საქართველოს მდგრადი განვითარების კონცეფციისთვის

Share on Facebook44Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ბ-ნმა დავით ადეიშვილმა მოგვაწოდა 1992-93 წელს  ქართულ ჟურნალ “ეკონომისტში”  გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ვფიქრობთ აქტუალურია დღესაც და საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისათვის, არა მხოლოდ როცორც პოლიტეკონომიური აზრის ისტორია.

მკვლევართა არაფორმალურ ჯგუფ “ეკოსტრატის” სახით ჩამოყალიბებულ ავტორთა კოლექტივის (ეკ. მეცნ. კანდიდატები: მ. ადეიშვილი, გ. ლემონჯავა, ა. წაქაძე, მ. წერეთელი; ფიზიკა-მათემატიკურ მეცნ. კანდიდატები: რ. ჩიტაშვილი, რ. წაქაძე და ეკონომისტი მ. შარაბიძე) წინამდებარე გამოკვლევაში დასმული და გაანალიზებულია განვითარების (პროგრესის), როგორც ფილოსოფიური კატეგორიის თანამედროვე უმწვავესი ასპექტები და, შესაბამისად, მეურნეობის, როგორც განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტის, პროგრესულობის შეფასების ახლებური კრიტერიუმები. თავისი არსით ნაშრომი ისტორიის გზაჯვარედინზე საქართველოს სამომავლო ოპტიმალური გზის ძიების მცდელობა გახლავთ. რედაქცია თვლის, რომ ავტორთა ჯგუფის მიერ დასმული პრობლემები არა მხოლოდ ეკონომისტთა და ფილოსოფოსთა, არამედ პოლიტიკოსთა, მმართველთა, საქმოსანთა და ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს.

ჟურნალი ”ეკონომისტი” #12, 1992; #1, 1993

 

                                 საქართველოს მდგრადი განვითარების კონცეფციისათვის
                                                                                  

                                                                    წინათქმა

საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე თავისი გზის ძიებაშია. ამ გზაზე გაცნობიერებულია ეკონომიკური საფუძვლების შექმნის როლი. ქართველ ეკონომისტთა აზრი ძირითადად საბაზრო სტრუქტურების შექმნისა და ამოქმედებისკენაა მიმართული.

ბუნებრივია, ამთავითვე გასააზრებელია განვითარების მიზნები და ორიენტირები. მაგრამ რას ნიშნავს განვითარება დღევანდელი გაგებით? როგორ უნდა განვითარდეს საქართველო? როგორი მომავალი გვსურს ჩვენი შთამომავლობისათვის?

დღეისათვის მსოფლიოში ყალიბდება ე.წ. მდგრადი განვითარების გაგება, რაც არა მხოლოდ პროგრესული მეცნიერული აზრია, არამედ სულ უფრო ფართო საზოგადოებრიობის კუთვნილებაც ხდება. ჩვენი მიზანია, საქართველოსათვის ამ ისტორიულ მომენტში როგორც სპეციალისტების, ისე პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრიობის ყურადღება მივაპყროთ საქართველოს განვითარების პრობლემებს.

“ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფაცხოვრების პირობები მაცხოვრებლის თვისებანი არიან. რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი”.
ვაჟა-ფშაველა

                                                                                   შესავალი

ა. ისტორიული მომენტი. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას იწყებს. მემკვიდრეობით მიღებულია უაღრესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოში დღევანდელ სოციალურ და შიგაპოლიტიკურ დაძაბულობას.

თუ ამჟამინდელი მომენტის დადებითი და უარყოფითი ფაქტორების წარმოჩენას შევეცდებით, ასეთი სურათი წარმოგვიდგება:

უარყოფითი; 

1. სახელმწიფოების წარმოშობა არღვევს არსებულ მსოფლიო წონასწორობას და ამდენად მეტად რთული პროცესია. 
2. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ჩამორჩენილი ეკონომიკისა და განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მქონე ქვეყანა. 
3. პოლიტიკურმა უთანხმოებებმა და წინააღმდეგობებმა ხალხი აპათიის მდგომარეობამდე მიიყვანა.
4. ჩვენ მემკვიდრეობით მივირეთ დაბალი პროფესიული დონისა და შრომის კულტურის საკადრო პოტენციალი. 
5. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ კოლონიური დამახინჯებული სტრუქტურის მქონე ეკონომიკა. 
6. ტრადიციული კავშირები (როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული) ჩვერნს უახლოეს მეზობლებთან პრაქტიკულად გაწყვეტილი გვაქვს. 
7. საბაზრო ეკონომიკიოს კანონები არა მხოლოდ პერიფერიულ ბაზრად გვაქცევს (იაფი მუშახელის და ნედლეულის წყაროდ, დაბალი ტექნოლოგიებისა და უხარისხო პროდუქციის გამსაღებლად), არამედ ხელყოფს ჩვენს კულტურულ ფასეულობებსაც. 

დადებითი;

1. მეორეს მხრივ გაცნობიერებულია, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა თავისთავადობის შენარჩუნების პირობაა.
2. სამაგიეროდ ჩვენ გაგვიჩნდა ისტორიული შანსი _ თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენი მომავლის შესახებ.
3. სამაგიეროდ ახლა მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენთ უკიდურესად რადიკალური ორიენტაციის არჩევისას.
4. ამავე დროს მაღალია სახელმწიფოებრიობის აღდგენის აუცილებლობის შეგნება როგორც ხალხში, ისე მმართველ წრეებში.
5. ამავე დროს ჩვენ გვაქვს დარგები, რომელთაც აქვთ მსოფლიო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა.
6. სამაგიეროდ პერსპექტივაში ისეთი მეზობლები გაგვიჩნდება, რომლებთან ურთიერთობაც თანასწორუფლებიანობის პრინციპს დაემორჩილება.
7. სამაგიეროდ ამ საუკუნის მიწურულს დასავლეთი უკვე იმდენად არის გამოცდილი, რომ ჰუმანიტარული და საერთო საკაცობრიო იდეები არა მხოლოდ ინტელიგენციის, არამედ ბიზნესისა და ადმინისტრაციის მოქმედების პრინციპებად იქცა.

ბ. სწორი ორიენტაციის არჩევანი. არსებულ პირობებში წინა პლანზე დგება სამეურნეო ცხოვრების რეანიმაციის ამოცანა. უალტერნატივო საშუალებად მიჩნეულია ქვეყნის ეკონომიკური რეფორმა საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებისა და შესაბამისი სტრუქტურების შექმნის მიზნით.

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კოლონიური ქვეყნებიდან დამოუკიდებელი განვითარების გზაზე მხოლოდ ერთეულებმა მიაღწიეს წარმატებას და დაიმკვიდრეს ღირსეული ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. ნეოკოლონიური პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყნების უმრავლსობა დღესაც რჩება ე.წ. ნაკლებად განვითარებული ქვეყნების რიგში. გაერო-სა და მისი ინსტიტუტების ძალისხმევის მიუხედავად, განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენილობა კვლავ რჩება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად. როგორც გაერო-ს ეგიდით ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ დონეებს შორის გარღვევა სულ უფრო იზრდება. ამასთან პროგნოზები ადასტურებს, რომ ამ ქვეყნების დახმარების დღემდე მოქმედი საერთაშორისო პროგრამები ნაკლებეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს ჩამორჩენის პროცესის შეჩერებას.
ბოლო წლების გლობალურმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო გაამძაფრეს მსოფლიო განვითარების პრობლემები, ინდუსტრიული ჩრდილოეთისა და განვითარებადი სამხრეთის უთანაბრობისა და გარკვეული დაპირისპირებულობის პრობლემას ახალ ასპექტში დაემატა პოსტსოციალისტური აღმოსავლეთის შედარებითი ჩამორჩენის დაძლევის საკითხიც.

გამოიკვეთა გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების გამოლევის გლობალური ხასიათი, სიღატაკის პრობლემის უშუალო კავშირი ამ პრობლემასთან. მთელი სიმძაფრით დადგა გარემოს დაცვისა და განვითარების ურთიერთკავშირის ახლებურად გააზრების პრობლემა. ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. მასში ჩართულია როგორც საერთაშორისო, ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცები, რელიგიური, ქალთა, ახალგაზრდული, პროფკავშირული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სხვა მოძრაობები. ყალიბდება გლობალური პრობლემების ღრმა ურთიერთკავშირის გაგება, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიო საზოგადოებრიობის ერთიანი ძალისხმევით.

ახლა, როცა ფაქტობრივად თავიდან ვიწყებთ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, საშუალება გვეძლევა გავითვალისწინოთ როგორც განვითარებადი, ისე ინდუსტრიული ქვეყნების გამოცდილება. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი.
ორი უკიდურესი გზის არჩევანის საშიშროება უნდა გავითვალისწინოთ.

ერთი ისაა, რომ მოურიდებლად გავუღოთ კარი დასავლეთის ბაზარს, უკლებლივ შევთავაზოთ საერთაშორისო რანგის ბიზნესმენებს ასარჩევად ჩვენი ეკონომიკური და კულტურული ღირებულებანი, როგორც ეს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანს სჩვევია, როდესაც სანუკვარი რელიქვიაც კი ბაზარზე გააქვს შიმშილისაგან თავის დასაღწევად.

მეორე _ თავისთავადობის დაკარგვის შიშით თვითიზოლაციის და კონსერვაციის გზა ავირჩიოთ. ესეც იმ ადამიანის მოქმედებას ჰგავს, საკუთარი ღირსების ოდნავი შებღალვის შიშით შიმშილით სიკვდილი რომ აურჩევია.
ჩვენი ცხოვრება ატარებს როგორც ერთი, ისე მეორე გზის მომხრეთა უკომპრომისო წინააღმდეგობის ნიშნებს და რაც უნდა რიტორიკულად ჟღერდეს, სწორი გზა სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. ბუნებრივია, იბადება კითხვა: აქვს კი დღევანდელ ცივილიზაციას ასეთი წონასწორული გზის რეალიზაციის მექანიზმები და სტრუქტურები?

განვითარების კლასიკური გაგება. სოციალურ-ეკოლოგიური შედეგები

ა) ფილოსოფიური წინამძღვრები. მსოფლიო ეკონომიკურ-ეკოლოგიური და სოციალური კრიზისის იდეოლოგიურ წინაპირობად მიჩნეულია ბუნების მექანისტურ-მატერიალისტური გაგება. ეკონომიკური თეორიები მარქსისტულიდან მონეტარულამდე მეტ-ნაკლებად იზიარებენ, რომ:

_ ადამიანთა ფსიქოლოგია ეგოისტური და ხარბია;

_ საზოგადოება სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდთა კონგლომერატი;

_ პროგრესი მატერიალური ფასეულობების მუდმივად მზარდი მოხმარებაა;

_ ეფექტიანობა მეტი ფულის გამორჩენის ტოლფასია;

_ ტექნოლოგია აყვავებისა და ბედნიერების ბებიაქალია;

_ ბუნება საგანძურის უძირო სკივრია, რომელიც უნდა მოიხმარო.

ეს არის სინამდვილის არაჰუმანური, არაეკოლოგიური (და ამდენად, არარეალისტური) მოდელი, რომელიც ეფუძნება შემოსაზღვრულ გარემოში მოთხოვნა-მიწოდების გაფართოებადი, უსასრულო ციკლის შესაძლებლობის წარმოდგენას.

ბ) მომხმარებლური საზოგადოება. ბუნებისა და პროგრესის მექანისტურმა გაგებამ შექმნა თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების, მწარმოებელი და მომხმარებელი ინდივიდისა და მმართველი ტექნოკრატიის საფუძველი, გაათავისუფლა ეკონომიკური ურთიერთობები მორალური ფასეულობებისა და ეთიკისაგან. ამ მიდგომის შედეგია, რომ განვითარება გაიგივებულ იქნა ეკონომიკურ ზრდასთან, ხოლო ინდივიდის ქცევის განმსაზღვრელი მოტივი გახდა მათი მისწრაფება კეთილდღეობისკენ. ამასთან, კეთილდღეობა დაყვანილია ფასეულობების მოხმაერბაზე, ბევრი საქონლის შეძენა და სიმდიდრე ბედნიერების ტოლფასი ხდება. მოხმარების ზრდა ასტიმულირებს წარმოებას, ხოლო სულ უფრო ბევრი ინდივიდის გამოდევნება სტატუსზე, სტილსა და სიამოვნებაზე მოუხელთებელს ხდის მას, რადგან შეუძლებელია, ერთდროულად ყველა ერთმანეთზე უკეთესად ცხოვრობდეს.

კონკურენციის პირობებში მასობრივი წარმოებისა და მასობრივი მოხმარების დამაკავშირებელია სარეკლამო ინდუსტრია. მარკეტინგის ახლანდელი იდეები განვითარდა მასობრივ წარმოებასთან ერთად. ეს იდეები ხელს უშლის თვითუზრუნველყოფას. ისეთი ცნებები, როგორიცაა გამძლეობა, შემცირებული ან ზიარი მოხმარება, საგნების მოხმარების შეცვლა არამატერიალური სიამოვნებებით, ეწინააღმდეგება მასობრივ მარკეტინგს. ის, რომ დედამიწას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, დავიწყებულია. რეკლამა დამოკიდებულია მხარჯველობით ეკონომიკაზე. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ხდება მოხმარების ზრდის სასარგებლოდ.

ცხოვრების მომხმარებლური წესის აბსურდულობის შედეგია ის, რომ მსოფლიოში

_სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვება ერთ სულზე წლიურად 20 ტონას შეადგენს;

_ განვითარებულ ქვეყნებში (მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი) ერთი სული წლიურად მოიხმარს 125 კგ ქაღალდს, ნახევარ ტონა ფოლადს, 7 ტონა პირობით საწვავს;

_ ამერიკული ოჯახების მეხუთედს აქვს სამი და მეტი ავტომობილი, ნახევარზე მეტს _ ორი. ახალი სახლების 65 პროცენტი ორი გარაჟით შენდება. მომუშავე ამერიკელი კვირაში 9 საათს ზის საჭესთან (ე.ი. დღეში გადის სულ ცოტა 70-100 კმ-ს);

_ ჩაცმაზე გაწეული ხარჯების სისი ნაწილი მოდის სტილის მოთხოვნებზე;

_ ამერიკელს ყოველ დილით მოეწოდება 50-100 რეკლამა. ერთ სულზე რეკლამის ხარჯები 1950 წლიდან 200 დოლარიდან 500-მდე გაიზარდა.

განვითარებადი ქვეყნები ორიენტირებულნი არიან დასავლურ სტანდარტებზე, ამ სტანდარტების მიღწევას კი ”სამი პლანეტა მაინც დასჭირდებოდა”(მაჰათმა განდი). მართალია, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის დონით არსებითად ჩამორჩება ინდუსტრიულ დასავლეთს, მაგრამ ამ ფონზე უფრო ნათლად ჩანს მომხმარებლური საზოგისათვის დამახასიათებელი მხარჯველობითი ეკონომიკის აბსურდული გამოვლინებები.

1987 წელს საქართველოში

_ ერთ სულზე ენერგიის საერთო მოხმარებამ შეადგინა 4 ტონა პირობითი საწვავი. ეს დაახლოებით 20 კუბური მეტრი მერქნის დაწვის ან 8 ცხენის წლიური მუშაობის ეკვივალენტურია. ეს ხარჯი რომ მთლიანად ჩვენი ტყეებით დაგვეკმაყოფილებინა, მერქნის დღევანდელი მარაგი ოთხ წელიწადს თუ გვეყოფოდა. საუკუნის წინ ოჯახი წლიურად საშუალოდ 2-3 კუბურ მეტრ მერქანს ხარჯავდა;

_ საავტომობილო საწვავის ხარჯმა ერთ სულზე 350 ლიტრი შეადგინა;

_ ერთ სულზე მოხმარებულ იქნა 73 კგ ქაღალდი;

_ საერთო სარგებლობის ტრანსპორტის ტვირთბრუნვამ ერთ სულზე 12 ათასი ტონა/კილომეტრი შეადგინა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყოველ მცხოვრებზე 12 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული ათას კილომეტრზე. რაც უნდა გადაჭარბებულად წარმოვიდგინოთ გასული საუკუნის ქართველი გლეხის სამეურნეო აქტივობა (`აბა, რას წარმოადგენდა ის ორმოციოდე ურემი სიმინდი…~), მთელ საოჯახო მეურნეობასთან დაკავშირებული ტვირთბრუნვა არ იქნებოდა 100 ტონა/კილომეტრზე მეტი, ე.ი. ოჯახის წევრზე მოდიოდა საშუალოდ 20 ტონა/კილომეტრი;

_ ერთი კაცი საშუალოდ წელიწადში 3 ათას კილომეტრს გადიოდა საერთო სარგებლობის ტრანსპორტით, კიდევ ერთ ამდენს კერძოტრანსპორტით;

_ ერთ კაცზე მოდის სულ ცოტა 60 ცხენის ძალის ჯამური სიმძლავრე, სხვანაირად ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ კაცზე მუდმივად მუშაობს 8 ცხენი, ხოლო 52 თავლაში აბია… გასულ საუკუნეში ოჯახზე მოდიოდა დაახლოებით ერთი ცხენი და ბუხარი.

2) სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.

სიღატაკე და უთანაბრობა. ინდუსტრიული დასავლეთის ცხოვრების მომხმარებლურმა წესმა ხელი შეუწყო მისი უზრუნველმყოფელი საერთაშორისო ეკონომიკური წყობის ფორმირებას შესაბამისი ინსტიტუტებით. ჩამოყალიბდა და ერთმანეთს დაუპირისპირდა მდიდარი და ღარიბი მსოფლიო.

მდიდარი მსოფლიო. _ მსოფლიოს მოსახლეობის 20 პროცენტი მოიხმარს რესურსებისა და ენერგიის 70-80 პროცენტს და იღებს შემოსავლების სამ მეოთხედს. ერთ სულზე შემოსავალი მდიდარ ქვეყნებში 40-ჯერ აჭარბებს ღარიბი ქვეყნებისას. მსოფლიო მოსახლეობის ღარიბი ნახევარი წლიურად მოიხმარს დაახლოებით ერთ ტრილიონ დოლარს, რაც ნაკლებია შეიარაღებაზე გაწეულ წლიურ მსოფლიო ხარჯებზე. ასეთ პირობებში ბრაზილია, რომლის ეკონომიკა ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა, მხოლოდ 300 წლის შემდეგ შეძლებდა გათანაბრებოდა მდიდარ ქვეყნებს.

არსებითი უთანაბრობაა სიმდიდრის განაწილების მხრივ ღარიბი ქვეყნების შიგნითაც. მოსახლეობის 75 პროცენტი სოფლელთა ღატაკი ფენაა, დანარჩენი კი ქალაქის მოსახლეობის საშუალო ფენა და ერთი მუჭა პოლიტიკური ელიტაა (ლათინურ ამერიკაში მიწის 88 პროცენტს ფლობს მოსახლეობის 6 პროცენტი).

განვითარებადი ქვეყნებისათვის დამახასიათებელია სიკვდილიანობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ბავშვებში. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში წლიური ხარჯები ჯანმრთელობის დაცვაზე ერთ სულზე 5 დოლარზე ნაკლებია, მაშინ, როცა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში დაახლოებით 1000 დოლარს შეადგენს.

სიღატაკესთან დაკავშირებულია განათლების პრობლემები. გაერო-ს პროგნოზით უწიგნურთა რაოდენობა საუკუნის ბოლოს ერთ მილიარდს მიაღწევს. საშუალო გლობალური დანახარჯები ბავშვის განათლებაზე 350 დოლარს შეადგენს: ინდუსტრიულ ქვეყნებში _ 6000, ხოლო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში _ 2 დოლარს.

დავალიანების პრობლემა. მესამე მსოფლიოს სიღატაკე თანამედროვეობის უპირველესი პრობლემაა. დღევანდელი საერთაშორისო ეკონომიკური წყობა კიდევ უფრო ამწვავებს ამ საკითხს. კატასტროფულად იზრდება მესამე მსოფლიოს ვალი. 80-იანი წლების ბოლოს ვალმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ყოველწლიურად ვალის მომსახურებისათვის საშუალოდ 30 მილიარდს იხდიან (დაახლოებით ამდენივეს ღებულობენ ახალ სესხს, მაშინ, როცა 1972-82 წლებში სესხის 20 პროცენტი შეიარაღების იმპორტს მოხმარდა). ზოგიერთ ქვეყანაში ვალის გადახდას ექსპორტის ნახევარი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. `მიბმული დახმარებები~, როგორც წესი, ღარიბ ქვეყნებს სთავაზობენ გრანდიოზული პროექტების რეალიზებას. ჩვეულებრივ, დახმარების მხოლოდ 20-30 პროცენტი აღწევს ღარიბებამდე. ამ დახმარების არსი გამოხატულია ფორმულით: `ღარიბს ართმევ მდიდარ ქვეყანაში, მდიდარს აძლევ ღარიბ ქვეყანაში~ (შუმახერი).

როგორც საგარეო, ისე საშინაო სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აიძულებს მესამე სამყაროს ქვეყნებს, გაუფრთხილებლად გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი რესურსები. დიდია დაწოლა გარემოზე. მეტად არაეფექტურია ეკონომიკის სტრუქტურა. ეროვნული პროდუქტის ნახევარზე მეტი სოფლისა და ტყის მეურნეობების, ენერგიის წარმოებისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის წილად მოდის. დიდია ბუნებრივი რესურსების წილი ექსპორტში. განვითარებადი ქვეყნების ბუნებრივი რესურსები ემსახურება არა მათი განვითარების ინტერესებს, არამედ არსებითად მათი ფინანსური ვალდებულებების გადახდას კრედიტორებისათვის.

როგორც გაერო-ს ეგიდით ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, არსებულ პირობებში გარღვევა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება. არსებით შედეგებს ვერ იძლევა გაერო-ს საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალი წყობის პროგრამის რეალიზაციაც.

რესურსების ამოწურვა და გარემოს დეგრადაცია. მოხმარებაზე ორიენტირებული ცხოვრების წესის მიერ დამკვიდრებულმა პრინციპმა _ `ბუნება უძირო სკივრია საგანძურისა, რომელიც უნდა მოიხმარო~, კაცობრიობა მომავალი ცხოვრების ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფის გლობალური პრობლემის წინაშე დააყენა. ამ პრობლემის გაცნობიერების გზაზე ბოლო ათწლეულებში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად პრაქტიკული შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს. რესურსების უთავბოლო გამოყენების შედეგია არა მარტო მათი ამოწურვის საშიშროება, არამედ ბუნების თვითაღდგენის უნარის ამოწურვაც.

სიმდიდრე და სიღატაკე სხვადასხვაგვარ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ბუნებაზე. სიმდიდრეს (ჭარბწარმოებასა და ჭარბმოხმარებას) უკავშირდება გარემოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ინდუსტრიული ნარჩენები და სამომხმარებლო ნაგავი, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება. სიღატაკეა მთავარი მიზეზი გარემოს ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა ტყეების გაჩეხვა, საძოვრებისა და ნიადაგის ეროზია ზედმეტი დატვირთვის გამო, მდინარეთა აუზების დატბორვა და სხვა. ენერგიის დამზოგავ ეფექტურ ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობა აძლიერებს აღნიშNულ უარყოფით შედეგებს,

მესამე მსოფლიოს ქვეყნები ინდუსტრიალიზაციის კვალობაზე გარემოს მზარდი დამბინძურებლები ხდებიან. ამას ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციები, რადგან ამ ქვეყნებში გარემოსდაცვითი მექანიზმები ნაკლებად მკაცრია ან საერთოდ არ არსებობს.

დ) მდგრადი განვითარებისათვის მოძრაობა თანამედროვე მსოფლიოში

მოსახლეობის ზრდის ტემპსა და ბუნების შესაძლებლობებს შორის მოსალოდნელი წინააღმდეგობა ჯერ კიდევ თომას მალთუსმა განჭვრიტა. მანვე მიუთითა ამ წინააღმდეგობის დაძლევის ძირითადი პირობაც. კერძოდ, მალთუსის თანახმად კაცმა საკუთარი მადა უნდა მოთოკოს და ბუნებრივი რესურსების მოხმარებისას აზრიანი მომჭირნეობა უნდა გამოიჩინოს.

ამ წინასწარჭვრეტის მეტ-ნაკლებად მასობრივი გაგება ჩვენი საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, ე.ი. მას შემდეგ, რაც ხსენებული წინააღმდეგობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. 70-იანი წლებიდან კი სხვადასხვა ქვეყნებში სათავეს იღებს მწვანეთა მოძრაობა, რის პარალელურადაც საფუძველი ეყრება განვითარებისა და გარემოს ურთიერთკავშირის გლობალურ მეცნიერულ გააზრებას. რომის კლუბი და სხვა ინსტიტუტები, მათ მიერ ჩატარებული ფუნდამენტური გამოკვლევების საფუძველზე, ასკვნიან, რომ დედამიწაზე შემდგომი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობანი ძირითადად უკვე ამოწურულია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაწყებული ეკონომიკური ექსპანსია არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რომ რესურსები იწურება და გარემოს დეგრადაცია კრიტიკულ ზღვარს აღწევს. 1973 წელს ე. შუმახერის წიგნის _ `პატარა მშვენიერია~ _ გამოსვლით საფუძველი დაედო ახალ ეკონომიკურ მიმართულებას.
მდგრადი განვითარებისათვის მოძრაობის თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო 1987 წელს გაერო-ს დაცვისა და განვითარების მსოფლიო კომისიის მოხსენების _ `ჩვენი საერთო მომავალი~ _ გამოქვეყნებით. ეს ნაშრომი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის _ ბ. ბრუტლანდის საერთო ხელმძღვანელობით დაამუშავა ავტორიტეტულმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები და პოლიტიკოსები შედიოდნენ. ნაშრომმა მწვავედ დააყენა განვითარების პოლიტიკისა და პრაქტიკის გადასინჯვის საკითხი როგორც განვითარებად, ისე ინდუსტრიულ ქვეყნებში. მთავარი დასკვნა ისაა, რომ `გარემოსა~ და `განვითარების~ ჩვენი გაგება ინტეგრირებული უნდა იყოს, რათა დამკვიდრდეს `მდგრადი განვითარება~, რაც თავის მხრივ გულისხმობს `თანამედროვეთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მომავალი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებთან კომპრომისის გათვალისწინებით~.

მდგრადი განვითარების პრობლემები და გზები რეგულარულად განიხილება `ალტერნატიულ ეკონომიკურ შეხვედრებზე~, რომლებიც 1984 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება დიდი შვიდეულის უმაღლესი დონის ეკონომიკური შეხვედრის პარალელურად, მისი ალტერნატივის სახით.

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა გაერო-ს კონფერენცია გარემოსა და განვითარების საკითხებზე. კონფერენციის გენერალური მდივნის მაური სტრონგის სიტყვებით _ `შეხვედრის უპირველესი მიზანია საფუძველი ჩაეყაროს გლობალურ პარტნიორობას განვითარებად და ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის, რაც დაეფუძნება ურთიერთსაჭიროებასა და საერთო ინტერესებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პლანეტის მომავალი… ჩვენ უნდა მოვძებნოთ მისაღები და თანასწორი ბალანსი გარემოსა და განვითარებას შორის.

ჩვენი ისტორიული მომენტის თავისებურება ისაა, რომ დღეს განვითარებული ქვეუნების სამეცნიერო, საზოგადოებრივი, სამთავრობო და საერთაშორისო ინსტიტუტები უდიდეს ძალისხმევას იჩენენ ისეთი მექანიზმებისა და სტრუქტურების შექმნისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის მატერიალური და სულიერი ფასეულობების ზრდასა და შენარჩუნებას.

ე) მდგრადი განვითარების ცნება, მისი ძირითადი პრინციპები

მდგრადი განვითარების კონცეფციას წინ მწვანეთა მოძრაობა უძღვოდა, ამ მოძრაობის ცალმხრივობამ (ნეგაციის პრინციპით მოქმედებამ) კი პრობლემის გლობალური გააზრების აუცილებლობა განაპირობა. ამის შედეგად, 80-იანი წლებიდან უკვე სიღრმისეულად გაიაზრება ორი მეტად არსებითი მომენტი: 1)გარემო, რომლის დაცვა და შენარჩუნება ასე მწვავედ დგას დღის წესრიგში, არ შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ბუნებრივი (მწვანე) გარემოთი; 2) ის გარემოება, რომ გარემოს დაცვისათვის მოძრაობა ასე უკომპრომისოდ უპირისპირდება ეკონომიკის ზრდისაკენ მიმართულ აქტივობას, არ შეიძლება პერსპექტიულად მივიჩნიოთ, რადგან წარმოების ზრდაც და გარემოს დაცვაც საბოლოო ანგარიშით ადამიანის კერთილდღეობისაკენაა მიმართული.
მდგრადი განვითარების კონცეფცია თავის თავში გულისხმობს სამი ურთიერთდაკავშირებული და იმავდროულად ურთიერთდაპირისპირებული იდეის _ კეთილდღეობის, მყობადობის და თანასწორობის _ უკონფლიქტო ერთიანობას.

1. კეთილდღეობა გულისხმობს ბუნებრივ, ადამიანის მიერ შექმნილ და კულტურულ ფასეულობებს, რაც ქმნის ცხოვრების ხარისხს. კეთილდღეობის ცნების ზუსტი განმარტება მოუხელთებელია, მაგრამ ზოგადი კონცეფცია საკმაოდ ნათელია. ის მოიცავს შემოსავალს, მაგრამ ამით არ შემოიფარგლებს. გარემოს ხარისხი კეთილდღეობის ერთ-ერთი უმთავრესი, მაგრამ არაფინანსური კომპონენტია და ამიტომაც კეთილდღეობაზე მხოლოდ ეკონომიკურუ ზრდის მიხედვით მსჯელობა ეწინააღმდეგება საღ აზრს;

2. მყობადობა _ გულისხმობს დროითი ჰორიზონტის გაფართოებას, რაც ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების თანაბრად დაცვის მოთხოვნაში გამოიხატება;

3. თანასწორობა _ გულისხმობს სამომხმარებლო ფასეულობების განაწილებაში სამართლიანობის თანდათანობით დამკვიდრებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნებს შორის.

დღეისათვის აქტიურად მიმდინარეობს მდგრადი განვითარების კონცეფციის დამუშავება-დახვეწა. მდგრადი განვითარების პრინციპების ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განვითარების დასავლური მოდელის ალტერნატივას წარმოადგენს, ასეთია:

1. განვითარების კულტურული და სოციალური ინტეგრირების პრინციპი _ განვითარება უნდა ამოიზარდოს შიგნიდან და არა გარედან (იმანენტურობა);

2. ეკოლოგიური პრინციპი _ განვითარება უნდა შეესაბამებოდეს და აღადგენდეს ბუნების მრავალსახეობას. იგი რესურსების გამოყენების მდგრად ფორმებს უნდა ეფუძნებოდეს;

3. სოლიდარობის პრინციპი _ განვითარება უნდა უზრუნველყოფდეს სიცოცხლის საბაზრო საჭიროებებს და სასიცოცხლო ინტერესების დაცვას ყველა ხალხისათვის. იგი (განვითარება) ხელს უნდა უწყობდეს თანასწორობასაც და ეკვივალენტურ გაცვლასაც;

4. ემანსიპაციის პრინციპი _ თვითდაფუძნება _ განვითარება თავის თავს უნდა ეყრდნობოდეს;

5. არაძალადობის პრინციპი _ განვითარება თავისუფალი უნდა იყოს როგორც ფიზიკური, ისე საზოგადოებრივი ინსტიტუტების ძალადობისაგან;

6. შეცდომებისაგან დაზღვევის პრინციპი _ განვითარებას შეიძლება თან ახლდეს მხოლოდ ისეთი შეცდომები, რომლებიც ეკოსისტემებს არ ემუქრება.

განვითარების ახლებურად გააზრების პროცესს თან ახლავს საყოველთაოდ მიღებული ძველი იდეების გადასინჯვა და ახალი მიდგომების ჩამოყალიბება. ეკონომიკურ მეცნიერებაში ეს იდეები ასახვას პოულობენ შემდეგ ახალ მიმართულებებში: `მდგრადი ეკონომიკა~, `ეკოლოგიური ეკონომიკა~, `მწვანე ეკონომიკა~, `ახალი ეკონომიკა~, `ადამიანური ეკონომიკა~ და სხვა.
ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომლის გარშემოც კონცენტრირდება მეცნიერ-ეკონომისტთა ყურადღება, ეს კეთილდღეობის ადეკვატური ეონომიკური შეფასების პრობლემაა. დღეისათვის სამეცნიერო წრეებში აღიარებულია, რომ კლასიკური ეკონომიკური მაჩვენებელი _ მთლიანი ეროვნული პროდუქტი (მ.ე.პ.) ადეკვატურად ვერ ასახავს კეთილდღეობის დონეს და, მით უმეტეს, არ გამოდგება განვითარების სწორი ორიენტირების შესარჩევად. ეს მაჩვენებელი უფრო ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორია, ვიდრე ეკონომიკური პროცესების საზოგადოებრივად აუცილებელი შედეგებისა. მასში სრულად არ აისახება ეკოლოგიური კაპიტალის დანახარჯები, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზოგადოების სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სხვა მრავალი არსებითი გარემოება.

ეკონომისტები დიდ ძალისხმევას ახმარენ კეთილდღეობის სინთეზური მაჩვენებლის შექმნას და გასაგები სირთულეების მიუხედავად ამ საქმეში გარკვეულ პრაქტიკულ შედეგებსაც აღწევენ. ძირითადად მცდელობა მიმართულია იქით, რომ სინთეზურ მაჩვენებელში ტრადიციული ღირებულებითი კომპონენტების გარდა ისეთი ფასეულობებიც აისახოს, რომელთა ფულით გაზომვა შეუძლებელია. კერძოდ, ე.წ. ადამიანური განვითარების ინდექსი (HDI) მთელ რიგ სხვა პარამეტებთან ერთად ითვალისწინებს ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასა და განათლების დონესაც. ამ კრიტერიუმებს მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს ქვეყნების განვითარების დონეთა კლასიფიკაციაში, მაგალითად, შრი-ლანკასა და ბრაზილიის შედარება ასეთ სურათს იძლევა: მთლიანმა ეროვნულმა პრდუქტმა შრი-ლანკაში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 2050 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ბრაზილიაში კი _ 4300, ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) მიხედვით კი ეს ქვეყნები დაახლოებით თანაბარ დონეზე აღმოჩნდნენ. თუ აშშ მთლიანი ეროვნული პროდუქციის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, HDI-ის მიხედვით მეორე ათეულის ბოლოში აღმოჩნდა ავსტრალიის, კანადისა და ესპანეთის შემდეგ.

კეთილდღეობის კიდევ ერთი ალტერნატიული სინთეზური მაჩვენებელია ე.წ. მდგრადი ეკონომიკური კეთილდღეობის ინდექსი (IშEჭ), რომელიც მხედველობაში იღებს არა მხოლოდ მოხმარებას, არამედ განაწილებასა და გარემოს დეგრადაციასაც, ამ ინდექსის მიხედვით აშშ-ში კეთილდღეობის ზრდას 1950-იანი წლებიდან ადგილი არ ჰქონდა, მაშინ, როდესაც ამ პერიოდში აშშ-ის მთლიანი ეროვნული პროდუქტი თითქმის გაორკეცდა.

გაერო-ს სტატისტიკური სამსახური მსოფლიო ბანკთან და გაერო-ს გარემოს პროგრამასთან (UNEP) ერტად ინტენსიურად მუშაობს ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში გარემოს ხარისხისა და რესურსების მდგომარეობის ადეკვატური ასახვისათვის.
მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტმა ახალი კრიტერიუმებით შეაფასა ინდონეზიის ეკონომიკა. ტრადიციული კრიტერიუმებით შეფასებისას 1971-1984 წლებში მთლიანი ეროვნული პროდუქტის ყოველწლიური ზრდა 4 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ მხოლოდ სამი სახის რესურსის _ ტყის, ნავთობისა და ნიადაგის ხარისხის ცვლილებების გათვალისწინებით ინტეგრალური მაჩვენებლის ზრდა უკვე 4 პროცენტამდე დავიდა.

კეთილდღეობის ერთიანი სინთეზური ინდექსის დამუშავების პარალელურად ჩნდება ალტერნატიული არაფულად ინფიკატორთა სისტემა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ცხოვრების ისეთ მხარეებზე, რომელთაც `ჩვეულებრივი~ მიდგომა უყურადღებოს ტოვებს.

ვ) მდგრადი განვითარების ეკონომიკური მექანიზმები.

წარმოების ზრდა და მასთან დაკავშირებული რესურსების ფართო გამოყენება ისეთ ლეგიტიმურ მექანიზმს ემყარება, როგორიც ღია ბაზარია. საბაზრო ძალების თავისუფალ მოქმედებას, როგორც ადამ სმიტი მიიჩნევდა, საყოველთაო ჰარმონია, კეთილდღეობა, აყვავება, განვითარება და პროგრესი უნდა მოეტანა. ამას იგი `უხილავი ხელის~ პრინციპს უწოდებდა. კერძო ინტერესებით მოტივირებული უამრავი მწარმოებლისა და მომხმარებლის ლოკალური ქმედება მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის თვალსაზრისით მართლაც ქმნის ერთგვარ ჰარმონიას, ოღონდ შეზღუდულ დროსა და სივრცეში.

ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეგულატორები. ინგლისელი მკვლევარი მაიკლ ჯაკობსი მოხდენილად შენიშნავს, რომ საბაზრო ძალები, სხვა მხრივ თუ არა, გარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით მაინც უეჭველია, ქმნის `უხილავ იდაყვს~, რაც სერიოზულად აზიანებს, არღვევს პლანეტის ეკოლოგიურ ბალანსს. აშკარა ხდება, რომ საბაზრო აქტივობის შედეგები მთლიანობაში უნდა დაიგმოს. ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ტოტალური კონტროლი გაუწიოს ყოველგვარ ეკონომიკურ აქტივობას, პირიქით, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება სწორედ საბაზრო მექანიზმებისა და ინსტრუმენტების ფართოდ გამოყენებაა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბაზრის მექანიზმის რეკონსტრუირებით კეთილდღების განმსაზღვრელმა ყოველმა ელემენტმა ჭეშმარიტი, ადეკვატური ფასი მიიღოს, ეს კი ორი გზით შეიძლება განხორციელდეს: 1) პრივატიზაციის ცნების გაფართოებით (ყველაფერს თავისი პატრონი გაუჩნდეს) და 2) სახელმწიფოს ჩარევით ფასწარმოქმნის სისტემაში.

ჩვეულებრივ გამოყოფენ გარემოზე ზემოქმედების რეგულირების ოთხ ძირითად მიმართულებას, რომლებითაც შესაძლებელია სახელმწიფოს ჩარევა საბაზრო მექანიზმში:

_ სახიფათო ქმედებების არარეგულარულად გამოცხადება (სტანდარტები, სახელმწიფო რეგულირება);

_ სახიფათო ქმედებების დაჯარიმება;

_ დაბინძურებისა და რესურსების გამოყენების ბაზრის რეგულირება (ოპტიმალურ დონეზე დაბინძურებისა და რესურსების გამოყენების ლიცენზირება;

_ სასარგებლო ქმედებების წახალისება (სუბსიდიები დაბინძურების შეზღუდვასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე).
პირველი სამი მიმართულება უზრუნველყოფს მიდგომას: _ `დამბინძურებელი და მომხმარებელი იხდის~, მეოთე პრინციპით კი `გადასახადის გადამხდელი იხდის~ _ ხდება ოპტიმალურზე მაღალი შედეგების წახალისება საზოგადოების მიერ ეკოლოგიური და სხვა მსგავსი ფონდების მეშვეობით. ამ პრინციპით ხდება წარმოების რეალური ხარჯებისა (საზოგადოებისათვის მიყენებული ზარალისა) და მოხმარების ეფექტის გათვალისწინება. მრავალმხრივი სირთულეების მიუხედავად, დღეისათვის უკვე შესაძლებელია მდგრადი განვითარების ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება. ეკოლოგიური გადასახადები, რომლებიც არა მარტო ზღუდავენ გარემოსათვის მავნე ქმედებას, არამედ ასტიმულირებენ კიდეც სასურველ მიმართულებებს უკვე ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაგალითად, 1989 წელს ბრიტანეთში ეთილირებულ ბენზინზე შემოღებულმა 8-პროცენტიანმა გადასახადმა ერთ წელიწადში არაეთილირებული ბენზინის მოხმარება 4-დან 30 პროცენტამდე გაზარდა.

ტრუქტურული პოლიტიკა. ახალი ეკონომიკური აზროვნება ეჭვქვეშ აყენებს მრავალ კლასიკურ თვალსაზრისს, რომელსაც ეყრდნობოდა და ეყრდნობა ეკონომიკური პრაქტიკა. დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურა შრომის შიგაეროვნულ და საერთაშორისო დანაწილებაში ზესპეციალიზაციითა და ფრაგმენტაციით ხასიათდება.

ზესპეციალიზაციის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია `იაფი~ ტრანსპორტი, რომელსაც ხშირად აბსურდულ კავშირებამდე მივყავართ, და რაც მძიმე ტვირთად აწვება ადამიანსა და გარემოს.

დღეს ახალ შინაარსს იძენს ანტიკური ეკონომიკური საკითხი ეროვნული ეკონომიკის გახსნილობის შესახებ. ქვეყნის ეკონომიკის გახსნილობის დონესა და განვითარების (ეკონომიკური ზრდის) დონეებს შორის კავშირის უტყუარობა ემპირიული მასალებით არ დასტურდება. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ყოველტვის არ უკავშირდება ქვეყნის გახსნილობას. სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მეტ-ნაკლები გახსნილობით ხასიათდებიან, აქვთ სხვადასხვა სახის სპეციალიზაცია და მათი წარმატებები არ უკავშირდება მაინცდამაინც ექსპორტის სიდიდესა და ინდუსტრიის ზრდას. ამგვარ კავშირს მხოლოდ რამდენიმე სწრაფად მზარდ ქვეყანაში ჰქონდა ადგილი.

დრეს უკვე ეჭვქვეშ დგას თავისუფალ ვაჭრობაზე დამყარებული ერთიანი მსოფლიოს კოსმოპოლიტური იდეაც, რომელიც ეფუძნება შეფარდებითი უპირატესობის კლასიკურ დოქტრინას და გულისხმობს ეროვნული ეკონომიკის სპეციალიზაციას, ყველაზე ხელსაყრელ და მომგებიან დარგებში. ამ იდეის რეალიზაციის შედეგია ცალკეული ქვეყნების მეტად ვიწრო სპეციალიზაცია. ასეთი ურთიერთობების შედეგად კი საბოლოო ჯამში მოგებული რჩება ის, ვინც უფრო რთულ და კომპლექსურ პროდუქტს აწარმოებს (წამლის მწარმოებელი ყავის მწარმოებელთან შედარებით). ახალი ეკონომიკური შეხედულებების მიხედვით ვაჭრობის ლიბერალიზაციის სტრატეგია თეორიულად უკვე ყავლგასულია და იგი პრაქტიკულად სიცოცხლეს მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკისა (ჭB) და ვაჭრობის ტარიფებზე გენერალური შეთანხმების (GAთთ) მხარდაჭერით ინარჩუნებს.

ეკონომიკური კარგახსნილობისა და თავისუფალი ვაჭრობის სანაცვლოდ მდგრადი განვითარების სტრატეგია პრიორიტეტს ანიჭებს თვითუზრუნველყოფისა და თვითდაკმაყოფილების პრინციპს: _ აწარმოე ის, რაც გჭირდება და რისი წარმოებაც შეგიძლია შენი საკუთარი რესურსებით, და მოიხმარე ის, რაც აწარმოე, ანუ ის, რაც გაქვს. ეს იდეა აქცენტს აკეთებს `შიგნიდან განვითარებაზე~, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანას საკუთარი კულტურის შესაბამისად მიეცეს განვითარების საკუთარი სტილის გამომუშავებისა და გარედან თავსმოხვეულ `განვითარებაზე~ უარის თქმის საშუალება. ასეთი მიდგომა, რასაკვირველია, არ უარყოფს ეკონომიკურ კავშირებს.

განვითარების სტრატეგიაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, წინა პლანზე იწევს ტერიტორიული იერარქიის პრინციპი: თვითუზრუნველყოფა-თვითდაკმაყოფილება ლოკალურიდან რეგიონულ და საერთაშორისო დონეებამდე. თანაბარი დონის ეკონომიკების რეგიონული მოწყობა (გაერთიანებული ქვეყნების ბლოკები და მათ შიგნით თავისუფალი ვაჭრობით და გარეშეტათვის მთელი რიგი შეზღუდვებით) შესაძლებელს გახდის სპეციალიზაციისა და კონკურენციის ოპტიმალური ეფექტის მიღწევას, რითაც პარალელურად გამოირიცხება ძლიერი პარტნიორის მიერ სუსტი კონკურენტების იოლად ჩაყლაპვის შესაძლებლობა.
ამჟამად მიმდინარეობს პრინციპის _ რაც უფრო თავისუფალია ვაჭრობა, მით მეტია ეკონომიკური განვითარება _ სერიოზული რევიზია. `თავისუფალი~ ვაჭრობა ინდუსტრიულად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის პირდაპირ აბსურდული ხდება, რადგან სავაჭრო სისტემა ისეა მოწყობილი, თითქოს ყველა ქვეყანა თანაბარი იყოს. ეს სისტემა არსებითად სუსტი ქვეყნებისათვის საზიანო თამაშის წესების თავსმოხვევას წარმოადგენს.

ფული და საბანკო სისტემა. დღევანდელი მსოფლიოს სავალუტო-საფინანსო სისტემა არსებულ ეკონომიკურ წყობას შეესაბამება და მასვე ემსახურება. ამდენად იგი ატარებს და ასტიმულირებს კიდეც ამ წყობისათვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს. ფული ვერ ასრულებს გაცვლის, ღირებულების შეფასებისა და დაგროვების ფუნქციებს. ბანკები, რომლებსაც კრედიტების გაცემის პრეროგატივა აქვთ, სარგებლობენ ფულად რესურსებზე (ლიკვიდურ ღირებულებაზე) თავიანთი მონოპოლიური მდგომარეობით.
ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მდგრადი განვითარების შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტების თეორიული დამუშავება. კერძოდ, ლაპარაკია ისეთ ფინანსურ ინოვაციებზე, როგორიცაა ლოკალური ვალუტა, საბანკო სისტემის დეცენტრალიზაცია, მეანაბრის სუვერენიტეტი და სხვა.

* * *
საქართველო მცირე მასშტაბებში განხორციელებული მრავალფეროვნებაა. რამდენადაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი მრავალფეროვნებათა მდგრადი წონასწორული თანაარსებობის პრინციპია, ამდენად საქართველო ისეთი უნიკალური, პატარა ქვეყანაა, რომელსაც ასეთი წონასწორული მექანიზმის გაცნობიერების გამოცდილება გააჩნია. საქართველოში მცირე ტერიტორიაზე წარმოდგენილია ბუნებრივ-კლიმატური და ეთნიკურ-კულტურული თავისებურებების ფართო სპექტრი. ამავე დროს სწორედ ეს წონასწორობა განიცდის ყველაზე მძიმე გამოცდას პოლიტიკურ-სოციალური ორიენტაციის შეცვლის (გარდამავალ) პერიოდში.

თუ ყოფილი სსრკ-ს ევროპული ნაწილის ქვეყნების განვითარების მაგისტრალური გზა სტანდარტული დასავლური კულტურის, ხოლო აზიური ნაწილისა _ აზიური (მუსულმანური) კულტურის დამკვიდრებაშია, საქართველოსათვის საჭირო ხდება იმის შეცნობა, თუ რა შინაარსის და რა ფორმის წონასწორობა გამოდგება მისთვის ადრე არსებულის ალტერნატივად.

Share on Facebook44Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*