რევაზ ქოიავა: ციფრული პანოპტიკონი

დღეს მოქალაქეობა ნიშნავს იყო „თანადროული კოლექტიური ფსიქოზებისთვის საჭირო გამაღიზიანებლების გამტარი“ – აღნიშნა ფილოსოფოსმა პეტერ სლოტერდაიკმა.[1] დაუმთავრებელი პოსტები სხვადასხვა თემის შესახებ[2] – ამ აზრის ნათელი ილუსტრაციაა. გააკრიტიკო ფეისბუქ-საზოგადოება, რომელიც ახალ-ახალ სკანდალებს არის მოწყურებული, ასოციალური ჟესტი იქნება. თუმცა, მისი განდიდებაც მსგავსი შემთხვევების დროს არ ღირს. გაივლის მცირე ხანი და წამოვა ახალი ტალღა, ახალი „თემატური ეპიდემია“.

ახალმა მედიამ მიგვაჩვია მუდმივ მობილიზაციას. იქნება ეს პოკემონების დაჭერა თუ დემურ სტურუას შემთხვევის მსგავსი ტრაგედია – შენ ყოველთვის უნდა დაიკავო პოზიცია და თანამებრძოლებს მორიგ ბრძოლაში შეუერთდე. ამასთან, გუშინდელი თანამებრძოლები დღეს შეიძლება ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.

სოციალური ქსელები არის ისტორია არა დიალოგის, არამედ გაყოფის შესახებ. დიდწილად ეს თავად ქსელების მოწყობით არის განპირობებული, რომელთა ალგორითმებიც „ექო-კამერის“ ეფექტს წარმოშობს. ეყრდნობიან რა ძველ ლაიქებს, მომხმარებლები იკეტებიან თავის მყუდრო საინფორმაციო „სამყაროში“,[3] სადაც რთულად აღწევს ისეთი რამ, რასაც მათი რწმენის შერყევა შეუძლია. ზოგჯერ ეს ნარცისული კომფორტი ირღვევა და საქმეში შემოდის „unfriend/unfollow“ ან hatespeech.

იმის შესახებ, რომ სოციალური ქსელების სამყაროში ყველაფერი სტიქიურად არ ხდება და მომხმარებელთა ქცევის კორექტირება შესაძლებელია, შეგვახსენა ამერიკული Facebook-ის ყოფილი თანამშრომლების აღიარებამ.[4] გაირკვა, რომ აღნიშნული ქსელი “ტოპ-ნიუსებიდან” სისტემატურად შლიდა კონსერვატორული გაზეთების სტატიებს და სიახლეებს რესპუბლიკელების შესახებ.

ალგორითმები ყველგან და ამავდროულად შეუმჩნევლები არიან. რეგულარულად თვალს ადევნებენ რა ჩვენს ქსელურ აქტივობას, ისინი ფილტრავენ საინფორმაციო ველს, გვთავაზობენ ახალ მეგობრებს, წიგნებს, მუსიკას, ფილმებს და პეტიციებს ხელის მოსაწერად. ალგორითმებს უკვე ანდობენ პარტნიორის არჩევას[5] და პოტენციური რეციდივისტების გამოვლენასაც კი. ამ სასამართლოს მთელი ღირსება თავის თავზე გამოსცადა ამერიკელმა ერიკ ლუმისმა,[6] რომელსაც ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯა ავტომობილის უკანონო მართვის, სროლის და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევის გამო. ვისკონსინის შტატის მოსამართლეს ლუმისისადმი ვერდიქტის გამოტანაში დაეხმარა კომპიუტერული ალგორითმი, რომელიც კერძო კომპანია Northpointe Inc. შეიმუშავა. მსჯავრდებულის დაკითხვების ანალიზის შედეგად ალგორითმმა დაადგინა, რომ ლუმისი საზოგადოებისთვის საშიშია.

მედიათეორეტიკოსი ლევ მანოვიჩი დიდი მონაცემების დამუშავებას კომუნიკაციის საშუალებების ისტორიაში ახალ ეტაპად მიიჩნევს. მას წინ უძღოდა მასობრივი წარმოების (XVI საუკუნიდან), ფართო მაუწყებლობის (1920-იანი წლებიდან) და ქსელურობის (1993 წლიდან) ეპოქები. მედიაანალიტიკის ეტაპი კი დადგა 1995 წლიდან (პირველი საძიებო სისტემების გამოჩენა) 2010 წლამდე (როდესაც Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვმა 500 მილიონს მიაღწია).

მონაცემთა ალგორითმულ ანალიზს დღეს ნებისმიერი ინტერნეტ-პლატფორმა იყენებს, სადაც მომხმარებლები უკვეთავენ და ერთმანეთს უზიარებენ კულტურულ პროდუქციას ან კომუნიცირებენ ერთმანეთთან. მედიანალიტიკა, როგორც ამ გამოთვლებს უწოდებს მანოვიჩი, დღეს მთელი კულტურის ინდუსტრიის მდგომარეობას განსაზღვრავს. „როდესაც ადორნო და ჰორკჰაიმერი წერდნენ „განმანათლებლობის დიალექტიკას“, პიროვნული ურთიერთობები ჯერ კიდევ არ იყო კულტურული ინდუსტრიის ნაწილი. თუმცა „სოფთ-კულტურა“-ში მათი ინდუსტრიალიზებაც მოხდა ინტერფეისების, შეტყობინებების და სოციალური ქსელების საშუალებით. მათზე გავლენას ახდენენ ალგორითმები, რომლებიც ამუშავებენ მთელ ინფორმაციას და იღებენ გადაწყვეტილებას, როდის და რა სახის შინაარსი, სიახლე ან ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს“.[7]

თეოდორ ადორნომ და მაქს ჰორკჰაიმერმა „კულტურის ინდუსტრიის“ ცნება 1947 წელს შემოიტანეს. მაშინ ითვლებოდა, რომ ჰოლივუდმა და რადიომ საბოლოოდ გადააქციეს კულტურა სტანდარტიზებულ საქონლად, ხოლო მისი მომხმარებელი – აპოლიტიკურ კონფორმისტად. „განმანათლებლობის დიალექტიკის“ ავტორები პოპულარულ კულტურაში მანიპულაციის ინსტრუმენტს ხედავდნენ, რომელსაც მისი შემქმნელები ისტებლიშმენტის ინტერესებიდან გამომდინარე თავს ახვევდნენ მასებს.

მსგავს კრიტიკას განიცდის სილიკონის ველის პროდუქციაც. მომხმარებელი თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად და არაფერმა უნდა შეაშფოთოს მისი ანაბიოზი. ეს დებულება ათანაბრებს ახალი ტექნოლოგიების შემქმნელებს იმ სისტემის ინჟინრებთან, რომელთაც დაუღალავად და არცთუ უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ ადორნო და ჰორკჰაიმერი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სოფტების შემქმნელების მთავარი მიზანი არის ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის აპლიკაციის შემუშავება და საზოგადოების ინფანტილების ჯგუფად გადაქცევა, რომელიც ყველა გადაწყვეტილების მიღებას ტექნოლოგიებს მიანდობს.

დღეს აკადემიურ ლიტერატურაში მხოლობით რიცხვში მყოფ „კულტურის ინდუსტრიას“ ხშირად ამჯობინებენ მრავლობითში გამოხატულ „კულტურის ინდუსტრიებს“. ამით ცდილობენ დაანგრიონ ფრანკფურტის სკოლის პესიმისტური პათოსი და ხაზი გაუსვან ამ მოვლენის არაერთგვაროვნებას. ლევ მანოვიჩიც შენიშნავს, რომ თავისთავად ალგორითმები ნეიტრალურია. ისინი საშუალებას იძლევიან „გააკონტროლო და გაათავისუფლო, შექმნა ახალი ცოდნა და შეზღუდო იგი, მოიპოვო სიყვარული ან გახდე მომხმარებელი.“

ყველა ეს ალგორითმი კი ადამიანების მიერ არის შექმნილი და ისინი თავისთავად განიცდიან მათი შემქმნელების შეხედულებების გავლენებს. ამავდროულად ისინი არ შექმნილან პოლიტიკურ ან სოციო-ეკონომიკურ ვაკუუმში. კულტურის ინდუსტრიის ძველი მოთამაშეების (ჰოლივუდის სტუდიები ან გამომცემლობები) ნაცვლად დღეს გამოჩნდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Google, Amazon, eBay, Facebook და სხვები, რომლებიც არა წარმოებით, არამედ კულტურული პროდუქციის გაყიდვით და მარკეტინგით არიან დაკავებული. კომპანიები, რომლებსაც ამერიკელი მკვლევარის სივი ვაიდინათანის სიტყვებით „სურთ გახდნენ ჩვენი ყოველდღიურობის ოპერატორები“. გულუბრყვილობაა წარმოდგენა, რომ სილიკონი ველის კორპორაციები ვერ აცნობიერებენ ტექნოლოგიებისგან მიღებულ ძალაუფლებას. ასევე გულუბრყვილოა იმის წარმოდგენაც, რომ ისინი პოლიტიკურ ინტერესებს მოკლებულნი არიან.

რამდენიმე წლის წინ ამერიკულმა სამეცნიერო ჟურნალმა Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) გამოაქვეყნა კვლევა დამაინტრიგებელი სათაურით: „სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული მასობრივი ემოციური დაავადების ექსპერიმენტული დადასტურება“. სტატიის ავტორი იყო ფსიქოლოგი ადამ კრამერი, რომელიც Facebook-ის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობდა. ექსპერიმენტი გულისხმობდა სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის პოზიტიური და ნეგატიური სახის ინფორმაციების საიდუმლოდ წაშლას. ექსპერიმენტით ცდილობდნენ დაედგინათ, როგორ იმოქმედებდა ყოველივე ეს მომხმარებელთა ემოციურ მდგომარეობაზე.

PNAS-ის პუბლიკაციამ მედიაში მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია. Facebook-ს ადანაშაულებდნენ გაფრთხილების გარეშე ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებლის საცდელ ობიექტებად გამოყენებაში. ექსპერიმენტის ეთიკურ მხარეზე დისკუსიისას გამოჩნდა, რომ თითქმის ყველა დიდი ინტერნეტ-კომპანია რეგულარულად იყენებს მსგავს ტესტებს თავისი აუდიტორიის მიმართ. ხშირად ცდები ტარდება არა სამეცნიერო, არამედ კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე.

ექსპერიმენტი მომხმარებლებზე, რომელიც PNAS-შია აღწერილი, პირველი არ იყო Facebook-ის ისტორიაში. 2010 წლის ნოემბერში, კონგრესის არჩევნების დროს, კომპანიამ ათეულობით მილიონი ამერიკელის გვერდზე განათავსა აპლიკაცია.[8] მასში მოთავსებული იყო ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ. ღილაკის საშუალებით შეგეძლო ქსელში შენს მიერ მიცემული ხმის დაფიქსირება. აპლიკაცია ფოტოების საშუალებით გატყობინებდა იმ მეგობრების შესახებ, რომელთაც უკვე მოიხადეს სამოქალაქო ვალი. მოგვიანებით პოლიტოლოგების კვლევებმა გვამცნეს, რომ ექსპერიმენტის სუბიექტები 0.39%-ით უფრო აქტიურად აძლევდნენ ხმას, ვიდრე იმ საკონტროლო ჯგუფის წევრები, რომლებსაც არ მიუღიათ შეტყობინება არჩევნების შესახებ. სულ საარჩევნო ყუთებამდე გამოწვეული ტალღის წყალობით მიიყვანეს 340 ათასი ამომრჩეველი.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიამ მომხმარებელთა გვერდებზე შეტყობინებების გამოქვეყნება დაიწყო.[9] იმავე დღეს დარეგისტრირდა 186 ათასი ონლაინ-განცხადება რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილის შესახებ. ამ ციფრმა წინა დღეების სტატისტიკას ორჯერ გადააჭარბა. ძირითადად განცხადებას ახალგაზრდები აქვეყნებდნენ, რომელიც დიდი ნაწილი ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს. თუმცა მათმა აქტივობამ ბრიტანეთი „ბრექსიტისგან“ ვერ იხსნა. თუმცა წარმოიდგინეთ, რომ მარკ ცუკერბერგი დაფიქრდება ხელისუფლებაში რომელიმე კანდიდატის ან პარტიის მოყვანაზე. მომხმარებელთა მონაცემების ანალიზი დიდი შრომის გარეშე საშუალებას მისცემს გამოავლინოს მისთვის მისაღები პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანთა წრე. ხოლო მათი მობილიზაციის ინსტრუმენტები ფეისბუქს მრავლად გააჩნია.

ჩვენს ყოველდღიურობაზე Facebook-ზე დიდ გავლენას ახდენს Google-ს პროდუქცია. ჩვენ დღეში მრავალჯერ „ვგუგლავთ“ საჭირო თუ საინტერესო ინფორმაციას. მრავალმა ჩვენგანმა იცის, რომ საძიებო შედეგები ინდივიდუალურად ჩვენზე არის მორგებული. თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, ისინი ობიექტურად ჩავთვალოთ. თუ როგორ მუშაობს საძიებო ალგორითმი, რომელიც ათასობით ვებ-გვერდს მოწესრიგებულ სიად ალაგებს, საიდუმლოდ რჩება. იშვიათად ვინმე გაცდეს გუგლის სისტემის პირველ გვერდს. ეს კი კომპანიებს აიძულებს დიდი თანხები დახარჯონ ამ გვერდზე მოსახვედრად.

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა რობერტ ეპშტეინმა და რონალდ რობერტსონმა სცადეს გაერკვიათ, შეუძლიათ თუ არა საძიებო სისტემებს გავლენის მოხდენა საარჩევნო კამპანიაზე.[10] 2013 წლიდან მოყოლებული ისინი ატარებდნენ ექსპერიმენტს, რომელშიც ასიდან ორი ათასამდე ამერიკელი მონაწილეობდა. მათ უნდა აერჩიათ ორიდან ერთი კანდიდატი და ამ კანდიდატების შესახებ 15 წუთის განმავლობაში მოეპოვებინათ ინფორმაცია (ობიექტურობისთვის გამოიყენებოდა რეალური კანდიდატები – 2010 წლის ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მონაწილეები). სპეციალურად შედგენილი საძიებო სისტემა პირველ ჯგუფს აძლევდა ისეთ სიახლეებს, სადაც წინა პლანზე წამოწეული იყო პოზიტიური მასალები ერთ-ერთ კანდიდატზე. მეორე ჯგუფს ეძლეოდა დადებითი ინფორმაცია მის კონკურენტზე. მესამე, საკონტროლო ჯგუფი იღებდა შერეულ შედეგებს. საბოლოოდ პირველი ორი ჯგუფი მუდმივად ირჩევდა იმ კანდიდატს, რომლის სასარგებლო აგიტაციასაც ეწეოდა საძიებო სისტემა.

მოგვიანებით იგივე ცდა გაიმეორეს ინდოეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების წინ. 2150 ადამიანს 35 შტატიდან მიაწოდეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრობის სამ ძირითად კანდიდატზე (რომელიც უმრავლესობით მოსული პარტიის ლიდერი ხდება). ექსპერიმენტის მონაწილეთა დამოკიდებულება 20%-ით (ხოლო ზოგიერთ დემოგრაფიულ ჯგუფში 60%-ით) გადაიხარა იმ კანდიდატისკენ, რომელსაც მხარს უჭერდა საძიებო სისტემა. ამასთან 99,5%-ს წარმოდგენა არ ქონდა მანიპულაციებზე. ხოლო იმ მცირე ნაწილს, რომელმაც იცოდა ამის შესახებ, ამ ინფორმაციამ ხელი არ შეუშალა იმ კანდიდატის სასარგებლოდ გაეკეთებინათ არჩევანი, რომელსაც საძიებო სისტემა სთავაზობდა.

„ტვიტერ-რევოლუციების“ და ახალი ტექნოლოგიების განმათავისუფლებელი პოტენციალის განხილვისას ვერ შევამჩნიეთ, როგორ აღმოვჩნდით ინტერნეტ-კორპორაციების ხელში, რომლებიც ჩვენთვის ციფრულ პანოპტიკონს აგებენ. ამ ციხეში აუცილებელი არ არის ერთ ადგილას იმყოფებოდე და არც ვინმე გრძნობს გუშაგის მზერას. მთავარი ახალ საზოგადოებაში ტოტალური კონტროლია – ქსელში მუდმივი ყოფნა.

კულტურის ინდუსტრია, როგორადაც მას ადორნო და ჰორკჰაიმერი წარმოიდგენდნენ, დიდწილად დამოკიდებული იყო წარმოების სხვა სფეროებზე და სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემსახურებოდნენ. ამ სფეროს დღევანდელი მოთამაშეები კი მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის საშუალებით დიდ ძალაუფლებას ფლობენ. მათ შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ მომხმარებელთა გონებასა და ქცევაზე. ეს ზემოქმედება კი უხილავია და არსად არ რეგისტრირდება.

„სანამ ეს ტაქტიკები შესამჩნევი იყო, ჩვენ მათ ვაფასებდით, ვუპირისპირდებოდით და დავცინოდით კიდეც. ახლა საქმე სხვაგვარად არის, ყოველ შემთხვევაში ონლაინ-სერვისებთან მიმართებით. კომპანიებს შეუძლიათ გააკონტროლონ პირადი მიმოწერა და სხვა პერსონალური თუ ინტიმური ინფორმაცია და მათი საშუალებით ჩვენი მანიპულირება მოახდინონ. ჩვენ ერთგვარ შავ ყუთში ვიმყოფებით“ – წერს ნიკოლას კარი.[11]

რა თქმა უნდა, დღევანდელ ინტერნეტ-გიგანტებს საკუთარი წინამორბედები ყავდათ. გავიხსენოთ, დიდი კომპანიები როგორ ახვევდნენ მომხმარებელს თავს საკუთარ პროდუქციას რეკლამაში 25-ე კადრის გამოყენებით. საბოლოოდ ეს აიკრძალა. თუმცა, იქნება თუ არა მსგავსი აკრძალვა ეფექტური Google-ის ან Facebook-ის წინააღმდეგ? შევძლებთ თუ არა ჩვენ კორპორაციების და ალგორითმების გაკონტროლებას?

გამოყენებული ლიტერატურა

[1]http://syg.ma/@andrushkins/pietier-slotierdaik-i-gans-iurghien-khainrikhs-solntsie-i-smiert-dialoghichieskiie-issliedovaniia

[2] http://netgazeti.ge/news/136844/

[3] http://www.colta.ru/articles/science/7233

[4]http://gizmodo.com/former-facebook-workers-we-routinely-suppressed-conser-1775461006

[5]https://www.okcupid.com/

[6]http://www.nytimes.com/2016/06/23/us/backlash-in-wisconsin-against-using-data-to-foretell-defendants-futures.html?_r=2&module=ArrowsNav&contentCollection=U.S.&action=keypress&region=FixedLeft&pgtype=article

[7]http://www.eurozine.com/articles/2016-02-02-manovich-en.html

[8] https://newrepublic.com/article/117878/information-fiduciary-solution-facebook-digital-gerrymandering

[9] http://www.theatlantic.com/technology/archive/2016/06/did-facebook-spike-uk-voter-registration/485843/

[10] https://aeon.co/essays/how-the-internet-flips-elections-and-alters-our-thoughts

[11] https://lareviewofbooks.org/article/manipulators-facebooks-social-engineering-project


– რევაზ ქოიავა ფლობს ილიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებებში. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთისმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. მისი ინტერესის სფეროებია რუსულ-ქართული ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტები, ნაციონალიზმი და იდენტობის საკითხები, ისტორიული სოციოლოგია, ხელოვნების თეორიები. 2016 წლიდან მუშაობს „კავკასიურ სახლში“, სადაც ჩართულია პროექტში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ