სესხი მომავლიდან

ცნობილი ჩეხი ეკონომისტი, ვაცლავ ჰაველის მრჩეველი ეკონონომიკურ საკითხებში თომას სედლაჩეკი (Tomáš Sedláček) ერთ-ერთ თავის ლექციაში კრედიტს/სესხს დროში მოგზაურობას ადარებს. ის ამბობს, რომ დასავლელი ადამიანების უმრავლესობა თავისი ცხოვრების/კარიერის დასაწყისში დროში მოგზაურობს და დაახლოებით 40-50 წლის ასაკში თავისივე მომავალიდან სესხულობს ფულს. იგი სესხულობს იმ მომავალი ცხოვრებიდან, რომელშიც სავარაუდოდ მან უკვე ყველაფერს მიაღწია. სამაგიეროდ, აწმყოში ის მხოლოდ ახლა იწყებს თავის ცხოვრებას და ფულის მწვავე უკმარისობას განიცდის, რათა ინვესტირება გააკეთოს თავის მომავალში, კერძოდ კი განათლების, სახლის, ოჯახის და ბიზნესის დასაწყებად. ამიტომ იგი დროში მოგზაურობს და თავისი მომავლიდან აკეთებს აწმყოში ინვესტირებას.

 (იხილეთ 14:50 წუთიდან)

ბუნებრივია მომავლიდან აწმყოში ეს ტრანზაქცია გარკვეულ ფასად ჯდება, თან ამავე დროს ირონია იმაში მდგომარეობს, რომ გამოდის, რომ მთელი ცხოვრება ცხოვრობ სახლში, რომელიც შენ არ გეკუთვნის, დადიხარ მანქანით, რომელიც შენი არ არის და ა.შ. თუმცა ისე იქცევი, “თითქოს” ეს ყველაფერი სწორედაც რომ შენ გეკუთვნის. ამ “თითქოს”–ს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თომას სედლაჩეკის პოზიცია ამ საკითხისადმი, ისევე, როგორც ყველა სხვა ძირითადი ეკონომიკური კატეგორიებისადმი, რომლებიც დღევანდელი ეკონომისტებისთვის აქსიომატურია – საკმაოდ ამბივალენტურია. მაგრამ აქ ამ თემებზე არ ვამახვილებ ყურადღებას. მე აქ მხოლოდ დროში მოგზაურობისა და მომავლიდან სესხების კონცეფცია მაინტერესებს, ვინაიდან მგონია, რომ ეს იდეა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო რამაა ჩვენი ქვეყნის არა იმდენად ეკონომიური, არამედ გაცილებით უფრო მეტად სოციალური და პოლიტიკური განვითარებისთვის.

ჩემი აზრით, არის მომენტები როცა საზოგადოებამ (ჩვენ) გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი მომავალს უნდა დაესესხოს. ერთგვარი კრედიტი გამოიტანოს მომავლიდან იმისათვის, რომ აწმყოში დაგროვილი დანაკლისი აანაზღაუროს და დააბალანსოს. ხშირად არის პიროვნების, საზოგადოების თუ ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც მხოლოდ აწმყოზე ფოკუსირება და თუნდაც სკურპულოზური და გულდასმითი ანალიზიც კი გარდაუვალად წარმოქმნის ჩაკეტილ წრეს და რამდენიც არ უნდა იბორიალოს ადამიანმა პასუხების და გამოსავლის ძებნაში, სწორედ ამ დახშული და ჩაკეტილი წრის გამო შეუძლებელია ადეკვატური და ცხადი სურათის დანახვა. სწორედ ამ დროსაა ჰაერივით აუცილებელი დისკურსის გაფართოვება და ამ დისკურში არამარტო აწმყოს და წარსულის, არამედ მომავლის პოსიტიური ანალიზი და ხედვა.

დღესდღეობით საქართველოში მიმდინრე პროცესები, ჩემი აზრით, სწორედ ასეთ ოპერაციას მოითხოვს ჩვენგან. ეს ოპერაცია მე პირადად აბსოლუტურად აუცილებელი მეჩვენება, თუკი გვინდა პოლარიზების ასეთი მაშტაბებმა საზოგადოებისთვის არა დამანგრეველი, არამედ პოზიტიური შედეგები მოიტანოს. ვინაიდან თავისთავად პოლარიზება, დაპირისპირება და თუნდაც კონფლიქტი ცალსახად ნეგატიურ მოვლენა არაა და პირიქით, გადაწყვეტილების მომწიფების და ახალი რეალობის შექმნის საწინდარიც კი შეიძლება გახდეს.

აქ პრობლემათა ჩამოთვლას ალბათ აზრიც არ აქვს, იმდენად ყველაფერი ხელის გულზე დევს. დაწყებული არარსებული ინსტიტუციებიდან, ან სამართლიანი სახელმწიფოს არარსებობიდან, შერჩევითი მართლმსაჯულებიდან, დაუბალანსებელი მედიიდან, გადაულახავი რუსოფობიიდან, პიროვნების თავისუფლებების თუ გამოხატვის თავისუფლებების არარსებობიდან, დამთავრებული ძალიან ღრმა კრიზისით კულტურაში – ამ სიტყვის ფართო, არატრადიციული გაგებით. ზოგადად ჩვენი სოციო-კულტურული არსებობა მუდმივი წყვეტილობის მდგომარეობაში იმყოფება, სადაც გამოცდილება არ გროვდება, ყოველთვის ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო და ამიტომ ქვეყანა მუდმივი ფორსმაჟორის და მაღალი ამპლიტუდის რყევის მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენი სოციალ-კულტურული არსებობა უფრო მოზარდი ადამიანის ქცევას გავს, რომელსაც უჭირს ერთი რამის ბოლომდე მიყვანა, ბეზრდება და ამიტომ მუდმივად ერთიდან მეორეზე ხტება, მეორედან მესამეზე და ა.შ. თუ ამ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად შევხედავთ, ერთადერთი ბუნებრივი მდგომარეობა დათრგუნულობა და სიტუაციიდან გამოუვალობის განცდა იქნება. მით უმეტეს რომ გარკვეულ ეტაპზე ჩვენ უმრავლესობას მართლაც ჰქონდა მომავლის ძალიან პოზიტიური იმედები და ამ იმედების გაცრუებამ კიდევ უფრო მეტ აპათიაში ჩააგდო ბევრი ადამიანი.

… მაგრამ, ჩემი აზრით, არსებობს სწორი სტრატეგია და მას მომავლიდან სესხის გამოტანა ჰქვია.

სესხი მომავლიდან ნიშნავს იმას, რომ ჯერ ერთი, მართლა გჯეროდეს მომავლის (და ეს ყველაზე რთული ოპერაციაა), მეორეც – გვქონდეს მომავლის პოზიტიური ხედვა, და მესამე – აქედან გამომდინარე ისეთი თამაშის წესებით მოქმედება, რომელიც მომავლის თამაშის წესების ანარეკლი იქნება და არა დღევანდელი ჭაობის პოლიტიკისა. მომავლისგან დასესხება არ არის ე.წ. escapism-ის და ქვიშაში თავის ჩაყოფის სტრატეგია, არამედ მომავლის კონცეპტის ადეკვატური გამოყენება და მისი ჩართვა დღევანდელობის ტრანსფორმირების პროცესში. მომავლისგან სესხება არ ნიშნავს აწმყოზე თვალის დახუჭვას, არამედ სწორედ აწმყოს პოზიტიურად გარდაქმნის და შეცვლის სტრატეგიაა. სწორედ ასეთი ხედვით ის უსამართლობები, ინსტიტუციების განუვითარებლობა, საზოგადოების ინდიფერენტულობა და ა.შ., სხვა მრავალი პრობლემა (underachievement’s) “ბუნებრივი” და “ლოგიკური” კი აღარ მოგვეჩვენება, არამედ აბსოლუტურად მიუღებელი და უცხო. (ცნობილია რომ ეს სიტყვები “ბუნებრივი”, “გარდაუვალი” საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა ძლიერთა ამ ქვეყნისათა მიერ “status quo”-ს შესანარჩუნებლად, გენდერული უთანასწორობის, და უამრავი სხვა უსამართლობის გასამართლებლად.

ეს სტრატეგია მომავალს ინერტულ აბსტრაქტულ ცნებად კი არ განიხილავს, არამედ როგორც აქტიურ მეთოდს და სტრატეგიას დღევანდელობის ტრანსფორმაციისთვის. ასეთი სტრატეგიების უამრავი მაგალითი მოჰყავს ცნობილ ისტორიკოსს ლუის მამფორდს წიგნში The Story of Utopias – დაწყეული პლატონის რესპუბლიკიდან, ფრენსის ბეკონის ახალი ატლანტიდის უტოპიამდე და კიდევ სხვა მრავალი უტოპიებით, სადაც იგი აჩვენებს, როგორ შეცვალეს მომავლის აბსოლუტურად გიჟურმა (იმ დროისათვის) ხედვებმა საზოგადოება და სახელმწიფოები და როგორ უდევს საფუძვლად ეს უტოპიები დღევანდელ თანამედროვე სახელმწიფოებს და ცივილიზაციას.

მაგრმ კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის უფრო მარტივი და გასაგები მაგალითი მინდა მოვიყვანო. რაღა თქმა უნდა სახარებიდან (ვერ აცდება ადამიანი წმინდა წიგნიდან ციტირებებს) – გავიხსენოთ როგორ მიმართავს და როგორი დამოკიდებულება აქვს ქრისტეს თავის მოწაფეებთან – “თქვენ წმინდანნი ხართ “, “თქვენ ხართ მარილი ამა ქვეყნისა”. ან თუნდაც, როდესაც მოციქულები ეკითხებიან, რატომ ელაპარაკება ხალხს იგავებით, იგი პასუხობს – იმიტომ, რომ თვალნი არ აქვთ ახელილი, ხოლო თქვენ ხედავთ და ახელილი გაქვთ თვალნი, ამიტომ პირდაპირ გელაპარაკებითო. არადა (ერთი შეხედვით) ამ დროს ქრისტეს სიტყვები ორივე შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, არაზუსტია. წმინდა წერილიდან ნათელია, რომ იმ დროისთვის მოციქულები არანაირი წმინდები არ იყვნენ. პირიქით, საკმაოდ დამძიმებულნი იყვნენ იმ დროის ადამიანებისთვის დამახასიათებელი, თანამედროვე ტერმინს თუ ვიხმართ, ყველანაირი სტერეოტიპებით… განუწყვეტლივ ეკამათებოდნენ ერთმანეთს იმაზე, “ვინ უფრო დიდია ცათა შინა” და ბოლო–ბოლო, უკლებლივ ყველა გაიქცა, გეთსემენიის ბაღში ქრისტეს დაპატიმრებიდან.

მოციქულები არც იმდენად თვალახელილები იყვნენ, რომ ყველა იგავი გაეგოთ, რასაც ქრისტე ეუბნებოდა. პირიქით, სახარება სავსეა ადგილებით, სადაც ქრისტემ დაწვრილებით უნდა განუმარტოს თავის მოწაფეებს ყველა იგავი, რაც მანამდე ე.წ. თვალაუხელელებისათის იქადაგა.

ისევე, როგორც სხვათა შორის, უამრავი შიდა ბრძოლა და დავა დასჭირდა იმას, რომ ბოლოს პეტრე მოციქული მისულიყო აზრამდე, რომ წარმართებისთვისაც, და არა მარტო მოძმე ებრაელებისთვის, უნდა ეხარებინათ “კარგი ამბავი”. იგივე შეიძლება ითქვას წინადაცვეთაზე და უამრავ ისეთ საკითხზე, რაც ასე თავისთავად ცხადი გვეჩვენება დღეს.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ქრისტე აქ მოციქულთადმი დამოკიდებულებას და მოქცევას სწორედ მათი მომავლიდან ისესხებს, იგივე მომავალში მოგზაურობას და მომავლიდან სესხებას აწარმოებს, რასაც თომას სელდაჩეკი აღწერს თავის ლექციაში “სიკეთის და ბოროტების ეკონომიკა”. ისე ექცევა და ელაპარაკება მათ, “თითქოს” (და ეს “თითქოს” ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე) მართლა წმინდანი და “თითქოს” მართლა თვალახელილნი იყვნენ. სწორედ ესაა პირობა, რომ მათი აქტიური მომავალი – მათივე აწმყოს გარდამქმნელი და მატრანსფორმირებელი გახდეს. ასეთი დამოკიდებულებით ქრისტე ააქტიურებს მათში იმას, რაც ჯერ მდოგვის მარცვლის ოდენადაც არაა განვითარებული. სწორედ ასეთი მიდგომით იყო შესაძლებელი რომ მომავალში თავდაყირა ჯვარზე გაკრული პეტრე მოციქული – ქრისტეს სამჯერ გამცემი პერტე მოციქუილის აწმყოში მონაწილეობს. სწორედ ეს ოპერაცია ვერ განახორციელა იუდა მოციქულმა, ვერ დაიჯერა რომ წმინდანი იყო, ვერ დაინახა საკუთარი თავი მომავალში და ვერ ირწმუნა მისი. ანუ – მას არა იმდენად ღმერთის არ სწამდა, რამდენადაც საკუთარი მომავლის.

ამიტომ მგონია რომ ძალიან აუცილებელია, ჩვენ როგორც ქვეყანამ, როგორც საზოგადოებამ თუ როგორც ინდივიდებმა დავიჯეროთ იმ მომავლის, რომლსაც ვისურვებდით, და არა მარტო დავიჯეროთ არამედ ისე მოვიქცეთ, “თითქოს” ის უკვე ჩვენ გვეკუთვნის და არა ნასესხებია.

ამიტომ მგონია, რომ დღეს ყველა ის ადამიანი, რომელსაც პროგრესულ ადამიანად მიაჩნია თავი და სურს მუდმივ განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, ქილიკის, ცინიზმის, თვითგვემისა და განსაკუთრებით “ინტელექტუალური ჩათლახობის” (რომელიც ჩვენს ე.წ. არტისტულ და ინტელექტუალურ ‘ელიტას’ ასე ახასიათებს) დისკურსის ნაცვლად – მომავლიდან ნასესხები თამაშის წესებით თამაში მართებს. იმის მაგივრად რომ იწუწუნოს განუვითარებელ საზოგადოებაზე, ინდუსტრიისა და ზოგადად მაყურებლის არარსებობაზე – ისე იმუშაოს და ისეთი დისკურსები შემოგვთავაზოს, რომელიც თავისთავად გულისხმობს განათლებული მაყურებლისა და პუბლიკის არსებობას და არა აპრიორი გონებაჩლუნგ, ბნელ და გაუნათლებელ პუბლიკას. ერთ–ერთ დისკუსიაში ჩემს მეგობართან ისიც კი ვთქვი, რომ ასეთი მაყურებელი რომც არ არსებობდეს, მისი გამოგონებაა–თქო საჭირო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არაა თავის მოტყუების და ყალბი ილუზიების სტრატეგია, არამედ მომავლის აქტიური მაფორმირებელი კონცეფციის ჩართვა ჩვენს აწმყოში.

ბუნებრივია, არ მაქვს იმედი, რომ ეს სესხი თუ კრედიტი მომავლიდან – დაუყოვნებელ და წამიერ ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – რომ როგორც მინიმუმ, ეს სესხი მე პირადად საშუალებას მაძლევს გულწრფელ და ნორმალურ ადამიანად დავრჩე და არა ცინიკურ “ინტელექტუალურ ჩათლხად”, რომლის მთელი არსებობა ჰგავს დაავადებულ სხეულზე მიკრული პარაზიტის არსებობას და მისი ბინძური სისხლით კვებას იქამდე, სანამ ეს სხეული არ მოკვდება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ