რატომ ვუჭერ მხარს პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

                                       (წერილი ჩემს მეგობრებს საქართველოში)

საქართველოში ჩამოყალიბებული ავტორიტარული ნეოლიბერალიზმი არა მხოლოდ ადამიანთა ჩაგვრით, ექსპლოატაციითა და მათი ბედნიერების ხელყოფით გამოირჩევა, არამედ ასევე გამოირჩევა იდეოლოგიური ჰეგემონიის სწრაფად კულტივირებითა და მუდმივი გაძლიერებით, ასევე სტრატეგიული რესურსების მძლავრი აგრეგაციით და მონოპოლიზაციით იდეოლოგიური ჰეგემონიის მიზნით მათ შორის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და სხვა მნიშვნელოვანი რესურსების. ავტორიტარული ნეოლიბერალიზმი საქართველოში ყველა რესურსის მიტაცებით არ უტოვებდა არანაირ შანსს ოპოზიციას მოეხდინა არსებული იდეოლოგიური ჰეგემონიის დემასკირება და ნეოლიბერალური პროპაგანდული რეპრესიული აპარატის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობიერების თუ იდეოლოგიის დეკონსტრუქცია. რეჟიმი ცდილობდა და ცდილობს გადარჩეს, ამ მცდელობაში კი იგი უფრო და უფრო იყენებს რეპრესიულ მეთოდებს, თუმცა რამდენადაც ძლიერდება მისი რეპრესიული აპარატი მით უფრო იზრდება რეჟიმის კოლაფსის აჩრდილი საქართველოში. მაშასადამე, აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი ანტისისტემური წინააღმდეგობისა.

არსებული ნეოლიბერალური სახელმწიფო საქართველოში და ავტორიტარული კაპიტალიზმი არის მოქალაქეებზე ძალადობის არნახული გამოვლინება, დღეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებობს არა სოციალური კონტრაქტი არამედ ეს არის მანიფესტირება და ღრმა ექსპრესია ურთიერთობისა მჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის, სახელმწიფო წარმოადგენს უმთავრეს მჩაგვრელ ინსტიტუტს დღეს. სახელმწიფო წარმოადგენს იმ რეპრესიულ სტრუქტურას, რომელსაც აძლიერებს მთელი რიგი შიდა და გარე რესურსები თუ ძალები.

ფრანგმა ფილოსოფოსმა ლუი ალთჰუსერმა მის კრიტიკულ თეორიაში სახელმწიფო აპარატის შესახებ გამოყო ორი ფუნდამენტური განზომილება სახელმწიფო აპარატისა: რეპრესიული სახელმწიფო აპარატი და იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატი განსხვავება ამ ორს შორის არის ის, რომ პირველი ანუ რეპრესიული სახელმწიფო აპარატი წარმოადგენს პირდაპირი ძალადობის ინსტრუმენტს ანუ აღჭურვილია ძალადობის ფუნქციით, მაშინ როდესაც მეორე ანუ იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატი წარმოადგეს იდეოლოგიური ფუნქციის ეგზეკუტორს, ორივე შემთვევაში სახელმწიფო აპარატი ემყარება მხოლოდ ორ უმთავრეს ფუქნციას: განავრცოს ძალადობა და იდეოლოგია. ალთჰუსერისუელი კრიტიკული დესკრიპცია სახელმწიფო აპარატისა ძალიან კარგად თავსდება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ბუნებასა და სტრუქტურაში.

დღეს საქართველოში, ნეოლიბერალური სახელმწიფო და სახელმწიფო ძალაუფლება მთლიანად დაცულია როგორც რეპრესიული სახელმწიფო აპარატით ასევე იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატით. სახელმწიფო, ცდილობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, სოციალური დარვინიზმისა და რადიკალური ინდივიდუალიზმის გაფეტიშებითა და მითოლოგიზაციით განავრცოს თავისი ყალბი იდეოლოგია, მითები და უამრავი სტერეოტიპები რათა ხალხი საბოლოოდ გამოამწყვდიოს ესკაპიზმში. იდეოლოგიური ჰეგემონიის თუ დომინირების პროცესი მიმდინარეობს როგორც ძალადობით (რეპრესიული სახელმწიფო აპარატიდან) ასევე იდეოლოგიური პროპაგანდის გზით ანუ მე ამას დავარქმევდი პოსტკომუნისტური ნეოლიბერალური პროზელტიზმით (იდეoლოგიური სახელმწიფო აპარატი). მაშასადამე, თანამედროვე ქართული ნეოლიბერალური სახელმწიფო არის როგორც ძალადობის ასევე იდეოლოგიური ჰეგემოინიის მწარმოებელი.

ბიძინა ივანიშვილის მიერ აქტიურ წინააღმდეგობრივ პოლიტიკაში ჩართვა არის მოქალაქის მორალური ვალდებულების გამოვლინება და იმ სამოქალაქო-პოლიტიკური იდეალის დაცვა რაც ავალდებულებს მოქალაქეს ჩაერთოს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში. ივანიშვილის ჩართვა პოლიტიკაში და კოალიცია „ქართული ოცნების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ნეოლიბერალურ სახელმწიფოს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაში.

ახლა გამოვყოფ ორ მიზეზს იმისა თუ რატომ ვუჭერ მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“

პირველი, ბიძინა ივანიშვილმა შესძლო მოეხდინა რეალური ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია ხელისუფლების წინააღმდეგ, დაასრულა პესიმისტური განცდები როგორც სოციალურ ასევე პოლიტიკურ სივრცეში, იყენებს უმნიშვნელოვანეს რესურსებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და რაც მთავარია მას როგორც მოქალაქეს (რომელიც მაღალი ნდობის ხარისხით და რეპუტაციით სარგებლობს ხალხში) გააზრებული აქვს მისი მოქალაქეობრივი ვალდებულება აქტიურად ჩაებას მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს წარმოადგენს ყველაზე საშიშ პოლიტიკურ გაერთიანებას მიხელი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისათვის და ყველაზე საიმედო გაერთიანებას დაჩაგრული ხალხისთვის. მაშასადმე, კოალიციის ეშინიათ მჩაგვრელებს ხოლო ეიმედებათ ჩაგრულთ.

მეორე, მე მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ რადგან მჯერა, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ჩამოყალიბდება რეალურად მრავალპარტიული სისტემა და ამით ბოლო მოეღება ხანგრძლივ ერთპარტიულ ჰეგემონიას საქართველოში რაც თავისთავად ნიშნავს იმას რომ საქართველოში დასრულდება პოლიტიკური ტერორი, ადამიანთა დევნა, ჩაგვრა, წამება, დისკრიმინაცია და ასე შემდეგ. გაიხსნება ამჟამად ჩაკეტილი პოლიტიკური სივრცე რა დროსაც პოლიტიკურ სისტემაში გამოჩნდებიან სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმის მქონე ძალები რაც შექმნის სერიოზულ საფუძვლებს და პერსპექტივებს მრავალპარტიული, ევროპული დემოკრატიის განვითარების საქართველოში რაც იქნება განპირობებული შიდა პირობებითა და რესურსებით. ამასთანავე, ვხედავ რა თუ რა საკითხებია სტრატეგიული კოალიციისთვის (სოფლის მეურნოება, შრომის პოლიტიკა, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, სოციალური სამართლიანობა და სოლიდარობა) მაფიქრებს და მარწმუნებს იმაში, რომ კაოლიციის გამარჯვების შემთხვევაში დასრულდება ადამიანთა დაშინება, ჩაგვრა და ნეოლიბერალური ჰეგემონია და შესაბამისად მოხდება ნეოლიბერალური სახელმწიფო აპარატის მიერ ჩაგრულ მოქალაქეთა ემანსიპაცია და ჩვენ ერთად ჩავებმებით ჩვენი, ყველას საერთო ბედნიერებისათვის ზრუნვის პროცესში, ამასთანავე სახელმწიფო იქნება არისტოტელესეული გაგებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სადაც  პოლიტიკას შევქმნით ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი.

ბაქარ ბერეკაშვილი

ვარშავა, 2012 წლის მაისი

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*