საჭიროა კიდევ ერთი ფონდი

პრემიერ–მინისტრის მიერ განვლილი ასი დღის შეფასებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ყველაზე მნიშვნელოვნად სამი ფონდის დაარსების შესახებ განცხადება მეჩვენა. ეს  ფონდები, როგორც ინსტიტუციები,  მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას და ადგილობრივთან პარტნიორობის გზით – უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ამდენად, ეს არის საკმაოდ ეფექური ნაწილი მექანიზმებისა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანამ მის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევებს უნდა გაართვას თავი და ხელი შეუწყოს პირველ ეტაპზე უმუშევრობის, სხვა სოციალური პრობლემების გადაჭრას, მომდევნო ეტაპზე კი ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება განაპირობოს.

ეს პრობლემები დღეს უმთავრესია, და  მაინც, არა ერთადერთი. ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური არსება, რომელიც ცხოვრების აზრს კვების, ელემენტარული მოთხვნილებების დაკმაყოფილების, ყოფითი კეთილდღეობისკენ მისწრაფებაში ხედავს. იგი ამავე დროს კულტურული მოვლენაა, განპირობებული ტრადიციით და ფასეულობათა სისტემით, და მოწოდებული მათი განგრძობისათვის, სრულფასოვანი ცხოვრებისა და თვითრეალიზაციისთვის. მას სჭირდება ფასეულობრივი ორიენტირები, განცდა, რომ ცივლიზაციას, საკაცობრიო კულტურულ სივრცეს ეკუთვნის, რომ საშუალება აქვს ისარგებლოს ადამიანის ცნობიერების განვითარების პროცესის მონაპოვრით, და თავადაც შეიტანოს წვლილი შემდგომ განვითარებაში.

წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლოგიკის პირობებში თვით სიტყვა ‘კულტურის’ მნიშვნელობა დეგრადირდა. ხელისუფლება კულტურის მოღვაწეებში ხედავდა მხოლოდ სისტემის მსახურებს, რომლებსაც ანტიადამიანური პოლიტიკის ფასადი უნდა შეელამაზებინათ შენობების აჭრელებით, ხელისუფლების ღონისძიებებზე ჰიმნების მღერით თუ იდეოლოგიური მესიჯების მიხედვით ფილმების გადაღებით. ვინც მზად არ იყო მსახურის ეს როლი შეესრულებინა, დაუყოვნებლივ ჩარეცხილად ცხადდებოდა. შემოქმედებით შრომის მატერიალური უკუგება ადამიანთა ღირსების შემლახველი იყო, უზღუდავდა მათ დამოუკიდებლობას. კულტურის პოლიტიკის სრული მოშლის, ისედაც მწირი დაფინანსების არაგონივრული ხარჯვის, სახელმწიფო მოხელეთა კულტურული თვალსაწიერის შეზღუდულობის პირობებში შეუძლებელი იყო კულტურის შენარჩუნება და განვითარება, კულტურული პოტენციალის, როგორც პროგრესის  უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გამოყენება. ამ პირობებში არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება იქცა ნორმად – რაც ყველაზე ნათლად ბაგრატის ტაძრის ‘რეაბილიტაციის’ შემთხვევაში გამოიხატა, არამედ დეგრადირდა აქტუალური შემოქმედებითი პროცესები. შედეგად ახალგაზრდა ხელოვანთათვის თვითრეალიზაციის ლამის ერთადერთ პირობად ქვეყნის დატოვება იქცა. შესაბამისად, ქვეყნის შემოქმედებითი პოტენციალის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ, ძირითადად ევროპაში აღმოჩნდა.

განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ არ შეიძლება იმის იმედად ვიყოთ, რომ მიზანმიმართული პოლიტიკის გარეშე, სპონტანურად, მხოლოდ ეკონომიკის განვითარებით თავისთავად მივალთ სრულფასოვან კულტურულ ცხოვრებამდე. ყველა ცივილიზებული ქვეყანა მიზანმიმართულად ზრუნავს საკუთარი კულტურის განვითარებაზე, რადგან კარგად აცნობიერებს იმ სიკეთეს, რაც ამას მოჰყვება შედეგად. აუცილებელი არ არის ადამიანი უეჭველად მხატვარი ან მწერალი იყოს, ამ პოლიტიკის სუბიექტად რომ მივიჩნიოთ. რაც უფრო მაღალ მიზნებზეა ორიენტირებული ადამიანი, რაც უფრო ფართოა მისი მსოფლმხედველობრივი თვალსაწიერი, მით უფრო ეფექტურია მისი შრომა ამა თუ იმ სფეროში, მით უფრო ტოლერანტულია განსხვავებულისადმი ურთიერთობისას, მით უფრო შემოქმედებითია ყოველდღიური თუ საქვეყნო პრობლემების გადაჭრისას.

სიკეთეები, რაც შემოქმედებითი–კულტურული პროცესების განვითარებას მოჰყვება, უამრავი და უმნიშვნელოვანესია:

გლობალიზაციის ეპოქა ყველა, და განსაკუთრებით, მცირე ერებს ახალ, უპრეცედენტო გამოწვევათა წინაშე აყენებს. კულტურული იდენტობის, ტრადიციათა და თვითმყოფადობის, საკუთარი უნიკალურობის შენარჩუნების და განვითარების აუცილებლობა თითოეული ჩვენგანისაგან, მით უფრო, სახელმწიფოსაგან ასევე უპრეცედენტო ძალისხმევას და შემოქმედებითობას ითხოვს.

ამავე დროს, კულტურა, როგორც ასეთი, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადენს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის განსაზღვრისას, და ეკონომიურ ფაქტორებზე უფრო მეტად განაპირობებს საზოგადოების კუთვნილებას კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილისადმი. კულტურა ის უნიკალური ფენომენია, რომელსაც ენობრივ, პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა ბარიერთა უგულვებელყოფით შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს სრულიად განსხვავებული ინდივიდები და საზოგადოებანი. საკუთარი კულტურის აღიარების სურვილი ბუნებრივად გულისხმობს ჩვენ მიერ სხვის აღიარებას და პატივისცემას, განსხვავებულის მოსმენას, დიალოგს. ეს კი არა მხოლოდ შინაგანად ამდიდრებს თითოეული ჩვენგანის სულიერ სამყაროს, არამედ აყალიბებს ტოლერანტობას და სოლიდარობას ადამიანებს შორის, აახლოებს ადამიანებს და ქვეყნებს, უზრუნველყოფს სრულფასოვან ჩართულობას მსოფლიო კულტურულ პროცესებში, და ამდენად – განაპირობებს ღირსეული ადგილის დაკავებას კაცობრიობის კულტურულ ველში,  რომელიც, ყველა ჩვენგანის აზრით, სამართლიანად გვეკუთვნის. ამიტომაც, კულტურული დიპლომატია – საკუთარი კულტურის და ხელოვნების პროდუქტების გაცნობა სხვა ხალხებისათვის, დღეს ერთ–ერთ ქვაკუთხედად იქცევა განვითრებული ქვეყნების კულტურულ პოლიტიკაში.

საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი: ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება ამოუწურავი რესურსია მდიდარი და მრავალგვაროვანი კულტურული სივრცის ფორმირებისათვის, ადამიანებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგებისათვის. ამდენად, კულტურულ პროცესთა სრულფასოვნება ასევე გულისხმობს ქვეყნის მრავალეთნიკურობის, სუბკულტურათა სრულფასოვან ასახვას დაცვისა და განვითარებისაკენ მიმართულ კულტურულ პროცესებში. მოსახლეობის ფართო ფენების წახალისება  შემოქმედებითი მონაწილეობისათვის, ერთი მხრივ, კულტურული განვითარების, მეორე მხრივ კი – საერთო საზოგადოებრივ სხეულში ინტეგრაციის პირობას წარმოადგენს.

კულტურის პოლიტიკის ერთ –ერთი უმთავრესი დანიშნულება – უკვე მოპოვებულის დაცვაა. ქართული კულტურა მოიცავს იმ მდიდარ წვლილს, რაც ჩვენმა ქვეყანამ და აქ მცხოვრებმა ხალხებმა შეიტანეს ადამიანის ცნობიერების ევოლუციის, კაცობრიობის განვითარების  პროცესში; ამ მონაპოვარის გაფრთხილება და პოპულარიზაცია არსებითი საკითხია.

მაგრამ კულტურის პოლიტიკა არ შეიძლება მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდეს. თვით ჩვენ ისტორიულ მონაპოვარსაც უფრო მეტი ფასი მხოლოდ მაშინ დაედება, თუკი შემოქმედებითი პროცესები დღესაც აქტიურად წარმიმართება, თუკი ჩვენ ვაგრძელებთ და ვქმნით ახალ კულტურას. ვინ დაიჯერებს ჩვენი ტრადიციული ფესვების მნიშვნელობას, თუკი იგი დღესაც არ ისხამს ნაყოფს, თუკი იგი მკვდარი, საარქივო ფასეულობაა მხოლოდ, და არა ცოცხალი გამოცდილება, რომლის გაგრძელებით ან თუნდაც რომელთან დებატებშიც – თანამედროვე ხელოვნება არ ვითარდება?

ეს ყველაფერი იმ მნიშვნელობისა და მასშტაბის საქმეებია, რომ მიამიტობა იქნებოდა დაგვეჯერებინა ლიბერტარიანული მითები თვითრეგულირებადი ბაზრის უზენაესობაზე, ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოგვეხსნა და პროცესები მხოლოდ კერძო ინიციატებისთვის მიგვენდო.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ხელისუფლების მნიშვნელოვანი განაცხადი იქნებოდა კიდევ ერთი ფონდის, პირობითად – კულტურის განვითარების ფონდის შექმნა. ეს იდეა ახალი არ არის. მისი განხილვა პირველად ორიოდე წლის წინ, სამხატვრო აკადემიაში, სტუდენტთა და პედაგოგთა თვითორგანიზებულ ‘თავისუფალ სახელოსნოში’ მოეწყო.  შემდეგ, ერთი ჩემი მეგობრის წყალობით, მე მომეცა საშუალება კულტურის სამინისტროში კულტურის დაფინანსების გზების შესახებ გამართულ კონფერენციაზე მესაუბრა ამის შესახებ. პროფესიონალები ენთუზიაზმით ხვდებოდნენ ამ იდეას, მაგრამ, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მხრიდან არაფერი ინტერესის მსგავსიც არასდროს ყოფილა გამოჩენილი. ეს ფონდი რა თქმა უნდა ერთადერთი არაა, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია, მაგრამ, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია.

საქართველოში ბოლო წლების მანძილზე კულტურის მიმართულებით რამოდენიმე ფონდი ოპერირებდა. მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა ‘სოროსის ფონდის’ მეშვეობით. არის სხვა ფონდებიც, თუმცა ამ ფონდების პრიორიტეტები სრულად ვერ ფარავს იმ მიმართულებებს, რაც ქვეყნის კულტურული ვითარების – საზოგადოებრივ ინტერესებთან შესაბამისად განვითარებას სჭირდება. ამ მიმართულებით მეტი აქვს გაკეთებული ‘ქართუ ფონდს’. თუმცა იგი აქცენტებს ძირითადად არსებულის დაცვა–შენახვა–რესტავრაციის, ხელოვნების მოღვაწეთა სოციალური უზრუნველყოფის თავისთავად კეთილშობილურ საქმეზე აკეთებს. ჩვენი ფონდის შემთხვევაში კი აქცენტს ვაკეთებთ განვითარებაზე, შემოქმედებითი პროცესის სრულფასოვნებაზე, ახლის შექმნაზე.

ამჯერად ამ ფონდის დეტალებზე ფართოდ არ ვისაუბრებ, მხოლოდ ზოგადად მოვხაზავ, როგორ წარმომიდგენია მისი მუშაობა და ორგანიზაცია:

პირველ რიგში იქნება თავად ფინანსური ფონდი, რომლის მნიშვნელოვან წილს სახელმწიფო ავსებს, თუმცა ცხადია, იგი ღიაა კერძო დონორებისთვისაც.

ხდება დარგების დიფერენცირება (სახვითი ხელოვნება, თეატრი, მუსიკა და ა.შ.) და ამის მიხედვით ფონდის დანაწილება.

ფონდს განკარგავენ არა სახელმწიფო მოხელები – არამედ პროფესიონალების, საზოგადოებრივი რეპუტაციის მქონე ადამიანებისაგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც განიხილავს წარმოდგენილ პროექტებს, და მათგან საუკეთესოებს აძლევს ვიზას დაფინანსების მისაღებად.

პროექტები შეიძლება იყოს მრავალგვარი: დაწყებული ახალგაზრდა მხატვრის კონკრეტული ნამუშევრის ან მაგ. გამოფენის დაფინანსებით, შემოქმედებითი სტიპენდიებით, დასრულებული სახელოვნებო ჟურნალის, ან სასწავლო სისტემის განვითარებისკენ მიმართული პროექტებით.

გარდა ქვეყნის კულტურულ აღორძინებაში საკუთარი წვლილის შეტანისა წმინდა კეთილშობილური მოტივისა, ამ პროცესებში მონაწილეობით დონორებს შესაძლოა ჰქონდეთ საკუთარი რეპუტაციის, სოციალური  კაპიტალის გაზრდის ჯანსაღი ამბიციაც.

დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მუშაობა მოკლე ხანში მოგვცემდა თვალსაჩინო შედეგებს.

დღევანდელი ხელისუფლების განწყობები ამ პროცესის დაწყების იმედს იძლევა. ბევრ სხვა ადამიანთან, განსაკუთრებით კულტურის მინისტრ ბატონ გურამ ოდიშარიასთან ერთად ვგულისხმობ პირადად პრემიერ–მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმ როლს, რაც მას შეუძლია შეიტანოს ამ პროცესში. მისი ერთ–ერთი პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე ბიზნეს ცენტრში, ძვირადღირებულ და ცნობილი ავტორების ნამუშევართა ფონზე მოხდა. ხელოვნების ნაწარმოებებში, განსაკუთრებით – უკვე აღიარებულ და ცნობილ ავტორთა ნამუშევრებში ინვესტირება – ერთ ერთი ყველაზე მომგებიანი და სტაბილური ბიზნესია, და ამ ბიზნესის მიდევნა აუცილებლობით არ გულისხმობს ხელოვნების სიყვარულს ან გაგებას. მაგრამ ამ ინტერვიუდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ ბატონი ივანიშვილი არა უბრალოდ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული კოლექციის მფლობელია, არამედ – ხელოვნების მოყვარული და დამფასებელიც. ხოლო  სიყვარული – თუკი ის მართლაც არსებობს – პირველ რიგში ზრუნვას, განვითარებასა და ახლის ქმნაზე ხელშეწყობას გულისხმობს, და ბატონი ივანიშვილის კოლექციიდან ზოგიერთი ცალკეული ნამუშევრის ღირებულების მხოლოდ მეათედიც კი საკმარისი იქნებოდა იმის დასაწყებად, რასაც ჩვენი კულტურის, აქტუალური შემოქმედებითი პროცესების განვითარება ჰქვია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ