საცხოვრისი – ზოგადი შესავალი რამდენიმე მაგალითით

Share on Facebook134Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

ტექსტი მომზადებულია პროექტის – „საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ურბან რეაქტორის“ მიერ ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge-სა და „ურბანული კვლევების ცენტრთან“ თანამშრომლობით, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.

ავტორები: ტანია გუერერო რიოსი, ემილ ტიჰუისი, ლევან ასაბაშვილი

თარგმანი: თორნიკე ჩივაძე, რედაქტორი: ლევან ასაბაშვილი

© European.ge

იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი საცხოვრისის ცნება გავიგოთ, თავდაპირველად საჭიროა ყურადღება მივაქციოთ საცხოვრისის დეფინიციას. სიტყვა საცხოვრისი (housing) ნაწარმოებია საცხოვრებლისგან (house), თუმცა ის ასევე მიემართება თავშესაფრის ქონასაც და ხშირად არასწორადაა გაიგივებული სახლის (home) ცნებასთან. საცხოვრებელი ეხება ფიზიკურ ნაგებობას, მაშინ, როდესაც სახლს თავშესაფრის კონოტაციაც გააჩნია, იგი ფიზიკურ ნაგებობასთან ერთად, არის ის, რაც მას მაცხოვრებლებმა დაამატეს. პროფესიონალ მშენებლებს შეუძლიათ საცხოვრებლის აშენება, მაგრამ ისინი ვერასდროს ააშენებენ სახლს. იმის მიუხედავად, რომ ხშირად სამშენებლო კომპანიები მას, როგორც სახლს ისე ასაღებენ, რეალურად იგი „იქცევა საქონლად, რომელიც გაყიდვის და ყიდვის ობიექტია და აღქმულია ასეთად. საცხოვრისი განიხილება სასაქონლო სფეროს ნაწილად უფრო ეკონომიკური, ვიდრე ადამიანური ღირებულებებით“ (კინგი, 2016).

ხელმისაწვდომობის ცნების განსაზღვრა რთულია რამდენადაც, ის შედარებითია, ანუ დამოკიდებულია ბევრ ასპექტზე, მათ შორის იმაზე თუ რასთან მიმართებით ვიყენებთ ამ ცნებას. მაშინ როდესაც ხელმისაწვდომი ნიშნავს სამიზნე ჯგუფის ხელმისაწვდომობას პროდუქტზე, ერთი ოჯახისთვის რაღაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ არა მეორესთვის. საცხოვრისის ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული, არამედ ისეთ ფაქტორებზეც როგორიც არის ოჯახის შემადგენლობა, მისი წევრების კარიერის ეტაპი და დამატებით გაწეული ხარჯები ტრანსპორზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და ა.შ. (King, 2016; Smith, 2012).

იატისი და მილიგანი, საცხოვრისის ენციკლოპედიაში აცხადებენ რომ, „ცნება ხელმისაწვდომი საცხოვრისი ზოგადად, ნებისმიერი საცხოვრისისთვის გამოიყენება, რომელიც უზრუნველყოფილია საბაზრო ქირაზე ან ფასზე ნაკლებად, ისეთი ოჯახებისთვის, რომელთა საჭიროებებიც ბაზარზე ვერ კმაყოფილდება“ (Yates & Milligan, 2012). მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ საცხოვრისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მის შესაძლებლობაზე მიაღწიოს შინამეურნეობების სამიზნე ჯგუფს, რაც ხშირ შემთხვევაში დაბალ შემოსავლიან ოჯახებს აერთიანებს.

საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა, როგორც ცხოვრების სტანდარტის ნაწილი, ადამიანის პირველად უფლებად 1948 წელს იქნა აღიარებული (Un-Habitat, 2014). ფაქტობრივად, მსოფლიოს გარშემო ბევრი სახელწმიფოს კონსტიტუცია შეიცავს საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის უფლებას (იხ: მექსიკის კონსტიტუცია, ნაწ. 4; პორტუგალიის კონსტიტუცია ნაწ. 65; და რუსეთის კონსისტუცია, ნაწ. 40). თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის აშენებდეს საცხოვრისს. სახელმწიფომ უნდა უზუნველყოს ადექვატური ხელმისაწვდომობა საცხოვრისზე (Un-Habitat, 2014).

ოჯახების ფინანსური და ეკონომიკური რესურსების სიმწირის შემთხვევაში, არსებობს სახელმწიფო ჩარევის რამდენიმე საშუალება. მას შეუძლია სუბსიდირების გზით შეამციროს საცხოვრისის ხარჯები (ობიექტის სუბსიდირება) ან გაზარდოს ოჯახის შემოსავალი (სუბიექტის სუბსიდირება). ობიექტის სუბსიდირება წარმოადენს დაფინასნებას მიწოდების მხრიდან, როდესაც სახელმწიფო ახდენს მშენებლობის ხარჯების სუბსიდირებას, რათა მოხდეს მისი დაქირავება ან შეძენა საბაზრო ფასზე ნაკლებად. ამის განხორციელება შესაძლებელია როგორც, სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მიერ. ეს სტრატეგია ეფექტურია დიდი რაოდენობით საცხოვრისის სამშენებლოდ და ხარისხის მაღალი კონტროლისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, ის არც ისე მოქნილია მიზნობრიობისა და განფასების მხრივ, რადგან ძირითადად ყოველი ერთეული გაქირავებულია ან გაყიდულია ერთნაირ ფასში, ოჯახების განსხვავებული შემოსავლების გაუთვალისწინებლად. მეორეს მხრივ, სუბიექტის სუბსიდირება მოთხოვნაზე დაფუძნებული დახმარებაა, როდესაც ოჯახი პირდაპირ იღებს სუბსიდიას სახლის დასაქირავებლად ან შესაძენად. ეს სქემა უფრო მოსახერხებელია საცხოვრისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, თუმცა უფრო მეტად ბიუროკრატიულია, დროში გაწელილი და მასშტაბებში შეზღუდულია (King, 2016; Yates & Milligan, 2012).

საჯარო ან სოციალური საცხოვრისი სახელმწიფოს მიერ გამოიყენება ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, თუმცა ისინი არ უნდა იქნას გაგებული ხელმისაწვდომობის სინონიმად, რადგან ხელმისაწვდომობაში შეიძლება ნებისმიერი ტიპის საცხოვრისი მოიაზრებოდეს, მაშინ, როცა საჯარო ან სოციალური საცხოვრისი ნიშნავს ისეთ საცხოვრისს, რომელიც ექსკლუზიურად დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ საჯარო ან სოციალური საცხოვრისის ცნება იცვლებოდა ისტორიის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფის ფორმების ცვლილებასთან ერთად, დროისა და ქვეყნების მიხედვით.


საცხოვრისი გლობალურ სამხრეთსა და გლობალურ ჩრდილოეთში

როდესაც საკითხი ხელმისაწვდომ საცხოვრისს ეხება, თვალშისაცემია განსხვავება ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გლობალურ ჩრდილოეთსა (ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა რუსეთის ჩათვლით, ავსტრალია და ახალი ზელანდია) და გლობალურ სამხრეთს შორის (ლათინური ამერიკა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია).

მთავარი განსხვავება საცხოვრისის ხელმისაწვდომობის კუთხით ზემოხსენებულ გეოგრაფიულ ერთეულებს შორის სარგებლობის ფორმებს ეფუძნება. ევროპაში საცხოვრისის ხელმისაწვდომობის ადრეული ტენდენციები ძირითადად ქირავნობის შესაძლებლობებთან იყო დაკავშირებული, რაც მხოლოდ 1980-იანი წლებიდან შეიცვალა და ფოკუსი მესაკუთრე-მაცხოვრებლის მოდელზე (owner-occupation model) გაკეთდა, ამის მაგალითია „ყიდვის უფლების“[1] პოლიტიკა ბრიტანეთში. გლობალურ სამხრეთში ჩვენ ვხედავთ საცხოვრისის ქირავნობის მოდელის საწყის ეტაპს, შემდეგ კი, სწრაფ შემობრუნებას ბინათმფლობელობისკენ, ლათინური ამერიკის შემთხვევაში, 1950-იანებიდანაც კი (Gilbert, 1993). ეს რამდენიმე ფაქტორს შეიძლება მიეწეროს, თუმცა მათ შორის ყველაზე აშკარა ბინათმფლობელობის მოდელის პოლიტიკური მნიშვნელობაა, რაც პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ საცხოვრისის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობდა და ასევე იმას, რომ საცხოვრისის საქირავნო მოდელს მმართველობის აპარატის მაღალი ხარჯები ახასიათებს.

შემდეგი მნიშვნელოვანი განსხვავება, გლობალურ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, არაფორმალური დასახლებების არსებობაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ფინანსური საშუალებების ნაკლებობამ შესაძლოა დაბალშემოსავლიან ოჯახს არაფორმალობისკენ უბიძგოს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ბაზრის გარეთ დარჩენის მთავარი მიზეზი მათი ეკონომიკური საქმიანობის არაფო-რმალურ ხასიათზეა დაფუძნებული. ეს დასახლებები ძირითადად უბრანულ პერიფერიებში, კერძო ან საჯარო მიწებზეა განლაგებული. ამ მეორე განმასხვავებელმა ასპექტმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან განსხვავებულ ძალაუფლებრივ მიმართებებს მისცა ბიძგი. საინტერესოა განვიხილოთ მათი პოლიტიკის ფორმირება და მათი გავლენა გლობალურ სამხრეთზე. მოგვიანებით ამ ტექსტში დავუბრუნდებით ამ ორგანიზაციების უზარმაზარ როლს ლათინური ამერიკის ქვეყნების საბინაო პოლიტიკის განვითარებაში. 1970-იანი წლებიდან მსოფლიო ბანკმა საბინაო პოლიტიკაში დაიწყო ჩარევა და ძირითადად ჯურღმულების მაცხოვრებლებისთვის მიწის ნაკვეთების გაფორმებას და დაბალშემოსავლიანი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საბაზრო მოდელის დანერგვას ადვოკატირებდა (Gilbert, 2002).


ხელმისაწვდომი საცხოვრისის მოკლე ისტორია

ევროპა

1
ფოტო #1. ”ფუგერაის” სოციალური საცხოვრისი, აუგსბურგში, გერმანია, 1523 წ. არქიტექტორი ტომას კრებსი.

დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი სოციალური საცხოვრისის პირველი მაგალითები ევროპაში 1850 წლისთვის, ინდუსტრიული რევოლუციის დასასრულისთვის ჩნდება[2] (იხ. სურ. 1). ინდუსტრიულმა რევოლუციამ სოფლიდან ქალაქში უდიდეს მიგრაციას ჩაუყარა საფუძველი, ქალაქების ზრდას და ამასთან ერთად ამ ახლად ინდუსტრიალიზებულ ქალაქებში საცხოვრისის დეფიციტს, ჯურღმულების წარმოქმნას და შედეგად ქალაქის ღარიბი მოსახლეობის მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს. ადგილობრივმა ფილანტროპებმა და ქარხნების მეპატრონეებმა საკუთარი ქარხნების მუშებისთვის საცხოვრისის მშენებლობა იმ იდეით დაიწყეს, რომ საბოლოოდ ჯანმრთელი მუშები მეტად პროდუქტიულები იქნებოდნენ.

სოციალური საცხოვრისის უზრუნველყოფა მსოფლიოში საცხოვრისის კანონმდებლობასთან ერთად ვითარდებოდა. ასეთი იყო ინგლისში, 1885 წელს მიღებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის შემადგენელი საკანონმდებლო აქტი, სახელწოდებით „საცხოვრისის აქტი მუშათა კლასისისთვის“. 1890-1910 წლებში ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებიც ნერგავდნენ მსგავს კანონებს, საცხოვრისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. ეს პირველი კანონები საცხოვრისის შესახებ მიზნად მუშათა კლასის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა და აქცენტს სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე აკეთებდა, რადგან იმ დროისთვის ქალაქები დაავადებების რეგულარული შემოტევებით იტანჯებოდა. თუმცა, აქტების დანერგვის პირველ წლებში, ჯურღმულებში უფრო მეტი ბინა განადგურდა, ვიდრე აშენდა.

2
ფოტო #2. ”ჰალტონ მურის” მუნიციპალური საცხოვრისი ლიდსში, ინგლისი, 1930-იანი წ.

 

3
ფოტო #3. სოციალური საცხოვრისი ამსტერდამში, ჰოლანდია, 1919 წ. არქიტექტორი მიშელ დე კლერკი.

რეალურად, მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოიყო საკმარისი თანხები ასეთი საბინაო ინიციატივებისთვის მაგალითად „საბჭოების ბინები“ (Council Housing) დიდ ბრიტანეთში და „მუნიციპალური საბინაო კორპორაციები“ ნიდერლანდებში (იხ. სურ. 2. და სურ. 3.). მიდგომები ქვეყნების მიხედვით განსხვავდებოდა, მაგრამ ამ პერიოდში მუშათა კლასის საცხოვრისი ყველგან ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა და მუნიციპალურ დონეზე წყდებოდა. ამ წლებში, საცხოვრისის პროექტები მუშათა კლასზე და საშუალო შემოსავლების მქონე ჯგუფებზე იყო ორიენტირებული, რათა საბინაო დეფიციტი აღმოფხვრილიყო (Polák, 2004). მუნიციპალიტეტებს გააჩნდათ თავიანთი დამოუკიდებელი საბინაო სააგენტოები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ევროპაში, ამ ბინების უმრავლესობა საქირავნო საცხოვრისს წარმოადგენდა, რომლის მართვასაც საბინაო სააგენტოები ახორციელებდნენ. ეს სააგენტოები სახელმწიფო ვალს საცხოვრისის გაქირავებიდან შემოსული თანხებით იხდიდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში ახალ საცხოვრისს სახელმწიფო, საბინაო სააგენტოები ან კერძო დეველოპერები აშენებდნენ.

ფოტო#4. ”ალექსანდრა და ეინსვორთის” მუნიციპალური საცხოვრისი ლონდონში, ინგლისი, 1968-1978 წწ. არქიტექტორი ნივ ბარუნი.
ფოტო#4. ”ალექსანდრა და ეინსვორთის” მუნიციპალური საცხოვრისი ლონდონში, ინგლისი, 1968-1978 წწ. არქიტექტორი ნივ ბარუნი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპას საცხოვრისის დეფიციტთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან და უამრავ სხვა სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემასთან შეჭიდება მოუწია. ომის შემდგომ, მარშალის გეგმის წყალობით, დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას კეინსიანური პოლიტიკის გატარების საშუალება მიეცა. საერთო ჯამში, თვრამეტმა ქვეყანამ მიიღო მარშალის დახმარება, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ, ნიდერლანდებმა და ბელგიამ. აღორძინების ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის, დასაქმების და სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრისის მასიური პროექტები შემუშავდა, რომელიც აშშ-დან დაფინანსდა. საცხოვრისი სწრაფად შენდებოდა, ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყო, თუმცა ხარისხი დაბალი იყო. 1960-70-იანმა წლებმა ეკონომიკური ბუმი და საბინაო ფონდის დივერსიფიკაცია მოიტანა (იხ. სურ. 4.). 70-იანი წლების ევროპაში ომის შემდგომ აშენებული საცხოვრისის დაბალმა ხარისხმა და მზარდმა კეთილდღეობამ, ბინათმფლობელობის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა.

დიდ ბრიტანეთში 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ტეტჩერის ნეოლიბერალური რეჟიმის ქვეშ „საბჭოების ბინების“ მასიური პრივატიზაცია განხორციელდა. ამ პოლიტიკის მეშვეობით „საბჭოების ბინების“ მოქირავნეებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარ სარგებლობაში არსებული სახლები „შესყიდვის უფლების“ მექანიზმის მიხედვით, საბაზრო ფასთან შედარებით 50%-იანი ფასდაკლებით შეესყიდათ (King, 2016). ეს პოლიტიკა პოპულარობით სარგებლობდა და ბევრი უპირატესობაც ჰქონდა, რაც მზარდ ბინათმფლობელობაში და ვალების გადასახდელად სახელმწიფოს ლიკვიდურობის ზრდაში გამოიხატა. თუმცა, მას ნეგატიური გვერდითი ეფექტებიც ახასიათებდა.

სახლების შესყიდვა ძირითადად, საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეძლოთ, რითაც ტრადიციული ღარიბი თემები თანდათანობით ნადგურდებოდა და განიდევნებოდა. ამ პოლიტიკამ საცხოვრისზე ფასების ზრდა და საქირავნო საცხოვრისის დეფიციტი გამოიწვია. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული საბინაო ფონდების პრივატიზაცია ევროპის მასშტაბით დღემდე გრძელდება. ასევე 1990-იანი წლების ევროპულ საბინაო ბაზარზე, საბინაო კორპორაციების პრივატიზაციის ტენდენციასაც ვაწყდებით (London School of Economics, 2007).

ლათინური ამერიკა

5
ფოტო #5. არაფორმალური დასახლება მეხიკოს გარეუბანში.

ლათინურ ამერიკაში, საცხოვრისის ხელმისაწვდომობას არაფორმალური ხასიათი აქვს. მსოფლიოს ამ ნაწილში 1940-50-იანი წლების სოფლიდან ქალაქში დიდი მიგრაციის დასრულებამდე ღარიბების საცხოვრისის უზრუნველყოფის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა. იმ დროისთვის, როდესაც სახელმიწფომ ჩარევა დაიწყო, მთელი ლათინური ამერიკის ურბანული არეალები საცხოვრისის მკვეთრ დეფიციტს განიცდიდა. ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი მაცხოვრებლების მიერ პირდაპირი მოქმედებით, კერძო თუ საჯარო მიწების დაკავებით, გვარდებოდა. ზოგჯერ ამ პროცესს პოლიტიკური პარტიები ან მთავრობებიც უწყობდნენ ხელს, მაგალითად 1960-იანი წლების ჩილეში. ზოგადად, როდესაც მთავრობებმა მოქმედება გადაწყვიტეს, მიღებული ზომები უმნიშვნელო ან დაგვიანებული იყო (იხ. სურ. 5).

სახელმწიფო საბინაო პროგრამები, დაფინანსების სიმწირის გამო ვერ ახერხებდა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და დეფიციტის შემცირებასაც კი. რადგან, ფართომასშტაბიანი მოდერნისტული საბინაო პროექტები ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვა, მიღებულ იქნა ისეთი „არასტანდატული“ სტრატეგიები, როგორიცაა ოჯახებისთვის არაფორმალურად დაკავებული მიწების დაკანონება ან მცირე ნაკვეთების და მინიმალური ნაგებობების შეთავაზება. ამ პერიოდში, 1970-იან წლებში, საერთაშორისო ორგანიზაციები პირველად დაინტერესდნენ ლათინურ ამერიკაში საბინაო საკითხის გარშემო მიმდინარე დებატით. მათ სწრაფად მოახდინეს საბინაო კრიზისთან დაკავშირებული, საკუთარი, “არატრადიციული” მიდგომების სტიმულირება. ასეთმა მიდგომებმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თავისი უარყოფითი მხარეები გამოავლინა; არაფორმალური დასახლებების გაჩენას და ურბანულ ექსპანსიას შეუწყო ხელი და ამავდროულად ვერ უზრუნველყო ჯანმრთელი და ხარისხიანი საცხოვრისი.

6
ფოტო #6. “პედრეგულოს” სოციალური საცხოვრისი რიოში, ბრაზილია, 1947-52 წ.წ. არქიტექტორი აფონსო ედუარდო რეიდი.

1973 წელს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ჩილეს მთავრობამ საერთაშორისო სააგენტოების დახმარებით, მოთხოვნის პირდაპირი სუბსიდირების სახით, საცხოვრისის წარმოების განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბა (იხ. სურ. 6). ოჯახებს შესაძლებლობა მიეცათ კერძო დეველოპერებისგან შეეძინათ ბინები საოჯახო დანაზოგის, სახელმწიფო სუბსიდიის და საბაზრო საკრედიტო განაკვეთის კომბინირებით. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ეს მიდგომა დაიხვეწა და მთელს ლათინურ ამერიკაში დაინერგა, იმის მიუხედავად რომ ის ქალაქის ექსპანსიას, მაცხოვრებელთა ტრანსპორტით გადაადგილების დროის ზრდას და მონოფუნქციურ ურბანულ განვითარებას ახალისებს. ფინანსების ნაკლებობის და ფედერალური მთავრობების უცხოურ დაფინანსებაზე დამოკიდებულების გამო, თითქმის არ ყოფილა საცხოვრისის წარმოების ალტენრატიული ფორმების შექმნის მცდელობები. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ამ მოდელის დეფექტების გაცნობიერების მცდელობებს სახელმწიფო დონეზე. მაგალითად, მექსიკის მთავრობა ურბანული ექსპანსიის შეკავებას სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებების შეტანის გზით ცდილობს, ხოლო ბრაზილიამ ნახევრად კეინსიანურ გზას მიმართა და ფინანსური კრიზისის გადასალახად ეკონომიკა და მასთან ერთად საცხოვრისით უზრუნველყოფა წაახალისა.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელმისაწვდომი საცხოვრისის სფეროში სახელმწიფოს ინტერვენცია პირველ მსოფლიო ომამდე არ განხორციელებულა. 1930-იანი წლებისთვის მუნიციპალიტეტებმა, (როგორიცაა ნიუ-იორკი) თავად დაიწყეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის უზრუნველყოფა. დიდმა დეპრესიამ და შემდგომ „ახალმა კურსმა“ (New Deal) გააძლიერა ხელმისაწვდომი საცხოვრისის უზრუნველყოფის კუთხით ფედერალური მთავრობის აქტიურობა, რაც 1937 წლის საბინაო აქტში (Housing Act) აისახა. თავდაპირველად ეს ე.წ. „საჯარო საცხოვრისის პროექტები“ (Public Housing Projects) საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის იქმნებოდა. ამ პოლიტიკების მთავარი მიზანი სამუშაო ადგილების, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრისის წარმოებით ეკონომიკური განვითარებისთვის ბიძგის მიცემა იყო.

7
ფოტო #7. 1947- 1951 წლებში აშენებული, ერთ-ერთი პირველი სუბურბანული დასახლება ”ლევითაუნი”, რომელიც გამოირჩეოდა განაშენიანების ჰომოგენურობით.
8
ფოტო #8. “რალფ ჯ. რეინჯელის” მუნიციპალური საცხოვრისი, ნიუ-იორკი, აშშ, 1951.

1944 წელს, ომში მონაწილეთა რეაბილიტაციის აქტის (G.I. Bill) დამკტიცების შედეგად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, სახელმწიფოს სუბსიდირებით და პირველადი შენატანის გარეშე სუბურბიაში ბინების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ამან მთელს ამერიკაში მოსახლეობის ქალაქიდან სწრაფი გადინება და სუბურბანული თემების ზრდა გამოიწვია. იმ დროს ანტისეგრეგაციული კანონების მიღების მიუხედავად, თეთრკანიანი მუშათა კლასი სუბურბიებისკენ მიიწევდა, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანი ჯგუფები, ძირითადად ფერადკანიანები, კვლავ ქალაქის ცენტრალური ნაწილების მკვეთრად სეგრეგრებულ გარემოში რჩებოდნენ (Stoloff, 2004) (იხ. სურ. 7, 8).

დასკვნა

1970-იანი წლებიდან, ნეოლიბერალური ეკონომიკური წესრიგის გლობალურად მზარდი დომინაციის პირობებში, საცხოვრისის უზრუნველყოფა თანდათან თავისუფალი ბაზრის პრეროგატივა ხდებოდა. ამის პროპორციულად კი, თითქმის მთელი მსოფლიოს ურბანულ ცენტრებში საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა კლებულობდა. ეს განსაკუთრებით მტკინვეულად გლობალური სამხრეთის ქვეყნებში იგრძნობოდა, სადაც ამ პერიოდში სოფლიდან ქალაქისკენ მიგრაციის მეორე ტალღამ უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის და მომდევნო შოკების შემდეგ, ხელმისაწვდომი საცხოვრისის მიმართ ინტერესი კვლავ აღმავლობას განიცდის. ზოგან ეს ინტერესი ჯერჯერობით აკადემიის ფარგლებს ვერ სცდება, თუმცა ბევრ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში ეს საკითხი პოლიტიკური პარტიების და მთავრობების პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთის მხრივ ამის მიზეზი ის საბინაო და სამშენებლო პოლიტიკებია, რამაც ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი (მაგალითად აშშ-სა და ესპანეთში), მაგრამ უმთავრესად ხელმისაწვდომი საცხოვრისით დაინტერესება იმ ზოგადი ეკონომიკური და პოლიტიკური კურსის ცვლილების (ან ცვლილების მცდელობის) ნაწილია, რასაც ადგილი აქვს დღევანდელ მსოფლიოში. მაგალითად გამოდგება ბარსელონას შემთხვევა, სადაც საბინაო იპოთეკის კრიზისზე და იპოთეკარების გამოსახლებების პრობლემებზე მომუშავე აქტივისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ადა კოლაუ დღეს ქალაქის მერია, ან ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და მომავალ არჩევნებში ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჯერემი კორბინი, რომლისთვისაც საბინაო საკითხი პარტიის პროგრამის პრიორიტეტებშია. მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, 2000-იანი წლების შუიდან, ხელმისაწვდომი საცხოვრისის მშენებლობა ახალი ენერგიით მიმდინარეობს, სადაც სახელმწიფო გეგმიური საბინაო მშენებლობა ეკონომიკის ზრდის და სტაბილურობის მექანიზმად გამოიყენება. ამ მხრივ გამორჩეულია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ჰონგკონგი და სინგაპური. ისეთი გლობალური რეალობების გათვალისწინებით, როგორიცაა მზარდი ურბანიზაცია, ეკონომიკური უთანასწორობა და ა.შ. ჩვენი აზრით, მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ხელმისაწვდომი საცხოვრისი სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს და მეტად შეაღწევს პოლიტიკურ დებატებში. ვფიქრობთ ამისთვის ყველა ქვეყნის პროგრესულ პოლიტიკურ ძალას მომზადება მოუწევს (იხ. სურ. 9).

9
ფოტო #9. სუბსიდირებული ბინები იოდო-დონგის უბანში, სეული, სამხრეთ კორეა.

 

წყაროები:

Gilbert, A. (1993). In Search of a Home. London: UCL Press Limited.

Gilbert, A. (2002). On the mystery of capital and the myths of Hernando de Soto – What difference does legal title make? International Development Planning Review, 24(1), 1–19. https://doi.org/10.3828/idpr.24.1.1

King, P. (2016). The principles of housing.

London School of Economics. (2007). Social Housing in Europe. (C. Whitehead & K. Scanlon, Eds.). LSE London. https://doi.org/10.1002/9781118412367

Polák, M. (2004). Historical Development of Social Housing. Nehhutel’nosti a B’yvanie, 64, 64–77.

Puebla, C. (2002). Del intervencionismo estatal a las estrategias facilitadoras: Cambios en la política de vivienda en México (1972-1994). México: El Colegio de México: Centro de Estudios Demográficos y de Desarrollo Urbano.

Renshaw, P. (1999). Was there a Keynesian Economy in the USA. Journal of Contemporary History, 34(3), 337–364. https://doi.org/10.1177/002200949903400302

Smith, J. L. (2012). Access and affordability. Developed countries. International Encyclopedia of Housing and Home (Vol. 1). Elsevier Ltd. https://doi.org/10.1016/B978-0-08-047163-1.00009-6

Stoloff, J. A. (2004). A brief history of public housing. Annual Meeting of the American Sociological Association, 20410(202). Retrieved from http://reengageinc.org/research/brief_history_public_housing.pdf

Un-Habitat. (2014). The Right to Adequate Housing. Fact Sheet (Vol. 21). https://doi.org/10.1017/CBO9781107415324.004

Yates, J., & Milligan, V. (2012). Policies to Support Access and Affordability of Housing. International Encyclopedia of Housing and Home (Vol. 5). Elsevier Ltd. https://doi.org/10.1016/B978-0-08-047163-1.00255-1

 

[1] ბრიტანეთში საჯარო საცხოვრისის მოქირავნეთათვის მიყიდვის ინიციატივები ლეიბორისტულსა და კონსერვატიულ პარტიებში გვიანი 1950-იანი წლებიდან არსებობდა და ნაწილობრივ ინერგებოდა კიდევაც, თუმცა, მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ მინისტრის პოსტზე არჩევის შემდეგ, 1980 წელს მიღებული საბინაო აქტში მან უკვე ეროვნული პოლიტიკის სახე მიიღო. ეს პოლიტიკა დაახლოებით ექვს მილიონ ადამიანს შეეხო და მხოლოდ ერთმა მესამედმა მოახერხა საცხოვრისის გამოსყიდვა.

[2]პირველი სოციალური საცხოვრისი ფუგერაი (The Fuggerei) აუგსბურგში, გერმანიაში მდებარეობს. 52 საცხოვრებელი ნაგებობა, 1523 წელს იაკობ ფუგერ უმცროსის მიერ აშენდა და განკუთვნილი იყო ქალაქის ღარიბებისთვის. წლიური ქირა შეადგენს, და ყოველთვის შეადგენდა ერთ რაინულ გულდენს (0.88 ევრო) და კომპლექსის ამჟამინდელი მფლობელების სახელზე დღეში სამჯერად ლოცვას.

Share on Facebook134Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*