ქართული ტურიზმის ბრწყინვალება და სიღატაკე

მაია ჩიკვაიძე

ახლადგახსნილი სასტუმრო ყაზბეგში. ყველაფერი ხით არის მოპირკეთებული;  ხის სასიამოვნო სუნითაა სავსე. პანორამული ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლება – გერგეტის სამება და მის თავზე აზიდული მყინვარწვერი. ხის იატაკიანი ვერანდა  წნული სავარძლებით,  ხის ტაბლებით და დიდი, დეკორატიული ქოთნებითაა გაწყობილი . სასტუმროს მობინადრენი საღამოოობით აქ სხედან,  სასმელს შექცევიან,  კავკასიონის ცქერით ტკბებიან. ფოიე , დიზაინერების ჩანაფიქრით, ბიბლიოთეკას  წარმოადგენს: დიდი ბუხარი,  ფიცრებისგან აწყობილი, რკინის ბორბლებიანი  სტელაჟები, წიგნის კარადები მისადგმელი კიბით, წნული  სავარძლები, ინგლისური კაბინეტის ტახტები  და პუფები; თხელი პლედები სრული კომფორტისთვის , ( 1.740 მეტრის სიმაღლეზე ყოველთის შეიძლება შეგცივდეს).  ამას დაუმატეთ უჩუმრად მოსიარულე მომსახურე პერსონალი, ყავის სუნი და  წიგნები სამ ენაზე.

მართლაც შესანიშნავად იმუშავეს დიზაინერებმა – ნატა ჯანბერიძემ და ქეთი თოლორაიამ, როცა  ბიზნესმენ თემურ უგულავას ახალი, 156 ნომრიანი  სასტუმრო Rooms Hotel  Kazbegi ,  იგივე „რუმს  ყაზბეგის“   სტილისტიკა შეიმუშავეს და საბჭოთა დროინდელ, სტანდარტულ  ტურბაზას არტისტული იერი მიანიჭეს.

სასტუმროს გახსნა, ხელისუფლებამ,  ჩვეულებისამებრ,  მეტისმეტად იჩქარა – 14 ივლისს პრეზიდენტი, ამალისა და ჟურნალისტების თანხლებით,  ყაზბეგში ავიდა და საზოგადოებას ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ ერთი სიახლე აუწყა. მოგვიანებით გაირკვა, რომ   სასტუმროში  ბევრი რამ ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო:  ნულოვან სართულზე  დიდი აუზი და სავარჯიშო დარბაზი  მოეწყობა.  ფოიეს მიმდებარე საკონფერენციო სივრცე   16 მაგიდიან კაზინოდ გარდაიქმენება, სადაც სპეციალური, „პრაივიტზონა“ ჰოლდემ პოკერის მოთამაშეებს დაეთმობა.(საზღვრისპირა რაიონებში კაზინოები ძალიან მომგებიანია).  ბიზნესმენი უგულავა სათამაშო ინდუსტრიაში კარგად ერკვევა. მას ეკუთვნის Holiday Inn-ად გარდაქმნილი ყოფილი „აჭარა“ და მისი კაზინო. „ ბაზარი საკმაოდ კარგად გვაქვს შესწავლილი. აქედან გამომდინარე,  ჩვენს სასტუმროში კაზინოს მოწყობა ზუსტი მარკეტინგული გათვლების შედეგია“  – ამბობს, სატუმროს მთავარი  მენეჯერი, ანდრეი ვლასოვი.

„რუმს ყაზბეგი“ ფულიან კლიენტურაზეა განსაზღვრული. მალე, აქ ამოქმედდება ისეთი სერვისები  როგორიცაა კვადროციკლებით მიდამოების დათვალიერება, ვერტმფრენით გადაფრენ-გადმოფრენა, ხელოვნურთოვლიან სათხილამურო ტრასებზე დაშვება, ცხენებით გასეირნება და  გამოცდილი მთის გიდების თანხლებით, მყინვარწვერის დალაშქვრა.

სასტუმროს ნომერი 100 – 140 დოლარი ღირს კვების გარეშე. საბოლოო ფასი, „ჰოლიდეი ინის“ გაყიდვების მენეჯერის, გივი კიღურაძის სიტყვით, სასტუმროს დასრულების შემდეგ დადგინდება.

ქართული კომფორტის პირველი დამგემოვნებლები, როგორც წესი ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან.  

გახსნიდან 3 დღეში, „რუმს ყაზბეგს“ შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ეწვია – თავდაცვის სამინისტროს თანაშრომლებს შეხვდა და მათთან ერთად ვერანდაზე ივახშმა.  მინისტრს თან ახლდნენ  გენშტაბის ადმინისტრაციის  უფროსი, სოსო თოფურიძე,  ნაციონალი მამუკა ხერხეულიძე და ორი სასულიერო პირი. სასტუმროს პერსონალი,  ასეთი რანგის სტუმრებს, ჯეროვანი პატივით დაუხვდა.  შინაგან საქმეთა მინისტრის გამოჩენას წინ უძღოდა   პერსონალის დაფაცურება და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. ახალაია დაცვის გარეშე  ფეხს არ დგამდა. მართლაც, „რუმს ყაზბეგი“ მშვენიერი  და ლამაზი ადგილია მაღალი რანგის შეხვედრებისა, თუ მთავრობის წევრთა სპონტანური ვახშმებისთვის.

კომფორტის სიყვარულში ხელისუფლებას არც სამღვდელოება ჩამოუვარდება: ყაზბეგიდან 15 კილომეტრში,  ზედ დარიალის კართან, საპატრიარქო  დიდ  სამონასტრო კომპლექსს აშენებს:  სამეურნეო ნაგებობებით, ბერების სენაკებით, არქიტექტურის სასტუმროთი,  აუზითა  და გადასასვლელი ხიდებით.  კლდეზე შეფენილი კომპლექსი  ერთ მხარეს დიდი გალავნით იქნება შემოსაზღვრული.  მისი შენობების ნაწილი ერთმანეთს გადასასვლელი ხიდებით დაუკავშირდება. ტაძარი თითქმის დასრულებულია –   ქვის  პერანგშია შემოსილი; დამონტაჟებულია გათბობის თანამედროვე სისტემა.  მონასტერში პატრიარქის რეზიდენციაც მოეწყობა(ილია მეორე წარმოშობით ხევის სოფელ სნოდან არის). ასე, რომ , ქართველ ბერ-მონაზვნებს ხევში, სულიერი ცხოვრების  კომფორტული კერა ექნებათ და სხვადასხვა კონგრეგაციებზე ჩამოსულ მაღალი რანგის სტუმრებსაც ჯეროვანი პატივით დახვდებიან.

პრეზიდენტის სიტყვით, ტურიზმი  ერთ-ერთი  პრიორიტეტია, თუმცა იგივე  ყაზბეგის რაიონს წესიერი გზა დღემდე  ვერ ეღირსა: ჯვრის უღელტეხილზე მგზავრს დაუსრულებელი რყევისგან ზღვის ავადმყოფობა დაემართება. იგივე მდგომარეობაში ჩავარდება ადამიანი გერგეთის სამების მოუწყობელ სერპანტინზე „ჯიპით„ ასვლის დროსაც.

ძვირადღირებული სასტუმროები, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ტურიზმში ფუფუნების სექტორი  წამყვანი არ არის. ამას გარდა, არც  საქართველოა  ის ქვეყანა, სადაც საშუალო კლასის ევროპელი დიდი ფულის დასახარჯად ჩამოვა. დასავლეთი  ჩვენ ჯერჯერობით არ აღგვიქვამს ცივილური  სამყაროს ნაწილად.  ის გვიყურებს, როგორც ეთნოგრაფიულად საინტერესო მხარეს, სადაც ადამიანმა შეიძლება ისიამოვნოს ხელუხლებელი ბუნების ცქერით, ნადირობითა და თევზაობით, მოაწყოს აგროტური და დააგემოვნოს ღვინო. მაგრამ ტურიზმის ეს განხრები მასიური არ არის.

მთელს მსოფლიოში ტურისტების უმეტესობას სხვა მიზანი აქვს – რაც შეიძლება დაბალ ფასში იყიდოს მაქსიმალური კომფორტი.  კარგად დაისვენოს და ჭამოს. და, რაც მთავარია, ჰქონდეს ცივილური გარემო.

რა თქმა უნდა, ჩვენში იქმნება ახალი ტურისტული ცენტრები: სიღნაღი, ბათუმი, ქუთაისი, ანაკლია, ყვარელი. ლამაზი  ფასადები სასიამოვნო შესახედია, ოღონდ ეს ტურიზმისთვის არ კმარა:  ტურიზმი მეტად ფაქიზი ინდუსტრიაა, რომელიც უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული კარგად განვითარებული სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესიდან დაწყებული,  გზებზე სუფთა ტუალეტებით დამთავრებული, რაც ჩვენში, ჯერჯერობით არ არის.

ახალი ტურისტული პროდუქტებიდან  შეგვიძლია  სიღნაღი და ბათუმი განვიხილოთ. აქედან პირველი –  წარუმატებელია; მეორემ  აშკარად  გაამართლა ხელისუფლების იმედები.

რესტავრაციისა და ორი სასტუმროს აშენების მიუხედავად, ქიზიყის   პაწია, ულამაზესი ციხე-ქალაქი  ტურიზმის ცენტრად ვერ იქცა.  სიღნაღში ორი, შედარებით დიდი სასტუმროა: მათი  მფლობელები  –  ბიზნესმენი თემურ ჭყონია და  ხელისუფლებასთან შეზრდილი ძმები კოდუები არიან.  კლიენტებს ამ სასტუმროების მომსახურეობა მაინცდამაინც არ მოსწონთ. (კოდუებისთვის, როგორც ამბობენ, გავრცელებული პრაქტიკაა უფასოდ ამუშაონ ხალხი. ამის გამო,  მათთან  „დასაქმებულები“ თავიანთ მოვალეობებს გულიანად ვერ ასრულებენ)

ქალაქში  ორი კაზინოა – ერთი დიდი, ხმამაღალი სახელწოდებით „ევროპა“ და ერთიც პატარა, რომელსაც სასტუმროს ანალოგზე „საოჯახო კაზინოც“ შეიძლება ვუწოდოთ. დატვირთული არც კაზინოებია.  არავინ იცის, რა გათვლებით დაადგინეს, რომ სიღნაღში „რულეტკით“  ტურისტებს მიიზიდავდნენ.  სიძვირისა და მოწყენილობის გამო,  სიღნაღში სტუმრებს ღამე დარჩენაც არ სურთ. ქალაქის უმთავრესი მიმზიდველობა  გალავნიდან გადაშლილი  კავკასიონის ქედი და ალაზნის ველია. მათ ნახვას კი ნახევარი საათიც ყოფნის.   

ამერიკელი მხატვარი  ჯონ  ვურდემანი  სევდიანი სიღნაღის   ყველაზე  წარმატებული მაცხოვრებელია:  მისი  მარანი და ღვინო  „ხოხბის ცრემლები“ ბევრ ტურისტს იზიდავს.  საქართველოზე შეყვარებული ჯონი ცოდნის,  კარგი გემოვნებისა  და საერთაშორისო კონტაქტების წყალობით, ნელნელა აფართოვებს საქმიანობას: მარნის გარდა, მას აქვს რესტორანი, სამხატვრო გალერეა და ხალიჩების მაღაზია, სადაც  ძველი და ახალი –  ქართული, აზერბაიჯანული,  სპარსული ხალიჩები და სუზანები აქვს გამოფენილი.   მისი ბიზნესის წარმატება,  უპირველესად,  „ხოხბის ცრემლებმა“ განაპირობა.

სიყვარულის ქალაქად წოდებულმა სიღნაღმა  კიდევ რამდენიმე უცხოელი მიიზიდა: ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  ერთ ჰოლანდიელს ჰაინეკენის ბარი აქვს გახსნილი, რომლის შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია,   მშობლიური ქვეყნის  საყვარელი ტრანსპორტით –   ველოსიპედებით აქვს გაფორმებული.  ეს ცოტა არ იყოს, შეუსაბამოდ გამოიყურება მთაზე შეფენილი აღმართ – დაღმართიანი ქალაქისთვის.

სიღნაღის მაკიაჟ წასმული ფასადები  მობრეცილ კიბეებს,  დამპალ საძირკვლებსა და დაქანებულ იატაკებს ფარავს,  მაგრამ ვერ ფარავს სიღნაღელების სიღატაკეს. სახლების შიდა სივრცის მოწესრიგება  კერძო მესაკუთრის   პრეროგატივაა. მატერიალური შესაძლებლობა  ადგილობრივ მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს –  სიღნაღელების  დიდი ნაწილი ქვეყნიდან არის  წასული ლუკმა-პურის   საშოვნელად.  საქართველოში სიღნაღელები ხალიჩების ქსოვით იყვნენ განთქმული,   მაგრამ დამოუკიდებლობის წლებში ამანაც დაკარგა აზრი – მყიდველი იშვიათად მოდის. აქედან გამომდინარე, საქართველო იმ ქვეყნებს ემსგავსება, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ  თანაარსებობს უკიდურესი სიღატაკე და თვალშისაცემი ფუფუნება; მონაგავებული უკანა ეზო და ლამაზი ფასადი.  

ბათუმი უცხოელებისთვის თბილისის შემდეგ,  ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ უმეტესად,  აზერბაიჯანელები, სომხები, ირანელები, თურქები და უკრაინელები ჩამოდიან.  

თურქებს ბათუმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ: ქალაქსა და რეგიონს  ოტომანთა  იმპერიის ყოფილ ნაწილად აღიქვამენ, რომელზეც მათი გავლენა  კვლავ უნდა გავრცელდეს –  ბათუმს უყურებენ, როგორც ყოფილ საფაშოს, სადაც  შეიძენენ   საკუთრებას,   იშოვიან შემოსავლის წყაროს –    ლიბერალური კანონმდებლობა  მათთვის მშვენიერ პირობებს ქმნის.  ბათუმის  უმთავრესი  ხიბლი მულტიკულტურული გარემო და კაზინოებია, სადაც მართლმორწმუნე მუსლიმები სიამოვნებით ერთობიან. ამას ემატება საზაფხულოდ სრული დატვირთვით მომუშავე ბორდელები, რომლებიც თურქულს, როგორც ამბობენ, სიიაფით უწევს კონკურენციას. თუ, ხელისუფლებამ დანაქადნები შეასრულა და  ბათუმში  მარიხუანის ლეგალიზებაც მოახდინა, აჭარის დედაქალაქი მეზობელი ქვეყნიდან შემოსულ სტუმრებს, ალბათ,  ვეღარ აუვა.

ბოლო 8 წლის  განმავლობაში, ქვეყანაში შემოსულ უცხოელთა რაოდენობა  შესამჩნევად იზრდება.  უნდა ითქვას, ეს დიდწილად განაპირობა პოლიციის წარმატებულმა რეფორმამ. ამ მიღწევას განსაკუთრებით ამჩნევენ და აფასებენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები.

2003 წელს საქართველოს საზღვარი 313.443 ათასმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ გადმოკვეთა. 2011 წელს, მაჩვენებელმა    2. 822 363 – ს მიაღწია. (ციფრებზე აღრიცხვიანობის მოწესრიგებაც აისახა).

ამ რაოდენობიდან  უდიდესი ნაწილი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის, საიდანაც 2011 წელს, 1 მილიონ 787 ათას 666 მოქალაქე შემოვიდა . ყველაზე ხშირად  საქართველოს საზღვარზე  აზერბაიჯანელები – (714 ათასი) სომხები  (700 ათასი) და  რუსები (278 ათასი)  შემოდიან. ძალიან დიდია თურქების რაოდენობა, რომლმაც 2011 წელს,  738 ათასს გადააჭარბა და  რეკორდულ მაჩვენებელის მიაღწია.  

 2008 წლის  ომის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობაც გაიზარდა:  2008 ში,  საზღვარზე  114.459 რუსეთის მოქალაქე  შემოვიდა. 2010 – ში –  170.584 , 2011 – ში – 278.458.  მათი დიდი ნაწილი  – ქართული წარმოშობის იქაური მოქალაქეა და საქართველოში ნათესავებთან  ჩამოდის.  

დასავლეთ ევროპიდან ბოლო 3 წელიწადში, საშუალოდ 35 ათასი მოქალაქე შემოვიდა , რაც, რბილად რომ ვთქვათ,  შთამბეჭდავი ციფრი  არ არის. 

2012 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საქართველოს საზღვარი მილიონნახევარზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა,  ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკის დეპარტამენტის კვლევის თანახმად,   ტურისტები, საშუალოდ,  შემოსულთა 40 პროცენტს შეადგენენ. , ანუ, 2012 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში  დაახლოებით 670  ათასი ტურისტი შემოვიდა. ჩვენი  მთავრობა, წარმატებული პოლიტიკის საილუსტრაციოდ,   ტურისტების რაოდენობად საქართველოს საზღვარზე შემოსული უცხოეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობას ასაღებს: მათი განცხადებით, ქვეყანაში შარშან 3 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა, წლეულს კი მათი რაოდენობა 4 მილიონს მიაღწევს.  თავად ტურ-ოპერატორების მონაცემები რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების „რეალობისგან“.  მათი გათვლით, ტურისტების მაქსიმალურ რაოდენობა წელიწადში 200 – 250 ათასია,   რაც  მთავრობის განცხადებების ფონზე შთამბეჭდავი ციფრი ნამდვილად არ არის. (შედარებისთის – სომხეთში, წელიწადში 800 ათასი ტურისტი ჩადის. თუმცა, ამ ტურისტების უდიდესი ნაწილი სომხების მრავალმილიონიანი დიასპორის წარმომადგენელია).

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საქართველოს ტურიზმის ცენტრებია თბილისი და ბათუმი (საერთო რაოდენობის 80 პროცენტი თანაბრად სტუმრობს ან ერთ, ან მეორე ქალაქს) დანარჩენი 20 პროცენტი კი, მცხეთაში,  ქუთაისში, სიღნაღსა და ყაზბეგში ერთდღიანი გასეირნებებით შემოიფარგლება. საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანია  დასვენება,  გართობა და კულინარიული ტურიზმი  –  ჩვენებური სამზარეულოს დაგემოვნება ბევრს სურს. ქართული კულტურა,  ფოლკლორი და მომლოცველობა  მხოლოდ 5 პროცენტს იზიდავს. ძალიან დაბალია სამედიცინო,  ექსტრემალური და ეკო – ტურიზმის  წილი. საინტერესო ფაქტია -ტურისტების რაოდენობის თითქმის ნახევარი  საქართველოში  ავტობუსით, ან მინიბუსით შემოდის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს  მათი  კონტინგენტის სადაურობას  –   ესენია ჩვენი მეზობლები: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო – რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები.

2008 წლის ომმა  საქართველოს,  როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი,  მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ შეარყია:  საქართველო ჩათვალა უკიდურესი საშიშროების  შემცველ ადგილად. (exstreme danger) რის გამოც, ევროპული სააგენტოები ჩვენს მიმართ ინტერესს არ იჩენენ.

ქართული ტურ-ოპერატორების მთავარი სამიზნე რუსეთის ბაზარია: „რუსი ტურისტი ყველას ჯობია. ბევრს ხარჯავს“- ამბობენ ჩვენთან.  მცდელობის მიუხედავად, რუსეთში პარტნიორი კომპანიის მოძებნა ძალიან ჭირს: იქაურ კომპანიებს საქართველო არ აინტერესებთ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენი ეშინიათ; რომ  ქართველი მაჩოები რუს ქალბატონებს „ერჩიან“, რომ  საქართველოში  არასტაბილური ვითარებაა, რომ აქ ბანდიტები ისვრიან  და ა.შ. გასაგებია, რომ პოლიტიკა და  საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდა,  ტურიზმზეც აისახება.მაგრამ  მათთვის მთავარი განმსაზღვრელი ფასია, რომლითაც საქართველო კონკურეციას ვერ უწევს ვერც ბულგარეთს, ვერც სლოვენიას, ხორვატიას და მითუმეტეს – თურქეთს, რომლის ეკონომიკა ბოლო წლებში  შესაშური ტემპით ვითარდება.

ფასის გარდა, მომსახურების ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მომსახურება საქართველოსთვის ახალი სფეროა, რომელიც ცოდნას,  გამოცდილებას და შესაბამის  მენტალიტეტსაც  მოითხოვს;

რუსმა ნუვორიშებმა ფული იშოვეს და ეშურებიან ევროპაში, ოკეანიის კუნძულებზე, აღმოსავლეთ აზიაში – წარსულს ჩაბარდა საბჭოეთის რკინის ფარდა და საქართველოს საუწყებო სანატორიუმები,  ტურბაზები.  ყველაზე საუკეთესო, რაც ქვეყანას  აფხაზეთის სანაპიროს სახით ქონდა, უკვე 16 წელია თავად რუსებს აქვთ მიტაცებული.

საქართველო ასაკოვან რუსებს ახსოვთ და შეიძლება ითქვას, ენატრებათ კიდეც –  მათთვის უძრაობის ხანის დალხენილი  რესპუბლიკა და ლაღი თბილისი ზღაპრული მოგონებაა – „ჩემთვის საქართველო რაინდებისა და არისტოკრატების ქვეყანაა“ – ნოსტალგიური განწყობით მითხრა  ერთმა რუსმა ქალბატონმა. მსგავსი შეხედულება, პუტინის ხელისუფლების მტრული პროპაგანდის მიუხედავად, ზოგიერთს ჯერ კიდევ შემორჩა.

ისტორიული ტრადიცია იზიდავს ჩვენსკენ თურქებსა და ირანელებსაც –  ამ უკანასკნელთ  ვაინტერესებთ,   როგორც ყოფილი ვილაიეთი, სადაც  გაცილებით ლაღად გრძნობენ თავს, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში.

რას წარმოვადგენთ დანარჩენი მსოფლიოსთვის?

ჯერჯერობით, არაფერს!

საშუალო სტატისტიკურ ევროპელ დამსვენებელს საქართველოში ჩამოსვლას ბულგარეთის, ხორვატიის, თურქეთისა და, ბუნებრივია,  საბერძნეთის დათვალიერება ურჩევნია. როგორც  შედარებით დაბალი ფასის, ასევე – კომფორტისა და მაღალი ხარისხის მომსახურების  გამო. შესადარებლად, შეგვიძლია თურქეთისა და დასავლეთ ევროპის ტურების ფასებს გადავხედოთ: რვადღიანი ტური სტამბოლისა და ეგეოსის ზღვის ანტიკური სიძველეების – ტროას, პერგამონის, ეფესოსა და პამუკალეს წყაროების  შემოვლით, სამვარსკვლავიან სასტუმროში, ერთ კაცზე 870 ლარი ჯდება(429 ევრო), 5 ვარსკვლავიანში – 1592 ლარი.(785 ევრო). ათდღიანი   რელიგიური ტური თურქეთის ყველა ქრისტიანული სიწმინდის მონახულებით, სადაც შედის სტამბოლი, იზმირი, ლაოდიკეა, ეფესო და კიდევ რამდენიმე  ქალაქი –  სამმარსვკლავიანი სასტუმრო – 1775 ლარი; (875 ევრო)  5 -ვარსკვლავიან სასტუმროში – 2.432 ლარი.( 1199 ევრო)

გადავხედოთ ევროპულ, ეგრედ წოდებულ ეკონომიურ (მცირებიუჯეტიან) ტურებს: 10 დღის მანძილზე 6 დასავლეთ-ევროპული  ქვეყნის – საფრანგეთის, შვეიცარიის, გერმანიის, ჰოლანდიის, იტალიისადა ბელგიის  მონახულება – 926 ლარიდან ზევით. 15 დღიანი ტური : საფრანგეთი, მონაკო, იტალია, ვატიკანი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია – 1550 ლარიდან ზევით.

 საქართველოში, 7 დღიანი კულტურული ტურის საშუალო ფასი 1320 ლარია. (800 დოლარი)

აჭარის სანაპიროზე 10 დღიანი დასვენების საფასური თავისი ექსკურსიებით კი 1600  –  1800 ლარამდეა.

ევროკავშირმა ე.წ. „ღვინის აკვნად“კი  გვაღიარა, მაგრამ დასავლეთს ჩვენი, როგორც  ტურისტული ქვეყნის ინტერესი, ჯერჯერობით   არ აქვს. საამისოდ,  რეკლამის გარდა სხვა ფაქტორებია საჭირო. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ხორვატიის, ან ბულგარეთის,  დონეზე მაინც უნდა ავიდეს.  საგულისხმოა – ამ ქვეყნებში ყოველწლიურად  ათ-ათი მილიონი ტურისტი შედის. ევროპული ცივილიზაციის აკვანში – საბერძნეთში  კი 17.5 მილიონი, რაც საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტის  15 პროცენტია.  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით , უახლოეს მომავალში, საქართველომ 5-6 მილიონ ტურისტს უნდა უმასპინძლოს. მართლაც – ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობებისა და კულტურის გათვალისწინებით, ტურისტების ეს რაოდენობა სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი. მაგრამ ამ  მაჩვენებლის მიღწევა  მასიური ტურიზმს მოითხოვს, რომელსაც სოლიდური ინვესტიციები სჭირდება ინფრასტრუქტურის – კერძოდ, საშუალო კლასის, ხარისხიანი სასტუმროების ქსელის ასაშენებლად.  (ტურისტების არსებულ რაოდენობას ძირითადად, საოჯახო სასტუმროები ემსახურებიან, რომლებიც სტანდარტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და ვერც ტურისტების დიდ რაოდენობას მიიღებენ ). და, რაც მთავარია, სჭირდება მართვისა და მომსახურების ცოდნა – ანუ, პროფესიონალიზმი, რაც იშვიათი გამონაკლისების გარდა, ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში, არ გვაქვს. (ისევე, როგორც , ზოგადად, ბევრ სხვა სფეროში)

საქართველოს ხელისუფლების ტრენდი კი  ჯერჯერობით, უცვლელია: ეს არის ფორსირებული „პიარ“  კამპანიები და  luxury კლასის სატუმროების  განვითარება, რომლითაც მსოფლიოში ექსკლუზიურად სარგებლობს  ძალიან დიდი შემოსავლების მქონე ადამიანთა  ვიწრო წრე. ასე, რომ, ჩვენი მთავრობის  გლამურული ტურიზმისკენ ლტოლვა (ზოგადადაც, ქართველ ჩინოვნიკებს უყვართ გლამური)  საბოლოო  ჯამში, მხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკურ ელიტას, მასთან მიბმულ ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიებში მომუშავე უცხოელებს ემსახურება.

P.S.

ყაზბეგის Rooms Hotel ერთი რარიტეტული გამოცემით იწონებს თავს, რომელიც ფოიეში ცალკე მაგიდაზე გლობუსის სიახლოვეს დევს. ეს გახლავთ რუკებითა და ატლასებით განთქმული „მილენიუმ ჰაუზის“ „დედამიწის“ (Earth)   ცისფერი გამოცემა.

10 კილოგრამიანი ატლასი  2000 იანი ტირაჟით დაიბეჭდა. მისი ფასი 6.400 ავსტრალიური დოლარია. წიგნის 580 გვერდი შესანიშნავ ფოტოებსა და რუკებს ეთმობა. აქ მოგროვილია  სტატისტიკური ინფორმაცია და მცირე ისტორიული ცნობები  მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას  ქვეყნის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის ფოტო ახლავს.

ატლასი კავკასიაზეა გადაშლილი: საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი.

სომხეთი „ხორ ვირაპის“ მონასტრითაა წარმოდგენილი, სადაც მათი განმანათლებელი, გრეგორი მოღვაწეობდა. ცალკეა გამოტანილი პატარა აბზაცი, რომელშიც ჰეროდოტესა და მარკო პოლოს სომხური ფარდაგებით აღტაცების შესახებაა საუბარი. მათი სიტყვების საილუსტრაციოდ, იქვე, ძველი  სომხური ფარდაგის ფოტოც არის განთავსებული.

აზერბაიჯანის სიმბოლო შირვანშაჰის ულამაზესი სასახლეა ძველ ბაქოში.

ამ განთქმული  ატლასის შემდგენელები საქართველოს სიმბოლოდ,  არ დაიჯერებთ და,    ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ბაზრობას მიიჩნევენ.  ფოტოს ქვეშ წარწერაა: „გამყიდველი ქალები კლიენტებს ემსახურებიან ქუთაისის აგრარულ ბაზარში.  ქუთაისი  სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი, უძველეს დროში  კოლხეთის დედაქალაქი“.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ