შემოსავლების უთანასწორობა და ახალგაზრდების უმუშევრობა

Related image

►  ავტორი:  მარკ ესპოსიტო – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ინსტიტუტში კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკის პროგრამის თანახელმძღვანელი.

►  თარგმნა რუსა გოგისვანიძემ 

►თარგმანი მომზადებულია „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში. 

 © European.ge

თომას პიკეტის ბესტსელერმა წიგნმა – “კაპიტალი XXI საუკუნეში”, რომელიც 1970–იანი წლებიდან შემოსავლების მზარდ უთანასწორობას ეხება, ეს პრობლემა კიდევ ერთხელ დააყენა გლობალური ყურადღების ეპიცენტრში. მასში განხილული თემები თანამედროვეობის ისეთ გამოძახილებს ასახავს, როგორიცაა შემცირებული სოციალური სოლიდარობა, ზრდადი გეტოები, მშრომელების ექსპლუატაცია და დასუსტებული საშუალო კლასი; თუმცა ახალგაზრდების უმუშევრობა და დაუსაქმებლობა არის შემოსავლების უთანასწორობის ის შედეგი, რომელსაც შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა.

გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდების უმუშევრობის დონე გაიზარდა. განვითარებულ სამყაროში, 16 დან 24 წლამდე ასაკის ადამიანების 18% უმუშევარია. მაშინ, როდესაც ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი გერმანიაში შედარებით მცირე 9%-ს ინარჩუნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მონაცემები 16%-ს აღწევს, დიდი ბრიტანეთში 20%-ს, ხოლო ესპანეთსა და საბერძნეთში კი 50%-ს აჭარბებს. ახალგაზრდების უმუშევრობის დონე ასევე ძალიან მაღალია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში – დაახლოებით 28% და 24%.  შედარებისთვის, ახალგაზრდების მხოლოდ 10%–ია დაუსაქმებელი აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ აზიაში.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად პოლიტიკოსებს ღირებული არაფერი გაუკეთებიათ. არსებული მოლოდინის მიხედვით, 2018 წლისთვის მსოფლიოში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე  13%-მდე გაიზრდება, შესაბამისად, ამჟამად ვდგავართ ისეთი რისკის წარმოქმნის წინაშე, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია „დაკარგულ თაობას“ უწოდებს.

ეს ტენდენცია სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. მაგალითად, ჩინეთში ახალგაზრდების უმუშევრობის ძირითადი მიზეზი დომინანტური წარმოების სექტორია, რომელიც გულისხმობს სკოლა დამთავრებულთათვის მეტ, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებისთვის დასაქმების ნაკლებ შესაძლებლობას.

ახალგაზრდების უმუშევრობის კიდევ ერთ მიზეზს შესაძლოა საბაზრო შეუსაბამობა წარმოადგენდეს. უკანასკნელმა კვლევებმა, რომელიც ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა 72%-ის აზრით, მათი  ბოლო გამოშვების კურსდამთავრებულები დამსაქმებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად იყვნენ, მაშინ, როდესაც დამსაქმებელთა 43%-მა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანდიდატები ვერ პასუხობდნენ მოთხოვნებს და არ ფლობდნენ შესაბამის უნარებს.

თუკი ახალგაზრდების მაღალი უმუშევრობის გამომწვევი ძირითადადი მიზეზი უცნობია, ეჭვგარეშეა, რომ შემოსავალების უთანასწორობა მნიშვნელოვნად აძლიერებს მას. სამსახურების უმრავლესობა – განსაკუთრებით კი მაღალანაზღაურებადის – ძირითადად ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან არიან.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, კერძო სკოლებში ბავშვების მხოლოდ 7% სწავლობს. ამავდროულად, ქვეყნის ტოპ მენეჯერების ნახევარს და ექიმების ორ-მესამედს კერძო სკოლებში აქვთ განათლება მიღებული. ამ ტენდენციის მოსალოდნელი გაგრძელების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ექიმების შემდგომი თაობა დაიბადება იმ ოჯახებში, რომლებიც მთლიანი საზოგადოების უმდიდრეს 20%-ს მიეკუთვნებიან.

ამ გარემოების განმაპირობებელი რამდენიმე მიზეზი არსებობს. იმისათვის, რომ ახალბედებმა მაღალ პოზიციებს მიაღწიონ, მათ ესაჭიროებათ პრესტიჟული განათლება, რაც ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ მათ მიიღონ სასურველი სამსახური, სტაჟირება ხშირ შემთხვევაში აუცილებელი წინაპირობაა, რომელიც ხშირად აუნაზღაურებელია. შესაბამისად, ამ შესაძლებლობას მოკლებულია ის კურსდამთავრებული, რომლის ოჯახიც მას ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს სტაჟირების პერიოდში. თუმცა ფული არ წარმოადგენს ერთადერთ ფაქტორს. სტაჟირების და სამსახურის ძებნისას, მაშინაც კი, თუ ახალბედას დამთავრებული აქვს პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც დამსაქმებელთან პერსონალური და პროფესიული კავშირები აქვს. როდესაც დასაქმების ბაზარზე ცოდნაზე მეტად ფასდება ის, თუ ვინ ვის იცნობს, უპირატეს მდგომარეობაშია ის ახალგაზრდა, რომლის ოჯახსაც კარგი კავშირები აქვს.

უთანასწორობას კიდევ უფრო ამწვავებს დასაქმების მიკერძოებული პრაქტიკა. თეორიულად, კომპანიები შესაძლოა აცნობიერებდნენ, რომ ნიჭიერი, განსხვავებული გამოცდილების მქონე თანამშრომლებისგან გუნდის შეკრება მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოოდ ისინი მაინც მიდრეკილები არიან დაასაქმონ ისეთი კანდიდატები, რომელთაც მათთვის ნაცნობი კვალიფიკაცია და გამოცდილება გააჩნიათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული გამოცდილებისა და განათლების მქონე ადამიანები დაკისრებულ მოვალეობებს უმკლავდებიან გადამეტებული სამუშაო საათების ხარჯზე, მათ მაინც უწევთ გადალახონ შეგრძნება, რომ რისკის ქვეშ იმყოფებიან.

სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებისას აკადემიური მოსწრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რაც რეალურად კიდევ უფრო ამწვავებს უთანასწორობას. როგორც წესი, რეიტინგულ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას ახერხებენ ისინი, ვინც პრივილეგიით სარგებლობდნენ და განათლებას კერძო სკოლებში იღებდნენ. არსებობენ სტუდენტები დაბალი სოციალური ფენიდან, რომლებიც იმათ მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ, რომლებმაც წამყვან უნივერსიტეტებში ჩააბარეს და დაფინანსება მოიპოვეს, მაგრამ დაბალი ხარისხის მომზადებიდან გამომდინარე, როგორც წესი, სწავლის დასაწყისში მათ არასახარბიელო აკადემიური მოსწრება აქვთ.

სინამდვილეში, ბევრ ნიჭიერ სტუდენტს ფინანსური შეზღუდვები საერთოდ არ აძლევს საშუალებას ჩააბაროს უნივერსიტეტში, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გამოიმუშაონ ის თანხა, რომლის მოგროვება მხოლოდ სრულ განაკვეთზე მუშაობისას იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, ამ ადამიანების შემოსავლის სიდიდე ავტომატურად იზღუდება მათი ტალანტისა თუ შრომითი ეთიკის მიუხედავად.

იმისათვის, რომ შეიქმნას წარმატების მიღწევის სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები, დამსაქმებლებმა უნდა გადახედონ დასაქმების სტრატეგიას და განიხილონ აპლიკანტები ფართო კრიტერიუმების საფუძველზე.  ბიზნესი უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ კი მათ მრავალფეროვანი კანდიდატების ბაზა ექნებათ.

ვინაიდან სოციალური სტატუსი განვითარების უმთავრეს განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს, ახალგაზრდა ხალხი ღარიბი ოჯახებიდან სულ უფრო და უფრო დემორალიზებულები ხდებიან. ამას მივყავართ მდგომარეობამდე, რომელმაც შესაძლოა სოციალური არეულობა გამოიწვიოს. უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის იქამდე გაღრმავდება, სანამ ყველა ახალგაზრდას არ ექნება ლეგიტიმური პერსპექტივა, რომ გაიუმჯობესოს საკუთარი სოციალური და ეკონომიკური სტატუსი. იკვრება მანკიერი წრე, საიდანაც თავის დაღწევა უფრო და უფრო რთული გახდება.

კარგი ამბავი არის ის, რომ  ახალგაზრდების უმუშევრობის აღმოფხვრისკენ სწრაფვა შეამცირებს შემოსავლების უთანასწორობას და პირიქით. ამგვარი ახალი საზოგადოება იქნება უფრო სტაბილური, ერთიანი და მდიდარი.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის თარგმანზე პასუხისმგებლობა ეკისრება „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრს“. მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ