სახელწიფოს აქვს საშუალება, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები უფასო გახდეს

Share on Facebook183Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ ვითარებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, პარტია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გვესაუბრება;

განათლების რეფორმამ ამ სფეროს, წინსვლის თვალსაზრისით, ვერაფერი შესძინა. განათლება და მეცნიერება მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებთან, მათ შორის, ეკონომიკასთან. ადამიანს ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: ფიზიკური ანუ მატერიალური მოქმედებისთვის საჭირო უნარების შეძენა, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, სურსათით მომარაგებასთან და მეორე- საკმარისი კომპეტენცია იმისთვის, რომ სრულად დაიკმაყოფილოს როგორც მატერიალური, ისე სულიერი მოთხოვნები, ეს კი განათლების სისტემაზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას მაღალი დონის განათლების მიღების წინაპირობა, შესაბამის დონეზე უნდა იყოს განვითარებული მეცნიერება.

– თუმცა, გამოითქმება მოსაზრება, რომ მეცნიერება, მაღალი დონის განათლება დიდი ფუფუნებაა დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებისთვის, მითუმეტეს, გლობალიზაციის ეპოქაში..

– გაერთიანებული ერების ჯერ კიდევ 1999 წლის ანგარიში გამაფრთხილებელ ცნობას შეიცავს: როცა ბაზარი საკმარისზე შორს მიდის სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებზე გავლენის თვალსაზრისით, გლობალიზაციის სარგებელი არათანაბრად ნაწილდება. ის თავს იყრის ცალკეული ადამიანების, ერებისა და კორპორაციების ხელში და იწვევს დანარჩენების მარგინალიზაცის”. მოსახლეობის მარგინალიზაციის ერთ-ერთი ნიშანი კი განათლების დონის დაქვეითებაა. გლობალიზაციამ ადამანებს ერთი მხრივ, ინფორმაციის გაცვლის, ტექნოლოგიური, ეკონომიკური აქტიურობის მეტი პირობა შეუქმნა, მოიხსნა შეზღუდვები, მაგრამ ამ პროცესს ადაპტირება, სპეციფიკური მომზადება სჭირდებოდა და სჭირდება. შესაბამისად, თუ არ გაიზრდება დანახარჯები სწავლა-განათლებაზე, განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, უფსკრული ორ სამყაროს შორის კიდევ უფრო გაიზდებოდა, რაც მოხდა კიდეც.

დღეს, გაეროსა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით მუდმივად იზრდება უთანაბრობა მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის. მარკეტიზაციის, ნეოლიბერალიზმის პირობებში საქართველოს ხელისუფლება საკმარის თანხას არ დებს განათლებაში და მიიჩნევს, რომ ინდივიდმა თვითონ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. განათლების, გლობალიზაციის პროცესის სიკეთეებით ვერ სარგებლობენ ის ადამიანები, ვისაც ფული არა აქვს. დღეს საქართველოში ფასიანი განათლების დამკვიდრებამ დიდი სირთულეები შექმნა, განსხვავებით იმ მდიდარი სახელმწიფოებისგან, სადაც მოსახლეობას სწავლაში ფულის გადახდის საშუალება აქვს.

მრავლისმეტყველია, რომ მიუხედავად ამისა, მთელ კონტინენტურ ევროპაში გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია და სხვ. სწავლა ფაქტობრივად, უფასოა. საქართველოში სახელმწიფოს, ერთი მხრივ ცოტა ჰქონდა ფული და მეორე მხრივ, თანხის ეკონომია სწორედ განათლებაზე ხდებოდა, მიიჩნევა, რომ სწავლა-განათლება ისეთივე საქონელია, როგორიც მაწონი თუ კარაქი, ანუ ის აღარ არის საზოგადოებრივი პროდუქტი. ასე რომ, ამ სფეროში სერიოზული გარღვევაა საჭირო, და არა მხოლოდ ზედაპირული ცვლილებები. არსებობს იმ ქვეყნების მაგალითი, სადაც განათლების რეფორმა წარმატებით ჩატარდა-ბრაზილიაში 25 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკიდურეს სიღატაკეს თავი დააღწია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომ მათ შვილები სკოლაში ეტარებინათ.

– ჩვენმა გაზეთმა ამა წლის 23 მარტს მიმართა განათლებისა და მეცნიერები სამინისტროს კითხვით: რამდენი დაიხარჯა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების სფეროსთვის გამოყოფილი თანხებიდან, კონკრეტულად, უმაღლესი განათლების სფეროსთვის, რამდენი-საშუალო სკოლებისა და პროფესიული განათლებისთვის, რამდენი-მეცნიერებისთვის…  კანონის თანახმად, პასუხი ათ სამუშაო დღეში უნდა მიგვეღი, მაგრამ..

– ეს საჯარო ინფორმაციაა, თქვენს კითხვაზე უნდა ეპასუხათ. 2011 წლის ბიუჯეტის კანონის თანახმად, განათლებასა და მეცნიერებაზე სულ გამოყოფილია 550, 8 მილიონი ლარი (ორი მილიონით ნაკლები, ვიდრე 2010 წელს). ეს საბიუჯეტო ასიგნებათა 7, 75 პროცენტს შეადგენს. აქედან, საშუალო სკოლებისთვის გათვალისწინებულია 326,1 მილიონი ლარი, პროფესიული განათლების ცენტრებისთვის-6, 3 მილიონი ლარი, უმაღლესი განათლებისთვის-59,8 მილიონი ლარი; მეცნიერების განვითარებისთვის კი მხოლოდ 30 მილიონი ლარი. როგორც ვხედავთ, მეცნიერების განვითარებისთვის ძალზე მცირე თანხა გამოიყოფა, მასზე დანახარჯი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტია! შედარებისთბის, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი არის 14 მილიარდი დოლარი, ამ ციფრის 0,2 პროცენტი დაახლოებით 30 მილიონი დოლარია, შევადაროთ ჩვენი მდგომარეობა იმ სახელმწიფოს, სადაც დაახლოებით იმავე რაოდენობის მოსახლეობაა, -ფინეთს. ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით, 185 მილიარდია, მეცნიერებაზე მისი 4 პროცენტი, ანუ 7 მილიარდი დოლარი იხარჯება. ანუ, ფაქტობრივად, საქართველოში მეცნიერების დაფინანსება არ ხდება. ბოლო ათწლეულებში, პოლიტიკური პროცესების ფონზე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები არცთუ ეფექტურად მუშაობდა. თუმცა, 2003 წლიდან დაიწყო მეცნიერების რეფორმა, რომელიც სინამდვილეში, მისი ლიკვიდაციით დასრულდა.

საქართველოში არსებული ტრადიციული კვლევითი ინსტიტუტები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ან უნივერსიტეტებს შეუერთდა, ან ფაქტობრივად, გაუქმდა. არ ხდება მეცნიერების ახალი კადრებით შევსება, მაგალითად, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ბოლო 20 წლის განმავლობაში არცერთი ახალი თანამშრომელი არ მიუღიათ. ეს მაშინ, როცა ევროპელები ცდილობენ, დანახარჯმა მეცნიერებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს მიაღწიოს, 1 პროცენტზე ნაკლები, მეცნიერების დაფინანსება ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის, საქართველოში კი ამაზე 5-6-ჯერ ნაკლებია. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელიც ბუნებრივი რესურსებით არცთუ მდიდარია, ეს კატასტროფაა. თუ ჩვენი ქვეყანა ცივი ომის პერიოდში მეორე სამყაროს ქვეყნებს მიეკუთვნებოდა, დღეს მესამე-განვითარებადი ქვეყნების სტატუსისკენ მივექანებით. განათლებისა და მეცნიერების სფეროს თავკაცებს ავიწყდებათ, რომ მეცნიერება, განათლება და ეკონომიკა მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

დღეს ქართულ სოფლებში აგრონომი აღარ სჭირდებათ. გადარჩენისთვის, გლეხობის უმრავლესობას, მხოლოდ ბოსტანი აქვს.  შეძლებენ ეს ადამიანები იყვნენ კონკურენტუნარიანნი დღევანდელ მსოფლიოში? დასავლეთში მეცნიერების განვითარებაზე ბევრს ხარჯავს წარმოების სექტორი, ბიზნესი, მაგალითად, ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიები, როგორიც არის “ერიქსონი”, “ნოკია”. საქართველოში კი ბიზნესი მეცნიერებაში არცერთ თეთრს არ დებს.

– თქვენი აზრით, საკმარისია თუ არა განათლების სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები?

– რა თქმა უნდა, სრულებით არასაკმარისია. თუ საკუთრივ განათლებაზე დახარჯულ თანხებს მოსახლეობის სულადობაზე გადავიანგარიშებთ, საქართველოში მცხოვრებ 1 ადამიანზე დაახლოებით 65 აშშ დოლარი მოდის, მაშინ როცა ლიტვასა და ლატვიაში ეს მაჩვენებელი 1100-1100 დოლარს შეადგენს, საფრანგეთში-2000, ინგლისში-2300, შვედეთი-2600, ნორვეგია-2800 დოლარი.

თუნდაც დღევანდელი ბიუჯეტით, სახელმწიფოს აქვს საშუალება, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები გახდეს უფასო იმ სტუდენტებისთვის, ვინც შესაბამის ცოდნის დონეს გამოამჟღავნებენ. ხოლო ის, რაც დღეს ხდება, ადამიანის ელემენტარული უფლებების დარღვევაა, რადგან ამ ახალგაზრდების მშობლებს არა აქვთ საშუალება, გადაიხადონ საკმაოდ დიდი თანხები. ისმება კითხვა: სად შეიძლება ეს ფული გამოვნახოთ? საქმე ის არის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 49 პროცენტი ხმარდება მმართველობის ორგანოებს, თავდაცვის სფეროს, საზოგადოევრივი წესრიგის ხარჯებს. იმავე ევროპული სახელმწიფოები რომ ავიღოთ, იქ ამ სფეროების დასაფინანსებლად ბიუჯეტის მხოლოდ 18-19 პროცენტი ხმარდება, სხვაობა მართლაც შთამბეჭდავია და სწორედ ამ სფეროდან გამოთავისუფლებული ხარჯები უნდა მიმართოს სახელმწიფომ სწავლა-განათლებისკენ. ევროპის ქვეყნებში განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე ბიუჯეტის 73 პროცენტი იხარჯება, საქართველოში- 37 პროცენტი, ანუ ორჯერ ნაკლები. ასე რომ საბიუჯეტო თანხები სწორად უნდა გადავანაწილოთ. განათლებაში ჩადებული თანხა არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ იმ 10 000 ახალგაზრდის პრობლემა, რომელსაც ამჟამად სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.

თავდაცვის, უსაფრთხოების ხარჯებს 10 პროცენტი, ანუ 200 მილიონი ლარიც რომ მოვაკლოთ, ეს მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის განათლების, ჯანმრთელობის სფეროების წინსვლისთვის. ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა უნდა შეიცვალოს: განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა უნდა მიიჩნიონ ისეთსავე საზოგადოებრივ პროდუქტად, როგორიც ჰაერია და რომლითაც ყველა სარგებლობს. ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ ადამიანის პოლიტიკური უფლებების დაცვაზე, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ უვიცი და ავადმყოფ ადამიანები პოლიტიკურ უფლებებს ვერც კი გამოიყენებენ!

– ქვეყნის პრეზიდენტი ხშირად აცხადებს, რომ საქართველოში ისეთივე სკოლები უნდა იყოს, როგორიც შვედეთსა და გერმანიაშია..

– და რას გულისხმობს პრეზიდენტი? იქაურ სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესი უმაღლეს დონეზეა აყვანილი. სახელმწიფო ამ სფეროსთვის თანხება არ იშურებს, უმაღლესი განათლება უფასოა. თუ მართლა უნდათ შედეგის მიღწევა, დღევანდელი პოლიტიკური კურსი რადიკალურად უნდა შეცვალონ. სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული დასაქმებულთა რიცხვის ზრდაზე, განათლება, სოციალური სფერო მისი ზრუნვის ძირითადი საგანი უნდა გახდეს. სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ეკონომიკის განვითარებაზე და მეტი ყურადღება მიაქციოს განათლებას, მეცნიერებას, რათა კვლავ ჩამორჩენილთა, მაჩანჩალათა შორის არ ვიყოთ..

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ცნობისათვის: 2011 წლის მონაცემებით, განათლების დაფინანსების წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 2, 7 %-ია, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში-3,8 %, სომხეთში-3, 5%, საფრანგეთში-6 %-ია, საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი 5 პროცენტია.

Share on Facebook183Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*