რატომ გვაშინებენ ”პრორუსული” ძალებით

Share on Facebook18Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ყველა რეჟიმს, მიუხედავად მისი ხასიათისა, ლეგიტიმაციის წყარო ესაჭიროება. დემოკრატიის ლეგიტიმაცია ხალხის სუვერენულობას ეფუძნება, ტოტალიტარიზმის იდეოლოგიას, ხოლო ავტორიტარიზმის კი, უმეტეს შემთხვევაში ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნის საზოგადოებაში არსებულ როგორც შიდა პოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობის განცდასა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიშს, რომელიც, როგორც წესი, მძიმე სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული.

ავტორიტარულ ელიტას  მონოპოლიზირებული აქვს რა საზოგადოების სოციალური ემანსიპაციისთვის საჭირო ყველა სიკეთე და რესურსი,  ერთპიროვნულად ფლობს მომავლის განსაზღვრის და განკარგვის სადავეებს, ხალხი კი სრულიად არის ამ პროცესებიდან იზოლირებული. ადამიანების მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სასოწარკვეთა და ნიჰილიზმი მსუყე ნიადაგს ქმნის  მათი სხავადასხვა შიშებით მანიპულაციისთვის. მმართველი ელიტაც,  კომუნიკაციის საშულებებით, მარტივად ახერხებს არსებული საფრთხეების სურვილისამებრ გამძაფრებული ან შერბილებული ფორმით წარმოჩენას, თვითონ კი გვევლინება ამ საფრთხეების გამკვლავების ერთადერთ, უპირობო გარანტად, რაც  არის სწორედ მისი ლეგიტიმაციის წყარო.

ავტორიტარული რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს საზოგადოების საგარეო-პოლიტიკური საფრთხეებით მანიპულირება წარმოადგენს. რეჟიმი, მიუხედავად საფრთხის სიმწვავისა, ხელს უწყობს ნაციონალური სენტიმენტების გამძაფრებას, ქმნის მტრის ხატს, როგორც ქვეყნის გარეთ ისე ქვეყნის შიგნით, რაც მას საშუალებას აძლევს დევნოს „ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული“ პოლიტიკური ოპონენტები და თავი წარმოაჩინოს ეროვნული ინტერესების უალტერნატივო დამცელად.

ზემოთ მონათხრობი უცხო არ უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვისაც. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოუგვარებელი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, საშუალებას აძლევდა ყველა მთავრობას საზოგადოების ყურადღება მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან საგარეო საფრთხეებზე გადაეტანა.  2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომმა კიდევ უფრო მყარი საფუძველი შეუქმნა „ვარდების რევოლუციის” შედეგად ჩამოყალიბებულ რეჟიმს მსგავსი პოლიტიკის გაგრძელებისა და გამძაფრებისა. 

თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე: ჰიბრიდულთან, ნახევრად დემოკრატიულთან, ავტორიტარულთან თუ ნახევრად ავტორიტარულთან, ამის შეფასება მკითხველისთვის მიმინდია. მაგრამ, ფაქტია, რომ ზემოთ აღნიშნულ მეთოდებს დღევანდელი ხელისუფლება არაჩვეულებრივად ფლობს. სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა 24 საათიან რეჟიმში ქვეყნის მტრების „გამოაშკარევებას“ ემსახურება.  საკვანძო სიტყვებია: მეხუთე კოლონა, რუსეთის მარიონეტი, პუტინის ხელისბიჭები, ქართველი ჯარისკაცების სისხლში ხელგასვრილი ოპოზიცია და ასე შემდეგ.

იგრძნო რა რეალური საფრთხე ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე სრული დატვირთვით აამუშავა „ეროვნული ინტერესების“  სამსახურში მყოფი პროპაგანდისტული მანქანა. ისიც, როგორც სხვა ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი ოპოზიციური ძალა, პრორუსულად მოინათლა.

მოდით განვსაზღვროთ პრორუსულობის ის განმარტება, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების სტიგმატიზაციას ემსახურება.

 პირველი, ეს შეიძლება იყოს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების რუსეთის სახელმწიფო ინტერესებთან შეჯერების საფუძველზე, რუსეთთან  ურთიერთობის დარეგულირებით, ქვეყნის ტერტორიული მთლიანობის უზრუნველყოფასა და  რუსეთთან ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის ფონზე, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას იმედოვნებდეს.

მეორე, ეს შეიძლება იყოს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უპირობოდ გაატარებდა რუსეთის ინტერესებს და დააბრუნებდა საქართველოს რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე. უკეთესს შემთხვევაში, ეს იქნებოდა ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა და კულტურული იდენტობის გადარჩენა მხოლოდ რუსეთის ფრთებ ქვეშ არის შესაძლებელი, ან უარესს შემთხვევაში იქნებოდა რუსეთის აგენტი.

დამეთანხმებით, რომ პირველი ყველა პრაგმატული მთავრობის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს, მითუმეტეს რომ ქვეყნის ორივე მთავარი მოკავშირე: ამერიკაც და ევროპაც ამას ღაღადებს. დღევანდელ ხელისუფლებასაც აქვს პრეტენზია პრაგმატულობაზე, მაგრამ არ აქვს შესაბამისი არც ნება და არც რესურსი, მაგრამ საზოგადოების განწყობის შესაბამისად, კეთილმეზობლური ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობას ხელისუფლებაც აღიარებს.  გამომდინარე აქედან ოპონენტებზე ხელის გასაშვერად რჩება მხოლოდ მეორე ვარიანტი.

ამ შემთხვევაში, ბიძინა  ივანიშვილზე აქცენტს ვაკეთებ იმიტომ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ქველმოქმედებითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული საზოგადოების ნდობისა და მისი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, ის მესახება რეჟიმის შეცვლისა თუ დასუსტების რეალურ პოლიტიკურ ძალად. სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება, მისი და ყველა მასზე მიტმასნებული ოპოზიციაური ძალის რუსეთის აგენტობაში და არც იმის მწამს რომ,  მათ განზრახვა ჰქონდეთ კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად დააბრუნონ ქვეყანა რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე. მაგრამ, დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის პრორუსული ძალა და ხელისუფლება ცდილობს ნიღაბი ჩამოხსნას მას. რა ხდება, მიუხედავად ხელისუფლების ძალისხმევისა ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში?  პირველი – თუ ის დემოკრატიულ პროცესებს შეუწყობს ხელს და ხალხს დაუბრუნებს წართმეულ ძალაუფლებას თვითონ განკარგოს თავისი ბედი და თვითონ გაეკეთოს არჩევანი, ხალხი თვითონ განსჯის დაიტოვოს პრორუსული ძალა ხელისუფლებაში, თუ გაუშვას ის. მეორე –  ავტორიტარული მმართველობის შემთხვევაში კი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ის იძულებული იქნება იყიდოს საზოგადოების  ლოიალობა ან  შექმნას ახალი მტრის ხატი. მისი პრორუსული ორიენტაციის შესაბამისად ეს დასავლეთი უნდა იყოს , რაც საზოგადოების დღევანდელი განწყობების მიხედვით უტოპიურ სცენარს  წარმოადგენს.

თუ ხელისუფლება, იმიტომ გვაფრთხილებს რომ, ივანიშვილი შეძლებს ფულით იყიდოს ხალხის ლოიალობა რუსეთისადმი, აგვისტოს ომ გამოვლილი საზოგადოებისთვის ეს ნამდვილი შეურაცხყოფაა და ზოგიერთი სულგრძელის მოსყიდვის შემთხვევაშიც კი, ეს თვით ხელისუფლების შეურაცხყოფა იქნებოდა, რადგან მან ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ამ გამოცდილებისდა მიუხედავად ღირსების სანაცვლოდ ფულს დაყაბულდა. 

ჩემის ღრმა რწმენით, საქართველოში არ არსებობს საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც პრორუსულ ძალას შეუქმნიდა ნიადაგს ხელისუფლებაში მოსვლისა და არ არსებობს არცერთი რეალობის საღად აღქმის მინიმალური  უნარის მქონე პოლიტიკური ჯგუფიც კი, რომელსაც ამის ილუზია ექნებოდა.  თუ ამაზე ვთანხმდებით, მოვრჩეთ სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანის შიშით გამოწვეულ თავის მართლებასა და ერთმანეთზე თითის გაშვერას, რადგან ეს მხოლოდ აძლიერებს არსებულ რეჟიმს. მოვითხოვოთ ხალხს დაუბრუნდეს საკუთერი მომავლის განსაზღვრის უფლება და დამერწმუნეთ ის გააკეთებს ყველაზე საუკეთესო არჩევანს.

სტატია პირველად დაიბეჭდა გაზეთ ”რეზონანსში”.

Share on Facebook18Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*