მემარჯვენე ეკონომისტების 7 დიდი ეკონომიკური ტყუილი

Share on Facebook45Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ამერიკელი ეკონომისტის რობერტ რაიშის (აშშ-ს ყოფილი შრომის მდივანი კლინტონის ადმინისტრაციაში) საინტერესო 2 წუთიანი პრეზენტაცია ეკონომიკაში არსებული მითების შესახებ. (იხილეთ ვიდეო წერილის ბოლოს)

საინტერესოა ქართული კონტექსტისთვისაც.

#1. მდიდრებისათვის გადასახადების შემცირება დადებითად აისახება მოსახლეობაზე.

აბსურდია.

რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში რეალურად მოხდა მდიდარი ფენის ბიზნესმენებისათვის საგადასახადო სისტემის შემსუბუქება, რამაც არანაირი შედეგი არ გამოიღო. სწორედ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკელების საშუალო ხელფასმა იწყო მერყეობა, რაც მკვეთრი ვარდნით დასრულდა ჯორჯ ბუში უმცროსის პერიოდში.

ე.წ. „გაჟონვის ეკონომიკა“ (Trickle Down Economy) ბოროტული ხუმრობა აღმოჩნდა.

#2. მსხვილი კაპიტალისთვის გადასახადების გაზრდას დამანგრეველი ეფექტი მოაქვს ეკონომიკასა და დასაქმებულთა რაოდენობის მატებაზე.

ტყუილია.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 1981 წლამდე, უმდიდრესი ამერიკელები ვალდებულნი იყვნენ უმაღლესი ზღვრული გადასახადი 70%-ის სახით გადაეხადათ ბიუჯეტში, ხოლო ეიზანჰაუერის პრეზიდენტობის პერიოდში ეს ზღვარი კიდევ უფრო გაიზარდა და 91 % შეადგინა. ეს იყო ყველაზე მკაცრი რეგულირება მაღალი ფენის წარმომადგენლებისათვის ამერიკის ისტორიის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ამერიკის ეკონომიკა იზრდებოდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე 70-იანი წლების შემდგომ დერეგულაციის პერიოდში.

#3. პატარა მთავრობის იდეა წარმოშობს მეტ სამუშაო ადგილებს.

კიდევ ერთი ტყუილი.

ეს ნიშნავს სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანების სიმცირეს, მათ შორის მასწავლებლების, პოლიციელების, მეხანძრეების, სოციალური მუშაკებისა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას. ნაკლებ საჯარო კონტრაქტორსა და ასევე, ნაკლებ კერძო სექტორში მომუშავე ადამიანის დასაქმებას.

Moody-ს ეკონომისტის მარკ ზანდის თქმით (რომელიც გახლდათ ჯონ მაკკეინის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მრჩეველი), 61 მილიარდი დოლარი დაზოგილი საბიუჯეტო ხარჯები 700 000 სამუშაო ადგილის გაქრობის აუცილებელი წინაპირობაა.

#4. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკის სტიმულირება.

არასწორია.

დიდი უმუშევრობის პირობებში ბიუჯეტის შემცირება პირდაპირპროპორციულად აისახება ეკონომიკის ვარდნაზე, გამოიწვევს რა უმუშევრობის ზრდასა და საგადასახადო შემოსავლების მკვეთრ შემცირებას. დეფიციტის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ხდება სამუშაო ადგილების ზრდა.

#5. საყოველთაო ჯანდაცვა ბიუჯეტის დეფიციტის მთავარი გამომწვევი ფაქტორია.

ტყუილია.

საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები მართლაც სწრაფად იზრდება, მაგრამ ეს გამოწვეულია მედიკამენტების ფასების სწრაფი ზრდით. ერთ-ერთი საუკეთესო გზა მოცემული პრობლემის გადაჭრისა არის ის, რომ სახელმწიფომ გაზარდოს ძალაუფლება მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებზე და შეამციროს საავადმყოფოების გადასახადები. მთავარია სახელმწიფო გადავიდეს ე.წ „საფასური-მომსახურების“ სისტემიდან „საფასური-ჯანმრთელობის“ შედეგების სისტემაზე. და რამდენადაც, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ბევრად მცირე ადმინისტრაციულ ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე კერძო სადაზღვეო სისტემა, სახელმწიფო ვალდებულია მკურნალობა გახადოს ხელმისაწვდომი ყველასათვის.

#6. სოციალური უსაფრთხოება პირამიდული სქემაა.

არ დაიჯეროთ.

სოციალური უსაფრთხოება გადამხდელუნარიანია. ეს ხელს სოციალურად მოწყვლადი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას და მათ ეკონომიკის კვლავწარმოებაში ჩაბმას. ეს ახალისებს “მოთხოვნის ეკონომიკას”. ამიტომ მნიშვნელოვანია.

#7. ის ფაქტი, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებმა არ გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადები, უსამართლობაა.

სისულელეა.

არაფერი უსამართლობა ამაში არ არის. დღეს, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები იხდიან ყველაზე მეტ წილს ბიუჯეტში თავიანთი სახელფასო გადასახადებიდან, ვიდრე სხვა დანარჩენი.

რას გულისხმობს ეკონომისტი რობერტ რაიში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ქართული კონტექსტისთვის?

სამწუხაროდ, ნეოკლასიკოსი მემარჯვენე ეკონომისტების გავლენით დამკვიდრდა ეკონომიკის მათემატიზირებული ფორმა, რომელიც უარყოფს ემპირიას, ვერ ახდენს პროგნოზირებას და ამავე დროს, იგი ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად ვიწრო ბიზნეს ინტერესების დასაცავად. ეკონომიკაზე საუბარი არ უნდა იყოს მხოლოდ მსხვილი კაპიტალის ინტერესებთან დაკავშირებული ექსპერტების პრეროგატივა, რომლებიც ცდილობენ მათემატიკური მოდელებით და ციფრების მჭახე რახარუხით თავბრუ დაახვიონ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

ჩვენი დიდი და შეიძლება ითქვას, არაეფექტური ბიუროკრატიის, როგორც პრობლემის სათავე, სამ ძირითად ფაქტორზე დაიყვანება:

1) პოლიტიკური ფაქტორი – ბიუროკრატიას არა აქვს მიზანი დასახული, რომელიც უნდა შესრულდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს არა აქვს განვითარების გეგმა და სტრატეგია. ჩვენი პოლიტიკური პარტიები არიან არა პოლიტიკაზე ორიენტირებული (policy seeking), არამედ ძალაუფლებაზე ორიენტირებული (office seeking) პარტიები. მათთვის სიტყვები “განვითარება”, “სტრატეგია”, “გეგმა” შიშის მომგვრელი და უცხოა, მათი მოქმედება კი სპონტანური და ფრაგმენტული.

2) განათლების სისტემის “მუდმივ-გაურკვეველი რეფორმის” მდგომარეობა, რომელიც ვერ ახდენს ცოდნის კვლავწარმოებას და შესაბამისად, ვერ იძლევა პროაქტიული ბიუროკრატიული აპარატის შექმნის შესაძლებლობას. არაეფექტური ბიუროკრატია, ართულებს თუნდაც კარგი პოლიტიკების აღსრულებას და ხელს უშლის “ქვემოდან” პროგრესული ინიციატივების ამოზრდას.

3) სახელმწიფო სამსახურში მუშაობა სურს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. ჩვენი ინდუსტრიული სექტორი მოშლილი და გაჩანაგებულია, სოფლის მეურნეობაში დასაქმება კი, იმდენად არაპროდუქტიული და დაბალშემოსავლიანია, რომ ადამიანებს სახლში ჯდომა ურჩევნიათ (ამის შესაძლებლობას მშპ-ში უცხოეთიდან გადმორიცხვების 9%-იანი მაჩვენელებილიც იძლევა).

სახელმწიფო სამსახურებიდან ხალხის დათხოვნა, რასაც ასე ამაყად ქადაგებენ ჩვენი ექსპერტები, გამოიწვევს შრომის მიწოდების ზრდას. ეს გაზრდის ქვეყნიდან მიგრაციას და ამასთან კიდევ უფრო შეამცირებს ეკონომიკის ზრდას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარჯველი, შეამცირებს საკუთარ ხარჯებს, მოსახლეობა მოიხმარს ნაკლებს და საბოლოო ჯამში, მცირდება ეკონომიკური ზრდა.

Share on Facebook45Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*