბნებში მდებარე სკოლები მოკლებულნი არიან შესაბამის ინფრასტუქტურას და მასწავლებლებსაც. ამის გამო ბავშვები არ დადიან სკოლებში ღარიბი უბნებიდან. მისი აზრით უნივერსალური განათლების სიკეთეს მოიხმარს ძირითადად შედარებით შეძლებულ უბნებში მცხოვრები ოჯახები, სადაც სკოლის ინფრასტრუქტურაც და მასწავლებლებიც უკეთესები არიან. (Friedman, On The Robin Hood Myth, 1990). შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამები მეცნიერთა ნაწილის აზრით, მიზნობრივი პროგრამები ამცირებს იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც არ ეკუთვნის ან საერთოდ არ სჭირდება დახმარება, რაც თვალსაჩინოა უნივერსალური პროგრამების შემთხვევაში (Weiss, 2005).

მემარჯვენე ლიბერტარიანული კვლევითი ცენტრის „კატოს ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, სიღარიბის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება უმნიშვნელოვანესია, რადგან უნივერსალური მიდგომების გამოყენება ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას საბაზრო პრინციპების უხეში დარღვევის გამო. ამ კვლევის თანახმად, საბაზრო ეკონომიკა თავისთავად წარმოშობს სიღარიბეს და სწორედ ამ სიღარიბის შიში იწვევს ადამიანთა მაქსიმალურ მცდელობას ფეხი აუწყონ საბაზრო ძალებს (Lee, 1985). მემარჯვენე ეკონომისტს, გრეგორი მენქიუს მოჰყავს საინტერესო სტატისტიკა, რომლითაც ცდილობს ახსნას, რომ საყოველთაო პროგრამები არ არის ეფექტური და უმჯობესია მიზნობრივი პროგრამების გატარება, რომლებიც მინიმალურად მაინც ეხმარება ღარიბებს და ამასთან ერთად არ ხდება რესურსების გაფანტვა და საბაზრო პროცესებში უხეში ჩარევა. მენქიუ ასკვნის, რომ ფედერალური მინიმალური ხელფასის 9,50 დოლარამდე აწევით, ღარიბი მუშების მხოლოდ 11,3% ისარგებლებს, მაშინ როცა მიზნობრივი კეთილდღეობის პროგრამით (food-stump-ებით), სარგებლობს ღარიბთა უდიდესი უმრავლესობა (Mankiw, 2014).

დასკვნის მაგიერ: სიღარიბის აღმოფხვრის მიზნობრივი პროგრამების კრიტიკა

კრიტიკოსთა აზრით, უმთავრესი პრობლემა რაც გააჩნია მიზნობრივ პროგრამებს არის ის, რომ მაღალია შანსი, იმისა რომ ღარიბი ადამიანები დარჩნენ დახმარების გარეშე. მართლაც, საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა თუ ვის სჭირდება დახმარება. არსებობს შემოსავლის და მოხმარების მზომი ინდიკატორები, თუმცა ემპირია ადასტურებს რომ ორივე შემთხვევაში იმ ღარიბ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შეიძლება დარჩნენ სიღარიბის მიზნობრივი პროგრამების მიღმა საკმაოდ მაღალია.

ცხრილი 1

%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-1ზემოთ პირველ ცხრილში მოცემულია იმ ღარიბთა რაოდენობა, რომლებიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოხვდნენ მიზნობრივი სიღარიბის პროგრამების მიღმა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩილეში ფიქსირდება, სადაც ღარიბთა 84%-ი ვერ მოხვდა ამ პროგრამებში (Mkandawire, 2005).

მეცნიერთა ნაწილი ზემოთ აღწერილ ფენომენს, ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს ორ რადიკალურად განსხვავებულ ტენდენციას. პირველი ეს არის exclusion error-ი, რაც გულისხმობს ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად იმ ადამიანთა გამოთიშვას სიღარიბის მიზნობრივი პროგრამებიდან, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. თავის მხრივ Inclusion error-ი, მოიაზრებს იმ ადამიანთა ჩართვას სიღარიბის მიზნობრივ პროგრამებში, რომელთაც არ უნდა ეკუთვნოდეს მონაწილეობა. ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობასთან ერთად შეიძლება გახდეს კორუფციისა და ნეპოტიზმის მაღალი დონე.

მიზნობრივ პროგრამებთან დაკავშირებული მეორე სერიოზული პრობლემაა მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის არქონა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოყალიბებული პრობლემიდან გამომდინარე, მაშინ როცა მოსახლეობის ღარიბი ფენის ნაწილი რჩება დახმარების გარეშე, პოლიტიკური მხარდაჭერა ასეთი პროგრამების მიმართ იკლებს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც არა აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, განწირულია არაეფექტურობისთვის (Stiglitz, 2002).

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ახასიათებს სიღარიბის აღმოფხვრის მიზნობრივ პროგრამებს ეს არის სტიგმატიზაციის ფენომენი. ადამიანი, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას ექცევა სტიგმის ქვეშ. ემპირიულად დასტურდება, რომ ღარიბთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც იღებს დახმარებას, ირიყებიან არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სოციალურადაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია კულტურული დისკურსები და სტერეოტიპები, რომლებიც დახმარების მიმღებ ადამიანებს ე.წ. „ლუზერების“ სტიგმაში ათავსებს. ასეთი ვითარება ამცირებს ადამიანების თვითშეფასებას და მინიმუმამდე დაჰყავს სიღარიბის დაძლევის პერსპექტივა (Mehrotra, 1997).

და ბოლოს, სიღარიბის აღმოფხვრის მიზნობრივი პროგრამები რთული განსახორციელებელია სუსტი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების პირობებში. ღარიბ სახელმწიფოთა უმრავლესობა არ გამოირჩევა მაღალი სტანდარტების ინსტიტუტებით. შესაბამისად, სიღარიბის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, რომელიც საჭიროებს ძლიერი და ეფექტური სახელმწიფო ბიუროკრატიის არსებობას, განვითარებადი ქვეყენებისთვის ურთულესი ამოცანაა (Mkandawire, 2005).

ბიბლიოგრაფია

Coady, D. G. (2003). Targeted Anti-poverty Interventions. International Food Policy Research Institute, policy memo .

Friedman, M. (1990). On The Robin Hood Myth.

Friedman, M. (1993). Why Government is the problem? Stanford: Stanford University Press.

Lavalllee, E. (2010). Poverty Alleviation Policy Targeting: a review of experiences in developing countries. Dauphine Universite Paris.

Lee, D. R. (1985). THE POLITICS OF POVERTY. CatoJournal,Vol.5, No. 1 , 17-35.

MANKIW, G. (n.d.). Minimum Wage as an Antipoverty Tool. From Greg Mankiw’s Blog: http://gregmankiw.blogspot.com/2014/01/the-minimum-wage-as-antipoverty-tool.html

Mehrotra, S. a. (1997). Development with a Human Face: Experiences in Social. Oxford: Clarendon Press.

Mkandawire, T. (2005). Targeting and Universalism. UN .

Stiglitz, J. (2002). Globalization and Its Discontents. United States of America: W. W. Norton & Company.

Weiss, J. (2005). Poverty Targeting in Asia: Experiences from India, Indonesia, the Philippines, People’s Republic of China and Thailand. Cheltenham: ADBI research.


ილუსტრაცია: © The Economist

Share on Facebook121Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*