რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს?

ავტორი: არჩილ ყველაშვილი

ბოლო ხანებში მსოფლიოს წამყვანი მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი მედია-სააგენტოები ოპტიმისტური რიტორიკით აშუქებენ სირიის ჩრდილოეთით, ქურთულ ანკლავებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ჩაბმულმა სირიელმა ქურთებმა ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ადგილი აქვს ქურთული სახელმწიფოებრიობის ჩასახვის პროცესებს, თუმცა ეს პროცესები ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის საკამაოდ უჩვეულო ფორმებით ხორციელდება. სექტარული დაპირისპირებითა და რელიგიური რადიკალიზმით გამოფიტულ რეგიონში, სირიის ქურთისტანში მოქმედი მემარცხენე პოლიტიკური ძალები ერი-სახელმწიფოს ცნებისგან რადიკალურად განსხვავებულ პრინციპებზე – ეკოლოგიზმზე, სეკულარიზმზე, ეგალიტარიზმზე და მემარცხენე ლიბერტარიანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით ცდილობენ ავტონომიური პოლიტიკური წარმონაქმნის ფორმირებას. Rojava-Car-MAIN

ზემოხსენებული სამი ქურთული კანტონი, ალეპოს პროვინციაში მდებარე აფრინი და ყობანი და ალ-ჰასაკაჰის პროვინციაში მდებარე ჯაზირა ტერიტორიულად ერთმანეთისგან მოწყვეტილი რეგიონებია, რაც ცხადია აფერხებს კოორდინაციას კანტონებს შორის. თუმცა სამივე მათგანი კონფედერაციული ავტონომიური ერთეულის, როჟავას კანტონების ნაწილად მიიჩნევს თავს. ისინი ესწრაფვიან ავტონომიას სირიის ფარგლებში და არა სრულ დამოუკიდებლობას. მათ ერთიანი კონსტიტუციაც შეიმუშავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ომით და სხვა სოციალურ-პოლიტიკური, ან ეკოლოგიური კატაკლიზმებით გაჩანაგებულ ზონებში ჰორიზონტალური, ანარქიული თვითმმართველობის  ფენომენის აღმოცენების პრეცენდენტებს მსოფლიო ისტორიაში ადრეც ჰქონიათ ადგილი. მაგალითისთვის გამოდგება მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თვითმმართველი გლეხთა კომუნების ჩამოყალიბება ესპანეთის ანადალუზიაში, ან უკრაინის ტერიტორიაზე 1918-1921 არსებული ანარქო-კომუნისტური პოლიტიკური წარმონაქმნი – ე. წ. „თავისუფალი ტერიტორიები“, ასევე მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, მაიას ინდიელების ტერიტორიაზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ზაპატისტების მოძრაობა, რომლებიც აგრეთვე ესწრაფვიან თემური დემოკრატიისა და თვითმმართველობის პრინციპების რეალიზებს. ასეთი მომენტები მაშინ დგება, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ ახოციელებს სახელმწიფო კონტროლს ამა თუ იმ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის თვალში სახელმწიფოს პრესტიჟი უაღრესად შელახული და დემონიზებულია. ამგვარ სიტუაციაში, ზოგჯერ ხალხი თავად ცდილობს საკუთარი საზოგადო საქმეების გაძღოლას და მართვის სადავეების ხელში აღებას სახელდახელოდ ფორმირებული  კომუნალური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების საშუალებით. საინტერესოა, ამჟამად მართლაც მიმდინარეობს ნახსენები ძალაუფლების დეცენტრალიზაციის და მმართველობის ხალხის ხელში გადასვლის პროცესი სირიის ქურთისტანში, თუ ადგილი აქვს ადგილობრივი მემარცხენე ელიტების მიერ საკუთარი პოლიტიკური ხედვების მოსინჯვას მოსახლეობაზე?

სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვართან მდებარე სამ ქურთულ ანკლავზე – აფრინზე, ყობანზე და ჯაზირაზე ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების კონტროლი სამოქალაქო ომის საწყის ეტაპზევე შესუსტდა. არსებული ძალაუფლების ვაკუუმი შეავსო ქურთულმა მმართველობითმა ორგანომ, ე. წ. უმაღლესმა ქურთულმა კომიტეტმა,  რომელიც 2012 წელს ორი მეტოქე პოლიტიკური ძალის – დემოკრატიული კავშირის პარტიის (PYD) და ქურთული ეროვნული საბჭოს (KNC) ერთმანეთთან ალიანსში შესვლით ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის, მასუდ ბარზანის მოკავშირე ძალად ითვლება და ქურთული ნაციონალიზმის პოზიციაზე დგას. დემოკრატიული კავშირის პარტია კი თურქეთში მოქმედი კარგად ცნობილი მემარცხენე სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) ასოცირებულ ძალას წარმოადგენს. PYD სამხედრო-პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით დომინანტი ძალაა სირიის ქურთისტანში. მისი მოკავშირე PKK, რომელიც გასული სამი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დაპირისპირებაში იყო ჩაბმული თურქეთის ხელისუფლებასთან ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის მოტივით და ამ ბრძოლების დროს ტერორისტული ორგანიზაციის სახელი დაიმკვიდრა, თავიდან ტიპიური მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიის მატარებელი იყო. მოგვიანებით, 1999 წელს მისი დამაარსებელი და ლიდერი, აბდულა ოჯალანი დააპატიმრეს. საპყრობილედან ოჯალანმა თავის მომხრეებს ტერორიზმზე ხელის აღებისკენ და მშვიდობიან პოლიტიკურ აქტივიზმზე გადასვლისკენ მოუწოდა. 2 000-იან წლებში მან მოახდინა პარტიის ოფიციალური იდეოლოგიის მოდიფიცირება და ტრადიციული კომუნიზმის და სახელმწიფო ნაციონალიზმის ნაცვლად მემარცხენე ლიბერტარიანული მოძღვრებების ადვოკატირება დაიწყო. ცნობილია, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელი სოციალისტ-ლიბერტარიანელი  და ეკოლოგისტი ავტორის, მური ბუკჩინის (1921 – 2006) იდეებმა, რომელმაც კომუნალიზმის პოლიტიკური ფილოსოფიური ხედვები და ლიბერტარიანული მუნიციპალიზმის პროგრამა ჩამოაყალიბა. აბდულა ოჯალანის ახალი ხედვები „აპოიზმის“ სახელით არის ცნობილი, თავად ოჯალანის მეტსახელ აპოს მიხედვით.

ოჯალანი ადვოკატირებს ძალაუფლების დეცენტრალიზაციას მუნიციპალური ერთეულებისთვის თვითმმართველობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით, პოლიტიკური და სხვა სახის გადაწყვეტილების მიღებას თემური კონსესუსის საფუძველზე, პირდაპირი დემოკრატიის ელემენტების გამყარებას და ზოგადად, ცენტრალიზებული ბიუროკრატიული მმართველობის სანაცვლოდ პოლიტიკის „ქვევიდან ზევით“ პრინციპით კეთებას. აპოიზმის მიხედვით დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოსდაცვით საკითხებს და ეკონომიკა მასთან დაქვემდებარებულ სფეროდ მოიაზრება.

სირიის ქურთისტანში მიმდინარე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესებში აშკარად შეინიშნება აპოიზმის ანარქო-სოციალისტური იდეების გავლენა. როჟავას კანტონების კონსტიტუციის პრეამბულაში ხაზგასმულია თანასწორობის, მმართველობის დეცენტრალიზაციისა და ეკოლოგიური საკითხების უზენაესობა. კონსტიტუციაში ხაზგასმულია რელიგიის პოლიტიკისგან გამიჯვნის აუცილებლობა და ეთნიკურ-კონფესიური პლურალიზმი. კანტონების მრავალეთნიკურობის გამო (იქ ქურთების გარდა ცხოვრობენ არაბები, ასირიელები, თურქმენები, სომხები და ჩეჩნები) ოფიციალურ ენებად გამოცხადდა ქურთული, არაბული და ასირიული. გარდამავალ მთავრობაში ასევე შესულია ქრისტიანი  ასირიელების ასირიული კავშირის პარტია (SUP). წინა პლანზეა ფამოტანილი გენდერული საკითხებიც. თვალშისაცემია ის გარემოებაც, რომ სირიის ქურთისტანში დიდი ყურადღება ექცევა განათლების საკითხს, განსაკუთრებით ფილოსოფიის, ისტორიის, გეოგრაფიის და სოციალურ-პოლიტიკური დისციპლინების შესწავლას. ამ მხრივ გამორჩეულია ნური დერსიმის აკადემია. ამ სახის ცოდნის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობა საზოგადოების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობისა და თვითმმართველობის განმტკიცების საწინდრად მოიაზრება, რაც აპოიზმის იდეოლოგიაში მკაფიოდაა ხაზგასმული. ოჯალანი თავის ციხის დღიურებში მკვეთრად თვითკრიტიკულია თავის წარსული მოღვაწეობისა და პარტიული კომუნისტურ-ნაციონალისტური იდეოლოგიისადმი, რომელსაც ავტორიტარული და დოგმატური მახასიათებლები ჰქონდა. მან ნეგატიურად შეაფასა ქურთების ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში   თავისი წარსული როლი, როგორც ერთპიროვნული მამამთავრისა და დაგმო ბელადომანია.

როჟავას კანტონებში ადგილობრივ დონეებზე საზოგადოებრივი თვალსაზრისით აქტიურობენ PYD-ს მოკავშირე აპოისტური სამოქალაქო საზოგადებრივი ორგანიზაციები, რომელთაგანაც ბევრი ქოლგა ორგანიზაციას, ე. წ. დემოკრატიულ საზოგადოებრივ მოძრაობას (ტევ-დემი) მიეკუთვნებიან. ეს ლოკალური ორგანიზაციები ახორციელებენ სოციალური დახმარების გაწევას ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის. დასახლებულ პუნქტებში ყალიბდება თვითმმართველი საბჭოები, კომუნალური ასამბლეები, რომლებიც ლოკალურ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის და გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების პოტენციურად ეფექტურ მექანიზმებს ქმნიან.

საზოგადაობრივ წესრიგს იცავენ ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩამოყალიბებული მოხალისე საპოლიციო ძალები, რომლებიც ასაიშის სახელით არიან ცნობილნი. ადგილობრივ ასირიელებს ასევე აქვთ ჩამოყალიბებული საკუთარი საპოლიციო ფორმირებები, სახელწოდებით სუტორო. ზოგიერთი მიმომხილველი უარყოფითად აფასებს ძალოვანი დაჯგუფებების ეთნიკური განსხვავებულობის ნიშნით ფორმირებას.

მოძალებული ისლამური სახელმწიფოს ძალებისგან რეგიონს იცავს კარგად ცნობილი სახალხო მილიცია, სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG). ეს მილიცია ფაქტობრივად ეროვნულ თავდაცვის ძალებად ჩამოყალიბდა და ამ დროისთვის სირიის ქურთისტანში სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდა. მასში ქურთების გარდა რეგიონის სხვა ეთნო-რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებიც მსახურობენ. ქურთულმა დაჯგუფებებმა ყურადღება მიიპყრო ქალი მებრძოლების სიმრავლითაც, რომლებიც ე. წ. YPJ-ის, ქალთა თავდაცვის დანაყოფებში მსახურობენ. სამხედრო სფეროში ქალების აქტიურობა როჟავაში დაწყებული გენდერული ემანსიპაციის პროცესის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა.

სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ სახელდახელოდ ფორმირებილი „სახალხო სასამართლოები“ და ე. წ. „მშვიდობის საბჭოები“. ეს უკანასკნელნი უფრო მომრიგებლური სასამართლოების ფუნქვიებს ითავსებენ, პირველები კი სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულებებს იხილავენ. ნაუცბათევად შექმნილი სახალხო სასამართლოები, რა თქმა უნდა, ეჭვებს აღძრავს მათი კომპეტენტურობისა და საქმიანობის სრული ლეგალურობასთან დაკავშირებით, თუმცა სირიის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ ქაოსთან შედარებით მაინც პოზიციურ მომენტად წარმოჩინდება.

რაც შეეხება კანტონებში არსებულ ეკონომიკურ მოდელს და სოციალურ პოლიტიკას, აქაც ადგილი აქვს კოლექტივიზმის და დეცენტრალიზაციის პრინციპების გატარებას რეალობაში და დასავლური ნეოლიბერალიზმისგან განსხვავებული ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.   კერძო კაპიტალის ფლობა და კომერციული საქმიანობა არ შეზღუდულა, თუმცაღა აიკრძალა კერძო ფინანასური კაპიტალით მანიპულირება. ამის პარალელურად ყალიბდება კოლექტივები და კომუნები, რომლებიც საზოგადოებისთვის საჭირო პროდუქტს აწარმოებენ. მაგალითად, კანტონებში ნავთობის ინდუსტრია მთლიანად კონტროლდება ლოკალური კომუნალური საბჭოების მიერ, ხოლო მათ მენეჯმენტს მუშათა კომიტეტები ახორციელებენ. ისინი იაფ ბენზინს აწვდიან კოლექტივებს და კანტონების სახელისუფლებო ორგანოებს. სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილიც აგრარული კოოპერატივების ხელში გადავიდა.

აფრინის კანტონის ეკონომიკის მინისტრმა, ამაად იუსეფმა ახალი ეკონომიკური მოდელი შემდეგნაირად განმარტა ერთ-ერთ ინტრვიუში: – „კერძო კაპიტალი არ აკრძალულა, თუმცა ის ჩვენს იდეებსა და სისტემას უნდა მოერგოს. ჩვენ ვავითარებთ სისტემას, რომელიც კომუნებსა და კოოპერატივებზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ კერძო კაპიტალის წინააღმდეგი. ისინი ერთმანეთს შეავსებენ. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც კოოპერატიული სისტემა განვითარდება, მორალური კერძო კაპიტალი მისი შემავსებელი იქნება ეკონომიკის საჭირო ნაწილში. ამ გზით როჟავის საზოგადოება გაჯანსაღდება, გაემიჯნება რა ლიბერალურ სისტემას. ლიბერალურ სისტემაში დიდი თევზები ყლაპავენ პატარა თევზებს და მას არ გააჩნია მორალურობა“ . ამრიგად, როჟავის ეკონომიკური მოდელი ემიჯნება როგორც ნეოლიბერალურ კაპიტალიზმის მოდერნულობას, ასევე სახელმწიფო კაპიტალიზმს, რომელიც არსებული კომუნისტური მოდელებისთვის იყო დამახასიათებელი და ესწრაფვის მესამე გზის გამონახვას, ეკონომიკის მართვის ბერკეტების კომუნალური მუნიციპალური ერთეულებისთვის გადაბარებით.

კანტონებში სამედიცინო მომსახურება უფასოა ღარიბი მოსახლეობისთვის. ამ მხრივ აღსანიშნავია ექიმთა კომიტეტების საქმინობა. განათლების სისტემის განვითარებისთვის კი ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს.

ზემოთაღწერილიდან გამომდინარე, იქნება წარმოდგენა, რომ სირიასა და ერაყში მიმდინარე დესტრუქციული მოვლენების ფონზე როჟავას კანტონებში დემოკრატიზაციის პროცესები იშვიათ ნათელ წერტილს ქმნიან, საერთო ახლო აღმოსავლური ქაოსის ფონზე. ბევრი დასავლელი ავტორი როჟავაში განვითარებულ მოვლენებს რევოლუციურ მოძრაობას უწოდებს, რომელმაც შესაძლოა ხორცი შეასხას ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებების დემოკრატიზაციის უტოპიად ქცეულ იმედებს.

განსაკუთრებულ პარადოქსულობას როჯავაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს ის გარემოება სძენს, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ კონსერვატიულ, ტარადიციულ საზოგადოებაში ხორციელდება და არა განვითარებულ ინდუსტრიულ გარემოში. უპრეცენდენტოა გენდერული გათანაბრების პროცესები, რომელიც ერთი შეხედვით ყველაზე არახელსაყრელ პირობებში, ტრაიბალისტურ მუსლიმურ მოსახლეობაში ხორციელდება, თანაც არა რაიმე ელიტური ჯგუფების ან სახელმწიფოს ხელით, არამედ ბუნებრივად, სპონტანურად. ქალთა ემანსიპაციას განსაკუთრებით ის მომენტი სძენს სიმტკიცეს, რომ როჯაველი ქალები მამაკაცების მხარდამხარ ებრძვიან ისლამურ სახელმწიფოს და შესაბამისად, უჩნდებათ მეტი თანასწორობის მოთხოვნა. ერთ-ერთ კანტონში უკვე აიკრძალა მრავალცოლიანობა.

ტრადიციულ მარქსისტულ პარადიგმას ეწინააღმდეგება ის გარემოებაც, რომ რომ რევოლუციური ცვლილებები ხდება საზოგადოებაში, რომელსაც არ გაუვლია ინდუსტრიული განვითარების ფაზა და არ ჰყავს ჩამოყალიბებული პროლეტარიატი. როჟავის მოსახლეობა ცალსახად აგრარულია და არა ურბანულ-პროლეტარული. ამაზე ამახვილებს ყურადღებას დევიდ გრებერიც, რომელიც ამბობს, რომ სირიის ქურთისტანში ეგალიტარული, დეცენტრალიზებული თვითმმართველი სისტემის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მოსახლეობის კლასობრივმა ჰომოგენურობამ, რომელიც შემდგარია თანაბრად ღარიბი გლეხობისაგან.

ზედმეტ ოპტიმიზმში რომ არ ჩამოგვერთვას, უნდა ითქვს, რომ ამ დროისთვის საბოლოო დასკვნის გაკეთება როჟავას დემოკრატიზაციის ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით ადრეა. ფაქტია, რომ აპოიზმის ლიბერტარიანული პრინციპების დამკვიდრება სირიის ქურთისტანში ადგილობრივი მმართველი პოლიტიკური ელიტების, დემოკრატიული კავშირის პარტიის (PYD) ხელდასხმით ხორციელდება.  მათი ლეგიტიმურობა კი, როგორც ჩანს, სახალხო მხარდაჭერასთან ერთად, გაბატონებული სამხედრო პოზიციებითაც აიხსნება, რადგან ამავე ორგანიზაციის მიერ კონტროლდება საპოლიციო და საჯარისო შენაერთები. PYD არაერთხელ დაუდანაშაულებიათ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებში. აგეთვე, მიუხედავად ოჯალანის მოწოდობისა, თავიდან იქნას აცილებული დოგმატიზმი და კონკრეტული იდოლოგიის გაფეტიშება, PYD რეალურად აპოიზმის პოპულარიზაციას და ამ იდეოლოგიის ზევიდან დამკვიდრებას ახორციელებს როჟავას მოსახლეობაში. თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ პროგრესული პოლიტიკური იდეების „ზევიდან დამკვიდრება“ საზოგადოებაში ყოველთვის ტოტალიტარულ ტენდენციებს არ გულისხმობს.

როგორც მური ბუკჩინი აღნიშნავდა, ესპანეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ანარქისტული ჯგუფების მიერ ნაქადაგები იდეები ბუნებრივად მოერგო ანადალუზიური სოფლების ტრადიციულ ეგალიტარულ ყოფას. ბრიტანელი მარქსისტი ისტორიკოსი ერიკ ჰობსბუმი თავის „პრიმიტიულ მეამბოხეებში“ ნათლად გადმოსცემს ანდალუზიის ღატაკ მოსახლეობაში ანარქო-კომუნალური იდეების დამკვიდრების თავისებურებებს. მისი განმარტებით, ანარქისტი ავტორების (ბაკუნინი, მალატესტა, კროპოტკინი) იდეები პრიმიტიულ გლეხობამდე მიჰქონდათ ადგილობრივ თვითგანათლებულ ადამიანთა კატეგორიას,  ე. წ. „ნასწავლ მუშებს“ (oberos conscientes), რომელთა განათლებაც შესაძლოა მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნითა და პოლიტიკისადმი ინტერესით შემოიფარგლებოდა. ხალხურ მეხსიერებაში ისინი შემორჩნენ ხალხად, რომლებიც „ყოველთვის რაღაცას კითხულობდნენ, ყოველთვის კამათობდნენ“. ჰობსბაუმის თქმით, ისინი იყვნენ „უფრო მეტად განმანათლებლები, პროპაგანდისტები და აგიტატორები, მაგრამ არა ორგანიზატორები“ საზოგადოებრივი მოძრაობისა. „მათი გავლენა სოფელში ეყრდნობოდა არა სოციალურ პოზიციას, არამედ მათ სწრაფვას მქადაგებლობისკენ. ისინი პირველები ამცნობდნენ ხოლმე კარგ ახალ ამბებს ხალხს, უკითხავდნენ გაზეთებს წერა-კითხვის უცოდინარ მსმენელებს და შესაძლოა, ბრმა ნდობითაც სარგებლობდნენ თანასოფლელებში“ (Hobsbawm 1959, 85-86).

ზემოთაღწერილ ესპანურ გამოცდილებასა და როჟავის მოსახლეობაში ანარქო-სოციალიზმის იდეების დამკვიდრებას შორის შეიძლება გაივლოს პარალელი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტევ-დემის, დემოკრატიულ საზოგადოებრივ მოძრაობის წარმომადგენლები დაახლოებით იგივე როლს ასრულებენ სირიის ქურთულ მოსახლეობაში, როგორსაც ერთ დროს oberos conscienteები  ანადალუზიურ სოფლებში. ისინი გადასცემენ ფართო მასებს კონკრეტული თეორიტიკოსების (ბუკჩინი, ოჯალანი) იდეებს და გარკვეულ მიმართულებას სძენენ საძოგადოების იდენტობას.

„ზევიდან დამკვიდრება“ ამ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ ტრადიციული მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში იგი გულისხმობს არა სახელმწიფოს ან ძალაუფლების მქონე რაიმე ჯგუფის მიერ საკუთარი იდეოლოგიის ხელოვნურად, იძულების ძალით თავსმოხვევას საზოგადოებაზე, არამედ იდეების დიფუზიას, მათ გავრცელებას და პოპულარიზებას დროთა განმავლობაში. ეს პროცესი, რაღა თქმა უნდა,  ხორციელდება გარკვეული სოციალური აგენტების მიერ, რომლებიც ამისთვის პროპაგანდისა და აგიტაციის გზას იყენებენ. სწორედ ამ ნიუნსის გამო შეიძლება ვიხმაროთ ტერმინი  „ზევიდან დამკვიდრება“, რადგან ესა თუ ის იდეოლოგია თვისთავად ვერ დამკვიდრდება, თუ მის განმარტებასა და ხალხის მასებამდე მიტანაზე ვინმემ არ იზრუნა. სხვა საქმეა, თუ რამდენად მოიწონებს და მიიღებს მას საზოგადოება საკუთარი ნებით.

შეიძლება გამოვყოთ ორი გარემოება, რომლებიც იდეების დიფუზიას განსაკუთრებით ხელს უწყობენ. პირველი, როდესაც მათ პოპულარიზებას ახორციელებენ მოცემული საზოგადოებისთვის მისაღები და ავტორიტეტული ინსტიტუტები თუ ცალკეული პიროვნებები, იქნება ეს საზოგადოებრივი მოძრაობა, პოლიტიკური პარტია, ეროვნული ლიდერი თუ სხვა. თურქეთსა და სირიაში მცხოვრები ქურთების შემთხვევაში, ასეთი ფიგურა და ინსტიტუტები, რა თქმა უნდა, აბდულა ოჯალანი და მისი მიმდევარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციებია.  იდეების, განსაკუთრებით რევოლუციური იდეების დამკვიდრების ხელშემწყობი მეორე გარემოება არის ის ექსტრემალური მომენტი, როდესაც არსებული საზოგადოებრივი წესრიგი გარკვეულ ცვლილებას განიცდის ობიექტური მიზეზების გამო (პოლიტიკური კატაკლიზმები, მმართველობის სისტემის შესუსტება და სხვა) და ადგილი თავისუფლდება სოციალურ სივრცეში ახალი მოდელის მოსასინჯად. ეს მეორე  მომენტი როჟავის მოსახლეობისთვის დადგა სირიის სამოქალაქო ომის პირობებში, როდესაც რეგიონზე სახელისუფლებო კონტროლი შესუსტდა.

ამის შედეგად, როდესაც საზოგადოების პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ნიშნით მოწყობის  ესა თუ ის ნაქადაგები მოდელი დაიტესტება რეალობაში და შესაბამისობაშიც მოვა მასების ინტერესებთან, მათი დიფუზიაც, დიდი ალბათობით, განხორციელდება. სწორედ ასე მოხდა სირიის ქურთისტანშიც, რადგან ახალი  მოდელი შვების მომტანი აღმოჩნდა რეგიონის გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობისთვის. დეცენტრალიზებული, კომუნალური პოლიტიკური მმართველობა, ეკონომიკური, თავდაცვითი და სხვა სახელმწიფოებრივი საქმიანობის ურთიერთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპებით წარმართვა ეფექტური გამოდგა რეგიონის მოსახლეობის თვითგადარჩენისთვის, რომელთაც ისლამური სახელმწიფო ფიზიკურ განადგურებას უქადის. შექმნილ ექტრემალურ ვითარებაში მოხერხდა რა გარეშე მტრების მეტ-ნაკლები წარმატებით მოგერიება და შიდა სტაბილურობის შენარჩუნებაც, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ფუნქციონირების ლიბერტარიანულ სოცილისტურმა მოდელმა წარმატებით იმუშავა ამ დრომდე მაინც. ეს კი ამ ახალი მოდელის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციის საწინდარი შეიძლება გახდეს როჯავაში და მის ფარგლებს გარეთაც.

დამაიმედებელია ის გარემოება, რომ  დემოკრატიული კავშირის პარტია (PYD) პასუხისმგებლობით ეკიდება კრიტიკას და არ ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებას.

მთლიანობაში, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტიც, რომ ახლო აღმოსავლეთის კონკრეტული საზოგადოება, ყველასგან მოულოდნელად, ყოველგვარი დასავლური პატრონაჟისა და გარეშე სოციალრ-პოლიტიკური ინჟინერიის გარეშე, დამოუკიდებლად შეუდგა დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დაფუძნებას, რომელიც ჩანაფიქრის დონეზე მაინც თავისუფალი შეიძლება გახდეს არა მარტო გარემომცველ რეგიონში გაბატონებული დიქტატურისგან, მილიტარიზმისგან, ისლამისტური ფაშიზმისგან და კორუმპირებული მმართველობისგან, არამედ დასავლეთის განვითარებული სამყაროსთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმის, კონსუმერიზმის, კომერციალიზმის, ბიუროკრატიზმის და ეკონომიკური რაციონალიზმის ლოგიკით მართულ-შებოჭილი ყოფისგანაც. და ამის ნაცვლად დაეფუძნოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, გენდერული და სხვა სახის თანასწორობის და ადამიანთა შორის კომუნალური თანამშრომლობის პრინციპებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 1.    Hobsbawm, Eric. Primitive Rebels. 1959. Manchester: The University of Manchester 
  2. Biehl, Janet. Bookchin, Ocalan, and the dialectics of democracy. New Compass. February 3-5, 2012

http://new-compass.net/articles/bookchin-öcalan-and-dialectics-democracy

  1. Drott, Karl. The Syrian experiment with “Apoism”? Carnegie Endowment for International Peace. May 20, 2014

http://carnegieendowment.org/syriaincrisis/?fa=55650

  1. Drott, Karl. Syrian Kurdish areas under the rule of law? Carnegie Endowment for International Peace. May 7, 2014

http://carnegieendowment.org/syriaincrisis/?fa=55526

  1. Drott, Karl. Syriac-Kurdish cooperation in northeast Syria. Carnegie Endowment for International Peace. March 7, 2014.

http://carnegieendowment.org/syriaincrisis/?fa=54797

  1. Graeber, David. Why is the world ignoring the revolutionary Kurds in Syria? The guardian. October 8, 2014

http://www.theguardian.com/commentisfree/2014/oct/08/why-world-ignoring-revolutionary-kurds-syria-isis

  1. Knapp, Michael. Rojava – the formation of an economic alternative private property in the service of all. Peace in Kurdistan. February 6, 2015. http://peaceinkurdistancampaign.com/2015/02/06/rojava-the-formation-of-an-economic-alternative-private-property-in-the-service-of-all/
  1. Saad, Sardar. Rojava Revolution: building autonomy in the Middle East. ROAR magazine. July 25, 2014.

http://roarmag.org/2014/07/rojava-autonomy-syrian-kurds/

  1. Lund, Aron. The people’s rule: an interview with Sahel Muslim, part I.  Carnegie Endowment for International Peace. February 27, 2014

http://carnegieendowment.org/syriaincrisis/?fa=54675

  1. The Rojava Report. Village communes emerging in Colemerg. September 1, 2014.

http://rojavareport.wordpress.com/2014/09/01/village-communes-emerging-in-colemerg/

  1. The Rojava Report. Efrîn Economy Minister: Rojava Challenging Norms Of Class, Gender And Power. December 22, 2014. https://rojavareport.wordpress.com/2014/12/22/efrin-economy-minister-rojava-challenging-norms-of-class-gender-and-power/
  1. Kurdish Question. The Constitution of Rojava Cantons.

http://kurdishquestion.com/kurdistan/west-kurdistan/the-constitution-of-the-rojava-cantons/310-the-constitution-of-the-rojava-cantons.html

  1. The Vice Channels. Rojava: Syria’s unknown war. December 24, 2013

http://www.vice.com/video/rojava-syrias-unknown-war

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ