რელიგიური, საბაზრო და სეკულარული ფუნდამენტალიზმი, როგორც თანამედროვე კაპიტალიზმის კულტურული ლოგიკა

ბიბაღნიშნული წერილი წარმოადგენს 2014 წლის 28 თებერვალს საქართველო ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩემს მიერ გაკეთებული მოხსენების ტრანსკრიპტს.

ლექცია ეხება ჩვენს სოციალურ სინამდვილეში დომინანტური იდეოლოგიის კრიტიკულ ანალიზს.

მოხსენების პირველი ნაწილი ეყრდნობა სლოვენიელი ფილოსოფოსის, სლავოი ჟიჟეკის ინტერპრეტაციას არსებული ობიექტური სინამდვილის გასააზრებლად კრიტიკული იდეოლოგიის აუცილებლობის შესახებ.

მოხსენების მეორე ნაწილში საუბარია გერმანელი სოციოლოგისა და ფილოსოფოსის, ფრანკფურტის კრიტიკული სოციალური თეორიის სკოლის ინტელექტუალის იურგენ ჰაბერმასის პოსტსეკურალისეული საზოგადოების შესახებ.

მესამე ნაწილი ეფუძნება სოციოლოგიური პერსპექტივიდან დანახული არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობების ანალიზს, რის დროსაც თანამედროვე მოდერნისტი თეორეტიკოსების შეხედულებებს ვეყრდნობი მოდერნიზაციისა და სეკულარიზაციის ურთიერთმიმართების შესაფასებლად.

მოხსენების ბოლო ნაწილი ეხება პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის შინაარსის გაგებას, პოლიტიკის ბუნების შეფასებასა და კრიტიკას.

© European.ge

იმისთვის, რათა გარემომცველი სინამდვილე ისე როგორც ის არის კარგად გავიაზროთ, მას უნდა შევხედოთ კრიტიკული იდეოლოგიის თვალსაწიერიდან. ამისთვის საჭიროა აღიჭურვო განსაკუთრებული „ხედვით“, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ საზოგადოებრივი ინტერაქციის ჭეშმარიტი არსი და თავი დავაღწიოთ დომინანტური იდეოლოგიის ჰეგემონიით მუდმივად კვლავწარმოებულ იმპულსებს, რომლის მიზანია ერთადერთი რამ – მანიპულაცია. სწორედ ეს განაპირობებს ადამიანის საზოგადოებისგან გაუცხოებას.

მინდა გავიხსენო ამერიკელი კინემატოგრაფის ჯონ კარპენტერის ფილმი „ისინი ცხოვრობენ“ (1988), რომელიც შექმნილია ამერიკელი სამეცნიერო ბელეტრისტიკის ავტორის, რეი ნელსონის მოთხრობის – „დილის რვა საათი“ – მიხედვით. ფილმის, ისევე როგორც ამ მოთხრობის ქვეტექსტებიც არსებული დომინანტური საზოგადოებრივი წესრიგის გააზრებაზე, მის კრიტიკაზე და სწორედ იმ სისტემის მიერ მუდმივად კვლავწარმოებული იმპულსების აღმოჩენაზეა, რომელიც ჩვენ გვაუცხოებს საზოგადოებიდან.

მიუხედავად ფილმი „უცხოებზე“ (aliens) გვიყვება, სინამდვილეში ჩანს, რომ ეს „უცხო“ ადამიანები საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ და სხვადასხვა ფორმებითა და მეთოდებით ახერხებენ მართვადი ცნობიერების დამკვიდრებას. ფილმის მთავარი პერსონაჟი ნადა, ქუჩაში ხეტიალისას, რათა იპოვოს ღამის გასათევი თავშესაფარი, ერთ-ერთი ეკლესიით დაინტერესდება, რომლის კედელზეც აღმოაჩენს წარწერას: „ისინი ცხოვრობენ, ჩვენ კი გვძინავს“. ფილმში ეს ეკლესია აღმოჩნდება დომინანტურ კლასთან, რომელიც სასტიკი მეთოდებით უპირისპირდება ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, დაპირისპირებულ მეამბოხეთა ორგანიზაციის ფარული სივრცე, სწორედ ამ დროს იპოვის ეკლესიაში ნადა ყუთს, რომელშიც აღმოჩნდება შავი მზის სათვალე და მისი გაკეთების შემდეგ, მას შეუძლია დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიც ის არის. ქუჩაში ამ სათვალით სიარულისას, ის ადვილად ამჩნევს და კითხულობს სარეკლამო ბილბორდებზე არსებულ დაფარულ, უხილავ წარწერებს – „დაემორჩილე“, წარწერას ფულზე – „ეს შენი ღმერთია“ და ასე შემდეგ. ის ასევე ადვილად ამჩნევს და ამოიცნობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც დომინანტური წესრიგის ხელის ბიჭებად იქცნენ. ფილმში, ეს სათვალე ეხმარება მეამბოხეთა ჯგუფს აღმოაჩინოს, რომ კონტროლის მეთოდის სიგნალი ტელევიზიით მოედინება. სწორედ ესაა მთავარი ინსტრუმენტი დომინანტური ელიტისათვის აუხვიოს მასას თვალი დაინახოს რეალური სოციალური სინამდვილე მათ გარშემო. საბოლოო ბრძოლისას ისინი ახერხებენ სატელევიზიო გადამცემი ანტენის განადგურებას, რაც აძლევს დანარჩენ ადამიანებს, მასას, შესაძლებლობას ადვილად აღმოაჩინონ მათ რიგებში მყოფი „უცხოები“.

თითქოს აღნიშნული ფილმი მარტივ, სპეცეფექტებზე აგებულ ჰოლივიდურ sci-fi სანახაობას წარმოადგენს, თუმცა ალბათ დაკვირვებულ მაყურებელს სრულიად სერიოზულ და მნიშვნელოვან თემებზე დააფიქრებს. ჩვენს სინამდვილეში, სწორედ ასეთი თემა შეიძლება იყოს – თანამედროვე კაპიტალიზმის კულტურული იდენტობის საკითხი, რომელიც მუდმივ კვლავწარმოებას უკეთებს ზემოხსენებულ იმპულსებს.

ფილმში ნაჩვენები სათვალე წარმოადგენს კრიტიკულ-იდეოლოგიურ სათვალეს, რომელიც ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ჟიჟეკისეული ინტერპრეტაციით რომ ვიმსჯელოთ, კრიტიკული იდეოლოგიის სათვალით რეალობის შეფასება „ბატონის დისკურსიდან“ თავის დაღწევაში გვეხმარება, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ გარკვეული აზრების, იდეების, უაპელაციოდ გამოცხადებული ჭეშმარიტებების დიქტატურის შესაძლებლობა თანამედროვე კაპიტალისტურ დემოკრატიებში. ფილმში ასახული „უცხოების“ როლს, სწორედ დომინანტური იდეოლოგიური ფორმა ახორციელებს თავისსავე იმპულსებით, რომელსაც წარმატებით იჭერენ და ავრცობენ მანიპულირებული ადამიანები საზოგადოებაში. ნებისმიერი გამოცემის წინა გვერდებზე ასახული ჰედლაინები, რომელთა ფუნქცია მოქალაქეთა ინფორმირებაა, შეფარულ და ჩვენთვის უხილავ ბრმა მითითებებს გვკარნახობს.

ისინი გვაიძულებენ გავაკეთოთ არჩევანი ლიბერალურ დემოკრატიასა და ფუნდამენტალიზმს შორის. ამ ჰედლაინების უკან შეფარულ იმპულსებში მთავარი ის კი არაა, რომელი უკეთესია ამ ორიდან, არამედ მთავარი ისაა, რომ მხოლოდ ორი არჩევანია, და ამ ორიდან უკეთესს, შევხედოთ, როგორც ერთადერთს, უაპელაციო ალტერნატივას. რაც უკვე თავისივე არსით იგნორს უკეთებს მესამე, მეოთხე და სხვა შესაძლო ალტერნატივებზე ფიქრის დაშვებას. ამგვარი ფარული იდეოლოგიური მითითებანი, სწორედ ეკონომიკური და კულტურული ელიტებიდან წამოსულ იმპულსებში იჩენს თავს. სწორედ ამგვარი ურთიერთობა, ხილულსა და არახილულს შორის, საფუძვლად უდევს თანამედროვე კონსიუმერულ ანუ მომხმარებლურ საზოგადოებას – რაც წარმოადგენს სწორედ მოხსენების სათაურის მეორე ნაწილში ნახსენებ “თანამედროვე კაპიტალიზმის კულტურული იდენტობის” საფუძველს. ჟიჟეკისეული ინტერპრეტაციით, ეს საფუძვლად უდევს „უნივერსიტეტის დისკურსის“ ფუნქციონირებას, რომელშიც ადამიანებს ფარული მითითებანით უაპელაციო ჭეშმარიტებებზე მიანიშნებენ.

საინტერესოა ერთი ამერიკული ანდაზა, რომლის მიხედვით, თუ ორ, შინაარსობრივად ერთმანეთთან დაპირისპირებულ წინადადებას აკავშირებს კავშირი „მაგრამ“, ფრაზის წარმოთქმისას პირველი წინადადების შინაარსი უკვე უგულვებელყოფილია.

ჩვენს მიერ ზემოხსენებულ ფილმში, მთავარი პერსონაჟის, ნადას მიერ განვითარებული დიალოგი მის მეგობართან, ერთგვარად გასაგებს ხდის ჟიჟეკისეულ თეზას „ყალბი ცნობიერების“ შესახებ, რომელიც დომინანტური იდელოგიის იმპულსებით კვლავწარმოებულ საზოგადოებრივ კონფლიქტებზე რეფლექსიისას გვევლინება: ნადა სთხოვს მის მეგობარს გაიკეთოს სათვალე, რათა დაინახოს სინამდვილე ან კვლავაც განაგრძოს ინფორმაციული ნაგვით კვება. შეგვიძლია დავსვათ კითხვა თუ რატომ არ თანხმდება მეგობარი ნადას სათვალის გაკეთებაზე, თუნდაც რომ მეგობრის თხოვნა დააკმაყოფილოს? ერთადერთი ახსნა ამ ქმედების, არის ის, რომ მისი აზრით, ნადას სურს მან დაინახოს რაღაც საშიში, რომლის შეცნობაც მას მიაღებინებს აკრძალულ ინფორმაციას, რომელიც მის მშვიდობიან ყოველდღიურ კონფორმულობას დაარღვევს.

სწორედ ამ კონფორმულობისგან გათავისუფლების გააზრებაზე, ანუ ყოველგვარი იმისგან, რაც ადამიანს ამონებს, არის აგებული ფრანკფურტის სკოლის ნაშრომები, რომელთაგან გამოვყოფდი მაქს ჰორკჰაიმერისა და თეოდორ ადორნოს ერთობლივ ნამუშევარს – „განმანათლებლობის დიალექტიკას“ (1944), სადაც ერთ-ერთ ქვეთავში „კულტურის ინდუსტრიის“ კრიტიკისას, საუბარია კაპიტალისტურ საზოგადოებებში მომხმარებლური ეთიკის ფორმირებაზე დაფუძნებული მასკულტურის შეფასებაზე, რომელსაც ავტორები უწოდებენ ქარხნის მიერ წარმოებულ სტანდარტიზებული, კულტურული მოხმარების საგანთა კანს – ესაა უალტერნატივო ფარული იმპულსების და მესიჯების გადმომცემი კულტურული პროდუქტები, როგორიცაა ფილმები, რადიო პროგრამები, გამოცემები, რომლითაც დომინანტური იდეოლოგია ცდილობს პოლიტ-ტექნოლოგიური საშუალებებით მანიპულაციას.

ჰორკჰაიმერი და ადორნო ერთგვარ შედარებით ანალიზს ახდენენ ფაშისტური გერმანიის ფილმის ინდუსტრიასა და ამერიკული ჰოლივუდის ინდუსტრიას შორის, სადაც ერთნაირად ხდება ექსკლუზიური ინსტიტუტების მიერ მასისთვის კულტურის წარმოება და მათი განვრცობა საზოგადოებაში. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ზემოდან საზოგადოების ინტეგრირების ლოგიკაზე.

რომ დავუბრუნდეთ ზემოხსენებულ დიალოგს ფილმიდან, ჟიჟეკის აზრით, დომინანტური იდეოლოგიიდან საკუთარი თავის გათავისუფლება ვერ მოხდება სპონტანური, სტიქიური აქტით, არამედ ეს შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავის აღმოჩენის გზით, გაიაზრო არსებული წესრიგი და აღმოაჩინო შენი მიმართება მასთან. ფილმიდან რასაც ვსწავლობთ არის ის, რომ საკუთარი “მეს” პოვნა მხოლოდ კრიტიკულ-იდეოლოგიური სათვალის მორგებაა. ამერიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსველდის ტერმინი რომ ვისესხოთ, დომინანტური იდეოლოგიისგან წამოსული ფარული იმპულსები არის სწორედ „unknown knowns”, (როგორც იცით ეს ტერმინი მან 2002 წ. თებერვალში გამოიყენა ბრიფინგისას ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მტკიცებულებები იმისა რომ ერაყის მთავრობა ტერორისტებს აწვდიდა მასიური განადგურების იარაღს საკმარისად დაზუსტებული არ იყო.)

თანამედროვე საზოგადოებებში, რომელიც ეფუძნება ლიბერალური დემოკრატიის ლოგიკას, რომელმაც ბოლო რამდენიმე ათწლეულში ნეოლიბერალური წესრიგის ფორმა მიიღო, რელიგიური და ეთნიკური ფუნდამენტალიზმის ტენდენციების ზრდა გამოხატავს ამ ჯგუფების მხრიდან ამგვარი წინააღმდეგობრივი ფორმით რეაგირებას სწორედ ზემოხსენებულ იმპულსებზე. ეს გახლავთ რეაქცია თანამედროვე პოსტმოდენულ რეგულაციებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში თითქოსდა მხარს უჭერენ თავისუფლებებს ლიბერალურ საზოგადოებებში. თუმცა საინტერესოა ასევე ის, რომ მათი მხრიდან მხარდაჭერილი ეკონომიკური და სოციალური წესრიგი შესაძლებელს ხდის ერთგვარი „არისტოკრატიის“ ფენის არსებობას დემოკრატიაში. არსებულ სოციალურ სინამდვილეში ამგვარი მანიპულაციებით ხდება მხოლოდ ორი დიქოტომიის დაშვება: ან ფუნდამენტალიზმის მხარდამჭერი გამოდიხარ ან უნდა აირჩიო ტოლერანტობა. ეს არის ყალბი დაპირისპირება, ეს არის ყალბი არჩევანიაუცილებლად გამოჩნდებიან „უცხოები“ (aliens), რომლებიც ტელევიზიებში, რადიოებსა და ჟურნალ გაზეთებში ხმამაღლა, ისტერიულად და პათეტიკურად გაჰკივიან: გინდა იცხოვრო ისეთ საზოგადოებაში, სადაც იმის გამო რომ დომინანტურ რელიგიას ან ეთნოსს აკრიტიკებ, სასტიკად გაგისწორდებიან?“, „გინდა იცხოვრო ისეთ საზოგადოებაში სადაც შენი განსხვავებული სექსუალური, რელიგიური, ეთნიკური მიკუთვნებულობათა გამო სასტიკად გისწორდებიან?”

ამაზე მხოლოდ ერთადერთი სწორი პასუხი არსებობს: „არა, არ მინდა.“ მაგრამ საქმე იმაშია, რომ არსებული ლიბერალური იდეოლოგიის ფორმა არ იძლევა საშუალებას დაისვას სწორი კითხვები, რაც რეალურად გაანალიზებდა საფუძვლებს არსებული ფუნდამენტალისტური დამოკიდებულებების გასაგებად. თავად ზემოხსენებული კითხვები არის ყალბი და პათეტიური, რადგან არსებული სინამდვილის შესაცვლელად ლიბერალური ტოლერანტობის არჩევის შესაძლებლობა არ გამოდგება. ფუნდამენტალისტური ჯგუფების რეაქცია დომინანტური იდეოლოგიის იმპულსებზე, არის რეაქცია კრიტიკული იდეოლოგიის სათვალის გარეშე. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათი განცდა დაჩაგრულობის არის სწორი, მაგრამ არასწორად კონსტრუირებული, რადგან დაჩაგრულობის მიზეზი, არა ვინმე სხვისი კულტურული იდენტობაა, არამედ სრულიად სხვა რამ. თუმცაღა, მანიპულატორული სივრცე არ აძლევს მათ საშუალებას სწორი მიმართულებებით ეძიონ პასუხები.

მოსწრებულად აქვს ნათქვამი გამოჩენილ ებრაელ პოეტს პოლ კელანს ბრეხტის პერეფრაზისას:

“რა დრონი დადგა

როცა საუბარი უკვე

დანაშაულად აღიქმება

რადგან ის შეიცავს

უამრავ დაფარულ ნათქვამს“

ჟიჟეკი თავის ესეში – „ტოლერანტობა, როგორც იდეოლოგიური კატეგორია“ (2007), საუბრობს პოლიტიკის კულტურიზაციის შესახებ და სვამს შემდეგ კითხვებს თუ რატომ ხდება პოლიტიკურ დისკურსში დღეს არსებული პრობლემების გასაღება როგორც შედეგი არატოლერანტურობის და არა, როგორც შედეგი სოციალური უთანასწორობის, ეკონომიკური ექსპლუატაციის და სოციალური უსამართლობის. რატომ არის შემოთავაზებული ლიბერალური ტოლერანტობა სამკურნალო წამალი (ანუ გაქვს უფლება გეზიზღებოდეს, ოღონდ არ თქვა რომ გეზიზღება), და არა ემანსიპაცია? ზოგადი პასუხი ამ ყველაფერზე არის სწორედ ლიბერალური მულტიკულტურალისტური იდეოლოგიური ოპერაცია: ანუ პოლიტიკის კულტურიზაცია.

პოლიტიკური განსხვავებების, ან იმ პრობლემების, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური უთანასწორობით, სოციალური უთანასწორობით, ეკონომიკური ჩაგვრით (და ვისაც ეკონომიკურ ჩაგვრაზე ეცინება, ჩავიდეს კაზრეთში, ჭიათურის მაღაროში ან სხვა რომელიმე ქართულ საწარმოში) ანუ პრობლემები, რომელიც არის რეალური, განეიტრალებულია კულტურულ განსხვავებებზე ყურადღების გადატანით. კულტურული განსხვავებულობების გაქრობა შეუძლებელია, რადგან ეს სოციუმის მუდმივი მოცემულობაა, შესაბამისად ვალტერ ბენიამინს რომ დავესესხოთ – პასუხი „პოლიტიკის კულტურიზაციიდან“ „კულტურის პოლიტიზაციის“ დისკურსშია. ვფიქრობ ერთგვარი გამოსავალია როცა არ გინდა მასა დაფიქრდეს საყოველთაო კეთილდღეობის სისტემების არარსებობაზე და ეჭქვეშ დააყენოს ელიტის ეკონომიკური დომინაცია. შესაბამიასად, გამოდის რომ ლიბერალური ტოლერანტობის იდეა წარმოადგენს ერთგვარ პოსტ-პოლიტიკურ შემცვლელს „პოლიტიკურისა“, რომლისთვისაც მეინსტრიმ დისკურსში კულტურული განსხვავებულობების კონფლიქტურ ფორმაში მუდმივი კვლავწარმოება არის მექანიზმი რეალური პოლიტიკური პრობლემებისა და თემების გადაფარვისა (ეს თემებია სოციალური უთანასწორობა, სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრა და ა.შ.). მიზეზი ასეთი წესრიგისა, არის საჯარო სივრცის დეპოლიტიზაცია და უკიდურესი ტექნოკრატიზაცია.

კულტურის პოლიტიზაციას, ანუ ეკონომიკურის კულტუროლოგიური კატეგორიებით ჩანაცვლებას, ირონიულად შეგვიძლია დავარქვათ ჩვენი დროის ჰანტიგტონისეული დაავადება“. როგორც ჰანტიგტონი ამბობდა, ცივი ომის დასრულების შემდგომ, „იდეოლოგიის რკინის ფარდა“ „კულტურის ხავერდოვანმა ფარდამ ჩაანაცვლა.“ რადგანაც კულტურული განსხვავებულობები მუდმივად განსხვავებულია, მათი მანიპულირებით მუდმივად დეტერმინირდება ფუნდამენტალისტური განწყობები, რაც სოციალურ სინამდვილეში რეალურად არსებულ საზოგადოებრივ კონფლიქტებს, არასდროს გაუკეთებს არტიკულირებას. მუდმივად მისცემს საშუალებას ჩვენს მიერ ხსენებულ ფილმში არსებულ „უცხოებს მუდმივად დასვან პათეტიკური კითხვები მეინსტრიმ სატელევიზიო, რადიო თოქშოუებსა და ჟურნალ გაზეთების ფურცლებზე: შენ რა, არატოლერანტური ხარ უცხოელების, ფემინისტების მიმართ?“

რა თქმა უნდა, მე წინააღმდეგი ვარ რასიზმის, ჰომოფობიის, ქსენოფობიის, ფაშიზმის, მაგრამ მე აბსოლუტურად ვუთანაგრძნობ სოციალურად, ეკონომიკურად დაჩაგრულ და პოლიტიკის კეთებაში თანამონაწილეობიდან გარიყულ ადამიანებს, რომლებიც დომინანტური იდეოლოგიის იმპულსების შედეგად მარტივად შეიძლება იქნენ განწირული ეთნიკური, რელიგიური ფუნდამენტალიზმისთვის ანუ რაც შემდგომში ნამდვილად ნოყიერ ნიადაგს მოამზადებს ფაშისტური და რელიგიური ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ჯგუფებისთვის სამომავლო ელექტორატის შესაქმნელად.

დომინანტური იდეოლოგიის ფორმა აწარმოებს ერთგვარ სოციო-პოლიტიკური დისკურსის ნაგავს, ანუ იდეებს, რაც აპრიორი ცუდია და კარგად გამოსაყენებელი სატელევიზიო თოქშოუებში ფსევდომორალური პოზიციების დასაკავებლად. ეს ნაგავი იწარმოება ზუსტად იმ რაოდენობით, რამდენის კონტროლიც შესაძლებელია მეინსტრიმ დისკურსის მუდმივი კვლავწარმოებისთვის. გერმანული ფაშიზმისთვის ნოყიერი ნიადაგი, სწორედ 20-იანი წლების ბოლოს „დიდი დეპრესიის“ პერიოდში დიდი ეკონომიკური კრიზისის გამო შეიქმნა. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სისტემებში ეთნიკური და რელიგიური ფუნდამენტალიზმის პრობლემა არ დგას მთავარ პოლიტიკურ დღისწესრიგში. საყოველთაო კეთილდღეობის სისტემების შექმნაზე ფიქრი არ გულისხმობს „კუჭის ამოვსებაზე“ მუდმივ ხაზგასმას. ეკონომიკური კატეგორიის მნიშვნელობის ხაზგასმა სულაც არ დადის „ხალხს შია“ ცინიკურ ლოზუნგამდე, როგორც ჩვენთან აქციეს ფსევდოლიბერალებმა.

ნობელის პრემიის ლაურეატი ინდოელი დეველოპმენტალისტი ეკონომისტი ამარტია სენი თავის წიგნში „განვითარება, როგორც თავისუფლება“ (1999), ხაზს უსვამს იმას, რომ სიღარიბე, ეს მხოლოდ დაბალ შემოსავალს არ ნიშნავს, სიღარიბე ეს არის ყველაფერი ის, რასაც ის იწვევს საზოგადოებაში – ესაა სოციალური აპათია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება და როდესაც ასეთი ადამიანი ჩართავს ტელევიზორს ან რადიოს, სადაც არა მათი რეალური ყოველდღიური პრობლემების ანალიზი, არამედ ისევ ვალტერ ბენიამინისეულად რომ ვთქვათ, კულტურული განსხვავებულობების პოლიტიზაცია ხდება მუდმივად, მუდმივი საუბარი იმაზე, რაც არ ექვემდებარება არჩევანს და ბუნებრივად დეტერმინირებულია (მაგალითად ეთნიკური, ეროვნული, სექსუალური ორიენტაცია), ის განიცდის ფრუსტრაციას, იდენტობის კრიზისს და ბუნებრივია განწირულია ფუნდამენტალიზმისთვის.

ტელევიზიებში მოსაუბრე ეს „უცხოები“ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა კრიტიკული იდეოლოგიის სათვალით არ დაინახონ ამ ადამიანებმა რეალობა და საკუთარი პრობლემების მიზეზები არა კულტურულად კონსტრუირებულ განსხვავებულობებს, არამედ ეკონომიკურ ჩაგვრას და სოციალურ აპათიას დააბრალონ. ადამიანებს ხელი ეშლება გაითავისონ, რომ თავიანთი უბედურების მიზეზი სხვისი ეთნიკური და რელიგიური მიკუთვნებულობა კი არა, ზემოხსენებული მიზეზებია.

ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი ემილ დიურკემი (1858-1917) შრომის დანაწილებით შეცვლილი სოციალური საფუძვლების ანალიზისას ამტკიცებდა, რომ თანამედროვე საზოგადოებებში ცვლილებების პროცესები ისეთი სწრაფი და ინტესიურია, რომ უფრო მეტ სოციალურ სიძნელეებს წარმოქნის, რასაც ის ანომიას უკავშირებს ანუ მიზნის უქონლობისა და უიმედობის შეგრძნებებს, რაც თანამედროვე სოციალური ცხოვრებით არის გამოწვეული. ტრადიციული მორალური კონტროლი და სტანდარტები, რასაც ჩვეულებრივ, რელიგია ახორციელებდა, თანამედროვე სოციალური პირობების გამო თითქმის მთლიანად დაირღვა და ბევრ ადამიანს თანამედროვე საზოგადოებაში გაუჩინა შეგრძნება, რომ მათი ყოველღიური ცხოვრება აზრს მოკლებულია.

 

იურგენ ჰაბერმასისეულიპოსტ-სეკულარული საზოგადოებისმახასიათებლები

თანამედროვე გლობალური ცვლილებების პირობებში საკმაოდ აქტუალური და ლეგიტიმურია ასევე დავფიქრდეთ რელიგის ფაქტორზე არსებულ საზოგადოებრივ კონფლიქტებთან მიმართებაში.

დღესდღეობით მხოლოდ ცოტა სოციოლოგიღა იზიარებს ჰიპოთეზას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უაპელაციო ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, რომ არსებობს ძალიან ახლო პირდაპირი კავშირი საზოგადოების მოდერნიზაციასა და მოსახლეობის სეკულარიზაციას შორის. არსებული ჰიპოთეზა პრინციპში შემდეგ დამაჯარებელ და რაციონალურ არგუმენტებს ეფუძვნება:

  1. ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან განათლებული გონება უკვე რთულად მანიპულირებადია თეოცენტრული და მეტაფიზიკური მსოფლმხედველობებით.
  2. სოციალური სუბსისტემების დიფერენციაციის ფუნქციონირებამ, დააკარგვინა ეკლესიურ ინსტიტუციებს კონტროლი კანონზე, პოლიტიკაზე, საჯარო დოვლათზე, განათლებასა და მეცნიერებაზე.
  3. აგრარული საზოგადოებიდან ინდუსტრიულ საზოგადოებაში და ინდუსტრიული საზოგადოებიდან პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში გადასვლამ ხელი შეუწყო უფრო მეტი კეთილდღეობის შექმნის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ განაპირობებს მეტ სოციალურ უსართხოებას. შესაბამისად, ცხოვრებისეული რისკების შემცირებამ, თავისთავად ხელი შეუწყო ადამიანთა ეკლესიურობის შემცირებას.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, თანამედროვეობის ერთი-ერთი სერიოზული რელიგიის სოციოლოგი ხოსე კასანოვა მიიჩნევს, რომ მიუხედავად სოციო-პოლიტიკური ფუნქციების დაკარგვისა და გლობალურად მიმდინარე ინდივიდუალიზაციის პროცესისა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რელიგია კარგავს თავის გავლენას, როგორც პოლიტიკურ არენაზე, ასევე საზოგადოების კულტურულ თუ პერსონალური იდენტობის ჩამოყალიბებაზე. როგორც ჰაბერმასი აყალიბებს საკუთარ მოხსენაბაში 2009 წელს, დღევანდელი ევროპის საჯარო ღირებულებები „პოსტ-სეკულარული საზოგადოების“ ღირებულებებია, რაც გულისხმობს ძლიერ სეკულარიზებულ საზოგადოებაში რელიგიური ჯგუფების შემწყნარებლობას. დღეს, მისი აზრით, რელიგია არა გლობალურად, არამედ ნაციონალურ დონეებზე ახდენს გავლენის ზრდას, სწორედ იმ ფუნქციის წყალობით, რაც სოციალური სუბსისტემების შექმნით დარჩა – ისინი გახდნენ „ინტერპრეტაციის საზოგადოებები“ სეკულარულ საჯარო სივრცეში, რითაც შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის შეცვლა. ეს მითუმეტეს უფრო სწრაფად ხდება, როდესაც საზოგადოება ღირებულებრივ დონეებზე მრავალფეროვანია. ამის მთავარ ფაქტორს დღეს მიგრაციის ზრდა და ეკონომიკური კატეგორია განაპირობებს გლობალიზებული შრომის ბაზრით, სოციალური უთანასწორობით. მაგრამ ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ. მთავარი რაც ჰაბერმასის მოხსენებაში იყო ხაზგასმული არის სეკულარიზაციის არსის გაგება.

სახელმწიფოს სეკულარიზაცია გახლდათ შესაბამისი პასუხი ადრეული მოდერნული ხანის რელიგიური ხასიათის ომებზე, და სახელმწიფოსა და რელიგიის განცალკევება უკვე თითოეული სახელმწიფოს შიგნით საკანონმდებლო რეგულაციებით განხორციელდა. სახელმწიფოს უფრო და უფრო სეკულარიზაციასთან ერთად უკვე რელიგიური უმცირესობებიც (მხოლოდ ტოლერანტული ჯგუფები) უფრო და უფრო მეტ უფლებებს იღებდნენ – თავიდან რელიგიური რიტუალების ჩატარებას საკუთარ სახლებსა და სივრცეებში, შემდგომ კი რელიგიური რწმენების საჯაროდ გამოხატვის უფლებაც მიენიჭათ, საბოლოოდ კი თანასწორად მიეცათ უფლება საჯარო სივრცეში რელიგიური შეხედულებების დემონსტრირების. როგორც ჰოლანდიელი მწერალი მარგარეტ დე მინორი წერს, ტოლერანტობა ხშირად ასოცირდება პატივისცემასთან, თუმცა ტოლერანტობის იდეის საფუძვლები ჯერ კიდევ მე-16, მე-17 საუკუნეებში უნდა ვეძებოთ, როდესაც ის არა პატივისცემის ცნებას, არამედ საპირისპორო იდეას ეფუძნებოდა. თუმცა მთავარი კითხვა რაც ალბათ უნდა დავსვათ არის ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ტოლერანტობის იდეის განხორციელება სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების გარეშე? ერთი მხრივ, ლიბერალური სახელმწიფო ახდენს კანონის დონეზე გარანტირებას ყველა რელიგიური უმცირესობის უფლების, მაგრამ მეორე მხრივ, იხსნის პასუხისმგებლობას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უარყოფს საზოგადოებრივი ემანსიპაციის შესაძლებლობას, რადგანაც ეკონომიკურ დისკურსში სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი უგულვებელყოფილია.

თანამედროვე ლიბერალური სეკულარისტული პოზიციები არ ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ რელიგიურ მოქალაქეებს და ჯგუფებს კვლავაც შეუძლიათ პოლიტიკური დისკურსის პოზიტიურად კონტრიბუცია სეკულარ საზოგადოებებში, ვთქვათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში.

 

პოსტსაბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციის პროცესის კრიტიკა და მოდერნისტი თეორეტიკოსები

ჩვენს სივრცეში მოხსენების სათაურში აღნიშნული საკითხების ანალიზი, შეუძლებელია საბჭოთა კავშირის შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის მახასიათებლების შესწავლის გარეშე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფუნდამენტალისტური ჯგუფების ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული დემოკრატიის დეფიციტთან. ადამიანები ვერ ახერხებენ სოციო-პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობას, შესაბამისად ხდება მათი გაუცხოებაც საზოგადოებიდან.

ამერიკელი პოლიტიკური სოციოლოგი, მოდერნიზაციის თეორეტიკოსი სეიმურ მარტინ ლიპსეტის მიხედვით, სოციო-ეკონომიკური მოდერნიზაცია ხელს უწყობს საშუალო კლასის ზრდას, რომლის ღირებულებები არსებითად პროდემოკრატიულია, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების რეალურ სოციალურ საყრდენს. სხვა შემთხვევაში კომპაქტური, მჭიდრო სამოქალაქო საზოგადოების ზრდა, აუცილებლად არ ნიშნავს დემოკრატიულობის გაზრდას, რადგან თუ საშუალო კლასი სუსტია, მცირე ეკონომიკური ბერკეტები აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს დომინანტური ჯგუფების ძალაუფლების შენარჩუნებას. ამდენად, მნიშვნელოვანია არა თავისთავად სამოქალაქო საზოგადოების ზრდა, არამედ მისი მიმართება სოციალურ და ვთქვათ კლასობრივ ურთიერთობა ტიპთან.

ჩვენს სივრცეში არსებული არასამთავრობო ორგანზიაციები ობიექტურად ვერ სარგებლობენ მოსახლეობაში მაღალი საზოგადოებრივი კაპიტალით, რადგან მათ არ გააჩნიათ რეალური სოციალური საყრდენი მოსახლეობის ფენებში. ძირითადად, დემოკრატიულობის განვითარება დაყვანილია ლიდერშიფ ტრეინინგებსა და მრავალ არაადეკვატურ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც საზოგადოების სოციალურ ფენებში არსებულ მოთხოვნებთან მიმართებაში შეუსაბამოა. თავისთავად, ასეთ ურთიერთობათა ლოგიკაში მოდერნიზაციის შესაძლებლობაც იკლებს. გამოკვლევები, რომელიც სოციოლოგიურ გამოკითხვებს ეფუძნება, აჩვენებს მყარ კავშირს მოსახლეობის მაღალი განათლების დონეს, მონაწილეობასა და ტოლერანტობის შესაძლებლობას შორის.

პატივისცემის იდეაზე დაფუძნებული ტოლერანტობის იდეის შესაძლებლობას მეტწილად განსაზღვრავს „სამოქალაქო ეკონომიკის“ ჩამოყალიბება, სადაც ადამიანები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ერთმანეთს მტრები არ არიან.

თუ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უწყობს სოციალურ აქტივიზმზე სახელმწიფო კონტროლის მოსპობა, სამოქალაქო ეკონომიკის ჩამოყალიბება, პირიქით, დამოკიდებულია სახელმწიფოს ჩართულობაზე, შემოიღოს კანონები, რომლებიც სჭირდება ბაზარს ფუნქციონირებისათვის. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია იმ ძირითადად უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფა, რომელთა დამცველად სამოქალაქო საზოგადოება გვევლინება დღეს. შესაბამისად, ძლიერი სახელწმიფოს იდეის პრაქტიკაში არსებობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა თანმდევი პროცესებია.

ჩვენი სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ის არ არის ჩართული საზოგადოებრივი კონფლიქტების რეპრეზენტირებაში საჯარო სივრცეში. ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამ საზოგადოებრივ კონფლიქტების საჯარო პოლიტიკურ სივრცეში არტიკულირებაში მდგომარეობს. სწორედ ამის შესახებ საუბრობდა ლიპსეტი და როკანი „ქლივიჯების თეორიაში“ (1967). ჩვენთან სამოქალაქო სივრცე წარმოგვიდგება როგორც თბილი, უკონმფლიქტო სივრცე. არადა, სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოების წარმოქმნის საფუძველს სწორედ საზოგადოებრივი კონფლიქტების არსებობა განაპირობებს (პირველ რიგში ეკონომიკურის). თუ საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდა კონფლიქტების პირობებში ერთობლივი მოქმედების კულტურა, ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტის გადაჭრა სახელწმიფოს კომპეტენციის სფეროში გადაინაცვლებს.

საზოგადოებაში, რომელსაც არ გაუვლია სოციო-ეკონომიკური მოდერნიზაცია ინგლეჰარტის მიხედვით, მატერიალისტური მოთხოვნები დომინირებს (სოციალური თანასწორობა, სოციალურო სამართლიანობა, ეკონომიკური ემანსიპაცია). ანუ ადამიანები მეტ ღირებულებას ანიჭებენ იმას, რაც საზოგადოებაში შედარებით ნაკლებია. ჩვენს რეალობაში, აქედან გამომდინარე, არსებობს ღირებულებრივი კონფლიქტი თავად ერთ მუჭა სამოქალაქო სექტორსა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შორის, რადგან “ენჯეოშნიკთა” ტექნოკრატიული კლასის ღირებულებები პოსტ-მატერიალისტურია (თვითგამოხატვა, პიროვნული თავისუფლება, თვითრეალიზაცია). შესაბამისად, რადგან ეს კლასი არ ახდენს დანარჩენი მოსახლეობის რეპრეზენტირებას, სახელმწიფოსა და პოლიტიკური კლასის უუნარობასთან ერთად, მივედით დემოკრატიის დეფიციტამდე.

რონალდ ინგლეჰარტი განსაზღვრავს პოსტ-მატერიალიზმს, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შედეგს. ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მითუმეტეს პოსტსაბჭოური სივრცე, განსხვავდება დასავლეთისგან – ისინი გარკვეულწილად იმყოფებიან დასავლეთის მიერ უკვე განვლილი გზის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნების ელიტები და ენჯეო ტექნოკრატული კლასი იხელმძღვანელებენ მატერიალისტური მიზნებით, რომელიც ადრე პრევალირებდა დასავლური დემოკრატიების პოლიტიკაშიც. მაგრამ, გლობალიზაციის პერიოდში, დასავლეთის იდეოლოგიური და ინფორმაციული პრევალირების პiრობებში, თვით ამ განვითარებად ქვეყნებშიც პოსტ-მატერიალისტური ორიენტირები იკრებს ძალას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, ამ საზოგადოებებში წარმოშობს პრობლემებს.

ძალიან კარგი წიგნი, რომელიც პოსტ-საბჭოთა დემოკრატიზაციის მესამე ტალღას აანალიზებს, სადაც გაბატონებულ წესრიგად იქცა ნეოლიბერალური სოციო-პოლიტიკური ლოგიკა, გააზრებულია 1995 წელს 21 ავტორისაგან დაწერილ წიგნში „მდგრადი დემოკრატია“, ამერიკელი პოლონელი პოლიტოლოგის ადამ პჟერვორსკის ხელმძღვანელობით. ამ წიგნის მიზანი იყო ახლად დემოკრატიზებული ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევების შესწავლა. ამ ქვეყნებმა გასწიეს რისკი და მონაწილეობას იღებენ უპრეცენდენტო ექსპერიმენტში, რომელიც უდიდესია სტალინისტური ფორსირებული ინდუსტრიალიზიიც შემდგომ (1929 წ.). აქ ხორციელდება ინტელექტუალური პროექტი, რომელიც გამომუშავდა ჩრდილოეთ ამერიკის აკადემიურ წრეებში და გაზიარებული იქნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ (ვაშინგტონის კონსესუსი). ისინი განწყობილნი არიან უგულვებელყონ, გადაატრიალონ ყველა არსებული სოციალური ურთიერთობები. ისინი გვთავაზობენ ერთადერთ პანაცეას, ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს. პირველად ისტორიაში კაპიტალიზმი ხდება აღიარებული, როგორც დოქტრინის აპლიკაცია და არა როგორც განვითარება გამოცდისა და შეცდომის ისტორიული პროცესისა.

გარდაქმნების ეს პროცესი ეყრდნობა იდეოლოგიას – ეს არის ნეოლიბერალური იდეოლოგია დაფუძნებული ბაზრისა და კერძო საკუთრების ღირსების, სიქველის, სიწმინდის რწმენაზე, რაც მიღმაა დამტკიცებადი, მსჯელობადი, გამართლებადი, არგუმენტირებადი კატეგორიისგან ანუ ატარებს რელიგიური მრწამსის ხასიათს, ის აყენებს ეფექტურობას განაწილებაზე უფრო მაღლა, იმდენად, რომ გამართლებულად მიიჩნევს მოსალოდნელ სოციალურ საფრთხეებს. ის აყენებს ეკონომიკურ მოსაზრებებს პოლიტიკურზე ზემოთ და მზადაა მიიტანოს ნებისმიერი სხვა ალტერნატიული ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულებები ეფექტურობის სამსხვერპლოზე. ის ფუნდამენტალისტურია. 1991 წ. „გარდიანი“ წერდა: „დიდი ინდუსტრიული ეკონომიკის წარმმართველმა ჯგუფებმა გუშინ მოუწოდეს აღმოსავლეთ ევროპის ახალ დემოკრატიებს უარყონ „გარუდუალიზმი“ და მიიღონ პოლონეთის მოდელი სწრაფი ეკონომიკური რეფორმებისა“.

სინამდვილეში ეს არ იყო ის მოდელი, რომელსაც თავად დასავლური განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები მისდევენ თავად, საკუთარ პრაქტიკაში.

თითქმის 20 წლიანი პოლიტიკური ობსკურანტიზმის გასვლის შემდეგ, დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, რომ ეს განვითარების არასწორი გზაა. რადგანაც დემოკრატიის და კეთილდღეობის შექმნის ძიება აუცილებლად გულისხმობს ალტერნატივებს, მსჯელობებს, სხვადასხვა არჩევანს და გადაწყვეტილებებს.

 

პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკის ბუნება

ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამერიკელი ისტორიკოსის რიჩარდ ჰოფსტადტერის 1964 წლის ესსე, რომელიც გამოქვეყნდა გამოცემა Harper Magazine-ის ნოემბრის ნომერში, სახელწოდებით – „პარანოიდული სტილი ამერიკულ პოლიტიკაში“.

ის ამ ესეში წერს: „პარანოიდული სტილი მოითხოვს ცივილიზაციის ბარიკადებთან დგომის სიმულირებას. მას არ მიაჩნია სოციალური კონფლიქტის გადაჭრა მედიაციითა და კომპრომისით, არამედ მისთვის კონფლიქტი წარმოადგენს დაპირისპირებას აბსოლუტურ სიკეთესა და აბსოლუტურ ბოროტებას შორის, რაც ქმნის არა კომპრომისის აუცილებლობას, არამედ ძლიერ სურვილს ტრიუმფისა. რადგანაც მტერი არის აბსოლუტური ბოროტება ის ტოტალურად უნდა განადგურდეს თუ არა სამყაროდან, არამედ პოლიტიკურ ოპერაციათა თეატრიდან.“

სწორედ პარანაიდული სტილია ქართულ პოლიტიკაშიც, რომელიც განსხვავებული დისკურსების აბსოლუტურ მარგინალიაზციას ისახავდა მიზნად, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, როდესაც ნებისმიერი სისტემის ალტერნატიული დამოკიდებულება და პოლიტიკური არჩევანი აბსოლუტურად მარგინალიზდებოდა რეპრესიული სახელმწიფო აპარატისა და მის ირგვლივ არსებული სამოქალაქი სექტორის ძლიერი ჯგუფების მიერ. ასეთმა შინაარსმა კი დიდი ტრამვა მიაყენა ქართული ინტელექტუალური სივრცის განვითარებას, რომელიც სავსეა კლიშეებით, დიქოტომიებით. არსებობს უმნიშვნელოვანესი თემები, რომელზეც ღიად საუბარი და ანალიზი სახიფათოა, ერიდები, რადგან სტიგმა მოგეკვრება. ეს არ არის მოდერნიზაცია, ეს რეგრესია, რომელიც კიდევ დიდხანს გაყვება ტრამვად საჯარო ინტელექტუალურ სივრცეს.

შესაბამისად, ასეთ პარანოიდულ პირობებში ჩამოყალიბებული მოქალაქეთა დამოკიდებულება ანალოგიურად ტრანსლირდება მათ ქცევებშიც, ფუნდამენტალისტურ დამოკიდებულებებად.

მინდა დავასრულო ვალტერ ბენიამინით: „ის ვინც ხმას არ იღებს კაპიტალიზმზე, მას არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს ფუნდამენტალიზმზე“.

მეც შემიძლია ვთქვა, რომ ის ვინც ხმას არ იღებს თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის კრიზისზე, მას არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს 17 მაისზე.

 

მათე გაბიცინაშვილი

2014 წლის 28 თებერვალი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ