სამართალი სამხრეთს: სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ფბ ივენთის ქავერი

1-5 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ფორუმი სახელწოდებით “სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ადგილის გააზრებას მსოფლიო რუკაზე ანტიიმპერიალისტური გადმოსახედიდან და პოსტ-საბჭოთა საქართველოს მიერ გამოვლილი, ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციების ანალიზს. აღნიშნული საკითხები საჭიროებს ისეთ გასხვავებულ ცნებებსა და ფენომენებზე მსჯელობას, როგორიცაა ნეოლიბერალური გლობალიზაცია, იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, გლობალური სამხრეთი, ფინანსური კაპიტალიზმი და “დიდი ტრანსფორმაციები“. ადგილობრივ მომხსენებლებთან ერთად, ფორუმი ასევე მასპინძლობს საერთაშორისო მომხსენებლებს,  აღნიშნულ თემებზე ცნობილი წიგნებისა და აკადემიური ნაშრომების ავტორებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების მონაწილეებს ანტიიმპერიალისტური ბრძოლის თანამედროვე ისტორიაში.

ფორუმი შეეცდება პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: როგორი სახელმწიფო და საზოგადოება გვჭირდება? რა შედეგები მოჰყვა საქართველოს გადასვლას საბაზრო ეკონომიკაზე და მის ჩართვას ნეოლიბერალური გლობალიზაციის პროცესში? რა ხარვეზები აქვს დღევანდელი განვითარების პოლიტიკას? როგორ შევქმნათ ნეოკოლონიური ნარატივებისგან თავისუფალი სააზროვნო სივრცე?

ფორუმის საპატიო მომხსენებლებს შორის არიან:

ინდოელი ეკონომისტი პრაბჰატ პატნაიკი (Prabhat Patnaik),
ბერძენი ეკონომისტი და პოლიტიკოსი კოსტას ლაპავიცასი (Costas Lapavitsas),
ინდოელი პოლიტოლოგი ნივედიტა მენონი (Nivedita Menon)
ბრიტანელი სოციოლოგი მაიკლ ბურავოი (Michael Burawoy)

იხ. ფორუმის დეტალური პროგრამა

ფორუმი გაიხსნება 1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს და თემატურად მიეძღვნება შრომის ექსპლუატაციისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ პოლიტეკონომიურ საკითხებს თანამედროვე მსოფლიოში, გლობალურ სამხრეთსა და საქართველოში. ფორუმის დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ პერიფერიული შრომისა თუ შრომის უსაფრთხოების პოლიტეკონომიის შესახებ, საქართველოში სოციალური უთანასწორობისა და არსებული ეკონომიკური განვითარების პარადიგმის ძირითადი ჩავარდნების შესახებ, საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის მაგალითით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების კრიტიკულ ანალიზისა და გარდა ამისა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, როგორიცაა უფლება საკვებზე – საკვების მოპოვებასა და წარმოებაში ჩართულ მშრომელთა სოციალური მოძრაობებისა და საკვების უფლების რადიკალურობის შესახებ.

1 მაისის დასკვნითი მომხსენებელი, ინდოელი პოლიტეკონომისტი პრაბჰატ პატნაიკი ისაუბრებს მსოფლიო ეკონომიკასა და გლობალიზაციაზე. პატნაიკი ავტორია არაერთი ცნობილი წიგნისა და სტატიისა იმპერიალიზმის, გლობალური პოლიტეკონომიისა თუ კაპიტალიზმის პირობებში დაგროვების ბუნების, ფულის ღირებულების შესახებ; მათ შორისაა 2016 წელს გამოცემული ვრცელი წიგნი “იმპერიალიზმის თეორია” (A Theory About Imperialism), რომელიც მან მეუღლესთან, პროფესორ უტსა პატნაიკთან ერთად დაწერა.

2 მაისს ფორუმი დაიწყება მწერალ ნაირა გელაშვილისა და პროფესორ გიორგი მაისურაძის დიალოგით სახელწოდებით “კავკასია ჩვენი სახლი”, რის შემდეგაც ადგილობრივ მომხსენებელთა მრავალფეროვანი სადისკუსიო პანელი დაეთმობა ფინანსიალიზაციისა და პრივატიზაციის, არსებული სავაჭრო და საინვესტიციო სტრატეგიების კრიტიკულ მიმოხილვებს, მათ შორის ისეთ  მნიშვნელოვან საკითხებზე დავიწროებით, როგორიცაა საქართველოში ჯანდაცვის პრივატიზაციის შედეგები და პერიფერიული ფინანსიალიზაციის აღზევება, ქართულ კონტექსტში არსებული კოლონიალიზმის ტიპოლოგია და სხვა.

2 მაისის მთავარი მომხსენებელი, ბერძენი პოლიტეკონომისტი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი კოსტას ლაპავიცასი თანამედროვე მსოფლიოში  ფინანსიალიზებულ კაპიტალიზმსა და მის მომავალზე ისაუბრებს. ლაპავიცასის მნიშვნელოვან ნაშრომებს შორისაა 2012 წელს გამოცემული წიგნი “ევროზონის კრიზისი” (A Crisis Of Eurozone) და ფინანსიალიზაციის შესახებ 2013 წელს გამოცემული ამომწურავი წიგნი სახელად “მოგება წარმოების გარეშე” (Profiting Without Producing: How Finance Exploits Us All).  ის ცნობილია მისი კრიტიკული დამოკიდებულებით თანამედროვე, დასავლური ფინანსური სისტემის მიმართ, განსაკუთრებით კი საბერძნეთის სახელმწიფო ვალის კრიზისთან მიმართებაში. ლაპავიცასი აქტიურად მონაწილეობდა 2015 წელს საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებში, ის მემარცხენე პარტია “სირიზას” ყოფილი წევრია.

3 მაისის მომხსენებლები შეეცდებიან გააცოცხლონ სხვადასხვა ისტორიული მოვლენები და კონცეპტუალური საკითხები თანამედროვე, გლობალურ პროცესებთან მიმართებაში. ვისაუბრებთ 1902 წელს გურული გლეხებისა და 2013 წელს ხაიშელი სვანების ფიცს შორის მსგავსებაზე, სეკულარიზმის ლიმიტებსა და სამხრეთის თვიტხატზე პოსტსაბჭოთა საქართველოში და ასევე ისეთი მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ევროცენტრიზმი და მასზე კრიტიკული რეფლექსია.

3 მაისის საერთაშორისო მომხსენებელთან, ინდოელ პოლიტოლოგ ნივედიტა მენონთან ერთად ვიფიქრებთ გლობალურ სამხრეთზე. პროფესორი ნივედიტა მენონი ფემინისტი მწერალი და პოლიტიკური აზრის მკვლევარია, ის ასევე პოლიტიკური აქტივისტია, ცნობილია მისი კრიტიკული პოზიციებით ატომური ენერგიისა და ქაშმირის კონფლიქტის შესახებ. არის არაერთი ნაშრომის ავტორი ინდოეთის ისტორიის, გენდერისა და პოლიტიკის, სექსუალობის საკითხების შესახებ.

4 მაისის დღეს ფორუმს გახსნის პროფესორი მარინა მუსხელიშვილი, მოხსენებით “დემოკრატია და დიდი სამეული საქართველოში”. აღნიშნული მოსხენება თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის, პოსტ-სოციალისტურ საქართველოში ჩამოყალიბებული დემოკრატიის ლიმიტებს გააანალიზებს კარლ პოლანისა და მარქსის ცნობილი თეორიული კონცეპტების ურთიერთშედარების საფუძველზე.

ადგილობრივი მომხსენებლების პანელი მიეძღვნება საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციას და შეეცდება ახალი კითხვები დასვას ისეთ  მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა საქართველოში უკანასკნელ ათწლეულებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემების რაობა, ქართული ტრანსფორმაციის სპეციფიკური მახასიათებლებისა და განსხვავებების მნიშვნელობა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, ტრანზიციისას თუ ტრანზიციის შემდგომ საქართველოში ჩამოყალიბებული კაპიტალიზმის ტიპი/ტიპები და მისი შესაძლო მამოძრავებელი ძალები, პოსტ-საბჭოთა საქართველოში არსებული სოციალური მოძრაობების პოლიტეკონომიის არსი საბაზრო რეფორმებისა და დემოკრატიზაციის კონტექსტში და სხვა.

საერთაშორისო მომხსენებელი, ბრიტანელი სოციოლოგი მაიკლ ბურავოი 4 მაისის დღის დასკვნით მოხსენებას შემოგვთავაზებს სახელწოდებით “დიდი ტრანსფორმაციები”. შეგახსენებთ, რომ მაიკლ ბურავოი ტრანსფორმაციების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე მკვლევარია მარქსისტულ ტრადიციაში. ბურავოი გახლავთ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი. მის ნაშრომებს შორის ყველაზე მეტად ცნობილია Manufacturing Consent: Changes in the Labor Process under Monopoly Capitalism, კვლევა, რომელიც 1979 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა, თუმცა ამის შემდეგ მას ეკუთვნის რამდენიმე ვრცელი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საავტორო წიგნი და არაერთი სოციოლოგიური, ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევებით შედგენილი  თანასაავტორო წიგნი და მრავალი სტატია. ბურავოის ნაშრომებს შორისააა კვლევები და თეორიული ნაშრომები პოსტ-სოციალისტური ტრანზიციის შესახებ.

5 მაისი, ფორუმის დასკვნითი დღე დაეთმობა ფორუმის მონაწილეეებს შორის დისკუსიას, სახელწოდებით “საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინზე”. დისკუსია ეცდება შეაჯამოს ფორუმის მოსამზადებელ ეტაპზე და ფორუმის განმავლობაში წარმოშობილი მსჯელობისა და არგუმენტაციის ველი და ფორუმის დამსწრე აუდიტორიასთან ერთად მოიხელთოს საქართველო  თანამედროვე, გლობალურ კონტექსტში მისი ყველა სპეციფიკური მახასიათებლის გათვალისწინებით.

მედია-პლატფორმა European.ge მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და მოხარულია, რომ ფორუმის მომხსენებლებს შორის მრავლად არიან ჩვენი ავტორები, ასევე რედაქტორები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლიტიკური თვითგამორკვევის მიმდინარე პროცესში, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრატეგიათა დახვეწაში და, ამასთან ერთად, სასიცოცხლოდ საჭირო და დეფიციტური აკადემიური მუშაობის გაღრმავებასა და სრულყოფაშიც.

თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ფორუმის მსვლელობის თითოეულ დღეს.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.