სამოქალაქო, პოლიტიკური და მედია დისკურსის ტრაგიკულობა

Share on Facebook172Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

უკანასკნელი ოცი წელია სხვადასხვა პოლიტიკოსის, საჯარო ინტელექტუალისა თუ ე.წ. ‘სამოქალაქო სექტორის’ წარმომადგენლის მხრიდან პოლიტიკური თუ სოციო-კულტურული პროცესის შეფასება ხდება ერთადერთი და გადაულახავი არგუმენტით, რომელიც მუდმივად საბჭოურ გამოცდილებაზე აპელირებას გულისხმობს. თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნულმა ტრენდმა პოსტ-საბჭოთა სივრცის ტრაგიზმამდე მიგვიყვანა, ჩამოყალიბდა პოლიტიკურ-ეკონომიკური დისკურსი, რომელიც სავსეა კლიშეებით, სტერეოტიპებით, ალოგიკური და ირაციონალური გამოსვლებით, შესაბამისად ამგვარი ლოგიკის კონსტრუქციამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში მოახდინა ერთგანზომილებიანი დიქოტომიური აზროვნების ფორმაცია, რომელიც აშკარად აბსურდის თეატრს დაემსგავსა. წარსულის სრულმა დემონიზაციამ, რაც წარსული გამოცდილების რაციონალური გააზრების ყოველგვარ ელემენტს მოკლებულია, სოციალურ-პოლიტიკური სივრცის პოსტ-საბჭოური ტრამვა გამოიწვია, რომელიც მუდმივად შიშებში ცხოვრებას, საბჭოური ავანგარდიზმის გაფეტიშებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ დღეს პროგრესის შეფერხებაში, არსებული მსოფლიო პოლიტიკური დისკურსისადმი აცდენაში გამოიხატება. ესაა ვრცელი კომედია, დაფუძნებული ყოველგვარ შინაარს გაცლილ ზედაპირულ ანალიზზე, ეს არის მითების ტყვეობაში მყოფი ადამიანის რეაქცია სამყაროსადმი, ეს არის ფსევდო სამოქალაქო აქტივიზმის მანტიით შემოსილი ადამიანების წმინდად მანიპულირებული დისკურსი, რომლის შედეგი არის ცნებების, იდეების, რწმენების გაუფასურება – შედეგად, საზოგადოებრივი გათიშულობა, სრული სიჩუმე, საზოგადოებრივი სუიციდი.

ეს არის ღირებულებათა სისტემების ნგრევა. ამის დამთავრება შეიძლება მხოლოდ, მაშინ თუ ჩვენ შევძლებთ პროცესს სოციალური შინაარსი შევძინოთ. განვითარება, ეს არის წმინდა საზოგადოებრივი პროცესი, რომელიც დგას კოლექტიურ პრაქტიკაზე, განმანათლებლობის იდეალების გააზრებაზე და თავისუფლების საყოველთაობაზე.

სამოქალაქო ცნობიერების ტრანსფორმაციის აუცილებლობა

საბჭოთა კავშირის მსგავსად, ბოლო 9 წლიანმა უკიდურესმა ნეოლიბერალურმა მმართველობითმა სივრცემ, რომელიც ეკონომიკური მოდელის გარდა, სოციო-კულტურული აზროვნების სტილად გარდაისახა, მოახდინა ზემოდან მანიპულირებული ლიბერალური და ამავე დროს ფსევდონაციონალისტური ნარატივების სრული იდეოლოგიზაცია. ეს ყველაფერი გამოიხატა კულტურის, სოციალური თუ ეკონომიკური სივრცის ხელოვნურად ფორმირებაში.

solidaroba socialurad daucvelebsუკანასკნელი 9 წლიანი მმართველობის დროს, სამოქალაქო-ეთიკური ცხოვრების კატეგორიები უკიდურესად წმინდა ბიუროკრატიული სტილის საზოგადოების ფორმირებას ისახავდა მიზნად. ამ მხრივ, განსაკუთრებით ლომის წვლილი მიუძღვის ე.წ. სამოქალაქო სექტორს, რომლის ლიბერალური ინსტიტუტების – არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ფონდების – მეშვეობით ხდებოდა და ხდება ამ სამოქალაქო-ეთიკური კატეგორიების ფეტიშიზაცია, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმის, ცვლილებებზე ორიენტირებული ღირებულებების ფორმირების ილუზიას ქმნის, ამ ყველაფრის შედეგად კი, რეალურად წმინდა ბიუროკრატიული საზოგადოების ფორმირება მივიღეთ, რომელიც სრულიად ინდიფერენტულია რეალურ პრობლემებთან მიმართებაში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ილუზიას იქმნის და თვითიდენტიფიკაციას ზედაპირული თემების ირგვლივ ახდენს.

ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო დახურული სივრცის ფორმირებას, უკიდურეს სოციო-კულტურულ ელიტიზმს და აბსოლუტურ აცდენას რეალურ პოლიტიკურ საკითხებიდან. ყოველივე ამის დადასტურება იყო, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი პროცესები, როდესაც ზეწოლისა და შიშისგან გათავისუფლებულმა სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა გაფიცვების, საჯარო სივრცეების გამაგრებითა და სხვა გზებით გააპროტესტეს ის არაადამიანური მდგომარეობა, რომელიც მათ საქმიანობით სფეროებშია, რადგან სხვა გზა აღარ დარჩათ თვითრეპრეზენტირებისთვის. სწორედ მაშინ გამოჩნდა ნათლად, თუ რამდენად სხვაგანაა დღევანდელი სამოქალაქო სექტორი, რომელიც ვერანაირად ვერ ასრულებს რეალური პრობლემების ადვოკატირების ფუნქციას, შესაბამისად ზემოთხსენებული სტერეოტიპების, მითების, კლიშეების გაძლიერებას უწყობს ხელს, რადგან ეს სივრცე არ წარმოადგენს იდეების ქვევიდან ზევით ფორმირებას, არამედ იერარქიულ-ბიუროკრატიზმს, რომელიც ყველაზე ადვილი მექანიზმია საზოგადოების მანიპულაციისთვისა და მანიპულირებული ღირებულებათა სისტემების დამკვიდრებისთვის, შინაარსისგან გაცლილი ილუზორული აქტივიზმის ჩამოყალიბებისა და ერთგანზომლებიანი-ბიუროკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვის.

სამოქალაქო საზოგადოება თავისი არსით გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ერთობლიობას. რეალურად, საზოგადოებრივი კონსესუსის ფორმირება, როგორც გამოხატულება ღირებულებათა სისტემის, დღეს არა ამ სოციალური ჯგუფების პროცესში ჩართვით, არამედ დღევანდელი ვიწრო ‘სამოქალაქო სექტორის’ მეშვეობით ხდება, რაც პრაქტიკაში შესანიშნავად ქმნის შესაძლებლობას, ვიწრო პოლიტიკური თუ ფინანსური ელიტების მხრიდან მოხდეს მანიპულირებული დისკურსის ჩამოყალიბება. შედეგად, სოციალური ჯგუფები ანუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად უუნაროა თავად შეცვალოს და მოახდინოს საკუთარ ბედზე გავლენა. მიიღოს მონაწილეობა იმ სივრცის ფორმირებაში, რომელშიც თავად უნდა მონაწილეობდეს.

გამომდინარე აქედან, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ამ ტიპის ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი უკიდურესად დაბალია, ერთადერთი გზა თავად ამ სოციალური ჯგუფების მხრიდან დამოუკიდებელი, თუნდაც არაფორმალური კოლექტიური ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება რჩება, რომელიც მოახდენს ზეწოლას სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებზე თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად.

დღევანდელი პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე ხელოვნურად შექმნილი ნარატივებისა და მითების შედეგია, დამკვიდრებულია სწორედ იმ ჯგუფების მიერ, რომლებმაც ტრადიციად აქციეს ‘სამოქალაქო სექტორიდან’ პოლიტიკურ კლასში გადასვლის პრაქტიკა, შესაბამისად პოლიტიკურ პროცესს წმინდა ‘ენჯეოშნიკური’ ლოგიკა შესძინეს. ბუნებრივია, ეს აძლიერებს გაუცხოებას პოლიტიკურ პარტიებსა და მოსახლეობას შორის. ჩვენთან, ისევე როგორც სხვაგანაც, პოლიტიკურ პარტიებს აღარ აქვთ სოციალური მოძრაობებისთვის დამახასიათებელი შინაარსი, რომლის ერთადერთ ალტერნატივას დღეს საზოგადოების თვითორგანიზება წარმოადგენს, რადგან ეს რჩება ერთადერთ გზად თვითრეპრეზინტირებისთვის. ამის შედეგია ბოლო წლების ‘ახალი თაობის’ სოციალური მოძრაობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ცდილობენ ჩაკეტილ პოლიტიკურ დისკურსზე გავლენის მოხდენას, რეალური თემების წინ წამოწევას, იმ თემების, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამის მცდელობებიც ბოლო წლებია გვაქვს საქართველოში სხვადასხვა ჯგუფების სახით, რომელთა გამოცდილებამ ბიძგი უნდა მისცეს სოციალური შინაარსის მატარებელი მოძრაობების შექმნას და ამ პროცესმა უნდა აიძულოს პოლიტიკური პარტიები გარდაიქმნან უფრო მეტად კონკრეტული სოციალური ჯგუფების ინტერესების გამომხატველად და არა ‘ენჯეოშნიკური’ შინაარსის პოლიტიკურ ინსტიტუტებად.

ბოლო წლების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები აუცილებელს ხდის პოლიტიკური პარტიების რადიკალურ ტრანსფორმაციას. მკაცრ იერარქიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციების ერა უნდა გარდაიქმნას, რათა მივიღოთ მოძრაობებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რაც რადიკალურად შეცვლის მკაცრად ცენტრალიზებული პოლიტიკური სტრუქტურის ფორმირებას.

საზოგადოებრივ პროცესს სჭირდება ტრანსფორმაცია, რომელიც თავად ამავე საზოგადოებამ უნდა მოახდინოს. ამისთვის აუცილებელია ფასეულობათა სისტემა, საზოგადოებრივი კონსესუსი ისეთ ფუნდამეტურ ღირებულებებზე, როგორიცაა თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!

Share on Facebook172Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.