სენატორი მაკკეინი, გურიის პირველი პრეზიდენტი და აბაზანის მარილი

Share on Facebook516Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

800px-Georgian_soc-dem

► ავტორი: გიორგი ღვინჯილია

► ფოტო გარეკანზე: გურულების რაზმი

Ⓒ European.ge

მოგეხსენებათ, სენატორი მაკკეინი უკვე საქართველოს ეროვნული გმირია მერაბ კოსტავასა და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად. ეროვნული გმირები ქვეყნის ღირებულებებსა და მორალს უნდა განასახიერებდნენ – ადამიანებს, რომელთა მაგალითზეც ბავშვები უნდა იზრდებონენ. მაკკეინისა და ამერიკის ბედისწერაზე მეტად, მე ჩვენი ამბავი მაინტერესებს, ამიტომ ორი პარალელური ისტორიის მოყოლას შევეცდები. სამართლიანი იქნება, თუ ქართული სახელმწიფოსგან მივიწყებული გურიისა და მისი სამაგალითო შვილების ამბავს მოვყვები: იმ გურიის, რომლის გაძარცვული ინდუსტრიის ნარჩენებიც დღემდე აქა-იქ გამოანათებს ხოლმე ქართველი ბიზნესმენების გაღიმებული კბილებიდან. სანამ მხარე უკიდურეს გაჭირვებას და დემოგრაფიულ პრობლემებს ებრძვის, მისი სამაგალითო ისტორია, რომელმაც პირველი გლეხთა აჯანყებებით, ლიტერატურული შედევრებითა და დემოკრატიისთვის ბრძოლით დაგვამახსოვრა თავი, თანდათან დავიწყებას ეძლევა.

მაკკეინისაგან განსხვავებით, რომლის ოჯახის ცხრა თაობაც ამერიკის სამხედრო ელიტით იყო დაკომპლექტებული, ბენია ჩხიკვიშვილი სოფელ საყვავისტყეში, ღარიბი აზნაურის ოჯახში დაიბადა და როგორც ამბობენ, საკმაოდ  მონდომებული და ინტერესიანი ბავშვი იყო. არალეგალურ კითხვის წრეებში მონაწილეობის გამო, დამამთავრებელი კლასიდან გარიცხეს, რის შემდეგაც ბათუმის ერთ-ერთ ქარხანას მიაშურა, სადაც ყუთებს ამზადებდა. კლდიაშვილის მიერ კარგად აღწერილი ბათუმის პირველი კაპიტალისტური საწარმოები სულაც არ გავდნენ მერსედესისა და ფორდის თანამედროვე ქარხნებს. ხშირად, ათ მუშას ერთ ოთახში ეძინა, ზოგიერთი მათგანი წერა-კითხვის სწავლასაც ცდილობდა; ზოგი კი იგივე ქარხანაში დასაქმებული ეგნატე ნინოშვილის მსგავსად, ჭლექით იტანჯებოდა და ეგნატე ნინოშვილივით – ახალგაზრდა ასაკში ასრულებდა ცხოვრებას. პირველი გაფიცვებიც აქვე მოხდა – როტშილდების წინააღმდეგ.

როტშილდების ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში უმიწაწყლოდ დარჩენილი გურული გლეხები შრომობდნენ. ასე დაიწყო დაქირავებული მუშახელის ისტორია საქართველოში, ასე გამოჩნდნენ მაკკეინის პირველი თანამემამულეებიც და როგორც დამახასიათებელია კიდეც მათი ქვეყნისათვის, მხოლოდ „საქმიანი“ ინტერესები ჰქონდათ. იმედია, თავს არ შეგაწყენთ, თუ ბენიას ისტორიის მოყოლას გავაგრძელებ.

რუსული პოლიციის თვალთვალის გამო, ბენია იძულებული გახდა სამეგრელოში გადასულიყო და ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში მასწავლებლად დაეწყო მუშაობა. აქ ის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა – იმ პარტიაში, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა დააარსა და ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო: კონსტიტუცია, რომლის მიშისტებისა და ქოცებისგან „ჩასწორებულ“ ვარიანტსაც საქართველოს მოქალაქეები დღემდე ვემორჩილებით. ბენიას სამეგრელოში ყოფნის პერიოდში გურიის აჯანყება დაიწყო, ყველაზე ხანგრძლივი სახალხო აჯანყება რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რადგან სხვა აჯანყებებისგან განსხვავებით, გურულ გლეხებს არც თავადები ხელმძღვანელობდნენ და არც აზნაურები, ისინი თავად ორგანიზდნენ. ბენია ხალხს გურულების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, აკრიტიკებდა რუსულ თვითმპყრობელობას და პროკლამაციების გავრცელებასაც ცდილობდა, რა დროსაც დაასმინეს და მასწავლებლობიდან გაანთავისუფლეს. ბენიას ჭიათურაში მოუწია წასვლა, სადაც მანგანუმის მაღაროში მუშად დაიწყო მუშაობა. ამ დროისათვის, ბენია სულ რაღაც 23 წლის იყო. იგივე ასაკში, მაკკეინი ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში რესპუბლიკური პატრიოტიზმის საფუძვლებს ეუფლებოდა და როგორც თავად ყვება, კოლეჯის საუკეთესო გოგოებთან ერთად გულაობდა. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი არ არის.

ბენია ჩხიკვიშვილი ფოთის ციხეში , ბადრაგებთან ერთად. 1907 წ.

ჩხიკვიშვილი ბათუმში დაბრუნდა, დასაქმდა მანთაშევის ქარხანაში და დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 15 წლით ადრე, სოციალ-დემოკრატიულ აგიტაციას ეწეოდა. 24 წლის ბენიამ ციხიდან რამდენიმე აქტივისტი გააპარა, რის გამოც მოსახლეობის განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა და „ბარცხანას გენერალ-გუბერნატორი“ შეარქვეს. ბევრს აღარც ახსოვს, რომ გენერალმა მაზნიაშვილმა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან დაახლოება 1904 წლის რუსეთისა და იაპონიის ომში გამოჩენილი თავდადების შემდეგ მოახერხა. დაჭრილ მაზნიაშვილს ლაზარეთში იმპერატორის ორი ქალიშვილი აკითხავდა, რაც დიდ პატივად ითვლებოდა. ამ ომს სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ გურული გლეხები, რომლებიც ქართველ გლეხებს რუსული ომისთვის თავის არიდებას მოუწოდებდნენ. ამ გლეხებს ბენია ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა. მისი და მაზნიაშვილის ბედი კიდევ გადაიკვეთება, თუმცა მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ გლეხების აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, ბენიას ისევ გაქცევა მოუწია და ამჯერად თბილისში იმალებოდა. თბილისს გაქცეულმა „ბარცხანის გენერალ-გუბერნატორმა“ კახეთისა და ქართლის სოფლებში კომიტეტების ამუშავება მოახერხა. 1904 წელს, 25 წლის ასაკში, ბენია არც იარაღის უკანონო ტარების, არც – ერთი მასტერკა მოსაწევის და არც ცოლის ცემის გამო არ დაუკავებიათ –  მას ბათუმის საიდუმლო სტამბის ორგანიზებას ედავებოდნენ: ბენია ბათუმში წაიყვანეს.

1905 წელს, ჩხიკვიშვილი თავდებით გამოუშვეს. ბენია გურიაში დაბრუნდა და იქაურ გლეხთა მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ისტორიის მცოდნეებმა კარგად იციან, რომ ამ დროისათვის, ასი წლის წინ დაჩოქებული საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა სამზარეულოებშიც კი აღარ ტრიალებდა, თერგდალეულები მხოლოდ სახელმწიფო ენის შენარჩუნებასა და ქართულად წერა-კითხვის სწავლებას ცდილობდნენ, ასევე მონაწილეობდნენ ქალაქის თვითმმართველობების არჩევნებში. რუსეთისგან გამოყოფა მათ მხოლოდ ყველაზე თამამ ოცნებებში თუ გაიჟღერებდა – მათი იდეები ნაკლებად ეხებოდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ერისთვის ასეთ ურთულეს მომენტში, ბენია გურიის დამოუკიდებელ რესპუბლიკას აცხადებს, ხოლო 970 ადამიანისგან შემდგარი გურიის პარლამენტი  958 ხმით ირჩევს მას პრეზიდენტად – საქართველოს ტერიტორიაზე პირველ არჩეულ პრეზიდენტად. ახლადგამოცხადებულმა რესპუბლიკამ საშინლად მცირემიწიან გლეხებს (ამბობენ, რომ გურიაში ერთ-ერთი ვიზიტისას, ილია ღარიბი გლეხის ეზოში მიიყვანეს, რომელშიც ძროხა იდგა. მიწის სიმცირის გამო, ძროხას თავი ერთი მეზობლის ეზოში ქონდა გაყოფილი, ხოლო კუდი – მეორეში) მიწები დაურიგა, დაფუძნდა სასამართლო და სოფლის სკოლები; ყველა გურულს ხმის მიცემის უფლება მისცეს და ჯარის ორგანიზებას შეუდგნენ, რადგან რუსეთის საპასუხო დარტყმას ელოდნენ. რაც შეეხება ქალებს, გურიის რესპუბლიკაში მათ ამ დროს ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ: მაშინ, როდესაც ამერიკაში, რუსეთში და ბრიტანეთში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ. ეს უფლებები მათ დაახლოებით 20 წლის შემდეგ მიენიჭათ. ცხადია, ეს დასავლეთში გამეფებული „პატრიარქალური ტრადიციების, მასკულინობის კრიზისის, ჰეტერონორმატიულობის და ნუკლეარული ოჯახის“ – ან როგორც „პრადვინუტები“ ამბობენ – ჩამორჩენილობისა და კონსერვატიულობის გამო ხდებოდა.

1905 წელს, მეფემ ჩხიკვიშვილის დასასჯელად კაზაკთა რაზმი გამოაგზავნა. კაზაკები ერთგვარ ელიტურ ქვედნაყოფს წარმოადგენდნენ, რომელიც ურჩი თავადაზნაურობისა და აჯანყებული მხარეების დასაშოშმინებლად გამოიყენებოდა. 1905 წლის 16 ოქტომბერს, ბენიას მიერ ორგანიზებული გურულები ჩოხატაურის პოლიციას დაესხნენ თავს, მისი რუსი უფროსი დააკავეს და მოახერხეს შეიარაღება,  ხოლო 20 ოქტომბერს, დამოუკიდებელი გურიის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმეს და გლეხებითა და ფირალებით დაკომპლექტებული რაზმით კაზაკური სპეცრაზმი ნასაკირალის სახელგანთქმულ ბრძოლაში დაამარცხეს.

ნაწყვეტი ვიკიპედიიდან: „ნასაკირალის ამბავი ფართოდ გავრცელდა ამიერკავკასიასა და რუსეთში. საპროტესტო მიტინგები გაიმართა ბაქოში, თბილისში, ერევანსა და სხვა ქალაქებში. მუშათა მასები მიესალმებოდნენ გურიის გლეხთა რევოლუციურ ბრძოლას და მტკიცედ მოითხოვდნენ ოზურგეთის მაზრიდან დამსჯელი რაზმების და კაზაკების გაყვანას. ნასაკირალის ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების მომზადებას.“

თუმცა, თუ ბენიაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მხოლოდ შესავალი იყო. მთავარი შემდეგ დაიწყო.

ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, დიდი რუსი მწერალი, ლევ ტოლსტოი გურულებზე  წერდა: „მე აღტაცებული ვუამბობ ყველას გურულების ამბავს და მაღელვებს მათი ბედი… შეხედეთ გურულებს! რა მნიშვნელოვანი საქმეები წამოიწყეს… მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემთვის ერთადერთი ბედნიერი მოვლენა გურულების ამბავი იყო…“

ტოლსტოი გურულებს მოწინავე ძალად მიიჩნევდა მსოფლიო პროგრესისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. იგივეს ამბობდა დედა-ენის ავტორი, იაკობ გოგებაშვილიც, რომელმაც 1906 წელს, გენერალ კრილოვის მიერ დამარცხებული გურიის რეკონსტრუქციისთვის თბილისში ფულის შეგროვება დაიწყო. კრილოვმა გურია სამაგალითოდ გაასწორა მიწასთან: რამდენიმე დღე ბომბავდა ოზურგეთს და თითქმის ყველა სახლი გადაწვა. დავით კლდიაშვილი კრილოვის შემოსვლას ასე აღწერს: „კრილოვი ცეცხლითა და მახვილით შევიდა გურიაში. ეს ტანმორჩილი, თხელი შავგვრემანი კაცი საოცარი სისასტიკის მატარებელი იყო თავის არსებაში. არავითარი შებრალება, არავითარი დაზოგვა მან არ იცოდა. მისი შეხედულებით აქ მტერი იყო და მტრულად უნდა მოქცეოდა. მრუდი, მართალი, უდანაშაულო – ყველა ერთია, ყველა ერთი აზრისანი არიან – გარჩევა საჭირო არაა. იქ ღმერთ გაარჩევს ბრალიანს და უბრალოს.
წარმოუდგენელი სასტიკობა გაუშორებელი თვისებაა რუსის თვითმპყრობელური ხელისუფლების მაღიარებებისა.“

კრილოვმა გურულებს ოთხი ათასი თოფის ჩაბარება მოსთხოვა, რაზეც გურულებს უთქვამთ, ოთხი ათასი თოფი რომ გვქონოდა, შენ და შენს ჯარისკაცებს თავები არ შეგრჩებოდათ მხრებზეო. ეგზეკუციები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დამარცხების მიუხედავად, გურიის კომიტეტმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა კრილოვს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ, ბაქოში აღსრულდა.

თუმცა მანამდე, ჩხიკვიშვილმა და გურულებმა არნახული სითამამე გამოიჩინეს: აჯანყებისკენ მოუწოდეს ქვეყნის დანარჩენ მაზრებს და თბილისისკენ გლეხებითა და მუშებით დაკომპლექტებული, ნახევრად შეიარაღებული არმიით დაიძრნენ, რომელსაც გზაში სხვა მაზრებში მცხოვრები ქართველი გლეხები ემატებოდნენ. აღმოსავლეთში გადმოსულმა აჯანყებულებმა გურიაში რუსული არმიის შემოსვლის შესახებ გაიგეს და უკან დაბრუნება მოუწიათ. ასეთი იყო პირველი –  სუსტი, მაგრამ წარმოუდგენლად შეუპოვარი გაბრძოლება რუსეთისგან დამოუკიდებლობისათვის.

ბენიას და რესპუბლიკის სხვა ლიდერებს ბრალი რუსული კანონმდებლობის 102-ე სტატიით წარუდგინეს, რაც არც მეტი, არც ნაკლები, მონარქიის დასამხობად სპეციალური ორგანიზაციის შექმნას გულისხმობდა. 1905-ში დაპატიმრებული ბენია ოდესაში, 1908-ში გაასამართლეს. მაშინდელი გაზეთები წერდნენ, რომ მისი გამოსვლის შემდეგ, სასამართლო აქციად გადაიქცა და წესრიგის დასაცავად პოლიციის დამატებითი რაზმები გახდა საჭირო. ჩხიკვიშვილს ოთხი წელი კატორღა და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. თუმცა, 70 წლის ვადით გაყინული კაპიტანი ამერიკის მსგავსად, ბენიაც დაბრუნდა, ოღონდ 15 წლის შემდეგ და საკუთარი ცხოვრების დამაგვირგვინებელი და ყველაზე გმირული აკორდი აიღო.

კაპიტანი ამერიკა ჯერ კიდევ ლღვობის პროცესში იყო, როდესაც დაახლოებით ბენიას საკატორღო ასაკში მყოფი ჯონ მაკკეინი ამერიკის მორიგ ავანტიურისტულ ომში გაემართა ვიეტნამის გასათავისუფლებლად. ვიეტნამს დაუნდობლად ბომბავდნენ, ქვეყნის თაობებს ომის შედეგები დღემდე მძიმე დაღად აწევს. მაკკეინი მფრინავი იყო, რომელიც კარგი ამერიკული სახელის მქონე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა, ოპერაცია „როლინგ სანდერ“ 1965 წლის 2 მარტს დაიწყო და 1968 წლის ნოემბერში დასრულდა. მისი მიზანი ვიეტნამელი ხალხის მუდმივი დაბომბვებით დემორალიზება და მათი იარაღის ჩაბარებაზე დაყოლიება იყო, თუმცა, სასურველი შედეგის ვერ მიღწევის გამო, ოპერაცია სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ასი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა. უნდა გავიხსენოთ განსაკუთრებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ვიეტნამის ჯუნგლებს რამოდენიმე ასეულმა თვითმფრინავმა სინქრონულად, ერთ მწყობრ მწკრივად გადაუფრინა. მათი მიზანი მიწის ზედაპირის ასპროცენტიანი დაფარვა იყო – ყველა მათგანი ქიმიკატებით იყო გატენილი, რომლებსაც უბედური ვიეტნამელების თავზე ღვრიდნენ. ამერიკელები წვავდნენ ტყის მასივებს, აუპატიურებდნენ ვიეტნამელ ქალებს, ანადგურებდნენ სოფლებს და მოსავალს. პარალელურად, ასი ათასობით ამერიკელი ახალგაზრდა ქუჩაში გამოვიდა უაზრო ომის დასაგმობად, რაც საბოლოოდ ჰიპების მოძრაობად იქცა, რომელმაც სამახსოვროდ რამდენიმე გენიალური შემსრულებელი, სექსუალური რევოლუცია და ნარკოტიკების კულტურა დაგვიტოვა. ამერიკელმა რეჟისორებმა გადაიღეს ფილმები და იმღერეს სიმღერები, წიგნებიც ბევრი დაიწერა – მოკლედ, საბოლოოდ ყველანი შეთანხმდნენ, რომ ეს ომი უაზრო და უსასრულო იყო და ჯარების გამოყვანაც მოუწიათ. თუმცა, სანამ ამერიკაში კულტურული ბუმი მიმდინარეობდა, ამ ბუმის პირდაპირი მიზეზები და შეიძლება ითქვას შემოქმედები, ვიეტნამელი მოსახლეობის სახით,  პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ და მიწისქვეშ გათხრილ ტუნელებსა და ოთახებში ცხოვრობდნენ. სენატორი მაკკეინი 23-ე საბრძოლო გაფრენას ახორციელებდა, როდესაც მისი თვითმფრინავი ქიმიკატების კვამლში, მიწისქვეშა გვირაბებით დაფარული ვიეტნამის ნიადაგზე დაეშვა. სენატორმა თითქმის ოთხი წელი გაატარა ვიეტნამელებთან ერთად. ამერიკაში დიდი ხნის მკვდარი ეგონათ, მაგრამ ცოცხალი აღმოჩნდა. ასე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა, რომელიც კაპიტანი ამერიკის, ამერიკული არწივის, ამერიკული ოცნების და ამერიკული ნების სიმბოლოდ იქცა: გაამართლა რა ამერიკის ყველა სამხედრო ინტერვენცია, მათ შორის ოთხი მილიონი დევნილისა და ერთი მილიონი გვამის მომტანი ერაყის ომი,  ლიბიის, ლაოსის, ბანგლადეშის, ავღანეთის დაბომბვები; მხარს უჭერდა საუდის არაბეთის აღვირახსნილი შეიხების შეიარაღებას და ინტერვენციებს ლათინური ამერიკის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტების წინააღმდეგ… უცნაური სულაც არ არის ის, რომ ჯონს მიშა მოსწონდა – მოსწონდა მაშინ, როდესაც საქართველოში ადამიანის უფლებები ისევე ახლოს იყო დემოკრატიულ სტანდარტებთან, როგორც მესამე ლიგის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრ ზონასთან. ცხადია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი არც ლამაზი თვალებისა და არც დემოკრატიული მისწრაფებების გამო არ გამხდარა. ამერიკის ინტერესი რუსეთის დასუსტებაა, ჩვენ კი ჩვენი ინტერესებიც უნდა გვქონდეს, რომელიც არც რუსეთის იმპერიას დაუკავშირდება და არც ამერიკას: ეროვნული გმირები სწორედ ამგვარი ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა განასახიერებდნენ. მაკკეინი ამერიკის ეროვნული გმირი იმიტომ იყო, რომ ამერიკის ინტერესებს ატარებდა, ჩვენთან კი ვიღაცეებს პრიორიტეტები შეგნებულად ერევათ. სწორედ ამიტომაა, რომ ისტორიას ერთი მხრიდან ვხედავთ, ხოლო სამყაროს დიდ გეოპოლიტიკურ ბრძოლებს ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ. ლიბერალური კანონიზაცია და ისტორიოგრაფია დაკავებული თანამდებობიდან ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადადგეს. ასეთი ინტერესები ბენიასთვის საოცნებო, რეალურ სახალხო დემოკრატიას და ასეთი დემოკრატიისათვის საჭირო ღირებულებების ახალგაზრდებში გავრცელებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გზააბნეული ფარასავით გავიბნევით და სათამაშო კარტად ვიქცევით დიდი იმპერიების გეოპოლიტიკურ თამაშში. თუ ჩვენი ინტერესები დაიკარგა, მნიშვნელობა არ აქვს, ამ კარტს ვინ გაათამაშებს: რუსეთი, თურქეთი, ირანი თუ ამერიკა.

ჩხიკვიშვილს დავუბრუნდეთ. 1919 წელს, 40 წელს მიტანებული ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად და დამოუკიდებელობის გამოცხადების შემდგომი თბილისის პირველ მერად აირჩიეს. წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, ჩხიკვიშვილი საქართველოს მთავრობის ბოლო სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი იყო და ქვეყნის ტერიტორია ერთ-ერთმა უკანასკნელმა დატოვა, ბენიას მმართველობაში მყოფი შტაბის ადიუტანტი კი საქართველოს ეროვნული გმირი  – გენერალი მაზნიაშვილი იყო.

Noe_Zhordania_meets_2nd_International_delegation._1920
ნოე ჟორდანია და ბენია ჩხიკვიშვილი მეორე ინტერნაციონალს ხვდებიან, 1920 წ.

ბენია ჩხიკვიშვილმა საქართველო დატოვა და სტამბულის გავლით პარიზში გაეშურა; თითქოს ბუცებიც მყუდრო პარიზული ბინის კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე უნდა დაეკიდა, თუმცა ბოლომდე ბრძოლა ამჯობინა. 1924 წელს, ფილტვების მძიმე დაავადებიანი ჩხიკვიშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გაწითლებულ საქართველოში ბრუნდება, ჭიათურისა და სხვა ინდუსტრიული ქალაქების სწრაფად ორგანიზებას იწყებს და საქართველოს ამჯერად საბჭოთა კავშირისგან განთავისუფლების ბრძოლას ბოლოჯერ უდგება სათავეში. სახელგანთქმულ ოპერაციას ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ცნობილია სახალხო გვარდიის მეთაურის, ვალიკო ჯუღელის 1924 წლის წერილი, სადაც ის წერს –  თუ ჩვენ სამ­შობ­ლო­ში არ დავ­ბრუნ­დით და სამ­შობ­ლო არ ვიხ­სე­ნით, მა­შინ ჩვენს ცხოვ­რე­ბას რა აზრი აქ­ვსო. აჯანყება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, ორგანიზატორები თანამებრძოლებმა გათქვეს, ჩხიკვიშვილი და მისი თანამოაზრეები შეიპყრეს და სწრაფად მოიშორეს. მისი დასაფლავების ადგილი დღესაც უცნობია.

ბენია ჩხიკვიშვილის სახელი არც ქართულ პროზას და არც პოეზიას არ შემორჩენია. წერა მისი საუკეთესო უნარი არ ყოფილა, თუმცა ბიოგრაფიული მოგონებებიდან ცნობილია მისი რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც ავტორივით სადა და უბრალოა და საერთოდაც არ გავს ამერიკელი გმირების მიერ დაძაბულ მომენტებში წარმოთქმულ ფრაზებს. მაგალითად, ოზურგეთის გადაწვისა და გურიის რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, ჩხიკვიშვილი ოზურგეთში დარჩა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა – „ამ სიმაღლის კაცი ქალაქში რაფერ დავიმალები?“ ან, მეორე ამბავი: იაპონიასთან ომის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციისას, 24 წლის ბენია ჩხიკვიშვილს ხელში დროშა ეჭირა, რომელიც პოლიციელებმა ცემის მიუხედავად ვერ გააგდებინეს.  მესამე: ისიდორე რამიშვილი იგონებს, რომ ერთხელ, ბათუმში, მის ბინას პოლიცია ჩხრეკდა, რა დროსაც ოთახში ღიღინით შემოვიდა ბენია ჩხიკვიშვილი, რომელსაც ჯიბეები არალეგალური ლიტერატურით ჰქონდა გამოტენილი. პოლიციელების დანახვაზე მან შეწუხებული სახით იკითხა – ხომ არ იცით, მღვდელი სიმონ თოთიბაძე სად არის, მამა მიკვდება უზიარებელიო. ეს თქვა, მიტრიალდა და გაიქცა, უკან პოლიცია გაეკიდა და „სტოი, სტოი“-ს ეძახდა, მაგრამ ვერ დაეწია. გარდა ამისა, არსებობს დამფუძნებელი კრების პერიოდის ერთი ისტორია, რომლის მიხედვითაც შემდგომში კომუნისტებთან კოლაბორაციაში შესულმა შალვა ნუცუბიძემ ჩხიკვიშვილს უსამართლო ბრალდება წაუყენა. გურიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ბარცხანას ყოფილმა გენერალ-გუბერნატორმა, სამჯერ ნასამართლებმა ბენია ჩხიკვიშვილმა შალვა ნუცუბიძეს „უტრაკო ინტელიგენტი“ უწოდა, თვალი ჩაულურჯა და იარაღიც მიუშვირა, რასაც გაზეთებში სტუდენტების მხრიდან ბენიას კრიტიკა მოყვა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ, დასახვრეტად გამზადებულმა ჩხიკვიშვილმა ვიღაცას საკუთარი პერანგის ნახევზე სისხლით დაწერილი წერილი გამოატანა, რომელშიც მეგობრებს და ნათესავებს თავის ადგილსამყოფელსა და მდგომარეობას ატყობინებდა. ასეთი იყო მისი ბოლო შეტყობინება, სისხლით პერანგზე დაწერილი, საბჭოთა ტყვეობიდან გამოგზავნილი დეპეშა. ხოლო, რაც შეეხება ოჯახს, ბენიას ოთხი შვილი ჰყავდა, მათგან სამი –  ნაადრევად დაეღუპა, ერთ-ერთი კი სასჯელს მშენებლობიდან ფიცრის მოპარვისთვის იხდიდა, რომლისგანაც ციგის გაკეთება უნდოდა.

ასეთია რამდენიმე ფრაგმენტული ისტორია ბენია ჩხიკვიშვილზე, რომელიც არც მეცნიერი ყოფილა და არც მწერალი, თუმცა შემართების, დემოკრატიისა და თანასწორობისათვის ბრძოლის არნახულ მაგალითს გვაძლევს; იმ შემართების, რომელიც ყველა გარემოების მიუხედავად, იმპერიებს შორის მოყოლილი პატარა ქვეყნის დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე ოცნებობდა; ისეთ სუვერენიტეტზე, რომელსაც მუშები და გლეხები, ანუ რიგითი ქართველები ედგებოდნენ სათავეში. ეს ოცნება -ისე,  როგორც არასდროს – მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოში.

ჩხიკვიშვილის სიკვდილის შემდეგ, ნოე რამიშვილმა პარიზში გამოცემულ ჟურნალ „ბრძოლაში“ შემდეგი სიტყვები დაწერა: „საქართველოს ჯალათებმა ბენია ჩხიკვიშვილი დახვრიტეს, მაგრამ შეუძლებელია ხიშტით იდეის დამორჩილება, აგრეთვე, 24 წლის განუწყვეტელი ბრძოლის წაშლა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია და მასთან ერთად მთელი ქართველი ერი არ დაივიწყებს ბ. ჩხიკვიშვილის მოღვაწეობას და ამ უშიშარი რაინდის სახელი სამუდამოდ ცოცხალი დარჩება.“

საინტერესოა, რატომ არ ასწავლიან ამ ყველაფერს ქართველ ბავშვებს, ამას  ბევრი რამის მოცემა შეუძლია. ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი: ბუშის პროსპექტი თბილისის შემოსასვლელში, რეიგანის ძეგლი, აქეთ ალიევი, მოსკოვის პროსპექტსაც არაუშავს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, რავიცი. ბენია, ისევე როგორც სხვა ქართველი პატრიოტები, ლიბერალურ ისტორიოგრაფიაში მათი სახალხო ორიენტაციისა და სოციალისტური იდეოლოგიის გამო ვერ ხვდებიან. ხოლო, რა ღირებულებები უყალიბდებათ ასეთი ისტორიოგრაფიით ტვინგამორეცხილ ბავშვებს, ამის თქმა რთული არ არის.

გმირობაზე საუბარიც კი ზედმეტია. რამდენადაც ვიცი, ჩხიკვიშვილის სახელი არც რომელიმე ქუჩას ჰქვია და არც სკვერს.  რუსეთის იმპერიასთან შეუპოვარი ბრძოლის მიუხედავად, მან და გურიის რესპუბლიკამ ჩვენში ერთი ძეგლი და მემორიალური დაფაც კი ვერ დაიმსახურეს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, პეროვსკაიაზე ერთ-ერთ ბარს ჰქვია ბენიას სახელი და შიგნითაც, ბენიას ფოტოები კიდია – კაცმა არ იცის, რატომ.

დასკვნის მაგივრად  აბაზანის მარილი

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სენატორი მაკკეინი დიდი იმპერიის დიდი პატრიოტი იყო, ათას რამეზე გადამხტარი და ბევრ ბოროტებაზე პასუხისმგებელი, მაგრამ რა შუაშია აბაზანის მარილი? ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ საქართველოს მოედო ეს საშინელი ნივთიერება, რომელიც პარანოიას, შიშებს, ძლიერ დამოკიდებულებას და გაორებას იწვევს. პანიკას, ჯერ-ჯერობით არ ტეხენ – „არ ვიმჩნევთ“: საუკეთესო თბილისურ ტრადიციებში, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ყველაფერი კარგად არის. საქმე სხვა რამეშია. იყო ჩემს ბავშვობაში ასეთი კაცი, მაშინ ამფეტამინი არ შემოდიოდა და „გერაინს“ იკეთებდა. სოხუმური აქცენტი ჰქონდა, ლაპარაკის დროს ცხვირს იფხანდა და ყველა წინადადებას „სუხუმსკი“ აქცენტით აყოლებდა მაგიურ სიტყვას – „გამიგე?“ – თითქოს დამოწმებას და თანხმობას მოითხოვდა, საუბარში ჩართული ჰყავდი. ამ კაცის ხმაც იმსახურებს გაჟღერებას. დგახარ „დააბაზანისმარილებული“ ვაშლიჯვრის გადასახვევთან, ან ვარკეთილის ვულკანიზაციასთან, ან ტობოვარჩხილის ტბის ნაპირზე, ერთ ხელში სენატორი მაკკეინი გიკავია, მეორეში ბენია ჩხიკვიშვილი და ფიქრობ რომელი დაგეხმარება, გზას ვინ გაგინათებს.

რომელი დაგეხმარება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, ბავშვებს ვინ მისცემს ხარისხიან განათლებას, ქართულ პროდუქციას ვინ დაიცავს, ბანკებს და მევახშეებს ვინ მოერევა, ემიგრანტებს ვინ დააბრუნებს ქვეყანაში, ბიჭებს წამალს ვინ გადააგდებინებს, კაზინოებს ვინ აკრძალავს – დგახარ და ფიქრობ. მარილის მსგავსად, ყალბი იდეოლოგიაც შიშებს და პარანოიას იწვევს: აზრები გერევა – რუსეთი თუ ამერიკა, მესი თუ რონალდო, მიშა თუ ბიძინა, ნაიკი თუ ადიდასი, ბეემვე თუ მერსედესი, ხიდი თუ ბასიანი, ქერები თუ შავგვრემნები, ემდიემეი თუ კეტამინი, კანი თუ ბერლინი, ბოლოს და ბოლოს. ეს მარადიული კითხვებია, მიწა ზანზარებს, ვულკანიზაციიდან  სოლფეჯიოს გაკვეთილის ხმა გესმის. მერე პულსი წყნარდება, „პრიხოდი“ გადაგივლის და ხელში სენატორი მაკკეინი და მისი ხსოვნა გრჩება: მყარი, ცივი და მძიმე, როგორც რქაწითელით სავსე ოციანი. ეს ზღაპრები თავისუფალ სამყაროზე –  ერაყელ და სოხუმელ ბავშვებს მოუყვნენ, აბაზანის მარილია ეს ყველაფერი, ამფეტამინი, მისი ყველაზე ბინძური ფორმით. ჩვენ კიდევ, დავარცხნილი მსჯელობების არც კულტურა დაგვრჩა და არც ნერვები, სიზმარია ეს ყველაფერი და უნდა გავიღვიძოთ, ამფეტამინი გვაქვს გადასაგდები, „გამიგე?“

Share on Facebook516Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.