როგორ რყვნის თავისუფალი ბაზრის იდეოლოგია დემოკრატიის ლექსიკონს

Share on Facebook90Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

წარმოგიდგენთ იელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორის ჯეისონ სტენლის ჟურნალ Aeon-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

იელის უნივერსიტეტამდე (2013) ჯეისონ სტენლი ფილოსოფიას ასწავლიდა მიჩიგანის უნივერსიტეტსა (2000-04) და კორნელის უნივერსიტეტში (1995-2000). ის გახლავთ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) ლინგვისტიკისა და ფილოსოფიის დეპარტამენტის დოქტორი (1995).

მისი ბოლო წიგნია “როგორ მუშაობს პროპაგანდა” (How Propaganda Works, 2015), რომელშიც საუბრობს თანამედროვე დემოკრატიის ბუნებაზე, თუ რა გავლენა აქვს პოლიტიკურ კამპანიებს, ლობისტებს, ლიბერალურ მედიასა და “ფოქს ნიუსის” კომენტატორებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მას წიგნში მოჰყავს ისტორიული მაგალითები თუ როგორ ხდება დემოკრატიული ენით ანტი-დემოკრატიული რეალობის შენიღბვა ხშირ შემთხვევაში.

ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო თეონა მჭედლიშვილმა.

© European.ge

შეერთებული შტატების მოქალაქეები საკმაოდ გატაცებულნი არიან ლიბერალური დემოკრატიის ლექსიკონით, ისეთი სიტყვებით, როგორიც არის „თავისუფლება“ და „დემოკრატია“, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებს ჯადოსნურად წარმოაჩენს და საზოგადოებას ძველი მსოფლიო სენისგან იცავს: ოლიგარქიისა და არისტოკრატიისგან. მიუხედავად ამისა, ცოტა გაუგებარია, რომ ამერიკელები დემოკრატიული იდეალებით იმართებიან. ან ის ფაქტი, რომ იდეოლოგია და პროპაგანდა იმ უზარმაზარი ნაპრალის გაქრობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, რომელიც რიტორიკასა და რეალობას შორის არსებობს.

რეალურად, ძველი მსოფლიოს სისტემებმა ნათლად აჩვენეს, რომ მათი მორყევა და თავიდან მოცილება საკმაოდ რთულია. 2014 წლის ნაშრომში, მარტინ გილენსი და ბენჯამინ პეიჯი ამტკიცებენ, რომ ისევე როგორც ოლიგარქიული მმართველობისას, აშშ-ს ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ „არსებითი ძალა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე; ასევე მათ პოლიტიკაზე ძალიან მცირე დამოუკიდებელი გავლენა აქვთ, ან იგი საერთოდ არ გააჩნიათ“.

მეტიც, შეერთებული შტატები არისტოკრატიის მმართველობით ფორმას მუდმივად ემხრობა. მიჩიგანის შტატში, გუბერნატორმა რიკ სნაიდერმა ქალაქის მერები და მუნიციპალიტეტის გამგებლები წარმატებით ჩაანაცვლა „სპეციალური მმართველებით“, რომლებიც საგანგებო ფინანსურ შემთხვევებთან „სავარაუდოდ“ უფრო უკეთ შეძლებდნენ გამკლავებას ვიდრე არჩეული კანდიდატები. ამჟამინდელ საპრეზიდენტო რბოლაში, ჰილარი კლინტონი თავისი მმართველობითი უნარების აფიშირებას პოლიტიკური ენით ახდენს, ხოლო დონალდ ტრამპს ბიზნესის ენით მოაქვს თავი. არცერთი ენა არ არის დემოკრატიული; არცერთი მათგანი ხალხის მიერ დამოუკიდებლად მმართველობის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის.

რატომ არ ისმის პროტესტის შეძახილები ამ ოლიგარქიულ და არისტოკრატულ მეთოდებთან დაკავშირებით? იქნებ იმიტომ, რომ პლუტოკრატებს* წარმომადგენლობისა და რეპრესიის მექანიზმებზე აქვთ ძალაუფლება? მოკლედ რომ ვთქვათ, არის თუ არა ეს დამოკიდებული ძალაზე? ჩემი აზრით, ძალის ფაქტორს არ შეუძლია ახსნას ის ფაქტი, თუ რატომ აძლევენ ხმას ამომრჩევლები ამგვარი ენთუზიაზმით სწორედ იმ ხალხს, ვინც ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულ პირობებს და შედეგებს ჰპირდება. არც ამერიკელები ამბობენ შეგნებულად უარს დემოკრატიულ იდეალებზე. სამაგიეროდ, მე ვხედავ ანტიდემოკრატიული იდეოლოგიის გამალებულ მუშაობას, რომელიც დემოკრატიულ ლექსიკონს საპირისპირო მნიშვნელობას ანიჭებს და მას პროპაგანდაში გარდაქმნის.

მაგალითისთვის ავიღოთ მასობრივი დაპატიმრებების სერია აშშ-ში. შავკანიანი ამერიკელები მოსახლეობის 13 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ ამავდროულად ციხეში მოთავსებული მოქალაქეების 40 პროცენტს შეადგენენ. ვარაუდის დონეზეც რომ დავუშვათ: ვთქვათ შავკანიანი ამერიკელების დანაშაულის მაჩვენებელი მართლაც შეესაბამება ამ ციფრებს, მაშინ რატომ არის სახელმწიფო ასეთი მკაცრი სასჯელთან მიმართებაში? ამის ნაცვლად, განა მოქალაქეებს არ უნდა მოუწოდონ, რომ დანაშაულის განმაპირობებელი მიზეზები სოციალურ-ეკონომიკური პირობებში უნდა ეძებონ, რომელიც ამგვარ დრამატულ განსხვავებას იწვევს თანასწორი ინდივიდების ქცევაში?

წიგნში „ახალი ჯიმ ქროუ“ (2010), მიშელ ალექსანდერი ამბობს, რომ კანონის და წესრიგის ეროვნულ რიტორიკას დიდი ხანია მასობრივი დაპატიმრებების მოწყობის საპატიო საფუძველი აქვს. პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი სადამსჯელო ღონისძიებებს შავკანიან ამერიკელებზე ზეწოლის მიზნით იყენებდა. მიზეზად კი ჰეროინის ეპიდემიური მოხმარება სახელდებოდა; შეუბრალებელი „ომი ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ“ 1980-იან წლებამდე გრძელდებოდა, რომლის მსხვერპლიც ყველაზე ხშირად შავკანიანი ადამიანები იყვნენ. შეერთებულ შტატებში, ანტი-შავკანიანთა რასისტული იდეოლოგია ღიად გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ შავკანიანები მოძალადეები და ზარმაცები არიან, ამავდროულად კანონისა და წესრიგის დაცვის იდეალებს ბოროტად იყენებენ და ოსტატურად ნიღბავენ მას.

შეადარეთ ნიქსონისეული „ნარკოტიკულ საშუალებებთან ომი“ ამჟამინდელ ჰეროინის კრიზისს, რომელსაც საშუალო კლასის თეთრკანიანი ამერიკელები ჰყავს შეპყრობილი. ზოგადი ეროვნული დისკუსიისას, ამ კრიზისს ხშირად უკავშირებენ იმ სოციალურ-ეკონომიკური წნეხს, რომლის ქვეშაც ეს ფენაა მოქცეული. თითქოსდა თეთრკანიანების მხრიდან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული. კანონისა და წესრიგის დაცვა მათზე არ მოქმედებს. „ჰეროინის თანამედროვე სახე“ ახალია, იმიტომ, რომ ძველისგან განსხვავებით ის თანაგრძნობისკენ და ლოიალურობისკენ მოუწოდებს, ვიდრე სადამსჯელო ღონისძიებებისკენ. ახლა, როდესაც ჰეროინი ანადგურებს თეთრკანიანებს, და არა შავკანიანებს, კანონისა და წესრიგის ენა (ჩაითვალა, რომ შავკანიანებს თავისი ადგილი მიეჩინათ) აქტუალური აღარ არის. ჯერ კიდევ თვალშისაცემი არის ის, რომ მაშინ როდესაც კანონისა და წესრიგის დაცვის ცნებები არათანასწორ მიდგომას ებრძვიან, კანონისა და წესრიგის პროპაგანდა პირიქით მუშაობს: ამერიკელებს ამგვარად არიდებინებენ მზერას, რომ რასისტული იდეოლოგიით გამოწვეულ კანონისა და წესრიგის იდეალების ფარულ დეგრადაციას თვალი არ გაუსწორონ.

მაგრამ, რას მალავს დამახინჯებული იდეოლოგია დემოკრატიული იდეალების ბოროტად გამოყენებით? მოდით ამოვხსნათ იგი ამერიკის ყველაზე ნალოლიავები ცნების – „თავისუფლების იდეალის“ განხილვის საფუძველზე – რომლითაც ხშირად „მძლავრი სახელმწიფოს“ ინსტიტუტს ესხმიან თავს. ამომრჩეველებს გამუდმებით უმეორებენ, რომ „მძლავრი სახელმწიფო“ იძულების მთავარი წყაროა, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს. სახელმწიფო ამგვარ ქმედებას ზოგჯერ ნამდვილად მიმართავს. ამის მაგალითია „პატრიოტული აქტი“*. მაგრამ, იგივე კორპორაციები საზოგადოებრივ თავისუფლებას არანაკლებ მნიშვნელოვანი კუთხით ზღუდავენ.

მაგალითად, კორპორაციები კოლექტიური თანამშრომლობითა და შეთანხმებებით თავისუფლებას პირდაპირ ესხმიან თავს. აუთსორსინგის* მეშვეობით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები კორპორაციებს უფლებას აძლევს გადაიტანონ საქმე იმ ქვეყნებში, სადაც იაფი მუშახელია; ამავდროულად, კონსერვატიული არასამეწარმეო ორგანიზაცია “Citizens United”-ის გავლენით, კორპორაციებს შეუძლიათ დააფინანსონ პოლიტიკური კანდიდატები და ამგვარად გაზარდონ მთავრობაზე კონტროლი. რაც უფრო სუსტია მთავრობა, მით უფრო დიდ ძალაუფლებას ფლობენ მასზე. პოლიტიკურ წრეებში, ხშირია გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა ინდუსტრიული ლობისტების გავლენის ქვეშ მეტისმეტად არის მოქცეული.

ამომრჩევლებს, რომლებიც სახელმწიფოზე არიან დამოკიდებულნი – კორპორაციებისგან განსხვავებით – უფლებები ეზღუდებათ იმ მარწუხებით, რომელსაც მე თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიას დავარქმევ. ამ იდეოლოგიის თანახმად, კაპიტალიზმის სამყარო თავისი ბუნებით თავისუფალია. სხვა არსებითი უფლებების უზრუნველყოფა, პოლიტიკური და პიროვნულის ჩათვლით, შესაძლებელია თავისუფალი ბაზრების მეშვეობით.

რატომ ხდება, რომ მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლებას, როგორც იდეალს ეთაყვანებიან, ხმას აძლევენ იმას, რომ მათი საკუთარი თავისუფლება კორპორაციების ძალაუფლების გაზრდის ხარჯზე შეიზღუდოს? იმიტომ, რომ თავისუფალი ბაზრის იდეოლოგია მარჯვედ ნიღბავს იმ საშუალებებს, რომლის მეშვეობითაც კორპორაციები იძულების არადემოკრატიული მოდელებით მოქმედებენ. როდესაც კომპანია უშვებს თანამშრომლებს სამსახურიდან იმ შეხედულების გამოხატვის გამო, რომელიც მას დასაძრახად მიაჩნია, ისე აღიქმება, თითქოს ეს კომპანიის ეკონომიკური ინტერესების დაცვის გამო ხდება. თუკი დასაქმებულებს უწევთ ხელი მოაწერონ კონტრაქტებს, რომელიც მათ სხვაგან დასაქმების შემთხვევაში აიძულებს დუმილი დაიცვან, ამას ამართლებენ იმით, რომ ბიზნესი თავის საფასურს მოითხოვს.

ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები საკმაოდ მრავლისმეტყველია. თუ ჩვენი ძირითადი უფლება თვითგამოხატვა და საკუთარი ნებით არჩეული ქმედებაა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ კორპორაციები ძალიან ხშირად ზღუდავენ ჩვენს უმთავრეს უფლებებს. ლიბერალურ- დემოკრატიულ თეორიაში, სახელმწიფო არის სწორედ ის, რომელმაც ამგვარი უფლებები უნდა დაიცვას. მაგრამ ეს ზუსტად იმიტომ არის ასე მიჩნეული, რომ სახელმწიფოს თავისუფლების სახელით ხშირად დაესხან თავს. იმ თავისუფლების სახელით, რომელსაც კორპორაციები ზღუდავენ და აყალიბებენ და რომელზედაც წარმოუდგენლად დიდი ძალაუფლება აქვთ.

თავისუფალი ბაზრის იდეოლოგია დემოკრატიულ ლექსიკონს იყენებს როგორც პროპაგანდას და ამით ბურავს არადემოკრატიულ რეალობას. ავიღოთ თუნდაც განათლება. ლიბერალურ დემოკრატიაში, განათლება აღჭურავს მოქალაქეებს იმ საშუალებებით და თავდაჯერებულობით, რომ შეაფასონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და თვითონ განსაზღვრონ საკუთარი თვითმმართველობა. ამგვარად, დემოკრატიული განათლება პირდაპირ დემოკრატიული პოლიტიკური ფილოსოფიის ცენტრშია, როგორც ამას ფილოსოფოსები: ჟან ჟაკ რუსო, დიუბუა, ჯონ დიუი და ელიზაბეტ სტანტონი ამტკიცებენ. მაგრამ, აშშ-ს რიტორიკა განათლების შესახებ მკაფიოდ ანტიდემოკრატიულია. მოქალაქეები „ეფექტურ“ საგანმანათლებლო სისტემას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც ბავშვებს სპეციალობას და პროფესიულ საკითხებს შეასწავლის, და არა იმ განათლებას, რომელიც საზოგადოებას ანალიტიკური აზროვნებისკენ უბიძგებს, ზრდის მათ ავტონომიურობას და სამოქალაქო ჩართულობას.

რიტორიკა, რომელსაც პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიების დროს იყენებენ, როგორც წესი პირდაპირ ანტიდემოკრატიულია. მმართველობის კულტურა პარადიგმულად არადემოკრატიულია: კომპანიის დირექტორი წარმოდგენილია როგორც ფეოდალური წყობის ბატონი. მაგრამ, თუ ბაზრები თავისუფლების სიმბოლოა, მაშინ კომპანიის დირექტორიც ამ იდეის მატარებელი უნდა იყოს. თავისუფალი ბაზრის იდეოლოგია ასევე ხსნის თუ რატომ არ არიან ამომრჩევლები ოლიგარქიის საფრთხისგან დაზღვეულნი, როდესაც დიდი სიმდიდრის მქონე პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიებში იღებენ მონაწილეობას: სიმდიდრის მოპოვება თავისუფალ ბაზარზეა შესაძლებელი – რომელიც თავისუფლების წყაროა. საბოლოოდ, თავისუფალი ბაზრის იდეოლოგია ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ თმობენ ასე ადვილად ამომრჩევლები საკუთარ უფლებას და უქვემდებარებენ ინსტიტუტებს „ექსპერტებს“, რომლებიც ჰპირდებიან „ეფექტურობას“. ეფექტურობა არის ბიზნესის მიზანი, ხოლო ბიზნესი ბაზრის მამოძრავებელი ძალაა – ისევ და ისევ თავისუფლების წყარო.

თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიამ დემოკრატიის ლექსიკონი დაამახინჯა, გარდაქმნა იგი პროპაგანდად, რომელმაც საკუთრივ ანტიდემოკრატიული რეალობა ბურუსით შემოსა. თუმცაღა, მაინც არსებობს იმედი, რომ ამომრჩევლები რეალობის არსს მიხვდნენ და პარტიულ ელიტებში დაეჭვება დაიწყეს. ცნობიერების ამგვარად ამაღლება ერთი შეხედვით ცოტა სახიფათოდ ჩანს, მაგრამ ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა. ამომრჩევლები შესაბამის მექანიზმს – არჩევნებს – იყენებენ, რათა მათი მიდგომები გაცხადდეს და შეისმინონ. მოისმენს კი ვინმე?

 

განმარტებები:

*პლუტოკრატია – პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარი წარმომადგენლები ან მცირერიცხოვანი ჯგუფი მართავს; ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა.

*პატრიოტული აქტი (Patriotic Act) – აშშ-ს პატრიოტული აქტი არის კონგრესის მიერ შემუშავებული და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ 2001 წლის 26 ოქტომბერს ძალაში შესული. მისი სრული დასახელება ასე ჟღერს: “Providing and Appropriate Tools Required to Intercept and Obstruct Terrorism Act of 2001”. (2001 წლის ტერორისტული აქტის შეჩერებისა და წინააღმდეგობის გაწევის მიზნით შესაბამისი საშუალებების უზრუნველყოფა და გამოყოფა )

*აუთსორსინგი (Outsourcing) – სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოყენებული პრაქტიკა, რომელიც ხარჯების შემცირების მიზნით, შიდა რესურსებით მოგვარების ნაცვლად სამუშაოს ნაწილს გარე კონტრაქტორებს ან პარტნიორებს გადასცემს. აუთსორსინგი ეფექტურად ზოგავს ხარჯებს. მაგალითად, ზოგიერთ კომპანიას ურჩევნია შეისყიდოს რამე სხვა კომპანიებისგან, ვიდრე თავად აწარმოოს შიდა რესურსებით.

 

Share on Facebook90Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*