რატომ ვუჭერთ მხარს სოციალ–დემოკრატები – ობამას

6 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ჩვენი აზრით, ეს არჩევნები განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესაა დაპირისპირება არა უბრალოდ სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე მდგარ ორ პერსონას, არამედ – პოლიტიკური აზროვნების იმ ორ წესს შორის, რომლებიც დიამეტრალურად სხვადასხვა ფასეულობებს და მიზნებს განასახიერებენ. ამ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ხედვა დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს და  გავლენას მოახდენს პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ხასიათსა და მიმართულებაზე არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებში პრეზიდენტ ობამას კიდევ ერთხელ გამარჯვება სიმბოლურად დაუსვამს წერტილს ბოლო 40 წლის მანძილზე მსოფლიო პოლიტიკაში გაბატონებულ ნეოლიბერალურ დისკურსს,  და ახალ პერსპექტივას შექმნის პროგრესივისტული, ადამიანთა განვითარებასა და კეთილდღეობაზე მიმართული პოლიტიკისთვის. 

ბარაკ ობამა

ჩვენ შორს ვართ ილუზიებისა და ფუჭი მოლოდინებისგან, რომ სამყარო შესაძლებელია ერთი ხელის მოსმით შეიცვალოს. ბუნებრივია, ამ სიმბოლურ შემობრუნებას ხანგრძლივი, რთული  და შრომატევადი პროცესი უნდა მოჰყვეს, მაგრამ სწორი მიმართულების არარსებობისას ისეთი მსოფლიო რომელზეც ჩვვენ ვოცნებობთ, არც ადრე იქნება და არც გვიან.

ნეოლიბერალიზმმა – ბოლო ათწლეულების გაბატონებულმა პოლიტიკურმა დისკურსმა, ლეგიტიმაცია გასული საუკუნის 70–იან წლებში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ თუმცა იგი პრეტენზიას აცხადებდა როგორც უპირატესად, ეკონომიკური კრიზისების გადაჭრის უანარიან პარადიგმად, მის გაბატონებულ წესრიგად ქცევას ხელი შეუწყო მსოფლიოში მაშინ არსებულმა კონფრონტაციულმა ძალთა ბალანსმა – ანტაგონიზმმა დასავლურ ცივილიზაციასა და ‘სოციალისტურ ბანაკს’ შორის. მას შემდეგ, რაც ‘წითელი საფრთხე’ აღარ არსებობს და ნეოლიბერალზმს მოუწია ახალ ვითარებაში დაემტკიცებინა საკუთარი ეფექტურობა, აღმოჩნდა, რომ მას ამის უნარი არ შესწევს. ნეოლიბერალიზმის კრახი უკვე საყოველთაოდ აშკარა გახდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ. ეკონომიკური კრიზისები რასაკვირველია წარსულშიც იყო, მაგრამ თუ ადრე ხერხდებოდა ამის განმარტება ან მიჩქამალვა დიდ საერთო მტერზე – ბოლშევიზმზე აპელირებით, დღეს ამ საფრთხის არარსებობის პირობებში ცხადი გახდა, რომ გლობალური კრიზისის რეალური მიზეზი ნეოლიბერალიზმის შინაგანი ლოგიკიდან მომდინარეობს. ლოგიკიდან, რომელიც უგულებელჰყოფს ადამიანთა კეთილდღეობას და განვითარების ინტერესებს – ერთეულთა – მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა მერკანტილური ინტერესების სასარგებლოდ და ამ ყველაფერს ირაციონალიზმის კულტივირებასა და მტრის ახალი მითების კვლავწარმოებაზე აფუძნებს. ცხადია, რომ ნეოლიბერალიზმს არსებობის განახანგრძლივება მხოლოდ გლობალურ კონფრონტაციაზე აგებულ ურთიერთობებში შეუძლია. ლეგიტიმურობა რომ შეინარჩუნოს, იგი განწირულია კვლავ და კვლავ გამოიგონოს ახალი საფრთხეები და მტრები, მუდმივად შექმნას ომისა და დაძაბულობის კერები.

ამის საპირისპიროდ, არსებობს ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომებზე, ფასეულობებზე დაფუძნებული ხედვა, და ამ ხედვის მატარებელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ადამიანთა მსოფლიო საზოგადოების მომავალი – განვითარებისა და კეთილდღეობის საერთო მსოფლიოა, რომ შესაძლებელია ურთიერთობათა დაფუძნება მშვიდობაზე, თანამშრომლობაზე, ურთიერთხელსაყრელ პროექტებზე და რომლის ცენტრშიც არა მითიური ანტაგონისტური პერსონაჟები, არამედ – კონკრეტული ადამიანის კეთილდღეობისა და განვითარების ინტერესები იდგება.

ამ პოლიტიკის განხორციელება ურთულესი ამოცანაა დღეს, როდესაც ჯერ ისევ ძლიერია ათეულობით წლის განმავლობაში დამკვიდრებული ნეოლიბერალური ინერცია, როდესაც მრავალი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის აზროვნება არ გათავისუფლებულა წარსული  კლიშეებისაგან, როდესაც მსოფლიოს უმდიდრეს უმცირესობას კვლავ ხელთ უპყრია ომისა და პროპაგანდის წარმოების საშუალებები – სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, უდიდესი კორპორაციები, მედია…

ჩვენი აზრით, სწორედ ამ, ახალი, პროგრესივისტული ალტერნატივის განსახიერებას წარმოადგენს შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ობამას ფიგურა და მოველით, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში უფრო მეტად რეალიზდება ის ფასეულობები და პროგრამები, რომელთა აქამდე განხორციელებასაც ხელს უშლიდა ამერიკის კონგრესში ნეოლიბერალურად განწყობილ წევრთა უმრავლესობა და უკვე ნახსენები ინერცია.

ამის იმედს გვაძლევს როგორც ობამას საშინაო პოლიტიკა – ჯანდაცვის, განათლების, ფინანსური სისტემების და ა.შ. რეფორმა, ასევე, განსაკუთრებით – მისი საგარეო პოლიტიკა, რაც ოპონენტებთან ანტაგონისტური დამოკიდებულების – თანამშრომლობით, საომარი რიტორიკის – მშვიდობისაკენ მისწრაფებით შეცვლას გულისხმობს და რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მსოფლიო პოლიტიკის მიმართულებაზე. საომარი მოქმედებების დასრულებისაკენ მიმართული ძალისხმევა, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა და ა.შ. ამ ტენდენციის, ახალი, მშვიდობიანი და თანამშრომლობის მსოფლიოსკენ სვლის თვალსაჩინო და ძლიერი ჟესტებია.

ბუნებრივია, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკაა ჩვენი ქვეყნის, მის მოქლაქეთა კეთილდღეობისა და განვითარების ინტერესებში. საქართველოს მსგავს მცირე ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს გლობალური პოლიტიკის ხასიათი. ისევე, როგორც რთულია დარჩეს ამ გლობალური პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. ამერიკის წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო, ორაზროვანი, ხშირად წამქეზებლური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი, ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მიგვაჩნია იმ კატასტროფისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. პრეზიდენტ ობამას კონკურენტი არჩევნებში, ჩვენი აზრით, იგივე პოლიტიკას განასახიერებს.

ამავე დროს, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ამერიკაში ხელისუფლების შეცვლა გავლენას არ ახდენს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე, აშკარაა, რომ ობამას ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს კონფრონტაციულ, მილიტარისტულ რიტორიკაზე დაფუძნებულ პოპულისტურ პოლიტიკას და ეს აჩვენა საქართველოს ბოლო არჩევნებისადმი ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულებამაც.

იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ ობამას გამარჯვება არჩევნებში კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო მშვიდობის, როგორც თანამშრომლობისა და განვითარების აუცილებელი პირობის დამკვიდრებას და ამდენად, ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ჩვენ ინტეგრაციას დასავლურ ცივილიზაციაში, მეორე მხრივ – სავაჭრო ეკონომიკური, მოგვიანებით კი – პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირებას რუსეთთან, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარების წინაპირობათა შექმნას, და ამდენად – ძალას შემატებს ქვეყნის ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რომელიც არსებითად განსხვადება წინა კურსისაგან და მიზანად ისახავს საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობას და განვითარებას, თვითრეალიზაციის პირობათა მშვიდობიანი სივრცის ფორმირებას. 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ