როგორ უწყობს ხელს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამები უთანასწორობას

Share on Facebook132Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

lynnგთავაზობთ ამერიკელი ინტელექტუალის, Lynn Parramore-ის მიერ Institute for New Economic Thinking-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

ლინ პარამორი გახლავთ Institute for New Economic Thinking-ის უფროსი მკვლევარი. ის კულტურის თეორეტიკოსია, რომელიც სწავლობს კულტურისა და ეკონომიკის შეხების წერტილებს. ის გამოცემა Alternet-ის ერთ-ერთი რედაქტორია. ასევე გახლავთ შემდეგი გამოცემების რეგულარული კონტრიბუტორი, როგორიცაა Reuters, Al Jazeera, Salon, Huffington Post. მისი პირველი წიგნი Reading the Sphinx, გამოცემა The Chronicle of Higher Education-ის მიერ 2008 წლის გამორჩეულ პუბლიკაციად იქნა დასახელებული. მან დოქტორის ხარისხი მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 2007 წელს. 2011 წელს, ის იყო თანაავტორი წიგნისა “The 99%: How the Occupy Movement is Changing America.”

© European.ge

ბიზნესის სკოლის სტუდენტებს ასწავლიან თუ როგორ მოიპოვონ რესურსები ნაცვლად იმისა, რომ ახალი ფასეულობა შექმნან.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ამერიკული ბიზნესის მესვეურებმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რამაც უთანასწორობა უფრო მეტად გაამწვავა – ეს კი მკვეთრად აფერხებს ქვეყნის აღმშენებლობას. მათ რესურსები შეუსაბამოდ გადაანაწილეს, ხოლო საკუთარი თავი უამრავი შრომითი ანაზღაურების პაკეტით დაიჯილდოვეს, მაშინ როდესაც დასაქმებულები არამზარდი ხელფასებით და სამუშაოს მზარდი არასტაბილურობით იტანჯებოდნენ. სტატისტიკაც თავზარდამცემია: 1965 წელს, ტიპიური აღმასრულებელი დირექტორი დაახლოებით 20-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებდა, ვიდრე საშუალო დასაქმებული გამოიმუშავებდა. ამასობაში კი, AFL-CIO*-ს მიერ დასახელებული რიცხვების მიხედვით, დღევანდელ აღმასრულებელ ხელმძღვანელობას 373-ჯერ მეტს  უხდიან, ვიდრე საშუალო დასაქმებული გამოიმუშავებს. (საოცარია, მაგრამ მეთ ჰოპკინსისა და უილიამ ლაზონიკის მიერ „ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტისთვის“ (Institute of New Economic Thinking) დაწერილ უახლეს ნაშრომში, ეს თანაფარდობაც კი უხეშად არის შემცირებული).

უთანასწორობა აფერხებს მთლიანად ეკონომიკის ზრდას, როგორც ეს INET-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა. მისი ზემოქმედებით შეშფოთებულია დღევანდელი ბიზნეს ელიტაც კი: 2015 წლის გამოკითხვაში, სადაც ჰარვარდის ბიზნესის სკოლის 2,700 კურსდამთავრებული იღებდა მონაწილეობას, რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ უთანასწორობის ზრდასთან ახლა უფრო მეტად აქვთ შეხება, ვიდრე ოდესმე. ისინი ამ ტენდენციას ქვეყნისთვის (და ყველაზე მეტად კი აშშ-ის კორპორაციებისთვის) სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევდნენ. ჰარვარდის პროფესორების: ჟან რივკინისა და მაიკლ პორტერის, ასევე ჰარვარდის ბიზნესის სკოლის უფროსი მკვლევრის, კარენ მილსის თქმით, რომელმაც გამოკითხვის შედეგები წარადგინა, რესპონდენტები „პესიმისტურად არიან განწყობილები იმ ალბათობის მიმართ, რომ კომპანიები ამერიკის ცხოვრების სტანდარტებს აწევენ, თუ უახლოეს ვადაში უფრო მაღალ ხელფასებსა და დანამატებს გასცემენ“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის რომ  უთანასწორობის პრობლემა გადაიჭრას, ამერიკული კომპანიების იმედად ვერ ვიქნებით. ჰარვარდის კურსდამთავრებულები პესიმისტურად არიან განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის სკოლის პროგრამებს უახლოეს წლებში დაემატა კურსები, სადაც უთანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევენ.

რატომ არის ასეთი მცირე მოლოდინი იმისა, რომ ამჟამინდელი ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებულები კომპანიას სხვაგვარად წარმართავენ, ვიდრე ამას მათი წინამორბედები, უთანასწორობის კრიზისის გათვალისწინებით აკეთებდნენ?  რას სწავლობენ ან რას ვერ სწავლობენ ისინი?

უილიამ ლაზონიკი, მასაჩუსტესის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორია, სადაც ინდუსტრიული კონკურენციის ცენტრს მართავს. იგი გარკვეულ მიზეზებს თვითონ ბიზნესის სკოლების სწავლების მეთოდებში ხედავს, რომელიც მისი აზრით ხელს უწყობს კომპანიების მიერ დასაქმებულების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. ლაზონიკის დაკვირვებით, რომელიც ასწავლიდა ჰარვარდისა და საფრანგეთის ბიზნესის სკოლებში, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ბიზნესის სკოლებმა  განიცადეს გარკვეული ტრანსფორმაცია ფილოსოფიისა და ზოგადი მიმართულების კუთხით, რამაც ასახვა ჰპოვა როგორც ეკონომიკურ დისციპლინებში, ასევე ზოგადად ეკონომიკაში.

იმ პერიოდში, “უოლ სტრიტი” სტარტს იღებდა და ამერიკული ბიზნესი უფრო და უფრო ფინანსირებული* ხდებოდა – რაც იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა საკუთარი ბიზნეს გეგმების შემუშავება იმ მიზანზე დაყრდნობით დაიწყეს, რომ კომპანიის აქციების ფასი გაეზარდათ. როდესაც კორპორაციები ფინანსირებული ხდება, ისინი ყურადღებას აღარ აქცევენ დასაქმებულების პროდუქტიულ შესაძლებლობებში ინვესტირებას, რაც მთავარი აგურია ამერიკის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებისთვის. მათ ასევე სჩვევიათ კვლევებისა და განვითარებისთვის ძალზე მცირე რესურსების გამოყოფა, რაც ყოველთვის საჭიროა იქ, სადაც ინოვაცია იქმნება. ამის მაგივრად, აღმასრულებლები თვალყურს ადევნებენ საფონდო ბირჟას – უფრო მეტად იმისთვის, რომ თავად მათი ანაზღაურება უფრო და უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა კომპანიის აქციონერების მოგებაზე (იხილეთ ლაზონიკის INET-ისთვის დაწერილი ნაშრომი „სარგებელი კეთილდღეობის გარეშე“).

მთელი 1980-იანების მანძილზე, ინდუსტრიულ კორპორაციებში MBA-ს კურსდამთავრებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ჩაერთო; უმეტესობამ გეზი უოლ სტრიტისკენ აიღო უეცარი და იოლი გამდიდრების მიზნით.  ბიზნესის სკოლებმაც საკუთარი პერსონალის ამ ტრენდის შესაბამის თარგზე გამოჭრა დაიწყეს. ისინი იყვანდნენ პროფესორებს, ფაქტობრივად ეკონომისტებს, რომლებიც მათ ინტერესებს პასუხობდნენ. კერძოდ კი, ისინი ისეთ თეორიებს უჭერდნენ მხარს, რომლებიც პრიორტეტს  აქციონერებისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელობის ინტერესებს ანიჭებდნენ, რომლებიც მათ ასაქმებდნენ.  ლაზონიკს მაგალითად ეკონომისტი მაიკლ ჯენსენი მოჰყავს, რომელიც ჰარვარდის ბიზნესის სკოლამ 1985 წელს აიყვანა. ჯენსენმა, მილტონ ფრიდმანის ჩიკაგოს უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტმა თანაავტორობა გაუწია ცნობილ და ხშირად ციტირებულ ნაშრომს „კომპანიის თეორია“. იგი ნაშრომში ამტკიცებდა, რომ კომპანიის ერთადერთი მიზანი აქციონერებისთვის მოგების მაქსიმიზაცია შეიძლება იყოს. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დამცველი აქციონერების მოგების იდეოლოგიისა. ჯენსენსა და მისი თეორიის მხარდამჭერებს სწამდათ, რომ ეს აღმასრულებელ ხელმძღვანელობას აიძულებდა ფოკუსირება კომპანიის რეალურ მოქმედებაზე მოხედინათ და აქციონერების მოგებას დროთა განმავლობაში გაზრდიდნენ. ისინი საშინლად ცდებოდნენ: ამის მაგივრად, აღმასრულებლებმა ყურადღება მოკლე ვადიან მიზნებზე მიმართეს, რათა აქციის ფასი კომპანიის გრძელვადიანი განვითარების ხარჯზე გაეზარდათ და მათმა ანაზღაურებამ უკიდურეს მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც ლაზონიკი განმარტავს, აქციონერის მოგების იდეოლოგია კარგად ნიღბავს იმ მავნე ქმედებას, რომელიც მიდრეკილია იმისკენ, რომ საზოგადოების უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავოს. აღმასრულებელი დირექტორების ფოკუსირება აქციონერების მოგებაზე ნიშნავს იმას, რომ ისინი მიმდინარე ბიზნესის მუშაობის პროცესზე კონცენტრირებას აღარ ახდენენ და სასარგებლო პროდუქტებისა და სერვისების შექმნას აჩერებენ.  ეს ზრდის მათ მოტივაციას, თავიდან აიცილონ გადასახადები ან დაითხოვონ დასაქმებულები იმ იმედით, რომ დემონსტრაციულად დაზოგილი თანხებით უკვე შემოსავლიან კორპორაციაში აქციების ფასსაც მოკლე დროში გაზრდის. ეს ასევე უბიძგებს მათ, რომ საკუთარი მოგებიდან თანხები ჩადონ აქციებში დივიდენდების სახით და შემდეგ ხელახლა გაყიდონ,  ნაცვლად იმისა რომ ეს თანხები გასცენ დასაქმებულებზე დანამატის სახით ან  მოახდინონ ინვესტირება ტექნოლოგიაში რათა გააუმჯობესონ პროდუქტიულობა, ან შექმნან ახალი პროდუქტები.

1990-იანი წლებში, ნებისმიერი, ვინც ფინანსებს სწავლობდა, შთაგონებული იყო იმ იდეით, რომ აქციონერები არიან ერთადერთი ვისაც კომპანიამ ანგარიში უნდა გაუწიოს. „როდესაც ეს ცნება პირველად გაჩნდა, ძალიან ბევრ ბიზნესის სკოლის პროფესორს არ სწამდა ამის“ – აღნიშნავს ლაზონიკი, „მაგრამ, მას შემდეგ რაც სტარტი აიღო, დიდი კამათი აღარ მოჰყოლია“. დღეს, პროფესორები უფრო მეტად მათემატიკურ მოდელებზე და იმ „სპეციალისტების“ გამოწვრთნაზე არიან ორიენტირებულნი, რომლებიც უოლ სტრიტისკენ გაემართებიან – ვიდრე სტუდენტებისთვის  იმის სწავლებაზე, თუ როგორ წარმართონ ბიზნესი. ლაზონიკი დარწმუნებულია, რომ ამ მასწავლებლებიდან ბევრს  წარმოდგენაც არ აქვს აქციონერების მოგების მნიშვნელობაზე და იმ უარყოფით როლზე  რასაც ის თამაშობს კორპორატიული მმართველობისა და უთანსწორობის ხელშეწყობის კუთხით.

აქციონერების მოგების იდეოლოგია  საშუალებას აძლევს აღმასრულებლებს თავი იმართლონ, თითქოს მათი მოვალეობაა არ გაუზიარონ ინოვაციური მეწარმეობის სარგებელი,   დასაქმებულებს, გადასახადის გადამხდელებს თუ სხვა თანამონაწილეებს.

ლაზონიკი ამბობს, რომ ეს აბსურდია. მხოლოდ ის არ იზიარებს ამ აზრს: ვინ, თუ არა ჯეკ ველში ემხრობა მას. „ჯენერალ ელეკტრიკის“ ყოფილმა თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა აქციონერების მოგების იდეოლოგიას მსოფლიოში „ყველაზე იდიოტური იდეა“ უწოდა. თუმცა, ბიზნესის საქმოსნები ჯერ კიდევ თავს იკატუნებენ, რომ აქციონერების მოგების მაქსიმიზაცია მათი ნდობაზე დაფუძნებული მთავარი ვალდებულებაა, რაც სისულელეა, გარდა ძალიან იშვიათი შემთხვევებისა, მაგალითად, როდესაც კომპანია უნდა გაიყიდოს.

ლაზონიკი აღნიშნავს, რომ 1980-იან წლებამდე, ბიზნესის სკოლებში ასწავლიდნენ, რომ აშშ-ს საჯარო კორპორაციების აღმასრულებლებს და დირექტორებს ჰქონდათ ვალდებულებები მრავალი დაინტერესებული მხარის წინაშე, როგორიც არის მომხმარებელი, დასაქმებული, მიმწოდებელი, კრედიტორი, ასევე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, სტუდენტებს ასწავლიან თუ როგორ გამოწურონ ფული ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს, იმისთვის, რომ ჯიბე აღმასრულებლებს გაუსქელონ.

ჯეკ ველშის აზრით, დაუშვებელია კომპანიის ასე წარმართვა: „აქციონერების მოგება არის შედეგი და არა სტრატეგია… თქვენი მთავარი შემადგენელი ნაწილი თანამშრომლები, მომხმარებლები და თქვენი პროდუქტია. მენეჯერებმა და ინვესტორებმა აქციების ფასის გაზრდა უზენაეს მიზნად არ უნდა დაისახონ… მოკლე დროში მიღებული სარგებელი კომპანიის გრძელვადიანი ღირებულების ზრდასთან თანხვედრაში უნდა იყოს“

ლაზონიკი ამტკიცებს, რომ დამახინჯებულ აქციონერების მოგების ცნებასთან დაპირისპირება ეკონომიკის დისციპლინისთვის აუცილებელ პრიორიტეტად უნდა იქცეს. ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე ცნობილი ეკონომისტებიც კი, რომლებიც ეკონომიკური დოქტრინის მრავალი ასპექტის გამოწვევის წინაშე დგანან, ნაკლებად საუბრობენ აქციონერების მოგების ცნებაზე. სანამ ეკონომისტები ამ პრობლემაზე თავს იმტვრევენ, ის აფრთხილებს, რომ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრები, რომლებიც აპირებენ გავლენიანი პოზიციები დაიკავონ პოლიტიკაში, კორპორაციებსა და სხვადასხვა ორგანიზციებში – დიდი ალბათობით გაიჟღინთებიან ლექსიკონით, ენითა და კულტურით, რომელიც მზარდ უთანასწორობას განამტკიცებს, ეს კი ყველას ვნებს: მათ შორის ბიზნესსაც.

ლაზონიკის აზრით ეკონომისტებს მართებთ აღიარონ, რომ ეკონომიკის წარმართვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ხალხს ჰქონდეს მართებული ცხოვრების სტანდარტები ფართო გაგებით. ეს კი თავის მხრივ საჭიროებს ისეთ თეორიას, რომლითაც შეიძლება მოხდეს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება. მისი აზრით, ეკონომისტებს სჭირდებათ ინოვაციური მეწარმეობის თეორია, სადაც კორპორაციები შეინარჩუნებენ სარგებელს და მის ხელახლა ინვესტირებას იმ ადამიანების პროდუქტიულ შესაძლებლობებში მოახდენენ, რომლებსაც ასაქმებენ. „შეინარჩუნე და ხელახლა გააკეთე ინვესტიცია“ – არის ანტითეზისი ლოზუნგისა „შეამცირე და გაანაწილე“ — რაც წარმოადგენს ამჟამინდელ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც კომპანია ათავისუფლებს ძვირადღირებულ გამოცდილ კადრებს, და დაზოგილ თანხებს აქციონერებისკენ მიმართავს. ასეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლების შენარჩუნებასა და ინვესტირებაზე ფოკუსირება არის გზა ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის მისაღწევად, სადაც არის უფრო მეტი სტაბილური სამუშაო ადგილი, უფრო მეტი საინტერესო ინოვაცია, ბევრად დიდი ეკონომიკური თანასწორობა და საბოლოო ჯამში  კეთილდღეობა ყველასთვის.

 

შენიშვნები:

*American Federation of Labor and Congress of Industrial Organizations (AFL–CIO) შრომისა და ინდუსტრიული ორგანიზაციების კონგრესის ამერიკული კავშირი – არის ეროვნული ვაჭრობის გაერთიანების ცენტრი და აშშ-ს ყველაზე დიდი კავშირების გაერთიანება. ის შედგება 56 ეროვნული და საერთაშორისო კავშირებისგან და მათთან ერთად წარმოადგენს 12 მილიონზე მეტ აქტიურ და პენსიაზე გასულ მომუშავეებს. ორგანიზაცია ჩართულია პოლიტიკურ ხარჯებსა და აქტივიზმში.

*ფინანსილიაზაცია – ტერმინი, რომელიც ხანდახან გამოიყენება ფინანსური კაპიტალიზმის დროს მსჯელობისას და რომელიც განვითარდა 1980-2010 წლების განმავლობაში, როდესაც ფინანსური მექანიზმები აჭარბებდა საკუთარ კაპიტალს და ფინანსური ბაზრები დომინირებდა ტრადიციულ ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკაზე.

 


– ინგლისურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა.

 

Share on Facebook132Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*