პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირება – ისტორიული მიმოხილვა

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

parthenonავტორი: გიორგი გოგუა.

© European.ge

gaguaკაცობრიობის ისტორია, მისი განვითარების თითოეული საფეხური, რასაკვირველია წარმოადგენს და ასახავს სოციალური ყოფის თავისებურებებს. რთული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესს, ცხოველ კომუნიკაციას, ვაჭრობის სფეროს, საზღვაო-სანაოსნო თუ სხვა ტიპის ურთიერთობებს.

ყოველივე ამის უკან კი დგანან ადამიანები, რომელნიც ვიწრო და მსხვილ ჯგუფებად, საერთო ინტერესის, მიზნისა თუ ამოცანის, გადაჭრის პროცესში ერთიანდებიან, ქმნიან გარკვეულ იდეურ ჯგუფს, რომელშიც თავის მხრივ გამოიკვეთება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, დასაბუთებადი, მტკიცებები მსოფლმხედველობრივი მრწამსისა, ყოველივე ეს კი წარმოადგენს იდეოლოგიის შინაარსს.

აღნიშნული ტერმინის დამკვიდრება დაკავშირებულია XVIII საუკუნეში მოღვაწე ფრანგ ფილოსოფოსთან-დე ტრესისთან, რომელიც იდეოლოგიას-„მეცნიერებას იდეების შესახებ“ – უწოდებდა, თუმცაღა ტერმინი მაინც იმ მნიშვნელობით შემოგვრჩა, რომელიც კარლ მარქსმა განსაზღვრა: მარქსი მას „მმართველი კლასის“ იმდაგვარ შეხედულებებთან აიგივებდა, რომელიც აპრიორი განსაზღვრავდა საზოგადოების კლასებად დაყოფას, დაქვემდებარებული კლასი კი ექსპლუატაციის და ჩაგვრისთვის იყო განწირული.

აღნიშნული ტერმინის ამდაგვარი შეფასებიდან გამომდინარეობს, ხშირად მის უარყოფით კონტექსტში განხილვა და თავდაპირველი მიუღებლობა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.

ვინაიდან იდეოლოგიის ცნება გულისხმობს, დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და წარმოდგენების საერთო ჯამს, იგი მჭიდრო კავშირშია პოლიტიკასთანაც, ამ უკანასკნელის ასევე ყოვლისმომცველობიდან გამომდინარე.

თამამად შეიძლებ ითქვას ისიც, რომ გარკვეული იდეოლოგია, გარკვეული პოლიტიკური ძლის სამოქმედო გეგმას გამოხატავს.

იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ, მთავარ განსახილველ საკითხს. ანუ, პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირების თემას, ჯერ სწორედაც რომ მის არსს უნდა ჩავწვდეთ, თვალი გადავავლოთ კაცობრიობის განვითარების გრძელ ჯაჭვს, რათა მისი ანალიზის პროცესში, შევჯერდეთ რაციონალურ დასკვნაზე.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ცივილიზაცია განვითარების კვალდაკვალ იხვეწებოდა, მართვის ფორმები, რომელიც თავდაპირველად იდეურ იგივე იდეოლოგიურ პრინციპს წარმოადგენდა, რომლის გატარებაც სხვადასხვა სამართლებრივ აქტებსა თუ ძეგლებში გადამუშავების შედეგად ქმნიდა სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს, აქ თავად მმართველობის ფორმა განსაზღვრავდა ამა თუ იმ სახელმწიფოს იდეოლოგიურ-პოლიტიკურ შინაარსს.

ამ თვალსაზრიით, საინტერესოა ანტიკური ცივილიზაციების პერიოდში იდეოლოგიური ჩანასახების მიმოხილვა, რომელიც ძირითადად, ერთპიროვნული მმართველობის ფორმებში იჩენდა თავს- ძველ ბაბილონში, ინდოეთში, ჩინეთსა თუ შუმერულ სახელმწიფოში.

განსხვავებით თანამედროვე იდეოლოგიური მიმდინარეობისა, იმჟამინდელი იდეოლოგიები არ ატარებდნენ სეკულარულ ხასიათს, ამის საილუსტრაციოდ ეგვიპტური მოდელიც გამოდგება სადაც, რელიგიური პანთეონი და ზოგადად რწმენა წარმოდგენები მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა სოციალურ-სამართლებრივი ნორმების უმაღლეს სტანდარტებს.

ახდენდა ფარაონის ხელისუფლების განმტკიცებას, ვინაიდან რელიგია აღმერთებდა მას და მიწიერ ღმერთად მიიჩნევდა. იგი მზის ღმერთის – რას ძედ იწოდებოდა და ყოველი მოვლენა დედამიწაზე მისი ნება სურვილის გამოხატულებად მიიჩნეოდა, ამგვარი შეხედულებების გამოისობით რთული არ იქნება საბოლოოდ დავრწმუნდეთ იმაში თუ რა განუზომელად დიდი იყო ფარაონის ძალაუფლება, რელიგიის, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის ინსტრუმენტად გამოყენების პროცესში.

ასევე საინტერესო სურათი იხატება ძველი ინდოეთის პოლიტიკურ- იდეოლოგიური კონცეფციების სტრუქტურაში, აქაც ეგვიპტის მსგავსად წამყვან სახელმწიფო მდგომარეობას გამოხატავს რელიგიურ-მითოლოგიური მსოფლხედვა, განსხვავება ისაა, რომ თუ იქ ფარაონია ღვთაების გამოვლინება, ინდურ კულტურაში ამას ბრაჰმანები იგივე ქურუმები იკავებენ.

ინდოეთში ძველი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნეში შექმნილ ცნობილ სამართლის ძეგლში, რომელსაც „მანუს კანონები“ ეწოდა წარმოადგენდა სამართლებრივ ნორმას, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოების ოთხ ვარნად ანუ კლასად დაყოფას. ეს კი გამართლებული იყო ღვთაებრივი მიზეზით, რომელიც უზენაესად ითვლებოდა და რომელშიც ეჭვის შეტანა წარმოუდგენელი რამ გახლდათ.

ჩინეთიც წინა ორი ადრეული ცივილიზაციის მსგავსად კცობრიობის კულტურის აკვანს წარმოადგენს, რომელსაც მრავალ გამოგონებას უმადლის კაცობრიობა. მისი პოლიტ-იდეოლოგიური მოძღვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მოცემულია გენიალური ფილოსოფოსის კონფუძის (ძვ.წ.551-479) ნააზრევში, რომელსაც ეწოდება –         „ლუნ იუი“ (საუბრები და გამონათქვამები) აღნიშნულმა წიგნმა, უდიდესი როლი შეასრულა ჩინელთა ყოფა-ცხოვრების საერთო წესზე, აქ წამყვანი იდეოლოგიური ფუნქცია სახელმწიფოს პატრიარქალურ თეორიას აკისრია, ნაშრომში სახელმწიფო განიხილება, როგორც სერთო, დიდი ოჯახი, სადაც იმპერატორი, როგორც საყოველთაო მამა და სუვერენია წარმოდგენილი, მმართველობის სტილი კი არისტოკრატიულ კონცეფციაზეა აგებული.

მიუხედავად იმის, რომ კონფუცის იდეოლოგიური მსოფლმხედველობის დიდი ნაწილი წარმოადგენდა სახელისუფლებო ძალის მმართველობის სახელმძღვანელო გეგმას,არსებობდა საირისპირო მსჯელობებიც, რომელთა დასაბუთებული არგუმენტები მთელრიგ საკითხებში, წინააღმდეგობაშიც კი მიდიოდა სახელმწიფოს ოფიციალურ იდეოლოგიასთან.

კონფუცის იდეოლოგიის მთავარ საყრდენს სათნოება და მისი ნორმების პატივისცემა წარმოადგენდა, ამ თვალთახედვით იგი უპირისპირდებოდა კანონების მიხედვით სახელმწიფოში ცხოვრების წარმართვას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ თუ მმართველობა განხორციელდება კანონების მეშვეობით და წესრიგის დაცვა საერთო სასჯელის შიშით მოხდება, ასეთ შემთხვევაში ხალხს გაუჩნდება მიდრეკილება, გაექცეს და დაემალოს მას, რაც ადამიანების მორალური გრძნობის დაქვეითებას გამოიწვევს, გააქრობს სირცხვილის გრძნობასა და სინდისის ქენჯნას, ამ შედეგის თავიდან აცილების მიზნით კონფუძი არაძალისმიერი მმართველობის მომხრეა და ქადაგებას ურთიერთდაქვედებარების იმდაგვარ სისტემას რომელიც ზემდგომისადმი პატივისცემის და მოწიწების გამომხატველია.კონფუციანელობის, ამ პაციფისტური იდეოლოგიის საპირისპირო მიმართულება განავითარა შან იანმა (390-338 წწ. ძვ.წ.აღ-ით) ტრაქტატში, რომელსაც ეწოდება „შან ძიუნ შუ“ და რომელიც სიტყვა სიტყვით ნიშნავს („შანის ოლქის მმართველის წიგნს“) აღნიშნული მოძღვრება ცნობილია ლეგიზმის სახელით.

შან იანი მიზანშეწონილად მიიჩნევდა და ასაბუთებდა მმართველობის სასტიკ სასჯელებზე დაფუძნებულ ფორმას, გამოდიოდა კონფუციანელობის მწვავე კრიტიკით. ლეგიზმის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ როდესაც ხალხი ძლიერია თავის ხელისუფლებაზე, სახელისუფლებო ინსტიტუცია დაკნინებული და სუსტია, რაც მთლიანად საფრთხის წინაშე აყენებს სახელმწიფოს და ადვილად დასაპყრობს ხდის მას გარეშე ძალების მხრიდან, მაგრამ როდესაც პირიქითაა, ანუ ხელისუფლებაა ძლიერი და ხალხი მეტად მორჩილი, ამ შემთხვევაში არმიაა ძლიერი, რომელიც სახელმწიფო ძლიერების გარანტია, როგორც საერთაშორისო ასევე საშინაო ასპარეზზე.

კონფუციანელობა და ლეგიზმი როგორც ვხედავთ, წარმოადგენდა პოლიტიკური დაპირისპირების კლასიკურ ნიმუშს, თავიანთი მიმდევრებითა და მსოფლმხედველობრივი მრწამსით ძველ ჩინურ რეალიებში.

როგორც ძველი აღმოსავლეთის კულტურული ყოფა-ცხოვრებიდან და მისი ზოგადი სურათ-ხატის წარმოდგენიდან ჩანს, პოლიტიკური იდეოლოგიის მაკონსტრუირებელი და წარმმართველი ძალა რელიგია და მითოლოგიური ყოფილა.

ამ პრიმიტიული წარმოდგენებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მართვა-გამგებლობაზე, სულ სხვა სურათი იხატება ბერძნული ცივილიზაციის პოლიტიკური იდეოლოგიების ანალიზისას.

ის უდიდესი გავლენა, რომელიც მოახდინა ბერძნულმა აზროვნებამ, ევროპის ისტორიული განვითარების პრაქტიკულად ყველა ასპექტზე, განაპირობა დღევანდელობამდე მოეტანა ფუძემდებლური პრინციპები, სახელმწიფოსა და მისი მართვა-გამგეობის ფორმების შესახებ.

სწორედ საბერძნეთი წარმოადგენს იმ გეოგრაფიულ არეალს, სადაც ჩაისახა დემოკრატიის გაგება.

ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების, ანუ „პოლისების“ მართვის სისტემები ეკლექტიკურ ხასიათს ატარებდა, ზოგიერთ მათგანში ძალაუფლება ერთი პირის იგივე ტირანის ხელში იყო კონცენტრირებული, სხვაგან იგივე ხელისუფლებას, მოსახლეობის წარჩინებულთა მცირე ნაწილი წარმოადგენდა, მმართველობის ამ ფორმას-არისტოკრატია ეწოდებოდა, ხოლო თუ სახელმწიფოს მართვის სადავეები მდიდარ დამიანებს ეპყრათ ხელთ, ამას ოლიგარქია ეწოდებოდა.

აღნიშნული ქალაქ-სახელმწიფოების შიგნით ადგილი ქონდა საზოგადოების გამუდმებულ დაპირისპირებს. ეს დისჰარმონიულობა გაბატონებულ წრეებშიც შეიმჩნეოდა. აღნიშნული პროცესები, ხელშემწყობი მექანიზმი გამოდგა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბების კუთხითაც.

ადრეული ხანის საბერძნეთის ცხოვრებაში, პოლიტიკური აზროვნების ფუნდამენტალისტებს ფილოსოფოსები წარმოადგენენ, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პითაგორა (ძვ.წ. 571-497) რომელიც არისტოკრატიულ იდეოლოგიას წრმოადგენდა, იგი დიდხანს ცხოვრობდა კუნძულ სამოსზე, თუმცაღა როდესაც აქ ტირანია დამყარდა, მან დატოვა კუნძული და სამხრეთ იტალიაში ქ. კრიტონში გადასახლდა, სადაც შემოიერთა ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენლები პოლიტიკური კავშირის შექმნის მიზნით.

პითაგორას პოლიტიკური შეხედულება ამოდიოდა პრინციპიდან, რომელიც ადამიანს უსუსურობას მიაწერდა და მიიჩნევდა რომ მას სჭირდებოდა პატრონი ძლიერი ხელისუფალის სახით, რომელიც წესრიგისა და სტაბილურობის გარანტი იქნებოდა სახელმწიფოში, პითგორს ნააზრევმა და შეხედულებებმა სახელმწიფოსა და სამართლის შესახებ დიდი გავლენა მოახდინა მასებში.

ბერძნული აზროვნების ისტორიაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჰერაკლიტეს (VI-VII ძვ.წ. აღ-ით) პოლიტიკურ მოსაზრებებს, იგი დემოკრატიის კრიტიკოსად გვევლინება და მის ალტერნატივად „საუკეთესოთა“ მმართველობას გვისახავს, რომელიც განსაკუთრებული ერუდიციის მქონე პიროვნებებს ანიჭებს უპირატესობას სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეში.

ასევე პითაგორას საწინააღმდეგო იდეოლოგიურ მოსაზრებებს ასაბუთებს ანტიკური ბერძნული ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი – დემოკრიტე, რომელიც მონათმფლობელური დემოკრატიის მომხრედ გვევლინება, ამ თვალსაზრისით იგი მიანიშნებს მონობის აუცილებლობაზე, მისი ისტორიული და სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, მეტიც, დემოკრიტე მონობას განიხილავს, როგორც საზოგადოების კონსოლიდაციისთვის საჭირო ინსტიტუტს.

პოლიტიკური იდეოლოგიების შეფასების საინტერესო ნაწილს ვაწყდებით, აგრეთვე, ახალგაზრდა სოფისტი მოაზროვნის თრაზიმაქეს გამოთქმულ მოსაზრებებში, რომელიც ანტიდემოკრატიულია და გარკვეული თვალსაზრისით ანარქისტულ ელემენტებს შეიცავს, როგორც თრაზიმაქე აღნიშნავს, სამართალი ხელისუფლების პრივილეგიაა და მდიდრების სამსახურში უნდა იდგეს.

იმ მოაზროვნეთა შორის, რომლებმაც ბერძნულ პოლიტიკურ-სამართლებრივ შეხედულებებს დაუდეს საფუძველი და შემდგომი ეპოქების იდეოლოგიურ წინამძღვრებად იქცნენ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანტიკური დროის სამი კლასიკოსი და საყოველთაოდ აღიარებული ფილოსოფოსი ესენია: სოკრატე, პლატონი და არისტოტელე. თითოეული მათგანის დამსახურება,ზოგადსაკაცობრიო კულტურული იდეალების ჩამოყალიბების პროცესში უდაოდ დიდი მნიშვნელობისაა.

სოკრატეს პოლიტიკური შეხედულებები ეფუძნებოდა სახელმწიფოს არისტოკრატიული მმართველობის პრინციპებს, იგი ანტიპატიურად იყო განწყობილი დემოკრატიის მიმართ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მრავალთა მმართველობის ეს ფორმა რაც გულისხმობს მოსახლეობის მეტ იურიდიულ უფლებამოსილებას, ხოლო მმართველი წრის შეზღუდულ ხელმწიფებას, უარყოფითად იმოქმედებდა სახელმწიფოს სამომავლო განვითარებაზე, მისი ინსტიტუტების ძლიერებაზე, ამის სანაცვლოდ სოკრატესეული იდეალი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არისტოკრატიული წყობილებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გამგებლებად გვევლინებიან, მცირე მაგრამ მცოდნე და მომზადებული ადამიანები, აღნიშნული ფაქტორით შერჩევა ადამიანებისა, სოკრატეს აზრით, ერთადერთი სანდო წყაროა, სამართლიანად წარიმართოს სახელმწიფოებრივი წეს-წყობილებისათვის დამახასიათებელი მოვლენები, დაცული იყოს კანონის უზენაესობის პრინციპი.

ამოდის რა, სოკრატე არისტოკრატიზმის პრინციპიდან, მისთვის უმთავრეს ღირებულებას ცოდნა და მასზე დაფუძნებული საზოგადება წარმოადგენდა.

მისი საყოველთაოდ გავრცელებული თეზისი – „შეიცან თავი შენი“ იდეალების გამოხატულებაა.

კიდევ ერთი გამოჩენილი ფილოსოფოსი, რომელიც საფუძვლიანად მიიჩნევა ბერძნული აზროვნების მამათავრად გახლდათ პლატონი (წვ. წ. 427-347), იგი სოკრატეს მოწაფე და შესაბამისად მისი თანამედროვე იყო.

პლატონის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეხედულებები,აგრეთვე მისი დამოკიდებულება სახელმწიფოს წეს-წყობილების მიმართ, განისაზღვრა კონკრეტული ისტორიული მოვლენით, კერძოდ, ეს ის პერიოდია, როდესაც ათენი პელოპონესის ომში დამარცხდა, რამაც ქვეყნის შიგნით არეულობა და ქაოსი წარმოშვა დემოკრატიის მომხრეებსა და მის მოწინაღმდეგეებს შორის, სადაც პლატონს მისი მასწავლებლის, სოკრატეს მსგავსად არისტოკრატთა მხარე ეჭირა.

იდეოლოგიური თვალსაზრისით, პოლიტიკური დამოკიდებულებებიც მასთან შემდეგნაირად წარმოჩინდა, პლატონს მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს მართვა ფილოსოფოსთა, ამ მცოდნე და განსწავლული ხალხის პრეროგატივა იყო, ვინაიდან მათ შესწევდათ უნარი წამოეყენებინათ იდეები, ემსჯელათ მათ შესახებ და მიეღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები, ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის ფარგლებში.

პლატონის ნააზრევი ასევე მოიცავს საკითხს საზოგადოების წოდებებად დაყოფის შესახებაც და მას ასაბუთებს იმ არგუმენტით, რომ ეს დაყოფა და უთანასწორობა თანდაყოლილი და ობიექტურია. კაცობტიობის ისტორიის მისეულ ინტერპრეტაციებში, იდეალური სახელმწიფო წრმოდგენილია, როგორც მკაცრად ორგანიზებული, ძლიერი და კონსოლიდირებული ორგანიზმი, სადაც თითოეული სახელმწიფო მოღვაწე ვალდებულია მასზედ დაკისრებული მოვალოება პირნათლად შეასრულოს. აღნიშნულ სხელმწიფოში ახალგაზრდები უნდა იზრდებოდნენ სახელმწიფოში შემუშავებული სპეციალური პროგრამის მიხედვით, რომელსაც უნდა ხელმძღვანელობდნენ სპეციალური თანამდებობის პირები.

როდესაც პლატონი მმართველობის ფორმებს ეხება, იგი წარმოგვიდგენს ამას ოთხი სახით, პირველი ეს არის არისტოკრატია, რომელიც ძლიერი და მამაცთა მმართველობას გულისხმობს,მომდევნო გახლავთ ოლიგარქია, – ანუ მდიდართა მმართველობა, მეოთხე კი ეს არის დემოკრატია, სადაც ხალხი გამგებლობს, პლატონი მიმოიხილავს საკითხს თუ რატომ შეიძლება შეიცვალოს მმართველობის ერთი ფორმა მეორეთი და ამის მიზეზად ასახელებს იდეოლოგიურ უთანხმოებებს, რაც ძირითადად გამოწვეულია ძალაუფალთა და დაქვემდებარებულთა მორალური დეგრადირებით, ხელისუფალთა შემთხვევაში ეს გამოჩნდება, სიხარბით და ძალაუფლების მოყვარეობით.

საერთო ჯამში, პლატონს დიდი წვლილი მიუძღვის საერთო პოლიტიკური მსოფლხედვის, მისი ფუნდამეტური პრინციპების შექმნაში, რომლის დამსახურებაცაა თანამედროვე პოლიტიკურ იდეოლოგიათა პლურალიზმი.

სახელმწიფოს მართვის და მისი იდეოლოგიური საფუძვლების კვლევა-ძიებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, ანტიკური ბერძნული ფილოსოფიის კიდევ ერთ, უთვალსაჩინოეს წარმომადგენელს – არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322) რომელიც მონათმფლობელური დემოკრატიის პრინციპების ერთგულ დმცველად გვევლინება, მისი განმარტებით მონობა ეს გარდაუვალი პრინციპია, თავად მონა კი ისეთივე უუფლებო, როგორც რაიმე უსულო საგანი ან პირუტყვი და არაბუნებრივია მასთან მეგობრობა, ამ თვალსაზრისით ნათელია სოკრატისეული გაგება, დემოკრატიული პრინციპებისა. ცხადია, იგი მკვეთრად განსხვავდება დემოკრატიულობის თანამედროვე გაგებისგან, ამ თვალსაჩინოებას სწორედ მონობის ინსტიტუტი წარმოაჩენს.

მიუხედავად მონობის ინსტიტუტის არსებობის გამართლებისა, არისტოტელე მოუწოდებს მონათმფლობელებს, გამოიჩინონ ზომიერება მათდამი მოპყრობისას.

არისტოტელე ასევე ეწინააღმდეგება მეტისმეტ გამდიდრებას, რაც მევახშეობის და ვაჭრობის ფართოდ განვითარების შეზღუდვით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

არისტოტელე თავისი იდეური შეხედულებებით ემიჯნება თავის მასწავლებელს – პლატონს, მრავალ სახელმწიფოებრივ საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთი საკითხი ამ წინააღმდეგობისა გახლავთ ის, რომ პლატონისაგან განსხვავებით არისტოტელე კერძო საკუთრების მომხრეა.

სამართლის საკითხები არისტოტელესთან განიხილება, როგორც პოლიტიკური სამართლიანობა, რაც თავის მხრივ მიუთითებს სახელმწიფოში დამყარებულ წესრიგზე, ამ შემთხვევაში სამართალს იგი განიხილავს, მხოლოდ თანასწორუფლებიან ადამიანებს შორის.

არისტოტელეს ნააზრევში გამოთქმულია მოსაზრებები სახელმწიფოს ფორმების შესახებაც, რომელსაც იგი ორჯგუფად, სამართლიანად და უსამართლოდ ჰყოფს, სამართლიანია: მონარქია, არისტოკრატია და პოლიტეა, ხოლო: ტირანია, ოლიგარქია და დემოკრატია უსამართლო.

აღნიშნული ფორმებიდან, არისტოტელე უპირატესობას პოლიტეას ანიჭებს, რომელიც მოსახლეობის საშუალო ფენას წარმოადგენს და გარკვეული სახით დემოკრატიისა და ოლიგარქიის შენაერთია.

საერთო ჯამში, მთლიანად, ადრეული ბერძნული ცივილიზაციის მიმოხილვისას მისი ანალიზი გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ ეს ის გეოგრაფიული არეალია, სადაც ადამიანის პოლიტიკურ აზროვნებას სისტემური სახე მიეცა.

ისტორიულად თანადროულ ცივილიზაციებში სწორედ ბერძნული პოლიტიკური იდეოლოგიები წარმოადგენენ დემოკრატიულ-მითოლოგიურ შინაარსისგან დაცლილ მსოფლმხედვებს, განსხვავებით ინდური, ჩინური თუ ეგვიპტური წარმოდგენებისაგან, რომელნიც არ იყვნენ სეკულარიზირებულნი.

საბოლოოდ, მთლიანად რომ შევაჯამოთ პერიოდი, რომელიც მოიცავს ანტიკური ცივილიზაციების განვითარების ყველა ეტაპს, დასკვნის სახით შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება, რომ გარკვეული ფორმით, არსებობდა სისტემური იდეოლოგიები, რომლებიც რწმენა-წარმოდგენებში იყრიდა თავს და მასშტაბურ გავლენას ახდენდა სახელმწიფომოწყობის თავისებურებებზე, თუმცაღა ამ თვალსაზრისით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ბერძნული წარმოდგენები, რომელიც შედარებით უფრო დახვეწილ ფორმებს იძენდა ანტიკური ხანის, სხვადასხვა გამოჩენილი ფილოსოფოსების შემოქმედებაში.

თუ გვსურს გავიგოთ იდეოლოგიის გავლენა, ადამიანის ქცევის თავისებურებებზე, საჭიროა კონკრეტული ეპოქის სოციალურ-კულტურული ანალიზი, რომელშიც ირეკლება ყოფითი მოვლენები, საზოგადოების დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ, კანონმორჩილების დონის განსაზღვრა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ბრუნვი სიხშირე, მატერიალური პოდუქტის წარმოება, და ა.შ. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რამდენად გაამართლა ამა თუ იმ იდეოლოგიურმა კონცეფციამ, რა ხარვეზები გააჩნდა და რისი გამოსწორება იყო შესაძლებელი, ანუ იქმნება პრაქტიკული ანალიზის შესაძლებლობა.

აქვე მოკლედ მიმოვიხილავ, შუა საუკუნეების პოლიტიკურ-სამართლებრივ შეხედულებებს, საერთაშორისო ასპარეზზე, რომლის იდეოლოგიური ფორმები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნაკლებ მრავალფეროვანია, ვიდრე იგივე ანტიკური ბერძნულისა, მიზეზი ამისა გახლდათ ერთის მხრივ ფეოდალიზმის ჩასახვა განვითარება და აბსოლუტიზმის ბატონობა და მეორეს მხრივ რომაული კათოლიციზმის არნახული გავლენა დასავლეთ ევროპის მონარქიეებზე.

რომის პაპის ინსტიტუტი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მაშასადამე ეკლესია გამოდიოდა როგორც აქტიური პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც კარნახობდა სახელმწიფოებს საერთაშორისო პოლიტიკურ სამოქმედო გეგმებსაც. ამის საილუსტრაციოდ ერთი ისტორიული ფაქტის მოშველიებაც კმარა, მაგალითად: 1095 წელს, პაპმა ურბან-II-მ საფრანგეთის ქალაქ კლერმონადან, მოუწოდა სრულიად ევროპას, დაეხსნათ წმინდა ქალაქი – იერუსალიმი, ბარბაროსი მუსლიმებისაგან. ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, როდესაც საქმე რელიგიურ გრძნობებს ეხებოდა, ქრისტიანობის დაცვის იდეით აღტყინებული დასავლელი ფეოდალები რომის პაპის გარშემო ერთიანდებოდნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს შუა საუკუნეების ევროპაში სქოლასტიკური მსოფლმხედველობისა და ზოგადად სასულიერო ძალაუფლების დიდ გავლენას. თავის მხრივ ეკლესიის ავტორიტეტულობა ზურგს უმაგრებდა მონარქის ინსტიტუს და ეხმარებოდა მას საჭიროების შემთხვევაში შეეკავებინა მეფეზე განაწყენებული მოჯანყე გლეხობის სამართლიანი პროტესტი.

ანტიკური და შუა საუკუნოვანი სუსტი პოლიტიკური იდეოლოგიებისაგან განსხვავებით, XIX საუკუნის დამდეგიდან საფუძველი ეყრება პერიოდს, რომელშიც ისახებიან იდეოლოგიის ის ფორმები, რომელთა ეტაპობრივი ტრანსფორმაციების შედეგად მივიღეთ თანამედროვე სახის გამართული სისტემები მთელი თავისი მკაცრად რეგლამენტირებული წესდებითა და დასაბუთებული მსჯელობებით.

იდეოლოგიების ამ სახით ჩამოყალიბებამდე კაცობრიობამ გაჩენის დღიდან მრავალი ომი და ქარტეხილი გადაიტანა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული პროცესების განვლის შედეგად სამყარომ არნახული პროგრესი განიცადა ცხოვრების მრავალ სფეროში. სასოფლო-სამეურნეო და სამიწადმოქმედო საქმიანობა ეტაპობრივად ჩაანაცვლა წარმოების ინდუსტრიულმა საშუალებებმა, რასაც ფეოდალიზმის დაშლა და კაპიტალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება მოჰყვა. სამრეწველო განვითარების ფართოდ გამოყენებამ წარმოშვა ტექნიკური რევოლუცია, დააჩქარა მოვლენების განვითარება და ხელი შეუწყო კავშირგაბმულობის, მეტროპოლიტენის, მანქანათწარმოების, სარკინიგზო ხაზების მშენებლობას.

განვითარების ეს სწრაფი ტემპი ტექნიკურ სფეროებში, ცხადია გვერდს ვერ აუვლიდა კულტურულ-სოციალური პროგრესის აუცილებლობასაც. დადგა ეპოქა, რომელსაც სამართლიანად ეწოდა „მასების ერა“, შედეგად კი წარმოიშვა სოციალური თანასწორობის იდეა.

საფრანგეთის რევოლუციამ XVIII საუკუნის მიწურულს ხელი შეუწყო აბსოლუტიზმის დამხობას, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო „ფრანგი განმანათლებლების“ აქტიურმა ბრძოლამ სიტყვის გამოხატვის და ზოგადი ჰუმანისტური პრინციპებისათვის სწრაფვამ. ამ დროიდან მოყოლებული ცივილურ სახელმწიფოებში მიმდინარე გარდამქმნელმა პროცესებმა, რომელმაც კვალი დაატყო სახელმწიფო სტრუქტურების ახლებურად მოწყობის საკითხს, წარმოშვა ლიბერალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის ფორმა, რომელიც ძირითადად სამრეწველო დასავლეთისთვის დამახასიათებელ კომპონენტად მოგვევლინა, რომლის ძირითად პრინციპს პიროვნების თავისუფლებაზე დამყარებული სახელმწიფო წარმოადგენდა.

ლიბერალიზმის წარმოქმნას ხელი შეუწყო ფეოდალიზმის დაშლამ და საბაზრო ანუ კაპიტალისტური საზოგადოების შექმნის ტენდენციამ.

უკვე XIX საუკუნიდან კი ეტაპობრივად იწყება ეკონომიკური ლიბერალიზმის განვითარება, რომლის მიზანს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენდა, ოღონდ ეს იმგვარად უნდა მომხდარიყო, რომ ადგილი არ ჰქონოდა სახელმწიფოს ჩარევას ბიზნესის რეგულირების პროცესში, თუმცა XIX საუკუნის დასასრულს გაჩნდა სოციალური ლიბერალიზმიც, რომელიც ორიენტირებული იყო სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, დაეშვა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევაც.

ლიბერალიზმის დასახასიათებლად მნიშვნელოვანია გამოვყოთ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რომელთა ერთობლიობაც განაპირობებს მისი როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის ღირსებებს.

პირველი მათგანი გახლავთ – ინდივიდუალიზმი, როგორც ამ იდეოლოგიის ერთერთი უძირითადესი პრინციპთაგანი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი პიროვნების ცალკეული ინტერესის პატივისცემას, ისე, რომ არცერთი სოციალური და კოლექტიური ჯგუფის ინტერესს არ უნდა შეეწიროს, ეს დებულება ასევე ხაზს უსვამს ადამიანის სიცოცხლის, როგორც ყველზე დიდი ფასეულობის უნიკალურობას და მისი დაცვის აუცილებლობას. შესაბამისად ლიბერალიზმი ესწრაფვის შექმნას იმდაგვარი საზოგადოება, რომელიც მორგებული იქნება და უზრუნველყოფს ინდივიდის კეთილდღეობისათვის ყველა საჭირო მექანიზმის ეფექტურად მუშაობას.

ლიბერალიზმის სხვა ფუნდამეტური ღიებულებებია: თავისუფლება, გონი, თანასწორობა, შემწყნარებლობა, შეთანხმება. ყოველი მათგანი გამოხატავს პიროვნებისა და საზოგადოების, ასევე პიროვნებისა და სახელმწიფოს, სრულფასოვანი ურთიერთობისათვის საჭირო ელემენტების ერთობლიობას, რომლის დამცველადაც ლიბერალებს კონსტიტუცია ესახებათ. სწორედ კონსტიტუციაა მათი რწმენით საზოგადოებრივი წესრიგისა და სტაბილობის უმთავრესი გარანტი. იგი ასევე უზრუნველყოფს იმ ბერკეტების არსებობასაც, რომლის ძალითაც ბალანსდება ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები, მისი შეზღუდული მმართველობის შენარჩუნებისათვის, ვინაიდან არსებობს საფრთხე, ძალაუფლება გამოყენებულ იქნას ხელისუფლებაში მყოფი პირების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ამით საფუძველი ჩაეყაროს მმართველობის ავტორიტარული ფორმის ჩამოყალიბებას.

ლიბერალისტური მსოფლმხედველობის მამამთავართაგან გამორჩეული ადგილი უჭირავს ჯონ ლოკს (1632-1704 წწ.) ინგლისელ ფილოსოფოსსა და პოლიტიკოსს, რომელიც ყურადღებას ადამიანის თანდაყოლილი უფლებების არსებობაზე ამახვილებს, მის შრომებში საუბარია: საკუთრების, სიცოცხლისა და თავისუფლების საყოველთაო აუცილებლობაზე. ლოკი ასევე ხაზს უსვამს ხელისუფლების წარმომადგენლობითი მმართველობის აუცილებლობას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარ პირობად ესახება.

ლიბერალიზმის არსებობის ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა მისი ორი ფორმა, რომელნიც გარკვეულწილად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

პირველი მათგანი – კლასიკური ლიბერალიზმი, თუ კატეგორიულად გამორიცხავს ხელისუფლების ჩარევას ეკონომიკური ბაზრის დარეგულირების საქმეში. ამის საპირისპიროდ თანამედროვე ლიბერალისტური ხედვა გაცილებით უფრო ლოიალურ დამოკიდებულებას გამოხატავს სახელმწიფოს ჩარევის მიმართ იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ თავიდან იქნას აცილებული სამრეწველო კაპიტალიზმის არსებობის პირობებში სოციალური უთანასწორობის მკაცრი შედეგები, რაც თავის მხრივ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ლიბერალიზმის უარყოფითი მხარე.

მიუხედავად სახელმწიფო მართვის და მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ინსტრუმენტების ეფექტურობისა ლიბერალურ იდეოლოგიას ორი დიდი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, პირველი მათგანი გახლდათ კონსერვატიზმი, ხოლო მეორე – სოციალიზმი. თითოეულ მათგანს კი მისთვის დამახასიათებელი ქვე სისტემების და ნიშნების ერთობლიობა გამოარჩევდა ერთმანეთისგან.მაგალითად კონსერვატიული დოქტრინა აქცენტებს წარსული გამოცდილებების დაცვასა და ტრადიციების მნიშვნელობაზე აკეთებდა, იგი ლიბერალური შეხედულებების იმ თვალსაზრისითაც უწევს ოპინირებას, რომ ტრადიციული სოციალური წესრიგის თავგამოდეულ დამცველად გვევლინება.

მისთვის დამახასიათებელი მსფლმხედველობრივი იდეები პირველდ XVIII საუკუნის ბოლოს წარმოჩინდა, როგორც უკურეაქცია ამავე პერიოდის, ფრანგული რევოლუციით გამოწვულ რადიკალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებზე.

კონსერვატიზმის წარმოქმნიდან, იმთავითვე შეინიშნებოდა არაერთსულოვანი დამოკიდებულება, რამდენიმე საკითხთან მიმართებაში, ასე მაგალითად: არსებობდა კონსერვატორთა რადიკალურად განწყობილი ჯგუფი ევროპაში, რომელსაც სათავეში ჟოზე დე მესტრი ედგა. კონსერვატიზმის ეს მიმართულება უარყოფდა ნებისმიერი რეფორმის განხორციელების საჭიროებას, რაც ხაზს უსვამდა ამ მიმართულების ავტოკრატულობასა და რეაქციულობას.

ისევე როგორც ლიბერალიზმს, კონსერვატიულ იდეოლოგიასაც მისთვის დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობა წარმოაჩენდა, ესენი გახლავთ: ტრადიცია – რომელიც ასახავს წარსული გამოცდილებით დაგროვილი ცოდნის გამოყენებას, მის დაცვასა და პატივისცემას. ტრადიცია მათთვის ფასეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი გარანტია – სტაბილობისა და დაცვის კუთხით. ტრადიციულობა ასევე საზოგადოების ისტორიული მიკუთვნებულობის და ნაციონალიზმის გრძნობებს ამყარებს, რაც თავის მხრივ ძლიერი იარაღია სახელმწიფოებრივი თვითშეგნების განმტკიცების მიზნებისათვის.

კონსერვატიზმის მეორე დამახასიათებელი ნიშანია პრაგმატიზმი – ეს შეხედულება ემყარება ადამიანისა და მისი გონებრივი შესაძლებლობების არასრულყოფილებაზე რწმენას, ისინი მხოლოდ გამოცდილებას და პრაგმატიზმს მიიჩნევენ მთავარ დასაყრდნობ ძალად.

ორგანიციზმი, კიდევ ერთი ნიშან-თვისებაა, კონსერვატიული ხედვისა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების, სოციალური ჯგუფების, თემებისა და ოჯახების, ერთიან კონტექსტში განხილვას, ისინი ქმნიან ერთ სივრცეს, სადაც ჯანსაღი ურთიერთკავშირისა და თანაბარი უფლებების პირობებში წარმოადგენენ, საერთო კულტურასა და ტრადიციული ფასეულობებისადმი დადებითად განწყობილ ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებს.

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა აგრეთვე, საკუთრების საკითხსაც, რომელსაც კონსერვატიულ კონცეფციაში უდიდესი ადგილი უჭირავს, იგი განიხილება, როგორც ინდივიდისათვის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის განმაპირობებელი ფაქტორი.

კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის განვითარების შედეგად წარმოიშვნენ მისი თანამედროვე ფორმები, ლიბერალიზმის შემთხვევაში ეს ნეოლიბერალიზმში გამოვლინდა ხოლო კონსერვატორებთან – ნეოკონსერვატიზმში.

ნეოლიბერალიზმის არსი გამოიხატებოდა – თავისუფალი ბაზრის პრინციპების შემუშავებაში და პიროვნების თავისუფლების უფრო ფართო გაგებით წარმოდგენაში.

რაც შეეხება ნეოკონსერვატიზმს, მისი მიზანია, თანამედროვე გლობალური პროცესების განვითარების შედეგად წარმოშობილი ნიჰილისტური შეხედულებები დათრგუნოს და კვლავაც წინა პლანზე წამოწიოს მისთვის დამახასიათებელი ღირებულებები: ოჯახის სიწმინდე, რელიგიური რწმენის სიმტკიცე და ა.შ.

პოლიტიკურ იდეოლოგიათა ჩამონათვალში, სადაც უკვე საუბარი გვქონდა თავის გავლენითა და შინაარსით მნიშვნელოვან კონცეფციაზე, ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის სახით, იკვეთება პოლიტიკური იდეოლოგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოდელი – სოციალიზმი.

იგი თავისი არსით ყურადღებას ამახვილებს და ხაზს უსვამს საზგადოების სხვადასხვა ფენების საერთო ინტერესების დაცვაზე, მათი ერთობის აუცილებლობაზე, ამგვარად, სოციაიზმის პირველი და უმთავრესი დამახასიათებელი ნიშან-თვისება ერთობის იდეა გახლავთ.

სოციალისტების აქცენტი ბუნების დამორჩილებაზე და ამის შედეგად პიროვნების ქცევის ფაქტორად სოციალურ განპირობულობაზე კეთდება.

რაც შეეხება საზოგადოების მოწყობის მიზანშეწონილობას, სოციალისტთა გაგებით, ამის საუკეთესო საშუალება-კოლექტივიზმის პრინციპია, რომელიც თითოეული ადამიანის ძალისხმევას მოუყრის თავს, ამგვარი კონცეტრირებულობა კი ქიშპისა და დაპირისპირებას გაანეიტრალებს.

ლიბერალიზმის და კონსერვატორიზმის მსგავსად, რომელთა იდეოლოგიაც განსხვავებული ტიპის ფორმებით ხასიათდება, სოციალიზმსაც თავისი დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია.

სოციალური თანასწორობა მისი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც კეთილდღეობის საყოველთაობის აუცილებლობას გულისხმობს და არა თანასწორობას შესაძლებლობის ფარგლებში. მთავარი ფაქტორები, რითაც სოციალიზმი უპირისპირდება ზემოაღნიშნულ ორ მეტაიდეოლოგიას, გახლავთ ორი პრინციპი, პირველი – სოციალური კლასი, ხოლო მეორე – საერთო საკუთრების სისტემა.

სოციალური კლასი წარმოადგენდა პლორეტართა, ანუ მუშათა და ექსპლუატირებულთა ინტერესებისათვის მებრძოლ მექანიზმს ამ თეორიაში, რომლის მიზანი, ბურჟუაზიულ საზოგადოებაში გაბატონებული ლიბერალიზმისა და კაპიტალისტური წყობის ფუნდამენტის მოშლა იყო.

რაც შეეხება საერთო საკუთრების ცნებას სოციალიზმში, იგი გულისხმობდა კოლექტივიზაციის გზით, თანაბრად გადაენაწილებინათ ქონება მოსახლეობის ფართო მასებზე.

სოციალისტური ღირებულების მატარებელი იდეოლოგიებიდან, რომელნიც მისი ფუნდამენტური პრინციპებით საზრდოობენ, აღსანიშნავია მარქსიზმი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა, მთელს შემდგომ ისტორიულ პროცესებზე.

მისი ფუძემდებელი, კარლ მარქსი, მკვეთრად დაუპირისპირდა დასავლურ კაპიტალიზმს. მისი განმარტებით კაპიტალიზმი წარმოშობს მუშათა კლასის ჩაგვრის სისტემას რაც პროლეტარული რევოლუციის გზით უნდა იქნას აღმოფხვრილი.

მარქსიზმის დამახსიათებელი ნიშნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია კაცობტიობის განვითარების ისტორიაში, გახლავთ კომუნიზმი, რომლის მთავარი იდეაა: უკლასო საზოგადოების შექმნა და მათზე დოვლათის თანაბარი გადანაწილება, ეს უტოპიური კონცეფცია, რომელმაც ასახვა ჰპოვა გასული საუკუნის საბჭოთა რუსეთში მისი უტოპიურობიდანვე დამახინჯებულად იქნა გატარებული რეალურ პლოლიტიკურ ცხოვრებაში.

კომუნიზმის მსგავსად, რომელმაც შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკური ლანდშაფტი და ძალათა ბალანსის ახალი პრობლემატიკა წარმოშვა, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, XX საუკუნის დასაწყისში ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ფაშიზმი, რომელსაც საფუძველი იტალიაში ჩაეყარა ბენიტო მუსოლინის ძალისხმევით. არცთუ დიდი ხნის შემდეგ, იდეოლოგიის ეს ფორმა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ აიტაცა და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა მერე მსოფლიო ომის წამოწყების შედეგად.

ამრიგად როდესაც საუბარი გვაქვს პოლიტიკურ იდეოლოგიათა დაპირისპირებაზე, პირველ რიგში აქცენტი სწორედ კომუნიზმსა და ფაშიზმის დაპირისირებაზე უნდა გავაკეთოთ, ამ ორმა ძლევამოსილმა ძალამ მათი სამხედრო დაპირისპირების პერიოდში ორი ათეული მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ევროპა კი მძიმე ფინანსური და ფსიქოლოგიური ტრამვების ქვეშ დააყენა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ენდრიუ ჰეივუდი: პოლიტიკა.

გიორგი დავითაშვილი: პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია.


საკონფერენციო ნაშრომი

 

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*