თარგმანში დაკარგულები: საცხოვრებლის, საცხოვრისის თუ საბინაო პოლიტიკა?

35

► ავტორი: ნანო ზაზანაშვილი – არქიტექტურის მკვლევარი

► ტექსტი მომზადებულია თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში  სამეცნიერო ტერმინოლოგიის მე-5 კონფერენციაზე,  2017 წლის  14 ნოემბერს წაკითხული მოხსენების მიხედვით.

► სტატია ქვეყნდება ორგანიზაცია „ურბან რეაქტორის“ პროექტის – „საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“ ფარგლებში, „ურბანული კვლევების ცენტრთან“ თანამშრომლობით, ფონდ „ღია საზოგადოება –  საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

საბჭოთა კავშირის რღვევასა და ახალ ეკონომიკურ ფორმაციაზე გადასვლას, სხვა დარგების მსგავსად, ძირეული ცვლილებები მოჰყვა ქალაქგეგმარების სფეროშიც. დარგობრივი ვექტორი მიმართული იქნა საერთაშორისო, უმთავრესად ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომი, გამოცდილებების შესწავლასა და მათ ადგილობრივ კონტექსტთან ადაპტირებაზე. ამ პროცესს ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ეროვნული ცნებით-ტერმინოლოგიური აპარატის ფორმირების სამუშაოები, თუმცა, გადაუდებელი საჭიროების მიუხედავად, ამგვარი საქმიანობა ჯერაც სუსტადაა განვითარებული. ხშირად ვერ ხერხდება მრავალი ინგლისურენოვანი ტერმინის მნიშვნელობასა და მის ქართულ თარგმანზე შეთანხმება. ასეთ ტერმინთა რიცხვშია  „Housing Policy”.

საცხოვრებელი ურბანული და სოციალური პოლიტიკის საკვანძო საკითხია და ის პოსტსაბჭოთა საქართველოს  კონტექსტშიც არ კარგავს აქტუალობას. ამას საკითხის გარშემო ბოლო დროს მომრავლებული კვლევები და საჯარო დისკუსიებიც ცხადყოფს.  აქვე თავს იჩენს ცნების მნიშვნელობის ბუნდოვანებისა და ტერმინის ქართული შესატყვისის სიმრავლის პრობლემაც, რაც ხშირად დაბნეულობისა და გაუგებრობის წყაროა.

წინამდებარე სტატიაში შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვებს: რა შინაარსს ატარებს ტერმინი „Housing Policy”, როგორია ქართულ ენაში უკვე არსებული ლექსიკური გამოცდილება და რომელი ვარიანტია მოცემული ინგლისური ტერმინის უკეთესი შესატყვისი საცხოვრებლის, საცხოვრისის თუ საბინაო პოლიტიკა?

„Housing“ და „Housing Policy”

მერიამ ვებსტერის (Merriam-Webster) ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „Housing“ განმარტებულია როგორც ხალხისთვის მიწოდებული საცხოვრებლები (Dwellings provided for people).[1] ლონგმენის თანამედროვე ინგლისური ენის ლექსიკონი  (Longman Dictionary of Contemporary English) იგივე სიტყვის, ჩვენთვის საინტერესო, ორ განმარტებას გვაწვდის: 1. სახლები ან პირობები სადაც ხალხი ცხოვრობს ( The houses or conditions that people live in) და 2. ხალხის საცხოვრებლებით უზრუნველყოფის სამუშაო (The work of providing houses for people to live in). [2] ოქსფორდის ლექსიკონი სიტყვას როგორც სახლებისა და ბინების ერთობლიობას ისე განმარტავს (Houses and flats considered collectively) და მის სინონიმებად მოჰყავს სახლები, საცხოვრებელი ადგილები, შენობები და ა.შ.. სიტყვის მეორე განმარტებად ასევე მოცემულია საცხოვრებლით უზრუნველყოფა (The provision of accommodation).[3]

ყველა ამ მაგალითიდან კარგად ჩანს სიტყვის ჩვენთვის საყურადღებო ორი მნიშვნელობა. იგი ერთ შემთხვევაში აღნიშნავს საცხოვრებლების ერთობლიობას, ხოლო მეორე შემთხვევაში ქმედებას, რომელიც ადამიანების საცხოვრებლებით/სახლებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ტერმინის „Housing Policy” ერთი, უნივერსალური განმარტება არ არსებობს, რადგან საცხოვრებლის სფეროში და მის გარეთ არსებული, თუმცა მასთან დაკავშირებული, ეროვნული ამოცანები ქვეყნების, პოლიტიკური რეჟიმებისა და ისტორიული კონტექსტის მიხედვით განსხვავდება.

ურბანული კვლევების ენციკლოპედია „Housing Policy”-ს განმარტავს, როგორც მთავრობის მოქმედებას, საცხოვრებლით უზრუნველყოფის ამოცანების მისაღწევად. ამოცანები შეიძლება მოიცავდეს საცხოვრებლი ფონდის ხარისხის გაუმჯობესებას ან უსახლკარობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვა განმარტებით ის ასევე შეიძლება მოიცავდეს საცხოვრებლის სფეროში მთავრობის ჩარევას, რომელიც სფეროს გარეთ არსებულ ამოცანებზეა ორიენტირებული. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საცხოვრებლის ფინანსური ბაზრის რეგულირება ეროვნული ეკონომიკის აქტივაციის მიზნით, დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობებისათვის გასაცემ სუბსიდიებზე დაწესებული შეზღუდვები მათი დასაქმების  ხელშეწყობის მიზნით და ა.შ..[4]

საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის ენციკლოპედია  „Housing Policy”-ს ამერიკის შეერთებული შტატების კონტექსტში განმარტავს და გამოყოფს ფედერალური მთავრობის ოთხ ფართე მიზანს, რომელიც ისტორიულად განსაზღვრავდა და გასაზღვრავს საცხოვრებლის პოლიტიკას ამ ქვეყანაში. ეს მიზნები მოიცავს ხელმოკლე პირებისა და ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფას, ბინათმესაკუთრეობისა და სამეზობლოების/თემების ხელახალი განვითარების ხელშეწყობას და საბინაო მშენებლობის მეშვეობით ეკონომიკის სტიმულირებას.[5]

სოციალური პოლიტიკის საერთაშორისო ენციკლოპედია ტერმინს კეთილდღეობის სახელმწიფოს პოლიტიკების კონტექსტში ათავსებს და განმარტავს რომ „საცხოვრებლის პოლიტიკა მოიცავს კეთილდღეობის პოლიტიკას, რამდენადაც მისი მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მაგრამ ის ასევე ბევრ საკითხში სცილდება კეთილდღეობის პოლიტიკის ჩარჩოებსაც. მისი სხვა მიზნების  მაგალითებია: ბაზრის მუშაობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა მოთხოვნის გამკლავება, საბინაო სისტემის რეგულირება, უფლებებისა და არჩევანის გაფართოება და ასევე, სამეზობლოების გაძლიერება. ამ მიზნებს შეუძლია ცხოვრების ხარისხის არაპირდაპირი გაუმჯობესება, თუმცა ისინი უმთავრესად მიმართულია შექმნას პირობები (ეკონომიკური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, და ა.შ.), რომელთაც პოლიტიკოსები მნიშვნელოვნად თვლიან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.“[6]

ეროვნული გამოცდილება

ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებოა ეროვნული გამოცდილება. ის არამხოლოდ  ცნების ისტორიულად განპირობებული მნიშვნელობის  გაგებისთვის არის საყურადღებო, არამედ უკვე დამკვიდრებული ტერმინოლოგიური თავისებურების კუთხითაც. საბჭოთა საცხოვრებელი პოლიტიკა სხვა ქვეყნებისაგან განსხვავდებოდა უზრუნველყოფის უნივერსალური ხასიათითა და ადმინისტრირების მკვეთრად ცენტრალიზებული მეთოდით. სახელმწიფო აწარმოებდა, ანაწილებდა და მართავდა საცხოვრებელ ფონდს.[7] იმდენად რამდენადაც საქართველო  7 ათწლეულის მანძილზე იყო ამ პოლიტიკური სისტემის ნაწილი, ის ტერმინოლოგიური თვალსაზრისითაც მჭიდროდ დაუკავშირდა მას.

დიდი საბჭოთა ენციკლოპედიების რუსული და ქართული გამოცემების შედარება საყურადღებო ტერმინოლოგიურ ასპექტებს აჩენს. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მე-3 გამოცემაში მოცემულია სტატიები: Жилищное Право, Жилищное Хозяиство, Жилищно-Строительный Кооператив და ა.შ.[8] ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში მათი შესატყვისი სტატიები შემდეგნაირად ჟღერს:  საბინაო სამართალი, საბინაო მეურნეობა, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი და ა.შ.[9]

ასევე საგულისხმოა, რომ რუსულ-ქართული ლექსიკონი სიტყვა  Жилище-ს ქართულ შესატყვისად მოჰყავს საცხოვრებელი, ბინა, სადგომი. ხოლო, სიტყვა Жилищный, жилищная, жилищное განმარტებულია როგოც საბინაო, ბინისა და მაგალითებად მოყვანილია ж. вопросსაბინაო საკითხიж-ое строительство – საბინაო მშენებლობა.[10]

ასევე, 1984 წელს გამოცემული “ქართულ-რუსული ტექნიკური ტერმინოლოგია”ტერმინებს საბინაო და საცხოვრებელი ერთად გვთავაზობს და მათ რუსულ შესატყვისად  жилой -ი მოჰყავს.[11]

მართალია რუსული Жилище უფრო კრებითი სიტყვაა, რომელიც ყველა სახის საცხოვრებელს – ბინას, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს და ა.შ. აღნიშნავს და მას შინაარსობრივი თვალსაზრისით საცხოვრებელი უფრო შეეფერება, ხოლო ბინა საცხოვრებლის კონკრეტული, უფრო ვიწრო ჯგუფის აღმნიშვნელი სიტყვაა, მოყვანილი მაგალითებიდან ნათლად იკვეთება, რომ ჩვენი კვლევისთვის საინტერესო კონტექსტში,

საბინო მყარად დამკვიდრებული ტერმინია.[12]

ეს მაგალითები გვარწმუნებს, რომ ინგლისური Housing Policy-ის და რუსული Жилищная Политика-ს ქართული დამკვიდრებული ტერმინი საბინაო პოლიტიკა უნდა იყოს.

თუმცა, თანამედროვე საკანონმდებლო აქტებში, რომელიც ძალიან ხშირად გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს არ მოიცავს, ეს ტერმინი იშვიათად გამოიყენება და თუ გამოიყენება, მის სხვადასხვა ვარიაციას ვაწყდებით. მაგ.: 2016 წელს დამტკიცებულ „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაში“ ნახსენებია საბინაო პოლიტიკა,[13] ხოლო 2015 წელს დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების ტექსტში გამოყენებულია ტერმინები საცხოვრისის პოლიტიკა და საცხოვრისის სექტორი.[14]

თუ უკანასკნელ პერიოდში მიღებულ სამართლებრივ აქტებს და სხვადასხვა სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ანგარიშებსა და კვლევებს  გადავხედავთ, ჭრელი სურათი დაგვიდგება თვალწინ. ეს სიჭრელე სიტყვა „საცხოვრისის“ და „საცხოვრებლის“ გამოყენებას უკავშირდება. მოვიყვან ზოგიერთ მაგალითს.

2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება საცხოვრებლის საკითხ შეეხო და ის შემდეგნაირად იქნა ფორმულირებული: „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.“[15]

იმ საკანონმდებლო დოკუმენტებში, რომელიც დევნილთა განსახლების საკითხებს ეხება, უმთავრესად გამოიყენება ტერმინები საცხოვრებლით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი ფართი. მაგ.: განკარგულება „[…] დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ“.[16] მინისტრის ბრძანება „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, […] შესახებ“[17] და ა.შ.

ქუთაისისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების 2017 წლის  „უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებებში გამოყენებულია ტერმინი დროებითი საცხოვრისი. აქვე საინტერესო შემთხვევას ვაწყდებით. ორივე დადგენილების მე-5 პუნქტის სათაური ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები“.[18] ასევე საინტერესოა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“. სხვა დოკუმენტებისაგან განსხვავებით დადგენილების მე-2 პუნქტში მოყვანილია ტერმინთა განმარტებები, სადაც საცხოვრისი განმარტებულია როგორც „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ხუთსართულიანი მრავალბინიანი სახლის ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა“.[19] ტერმინის ამგვარი დეფინიცია ვიწრო კონტექსტისთვის არის სპეციფიური, ვერ გამოდება უნივერსალურ განმარტებად და მხოლოდ კონკრეტული დოკუმენტის შინაარს მიემართება. ამ და სხვა ზემოთ მოყვანილ დოკუმენტებში ცნებით-შინაარსობრივი თვალსაზრისით ტერმინ საცხოვრისსა და საცხოვრებელს შორის ფუნდამენტური სხვაობის აღმოჩენა ვერ ხერხდება, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

საცხოვრებელი და საცხოვრისი

ვებ პორტალ ena.ge-ს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით საცხოვრისი იგივეა, რაც საცხოვრებელი.[20] ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი და სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, საცხოვრისის სხვადასხვა დეფინიციას გვაწვდის.[21]

სამივე მათგანი ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: „მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა.“ Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი და სამოქალაქო განათლების ლექსიკონი ტერმინის კიდევ ორ სხვადასხვა განმარტებას იძლევა. პირველ შემთხვევაში ის განმარტებულია, როგორც „ოთახი ან ოთახების ერთობლიობა და მათი მიმდებარე სათავსოები (მაგალითად ჰოლი, დერეფანი) კაპიტალურ ნაგებობაში ან ნაგებობის განცალკევებულ ნაწილში, რომლებიც გათვალისწინებულია მთელი წლის განმავლობაში ერთი შინამეურნეობის საცხოვრებლად. საცხოვრისს უნდა გააჩნდეს ცალკე გასასვლელი ქუჩაში (უშუალოდ ან ბაღის ან ეზოს მეშვეობით) ან საერთო უჯრედში შენობის შიგნით. მას შესაძლოა არ გააჩნდეს საკუთარი სააბაზანო ან ტუალეტი.“ ხოლო, მეორე შემთხვევაში მოცემულია ნორმალური საცხოვრებლის მნიშვნელობა, რომელიც „შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: 1. საკმარისად უნდა იყოს დაცული კლიმატის ცვალებადობისაგან (წვიმის, ქარისა და თოვლისაგან); 2. უნდა შეესაბამებოდეს მინიმალურ სანიტარიულ სტანდარტებს, ბაქტერიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად; 3. ერთ ოთახში მუდმივად შეიძლება ცხოვრობდეს არა უმეტეს ორი ადამიანისა, ვინაიდან მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი ადგილი მავნებელია მის ბინადართა ჯანმრთელობისათვის.“

1993 წელს, ჟურნალ მეცნიერებასა და ტექნიკაში ურბანისტებმა ლადო ვარდოსანიძემ და თამარ სულუხიამ სტატიაში, „საცხოვრისის“ ცნების დაზუსტების საკითხისთვის, საკუთარი მოსაზრება შემოგვთავაზეს ტერმინის საცხოვრებელი გარემოს დაზუსტებისთვის. ავტორებს მოყავთ მაგალითად, რომ რუსულენოვან პროფესიულ ლიტერატურაში საცხოვრებელი გარემოს რუსული შესატყვისი Жилая Среда ჩაანაცვლა Жилищем. ავტორები მიიჩნევენ რომ ეს ორი ტერმინი შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურია და მართებულად ასკვნიან, რომ ქართულ საცხოვრებელს რუსული Жилище შეესაბამება. ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევენ საცხოვრებელის სინონიმად საცხოვრისის განსაზღვრას და უარყოფითად აფასებენ თანამედროვე ქართულიდან ამ უკანასკნელის განდევნას. სტატიის ავტორთა აზრით საცხოვრებელი გარემო (Жилая Среда) კალკია და მისი ჩანაცვლება, ტერმინის არქიტექტურული და ქალაქეგმარებითი თავისებურების გათვალისწინებებით,[22] უპრიანი იქნება საცხოვრისით.[23]

ვფიქრობთ, სწორედ ამ სტატიასთან უნდა იყოს დაკავშირებული საცხოვრებლის, როგორც ტერმინის შემოსვლა და გარკვეულწილად დამკვიდრებაც სოციალური, ადამიანის უფლებათა დაცვის, ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურის სფეროში. თუმცა, ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ტერმინი იმ ფართე მნიშვნელობით არ გამოიყენება, რა მნიშვნელობასაცა ხსენებული სტატიის ავტორები მას მიაწერდნენ. როგორც ზემოთ დავინახეთ ლექსიკონებში მოცემული დეფინიციები, ასევე საკანონმდებლო აქტებში მოხსენიებული საცხოვრისი, საცხოვრებლის/სახლის სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორები სწორებას რუსული კალკის ქართული შესატყვისით ჩანაცვლებაზე აკეთებენ  და მათ მოყვანილ ინგლისურენოვან მაგალითებში Housing-ი არ ფიგურირებს. თუმცა, ის ყველაზე მყარად სწორედ ინგლისური ტერმინის Social Housing – ის ქართული შესატყვისის, სოციალური საცხოვრისის, შემთხვევაში დამკვიდრდა. ვფიქრობთ, ამ გარემოებამ ჯაჭვური რეაქციის მსგავსად გამოიწვია სხვა Housing-ის შემცველი ტერმინების ქართულ შესატყვისებში საცხოვრებლის და საცხოვრისის მეტოქეობა. მაგალითად: The Right to Adequate Housing-ის სხვადასხვა ვარიაციას ვაწყდებით სხვადასხვა ანგარიშებში. ზოგ შემთხვევაში ის ნათარგმნია როგორც „უფლება სათანადო საცხოვრისზე“[24], ზოგ შემთხვევაში კი „უფლება სათანადო საცხოვრებელზე“[25] და ა.შ.

ვფიქრობთ ამ ტენდენციით უნდა იყოს გამოწვეული „Housing Policy“-ს შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტებში საცხოვრისის პოლიტიკის ხსენებაც.

ბუნდოვანი მნიშვნელობის, სხვადასხვაგვარი გამოყენების და ერთიანი დეფინიციის არარსებობის გამო საცხოვრისის ტერმინთან დაკავშირებული საკითხი ვფიქრობთ დამატებით შესწავლას და დაზუსტებას საჭიროებს და ის ვერ გამოდგება „Housing Policy“ ქართულ შესატყვისად. ჩვენი აზრით, საბინაო პოლიტიკა ყველაზე უკეთესად ესადაგება მას. ხოლო საცხოვრებლის პოლიტიკა სინონიმური მნიშვნელობით შესაძლებელია მასთან თანაარსებობდეს.

შენიშვნები

[1] “Housing,” Merriam-Webster, accessed November 07, 2017

[2] “Housing,” Global.longmandictionaries.com, accessed November 07, 2017

[3] “Housing | Definition of housing in English by Oxford Dictionaries,” Oxford Dictionaries | English, accessed November 07, 2017,

[4] David Clapham, Encyclopedia of urban studies, ed. Ray Hutchison (London: SAGE, 2010), s.v. “Housing Policy.” pp. -379-383

[5] Jessica L. Hills, Encyclopedia of public administration and public policy, ed. David Schultz (New York, NY: Facts On File, 2004), s.v. “Housing Policy.” pp. 215-2018

[6] Peter Somerwille, International encyclopedia of social policy, ed. Tony Fitzpatrick, vol. 1 (London: Routledge, 2006), s.v. “Housing Policy.”

[7] მაღალი ხარჯიანობის გამო დაშვებული და წახალისებული იყო კერძო ინიციატივები. მაგ. კოოპერატიული ბინათმშენებლობა, რომელის განხორციელებაც შეღავათიანი სახელმწიფო საკრედიტო პირობებით იყო შესაძლებელი.

[8] Большая Советская Энциклопедия, Т. 9: Евклид — Ибсен.; 1972; გვ.: 215-218

[9] ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8; 1984; გვ.: 563-564

[10] რუსულ-ქართული ლექსიკონი / საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი ; [სარედ. კოლ.: რ. გაგუა, ნ. ვაჩნაძე, ლ. კაიშაური [და სხვ.] ; მხატვ. კ. ფაჩულია]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1983.

[11] ტექნიკური ტერმინოლოგია: ქართულ-რუსული ნაწილი/საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტი; რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედ.. – თბ.: მეცნიერება, 1982

[12] ემპირიულმა დაკვირვებამ, კერძოდ საველე სამუშაოებმა, ნათლად აჩვენა „საბინაო პოლიტიკის“-ს „საცხოვრისის პოლიტიკასთან“ შედარებითი უპირატესობა. საუბრების დროს „საცხოვრისის პოლიტიკა“ გაუგებრობას იწვევდა, ხოლო „საბინაო პოლიტიკა“    მყისიერად აღიქმებოდა და ნახულობდა ადეკვატურ რეზონანსს.

[13] საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის დადგენილება „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოები კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ, მუხ.1.4, პუნქტი ბ. გადამოწმებულია 28.03.2018

[14]საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის #1-1/514 ბრძანება,  გადამოწმებულია 28.03.2018

[15] საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 2 ნოემბრის დადგენილება,  გადამოწმებულია 28.03.2018

[16] საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 სექტემბრის განკარგულება #1358, გადამოწმებულია 28.03.2018

[17] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანება,  გადამოწმებულია 25.03.2018

[18] სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება #19,  გადამოწმებულია 28.03.2018; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება #160, გადამოწმებულია 24.03.2018

[19] ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის დადგენილება #39, , გადამოწმებულია 28.03.2018

[20] განმარტებითი ლექსიკონის ელექტრონული ვერსია,  გადამოწმებულია 05.11.2017

[21] Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, გადამოწმებულია 28.03.2018; საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა გადამოწმებულია 28.03.2018; სამოქალაქო განათლების ლექსიკონი,  გადამოწმებულია 28.03.2018

[22] სტატიაში მოყვანილია მოსაზრება, რომ ქართული ისტორიული საცხოვრისი თავისი არსით, მოიცავდა, როგორც უშუალოდ სახლს, ასევე მის შემოგარენს.

[23] ვარდოსანიძე ლ., სულუხია თ., „საცხოვრისის“ ცნების დაზუსტების საკითხისთვის, მეცნიერებასა და ტექნიკა, 1993,  #1/2, გვ. 48-49.

[24] საქართველოს სახალხო დამცველი, უფლება სათანადო საცხოვრისზე – სპეციალური ანგარიში, 2015,  გადამოწმებულია 26.03.2018

[25] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე (სამართლებრივი ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები), 2013  გადამოწმებულია 26.03.2018

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ