შვედეთი – ალტერნატიული მოდელი განვითარებისათვის

Share on Facebook39Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

 

ნეოლიბერალიზმისა და ტეტჩერიზმის პოლიტიკური ტრიუმფის მთელი ლოგიკა მდგომარეობდა იმის მტკიცებაში რომ არ არსებობს სხვა ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა(There is No Alternative aka TINA). ყველა პოლიტიკურ კლასში ფართოდ გავრცელდა აზრი რომ გლობალიზაციამ, თავისუფალმა ბაზრებმა, მცირე მთავრობამ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა სახელმწიფოზე, საჯარო სექტორზე, დემოკრატიასა და მუშათა მოძრაობებზე. ისეთი მოსაზრებაც კი გავრცელდა, რომ საერთოდ არ არსებობს ისეთი ცნება როგორიც საზოგადოებაა. ისტორია თავის საბოლოო ფორმით ეს არის ძლიერი ბაზრები და სუსტი დემოკრატიები და ჩვენ თვალნათლივ ვუახლოვდებით ამ მომენტს. ამას მოყვა მემარცხენეების კრიზისი და ელექტორალური წარუმატებლობა. თუმცა მისი დაძლევის შემდეგაც მესამე გზის მიმდევარმა მემარცხენე პარტიებმა ვერ მოახერხეს ვითარების შემობრუნება, რადგან მათ უარი თქვეს დაპირისპირებოდნენ თავისუფალი ბაზრის პრიმატს, მათი ამბიციები ლიმიტირებული იყო და გულისხმობდა სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას, მხოლოდ ეკონომიკური ეფექტიანობის მეშვეობით, რაც გულისხმობდა იმას რომ ეს პროცესი მართული უნდა ყოფილიყო გლობალური ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად გარდაუვალი გახდა დემოკრატიის, საჯარო სფეროსა და სოციალური მობილობის მკვეთრი ვარდნა და უთანასწორობის ზრდა.

თუმცა შვედეთის მაგალითი გვიჩვენებს რომ უკეთესი მსოფლიო შესაძლებელია. ჩვენ გიჩვენებთ, რომ შვედეთში სოციალურ სამართლიანობას შეუძლია ეკონომიკური ეფექტიანობისა და შესაბამისად ფართო საზოგადოებრივი სერვისების შექმნა. გიჩვენებთ, რომ თანამედროვე პროფკავშირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამეწარმეო ეკონომიკისათვის და იმას რომ პლურალიზმი და გრძელ ვადიანი დაგეგმვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროგრესივისტული კონსესუსის ჩამოყალიბებისათვის. მნიშვნელოვანია რომ შვედურ მოდელს ახასიათებს მკაცრი იდეოლოგიური ვალდებულებები, რომლის საფუძველს წარმოადგენს ისეთი ღირებულებები როგორებიცაა: თანასწორობა, თავისუფლება და სოლიდარობა, რომლებიც მემარცხენეებისათვის გზის მანათობელი პოლარული ვარსკვლავის ფუნქციას ასრულებენ და რომლებიც ჩვენს სწრაფად ცვალებად გლობალურ სამყაროში წარმოქმნილ ვითარებებთან ადაპტირებაში გვეხმარებიან.

შვედური მოდელი გაკვეთილი სოციალ დემოკრატიისათვის

 შვედეთის ახალი დინამიური მოდელი ამტკიცებს, რომ წარმატებული მოდერნიზაციისათვის არა მხოლოდ საჭირო არამედ აუცილებელიც არის რომ ქვეყანამ ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისაკენ სწრაფვა შეუსაბამოს სოციალურ ერთობასა და თანასწორ გადანაწილებას. ის აგრეთვე მიუთითებს, რომ ნეოლიბერალიზმი, რომელიც უარყოფს ძირითად სოციალ დემოკრატიულ ფასეულობებს არ არის ყველაზე ეფექტური გზა მდიდარი და ეფექტიანი ეკონომიკის შექმნისათვის. საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ერთ-ერთ მოხსენებაში ვკითხულობთ:

’დღესდღეობით წარმატებულ მოდელებს შორის არ არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირეს სოციალური ხარჯები, რადიკალურად შეზღუდეს სახელმწიფოს ჩარევა და მინიმიზაციისაკენ წაიყვანეს სოციალური პარტნიორობა. წარმატებულია ის ქვეყნები, რომლებმაც მოახერხეს თავიანთი ინსტიტუტების ადაპტირება. ეს არის არა ბაზრის მოქნილობის, არამედ იმ პოლისებისა და რეგულაციების დამსახურება, რომლებმაც წარმატებები განაპირობეს’.

ეს მოსაზრება დასტურდება არა მხოლოდ შვედეთისა და სხვა ნორდიკული ქვეყნების ამჟამინდელი გამოცდილებით, არამედ სხვა პატარა და ერთმანეთისგან ისეთი განსხვავებული ქვეყნების მაგალითებით როგორებიცაა: ირლანდია, ავსტრია და ნიდერლანდები. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD) თავის ნაციონალურ მიმოხილვებში შესაძლოა აკრიტიკებს მათი ეკონომიკის ცალკეულ ასპექტებს, მაგრამ ისინი აგრეთვე აღიარებენ ამ ევროპული ქვეყნების ჩინებულ მიღწევებს, თუ რა შესანიშნავად მოახერხეს მათ პოზიტიური და სამართლიანი გზით ეპასუხათ გლობალიზაციის გამოწვევებისათვის. ისე რომ  არ უარყვიათ სოციალ დემოკრატიის ძირითადი საბაზისო ღირებულებები. ამასთან აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ნამდვილი სოციალ დემოკრატია, როგორც შვედეთის მაგალითი გვიჩვენებს, ძველებურად უზრუნველყოფს საიმედო პოლიტიკურ სტრატეგიას მოდერნიზაციისათვის, იმიტომ, რომ მისი ფუნდამენტური ვალდებულებები ისეთი დემოკრატიული ფასეულობების სახით როგორებიც არის თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ საშუალებებს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებისათვის, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აუცილებელია ეკონომიკური წარმატების უზრუნველყოფისათვის.  

დიდი დეპრესიის დროს 1930-იან წლებში შვედეთმა და სხვა ნორდიკულმა ქვეყნებმა მოდერნული მოდელების შექმნა დაიწყეს, რომელიც სრული დასაქმებისაკენ დაბრუნებას გეგმავდა. austerity-ის მეტისმეტად გადაჭარბებული დეფლაციური ფინანსური პოლიტიკის, დაბალანსებული ბიუჯეტის, მინიმალისტური კეთილდღეობის სახელმწიფოს, ბუნებრივი გადარჩენის სოციალური დარვინიზმის იდეოლოგიის გარეშე და აირჩიეს უფრო ღირსეული საშუალებები თავიანთი მოქალაქეებისათვის. ისინი წარმატებულები იყვნენ ასეთი მოდელების შექმნაში პირველი ორი დეკადის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა პრობლემებს ქმნიდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები რომელიც გამოწვეული იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით, ხელფასების შედეგად გამოწვეული ინფლაციით და გადაჭარბებული სახელმწიფო ხარჯებით რაც საჭირო იყო  კეთილდღეობის სახელმწიფოს მზარდი ბიუჯეტის დაფინანსებისათვის. თუმცა შვედეთმა გაუძლო ორ მსოფლიო ომს შორის შემდეგ ყველაზე დიდ რეცესიას 1990-იანი წლების დასაწყისში და განაახლა თავისი ცნობილი მოდელი, რათა დაპირისპირებოდა ახალ და  განსხვავებულ გამოწვევებს, რომლებიც უფრო ღია და გლობალურ სავაჭრო და ფინანსურ სისტემებში არსებობდა. ამ მაგალითის საშუალებით შესაძლებელი გახდა გავრცელებულ ნეოლიბერალურ დოგმებთან დაპირისპირება, რადგან ახალმა მოდელმა სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა ისინი და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეხედულება, რაც გულისხმობს მტკიცებას, რომ მხოლოდ მოქნილი შრომის ბაზრებია ერთადერთი გზა იმისა რომ მიღწეულ იქნას სამუშაო ადგილების შექმნა და კომერციული წარმატება.

უმუშევრობის პრობლემა არ შეიძლება გამოწვეული იყოს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მიერ შრომით ბაზარზე შემოღებული მკაცრი რეგულაციებით. თავისუფალ ბაზრის თვალსაზრისი, რომ ერთადერთი გზა დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად, ეს არის ამერიკულ მოდელთან მიახლოება არ მუშაობს და სინამდვილეში ხელფასების შემცირებას, მზარდ უთანასწორობასა და სოციალური დაცულობის ხარისხის ვარდნას იწვევს. ბაზრებს მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნიათ ყველა თანამედროვე ეკონომიკის მუშაობაში, მაგრამ ისინი არ შეიძლება ფუნქციონირებდნენ გონივრული რეგულირებისა და ძლიერი სოციალური დაცვის გარეშე.

ბუნებრივია მცდარი იქნება იმის თქმა რომ საქართველომ პირდაპირ უნდა მოახდინოს შვედური პოლიტიკის იმპორტირება, რადგან შვედეთის სოციალ დემოკრატიული ჰეგემონიის გამოცდილება, არის შედეგი დემოკრატიული ქვეყნისა, ძლიერი შუალედური ინსტიტუტებით და უპირველეს ყოვლისა ფართოდ გავრცელებული და საყოველთაოდ აღიარებული სოლიდარობის, კომპრომისისა და კონსესუსის  ტრადიციით რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენი სიტუაციისაგან. თუმცა ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამინდელ შვედურ მოდელში არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც ფართოდ არის განცხადებული ყველა წარმატებული მოდერნიზაციის სტრატეგიაში, წარმატებული სოციალური საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად. 

სოციალური პარტნიორობის მოდერნიზაცია

შვედური მოდელის წარმატებული რევიზია დიდწილად ქვეყნის უნარიანი, შუალედური და ავტონომიური ინსტიტუტების დამსახურებაა, რომლებმაც მოახერხეს სოციალური დიალოგის მოდერნიზება და გაფართოება. პროფკავშირებს აქვთ პრობლემები სოციალ დემოკრატებთან ურთიერთობაში, მაგრამ ისინი ძველებურად ფეხს უწყობენ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, თანამშრომლობენ კომპანიების რესტრუქტურიზაციის პროცესში და ეხმარებიან მუშებს საკუთარი უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაში. ორგანიზებული მშრომელები ორიენტირებულნი არიან იმაზე რომ გაიუმჯობესონ სამუშაო პირობები და  ხელი არ შეუშალონ პროგრესს. თავის მხრივ დამქირავებელთა ასოციაციები, კერძო კომპანიები, სახელმწიფო სტრუქტურები და ფინანსური ინსტიტუტები მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან მოდერნიზაციის პროცესში. შვედეთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული გლობალურ მსოფლიოში სტრუქტურული ცვლილებები ინსტიტუციონალური კონსესუსის გზით.

პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო

დემოკრატიული სახელმწიფოს ახალი და პოზიტიური როლი გადამწყვეტი ფაქტორია ახალი შვედური მოდელის შექმნაში. ისტორიულად სოციალ დემოკრატებს არასდროს არ სჯეროდათ, რომ სახელმწიფო უნდა ფლობდეს და მართავდეს წარმოების საშუალებებს, რედისტრიბუციას და გაცვლას. ძველი შვედური მოდელი1938 წლის შემდეგ კაპიტალსა და შრომას შორის ისტორიული კომპრომისის საფუძველზე ჩამოყალიბდა და  ნათლად და შეთანხმებულად ყოფდა ინტერესებს, რათა მოახერხებინა ბაზრის მოთხოვნილებების უნიფიცირება საზოგადოების საჭიროებებთან. ამ ნებაყოფლობით პროცესში სახელმწიფო გამოდიოდა არა როგორც აღმასრულებელი პირი, არამედ როგორც საქმეში ჩახედული კომპეტენტური სუბიექტი და პროცესის კატალიზატორი. ის ასრულებს იგივე ფუნქციას დღესაც განსხვავებულ და შესაძლოა უფრო მტრულ გარემოებებში.

ახალმა შვედურმა მოდელმა გვაჩვენა, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფოს საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა და გვიჩვენოს მაგალითი, როგორც მოდერნიზაციის პროცესის, ისე  საზოგადოებრივი სერვისებისა და მთლიანად პოლიტიკური ეკონომიკის მართვის თვალსაზრისით.  შვედური სახელმწიფო ინფორმაციული ეკონომიკის დიდი ნაწილის შექმნის სულისჩამდგმელია და ამასთან ის ხელს უწყობს ინოვაციებსა და შემოქმედითობას კერძო სექტორში, უფრო თავისუფალი და ამავდროულად სოციალურად პასუხისმგებლობიანი საზოგადოების შექმნის გზით. 

 

სოციალური სამართლიანობა ეკონომიკურ ეფექტიანობას იწვევს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩვენთვის არის ის რომ ახალი შვედური მოდელი დანარჩენი მსოფლიოსათვის ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისაკენ სწრაფვა და ეფექტიანობის მიღწევა ბიზნესში, შეთავსებადია უფრო თანასწორი და სოციალურად სამართლიანი საზოგადოების შექმნასთან.  არსებობს ცივილიზებული და რეალურად მომუშავე ალტერნატივები იმ ნეოლიბერალური მოდელისა, რომელიც მიიჩნევს რომ არ უნდა შეიცვალოს არსებული მზარდი შემოსავლების გადანაწილების მექანიზმი, რომელიც მაღალ უთანასწორობას იწვევს , რომელიც წინააღმდეგობას უწევს მაღალ გადასახადებსა და საზოგადოებრივ ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან და ეწინააღმდეგება შრომითი ბაზრების გონივრულ რეგილირებას, რომლის მიზანი მუშებისათვის უფრო მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფისაკენ სწრაფვაა.

ახალი შვედური მოდელი თანასწორობის შესახებ ტრადიცული კონცეფციის გადახედვას ახდენს, თუმცა ის უარს არ ამბობს იდეოლოგიურ ვალდებულებებზე მათ მისაღწევად.  ამას გარდა, ის გვიჩვენებს რომ უფრო მეტად სოციალურად შეკავშირებული საზოგადოებისაკენ სწრაფვა აუცილებელი წანამძღვარია მოდერნიზაციისათვის.  თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  გლობალიზაციის გარე ძალები და ტექნოლოგიური ინოვაციები ექსკლუზიური სახელმწიფო პოლიტიკის გატარების საშუალებას ზღუდავს და მის განხორციელებას სულ უფრო რთულს ხდის.

მემარცხენეების იდეოლოგია თავისუფლებაა

ჩვენი დროის კომპლექსური გამოწვევების საპასუხოდ, შვედეთის წარმატებულმა მაგალითმა, დიდებული ნარატივი შექმნა მოდერნიზაციის პროგრესივისტული პროცესისათვის. შვედური გამოცდილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ყველა მემარცხენე პარტიისათვის არის ის რომ სოციალ დემოკრატიის ძირითადი ფასეულობები  უფრო აქტუალური და რელევანტური ხდება დღეს, მათთვის ვისაც მოდერნულ მსოფლიოში სურს ცხოვრება.

ეს მოდელი უპირველეს ყოვლისა დაფუძნებულია იდეალისტურ და მიმზიდველ ფოკუსზე თავისუფლების გაგებისა დემოკრატიულ საზოგადოებაში.  ეს არის სოციალური თავისუფლება, რომელიც აბალანსებს უფლებებსა და ვალდებულებებს საზოგადოების ფართო ინტერესების შესაბამისად და აგრეთვე რეალურს ხდის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი კაცისა და ქალის, სხვადასხვა რასისა და რწმენის მქონე მოქალაქის ნამდვილ ემანსიპაციას დაურეგულირებელი საბაზრო ეკონომიკის მტაცებლური ბუნებისაგან. სწორედ ამის დასტურია ამონარიდი შვედი სოციალ დემოკრატების 2004 წლის პროგრამიდან, სადაც ასახულია ეს პრინციპი და ის ძირითადი ხედვა, რამაც შესაძლებელი გახადა სოციალური სახელმწიფოს აშენება.

’ჩვენ ყველა ვიზიარებთ გამოცდილებას, რომელსაც ცხოვრება გვაძლევს მის განხვავებულ ფაზებში. ყველა მყიფე და რთულ მომენტში ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ჩვენ ვცხოვრობთ აქ და ახლა, ცვლილებების შუაგულში სხვებთან ერთად. ჩვენ ყველანი ვიქნებით მდიდრები თუკი ყველა ჩვენგანს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და არავინ არ დარჩება ბორტს მიღმა. ჩვენ ყველანი ვიქნებით ძლიერები თუკი უსაფრთხოება იქნება ყველასათვის და არა მხოლოდ ნაწილისათვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო მეტს ვიდრე ჩვენ მარტო მოვახერხებდით. ზუსტად ეს არის ის ძირითადი ხედვა, რომლითაც იმართებოდა შვედური სოციალ დემოკრატია  სოციალური სახელმწიფოს აღმშენებლობის მთელი პროცესის განმავლობაში, დაწყებული ადრეული ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან, დღევანდელ გლობალიზებულ და სწრაფად ცვალებად ეკონომიკამდე.’ 

შვედმა სოციალ დემოკრატებმა იდეალიზმის ვალდებულებების კომბინირება პრაგმატიზმის საჭიროებებთან მოახერხეს. მათ შეძლეს შვედეთში პოლიტიკური ამინდის შექმნა. ქართველ სოციალ დემოკრატებს სხვა სიტუაციაში გვიწევს მოქმედება, თუმცა შვედეთის მაგალითი დამაჯერებლად და მკაფიოდ გვიჩვენებს შვედეთს, არა როგორც ჩვენი ოცნების ადგილს, არამედ როგორც ცოცხალ მაგალითს აყვავებული, ახალი სოციალ დემოკრატიისა და იმისა რომ უკეთესი მომავალი და მსოფლიო შესაძლებელია.

ნუ დაუჯერებთ  ნურავის ვინც გაიმეორებს მანტრას რომ ’არ არსებობს ალტერნატივა’ – რადგან ის არსებობს და მას შვედეთი ქვია!

Share on Facebook39Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*