საქართველო – ეთნიკური კონფლიქტები და ახალი ეთნიკური კონფლიქტების წარმოშობის საფრთხეები

რევაზ კარანაძე

თანამედროვე კონფლიქტოლოგიური კვლევები,  საქართველოში არსებული კონფლიქტების განხილვისას, კონფლიქტების წარმოქმნის მთავარ მიზეზებად ნაკლებად ითვალისწინებენ სოციო-ეკონომიკურ ვითარებასა და ჰორიზონტალურ ინტეგრაციას,  რაც ნიშნავს უმცირესობისა და უმრავლესობის თანაბარ სოციო-ეკონომიკური პირობების არსებობას და იდენტობრივი კულტურის შენარჩუნებას(ეთნიკური უმცირესობების კულტურების შენახვა და თანაარსებობა უმრავლესობის კულტურასთან, გადასანსვლისა და დომინანტობის პრინციპების გამორიცხვით).

ძირითადი, კონცენტრირება, ხდება პოლიტიკურ მიზეზებსა და კონფლიქტებში დაინტერესებული მესამე მხარის ინტერესებზე. აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი კეთდება ეთნიკურ დაპირისპირებებზე და უგულვებელყოფილია უმრავლესობის მიერ უმცირესობებისთვის ეკონომიკური თუ ინტელექტუალური დოვლათის თანაბარი გადანაწილება სახელმწიფოს მთელს სოციუმში,  რაც იწვევს სტრატების დალაგებას ეთნიკურ ნიადაგზე და ამ ფაქტიდან გამომდინარე, კი აღვივებს იდენტობას ეთნიკური მიკუთვნებულობის ნიშნით.

წინამდებარე სტატია არის მცდელობა,  გაკეთდეს  მოკლე მიმოხილვა,  საქართველოში არსებულ და მომავალში მოსალოდნელ კონფიქტებზე,  გათვალისწინებულ იქნას რა, ტერიტორიული მოწყობის შესაძლო ალტერნატივები, გარკვეული კერძო შემთხვევებით გამყარებული და ამას დამატებული,  ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობასთან ერთად ეკონომიკურ-სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელობა,  რაც უფრო აძლიერებს ურთიერთდამოკიდებულებას,  ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობას სხვადახვა იდენტობის მქონე ეთნოსებს შორის.

დღევენდელ დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა განპირობებულია არსებული ორი თვით აღიარებული რესპუბლიკის არსებობით(აგრეთვე აღიარებულია-რუსეთის ფედერაციის,  ვენესუელის,  ნიკარაგუასა, ნაურუს,  ვანუატუსა და ტუალუს მიერ). გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როგორც თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების ტერიტორიული რღვევები ძირითადად გამოწვეულია სხვადასხვა „ეთნიკური ჯგუფების“ ერთად ცხოვრებაზე შეურიგებლობით, რაც ხშირ შემთხვევაში გადადის „ეთნიკურ კონფლიქტებამდე“,  ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევაც ეფუძნება    ეთნიკურ დაპირისპირებასა და ამ ეთნიკური დაპირისპირებით მოგებაზე ორიენტირებულ სხვა მხარეებსაც.

უპირველესად, ემპირიული ანალიზის გასაკეთებლად, საჭიროა ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით  გამორკვევა იმ მაგალითებისა,  რომლებიც საშუალებას მოგვცემს ანალიტიკურად მივუდგეთ და განვჭვრიტოთ არის თუ არა ახალი საფრთხეები ამ ასპექტით.

საბჭოთა კავშირმა,  როგორც „სოციალისტურმა“ სახელმწიფომ თავისი იდეოლოგიის გაუთავისუფლებისდა გამო განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში გააძლიერა ნაციონალიზმი, უფრო კონკრეტულად კი „საბჭოთა კულტურული რენესანსის“ პერიოდში (XX საუკუნის 60-70-იანი წლები). ნაციონალიზმის გაღვივებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა საქართველო 80-იან წლების მიწურულს,  რამაც საბოლოოდ სსრკ-დან ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებულ საქართველოში გამოიწვია ნაციონალისტური მთავრობის გამარჯვება,  პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, რომლის სლოგანიც იყო: „საქართველო ქართველებისთვის“.

ამ სიტყვებმა, ეთნიკურ უმცირესობებში გამოიწვია უკმაყოფილება და შიში. არაჰომოგენურ საქართველოს წინ ელოდა ფრაგმენტირება, რამეთუ ნაციონალისტური, ულტრამემარჯვენე მთავრობა მიზნად ისახავდა საქართველოს ჰომოგენურ სახელმწიფოდ ქცევასა და უმცირესობების კულტურულ-იდენტობრივი ფასეულობების უგულველყოფას,  მათთვის სოციალური მობილობის შეზღუდვასა და ინტელექტუალურ-ეკონომიკური დოვლათის არათანაბარ გადანაწილებას.  აქედან გამომდინარე,  კი   მეტნაკლებად განპირობებულ იქნა   პირველი კონფლიქტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში,  სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა ეთნიკური ოსები,  რომლებიც იყვნენ საქართველოს მასშტაბით ერთერთი უმცირესობათაგანი,  ხოლო თვითონ ეთნიკური ქართველები კი შეადგენდნენ  ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებთა ნახევარზე ნაკლებს. ამასთანავე, ადგილობრივმა უმაღლესმა საბჭომ მოითხოვა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ხოლო საქართველოს უმაღლესმა საბჭომ კი გააუქმა ზოგადად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურობის სტატუსი, რაც საბოლოო ჯამში  გადაიზარდა დაპირისპირებაში.

აღსანინავია ასევე ის ფაქტი, რომ სტეფან ვან ევერა უპირატესობას ანიჭებს კომპაქტურად დასახლებულ საერთო „ეთნიკური“ ღირებულებებისა და ეთნოსის მქონე ხალხებს, რომლებსაც გააჩნიათ ტერიტორიალურ-ადმინისტრაციული საზღვრები,  რაც გამოიწვევს კონფლიქტების თავიდან აცილებას სახელმწიფოში არსებულ უმრავლესობასთან.  ამ კონცეფციის დამადასტურებელი ნათელი მაგალითია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობა,  რომელიც განპირობებულია ლინგვისტო-ეთნიკური ნიადაგით,  რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით. გაფანტულად დასახლებული ერთიდაიგივე ეთნოსის წარმომადგენლები საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს, დაძაბულობის წარმოქმნითა და კონფლიქტის ესკალაციით,  რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ერთი სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოსთან დაპირისპირება,  როგორც ეს გამოვლინდა ბოსნია-ჰერცოგოვინასა და სერბია-მონტენეგროს შორის ომის დაწყების ძირითად მიზეზად.

გავითვალისწინებთ რა ზემოთ მოყვანილ მაგალითებს, შესაძლებელია დავასკვნათ,  რომ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში უმჯობესია შეიქმნას ავტონომიები ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის. თუმცა, გავითვალისწინებთ რა არსებულ რეალობას, დავინახავთ,  რომ მათთვის ავტონომიურობის მინიჭება გაუძლიერებს მათ ლტოლვას პოლიტიკური,  კულტურული და სოციო-ეკონომიკური სეცესიისკენ,  რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მესამე მხარის დაინტერესება, რომელიც გვევლინება ამ შემთხვევაში არა შიდა, არამედ გარე ძალად.  იქნება ეს თავად ამ ეთნიკური ერთეულების ურავლესობით დაკომპლექტებული სახელმწიფო თუ რომელიმე „დიდი ძალა“ თავისი გავლენის სფეროს გასაფართოვებლად. (მაგ:  ამ შემთხვევაში რელიგური ნიშნით,  მაგრამ მაინც მოახერხა ბრიტანეთმა ინდოეთის „შეკავება“ პაკისტანის რესპუბლიკის შექმნით).

მნიშვნლოვანია  გათვალისწინებულ იქნას, რომ გარდა სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური სტრუქტურისა,  შიდა საქმეებში გატარებული პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში აისახება საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე.  ასე მაგალითად,  აფხაზეთის კონფლიქტი, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტისგან განსხვავებით მოგვიანებით დაიწყო,  რაც გამოწვეულ იქნა არასწორად გადადგმული ნაბიჯებით შიდა პოლიტიკურად დესტაბილური მდგომარეობის გამო.  სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისგან განსხვავებით მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ეთნიკური ქარველები. აფხაზეთის კონფლიქტი გადაიზარდა ეთნიკური ქართველების წმენდით (შესაძლებელია ეს ფაქტი მივიღოთ,  როგორც მმართველი ელიტისგან გათავისუფლების მაგალითი,  რომელიც არ აძლევდა მათ სოციუმში ინტეგრირების საშუალებას და ამით უზღუდავდა თანასწორ-ჰორიზონტალურ თანაარსებობის პირობებს).  ამავდროულად, დე-ფაქტო,  არაოფიციალური სამხედრო მხარდაჭერა არსებობდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მხარის მიმართ. ამას დამატებული, რომ ჩავუღრმავდეთ, დავინახავთ, რომ ჯერ კიდევ სსრკ-ს პერიოდში მცირე ერების გადარჩენის პოლიტიკის გატარებისას,  აშკარად გამოიკვეთა კულტურული დაშორება,  თუნდაც ქართველების მიერ საკუთარი დამწერლობის აფხაზებისთვის მიუცემლობით.

ამგვარად, გასათვალიწინებელია ის ფაქტი,  რომ კულტურული ინტეგრაცია,  რომელიც არ გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების კულტურების გადაყლაპვას და არამედ ამ კულტურების მხარდაჭერას და მათ დაახლოებას საწინდარია კონფლიქტების გაჩაღების რისკის მინიმუმამდე დაწევის.

ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ეს კი უნდა იქნას გამოხატული უმცირესობებსა და უმრავლესობას შორის სოციალური კაპიტალისა და ეკონომიკური დოვლათის არაგამორჩეული პრივილეგიებითა თუ არადისკრიმინაციულად და თანაბრად გადანაწილებისა.  აქედან,  გამომდინარე,  აუცილებელია თანაბარი გადანაწილება,  რამეთუ ხდება პრივილეგირებული შერჩევა და უმცირესობების დისკრიმინაცია, ეს ფაქტი უმცირესობებს უბიძგებს გაამძაფროს ეთნიკური იდენტობა, რაც საბოლოოდ გახდება წინაპირობა ამ სახელმწიფოსადმი თავისი მიკუთვნებულობის გრძნობის გაქრობის.

თუმცა აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ეთნიკური ერთეულებისგან დაკომპლექტებული ადმინისტრაციული ტერიტორიები მაქსიმალურად უნდა იქნან დამოკიდებული სახელმწიფოს ცენტრზე, რათა მინიმუმადე შემცირდეს სეცესიის ხარისხი – მაგალითად:  კვებეკი კანადაში; მიუხედავად,  იმისა,  რომ კვებეკი, გამოირჩევა „ფრანგი-კანადელის“ იდენტობით, ის მაინც კანადის ნაწილია, რადგან არ აქვს საკმარისი რესურსი იარსებოს ცალკე,  გამომდინარე ფინანსურ,  ეკონომიკური დამოკიდებულებით ოტავაზე.  ასევე,  კვებეკი სარგებლობს,  ცენტრის მიერ შემოთავაზებული კეთილდღეობის პაკეტებითა და პოლისებით და თანაბრად გადანაწილებული ინტელექტუალურ-ეკონომიკური დოვლათით,  რაც ცხოვრების დონის სტაბილურად მაღალ საფეხურზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ამგვარად, შეჯამებისთვის ხაზგასასმელია ის მნიშვნელოვანი ფაქტები,  რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების წარმოქმნისა და ესკალაციის თავიდან აცილებას,  სახელმწიფოს მთლიანობისა და სუვერენულობას მგრძნობიარების შესამცირებლად. აქედან გამომდინარე,  მნიშვნელოვანია,  ტერიტორიულ- ადმინისტრაციული მოწყობა უმცირესობების კომპაქტურად ერთად დასახლებით (ზოგიერთ შემთხვევაში);  ამასთანავე გონივრულია უმცირესობების კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა და იმგვარი კულტურულ-საგანმათლებლო პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს უმცირესობის წევრების კულტურულ ინტეგრაციას და ამასთან ერთად საშუალების მიცემს თანაბარი შანსების ქონისა სოციალური მობილობისთვის და ასევე თანაბრად და არადისკრიმინირებულად მიიღონ ეკონომიკური დოვლათი, მაქსიმალურად ცენტრზე დამოკიდებულებით. ინტეგრირებული საზოგადოება,  სადაც მიუხედავად იმისა რომ განსხვავებული ეთნოსები არსებობენ,  მათ შესწევთ ძალა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა იმგვარად,  რომ ეთნიკურ იდენტობას აღემატება ნაციონალური იდენტობა.  ამის მაგალითია – აშშ,  სამხრეთ აფრიკა,  კანადა,  ავსტრალია,  ინდოეთი და ა.შ. (თუმცა გასათვალიწინებელია,  სახელმწიფოს მმართველი ინსტიტუციების მიერ განსაკუთრებით ამ მიმართულებით და საგარეო პოლიტიკისა თუ საშინაო პოლიტიკის კეთების დროს გამოიყენონ „Smart Power / Smart Politics”,  მაქსიმალურად ლავირებადი და მოცემულ გარემოებებს მორგებული პოლიტიკური კურსები კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად).

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ