რატომ იზრდება მასებში პოპულისტი პოლიტიკოსების მიმართ სიმპათიები?

Share on Facebook113Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

bako► ავტორი: ბაკო ხელაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის გახლავთ ახალგაზრდა მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში.

© European.ge

მსოფლიოს პოლიტიკურ აზროვნებას ციკლური გარდაქმნები ახასიათებს, რომელიც როგორც წესი არც ისე უშფოთველეად მიმდინარეობს და ხშირად ეს რევოლუციების გზით ხდება. ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ დღესაც კაცობრიობა ასეთივე რევოლუციური გარდაქმნის პერიოდში იმყოფება და იქმნება რაღაც ახალი პარადიგმა, რომელიც შეცვლის არსებულს, რომელიც 90-ანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა ცივი ომის დასასრულის შემდეგ. დასავლეთის გამარჯვება კომუნისტურ ბანაკთან ბრძოლაში მხოლოდ გეოპოლიტიკური მოვლენა არ იყო. ამ ომის შედეგებმა გავლენა იქონია გლობალურ პოლიტიკურ აზროვნებაზეც. ლიბერალიზმის სრულმა გამარჯვებამ გამოიწვია ეკონომიკურ მოდელებზე დისკუსიის დღის წესრიგიდან ამოგდება, იმ მარტივი არგუმენტით, რომ ლიბერალურმა დასავლეთმა სრულად დაჯაბნა სოციალისტური ბანაკი და შესაბამისად კითხვა თუ რომელი იყო მათ შორის უკეთესი მარტივად გადაწყდა. რაც შეეხება ლიბერალიზმის გამარჯვების შემდგომ პერიოდს, აქ უკვე ჩნდება სრულიად ახალი რეალობა, სადაც თითქმის ყველა თანხმდება თუ რომელი ეკონომიკური მოდელია უკეთეთესი და ჩნდება იდენტობის პოლიტიკები და ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თვითონ ადამიანი. 2008 წლამდე ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ინარჩუნებს დომინაციას, გზადაგზა პატარა რყევებით, როგორიც იყო 11 სექტემბრის ტერაქტი მაგალითად, შემდეგ ბრძოლა ტერორიზმთან ერაყსა და ავღანეთში, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია თვითონ ლიბერალური დასავლეთის მოსახლეობაში და ასე შემდეგ. თუმცა 2008 წელს ხდება 2 მნიშვნელოვანი მოვლენა: პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მეორე რუსეთ-საქართველოს ომი. ეს ორი მოვლენა რითაა მნიშვნელოვანი?! პირველი იმით, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა, რომ ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც ერთპიროვნულად დომინირებს მსოფლიოში არც ისე უნაკლოა და აქვს დიდი მინუსები. მეორე, საქართველო-რუსეთის ომმა გამოაჩინა, რომ ცივი ომის შემდგომ დაანონსებული კანტიანური „მუდმივი მშვიდობა“, რომელიც უნდა მიღწეულიყო ლიბერალური ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის და დემოკრატიის გავრცელებით არც ისე მარტივად პროგრესირებდა და როგორც აღმოჩნდა ჯერ კიდევ იყვნენ დარჩენილი „პროტესტანტები“.

რეალურად ჩვენ ისევ იმ მატრიცაში ვცხოვრობთ, რომელიც პოსტ ცივი ომის პერიოდში შეიქმნა, მაგრამ სახეზეა გარკვეული რევოლუციური ცვლილებების დასაწყისი, რომლებმაც განსაკუთრებით თავი იჩინეს ამერიკაში, საფრანგეთსა და თურქეთში. სამივე ქვეყანაში ბოლო ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ფაქტები მოხდა, რომლებიც თითქოს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არიან, თუმცა სამივე მათგანი აჩენს გარკვეული საერთო ნიშანთვისებებს. მხედველობაში მაქვს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, თურქეთში გამართული რეფერენდუმი, რომლითაც წყდებოდა თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნა არ გარდაქმნის საკითხი და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები. სამივე შემთხვევაში არსებობს ანტი-ელიტისტი და კონსერვატორი ლიდერი, მათ ძირითადად უფრო პოპულისტებადაც მოიხსენიებენ. ისინი წარმოადგენენ ხალხის იმ ჯგუფებს, რომლებიც რაღაც პერიოდი მათსავე ქვეყნებში მარგინალიზებულნი იყვნენ და ამავდროულად ასოცირდებოდნენ ჩამორჩენილობასთან. მოხდა ისე, რომ ამერიკაში იმარჯვებს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მქონე ტრამპი, თურქეთი რეფერენდუმის მეშვეობით ძალაუფლებას იღებს ერდოღანი, რომელიც ასევე ფლობს ზემოთ აღნიშნულ თვისებების კომპლექტს, ხოლო საფრანგეთში ანალოგიური ტიპის ლიდერი მარინ ლე პენი გადის მეორე ტურში და აგროვებს ხმათა 35%, რაც მისი პარტიისთვის უპრეცედენტოა. სამივე შემთხვევაში ლე პენსაც, ერდოღანსაც და ტრამპსაც მხარს უჭერს სწორედ ის რეგიონები, რომლებიც არიან ყველაზე ნაკლებად განვითარებულები ეკონომიკურად და გეოგრაფიულად წარმოადგენენ პერიფერიას. მოგეხსნებათ, ტრამპმა ხმების უმრავლესობა სწორედ ამერიკის სამხრეთის შტატებში მოიპოვა, რომლებიც ისტორიულად შედარებით დაბალი განვითარების საფეხურზე დგას, ვიდრე ჩრდილოეთის შტატები. ასევე, თურქეთის შემთხვევაში ერდოღანის მხარდამჭერებად ძირითადად გვევლინებიან ცენტრალურ თურქეთსა და შავი ზღვისპირა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობა, სადაც განვითარების დონე დასავლეთით მდებარე ზღვის პირა რეგიონებთან შედარებით ძალზედ დაბალია. რაც შეეხება საფრანგეთს, ლე პენის მხარდამჭერები ძირითადად რურალურ რეგიონებში მაცხოვრებელი ფრანგები იყვნენ. საინტერესოა, რამ აიძულა პერიფერიები, ერთი რომ გააქტიურებულიყვნენ პოლიტიკაში და მეორე, რატომ დაუჭირეს მხარი ასეთ ფიგურებს?

ამ საკითხების ახსნა უნდა მოხდეს ორი განზმოლებიდან, ეკონომიკური და კულტურული. ეკონომიკური კუთხით თუ განვიხილავთ, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისით თუ ვინმე დაზარალდა ეს პირველ რიგში დაბალი ფენა იყო. რა თქმა უნდა, ამ კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ზოგადად დიდ ბიზნესსაც, მაგრამ კრიზისებს როგორც წესი დაბალი ფენები ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვამენ. მოკლედ რო ვთქვათ, პირველი მიზეზი იყო ქვედა ფენების იმედგაცრუება არსებული ეკონომიკური სისტემის მიმართ და სწორედ ამან განაპირობა მათი ასეთი უეცარი გააქტიურება. რაც შეეხება კულტურულს, ზოგადად პერიფერიები და დაბალი ფენები ტრადიციულად ანტიელიტისტები არიან და ხშირად მათი დამოკიდებულება ანტაგონისტურიცაა. ამიტომ, დაბალი ფენის სიმპათიები სწორედ ისეთი ფიგურების მხარეს იხრება, სადაც ხედავენ ანალოგიურ დამოკიდებულებას მათთვის საძულველი ინტელექტუალების და პოლიტიკური ელიტის მიმართ. ერდოღანიც, ტრამპიც და ლე პენიც სწორედ ასეთები არიან, რომლებიც უპირისპირდებიან მათ ქვეყნებში წლების მანძილზე გაბატონებულ ელიტებს და ინტელექტუალებს. აქედან გამომდინარე, მათ დიდად არ გასჭირვებიათ ქვედა ფენების გულის მოგება.

საინტერესოა რატომ იზრდება დაბალ ფენებში პოპულისტი პოლიტიკოსების, და არა მემარცხენე პოლიტიკური ძალების, მიმართ სიპმათიები, რომლებიც საუკუნეზე მეტია წარმოადგენენ ქვედა ფენების მთავარ მხარდამჭერ და ინტერესების დამცველს. ამაზე საკმაოდ საინტერესო პასუხს სცემს შვედი პოლიტიკის მეცნიერი ბო როტშტეინი თავის პუბლიკაციაში „The Long Affair Between The Working Class and The Intellectual Cultural Left Is Over. როტშტეინი ამბობს, რომ თანამედროვე მემარცხენე ინტელექტუალი არის ინტერნაციონალისტი, თავისუფალი ვაჭრობის მომხრე, “ენვაირომენტალისტი” და ორიენტირებულია იდენტობის პოლიტიკებზე, მაშინ როდესაც მუშათა კლასი და ზოგადად დაბალი ფენები სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებების არიან და წინააღმდეგობაში მოდიან თანამედროვე მემარცხენე ინტელექტუალებთან. შესაბამისად, ქვედა ფენებისთვის ბევრად მიმზედველი სჩანს, ტრადიციონალისტი, პროტექციონისტი, ნაციონალისტი ლიდერი, ვიდრე დღევანდელი მემარცხენე ინტელექტუალი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ლიბერალისგან, თუ როტშტეინის შეფასებას ვენდობით.

მიზეზის ძიებას, თუ რატო ასოცირდება ხშირად თანამედროვე მემარხენე ლიბერალთან, ალბათ აქაც ცივი ომის დასასრულით გამოწვეულ შედეგებთან მივდივართ, როცა საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ მემარცხენეები დადგნენ არჩვენის წინაშე ეღიარებინათ დამარცხება ან გამარგინალებულიყვნენ, როგორც ეს დაემართათ ფაშისტებს მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ. რაღაც ნაწილი მემარცხენეებისა გამარგინალდა, თუმცა მეორე ჯგუფმა ადაპტაცია ამჯობინა ახალ გარემოსთან და გახდნენ ისეთები, როგორადაც ახასაითებს ბო როტშტეინი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ დიდი გარდაქმნების პერიოდის დასაწყისში ვიმყოფებით, სადაც არსებული დომინანტური ტენდენციები და ნორმები გლობალურ პოლიტიკაში იცვლება რაღაც ახლით. ეს ახალი კი შეიძლება იყოს უბრალოდ „კარგად დავიწყებული ძველი“ მემარჯვენეობა, გამოვლენილი რადიკალურ ფორმებში. რაც უფრო ღრმად შევა კრიზისში გლობალური ეკონომიკა და გამძაფრდება უსაფრთხოების მოთხოვნილება ხალხის მასებში, მით უფრო გაიზრდება მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულარობა, რაც უკვე სახეზეა ბოლო 2 წელია, თუ არჩევნებში ასეთი იდეოლოგიის პარტების ან კანდიდატების მიღებულ ხმებს თუ გავითვალისწინებთ. თითოეული ეკონომიკური რეცესია, თითოეული ტერაქტი ან კონფლიქტის ახალი კერა იქნება დარტყმა არსებულ დომინანტ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე და მათ იდეებზე. ეს კი კიდევ უფრო დააჩქარებს არსებული დომინანტი პარადიგმის ცვლილებას.


ჩვენს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ბაკო ხელაძე: ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში

Share on Facebook113Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*