სამამულო კულტურის ტრაგედია ანუ განათლების პრობლემები ,,მათებურად”

Share on Facebook149Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კაცმა რომ თქვას, საკუთარ თავთან კომპრომისზე არასდროს არ უნდა წახვიდე, თორემ ბოლოს მაინც ინანებ. თუმცა მე, ასეთი ცხოვრებისეული სიბრძნით აღვსილი ინდივიდუმი მსგავს შეცდომას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვუშვებ და დღესაც იგივე გავაკეთე როცა ,,ცხელი შოკოლადის” მიერ უმაღლესი განათლების პრობლემების გარშემო ორგანიზებულ დისკუსიაზე გავეშურე.

დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ თსუ-ს და ილიაუნის რექტორები სანდრო კვიტაშვილი და გიგი თევზაძე და ამავე უნიერსიტეტეის სტუდენტები ქეთი მჭედლიშვილი და გიორგი ნონიაშვილი.

ნუ, ეს იყო საფუძვლიანი და ნელი წამება ჩემთვის, დაახლოებით ისეთი, როგორსაც შუა საუკუნეებში იყენებდნენ მდიდარი ებრაელების გამოსატეხად, სად მალავდნენ თავიანთ ქონებას. იმდენად აღშფოთებული ვიყავი ძვირფასი მომხსენებლების მჭერმეტყველებით(და მსმენლის უსუსურ მდგომარეობაში აღშფოთება როგორ უნდა გამოხატო თუ არა მსუბუქი ოვაციებითა და სახის მეტყველი მიმიკით), რომ ვიღაც პატივსაცემ მანდილოსანს უხამსადაც კი მოეჩვენა ეს ყველაფერი. ისეთი სახე გაქვთ, მყუდროებას არღვევთ და ხელს უშლით დისკუსიასო, დაახლოებით ასეთი შინაარსის შენიშვნა მსტყორცნა მან (ნაწილობრივ ვაზვიადებ).

სანამ აღშფოთების მიზეზებს დავაკონკრეტებდე, უნდა აღვნიშნო, რომ ძვირფასი რექტორები მოხსენებაზე გაცილებით სიმპათიურად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ხსენებული ორი სტუდენტი, რომლებსაც იდეაში, სტუდენტური ხედვიდან გამომდინარე უნდა ესაუბრათ განათლების პრობლემებზე. როგორც თვითმმართველობის საუბარი და ქმედებებია აცდენილი სტუდენტების ინტერესებს, ზუსტად ასევე იყო სამწუხაროდ დღევანდელი მომხსენებლების შემთხვევაშიც, იმის მიუხედავად რომ ორივე აქტიური სტუდენტია, რომელიც ,,რაღაცის” შესაცვლელად იბრძვის.

მაგრამ ამ ,,რაღაცის” რაობაა ხომ სინამდვილეში მთავარი… ჩვენმა (ანუ, სტუდენტების) წარმომადგენლებმა კი დღევანდელ დისკუსიაზე რექტორებს ლამის სასამართლო გაუმართეს, რატო სტუდენტებს არ ცხრილავთო. ამის გაგონებისას მომინდა თავით კედელს შევსკდომოდი თვალი ვკიდე კიდეც როგორ ჩადიოდა ანალოგიურ ქმედებას ჩემი რამდენიმე მეგობარი ლაბორატორიელი. ნუ, როგორ გინდა თავის დახრჩობა არ მოგინდეს როცა განათლების სისტემის პრობლემებში მომხსენებლებად შერჩეული სტუდენტები მთავარ პრობლემად იმას განიხილავე, რომ თურმე უნივერსიტეტის სტუდენტი ზედმეტად ბევრი ადამიანი ხდება. აი რა ყოფილა ბოროტების სათავე. ამ დროს კი გიგი თევზაძე გამოდის და ამ სტუდენტებს აშკარად შარავანდედმოსილი უხსნის, რომ უმაღლესი განათლება ადამიანების კარიერულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არა მხოლოდ ელიტური ჯგუფებისთვის განკუთვნილი. ესენი კი მაინც ჯიუტად განაგრძობენ, რომ თურმე სტუდენტები კარგად ვერ აზროვნებენ და უნივერსიტეტიდან უნდა გაყარონ თუ რაღაც ასეთი…

უნდა ითქვას, რომ ამ სტუდენტების აზროვნების პრობლემა მეტად მოხერხებულად აიტაცეს რექტორებმა (რექტორებმა რა, გიგი თევზაძემ ძირითადად და მერე სანდრო კვიტაშვილიც აყვა). გიგი თევზაძემ ისაუბრა სოციალიზაციის პერიოდიდან გამოყოლილ პრობლემებზე და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ უმაღლესი განათლების პრობლემები ჩვენთან კულტურით ყოფილა განპირობებული. აქ არც ,,სფიქერი სტუდენტები” დარჩენილან ვალში და აქტიურად აუბეს მხარი განათლების ხარისხის სამამულო მენტალობით ახსნას. მოკლედ, გამომსვლელების საბოლოო შეჯამებით ჭკუათმყოფელი ადამიანი დაასკვნიდა რო პრობლემა ქართველებში ყოფილა და განათლების პრობლმები ძალიან მჭიდრო კორელაციაშია ქართულ კულტურასთან, სუფრასთან, წინაპართა ადათებთან და ა.შ.

ამ დროს დისკუსია არ შეხებია ისეთ საკითხს, როგორიცაა განათლების მიზერული დაფინანსება. არ მესმის როგორ უნდა ისაუბრო უმაღლესი განათლების პრობლემებზე ისე, ეს საკითხი მეტაფიზიკურ-მენტალურ პრობლემაში გაატარო და არ ახსენო, რომ განათლების სისტემა პოლიტიკური საკითხია და მისი პრობლემები თუ ღირსებები იმ პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელთა მიხედვითაც დგინდება სახელმწიფო სტრატეგია განათლების სფეროში. დღეს ხომ ფაქტია, სახელმწიფო განათლებას იმაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ვიდრე რიყეზე გასამართ კონცერტებს. ცხადია, ამაზე საჯარო დისკუსიაზე არ ისაუბრებდნენ რექტორები და ისინი არც არიან განათლების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნის ადრესატები, მაგრამ, უბრალოდ არაადეკვატურია სტუდენტების მხრიდან ამის გვერდის ავლა.

დისკუსიაზე რექტორები ,,მსუბუქად” კი შეეხენ კვლევითი პროექტების და სამეცნიერო მუშაობის პრობლემურობას, იმას, რომ პრინციპში ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსი უაღრესად მწირია სამეცნიერო მუშაობისთვის, მაგრამ საუბარი ცხადია არ ყოფილა თუ რომელი ციდან უნდა ჩამოფრინდნენ ერთ დღესაც არარსებულ სამეცნიერო სკოლებში აღზრდილი ქართველი მეცნიერები. ამის ნაცვლად ბატონმა სანდრომ გულწრფელად აღიარა, რომ მაგარი ფარჩაკები ვართ და ასეც დავრჩებით, რადგან ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა გავჩნდეთ ერთ დღესაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სიაში.

მოკლედ, მე თუ მკითხავ, დიდი ნიჭი უნდა ამ პრობლემებზე ისე ისაუბრო რო მათ მიზეზს არ შეეხო და ჩემს გულწრფელ აღფრთოვანებას გამოვთქვამ დისკუსიაზე გამომსვლელებისადმი, განსაკუთრებით კი სტუდენტებისადმი (და სწორედ ამ აღფრთოვანებით ვხსნი რომ დისკუსიაზე ბოლომდე დარჩენას ჩემმა გულმა ვერ გაუძლო). მანამდე კი შეგახსენებთ, რომ საქართველოში განათლების დაფინანსებაზე გაღებული მშპ-ს წილი ორჯერ ჩამოუვარდება სხვა, ჩვენი ანალოგიური ეკონომიკური მდგომარეობის მქონე განვითარებადი ქვეყნების მიერ გაღებულ მშპ-ს წილს და რომ ამ პირობებშიც კი, სახელმწიფოს, სულ მცირე, ორჯერ შეუძლია გაზარდოს განათლების დაფინანსება. ეს კი არ ხდება იმიტომ რომ ჩვენ არ ვითხოვთ ამას მთავრობისგან და საშუალებას ვაძლევთ ჩვენი ფული კონცერტებზე, ლაზიკას მშენებლობაზე, ომის დაფინანსებაზე გაფლანგოს და არა კეთილდღეობის ინსტიტუტების შენებაზე. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მიკროფონთან მიწვეული სტუდენტები განათლების კიდევ უფრო ელიტარულად ქცევას ითხოვენ და არა პირიქით. უმრავლესობის ხმა და ინტერესი კი ისევ არსად ჩანს.

Share on Facebook149Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*