ქართული კაპიტალიზმის ჰიბრიდები

capitalismo

წერილის ავტორები:

► გიორგი ნამგალაძე, სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

 ► ზაქარია თავბერიძე, ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი სოციოლოგიის მიმართულებით.

 © European.ge

ჰიბრიდულობა – ესაა კოლონიური ძალაუფლების პროდუქტიულობის ნიშანი… სტრატეგია, რომელიც საპირისპიროა უარყოფის გზით დომინაციაზე

ჰომი ბაბა

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს თვალშისაცემია მემარცხე მოძრაობების გაძლიერება. ახალგაზრდა მემარცხენეები საგრძნობლად მიმზიდველ სოციალურ სხეულს ქმნიან. რაც მთავარია, მათ შეძლეს და არაერთხელ დაიკავეს მთავარი ტელეარხების პიკის საათი. აჟღერებენ მესიჯებს სოციალურ პრობლემებზე, მშრომელების კაბალურ პირობებსა და გარდაუვალ ცვლილბებზე. ისინი მოითხოვენ „რეალურ პოლიტიკას“ – მაგალითად, შრომის ინსპექციასა თუ საგადასახადო სისტემის ცვლილებას. თუმცა, მემარცხენე მოძრაობების გაძლიერება მემარცხენე პოლიტიკის გაძლიერებაში არ უნდა აგვერიოს. ამ დროს, აუცილებელია უკეთ გავიაზროთ ქართული კაპიტალიზმის კონტექსტი და ის, თუ რის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა მემარცხენე მოძრაობებს.

პოსტსაბჭოთა საქართველოში კაპიტალიზმის დაჩქარებული „ინსტალაცია“ ქმნის უნიკალურ პოლიტ-ეკონომიკურ და ფსიქო-სოციალურ სისტემებს. დიდი შეცდომა იქნება კაპიტალიზმის, როგორც ერთსახოვანი, ერთი ფორმის მქონე სისტემის განხილვა, მაშინ როდესაც ის მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდებს. ამ შემთხვევაში, ქართული კაპიტალიზმი დასავლური კაპიტალიზმის მიმიკრიით იღებს მესამე, ჰიბრიდულ ფორმას, რომლის წარმონაქმნებიც კლასიკურ – დასავლური კაპიტალიზმისგან განსხავებულ მიდგომებსა და ანალიზს საჭიროებს. საჭიროა კაპიტალიზმის თეორიული დეკონსტრუქცია იმგვარად, რომ მისი განვითარების ფორმები და შესაბამისად მახასიათებლები, წმინდად ტოპოგრაფიული სიზუსტით გავიაზროთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა: რასთან გვაქვს საქმე? რა ეტაპებს გადის კაპიტალიზმი პოსტსაბჭოთა საქართველოში?

ჩვენი ჰიპოთეზით, კაპიტალიზმი ურბანულ საქართველოში გადის ფაზებს პოსტსაბოთა პრიმიტიული აკუმულაციიდან, ბაზრის ფორმალიზაციამდე[1]. თითოეული პროცესი კომპლექსურია და სხვადასხვა ინსტიტუტებთან მიმართებაში, განსხვავებული ნიშან-თვისებებით ხასიათდება. თუმცა, ამ წერილში, მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების განსხვავებულ როლებს და მისი მხრიდან სხვადასხვა პერფორმანსის შესაძლებლობებს განვიხილავთ.

თავდაპირველად, განვიხილოთ  პრიმიტიული აკუმულაციის ფაზა. ეს მარქსის ტერმინია, ამ ტერმინით ის კაპიტალიზმის საწყის ფაზას აღწერდა, როდესაც ფეოდალების განკარგული ტერიტორიები კაპიტალისტების კერძო საკუთრებაში გადადიოდა. ამ დროს, იწყება სწრაფი ინდუსტრიალიზაცია, ხოლო გლეხები პროლეტარებად ყალიბდებიან. თუმცა, ჩვენ ამ კონცეპტს დევიდ ჰარვის მიერ განვრცობილი მნიშვნელობით (Accumulation by dispossession) ვიყენებ. ნაშრომში: „ახალი იმპერიალიზმი“ (2003), ჰარვი ცდილობს, პრიმიტიული აკუმულაციის პროცესი ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთთან მიჯაჭვულობისგან გამოათავისუფლოს და აჩვენოს, რომ ეს პროცესი სხვადასხვა დროსა და სივრცეში კვლავაც მეორდება. ასევე, თუ მარქსი კაპიტალიზმის საწყის ფაზაში შესაძლებლობებს ხედავდა (ტექნოლოგიების განვითარება, გაზრდილი დოვლათი და ა.შ.) და მეტიც, მისთვის ეს უსახური თუმცა აუცილებელად გასავლელი ეტაპიც კი იყო, ჰარვი მის გამეორებას პესიმისტურად უყურებს და მიიჩნევს, რომ დღევანდელი პრიმიტიული აკუმულაცია ემანსიპატორული მოძრაობებისთვის დამანგრეველია. მართალია გლობალური კაპიტალიზმის პირობებში, სუვერენული სახელმწიფოების ძალაუფლება ფრაგმენტული და შესუსტებულია, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი მთავარ რეოვლუციურ სუბიექტებად განსაზღვრა, ისინი კვლავაც სრულფასოვნად ინარჩუნებენ ვალდებულებას, ემსახურონ გლობალური კაპიტალის ლოკალურ საცეცებს. მსახურების ფორმები, კაპიტალიზმის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე განსხვავებულია: პრიმიტიული აკუმულაციის ფაზაში, სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია კაპიტალის გადანაწილების პროცესის დაჩქარებაა. აღნიშნულ ეტაპზე, სახელმწიფომ მთავარია სწორი გადანაწილების დაჩქარება უზრუნველყოს, რომ კაპიტალიზმის უნივერსალური და გაწმენდილი ლოგიკა უსწრაფესად დაინერგება – როგორც წარმოებისა და მოხმარების წესი. ამ დროს, სახელმწიფო იწყებს დერეგულაციის პროცესს, რომლის დროსაც, ბაზრის ახლადგამოჩეკილ მოთამაშეებს, მიენიჭებათ მაქსიმალური თავისუფლება ჩაერთონ თამაშში და ღირსეული ადგილები დაიკავონ საბაზრო ჯაჭვში.

როგორც აღვნიშნეთ, განხილული პროცესი ქვეყნის დამოუკიდებულობის დღესვე დაიწყო[2], აპოთეოზს კი ვარდების რევოლუციის შემდეგ მიაღწია. ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ავითარებს ნეოლიბერალური ეკონომიკის ძირითად ინსტიტუტებს. იყიდება ყველაფერი „ნამუსის გარდა“, პრივატიზაცია მიმდინარეობს სწრაფად და ხშირად გამჭვირვალედაც. მილიონობით ღირებულების უძრავი ქონება რიგდება ერთ ლარად (ვისზე, ამას პრიმიტიული აკუმულაციის ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არა აქვს). ინვესტორებს ეძლევათ პრივილეგიები და წესდება დაბალი საგადასახადო ტარიფთა სისტემა. მათი ნაწილი, სრულიად თავისუფლდება გადასახადებისგან (მაგ. ბათუმში ბრენდული სასტუმროები, რომელთა კაზინოებიც არ იბეგრებოდა). ამ პროცესს ხელს უწყობს მოქნილი ბიუროკრატიული აპარატი, ერთსივრციანი იუსტიციის სახლი და გაძლიერებული პოლიცია, რომელიც კაპიტალის უსაფრთხოების გარანტიაა (მინიმალური). ამასთან, ვითარდება საბანკო და საკრედიტო სისტემა[3]. ცხადია, იწყება კაპიტალიზმის წარმოების წესისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი იდეოლოგიის წარმოებაც. ვითარდება ბიზნეს-სკოლები, მენეჯმენტისა თუ მარკეტინგის სპეციალობები…

პრიმიტიული აკუმულაციის ეტაპი, ინვესტიციისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან, ჯერ ბაზარი არაა გაჯერებული და კონკურენციის ნაკლებობა რისკებს საგრძნობლად ამცირებს. ამასთან, ვისაც კერძო საკუთრება წილად არ ერგო, იაფ მუშახელად ტრანსფორმირდა და ბიზნესს არც ლიცენზიების მოპოვება გაუჭირდა და არც მკაცრი სურსათის უვნებლობის, მშენებლობისა თუ სამუშაო პირობების სტანდარტების დაცვაზე ზრუნვა (ფორმალური). ყველაფერი ამის გათვალისწინებით, შემთხვევითი არაა, რომ ბიზნესის კეთების (Doing business) რეიტინგში საქართველომ მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლა. ეს ეტაპი, მემარცხენე იდეებისთვის ბრძოლის სივრცეს საერთოდ არ ტოვებს[4]. ეს არის ქართული კაპიტალიზმის „ველური ხანა“. დღეს კი, გარდამავალი ეტაპია. ნელ-ნელა ლოკალური კაპიტალი მზადაა ჩაერთოს გლობალურ მიმოქცევაში და მაშასადამე, მოითხოვოს ბაზრის ფორმალიზაცია.

რაც შეეხება ბაზრის ფორმალიზაციას[5], ეს კონცეპტი კერძო სექტორის სტანდარტიზაციისა და სერთიფიცირების მექანიზმების იმპლემენტაციას აღნიშნავს. აღნიშნული ეტაპის დრო მაშინ დგება, როდესაც ბაზარი მეტნაკლებად გაჯერებულია და მოთამაშეებს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკვე გადანაწილებული აქვთ[6]. შესაბამისად, წარმოებაში ჩაშვებული კაპიტალი იმ ნიშნულს აღწევს, როდესაც გაძლიერებულ დაცვასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს მოითხოვს. პრიმიტიული აკუმულაციიდან ბაზრის ფორმალიზაციზე გადასვლის დასაწყისს, ყველაზე თვალნათლივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები უჩვენებს. აღნიშნული, თავისთავად ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა თუ სამუშაო პირობების საერთაშორისო ფორმით დაცვას. საკმაოდ რთულდება სამეწარმეო სერთიფიცირების სტანდარტები. აღებული ვალდებულებების უმეტესობა 2020 წლამდე უნდა შესრულდეს, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, კაპიტალი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალ მოძრაობას შეძლებს.

სწორედ ამ ეტაპზე იჩენს თავს ერთი შეხედვით მემარცხენე იდეებზე პოლიტიკური ავანგარდის თანხმობა (ამ ეტაპზე საქმე გვაქვს, ინტერესების დამთხვევასთან, რაც მოჩვენებითი საერთოდ არაა, არამედ ფაქტიურია და მემარცხენე დისკურსის დაძრული საკითხების მარჯვნიდან თანხმობას მოიცავს. თუმცა, ეს დამთხვევა მემარჯვენე საბაზრო ლოგიკიდან გამომდინარეობს და მისი ინტერესები მიკრო და შესაბამისად მაკრო კაპიტალისტურია). ამ დროს, მშრომელთა უფლებების დაცვა, შრომის ინსპექცია თუ განსხვავებული საგადასახადო სისტემა ის ხელსაწყოებია, რომელიც საშუალებას იძლევა მსხვილმა კაპიტალისტებმა გაიმყარონ პოზიციები  და აწიონ საკუთარი ავტორიტეტი საერთაშორისო ბაზარზე. დაიწყონ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, რეალიცაზია და ექსპორტი, გადაყლაპონ ადგილობრივი წვრილი კაპიტალისტები. ასე მაგალითად, საჭიროების  შემთხვევაში შრომის ინსპექციის მოთხოვნებს ადვილად დაიცავს „სმარტი“, „ფრესკო“ და ა.შ. (დიდი ალბათობით, თანამშრომელთა ხელფასების შემცირებისა და პროდუქციის ფასების ზრდის ხარჯზე) სტანდარტების დაცვა კი გაუჭირდებათ თქვენი უბნის პატარა მაღაზიებს. პროცესი, რომლის დროსაც კაპიტალის კონცენტრაცია მცირეთა ხელში უნდა გაიზარდოს, დაჩქარდება. კიდევ უფრო გაიზრდება ახალბედა ბიზნესმენებისა და მათი ბიზნესებისთვის (Start up) საჭირო საწყისი კაპიტალის ოდენობა, რადგან სწორედ ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს დაწესებული სტანდარტების დაცვა. გაიზრდება მონოპოლისტთა რაოდენობა, გაიზრდება ფარულად შეთანხმებული ოლიგოპოლიის რისკი. ხოლო, ის წვრილი კაპიტალისტები (მეპატრონეები – დასაქმებული ფურნეების, პატარა მაღაზიების, საცხობების, „ყველაფერი ერთ ლარად“ მაღაზიების და ა.შ.) გადაინაცვლებენ მსხვილი კაპიტალის სამსახურში და საკუთრებაში. იქნებიან ან მათი ბრენდების ქვეშ, ან „სიკვდილი“ არ ასცდებათ.

ამავე ლოგიკას ემსახურება ე.წ. „თავისუფლების აქტის“ შესაძლო გაუქმება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ცვლილება, რომელიც საგადასახადო პოლიტიკას ეხება რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. პრიმიტიული აკუმულაციის  შემდეგ, კაპიტალის უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას მეტი გარანტიები სჭირდება. ამის მიღწევა კი ცალკეული ბიზნეს საწარმოთათვის თუ კორპორაციებისთვის შეუძლებელია. აუცილებელი ხდება ინტერკორპორაციული კოლაბორაცია[7]. ასე მაგალითად: ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებაა საჭირო – რადგან ვიცით, რომ აღნიშნული თანხების მოძიება დასაქმებულთა ხარჯზე შეუძლებელია (მოკლავს მათ მსყიდველობით უნარიანობას და შეასუსტებს მუშა ხელის კვლავწარმოების პროცესს), კაპიტალისტები კოლექტიურ „ქველმოქმედებაზე“ გადავლენ. ისინი, ვინც როგორც უკვე ვთქვი, მოახერხეს და წარმატებით მიითვისეს კაპიტალის უმეტესი ნაწილი, სრულ მზადყოფნაში არიან, რომ საკუთარი ჯიბიდან სახელმწიფოს „დაუკვეთონ“ უკეთესი გზები, განათებული ქუჩები, განვითარებული საბაჟო სისტემა, უკეთესად აღჭურვილი პორტები და აეროპორტები, რემბოსავით შეიარაღებული პოლიცია თუ დაკამერებული ქალაქი. ეს ყველაფერი კაპიტალისა და კაპიტალისტების შეთანხმბული ინვესტიცია იქნება, რის ფარგლებშიც, ისინი საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებასაც დათანხმდებიან და ბიუჯეტში მეტ თანხასაც გადაიხდიან.

ამ გარდამავალ ეტაპზე, შესაძლოა მემარცხენე მოძრაობები კაპიტალიზმის კორექციის რედაქტორებად მოგვევლინონ. არსებობს რისკი, რომ მათი პროვოცირებული პროექტების განხორციელება კაპიტალიზმს განვითარებულ, უფრო ძლიერ, დაწინაურებულ (Advanced) და დაცულ ფორმას მისცემს, რაც შემდგომში მისი ხელახლა გადატვირთვის (ნაწილობრივი თუ სრული) შესაძლებლობებსაც კიდევ უფრო გაართულებს(ამის კარგი მაგალითი საბერძნეთია).

ამასთან, ისიც ცხადია, რომ შრომის ინსპექციასა თუ საგადასახადო სისტემის ცვლილებაზე ნებისმიერი უარი გამოსავალი არ არის. მემარცხენე დისკურსს, პირველ რიგში ამ იდეებისთვის ბრძოლა აცოცხლებს და ცალსახად პოზიტიურად შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმი. ზემოთ განხილული რისკები, მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ თვალსაჩინო გახდეს ლოკალური კონტექსტის გააზრება, გაიხსნას გზა ამ პროექტების რეკონფიგურაციასა და იმგვარი გადააზრებისთვის, სადაც მემარცხენე მოძრაობები საკუთარი თავის ამოცნობასაც შეძლებენ.

შენიშვნები:

[1] როდესაც კაპიტალიზმის განვითარების ფაზებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ურბანული კაპიტალიზმი. ამ შემთხვევაში სიტყვა ურბანული შემთხვევით არ გვიხსენებია. არც მარქსი და არც ჰარვი ამ გამიჯვნას არ აკეთებენ, ხშირად, ისინი აქცენტს სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციაზე აკეთებდნენ. თუმცა, საქართველოში საქმე სულ სხვაგვარადაა და სწორედ ამაშია ჰიბრიდულობის ბუნებაც. ჩვენთან ურბანული კაპიტალიზმი სწრაფად ვითარდება, შედარებით ნელი ტემპებით მიიწევს წინ რურალური კაპიტალიზმი. ამას თავისი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს: ჰენრი ბერშტეინის მტკიცებით კაპიტალს, ურბანულ სივრცესთან შედარებით, ნაკლებად იზიდავს რურალური სივრცე.  ამის მიზეზებად ის შემდეგს ასახელებს: 1. რურალურ სივრცეში ინვესტიცია უფრო სარისკოა, რადგან მას ჩვეულებრივი ბაზრის კონკურენციის გარდა, ემატება ბუნებრივი კატასტროფების უფრო მაღალი რისკი; 2.  სოფლის მეურნეობაში,პროდუქციის მზაობისთვის საჭირო დრო მეტად აღემატება მისთვის გაწეული შრომის დროს (labor time), რადგან მიბმულია მცენარეების მოყვანისათვის საჭირო დროზე. შესაბამისად, კაპიტალი უძრავ (დაუკონვეტირებად) მდგომარეობაში დიდხანს ჩერდება და მისი ბრუნვა ნელდება/კლებულობს; 3. გაცილებით მარტივია შრომისა და მისი ხარისხის კონტროლი მაგ. ქარხანაში, ვიდრე ფერმაში;

[2] ვარდების რევოლუციამდე პრიმიტიული აკუმულაციის პროცესი მეტწილად არაკანონიერად მიმდინარეობდა. მმართველობის და ძალადობაზე მონოპოლიის ლეგიტიმურ უფლებას სახელმწიფო ღიად იყოფდა კრიმინალურ სამყაროსთან, კაპიტალის გადანაწილება ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი მითვისება ხდებოდა, როგორც ინფლაციის, ავტომატების, ასევე კრიმინალური ავტორიტეტის მეშვეობით. შემდეგ, მოხდა მისი გაწმენდა და შენარჩუნება: მატერიალური კაპიტალის ერთი ნაწილი, უძრავი თუ მოძრავი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა და სიმბოლურად თუ პირდაპირი გზით სხვა მფლობელების ხელში გადავიდა. მეორე ნაწილი, სავარაუდოდ ნეპოტიზმისა თუ „შავი“ ფინანსური გარიგებების მეშვეობით, მათსავე – „კანონიერი“ თუ „არაკანონიერი“ მფლობელების – ხელში დარჩა და განევრცო. ასე და ამგვარად, საქართველოში მივიღეთ წარმატებული კაპიტალისტების მთავარი მასა. დღესაც, 2017 წლის მაისში, კაპიტალის ძირითადი მასა მათი მმართველობის ქვეშაა.

[3] უპირველეს ყოვლისა სამომხმარებლო სესხები, რათა კაპიტალმა შეძლოს ბრუნვა და ისევ და ისევ თავიდან აირიდონ ჭარბი წარმოება.

[4] თეორიულად ჰარვი ამას არ გამორიცხავს, თუმცა ჩვენს ჰიბრიდულ ფორმაში მემარცხენე მოძრაობის ადგილი ნამდვილად გამორიცხული იყო.

[5] ეს მეტწილად გარდამავალი ეტაპია, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, კაპიტალისტები კონკრეტულად ფულის დაგროვებაზე გადავლენ (ე.წ. ფინანსური კაპიტალიზმი).

[6] როგორც აღვნიშნე, გადანაწილება ამ ფორმით, ურბანულ სივრცეში მოხდა. ხოლო, რურალური სივრცე ჯერ ისევ პრიმიტიული აკუმულაციის საწყის ეტაპებს გადის (სოფლის მეურნეობის 97% საოჯახო ტიპის მეურნეობებზე მოდის). ამჟამად, ხელისუფლება ცდილობს დააჩქაროს კაპიტალიზმის პირველი ეტაპი. გლეხი გარდაიქმნას ან აგრო ბიზნესმენად ან ბიზნესში დასაქმებულად. მაგალითად, მიღებულია ახალი, „მთის კანონი“ – რის შედეგადაც, მაღალმთიან რეგიონებში მწარმოებლები გადასახადებისგან თავისუფლდებიან და ა.შ. თუმცა, სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში აშკარა დომინაცია მაინც ურბანულ სივრცეს უკავია.

[7] ცხადია არ ვგულისხმობთ კაპიტალისტების შეთქმულებას. ისინი შეიძლება არც კი უწყიან რას სჩადიან. მხედველობაში გვაქვს, უფრო კაპიტალის, როგორც თვითრეგულირებადი ძალაუფლების  და არა კაპიტალისტების ნება. ეს უკანასკნელნი ხომ მხოლოდ პირველის ლოგიკის გამტარი მატერიაა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ