’რადიკალი’ სტუდენტები ირჩევენ ’ნაცმოძრაობას’

სადაც ხელისუფლებამ ძალაუფლება სახალხო არჩევნების რაიმე ფორმით მოიპოვა, თაღლითობით თუ მის გარეშე, და ინარჩუნებს თუნდაც მოჩვენებით კონსტიტუციურობას, პარტიზანული ამბოხი არ შეიძლება მხარდაჭერილ იქნას, რადგან მშვიდობიანი ბრძოლის შესაძლებლობა ამოწურული არაა.
 
ჩე გევარა
 
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში(ალბათ სხვაგანაც) მომრავლდა მოთქმა-ვიში, ინფანტილური ფერხულები და ნიჰილისტურ-ცინიკური ’ღრმააზროვნება’ არჩევნების წინააღმდეგ.
 
საკითხით დაინტერესებულ ადამიანთა ერთი ნაწილი უარყოფს ყოველგვარი ცვლილების შესაძლებლობას. მათი აზრით, ეს სისტემა – ცუდი სისტემაა, და მართლა პატიოსანი ადამიანები მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ არჩევნებში. ჩემი აზრით, ერთადერთი, რის ილუსტრირებასაც ეს მტკიცება ახდენს –  შიში და საკუთარი თავისადმი უნდობლობაა, თუმცაღა ყველაფერი ეს რატომღაც ‘კეთილშობილურ რადიკალიზმად’ და ‘უკომპრომისობად’ საღდება. რას იტყვიან სხვები? ხომ არ ჩათვლიან, რომ გავიყიდეთ? თუკი ავირჩევთ იმას, ვისაც მართლა ვენდობით, ხომ არ გახდება ცოტა ხანში ისიც ისეთივე, როგორც ‘ნაცმოძრაობასათან’ ასოცირებული ‘თვითმმართველები’? ვინ უნდა ავირჩიოთ? ვიცით, რა გვინდა? გვაქვს კი მოქმედების გეგმა?’ – აი რეალური შეკითხვები ამ ‘პოზიციის’’ მიღმა.  რა თქმა უნდა, ამ შიშებს საფუძველი აქვს. მაგრამ დიდი ხანია ცნობილია სწორი მოქმედების შანსის გაჩენის გზა: ვმოქმედებთ შიშის გათვალისწინებით, და არა – შიშის კარნახით.სიფრთხილითა და წინდახედულებით, სერიოზულობითა და გამბედაობით, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომით შესაძლოა რაიმე შევცვალოთ კიდეც. შეიძლება – ვერც. მაგრამ შიშის კარნახით მოქმედებით რომ ვერასდროს ვერავინ ვერაფერი შეცვლა უკეთესობისკენ – ეს უბრალოდ ფაქტია.
 
პოლ ვალერი ამბობდა: ‘სუბიექტური სიზუსტის სამყაროს დასანგრევად საკმარისია ობიექტური სიზუსტის ერთი ატომი’. იმისათვის, რომ სისტემაში ცვლილება დაიწყოს,  საჭიროა ამ სისტემაში მისთვის გარეშე, აქამდე უცხო აგენტი გაჩნდეს. უნივერსიტეტის რომლებიც სისტემებს, სისტემათა თეორიას სწავლობენ(ან თუნდაც ომის ხელოვნებას), ეს კარგად უნდა იცოდნენ. ეს აგენტი იმუნური უნდა იყოს სისტემის გავლენისადმი, და ამ ’გარეშეობის’ შენარჩუნება უნდა შეეძლოს. ამის საუკეთესო წინაპირობაა, რომ მისი კავშირის ’გარესთან’ – იმ სტუდენტებთან, რომელთაც წარმოადგენს, რომლებთანაც კონტრაქტითაა დაკავშირებული და რომელტა წინაშე ანგარიშვალდებულია, უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მისი შიდა კავშირები უკვე არჩეულ თვითმმართველობაში  
 
თუ სისტემა – ერთპიროვნულად იმართება, დომინანტურ იერარქიას ეფუძნება, ზემოდან ქვემოთ დირექტივებით მოქმედებს –  მასში ისეთი ადამიანის მოხვედრა, რომელიც არ ცნობს სისტემის შიდა იერარქიას და ვერ იმართება ‘ცენტრიდან’ (იმიტომ რომ სხვა ‘ცენტრიდან’ –ამომრჩეველი სტუდენტების მიერ იმართება) – არსებითად ცვლის სისტემის ხასიათს. როგორც ერთი თვალით უხილავი ვირუსი ცვლის ორგანიზმის, როგორც სისტემის ხასიათს. თუ ასეთი სტუდენტი ორი იქნება – მეტი შანსი ჩნდება ბზარის გაფართოებისა და რეალური წარმატებისათვის. და ა.შ.
 
წარმოიდგინეთ თვითმმართველობის კრებაზე სტუდენტი, რომელიც უპირობოდ არ იღებს შეთავაზებულ დღის წესრიგს და საკუთარი (ამომრჩეველთა მიერ განსაზღვრული) საკითხები შეაქვს მასში; რომელიც მუდმივ კავშირშია სხვა სტუდენტებთან, იცის მათი არსებითი პრობლემები და აყენებს მათ თვითმმართველობის და ადმინისტრაციის წინაშე; მზადაა ყველა კანონიერ გზას მიმართოს ამ პრობლემათა გადასაჭრელად; რომელიც იბრძვის სტუდენტთა მონაწილეობისათვის გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცედურაში, ეხება ეს ბიუჯეტს თუ მშენებლობის დაგეგმვას, აკადემიურ ნაწილს თუ კულტურულ ღონისძიებებს, წიგნების თარგმნას თუ ადმინისტრაციულ სანქციებს, სტიპენდიების განაწილების წესს თუ სწავლის საფასურის საკითხს… საჯაროს ხდის განხილვის ყველა თემას და მონაწილეთა არგუმენტაციას, ხოლო როცა დარწმუნებულია თავის სიმართლეში, რომელიც კრებაზე – ვერ გავიდა -მიმართავს მედიას, ან თუ ეს საჭიროა –  წინა რიგებში დგას საპროტესტო აქციებისას. ვფიქრობ, რომ ერთ ასეთ სტუდენტს შეუძლია უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი შექმნას. პრეცედენტი კი, განსაზღვრებით ისაა, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ და შემდეგი, უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ.  სამწუხაროა, რომ ზოგიერთები მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ ამ შანსზე, რადგან – ‘მაინც არაფერი შეიცვლება’.
 
 
თუ სტუდენტები თავისუფალი იქნებიან შიშისაგან, სრულად იქნებიან ინფორმირებულნი ვითარების, ინტერესთა ჯგუფების და კანდიდატების  შესახებ, მაშინ აირჩევენ ასეთ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტრაქტით იქნებიან დაკავშირებულნი, და რომლებიც თუნდაც მცირე, მაგრამ რეალური საქმის გაკეთებას შეძლებენ. ამ საქმეების გამოცდილება, მათი წონა და ფასი  არა მხოლოდ სტუდენტთათვის – მთელი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
 
დღეს არჩევნებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირება მხოლოდ ძალაუფლების მპყრობელთა ინტერესებშია. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად – ნიჰილისტები და ცინიკოსები ხელისუფლებას ემსახურებიან. 
 
რა თქმა უნდა, თუკი უკეთეს პერსპექტივას არ გვთვაზობენ. ფიქრი მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მოძრაობაზე, როცა სტუდენტები და პროფესორები ერთად ახდენდნენ სასწავლებლების ოკუპირებას და რევოლუციისა და რადიკალური განახლების დროშებს ფენდნენ ფანჯრებიდან – სასიამოვნოა. მაგრამ ვინც დღევანდელ სიტუაციას ფხიზელი მზერით უმზერს, იცის, რომ მოცემულ მომენტში ეს საქართველოში შეუძლებელია. ეს მომენტი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს – ან სისტემის მიერ დაშვებული მიუტევებელი შეცდომის, ან – რაც ნაკლებ სავარაუდოა – მასობრივი გასხივოსნების წყალობით. მაგრამ სანამ იმ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელშიც ვცხოვრობთ, რომანტიკა, რომელიც ყოველდღიური მშვიდობიანი ბრძოლის შესაძლებლობის დისკრედიტაციას ცდილობს – პოლიტიკისა და საზოგადოების ცხოვრების მთავარი მტერია. ხოლო ’გასხივოსნება’- მხოლოდ რუტინული ყოველდღიური შრომის შედეგი შეიძლება იყოს.
 
ზოგჯერ ვითარებას ართულებს სიტუაციაში არსებითი გაუცნობიერებლობა. ზოგიერთები ამბობენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა საერთოდ არაა საჭირო. საკმარისია მრავალი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც დამოუკიდებლად იბრძოლებენ პროექტების განსახორციელებლად, გრანტებისთვის და ა.შ. მაგრამ  გრანტებისთვის ბრძოლა საერთოდ არაა თვითმმართველობის ამოცანა.  ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს მეთოდი აკრძალული არაა, მაგრამ ეს მხოლოდ მეთოდია მიზნის მიღწევის, და არა  – მიზანი! თვითმმართველობის არსებობა არაფრით არ გამორიცხავს სხვადასხვა მცირე ჯგუფების არსებობას. პირიქით! ასეთი მრავალფეროვნება სწორედ ძლიერი თვითმმართველობის წინაპირობაა! თუკი მრავალი ამა თუ იმ ინტერესით გაერთიანებული ჯგუფი შეიქმნება, საბოლოოდ სწორედ ეს ჯგუფები წარადგნენ თავის წარმომადგენლებს თივთმმართველობაში. ხოლო თვითმმართველობის ფუნქცია არაა სტუდენტების მიერ – ‘საკუთარი თავის მართვა’. მით უმეტეს, ინტერესის რაიმე ვიწრო სფეროზე ან დარგზე ფოკუსირება. არამედ – სტუდენტების მონაწილეობა ზოგადად უნივერსიტეტის მართვაში. კერძოდ – ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც რამენაირად აისახება სტუდენტების ბედზე.
 
თუკი თუნდაც ერთი პატიოსანი, მებრძოლი, რაც მთავარია:  სტუდენტებთან კონკრეტული პასუხისმგებლობებით დაკავშირებული (კონტრაქტი) სტუდენტი მოხვდება თვითმმართველობაში – ეს უკვე მცირე, მაგრამ მაინც ბზარია სისტემაში. თუ ასეთი სტუდენტი არსებობს – საღად მოაზროვნე ახალგაზრდები მის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდნენ. თუ არ არსებობს: უნდა შევეშვათ ნაცმოძრაობაზე, სისტემაზე, ჩინოვნიკებზე -ყოველთვის ყველგან  მხოლოდ და მხოლოდ სხვებზე წუწუნს და ჩივილს, და საკუთარი უმწეობა დავიტიროთ. საკუთარი სისუსტის აღიარება, განცხადება, რომ პოზიცია და მისი გამომხატველი ადამიანები არ გვყავს, ან საკმარისი ძალა არ გვაქვს – სულ მცირე, პატიოსანი საქციელია, და კარგი სასტარტო პირობა მუშაობის დასაწყებად. მაგრამ არ ღირს ამის – ’პრინციპულ პოზიციად’ გასაღება. პრინციპული არ არჩევა – არჩევანის გაკეთების ფორმაა, და სამწუხაროდ  ამ შემთხვევაში ეს იქნება თვითმმართველობაში ნაცმოძრაობის აქტივისტთა ’ნეგატიური არჩევა’. თუ არც კანდიდატი გვყავს, და არც მონაწილეობას ვიღებთ –სტუდენტური ‘თვითმმართველობის’ ‘ნაციონალიზაცია’ – მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილებაა, და პასუხისმგებლობაც მხოლოდ ჩვენ გვეკისრება.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ