გური სულთანიშვილი: პოლიტიკური კლასის მორალური ინვერსია

Share on Facebook48Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ხელმეორედ გავრცელდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ციხეში წამების ამსახველი კადრები, რომელიც ოფიციალური ვერსიით უკრაინულმა ინტერნეტ მედია გამოცემებმა გაავრცელეს. უკრაინაში ადგილობრივი არჩევნებია კარზე მომდგარი და სავსებით ლოგიკურია ეპიცენტრი უკრაინაში იყოს, უშუალოდ სააკაშვილის საპირისპიროდ რომლის სიგნალები ჩვენამდეც აღწევს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, ხალხი ხელმეორედ აღშფოთდა ამ კადრებზე. დაიწყო საჯარო დისკუსიები, ხელახლა გამოიკვეთა ორი რადიკალური ბანაკი, ერთი ვინც ამტკიცებს რომ გზები, ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა რეფორმები ამად ღირდა, ხოლო მეორე ვისაც ავიწყდება რეალური პრობლემები, გაუსაძლისი მატერიალური რეალობა და ამ ჰეტერნორმატიული სენტიმენტებით ყურადღება გადააქვს სხვაგან. მოკლედ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება კვლავ ახსენებს ბრალეულობას ნაციონალურ მოძრაობას და სხვისი ცუდი საქციელის ფონზე ჩნდება უკეთესი. michael polanyi

მაიკლ პოლანის აქვს ასეთი ცნება „მორალური ინვერსია“. ესაა კონდიცია, როდესაც შენ არ გაგაჩნია რეალური ღირებულებები, მყარი ფასეულობები და სხვის ნეგატიურობაზე, სხვის ბოროტებაზე აგებ საკუთარ მსოფლმხედველობას და არ ქმნი არაფერ ორიგინალურს. ზუსტად ასე განისაზღვრა ჩვენი სამთავრობო გუნდის და მისი ოპოზიციის რეალობაც. ქართული ოცნება ნაციონალების სიცუდეზე აგებს საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს მარტივად ახსნადიცაა პოლიტიკური ტექნოლოგიების ჭრილით. ჩვენ ვართ პოსტ-საბჭოთა ქვეყანა. ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული განვითარების მრავალი ეტაპი გამოტოვა. ჯერ ვიყავით ცარისტული რეჟიმის ქვეშ, შემდეგ საბჭოთა კავშირში, ხოლო ამ პერიოდში ევროპა გადიოდა მოდერნიზაციას და მიდიოდა იმ ღირებულებების გაშინაგანებისკენ რისკენაც დღეს ვისწრაფით. ამიტომაც ჩვენთან ჯერ არაა ამომრჩევლები ინტერეს ჯგუფებად დაყოფილი, ისინი არ ითხოვენ მწყობრ, თანმიმდევრულ იდეოლოგიურ პლატფორმებს პარტიებისაგან, პოლიტიკური დისკურსიც არ სთავაზობს ამას და პარტიებიც შესაბამისად ყველაფერს ამომრჩეველს არგებენ. როდესაც ყველაფერი ელექტორალურ მნიშვნელობას იძენს, ღირებული ხდება ის რაც დათვლადია, შესაბამისად საზოგადოებას ჯერ კიდევ შეუძლია კაცების გაუპატიურებაზე უფრო აღშფოთდეს ვიდრე ისეთ რეალურ პრობლემებზე როგორიცაა შრომითი პირობები.

ჩემთვის პირადად ამ კადრების ხელმეორედ წინ წამოწევა და მისი მსგავსი ფორმებით აქტუალიზაცია ქართული ოცნების საპირისპიროდ მოქმედებს.

რატომ იყო კოჰაბიტაცია დღის წესრიგში, როდესაც ისინი უნდა დასჯილიყვნენ და ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, როგორც დისკურსული ფორმა უნდა გამქრალიყო?

რატომ არაა დღემდე გამოძიებული ყველაფერი? და რაც გამოძიებულია რატომ აქვთ შეფარდებული ისეთი სასჯელი როგორიც მარიხუანას მოხმარებას შეეფარდება?

ამ და სხვა მიზეზების გამო ეს კადრები არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ქართულ ოცნებას უფრო ახსენებს საკუთარ ბრალეულობას.

პ.ს. რაც შეეხება ამ ვიდეობით აღშფოთებაზე აღშფოთებულებს. მათ საპასუხოდ ცოტა შორიდან დავიწყებ. ფაქტია რომ რამდენჯერაც არ უნდა უყუროს ადამიანმა ამ ვიდეოებს თუ მას არ აქვს რაიმე სახის სამედიცინო დარღვევა, გააჩნია ემპათიის გრძნობა აუცილებლად ბრაზდება და ამ ბრაზს ნაციონალებისაკენ მიმართავს.

ის, რომ ჩვენ უკვე გავიარეთ ეს ნაწილი და აღშფოთება იმაზე, რაც ისედაც ვიცით, პოზაა ან ინფანტილურობის ნიშანი, ფუნდამენტურად არასწორი მიდგომაა. იმიტომ, რომ აუცილებელია ცოდნისა და უშუალო გამოცდილების გამიიჯვნა. იდეალისტურმა ფილოსოფიამ ვერ ახსნა ემპათია, ყოველი საგნობრივი მოვლენა მისთვის გონების აბსტრაქტული აქტივობა იყო, შესაბამისად მას არ ახსოვდა მატერიალურ საწყისებზე საუბარი.  ის რომ ვიღაცას შია,  მეორე ადამიანს ემპათიის უნარის მეშვეობით შეუძლია გაიგოს რა არის შიმშილი, იმ პირობებშიც როცა მეორეს შიმშილი არასოდეს გამოუცდია, თუმცა საკითხში შემოდის ახალი შესაძლებლობები, მე იმ შემთხვევაში მხოლოდ შიმშილის გაგება შემიძლია მაგრამ ვეღარ ვიგებ შიმშილის შედეგად აღქმულ თითოეულ საგანს, რომელსაც შიმშილი უცვლის მნიშვნელობას და ვკარგავ იმ სამყაროს რასაც შიმშილით აღიქვამს. მე მხოლოდ ტკივილის გაგება შემიძლია, ხოლო ამ ტკივილის შედეგად აღქმული სამყაროსი აღარ. აი რატომ იყო ყოველთვის რომ მემარცხენეების მიერ მუშათა კლასის რომანტიზება ხდებოდა, ანდაც იგივე პრობლემა რატომ ჩნდებოდა კინოში, იმიტომ რომ მას ავთენტურობა აკლდა. მოკლედ ესაა განსხვავება ცოდნასა და გამოცდილებას შორის. ეს ზოგადი შემთხვევა შეგვიძლია დავაკერძოოთ და გავიხსენოთ 2012 წელი, სადაც ყველამ ვიცოდით რა ხდებოდა ციხეებში, თუმცა კადრების ნახვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, იმიტომ რომ საქმეში ემპათია და არქაული თვითგადარჩენის უნარები ჩაერთო, კადრების შედეგად სხვანაირად აღვიქვით საგნები, რაც უბრალო ცოდნამ ვერ შეძლო. ასეა ახლაც ყოველ ახალ ვიდეოს მოჰყვება და უნდა მოჰყვეს კიდეც საზოგადოების აღშფოთება.

Share on Facebook48Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.