რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება

Share on Facebook85Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

sopoავტორი: სოფო ჯაფარიძე, თბილისის სოლიდარობის ქსელის წევრი.

© European.ge

რატომ არ ვართ აქტივისტები

თბილისის სოლიდარობის ქსელი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შეიქმნა, ორგანიზების ახლებური კულტურის ჩამოყალიბების იმედით, დედაქალაქსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება წარსული მარცხების გადალახვას და ღრმა რწმენას იმისა, რომ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა ცვლილებებისთვის. საქართველოს არ აქვს ორგანიზების დიდი გამოცდილება, ხოლო განვთარებული ქვეყნებიდან შემოტანილმა „წინააღმდეგობის“ ფორმებმა ორგანიზებას „აქტივისტური“ ელფერი შესძინა. აქტივიზმის საფრთხე ის არის, რომ ადამიანები ეხვევიან მედიის დღის წესრიგზე რეაგირების დაუსრულებელ ციკლში და ავიწყდებათ იმ ხალხის პრიორიტეტების გამორკვევა, რომლებსაც თავად წარმოადგენენ. არანაკლებ დამაბრკოლებელია აქტივისტების ანგარიშვალდებულება დონორების მიმართ, რაც იწვევს უფრო საფუძვლიანი ორგანიზების უგულვებელყოფას სწრაფი და გაზომვადი შედეგების ჩვენების მიზნით. მატერიალურმა გარემოებებმა შექმნა მავნებელი დინამიკა, რომელშიც ბატონობს დონორების ფული და პიროვნული ამბიციები. ეს ამბიციები კი ხშირად მოუთოკავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედია არათანაბარ ყურდაღებას უთმობს სხვადასხვა საკითხს თუ ორგანიზაციას. დონორების საკითხს სხვა წერილს დავუთმობთ, ახლა გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი ხედვა საფუძვლიან ორგანიზებასთან დაკავშირებით და გაგაცნოთ თბილისის სოლიდარობის ქსელის საქმის ისტორიული საფუძვლები.

აი რა დაბრკოლებას აწყდება თბილისის სოლიდარობის ქსელი დასაქმებულების ორგანიზების ყოველდღიურ პროცესში: სააკაშვილის პრეზიდენტობისას, საქართველოს შრომის კოდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოუსადეგარი იყო. 2013 წელს, ახალი მთავრობის მოსვლასთან ერთად, პროფკავშირების ჩარევით და ევროინტეგრაციის მოთხოვნებით, შრომის კოდექსი მკვეთრად გაუმჯობესდა. თუმცა ამ ცვლილებების შესახებ არაფერი სმენია ქვეყნის მოსახლეობას. მათთვის არავის არაფერი უკითხავს, არ უთხოვიათ მონაწილეობის მიღება ან რაიმე სახით ჩართვა. დასაქმებულთა უმრავლესობამ არ იცოდა ამ პროცესის შესახებ. შესაბამისად,  ცვლილებები დაცლილია აზრისგან, რადგან მშრომელებს არ შეუძლიათ თავიანთი უფლებებით სრულფასოვნად სარგებლობა. რომელი უფლებები უნდა დაიცვან მათ თუ საერთოდ არ იციან რა უფლებები აქვთ? როდესაც პროფკავშირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ შრომის ქმედითი ინსპექციის შექმნას, რომელიც ძალას მისცემდა კოდექსს, თავად მშრომელები ვერ იაზრებენ მოთხოვნის მნიშვნელობას, რადგან არ აქვთ ზოგადი ცოდნა ამ პროცესების შესახებ. ხვალ რომ ახალი მთავრობა მოვიდეს და შრომის კოდექსი ისევ სააკაშვილის დროინდელს დაამსგავსოს, ხალხი დიდი ალბათობით არც შეეწინააღმდეგება.

წარმოვიდგინოთ განსხვავებული სცენარი: ხანგრძლივი და საფუძვლიანი ორგანიზების მეშვეობით, დასაქმებულები ჩაერთვებოდნენ შრომის კოდექსის შეცვლის და მისი გავრცელების პროცესში. შესაძლოა ასე კოდექსის დაკანონებას უფრო დიდი ხანი დასჭირვებოდა, სამაგიეროდ კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობის მიღება, საზოგადოებრივი პროცესის ნაწილად ყოფნა და ამ ბრძოლის გაშინაგანება მშრომელებში ჩამოაყალიბებდა ცოდნით და გამოცდილებით აღჭურვილ ძლიერ ბაზას, რომელსაც პირველ რიგში, ეცოდინებოდა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შინაარსი, შემდეგ აიძულებდა დამსაქმებელს კანონის დაცვას და საბოლოოდ მოითხოვდა შრომის ქმედით ინსპექციას.

საფუძვლიანი ორგანიზება მისისიპის დელტასთან      

“გვყავს ბევრი კაცი და ქალი, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ის, რაც თავად ისწავლა, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, რომელსაც შეუძლია გაუზიაროს სხვას სწავლის თავისი უნარი”ჯოზეფ ჰარტი.

ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის საორგანიზაციო სტრუქტურა იმეორებდა ოჯახის და ქრისტიანული შავკანიანი თემის სტრუქტურას, რომელიც აშკარად აგებული იყო წინამძღოლის და მიმდევარის ლოგიკაზე: მწყემსსა და ცხვარზე. ათწლეულების განმავლობაში ამ საზღვრებში მუშაობის გამოცდილებამ გააჩინა მოწინააღმდეგეები, რომლებმაც დაინახეს ამ მოდელის წუნები და დააარსეს ორგანიზების ახლებური – ეტაპობრივი განვითარების – ტრადიცია, რომელიც ეფუძნებოდა შეუპოვარი თვითგამორკვევის და პიროვნული  ქმედითუნარიანობის წახალისებას. ჰაილენდერის სახალხო სკოლა, რომელიც 1930-იან წლებში სამხრეთში პროფკავშირების ორგანიზებისთვის შეიქმნა, გადაიქცა მოსამზადებელ მოედნად, სადაც სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში ჩართული ადამიანები უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებებს უკეთესი და უფრო ძლიერი მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად. აქცენტი სხვათა განვითარების წახალისებაზე საკვანძო მნიშვნელობის იყო ლიდერობის ჰაილენდერისეული კონცეფციისთვის. სკოლის თანადამფუძნებელი, ჰორტონი ამბობდა: „ჩვენ უარს ვუცხადებთ ისეთ ლიდერებს, რომლებიც უბრუნდებიან ხალხს და მსჯელობენ მათ მაგივრად. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ გვინდა ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ერთმანეთს განვითარებაში და უზრუნველყოფენ ისეთ ლიდერობას, რომელიც თავის თავში იგულისხმებს სხვების გაძლიერებას.“

სამოქალაქო უფლებების მოწინავე ჯგუფი, რომელსაც სათავეში მარტინ ლუთერ კინგი ედგა – სამხრეთ ქრისტიანული ლიდერობის კონფერენცია (სქლკ) – ხშირად უპირატესობას ანიჭებდა კაცებს ქალებთან მიმართებაში და განათლებულ საშუალო კლასს გაუნათლებელ საშუალო და დაბალ კლასთან მიმართებაში. რასაკვირველია, ამგვარი აქტივიზმის მოწინააღმდეგეები ძირითადად ქალები იყვნენ. სწორედ ქალები იყვნენ  ყველაზე მეტად ჩართულნი ორგანიზებაში სქლკ-ში და არანაკლებ მნიშვნელოვან ჯგუფში – NAACP-ში. მთავარი მოწინააღმდეგე იყო ელა ბეიკერი, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის საუკეთესო ორგანიზატორი. ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებით, მან დაასკვნა, რომ ადამიანებმა პასუხისმგებლობით და აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა თავისივე გათავისუფლებაში. როდესაც ხალხი არ არის ძლიერი იქ, სადაც ცხოვრობს, ქარიზმატული ლიდერის დაკარგვასთან ერთად მთელი პროგრესი იკარგება. თუ სწავლის, ზრდის და ბრძოლის უნარი ზედაპირულია და არ არის გაშინაგანებული, ცვლილებებს ეცლება საფუძველი და ახალი ლიდერი მარტივად იხელთებს მათ.

ელა ბეიკერი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა NAACP-ში (ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაცია), მაგრამ უკმაყოფილო იყო ორგანიზაციის საქმიანობით, რადგან ყურადღება ეთმობოდა საშუალო კლასის შავკანიანთა უმცირესობას, რომელიც სასამართლოებში კანონიერი ბრძოლით იყო დაკავებული. ამგვარად, მივიწყებული იყო მოძრაობის წევრთა უმეტესობა და შავკანიანი მოსახლეობა ზოგადად. ხალხის როლი ასეთ სისტემაში მხოლოდ ლეგალური გამარჯვებების გულშემატკივრობით შემოიფარგლებოდა, ხოლო მოედნის საზღვრებს შიგნით შემოსვლა არ იყო მიღებული. ელა ბეიკერს სურდა NAACP-ის განშტოებების გაძლიერება; შეხვედრების და კონფერენციების მოწყობა ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოძრაობის მივიწყებული ნაწილისთვის იყო მნიშვნელოვანი. ის ასევე ცდილობდა ადამიანების ამომრჩევლებად დარეგისტრირებას იმ სოფლებში, რომლებსაც საერთოდ არ ეთმობოდა ყურადღება. საბოლოოდ, ელამ უარყო სქლკ, რომელიც მთლიანად გადაერთო დიდ მსვლელობებზე მარტინ ლუთერ კინგის ლიდერობით და მედია კამპანიებზე, რომლებიც საშუალო კლასის თეთრკანიანებზე იყო გათვლილი. მას სურდა ორგანიზება ყველა საფეხურზე; სკოლებიდან სოფლებამდე, ადგილობრივების ჩართულობით. ყურადღებას ამახვილებდა ქალებსა და ახალგაზრდებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნამდვილად წარმოადგენდნენ მოძრაობის საყრდენს. თითქმის მთლიან სამუშაოს ქალები ასრულებდნენ (ისინი ამუშავებდნენ ეკლესიებს), ხოლო ახალგაზრდები იდგნენ დაუმორჩილებლობის წინა ხაზებზე და იღებდნენ პასუხისმგებლობას იმ რისკებზე, რომლებსაც თეთრაკნიანთა უპირატესობასთან დაპირისპირება შეიცავდა. ელას უარი განუცხადა როგორც სქლკ-მ, ასევე NAACP-მ, მარტინ ლუთერ კინგი კი საერთოდ ვერ იტანდა მას. ელამ ერთხელ თქვა:

„ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩაგრულების დამოკიდებულება ლიდერზე მნიშვნელოვანი ნაკლი იყო. ჩვენს კულტურაში, ქარიზმატული ლიდერი იქცევა ლიდერად რადგან საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. ჩვეულებრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შექმნა მედიამ და მედიასვე შეუძლია მისი განადგურება. ასევე საშიშია, როდესაც ადამიანი, რომელსაც იწვევენ საჯაროდ სალაპარაკოდ და ძალაუფლების პირები მას აღარებენ, თვლის რომ თავად არის მოძრაობა. ასეთი ადამიანები იმდენად ღრმად ეხვევიან მნიშვნელოვანი ფიგურის თამაშში, რომ ეცლებათ ძალა და საერთო ჯამში არ ასრულებენ ნამდვილ საქმეს – ადამიანების ორგანიზებას.“

ელა ბეიკერმა სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი ორგანიზაცია – სტუდენტების მშვიდობიანი კოორდინაციის კომიტეტი (სმკკ/SNCC – გამოთქვამდნენ „სნიკი“). ეს ჯგუფი ამოიზარდა 1960-იან წლებში საჯარო სივრცეების დესეგრეგაციისთვის გამართული პირდაპირი მოქმედებებიდან. ჯგუფი მსჯელობდა – გაეგრძელებინა პირდაპრი მოქმედებები თუ დაერეგისტრირებინა ამომრჩევლები სამხრეთში – საბოლოოდ გადაწყდა ორივე მიმართულებით მუშაობა. ბეიკერმა იცოდა, რომ სამხრეთში, ამომრჩევლების დარეგისტრირება და პირდაპირი მოქმედება ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული – პირდაპირი მოქმედების გარეშე ამომრჩევლების დარეგისტრირება შეუძლებელი იყო. ჯგუფი დაფუძნდა მისისიპის დელტას გარშემო, იქ სადაც სამოქალაქო უფლებების მოძრაობის არც ერთი ჯგუფი არ არსებობდა და ასეთი საქმიანობისთვის ყველაზე რეპრესიული გარემო იყო. მონურ პირობებში მცხოვრები მოიჯარე-მონახევრეების გააქტიურებას და მათ ჩართვას თეთრკანიანთა უპირატესობასთან ბრძოლაში სწორედ ისეთი ორგანიზება სჭირდებოდა როგორზეც ელა ბეიკერი საუბრობდა. შავკანიანების ამომრჩევლებად დარეგისტრირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზების გრძელვადიან, სახალხო, საერთო, უკომპრომისო და მებრძოლი ხასიათის მოდელს. უნდა გვახსოვდეს, რომ თეთრკანიანები ხშირად კლავდნენ შავკანიანებს დარეგისტრირების გამო. ადგილობრივ შავკანიანთა უმეტესობას არც ჰყავდა ნანახი ისეთი შავკანიანი, რომელსაც არ ეშინოდა თეთრკანიანის და იბრძოდა საკუთარი უფლებებისთვის. ასეთი ადამიანების დანახვამ დაძრა ცვლილებების პროცესი. სმკკ-ს წევრებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ რასისტები, არაერთი მოკლეს კიდევაც, მაგრამ მოძრაობა მაინც აგრძელებდა შავკანიანთა დარეგისტრირებას. ჯგუფი თავიდან ბოლომდე ჩაება ადგილობრივების ყოველდღიურობაში; ისინი ცხოვრობდნენ და შრომობდნენ იმ ადამიანების მხარდამხარ, რომელთა ორგანიზებასაც ცდილობდნენ.

მიღებული გამოცდილების ნიადაგზე სმკკ-მ გადაიაზრდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის მიერ ათვისებული მშვიდობიანი მიდგომა და შეიარაღდა, რადგან სამხრეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიარაღება გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. მშვიდობიანი მიდგომის სტრატეგიული მნიშვნელობა მდგომარეობდა თეთრკანიანი რასისტების და პოლიციის ძალადობის ჩვენებაში მედიასაშუალებებით, ის გათვლილი იყო საშუალო კლასის თეთრკანიან დამკვირვებელზე, რომელშიც მას თანაგრძნობა უნდა გამოეწვია. მაგრამ სამხრეთში, სადაც არავითარი ტელეკამერა არ იყო, იარაღის ტარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა – როდესაც ღამე რასისტები შავკანიანი ოჯახების დასაწვავად და დასახვრეტად გამოდიოდნენ, უიარაღობა სიკვდილის ტოლფასი იყო. ხშირად ოჯახები, რომლებიც სმკკ-ს კადრებს მასპინძლობდნენ, ღამ-ღამობით შეიარაღებულები მონაცვლეობით დარაჯობდნენ სახლს.

სმკკ-მ წარმატებით შეძლო თეთრკანიანთა დემოკრატიული პარტიის ალტერნატივის შექმნა მისისიპის თავისუფლების დემოკრატიული პარტიის სახით (MFDP). ამან შეარყია თეთრკანიანთა ბატონობა პოლიტიკაზე სამხრეთში და საბოლოოდ აიძულა პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი აემოქმედებინა სამოქალაქო უფლებების აქტი. გამოჩნდნენ ადგილობრივი ლიდერები (ძირითადად ქალები), ჩამოყალიბდა სტუდენტური აქტივიზმის კულტურა და რაც მთავარია, ნათელი გახდა, რომ თანმიმდევრული ცვლილებები მოაქვს ხანგრძლივ, საფუძვლიან ორგანიზებას და არაერთჯერად პროტესტებს და მედიაში გამოჩენას.

ამიტომ, ბრძოლაში ფუნდამენტური, გრძელვადიანი და ტრანსფორმაციული ცვლილებისთვის – ეს კი ერთადერთი ნამდვილი ცვლილებაა – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საფუძვლიან ორგანიზებას ყველა საფეხურზე. თბილისის სოლიდარობის ქსელი ამ იდეებისგან წარმოიშვა. ცხადია ჩვენ არ გვიწევს რასიზმის საუკუნოვან სასტიკ რეჟიმთან გამკლავება, სამაგიეროდ შეგვიძლია გავიაზროთ სმკკ-ს გამოცდილება და მოვარგოთ ის ქართულ კონტექსტს. ნაცვლად ლეგალურ ბრძოლებში, ზედაპირულ ერთჯერად პროტესტებში და ლიდერის ფიგურაზე აგებულ მოძრაობებში ჩართვისა, უნდა შევაღწიოთ ღრმად იქ, სადაც ცხოვრობენ და შრომობენ რიგითი ადამიანები, გავიგოთ რა სჭირდებათ მათ და დინჯად და მტკიცედ ვასწავლოთ მათ ორგანიზება. ისე, რომ არ გავაძლიეროთ მედიასა და ლიდერებზე დაფუძნებული კულტურა. ელა ბეიკერი აღნიშნავდა, რომ ლიდერები მოიპოვებენ ამ სტატუსს არა იმიტომ, რომ ხალხთან აქვთ კავშირი, არამედ იმიტომ, რომ მათ სპონტანურად ქმნის მედია.

ასეთი მოდელის თავიდან ასაცილებლად ჩვენ ვცდილობთ ადამიანების ჩართვას ორგანიზების ყოველდღიურ პრაქტიკაში, ყურადღებას ვამახვილებთ მათ მონაწილეობაზე, ნაცვლად მათივე პრობლემების მათ მაგივრად მოგვარებისა. ვცდილობთ წავახალისოთ ადამიანების ინდივიდუალური ქმედითუნარიანობა და პასუხისმგებლობა. გვჯერა, რომ სოლიდარობის და მხარდაჭერის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ ძალის აღმოჩენა საკუთარ თავში და ეს გაშინაგანება მათ გააძლიერებს და მოამზადებს იმ წინააღმდეგობების გადალახვისთვის, რომლებიც მათ ელოდება.

ეს წერილი სტატიების ციკლის დასაწყისია. ამ სტატიებში გაგაცნობთ ჩვენს პოლიტიკურ ხედვებს და ორგანიზების გამოცდილებებს. იმედი გვაქვს, რომ ამ წერილმა დაგაინტერესათ და სიამოვნებით დაველოდებით თქვენს აზრებს, რათა უკეთესად შევძლოთ ხედვის ჩამოყალიბება ჩვენს ერთობლივ საქმეზე.


წერილი პირველად გამოქვეყნდა თბილისის სოლიდარობის ქსელის ვებგვერდზე.

Share on Facebook85Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.