საქართველო დიდწილად არის დამოკიდებული პოსტსაბჭოთა წარსულზე. განვლილი ორი ათწლეულის მანძილზე მუდმივად მარკეტიზაციისა და ლიბერალიზაციის პროცესები მიმდინარეობდა. ამ რეალობამ ბუნებრივია სერიოზული გავლენა იქონია სოციალურ პოლიტიკაზე. შეცვლილმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა, ის სოციალური და ეკონომიკური მექანიზმები მთლიანად მოარღვია, რომლებიც სოციალური პოლიტიკის პრაქტიკაში მუშაობას უზრუნველყოფდნენ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვითარება ცვლილებას იწყებს. ახალი მთავრობა აღიარებს არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ცდილობს სოლიდარულ პრინციპზე აგებული პოლიტიკა განახორციელოს. ეს თვალშისაცემია სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის, უფასო წიგნების და სხვა სოციალური ინიციატივების სახით. თუმცა, მიუხედავად ვექტორის ასეთი ცვლილებისა, ვერ ვიტყვით, რომ დღეს საქართველოში არსებობს სოლიდარობის პრინციპზე მოქმედი გამართული ინსტიტუტები და ეფექტურად მოქმედი მექანიზმები.
მიუხედავად ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვისა და ამ გზაზე მიღწეული წარმატებებისა, საქართველო სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტში ჯერ კიდევ შორსაა ცნობილი ევროპული სოციალური მოდელისგან, რომელიც ომის შემდგომი ევროპის სწრაფი რეკონსტრუქციის და ეკონომიკური ბუმის საფუძველი გახდა.
რას ნიშნავს ევროპის სოციალური მოდელი? ხშირად მას ამერიკულ ცხოვრების წესსა და ამერიკული ოცნების კონცეფციას უპირისპირებენ. თუმცა უფრო კონკრეტულად ის რამოდენიმე ასპექტს მოიცავს.
პირველ რიგში, ის დაფუძნებულია ფუნდამენტურ სამოქალაქო უფლებებზე, რაც ღირსეული დასაქმებისა და გაერთიანებებში გაწევრიანების უფლებას მოიცავს.
მეორე: ეს არის მთავრობა, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს სრული დასაქმება, აქვს აქტიური როლი ეკონომიკაში – შრომის ბაზრის მართვაში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობით.
მესამე: ევროპის სოციალური მოდელი გამოირჩევა მენეჯმენტსა და შრომას შორის დიალოგის მაღალი ხარისხით, რაც ხორციელდება სოციალური დიალოგის მექანიზმის გამოყენებით, სადაც აქტიურად არიან ჩართული დამსაქმებელთა წარმომადგენლები და პროფესიული კავშირები.
მეოთხე: ეს არის პროგრესული საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სიმდიდრის სამართლიან, სოლიდარულ და ეფექტურ რედისტრიბუციაზე.
მეხუთე: შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა მრავალფუნქციური და ძლიერი შრომის ინსპექციის მეშვეობით.
მეექვსე: უმუშევრობისა, სოციალური დაზღვევისა და დაცვის პროგრამები.
და ბოლოს: თაობებს შორის სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სისტემები.
ევროპის ქვეყნები ამ სოციალური მოდელის სხვადასხვა ასპექტებს აქცევენ გამორჩეულ ყურადღებას, ამის მიხედვით გამოიყოფა ოთხი ტიპის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო. ნორდიკული, ბრიტანული, კონტინენტური და სამხრეთ ევროპული (ხმელთაშუა ზღვის).
მიუხედავად დეკლარირებული მიმართულებისა, სოციალური სახელმწიფოსკენ და სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის არსებობისა, როგორც გამოჩნდა საქართველოს ძალიან სერიოზული ჩამორჩენა აქვს ამ მიმართულებით ევროპასთან. საინტერესო იქნება იმის გაანალიზება, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით ამჟამად და რა გზით უნდა გავაგრძელოთ განვითარება.
დღეისთვის მმართველობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ჯერ კიდევ 5–6 წლის წინ, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯები სოციალური დანიშნულებით (განათლება და მეცნიერება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა) მთელი საბიუჯეტო ხარჯების 1/3–ს არ აღემატებოდა. 2016 წლის ბიუჯეტში ასეთი ხარჯები 48 % ს შეადგენს. თუმცა, ევროპულ სტანდარტთან შედარებით ეს მაჩვენებელი კვლავ მცირეა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები სოციალურ ხარჯებზე დაახლოებით ბიუჯეტის 70%-ზე მეტს ხარჯავენ.
მიუხედავად სოციალური ინიციატივებისა საქართველოში, მთავრობას თითქმის არ აქვს ეკონომიკური პოლიტიკა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გრძელდება ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მანტრა სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩაურევლობის შესახებ. ევროპის ქვეყნებში კეთილდღეობის სახელმწიფოები და სოციალური დაცვის სისტემები სწორედ სოციალური სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკით ჩამოყალიბდა. ვითარება, როდესაც ერთმანეთის პარალელურად არსებობს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და მზარდი სოციალური პროგრამები არ არის ნორმალური და რაც მთავარია, ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავად ამ პროგრამების განხორციელებას, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში.
საქართველოში, მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა 2012 წლის შემდეგ, სერიოზული პრობლემები არსებობს მენეჯმენტსა და შრომას შორის ურთიერთობებში. მიუხედავად სოციალური დიალოგის პრაქტიკის დანერგვისა, ის ეფექტურად ვერ ფუნქციონირებს, რასაც ბევრი მიზეზი აქვს, დაწყებული ამგვარი ინსტიტუტის ფუნქციონირების ტრადიციის არარსებობით, მათში მონაწილე აქტორების არასაკმარისი სიძლიერისა და მთავრობის არასრული პოლიტიკური ნებით დამთავრებული.
ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ე.წ. ბრტყელი საგადასახადო სისტემა თვიურად 20% საშემოსავლო გადასახადის სახით. არა მარტო ეს, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს 2009 წლეს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით მიღებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი. აქტის თანახმად, გადასახადებში ცვლილებების შესატანად აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება. აგრეთვე, ხარჯების მშპ–თან შეფარდება არ უნდა აღემატებოდეს 30%–ს, მაშინ როდესაც ევროპაში აღნიშნული მაჩვნებელი საშუალოდ 40% მეტია და ბევრგან 50 მდეც ადის. საგრეო ვალის შეფარდება მშპ–თან არ უნდა აღემატებოდეს 60 % ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 3%–ს.
ასეთი ნორმები ცალსახად სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს სოციალური რეფორმების განხორციელებისას და აგრეთვე მნიშვნელოვნად ზღუდავს პარლამენტისა და მთავრობის დამოუკიდებლობას ფისკალური პოლიტიკის წარმოებისას. პროგრესული გადასახადებისა და სტიმულირებაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია სოლიდარული და სოციალურად ორიენტირებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნა.
ბოლო პერიოდში მუდმივი დისკუსიის საგანს წარმოადგენს აგრეთვე შრომის ინსპექციის არსებობის საკითხი. დაახლოებით 6 თვეა საქართველოში ფუნქციონირებს შრომის ინსპექცია თუმცა მას არ აქვს უფლება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმოს ობიექტები, გამოწეროს სანქცია დარღვევაზე. საუბარი აღარაა შრომითი უფლებების დარღვევის ინსპექტირებაზე. ამგვარ ლიმიტირებულ ფაქტიურად დეკორატიულ ინსტიტუტს ბუნებრივია არანაირი საერთო არ აქვს ევროპულ სოციალურ მოდელში არსებულ შრომის ინსპექციასთან. ეს საკითხიც ერთ–ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ამ მიმართულებით დღესდღეობით საქართველოში.
საქართველოში აგრეთვე არ მოქმედებს უმუშევრობის დაზღვევა, ამასთან ერთად არ არსებობს მთავრობის მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა რომელიც მიმართული იქნება უმუშევრობის შემცირებისკენ. ამ ვითარებაში ბუნებრივია სახეზე გვაქვს უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი. ერთადერთ მექანიზმად რჩება სოციალური დაზღვევის პროგრამა ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის. თუმცა, ეს თანხები ფაქტიურად არაუკუგებადი ხარჯებია და მთავრობის ამოცანა უნდა იყოს დასაქმებისკენ მიმართოს ეს თანხები რათა შეამციროს სოციალური დაზღვევის ხარჯები, დაახლოებით ნორდიკული მოდელის მაგალითის მიხედვით.
ბოლოს საქართველოში ჯერ კიდევ არ განხორციელებულა საპენსიო რეფორმა. ჯერ კიდევ არ გადავსულვართ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. არსებობს გეგმები ტრანზიციისა თუმცა ეს გეგმაც აჩენს კითხვებს თუ რამდენად იქნება დაცული მასში თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპი, რაც ფუნდამენტურია ევროპული სოციალური მოდელის მიხედვით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე არსებობს სერიოზული პრობლემები, რომლებიც მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა მთავრობისა და საზოგადოების მიმდინარე გამოწვევებს წარმოადგენენ. ევროპასთან დაახლოების პარალელურად უნდა დაჩქარდეს ნაბიჯები ევროპულ სოციალურ მოდელთან დასაახლოებლად. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მოდელი იდეალურია. თვითონ ევროპაში ის სერიოზულ კრიზისს განიცდის 80–იანი წლებიდან მოყოლებული. მოგვიანებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა პრობლემები, კონტრასტები სოციალურ პოლიტიკაში და უთანასწორობა. თუმცა, მიუხედავად ამისა ჩვენი განვითარების მიმართულება სწორედ ამ იდეალური ტიპის ევროპული სოციალური მოდელისკენ უნდა იყოს ჩვენთვის უფრო შესაფერისი და საჭირო შესაძლო მოდიფიკაციებით.
აქვე შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რა სახის კაპიტალიზმის და სოციალური მოდელის გავრცელებას ახდენს თავად ევროკავშირი მასში გაწევრიანების მოსურნე მეზობლებთან? არსებობს მოსაზრება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს მოდელი არის უფრო ლიბერალური ორიენტაციის ანგლო–საქსური მოდელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს ერთიანი მწყობრი სახის კეთილდღეობის რეჟიმები. პოსტსაბჭოთა რეფორმების უპირატესად საბაზრო ორიენტაციის გამო ძირითადად უფრო ლიბერალური მოდელები ჩამოყალიბდა. თუმცა, ყველა ქვეყანას შეუძლია აირჩიოს თავისი პრიორიტეტები და მისი განსაზღვრა დიდწილად შიდა პოლიტიკისა და პოლიტიკური ელიტის საქმეა.
საქართველოში დაწყებული ცვლილებებიც ამის მაგალითია. 2012 წლამდე ჩვენ ხელისუფლებაში გვყავდა აგრესიული ნეოლიბერალური რეჟიმი. თუმცა მთავრობის ცვლილების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა პოლიტიკის მიმართულება სოციალური მოდელის თვალსაზრისით. ამჟამად ჩვენ გვაქვს ერთგვარად ჰიბრიდული კეთილდღეობის რეჟიმი, რომელიც ინერციის და ბოლო ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ჰეგემონური შეხედულებების გავლენით დიდწილად საბაზროა. თუმცა ამის პარალელურად გვაქვს მძლავრი პატერნალისტური ელემენტები, რომელიც აღიარებს მთავრობის სოციალურ პასუხისმგებლობას და რისი მაგალითებიც არის ბიუჯეტის მოდიფიცირება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
საკმარისი იქნება თუ არა ეს პატერნალისტურ–ჰიბრიდული კეთილდღეობის რეჟიმი ქართული კეთილლდღეობის სახელმწიფოს ფორმირების? სოციალური და სოლიდარული სახელმწიფოსა და საზოგადოების შესაქმნელად ეს მომავლის საკითხია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, თუ როგორი სოციალური მოდელი გვექნება, დამოკიდებულია ქართველი ხალხის სურვილზე და ამჟამინდელ და მომავალ პოლიტიკურ ელიტაზე.