რობერტ ვეიდი: სახელმწიფოს როლის დაბრუნება

Share on Facebook191Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

გაკვეთილები აღმოსავლეთ აზიის განვითარების გამოცდილებიდან*

რობერტ ვეიდი   – ლონდონის ეკონომიკური სკოლის (London School of Economics) პოლიტეკონომიისა და განვითარების პოლიტიკის პროფესორი.

მთარგმნელი – ბათუ კოპალიანი

Copyright: European.ge

აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური რეჟიმების დამხობის შემდგომ, ამ გარდამავალი ქვეყნების პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა ცალსახა უარი თქვეს აღმოსავლეთ აზიის განვითარების გამოცდილების გააზრებაზე. მათ მეტად აინტერესებდათ დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გამოცდილების შესწავლა, რადგან მათი სახით ისინი ხედავდნენ იმ საზოგადოებას, რომელშიც  ხანგრძლივი კომუნისტური პაუზის შემდგომ, ინტეგრაცია ან რეინტეგრაცია სურდათ. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ისინი დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კეთილდღეობას სრულად მიაწერდნენ ლიბერალური ეკონომიკის განვითარებას, რომლის ფორმულაც  გულისხმობდა: ა) ბაზრის ლიბერალიზაციას საქონლითა და ფინანსური აქტივებით ვაჭრობისთვის, ასევე სახელმწიფოს შეზღუდული როლით; ბ) ზუსტად განსაზღვრულ და მკაცრად დაცულ კერძო საკუთრების უფლებას, რომელიც საშუალებას აძლევს მესაკუთრეებს მიიღონ და გაზარდონ შემოსავალი გ) ერთიანი კანონმდებლობის მიღებას,  რომელიც სახელმწიფოსა და  სხვა ეკონომიკურ  სუბიექტებს საერთო წესებით საქმიანობას ავალდებულებს.

ეს იყო ის კომბინაცია,  რომლის  გადმოღებაც მათ სურდათ, იმ იმედით რომ ასეთი მოდელი გააჩენდა სწრაფი ეკონომიკური ზრდის  (“catch-up” growth) საშუალებას. ისინი თვით სამხრეთ აზიურ განვითარებასაც ლიბერალური ეკონომიკური პრიზმიდან უყურებენ. მართალია ეს ქვეყნები აღიარებენ დასავლეთ ევროპასა თუ სამხრეთ აზიის ქვეყნებში პროაქტიული ინდუსტრიული და ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის არსებობას, თუმცა მათი აზრით ასეთი ტიპის პოლიტიკა, წარმოადგენს არა თავისუფალი ბაზრის პრინციპების უარყოფას, არამედ მისგან გადახვევას ან გამონაკლისს..

ყველაზე ნაკლებად აღმოსავლეთ-ევროპელ პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს შიდა ეროვნულ ეკონომიკურ აქტივობებში, სახელმწიფოს მონაწილეობა სურდათ, რადგან, ეს მათ, ავადსახსენებელ კომუნისტურ გამოცდილებას აგონებდათ. აქედან გამომდინარე, მათთვის მისაღები მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პრინციპების ირგვლივ ჩამოყალიბებული საზოგადოება გახლდათ.  შესაბამისად მოხდა შეთანხმება აღმოსავლეთ-ევროპული ‘’სწრაფი ეკონომიკური ზრდის’’ პრინციპების შესახებ. ეს პრინციპებია:  ა)ბაზრის ლიბერალიზაცია და მისი თანმდევი ინსტიტუციონალური რეფორმები, რომლის დროსაც განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოს როლის შემცირებაზე უნდა გაკეთებულიყო ბ) სახელმწიფო საწარმოებისა და სერვისების მაქსიმალური პრივატიზაცია გ) ევროკავშირის წევრობა ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შეღავათიანი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა. დ) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, იმის იმედად რომ ამით გაიზრდება საექსპორტო მაჩვენებელი და მოხერხდება დაბალი ხარისხის კაპიტალის მოდერნიზაცია.

რა არის ამ კონსესუსის ნაკლი?  რამდენიმე რამ.  პირველ რიგში, – ლიბერალიზაცია ადგილობრივ მწარმოებელს,  ჩინეთსა და სხვა აღმოსავლეთ-აზიურ ქვეყნებთან პირდაპირ კონკურენციაში აყენებს, ისეთ სექტორებში რომელიც იწვევს შემოსავლის შემცირებას.

მეორე – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  არ წარმოადგენს სწრაფი განვითარების მნიშვნელოვან საშუალებას. რეგიონში 1998 წლიდან არ შესულა დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები:       1998- დან 2003 წლებში აღმოსავლეთ ევროპის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებზე  მსოფლიოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 3% მოდიოდა. ინვესტიციების უმეტესი ნაწილის მოტივაცია იყო არა დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალა  ან ადგილობრივი დაბალი გადასახადების წყალობით  მაღლშემოსავლიანი ბაზრებისთვის საექსპორტო პროდუქციის მიწოდება, არამედ მხოლოდ  და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ  ხელფასები აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვნად აღემატებოდა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ხელფასებს, მაშინ, როცა სამუშაო ძალა არ იყო აღმოსავლეთ აზიურ სამუშაო ძალაზე მეტად პროდუქტიული.  მესამე – ამ პირობებში რადიკალურმა ლიბერალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიღატაკის ზრდა, ე.წ. “რბოლა ფსკერისკენ”. თავის მხრივ,  განცალკევების ერთგვარი სტრატეგია, რომელიც დამყარებულია მეზობელი, არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯგუფთან ინტეგრაციაზე, არ არის იმედისმომცემი ალტერნატივა. ადრე თუ გვიან, ამგვარმა ცუდ გადაწყვეტილებებმა შესაძლებელია  აღმოსავლეთ-ევროპელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებში თავისუფალი ბაზრის რწმენა შეარყიოს და აიძულოს ისინი უფრო ღიად და თამამად გაითვალისწინონ აღმოსავლეთ-აზიური გამოცდილება.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური დაგეგმვა და ცენტრალური გადანაწილება სულაც არ არის ერთი და იგივე. ცენტრალური გადანაწილება დამახასიათებელი იყო კომუნისტური რეჟიმებისთვის და სწორედ ეს გახდა ამ მეთოდის დისკრედიტაციის მთავარი მიზეზი. მეორე მხრივ, ფართო გაგებით ცენტრალური დაგეგმვა – როდესაც საჯარო თანამდებობის პირები ერევიან და ცვლიან მათ საზღვრებში მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობის შემადგენლობას, და ამავდროულად ახორციელებენ მთლიანად ეკონომიკის კონტროლს ეკონომიკის მომავალი ზრდის პროგნოზირებით, კაპიტალისტური ეკონომიკის კონტექსტში – ძალიან ეფექტური და სასარგებლო აღმოჩნდა  აღმოსავლეთ აზიაში. ზუსტად ეს არის ამ ნაშრომის ქვეტექსტი: ზემოთ ნახსენები მიდგომა უნდა დავინახოთ, როგორც განვითარების შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპელებისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  არ შეიძლება ამ მიდგომას ოდესმე ვუწოდოთ “ცენტრალური დაგეგმვა”, რადგან ტერმინი ავტომატურად ხდება უკანონო, ძალაუფლების მპყრობელთა თვალში.  ტერმინი – “ბაზრის მართვა” უფრო მისაღებად ჟღერს.

წინამდებარე ნაშრომში მოცემულია სახელმწიფოს როლის ჩემეული  ხედვა  კაპიტალისტური აღმოსავლეთ აზიის (სამხრეთ კორეა, ტაივანი, იაპონია) განვითარებაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდსა და დაახლოებით ბოლო დეკადის განმავლობაში.

ა) აღსანიშნავია რომ ძალიან ბევრი აღმოსავლეთ აზიური სექტორული ინდუსტრიული პოლიტიკა და პროგრამები  საკმაოდ მოკრძალებული გახლდათ, თუმცაღა, საბოლოო ჯამში,  სწორედ ამ აქტივობების შედეგად ეს ქვეყნები იქცნენ მაღალი დამატებითი ღირებულების მომტან ეკონომიკებად.  ) მათ არ დასჭირდათ რთული გათვლები და ღრმად გაწაფული ბიუროკრატია და ) სხვა განვითარებად ქვეყნებსაც თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ იგივე გამოცდილება, ან გამოცდილების უფრო მოკრძალებული ან უხეში ფორმებიც კი.

ამით ჩვენ ვუარყოფთ ეკონომისტთა გარკვეული ჯგუფის  შეხედულებას , თუნდაც ისეთი გამოცდილებისა, როგორიც ჰოვარდ პეკია. იაპონიისა და კორეის ინდუსტრიული პოლიტიკების კვლევის შედეგად, რომელიც 1960-იანი წლების შემდგომ პერიოდს მოიცავდა, პეკი  მივიდა დასკვნამდე, რომ იაპონიისა და კორეის სარგებელი  საკმაოდ მოკრძალებული იყო (თვით1960 წელსაც კი, როცა სარგებელი  ყველაზე მაღალი იყო). იგი აცხადებდა, რომ “ქვეყნები, რომლებიც იაპონიისა და კორეის მსგავსად წარმოების პოლიტიკიდან ცდილობენ სარგებლის მიღებას  { NB: და მათ მართლაც მიიღეს გარკვეული სარგებელი}, უნდა ფლობდნენ არა მხოლოდ განსაკუთრებულად ქმედუნარიან ბიუროკრატიას, არამედ პოლიტიკურ უნარსაც,  მიიღონ სარგებელი უმოქმედო ფირმებისგანაც კი . . {ამდენად, განვითარებადი} ქვეყნები უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს, მსგავსი პოლიტიკის განხორციელებისის დაწყებამდე“.

თუკი პეკს დავუჯერებთ, ინდუსტრიული პოლიტიკა საერთოდაც არ უნდა იდგეს  აღმოსავლეთ-ევროპული სახელმწიფოების დღის წესრიგში. მაგრამ, მას მხედველობიდან გამორჩა აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა სახის ინდუსტრიების პოლიტიკის მთელი წყება და ანალიზის პროცესში, ყურადღება გაამახვილა მხოლოდ „წარმატებულ“ მიმართულებებზე..

 

,,სწრაფი განვითარების“ ლიბერალური  განმარტების  შეცდომები

საყოველთაოდ მიღებული ლიბერალური განმარტება აღმოსავლეთ-აზიური სწრაფი განვითარებისა არის მცდარი – მცდარია არა სრულად, არამედ არსებითად. გავიხსენოთ რომ ძირითადად აკადემიურ სივრცის ეკონომიკურ მიმართულებებში, სწრაფი განვითარების მიზეზად მდგრადი საბაზრო ლიბერალიზაციაა მიჩნეული : პირველ რიგში სავაჭრო ლიბერალიზაცია, შემდგომ კაპიტალის გადინებისა და შემოდინების ლიბერალიზაცია, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება სახელმწიფო ჩარევის შესუსტებით საშინაო ეკონომიკურ საქმიანობაში, ასევე დერეგულაციასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში. მთელი ყურადღება ექცევა სახელმწიფოს განდევნას იმპორტის ინდუსტრიით ჩანაცვლების პროცესიდან,  იმ ფაზიდან როდესაც სახელმწიფო ცდილობს შეცვალოს ეკონომიკური აქტივობის კომპოზიცია. .

იმავე ლიბერალური განმარტებით, სავაჭრო წესის ლიბერალიზაციის ცენტრალური მნიშვნელობის საკითხი არის ექსპორტის სწრაფი ზრდის ხელშეწყობა. მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად,  ქვეყნები რომლებიც იყვნენ ორიენტირებული საგარეო ვაჭრობაზე,  უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე ქვეყნებმა რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ შიდა ვაჭრობაზე. აქედან მსოფლიო ბანკმა დაასკვნა, რომ მიზეზობრიობა წარმოდგენილია სავაჭრო რეჟიმიდან ეკონომიკურ ქმედებამდე და კორელაცია საგარეო ვაჭრობასა და უკეთეს ფუნქციონირებას შორის ნარჩუნდება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის, არამედ ერთ ქვეყანაშიც სხვადასხვა დროს: საკითხის ასეთ ჭრილში დანახვა აძლიერებს ჩვენს შეხედულებას, რომ ქვეყნებს უკეთესი ეკონომიკური შედეგი ექნებათ მათი სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციის შემთხვევაში. თუმცა  ეს არგუმენტი  სავსეა ლაფსუსებით. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

პირველ რიგში, მსოფლიო ბანკის დასკვნა, რომ საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული სავაჭრო წყობა უკეთესი შედეგის მომტანია ვიდრე შიდა ბაზრის ათვისებაზე ორიენტირებული, მალავს საპირისპირო მიგნებას. აღნიშნული კვლევა მოიცავდა ორ დროით პერიოდს, 1963-73  და 1973-85 წლებს, და  ამ შუალედებში 41 განვითარებადი ქვეყანის მონაცემები დაჯგუფდა 4 კატეგორიად.  კატეგორიებად დაყოფა ეფუძნებოდა 4 სხვადასხვა შეფასების კრიტერიუმს : მთლიანად გარევაჭრობაზე ორიენტირებული და ზომიერად ორიენტირებული, მთლიანად შიდა ვაჭრობაზე ორიენტირებული და ზომიერად ორიენტირებული.  უმეტეს შემთხვევაში ზომიერად შიდა ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყნების მონაცამები უკეთესი იყო, ვიდრე ზომიერად საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყნებისა.

დასკვნა, რომელიც მსოფლიო ბანკმა გარე და შიდა ვაჭრობის კვლევის შედეგად გამოიტანა ორი ქვეკატეგორიის მონაცემების შეჯამებით არის გამოტანილი. მთლიანად საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყნების მონაცემები იმდენად კარგია და მთლიანად შიდა ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყნების მონაცემები იმდენად ცუდია, რომ მთლიანობაში ისინი ფარავენ სურათს, რომელიც მიიღება ზომიერად ორიენტირებული ვაჭრობის ტიპების სისტემების შედეგების ანალიზისას.

ტაივანი კორეა კამბოჯა არგენტინა
წარმოებული საქონლის ეფექტური პროტექცია

 

დარგთაშორისი დისპერსია

14

 

 

 

23

13

 

 

 

47

35

 

 

 

56

112

 

 

 

35

 

 

 

 

 

 

ცხრილი 1

ვაჭრობის რეჟიმები,  ადგილობრივ და გარე ბაზარზე ვაჭრობის სტიმულები, განვითარებადი  ქვეყნები 1969 წ. პერიოდში (%)

წყარო: რობერტ ჰ. ვეიდი, „ბაზრის რეგულირება“, თავი :3.2 გვერდი 56.

მეორეც, მკაცრად საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყნების ქვეკატეგორია მოიცავს მხოლოდ 3 მაგალითს, ესენია ჰონ-კონგი, სინგაპური და სამხრეთ-კორეა. სამივე მათგანი აღმოსავლეთ-აზიური ქვეყანაა, რაც თავის მხრივ ზრდის იმის შესაძლებლობას რომ საქმე გვქონდეს „სამხრეთ აზიურ თავისებურებასთან“ და არა ვაჭრობის ლიბერალური ფორმის სიკეთეებთან.  უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნული ანალიზი ძირითადად ეთმობა სამხრეთ კორეულ მაგალითს, რაც ფაქტიურად ფარავს დანარჩენი ორი ქვეყნის ქეისებს. რომ არა სამხრეთ კორეის ქეისი, ზემოთ აღნიშნული მოსაზრება, იმის შესახებ, რომ საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული ეკონომიკა, უფრო კარგად მუშაობს ვიდრე შიდა ბაზრებზე ორიენტირებული ქვეყნების ეკონომიკები, მცდარი იქნებოდა.

მესამე, კორეის 1963-73 და 1973-85 წლების სავაჭრო პოლიტიკის  განსაზღვრა, როგორც მკაცრად საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული ეკონომიკისა,  არასწორია, ვინაიდან ამგვარი ქვეყნის ლიბერალური დეფინიცია გულისხმობს მცირე სავაჭრო რეგულაციებს, ან საერთოდაც მათ არქონას. ასეთ ქვეყნებში სუსტია ან საერთოდაც არ არის პირდაპირი კონტროლის მექანიზმები და ლიცენზირების შეთანხმებები. კიდევ ერთ საინტერესო განმარტებას ვხვდებით ზომიერად საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყნის მახასიათებლების აღწერისას. კვლევაში ნათქვამია რომ ეს არის ქვეყანა სადაც ეკონომიკური სექტორების პროტექციონიზმის ხარისხი დაბალია, რაც, თავისთავად, მკაცრად საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყნისთვისაც უნდა იყოს დამახასიათებელი. სინამდვილეში კი მოიპოვება უამრავი მაგალითი იმისა რომ კორეა ასეთ ქვეყანას, კვლევისთვის მოცემულ პერიოდში, არ წარმოადგენდა.

ერთი მტკიცებულება შეგვიძლია მოვიყვანოთ კლასიკური ლიბერალური (ლიბერალიზმის locus classicus) შეხედულებიდან, რომ კორეა გამდიდრდა ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხარჯზე. ეს მტკიცებულება გამოგვადგება ლიბერალური დასკვნის სიმცდარის დასანახად, რომელიც მონაცემებისადმი “შერჩევითი უყურადღებობის” საფუძველზე იქმნება.

მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი კონსულტანტი ბელა ბალასა კოორდინაციას უწევდა 6 განვითარებადი ქვეყნის სავაჭრო მოწყობის კვლევას. კვლევა წარმოებდა 1969 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის შედეგად ლიბერალური ვაჭრობა ორი ძირითადი მახასიათებლით განიმარტება : 1) საშუალოდ ბაზრის დაცვის დაბალი ხარისხი. 2)  მცირე ცვალებადობა (ან დისპერსია)  საშუალოდ დაბალი მაჩვენებლის ირგვლივ  – რაც ნიშნავს ყველა სექტორის თანაბარ პროტექციას. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კორეასა და ტაივანში წარმოების პროტექციის საშუალო დონე 1969 წელს იყო შედარებით დაბალი. ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის სურათის მხარდასაჭერად, ეს იყო საკვანძო აღმოჩენა. თუმცა, უცნაურია, რომ კვლევამ არ მიიქცია ყურადღება კიდევ ერთ აღმოჩენაზე, რომელიც იგივე მონაცემების საფუძველზე შეიძლება მომზადდეს. შედარებით დაბალი საშუალოს ირგვლივ პროტექციის დისპერსია იყო საკმაოდ მაღალი. კორეას და ტაივანს არ გააჩნდათ პროტექციის თანაბარი დონე. წარმოების ფარგლებში, სხვადასხვა სექტორში საკმაოდ განსხვავებული პროტექციის დონეები აღმოჩნდა.

სავარაუდოდ, ეს განსხვავებები იყო  წინასწარ განსაზღვრული, სახელმწიფოს განზრახვის შედეგად, რომელიც ასახავს ფართო ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიას. ამისგან განსხვავებით, იქ სადაც საშუალო პროტექციის დონე მაღალია (კოლუმბია, არგენტინა), სავარაუდოდ აღნიშნული  დისპერსიის მდგომარეობა (ხარისხი) მაღალი საშუალოს ირგვლივ, არ არის წინასწარ განსაზღვრული, არამედ შემთხვევითია.

ისეთი კვლევაც კი რომელიც გვთავაზობს ლიბერალური გაგების კლასიკურ მაგალითებს აღმოსავლეთ-აზიური  სავაჭრო ლიბერალიზაციის სისტემის შესახებ, წარმოადგენს ისეთ მტკიცებებს რომლებიც დასკვნას ეწინააღმდეგებიან.

აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების კვლევის შედეგები უფრო ესადაგება ჰიპოთეზას, რომ ქვეყნები მხოლოდ გამდიდრების შემდეგ მიმართავენ სავაჭრო ლიბერალიზაციას და არა გამდიდრებისთვის.

გარდა ამისა, კლასიკური ნეოლიბერალური განმარტება ქმნის ცრუ წარმოდგენებს დროითი თანმიმდევრობის შესახებ, შესაბამისად რაც თავის მხრივ ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მიერ წარმოდგენილ მიზეზ-შედეგობრივ მიმართებებს  ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის.

გავიხსენოთ რომ ამ განმარტების მიხედვით ლიბერალიზაციამ მისცა ძლიერი  ბიძგი ექსპორტის ზრდას, მაშასადამე, უფრო ფართო ეკონომიკურ ზრდას. დანი როდრიკმა აჩვენა რომ ეს თანმიმდევრობა არასწორია..

იგი ვერ ხედავს დიდ გაუმჯობესებას ექსპორტის იმ წახალისების შედეგად, რომელიც წინ უსწრებდა ექსპორტის დაწყებას. როდრიკის აზრით უმეტესწილად ინვესტიციების მოზიდვა ხდება შესაძლებელი სახელმწიფო წახალისების პოლიტიკის შედეგად..

თავდაპირველად იყო ინვესტიციების სწრაფი მატება (ტაივანის შემთხვევაში 1958-60 წლებში), პარალელურად სავაჭრო მასტიმულირებლები უცვლელი რჩებოდა, შემდგომ ამას მოყვა ექსპორტისა და ზოგადი ზრდის ტემპის მატება, და მხოლოდ ამის შემდგომღა დაიწო ვაჭრობის ლიბერალიზაცია.

„აღმოსავლეთ-აზიური გაკვეთილის შინაარსი საკმაოდ ნათელია“-წერს დანი როდრიკი-‘‘სამი აზიური დრაკონი“ , სამხრეთ კორეა, ტაივანი და სინგაპური,  ინვესტიციების ისეთი დაბალი რაოდენობით, რომელიც მათ გააჩნდათ 1960 წლისთვის, ვერ მიაღწევდა ასეთ წარმატებას, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინვესტორების სტიმულირებისთვის განხორციელებული სუბსიდირების, დაზღვევისა და მსგავსი ტიპის პროექტები.

აღმოსვლეთ აზიის შემთხვევა ამტკიცებს რომ ინვესტიციების ბუმი იწვევს ეკონომიკურ ზრდასა და ექსპორტზე ორიენტაციის მეტ საშუალებას (და გაზრდილ იმპორტს).

აღმოსავლეთ-აზიის კვლევის შედეგები უკეთ შეესაბამება ჰიპოთეზას რომ ქვეყნები მხოლოდ გამდიდრების შემდეგ იწყებენ სავაჭრო ლიბერალიზაციას და არა იმ ჰიპოთეზას თითქოს სავაჭრო ლიბერალიზაცია იწვევს ქვეყნების გამდიდრებას. ინვესტიციებზე ორიენტირებულობა არ არის მხოლოდ აღმოსავლეთ აზიის მახასიათებელი. ინვესტიციები გახდა თითქმის აუცილებელი წინაპირობა ზრდის ტემპის სტიმულირებისთვის. როდრიკი ასკვნის რომ : „ქვეყნებს, რომლებიც ახერხებენ ინვესტიციების ზრდის პროექტირებას, აქვთ მეტი შესაძლებლობა ეკონომიკური ზრდისა“.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკის კვლევას სახელწოდებით “აღმოსავლეთ აზიის სასწაული”, რომელიც გამოქვეყნდა 1993[1] წელს. კვლევა ეხებოდა აღმოსავლეთ აზიის რვა მაღალი შედეგის მქონე ეკონომიკურ ქეისს (ჩინეთის გამოკლებით), და უამრავი ტესტის საშუალებით, სწავლობდა ინდუსტრიული პოლიტიკის როლს. სექტორული ინდუსტრიული პოლიტიკების შედეგებზე (ძირითადად გამოკვლეული იყო სპეციფიური სექტორები როგორებიცაა ქიმიური მრეწველობა და ნახევრად-გამტარი ელექტრონული პროდუქცია) კვლევაში ნათქვამია, რომ ეს ინდუსტრიული პროექტები იყო მეტწილად არაეფექტური. „ჩვენ ვასკვნით რომ სპეციფიური ინდუსტრიების განვითარება მეტწილად არ მუშაობს, მაშასადამე არ არის იმედისმომცემი არც სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის“ – ნათქვამია კვლევაში.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სპეციფიური ინდუსტრიების განვითარებას რომც მოეტანა წარმატება აღმოსავლეთ-აზიის ქვეყნებისთვის, მათი ადმინისტრაციულ/პოლიტიკური წინაპირობები არის იმდენად რთული (მაგალითად სპეციფიური სექტორების განვითარებისთვის საჭირო რთული გამოთვლები), რომ სხვა განვითარებადი ქვეყნები რთულად თუ მიაღწევენ ისეთივე წარმატებას. ‘‘წარმატების წინაპირობები გახლდათ იმდენად რთული და მკაცრი, რომ სხვა განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკის შემქმნელები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობდნენ მათ განხორციელებაზე“ – თუკი ამ ნათქვამს  ჰოვარდ პეკის პოზიციას მიამსგავსებთ, ამაში გასაკვირი არაფერი არ იქნება, რადგანაც სწორედ ის გახლდათ კონსულტატი, რომელმაც დაწერა ამ კვლევის ერთი თავი, სახელწოდებით „სასწაულის შესწავლა“. იგი შეეხებოდა სწორედ ინდუსტრიული პოლისების შედეგებს.

„სასწაულის“ მტკიცებულება არც თუ ისე დამაჯერებელია. მაგალითად განვიხილოთ ერთი შემთხვევა,  კერძოდ „გარეგანი ეფექტისა“ (externalities) და „განვრცობითი ეფექტის“ (spillover effect)  მისადაგება სხვადასხვა სექტორებზე. ძალიან რთულია “განვრცობითი ეფექტი“ მიუსადაგო სხვადასხვა სექტორს, მაგრამ ფაქტია რომ ეს ეფექტი რეალურია. ინდუსტრიული პოლიტიკის ზოგიერთი კრიტიკოსი აღნიშნავს რომ მაგალითად X სექტორზე გაცემული ავანსები და სუბსიდიები მცირე კორელაციაში ამავე სექტორი პროდუქტიულობის ზრდასთან. ხშირ შემთხვევაში ეს კორელაცია უარყოფითიც კი არის.

მაგრამ აღსანიშნავია რომ ტესტი ყურადღებას არ აქცევს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. აღმოსავლეთ -აზიურმა ქვეყნებმა უამრავი რესურსი დახარჯეს ინფრასტრუქტურული ინდუსტრიების სტიმულირებისთვის, მაგალითად როგორიცაა მეტალი ან ქიმიური მრეწველობა. მათ ეს გააკეთეს არა პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, არამედ ამ მრეწველობათა განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო.

მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იმ მოსაზრებისა, რომ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები გამდიდრდნენ საბაზრო ლიბერალიზაციისა და შემდგომში „ვაშინგტონის კონსესუსად“  წოდებული, კომპლექსური პოლიტიკური ღონისძიებების გატარების შედეგად.  „აღმოსავლეთ აზიური სასწაული“ სწორედ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევაა. იგი სრულად ფინანსდებოდა მსოფლიო ბანკის მიერ და ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორი, ბელა ბალასა ფაქტობრივად ბანკის თანამშრომელი გახლდათ. (იგი იკავებდა გრძელვადიანი კონსულტანტის თანამდებობას). როდესაც ჩვენ განვიხილავთ ამა თუ იმ ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ კვლევაში ჩართული პერსონალი – მოსწონთ მათ ეს თუ არა – ყოველთვის საუბრობს სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით. ამ კვლევის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ მართალია  თავად მისსავე დასკვნაში ნათქვამია,  რომ „აღმოსავლეთ აზიური სასწაულის“ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის დამაჯერებელი, თუმცა არც ჩვენ შეგვიძლია საპირისპირო ხედვის კონტრფაქტების წარმოდგენა. ამის ნაცვლად ანალიტიკური და ემპირიული განსჯებით უნდა დავკმაყოფილდეთ.

 

აღმოსავლურაზიური ინდუსტრიული პოლიტიკის ახლო ხედი.

ფაზის მოკლე მიმოხილვა.

ინდუსტრიული პოლიტიკის კონსტრუქციული განხილვისთვის, საჭიროა განვასხვავოთ მისი სამი ტიპი: პირველი – ეკონომიკურად ფართო ‘ფუნქციონალური’ პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სავალუტო კურსის პოლიტიკას, მაკროეკონომიკურ ბალანსს და კონკურენტულ პოლიტიკას (ბაზრის დაცვის საშუალო დონის ჩათვლით). მეორე -მრავალდარგობრივი ‘ჰორიზონტალური’ პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს კვლევისა და განვითარების (R&D) პროგრამების ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებას,  ინვესტიციების ჩადებას საპორტო ინფრასტრუქტურასა და სხვა მსგავს სექტორებში. მესამე, დარგობრივი პოლიტიკა,  რომელიც ხელს უწყობს გარკვეულ დარგებს, ქვედარგებს ან ფირმებს (მაგალითად Proton ავტო ფირმა მალაიზიაში).

მთავარი სადაო საკითხი კი მდგომარეობს შემდეგში – აქვს თუ არა აღმოსავლეთ აზიისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა და იქნება თუ არა იგი ასევე ეფექტური სხვაგანაც.  ერთი შეხედვით ცალსახაა, თუ როგორი ძნელია თეზისში მოცემული ეფექტების გამიჯვნა პირველი ორი ეფექტისგან, მათ ძალიან მჭიდრო ურთიერთკავშირის გამო.

ინდუსტრიული პოლიტიკის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ,  რომ ინდუსტრიული პოლიტიკის მესამე ტიპს, ე.წ. დარგობრივ პოლიტიკას, შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს პირველი და მეორე ტიპების განვითარებაზე.

ძალზედ რთულია მიიღო დარგობრივი პოლიტიკის ზემოქმედების დამადასტურებელი ცნობები, ვინაიდან მსგავსი პოლიტიკების შეფასება ძირითადად მეტისმეტად დიდი და გრძელვადიანი პოლისების ანალიზს ეფუძნება. მაგალითად როგორიცაა ‘ნავთობქიმიური მრეწველობის განვითარების ათწლიანი გეგმა’. ამ ყველაფერს უდაოდ აკლია აქტივობა ‘რადარის ეკრანს ქვემოთ’, ანუ აქტივობა რომელიც პოლიტიკის რეალურ საქმიანობაზე ზეგავლენას აფასებს. ასეთი ტიპის ჩარევა შეიძლება  საკმაოდ მცირე სახელმწიფოებრივ ხარჯს მოითხოვდეს, მაგრამ საერთო ჯამში მან შეიძლება  დიდი გავლენა იქონიოს აღმოსავლურ აზიური ფირმების ტექნოლოგიური და წარმოებითი მოცულობის საშუალო დონის ამაღლებაზე.

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ტაივანში, მიმდინარეობდა ტრანსნაციონალური და შიდა ფირმების წახალისება, რათა მათ ჩამოეყალიბებინათ შიდამიმწოდებლური ურთიერთობები და შეექმნათ მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქცია. სხვადასხვა ეკონომიკური დარგების ამგვარი სტიმულირება ტაივანში ახლაც გრძელდება.

მაგალითად,  ტაივანს,  ჰქონდა სამრეწველო განვითარების ბიურო, (Industrial Development Bureau ) რომელშიც 1980-იან წლებში შედიოდნენ 200-მდე ინჟინერი, დარგობრივად დაკავშირებულ პროფესიონალები  და რამდენიმე ბრწყინვალე ეკონომისტი. სამუშაოს დიდი ნაწილის ორგანიზებას დარგთაშორისი ჯაჭვები ახორციელებდნენ. ამ ჯაჭვში გაერთიანებული მეცნიერები (მაგალითისთვის მინა) ახორციელებდნენ ტაივანელი მწარმოებლების მინის მოცულობის, რაოდენობის და უსაფრთხო იმპორტის მონიტორინგს. მათი საქმიანობის ნაწილი იყო საკუთარი სექტორის საწარმოების მონახულება და დაკვირვება. მონიტორინგის და ვიზიტების მიზანი იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების პროცესის ხელშეწყობა იყო.  კერძოდ კი  – სხვადასხვა ადმინისტრაციული მეთოდის გამოყენებით მათ უნდა დაერწმუნებიათ მსხვილი კლიენტები შეეწყვიტათ იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვა და გადართულიყვნენ ადგილობრივ მწარმოებელზე, რადგან ადგილობრივ მწარმოებელს შეეძლოთ ხარისხისა და ფასის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ტრანსნაციონალური კომპანიების შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა „ფილიპსი“, რომელსაც იმპორტით შემოჰქონდა ტელევიზორებისთვის საჭირო სპეციალური მინა, სამრეწველო განვითარების ბიურო მოქმედებდა შემდეგნაირად. ბიუროს ხელმძღვანელებმა ფილიპსს გააცნეს იმპორტის ჩანაცვლების პოტენციური სარგებელი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დადებითად შეხვდებოდნენ კომპანიის სურვილის გაეზიარებინა საკუთარი ხედვა ამ მიზნის მისაღწევად. „ფილიპსმა“ უარი განაცხადა. ამის შემდეგ კომპანია განიცდიდა უამრავ ისეთ  შეფერხებას, რომელსაც მანამდე ადგილი არასოდეს ჰქონია, მაგალითად  შეფერხება სპეციალური მინის იმპორტის განაცხადებზე.  „ფილიპსმა“ ეს ფაქტი გააპროტესტა მინისტრთან, რომელმაც ბოდიში მოიხადა და თქვა რომ შეისწავლიდა საკითხს, თუმცა  შეფერხებები გრძელდებოდა. საბოლოოდ „ფილიპსი“ დათანხმდა სამრეწველო განვითარების ბიუროს წინადადებას იმპორტის ჩანაცვლების გეგმაში ჩართვის შესახებ. შიდა მომწოდებლებმა სწორად აითვისეს მათთვის ესოდენ საჭირო ინვესტიციები და მალე უკვე ექსპორტიორებად გადაიქცნენ.

საქმე იმაშია რომ ამ ტიპის ბიძგები თუ წახალისებები ტრანსნაციონალური და ადგილობრივი ფირმებისა, რომელიც აიძულებდა მათ ურთიერთობაში შესულიყვნენ ადგილობრივ მწარმოებელთან, შეეხო ტაივანის სხვადასხვა ეკონომიკურ დარგს. ეს პროცესი გრძელდებოდა შემთხვევიდან შემთხვევამდე, რამდენიმე დეკადის განმავლობაში.  ამ პროცესისთვის საჭირო იყო არც თუ ისე დიდი ჯგუფი საინჟინრო და ფინანსურ სფეროებში კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კადრებისა, ვაჭრობის მართვის ინსტრუმენტები (თუნდაც ისეთი როგორიც „ფილიფსის“ მაგალითზე ვიხილეთ) და არა სავაჭრო ინდიკატორების ანალიზის უნარი, ჩარევის სწორი ფორმის შესარჩევად. არ არის საჭირო  რთული  სავაჭრო კალკულაციები, რომელსაც მოითხოვენ ტრადიციული ვაჭრობისა და ეკონომიკის თეორიები  მაღალტექნოლოგიებსა და შემოსავლიან ეკონომიკაზე გადასვლის მქონე ქვეყნებისთვის. არავინ დაობს იმაზე, რომ  ძნელია შეაფერხო საჯარო მოხელეების მხრიდან არამიზნობრივი ჩარევა  ამ პროცესში, თუმცა ერთი რამ ნათელია, ეს რთული პროცესი საჭიროებს წლებს და საბოლოოდ, დიდი ნაწილი წარმატებისა სწორედ საჯარო მოხელეთა შრომაზე მოდის.

 

მდგრადი წინსვლა

დღეს ტაივანმა მიაღწია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)  ქვეყნების ტექნოლოგიური საშუალო გრადაციის ზღვარს, რაც 1950 წლიდან მის ამოსავალ წერტილთან შედარებით გასაოცარი შედეგია, მაგრამ სხვა ტექნოლოგიურ ნიშნულებს საკმაოდ ჩამორჩება. მიუხედავად მისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისადმი ერთგულებისა, ის ცდილობს დააწესოს რეგულაციები და  არ მისცეს ბაზარს თვითწარმართვის საშუალება.

ლინდა ვაისი და ელიზაბეტ თურბონი აღნიშნავენ, რომ:  ’’ბაზრის მართვის  პრაქტიკა არ არის მხოლოდ პოლიტიკის სფერო.  იგი უფრო წარმოადგენს ნორმატიულ გარემოს, რომელიც  თავის თავში ბაზრის მართვის სურვილსა და ბაზრის მართვის ლეგიტიმურობას მოიცავს. ამ საკითხს იშვიათად წააწყდებით მეინსტრიმ ლიტერატურაში, რომელიც, როგორც წესი,  საკუთარ კრიტიკას  ადგილობრივი პოლიტიკის პოსტკრიზისულ პერიოდზე აფუძნებს (იგულისხმება ფინანსური კრიზისი, რის შემდეგაც ტაივანის ხელისუფლებამ 1997-98წწ ბაზრის მმართველობაზე უარი განაცხადა). ყველაზე გავრცელებულ პოზიციას წარმოადგენს ის რომ როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს ზოგიერთ პრე-კრიზისულ მიდგომაზე, მან აუცილებლად უარი უნდა თქვას მართვისა ბაზრის მართვაზე და მოიქცეს ლიბერალური შეჯიბრობითობის  ნორმების შესაბამისად’’. ისინი მიანიშნებენ, რომ სამრეწველო განვითარების ბიუროს დაარსება ეხმიანება გოეთეს ცნობილ ციტატას, რომელიც კარგად ასახავს განსხვავებას სახელმწიფოს მიერ მართვად, სტრატეგიულად განსაზღვრულ ეკონომიკასა და ლიბერალურ საწყისებზე დაფუძნებულ ეკონომიკას შორის : „ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია გქონდეს მიზანი და მონდომება იმისათვის რომ მიაღწიო ამ მიზანს“.

ტაივანის სახელმწიფო აგრძელებს განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო სტრუქტურული ერთეულების შექმნას:

• ეკონომიკის დაგეგმარებისა და განვითარების საბჭო – ეს არის ორგანო, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და მას ხელმძღვანელობს ქვეყნის მესამე პირი (ვიცე პრემიერი).

• ოპერატიული სააგენტო, რომელიც მუშაობს სამრეწველო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე; იგივეა რაც ზემოთხსენებული სამრეწველო განვითარების ბიურო და ექვემდებარება  ეკონომიკის საქმეთა სამინისტროს.

• სამრეწველო, დარგობრივი ასოციაცია, რომლის წევრობაც სავალდებულოა. მისი მდივანი ინიშნება სახელმწიფოს წარდგინებით და იგი პასუხისმგებელია ამ ასოციაციის წევრებისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე ( ასევე იმაზე, რომ ეს ასოციაცია არ გახდეს სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელების დამაბრკოლებელი ორგანო)

• ’’კვლევისა და განვითარების’’  საჯარო  ლაბორატორიები, კერძოდ კი- ე.წ ‘umbrella agency’- სამრეწველო ტექნოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი, სადაც 1980 წლის მონაცემებით  10 000 – მდე მეცნიერი იყო დასაქმებული.  ეს დაწესებულებები ჩამოყალიბდნენ საჯარო ტიპის ლაბორატორიებისა და  სამხედრო ტიპის დაწესებულებების ბაზაზე.

ნაციონალური განვითარების მთავარი არსი მდგომარეობს ამ ორგანოთა შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში.  წინათ, პირველი ორი ორგანო ქმნიდა ძირითად მიმართულებებს და სხვა ორგანოებს მხოლოდ მათზე რეაგირება მოეთხოვებოდათ, თუმცა 1980-იან წლებში დაწყებულმა დემოკრატიზაციის პროცესმა მეტი მნიშვნელობა ITRI-ის ლაბორატორიებსა და ინდუსტრიულ ასოციაციებს მიანიჭა. უმეტეს შემთხვევაში ლაბორატორიებსა და ასოციაციებში ხდება იდეათა გენერირება, რის საფუძველზეც ხდება კომპანიათაშორისი თანამშრომლობის ქსელების აგება.

ძირითადად ITRI აწარმოებს სპეციფიურ ტექნოლოგიას (მაგალითად, რადიო სიხშირის მქონე ჩიპურ მოწყობილობებს), თუმცა მისი საქმიანობა აქ არ წყდება, მას მიყავს ეს პროდუქცია პრე-კომერციულ დონემდე, აპატენტებს მას და შემდეგ ქმნის კერძო კომპანიებს, რომლებსაც   აქციების სანაცვლოდ გადასცემს პატენტს. ხშირად ამ ფირმების მენეჯერები ITRI-ს ყოფილი ან ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები არიან. ამ ტექნიკას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ, მათ შორის მცირე დეტალების იმპორტის ჩასანაცვლებლად. მსგავსი ტიპის იმპორტირება ყოველთვის დაკავშირებული იყო დროსთან, რაც ხელს უშლიდა ტაივანის მაღალი დონის სექტორის ჩამოყალიბებას. ამ და სხვა მრავალ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს კომერციული კვლევების რისკს.

განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ადგილობრივი კომპანიების განვითარებას, მაშინ როდესაც უცხოურ ფირმებს ეზღუდებათ გარკვეული საქმიანობა.  გამუდმებით, სახელმწიფო აპარატი ეძებს ცდილობს უცხოური კომპანიების ტექნოლოგიური ცოდნა გადმოიტანოს ადგილობრივი კომპანიების „თავებსა და ხელებში“.   ეს ორგანო ასევე აქტიურად არის ჩართული საზღვარგარეთ მომუშავე ტაივანური  ფირმების მშენებლობაში. სახელმწიფო აპარატის დამსახურებაა ის რომ ტაივანი ახორციელებს ინვესტიციებს საზღვარგარეთ, რაც ამ ქვეყანას წარმოაჩენს როგორც ძლიერ, ორმხრივ პარტნიორს და არა როგორც სუსტ პერიფერიას რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოლოდინშია. ტაივანური ინვესტიციები საკმაოდ მრავლადაა ჩინეთში,  იგი ასევე ქმნის  ფონდებს სხვა განვითარებად ან წამყვან ეკონომიკურ რეგიონებში (მაგალითად იაპონიაში).

ტაივანის სახელმწიფო სტრატეგია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ფირმები მსოფლიოს ტექნოლოგიურ კიდეზე არსებობენ და ამიტომ მათი მთავარი მიზანია მეორე მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება. ამ ფირმებისთვის ამ ეტაპზე ძალზედ ადრეა მთავარ მამოძრავებელ ძალად  და ბრენდულ კომპანიებად  გარდაქმნა.  მათ უნდა შეძლონ პირველი ხარისხის ტექნოლოგიური კომპანიების შექმნილი პროდუქციების კვლევა, ამ ტიპის ინდუსტრიების სტიმულირება და  მსგავსი პროდუქციის შექმნა მანამ, სანამ მოგების მარჟა მინიმუმამდე შემცირდება.  ამ სტრატეგიისთვის აუცილებელია არა მცირე და საშუალო საწარმოების გაერთიანებების, არამედ მსხვილი საწარმოების არსებობა, ვინაიდან მათ შეუძლიათ  დიდი მოცულობის პროდუქციის წარმოება და ამით მსოფლიოს წამყვანი ფირმებისთვის სუბ-კონტრაქტორობის შეთავაზება.

მთავრობის როლი უნდა იყოს სამივე ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიის გატარება. კერძოდ, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ინდუსტრიული კომპლექსების განვითარება ან ე.წ. „ურბანული ეკონომიკური პალატების [ასოციაციების] ან „ეკონომიკური ზრდის ცენტრების“ საქმიანობას. ასევე მთავრობა უნდა დაეხმაროს ინდუსტრიული და მომსახურების სექტორების განვითარებას. თუმცაღა, ეს პროცესი შესაძლებელია მოიცავდეს კონკრეტული სექტორებისა თუ ფირმების განვითარების სპეციფიური ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც თავის მხრივ აჩენენ შესაძლებლობას, ინდუსტრიული და მომსახურების სექტორებმა გადაინაცვლონ გლობალური ღირებულებათა ჯაჭვის მაღალი დამატებითი ღირებულების მომტან რგოლში (მაგალითად, მრეწველობასთან დაკავშირებული სერვისების ინდუსტრია, MRSIS, რადიო სიხშირის მქონე ჩიპურ მოწყობილობების წარმოება).

ტაივანის მსგავსად, დეველოპმენტალისტური სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლები შეინარჩუნეს სინგაპურში, იაპონიასა და  ჩინეთში. თავის მხრივ, სამხრეთ კორეამ დაიწყო განვითარების პოლიტიკის ტიპიური მოდელის დემონტაჟი. იგი დაიწყო გვიან 1980-იანებში და მას საფუძვლად ქვეყნის დემოკრატიზაცია ედო. სამხედრო რეჟიმის დისკრედიტაციამ ბიოროკრატიული წყობისთვის უნდობლობის გამოცხადება გამოიწვია. მოდური ტენდეციისთვის ფეხის ადევნების მიზნით ბევრი კორეელი ეკონომისტი ფუნდამენტალისტ ნეოლიბერალად გარდაიქმნა. ამერიკაში დატრენინგებული კორეელი ეკონომისტები თანამედროვე ეპოქის მისიონერებად გადაიქცნენ. მათ იდეებს მხარს უჭერდნენ დიდი კორეული კონგლემერატები, მაგალითად როგორიცაა სამსუნგი. მისმა ტექნოლოგიურმა განვითარების ხარისხმა  გვიანი 1980-იანებისთვის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია  და ამიტომაც სახელმწიფოს იგი უკვე აღიქვავდა როგორც წინააღმდეგობრივ და არა დამხმარე ძალას. დიდი გავლენა იქონიეს დიდი შვიდეულის (G-7ის) ქვეყნებმა, რომლებიც მოუწოდებდნენ კორეას  ბაზრების გახსნისკენ. ამით მათ სურდათ “ახალი იაპონიის“ თავიდან აცილება. საბოლოოდ, 1995 წელს გაუქმდა ეკონომიკური დაგეგმარების საბჭო, რომელიც ქვეყანაში  1960 წლიდან ფუნქციონირებდა. ამიერიდან კორეული კაპიტალის ბაზარი ხელმისაწვდომი გახდა უცხოური საკრედიტო და ფინანსური კომპანიებისთვის.

თუმცა არც კორეაშია ყველაფერი ‘‘ისე როგორც უნდა იყოს“. ბაზრის კონტროლისთვის აუცილებელი ნორმები კვლავაც ძალაშია, ეს იმას ნიშნავს რომ სახელმწიფოს კვლავაც აქვს ლეგიტიმაცია მართოს ბაზარი.  სახელმწიფო კვლავინდებურად უფლებამოსილია მისცეს მიმართულება კერძო სექტორს, მაგალითად – სახელმწიფო კოორდინაციას უწევს მართვის მექანიზმებს, რომელიც მოიცავს მთავრობასა და ავტონომიურ, მაგრამ ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ფირმებს. მართალია ეს ისე არ ხდება როგორც ხდებოდა ადრე, როდესაც სახელმწიფო ხელმძღვანელობდა კონკრეტული შედეგების მიღების პროცესს.

მაგალითად განვიხილოთ ტელეკომუნიკაციის ლიბერალიზაცია. 1990 წლამდე კორეული სატელეკომუნიკაციო სექტორი მოქცეული იყო მკაცრი რეგულაციების ქვეშ და  მთლიანად ექვემდებარებოდა სახელმწიფოს.  1980-იანი წლების მიწურულსა და ადრეულ 1990იანებში მსოფლიოს ტექნოლოგიურ ბაზარზე ახალი ტექნოლოგია, ციფრული მობილური ტელეფონები გამოჩნდა. ამის შემდგომ ნათელი იყო რომ გაჩნდებოდა უფრო მასშტაბური მოთხოვნა და დაინტერესება  კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების მიმართ. ადგილობრივ კონგლომერატებს სურდათ კავშირგაბმულობის დივერსიფიკაცია. ამერიკის მთავრობამ მოსთხოვა კორეას  გაეხსნა კავშირგაბმულობის ბაზარი ამერიკული ფირმებისთვის, როგორც ამას  GATT/WTOს წევრობა მოითხოვდა.

სწორედ ამ მიზეზების გამო, კორეის სახელმწიფოს მოუწია სექტორის პრივატიზირება და ლიბერალიზაცია.

საბოლოო შედეგები ნათლად გვიჩვენებს თანმიმდევრული, სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული, ლიბერალიზაციის დადებით მხარეებს.  პროცესის ამგვარი წარმართვა ხელს უწყობს ეროვნული ინტერესების დაცვას და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ავალდებულებს სახელმწიფოს განსაკუთრებული მნიშვნელობის სექტორების ნაციონალიზაციას.

მაგრამ მთავრობა მიხვდა, რომ კავშირგაბმულობა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი   წამყვანი დარგი იქნებოდა და კორეისთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი ფირმების ძლიერი მონაწილეობა მსოფლიო ბაზარზე. სახელმწიფომ გადაწყვიტა არ გაესხვისებინა ტელეკომუნიკაციის არსებული კომპანია, არამედ მასთან კონკურენციის გაწევის მიზნით შექმნა სხვა მსხვილი საწარმო და შემდგომ მოახდინა მისი პრივატიზაცია. გარდა ამისა მთავრობამ შესთავაზა  რამდენიმე სხვა კორეულ ფირმას გაევლოთ ლიცენზირება. მთავრობამ ასევე მოიწვია რამდენიმე უცხოური სატელეკომუნიკაციო ფირმა და შესთავაზა მათ ყოფილიყვნენ კორეული ფირმების პარტნიორი  და მხოლოდ ამის შემდეგ დართო მთლიანად უცხოურ ფირმებს ნება გაეწიათ კონკურენცია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ისიც ტექნიკურ აღჭურვილობაზე რეგულაციების პირობებში. ამ პროცესის მიზანი იყო ადგილობრივი მწარმოებლებისა და კომპანიების შემზადება სრული  ლიბერალიზაციის პროცესისთვის, მიუხედავად იმისა რომ ეს არსებითად  ეწინააღმდეგებოდა იმას რაც აშშ-ს მთავრობას ჰქონდა მხედველობაში.

პარალელურად მიმდინარე პროექტი გულისხმობდა საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობას, რათა  კვლევისა და განვითარების (R&D) მეთოდოლოგიით დაემზადებინათ ე.წ. CDMA-ს (Code Division Multiple Access-კოდების დაყოფის მრავლობითი წვდომა) ციფრული ტექნოლოგიებისათვის. ამის მთავარი მიზეზი იყო ის,  რომ უცხოური მოწინავე ფიჭური  კომპანიები არ მიყიდიდნენ მაღალი დონის ტექნოლოგიას კორეელებს.  წარმოებისა და კომერციის სამინისტრომ ჩამოაყალიბა ტექნოლოგიური განვითარების ქსელი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციის კვლევით ინსტიტუტთან ერთად (ETRI), რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო ყოფილ საჯარო ფიჭურ კომპანიასთან და სხვადასხვა კერძო კორეულ საწარმოსთან. თითოეულ ამ სუბიექტს ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული, ინდივიდუალური ფუნქცია.  ამ ქსელის საქმიანობის დაფინანსების დიდი ნაწილი მოდიოდა პრივატიზირებულ, ყოფილ საჯარო კომპანიებში,  სახელმწიფოს წილების გაყიდვიდან. ეს თანხები ასევე მოხმარდა ტელეკომუნიკაციების სერვისის, მათ შორის ინტერნეტზე წვდომის, მოთხოვნის ზრდის სუბსიდირებას. ამით შეიქმნა ერთგვარი დახშული წრე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.

საბოლოო შედეგი გასაოცარი იყო. ჯერ კიდევ 1990 წელს კორეა არაფერს წარმოადგენდა ტელეკომინიკაციის სფეროში, ხოლო უკვე 2000-იანი წლების დასაწყისში იგი გახდა დარგის წამყვანი მოთამაშე.  დღეისთვის კორეა ფლობს ფართოხაზოვანი კავშირების ყველაზე დიდ დაფარვის ზონას. საბოლოო შედეგები ნათლად გვიჩვენებს თანმიმდევრული, სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული, ლიბერალიზაციის დადებით მხარეებს.  პროცესის ამგვარი წარმართვა ხელს უწყობს ეროვნული ინტერესების დაცვას და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ავალდებულებს სახელმწიფოს განსაკუთრებული მნიშვნელობის სექტორების ნაციონალიზაციას.

ბაზრის რეგულირების თეორია:

ერთი საკითხია იმის თქმა, რომ სახელმწიფო აღმოსავლეთ-აზიაში კვლავაც ბაზრის რეგულირების მომხრეა, თუმცა ცალკე ღირებულების მქონეა იმის გარკვევა არსებობს თუ არა რაიმე თეორია, რომელსაც შეუძლია შემოგვთავაზოს ახსნა იმისა თუ როგორ უკავშირდება ამგვარი პოლიტიკა ეკონომიკის სწრაფ ზრდას.

ტრადიციული ეკონომიკური ანალიზის მიხედვით,  სახელმწიფოს ნებისმიერი მცდელობა შეცვალოს ინდუსტრიული საქმიანობების ის შემადგენლობა, რომელიც თავს იმკვიდრებს ბაზრის თავისუფალი ფუნქციონალიზაციის პირობებში, არაეფექტურია და აზიანებს სხვა დარგების კონკურენტუნარიანობას. ისეთი მეთოდები, როგორიცაა პროტექცია, წარმოებისა და ექსპორტის დავალდებულება კომპანიებისთვის, აცლის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსებს უფრო პერსპექტიულ დარგებს და ამცირებს მოხმარებას. მაგალითად, ექსპორტირების დავალდებულების პოლიტიკამ შესაძლოა გააუარესოს ვაჭრობის მონაცემები, ვინაიდან ამ დროს მცირდება სხვა, უფრო მაღალგანვითარებული ინდუსტრიების მიერ ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა.

მაგრამ როდესაც აბსოლუტური კონკურენციის პირობები იცვლება ოლიგოპოლიით – მცირე რაოდენობის ფირმები და ბაზარზე შესვლის ბარიერები – არგუმენტი იცვლება. განსაკუთრებით ეს მოვლენა თვალშისაცემია, მაშინ როდესაც  მხოლოდ რამდენიმე საწარმოს გახსნა შეიძლება და როდესაც პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ეკონომიკასთან გვაქვს საქმე, რომელიც უპირატეს მდგომარეობაში იმ საწარმოებს აყენებს რომელთაც საქმიანობა სხვებზე უფრო ადრე დაიწყეს. ასეთ პირობებში სახელმწიფოს ორიენტირი უნდა იყოს  არა ამგვარი სისტემის წახალისება და უბრალოდ „გამარჯვებულების“ ამორჩევა, არამედ ამგვარი უპირატესობების რეგულირება და მიმართულების მიცემა. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია აღმოსავლეთ ევროპის საშუალო-ტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვისა და აღმოსავლეთ-აზიური საშუალო და მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიებისათვის.

მაგალითად, სახელმწიფოებს შეუძლიათ ჩაერიონ ეკონომიკურ პროცესებში, რათა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი აქტივობების მქონე ეკონომიკური აგენტების მობილობას, მაღალი დანახარჯების მქონე სივრცეებიდან, შედარებით დაბალი დანახარჯების მქონე სივრცეებისკენ. სახელმწიფო ამას,  ბაზარზე უფრო სწრაფად აკეთებს. ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმეების შესწავლა ნათლად გვიჩვენებს, რომ კომპანიები რომლებიც მოქმედებენ არც მთლად სრულყოფილი კონკურენციის პირობებში, რაც საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, შედარებით ნელა რეაგირებენ ზღვრული ფასების სიგნალებზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი კარგად არიან ინფორმირებული ადგილმდებარეობის შეცვლის მომგებიანი შესაძლებლობების შესახებ. ეს განსაკუთრებულად თვალშისაცემია, როდესაც ხდება ფირმის შიდა ოპერაციების ცვლილება, ასევე როდესაც ხდება პროდუქციის გადატანა რეგიონების ცენტრებიდან იაფი მუშა ხელის მქონე ადგილებში. ან მაღალი ფასის მქონე შიდა მომწოდებლის შეცვლა იაფი მომწოდებლით განვითარებადი რეგიონიდან, რაც გამოიწვევს არსებით დანაზოგს.

მექსიკის სავტომობილო წარმოების შემთხვევა ნათელ მაგალითს წარმოადგენს. 1960 წელს ფორდმა და ფოლკსვაგენმა, მექსიკაში, ძრავების დამამზადებელი და ამწყობი  ქარხნები გახსნეს.  პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. ამ გამოცდილებიდან, მათთვის და სხვა ავტო მწარმოებელი ფირმებისთვის, აშკარა გახდა რომ ხარჯების დიდ უპირატესობას, მოგება უნდა მოეტანა. თუმცა, მიუხედავად ამისა,  70-იან წლებში ინვესტიციების მაჩვენებელი საკმაოდ მცირე იყო, საგრძნობლად ჩამორჩებოდა რა მათ მსოფლიო შესაძლებლობებისა და მსოფლიო ქსელში ინტეგრაციისთვის საჭირო მაჩვენებლებს.  სხვა ავტო მწარმოებლებმა არ გაიზიარეს ფორდისა და ვოლკსვაგენის გამოცდილება და უარი თქვეს მექსიკაში ქარხნების გახსნაზე. ასე რომ 78-79 წწ მექსიკის  ოფიციალურმა პირებმა, იცოდნენ რა, რომ ამერიკელი ავტო მწარმოებლები „სახლში“ იაპონის იმპორტის მხრიდან კონკურენციას განიცდიდნენ, გადაწყვიტეს აემოქმედებინათ 1977 წლის დეკრეტი რომელიც ადგილობრივ ბაზარზე შესვლას უკავშირებდა: “თუ მზარდ ექსპორტზე მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებ , შენი შიდა გაყიდვები შემცირდება“.

პირველი გამოხმაურება ჯენერალ მოტორსისგან იყო, რომელმაც 1979 წელს გამოაცხადა რომ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ, ერთჯერად ინვესტიციას  განახორციელებდა მექსიკაში. სხვა ავტომწარმოებლებმა მიბაძეს ჯენერალ მოტორსის მაგალითს და შიდა ბაზრის დაკარგვის შიშით, მექსიკაში წარმოების გაფართოების შესახებ გამოაცხადეს. თუმცა ეს იყო 16 წლის შემდეგ რაც ფორდმა და ფოლკსვაგენმა დაამტკიცეს მექსიკის ქარხნების სარფიანობა. ისინი და სხვა ავტო ფირმები დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდნენ საერთაშორისო ფარდობით უპირატესობას და მხოლოდ მექსიკის მთავრობის კონკრეტული ქმედებების შემდგომ  გააქტიურდნენ.

სამხრეთ აფრიკის ავტო წარმოების შემთხვევა უფრო ახალ მაგალითს წარმოადგენს. ამ ქვეყნის მთავრობამ, 1995 წელს შემოიღო ექსპორტ – იმპორტის დამაკავშირებელი სისტემა (მექსიკის მსგავსად) რომლის მიხედვითაც საავტომობილო კომპანიის წვდომა ადგილობრივ ბაზარზე  (350 000 მსუბუქი ავტომანქანის ერთეულით  ზრდის პერსპექტივით წელიწადში) დამოკიდებული გახდა საექსპორტო მაჩვენებლებზე. ამას გარდა ამუშავდა რამდენიმე დამატებითი პროგრამა, რომლის მიზანიც ბიზნესის ორგანიზებისა და შრომითი ურთიერთობების საკითხების  ყველა რგოლში გაუმჯობესება გახლდათ. ამ პროგრამის ფორმულირება და მონიტორინგი ავტო-ინდუსტრიის განვითარების საბჭოს დაევალა. საბჭო,  რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ამწყობი, გამომშვები და გადამყიდველი კომპანიების, პროფკავშირებისა და მთავრობის წარმომადგენლები და მეცნიერები, ყოველ 6 კვირაში ერთხელ იკრიბებოდა.  პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამი გერმანული ავტო-კომპანიის, ასევე ფორდისა და ტოიოტას, ურთიერთკონკურენციის სამხრეთ აფრიკის ინტერესებისთვის გამოყენება. ჯასტინ ბერნსი და სხვები გვიჩვენებენ, რომ აუტო ინდუსტრიის მასტიმულირებელი სელექციური პოლისები ფაქტობრივად ყოველთვის ეფექტურია, ეფექტურობის განმსაზღვრელი სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით. ისინი არ მოითხოვენ  დიდ სახელმწიფო ხარჯებსა და რთულ კალკულაციებს.

 

დასკვნა

ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს მთავარი დასკვნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის რეგულირების სტრატეგიის მხარდამჭერი იმ თეორიის, ან თეორიული გაგების, მთავარი საზრისი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ განვითარებადი ქვეყნების კონტექსტში (მათ შორის აღმოსავლეთ-ევროპის კონტექსტში) მდგომარეობს „მასშტაბის ეკონომიკაში“ (ფასის უპირატესობა, რომელიც ჩნდება პროდუქციის გაზრდილი წარმოებისას), მუშაობის პროცესში სწავლის (learning by doing), ახალი ნაკადის კომპანიებისა და შედარებითი უპირატესობების მიკერძოებული ხასიათისგან.  ამავე დროს არსებობს შესაბამისი ემპირიული ცნობები, რის საფუძველზეც მომზადებული დასკვნები განსხვავებულია და არცერთ მხარეს არა აქვს უპირატესობა ამ დისკუსიაში, მათ შორის ისეთ საკითხზე როგორიცაა ეფექტურობა, მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის კონტექსტში.

თემატური კვლევები გვიჩვენებენ რომ ინდუსტრიული პოლიტიკის სტრატეგებისთვის განსაზღვრული დავალება, იპოვონ სამიზნე პროდუქცია ან ქვესექტორი, საერთოდაც არ არის რთული. ამისთვის საჭიროა წარმოებისთვის საჭირო ხარჯების განსაზღვრა, იმპორტირებულ პროდუქციასთან მისი ფასისა და ხარისხის შედარება, მოთხოვნის ელასტიურობის შეფასება და ა.შ. ეს დაახლოებით ისეთივე გათვლებსა და გაანგარიშებებს მოითხოვს, როგორსაც ნებისმიერი ტრანსნაციონალური კომპანია ყოველდღიურად აკეთებს.  პროცესი ასევე მოიცავს ტრანსნაციონალური კომპანიების გაყიდვების ტაქტიკის შესწავლასა და მათ გამოყენებას ეროვნული ინტერესებისთვის.

აღმოსავლეთ-ევროპის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინდუსტრიული პოლიტიკის დამგეგმავებმა არ იფიქრონ მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, არამედ ასევე იფიქრონ მათ მიერ საზღვარგარეთ ამგვარი ინვესტიციების განხორციელებაზეც – საბანკო ფინანსების გამოყენებით კომპანიების შთანთქმა და გაერთიანება, ინვესტიციების მიმართვა არსებული საწარმოების შეძენიდან, ფუნდამენტურ ინდუსტრიებში ახალი საწარმოების დაარსებისკენ. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ცენტრ-პერიფერიულ დამოკიდებულებას, როდესაც პერიფერიის ერთადერთ ხსნად ცენტრისგან წამოსული რესურსების იმედზე ყოფნაა. და კვლავაც, ტაივანისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს თუ როგორ უნდა მიმართოს სახელმწიფომ გარე ინვესტიციები ეროვნული ინტერესებთან შესაბამისობისთვის.

პოლიტიკების შემუშავებისას რთულია ინდუსტრიული პოლიტიკის ბიუროკრატიის ორგანიზება – მაშინაც კი როდესაც საქმე ეხება არც თუ ისე დიდ განვითარებად ქვეყანას, რომელიც მოტივირებულია შეასრულოს დასახული მიზნები.

მაგრამ შედარებით მერიტოკრატიული სააგენტოების დაარსება, როგორიც იყო ტაივანის ინდუსტრიული განვითარების ბიურო, არ უნდა ცდებოდეს აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნების შესაძლებლობების ფარგლებს.

საბოლოოდ მთავარი დაბრკოლება წარმატების გზაზე მდგომარეობს შემდგომში: ფლობს თუ არა სახელმწიფო საკმარის ლეგიტიმაციას ეკონომიკურ აქტივობათა შემადგენლობის ცვლილებისთვის. ტაივანის ინდუსტრიული განვითარების ბიუროს საქმიანობა გამსჭვალულია ზემოთ მოყვანილი, გოეთეს ციტატის პათოსით. მეორე მხრივ, »საერთაშორისო განვითარების საზოგადოებასა’’ და ტრანსნაციონალურ ეკონომისტებს შორის გაბატონებული ნორმა თავს იჩენს სერ ტერენს ბერნსის მოსაზრებაში. ბერნსი, რომელიც გახლდათ ტეტჩერის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, აღნიშნავს რომ : ‘’თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვიშოვოთ ფული წარმოებიდან, მაშინ ჩვენ სხვა რამ უნდა ვცადოთ“. ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰერბერტ შტეინის სიტყვები, რომელიც  რეიგანის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმდჯომარე  გახლდათ. იგი ამბობდა : ,, თუკი ამერიკისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება რკინის მისაღებად არის ‘’დალასის“ ჩანაწერების მიყიდვა იაპონიისთვის, მაშინ დალასის კასეტების/ჩანაწერების წარმოება უნდა გახდეს ჩვენი მთავარი ინდუსტრია“.

ბერნსისა და შტეინის განცხადებები გულისხმობდნენ რომ შეჯიბრებითობის/კონკურენციის მოდელი პასუხობს რეალობას.მეორე მხრივ, გოეთეს ციტატის პათოსით გამსჭვალული ტაივანური მოდელის მიხედვით, რეალობა უნდა გავიგოთ ოლიგოპოლისტური ბაზრების არსებობის ჭრილში, რომელთა მართვა იძლევა პოტენციურად მაღალ სარგებელს.  აღმოსავლეთ-ევროპელ ეკონომისტებსა და პოლიტიკოსებს სჯერათ ბერნსისა და შტეინის, რითაც საფრთხეს უქმნიან საკუთარი ქვეყნების ეკონომიკის პერსპექტივას დაეწიოს დასავლეთის განვითარების დონეს.

 


 

Share on Facebook191Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*