შრომითი კანონმდებლობა და მუშათა მოძრაობა

Share on Facebook45Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

2006 წელს მიღებული შრომითი კანონმდებლობა ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურ პოლიტიკას შეესაბამებოდა. მათი კურსი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გზა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით ეკონომიკის ზრდაა. მის მოსაზიდად კი აუცილებელი იყო ინვესტორისთვის რაც შეიძლება ხელსაყრელი გარემოს შექმნა. რაც მოქნილი შრომითი კოდექსის მიღებას, რეგულაციების გაუქმებასა და შრომითი ბაზრების ლიბერალიზაციას გულისხმობდა.

დღეს უკვე შეგვიძლია იმის თქმა რომ ამ კურსმა არ გაამართლა. არანაირი მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში ადგილი არ ქონია. ეკონომიკის ნომინალური ზრდა საშუალო შემოსავლებისა და ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე არ ასახულა. ერთადერთი ვინც მოგებული დარჩა ხელისუფლებასთან შეზრდილი კაპიტალი იყო, ხოლო დასაქმებულთა და განსაკუთრებით ინდუსტრიული სფეროს მუშაკების სამუშაო და ცხოვრებისეული პირობები სულ უფრო გაუარესდა. ეს იყო შედეგი იმ შრომითი კანონმდებლობისა რომელიც არა შრომითი ურთიერთობების დარეგულირებას ახდენდა, არამედ  დამსაქმებლის მხრიდან კლასობრივი ჩაგვრის ბერკეტად იქცა და ფაქტობრივად ეკონომიკური ურთიერთობების ფეოდალური მოდელი დააბრუნა.

shromis kodeqsiასეთ ვითარებაში საზოგადოების დასაქმებულ და დაქირავებულ ნაწილში ცხადია დიდი იყო ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის განცდა. თუმცა მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენ ფაქტობრივად არ გვსმენია, რომ შრომითი კანონმდებლობის თემა პოლიტიკური განხილვების მთავარ თემად ქცეულიყო, ან რაიმე მასობრივი სახის აქცია/გაფიცვა მოწყობილიყო მუშების და დაქირავებულების მხრიდან. თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს და მცირერიცხოვან გაფიცვებსა და პროტესტებს. იგივე ქუთაისში მეტალურგების გაფიცვას, რომელსაც ორგანიზებული სახით მხოლოდ პროფკავშირები, სოციალ დემოკრატიული პარტია და ლაბორატორია 1918 უჭერდნენ მხარს. ეს ორგანიზაციები მთელი ამ დროის მანძილზე მოითხოვდნენ 37 და 38 მუხლებისა და მთლიანად შრომის კოდექსის ცვლილებას.

შრომითი კანონმდებლობის თემა ქვეყნის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დაპირისპირების მთავარ თემას არ წარმოადგენდა. თუმცა მიუხედავად ამისა ამ საკითხს დიდი საგარეო მხარდაჭერა და ლობი ქონდა ევროპისა და ამერიკისგან. ევროკავშირის ინსტიტუტები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მუდმივად აკრიტიკებდა საქართველოში მოქმედ შრომით კანონმდებლობას და ნაციონალურ მოძრაობას მიუთითებდა რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისათვის აუცილებელი იყო შრომითი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიაში მოსულიყო.

სწორედ ეს დიდი საგარეო ლეგიტიმაცია გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა რომ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია ქართულმა ოცნებამ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში წინა პლანზე წამოწია, მოქმედი შრომის კოდექსის კრიტიკა დაიწყო და საკუთარ ამომრჩეველთან მისი ევროპული რეკომენდაციების შესაბამისად ცვლილების პირობა დადო. მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიგო ეს პროცესიც დაიწყო და შრომის კოდექსში ცვლილებები შედის რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებებს. თუმცა ამ ყველაფერს წინ უძღოდა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასაქმებულთა და განსაკუთრებით მრეწველობისა და ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი გაფიცვები, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა კოდექსის ცვლილების პროცესი.

ზემოთ როგორც უკვე აღვნიშნე დასაქმებულთა შორის უკმაყოფილება და უსამართლობის განცდა დიდი იყო და არის. თუმცა 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ამ უკმაყოფილების გამოხატვას არსებული ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული ხასიათი ზღუდავდა. მოქალაქეებს და დასაქმებულებს არ შეეძლოთ საკუთარი პროტესტის გამოხატვა, რადგან ასეთ შემთხვევაში სამუშაოს დაკარგვისა და ზეწოლის საფრთხის ქვეშ დგებოდნენ. წინა რეჟიმის პირობებში საზოგადოებრივი სივრცე თითქმის მთლიანად იყო ჩაკეტილი და მონოპოლიზერებული. ხოლო შრომის კოდექსი კი მაქსიმალურად ზღუდავდა დამსაქმებლებს და საკუთარი კანონიერი უფლებისათვის ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა.

ამიტომ შემთხვევითი არ იყო რომ საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც ხალხმა თავისუფლება იგრძნო მრავალ საწარმოში შრომითი დავები და მასობრივი გაფიცვები დაიწყო. მუშები გაიფიცნენ და პარალიზებული იყო ჭიათურის მაღარო, ასეთივე ვითარებას ქონდა ადგილი ზესტაფონში, ტყიბულში, ფოთში, ბორჯომში. აგრეთვე გაიფიცა რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები.

ეს პროცესები არ არის შემთხვევითი. შრომითი დავების გააქტიურების მიზეზი მდგომარეობს იმაში რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაინგრა არსებული რეპრესიული სისტემა. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ეს პროცესები აღქმულ იქნას, როგორც ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგო გაფიცვებად. პირიქით სწორედ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის შედეგია ის რომ ამ ადამიანებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა. ხოლო ქართული ოცნების გამარჯვებამ მუშები წნეხისგან გაანთავისუფლა და მათ  საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა.

magaroshiსწორედ ამ მოვლენებს უკავშირდებოდა ლაბორატორია 1918-ის აქცია 20 ოქტომბერს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, როდესაც ქუთაისში ჩავედით და დეპუტატებს მოვთხოვეთ ახალ პარლამენტს პირველ რიგში შრომითი კანონმდებლობის შეცვლის საკითხი განეხილა. ხოლო ამის შემდეგ ჭიათურაშში გავემართეთ მაღაროში გაფიცულ მუშებთან შესახვედრად. მოძველებული საბჭოთა ტექნიკა, ანტისანიტარია გასახდელებსა და საშხაპეებში, მცოცავი სამუშაო გრაფიკი, გარანტირებული დასვენების დღეების ნაცვლად, მაღაროელების ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა და კოლოსალური განსხვავება მუშებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ხელფასებს შორის, ეს ყველაფერი არის ის რაც უშუალოდ გაფიცვის ადგილზე ვნახეთ და რამაც კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ არანაირ ინვესტიციებსა და განახლებას ადგილი არ ქონია. ჭიათურიდან წამოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთი აზრი გვიტრიალებდა თავში საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გააპროტესტოს ის სოციალური და ეკონომიკური უსამრთლობა რაც ხდება და სასწრაფოდ უნდა დადგეს შრომის კოდექსის ცვლილებისა და ამ ადამიანების სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხი.

საბედნიეროდ ახალი ხელისუფლება ბევრად უფრო ადეკვატურად უყურებს აღნიშნულ პრობლემებს. შეიქმნა პრემიერ მინისტრთან არსებული სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნული შრომითი დავების დარეგულირებას ისახავს მიზნად. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მუშებს იმედი მიეცათ, მათი პირობები უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა და გაფიცვა შეწყვიტეს. თუმცა ეს არის პროცესი რომელსაც განგრძობა სჭირდება.

ახალ ვითარებაში ახალი პრობლემები წარმოიშვა. გამოჩნდა რომ მუშები როგორც საზოგადოებრივი ჯგუფი მყარად არ არიან სტრუქტურირებული და მათ უჭირთ ორგანიზება და სამართლებრივ სივრცეში საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური და დარგობრივი პროფკავშირების როლი და ამ მიმართულებებით მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა პირადად მე აგრეთვე იმასაც მივესალმები თუ ეს ადამიანები დამოუკიდებლადაც მოახდენენ თვითორგანიზებას.

მუშების გარდა პრობლემა არსებობს თავად მთავრობაშიც, სადაც მყარად არ არის ინსტიტუციონალიზებული ის უწყებები, რომლებმაც შრომითი დავები უნდა დაარეგულირონ.  მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობა შრომითი ურთიერთობების დაბალანსებისაკენ არ არის საკმარისი. უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა მთავრობას, პროფკავშირებსა და დამსაქმებლებს შორის სოციალური პარტნიორობის ფარგლებში და ამ სამხრივი ურთიერთობების ჰარმონიზების მექანიზმები გამოიკვეთოს.

აგრეთვე ამ პროცესში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. ისეთი ჯგუფების როგორიც ლაბორატორია 1918-ია, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამ საკითხის აქტიური ლობირება და დღის წესრიგში დაყენება. მედიის მხრიდან მეტი ყურადღება და კომპეტენციის ამაღლებაც აღნიშნული მიმართულებით. ამგვარად საჭიროა ფართო საზოგადოებრივი სოლიდარობა, რადგან ეს არის საკითხი რომელიც ყველა მოქალაქეზე ახდენს გავლენას რადგან საქმე შრომისა და დასაქმებულების უფლებებს ეხება.

საქართველომ ძალიან დიდი დრო გამოტოვა და როგორც სახელმწიფო ისე ბიზნესიც და დასაქმებულებიც ახლაღა ვიწყებთ ამ მიმართულებით განვითარებას. ჩვენ გავიარეთ საბჭოთა კავშირისა და დამოუკიდებლობის 20 წელი. კომუნიზმისა და ნეოლიბერალიზმის პერიოდი რომელიც თავისი სხვადასხვანაირი უკიდურესობებით ასუსტებდა, უკანა პლანზე გადაჰქონდა და საზოგადოებრივი დისკუსიის დღის წესრიგიდან რიყავდა შრომითი კანონმდებლობის, ინდუსტრიული გაფიცვებისა და საკუთარი კანონიერი უფლებებისთვის ბრძოლის საკითხებს.

ჩვენ რეალურად ახლა ვიწყებთ გააზრებას იმისა, რომ როდესაც საქმე შრომით უფლებებს ეხება ადამიანის უფლებების გარდა ჩვენ სოციალური და ეკონომიკური უფლებების განზომილებაში შევდივართ. ეს არის ფუნდამენტური საკითხი ევროპული საზოგადოებისთვის და თუ ჩვენ მართლა რეალურად ვისწრაფვით ევროპული ფასეულობებისკენ აუცილებელია ამ ყველაფრის გაზიარება და ჩვენს რეალობაში მყარად დანერგვა.

დემოკრატია, კაპიტალიზმი და კეთილდღეობა წარმოუდგენელია დაბალანსებული შრომითი კანონმდებლობის გარეშე. დღევანდელი ცივილიზებული ევროპა გაფიცვებმა და უფლებებისთვის ბრძოლამ შექმნა. ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილის განვითარებისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისაკენ გზა სწორედ ყველა ჩვენგანის უფლებებისათვის ბრძოლასა და სამოქალაქო მონაწილეობაზე გადის.

Share on Facebook45Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*