1 მაისი, მშრომელები და ეკლესია

ieso
იესო გლეხებთან ერთად, სამხრეთ ამერიკული მხატვრობა.

► ავტორი: შოთა კინწურაშვილი, გერმანიის აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტი.

© European.ge

ქრისტიანულ ეკლესიებში მღვდელმსახურების და თეოლოგების მხრიდან წამოსული სოციალური პროტესტი უცხო მოვლენა არასოდეს არ ყოფილა. სოლიდარობა,  ჩაგრული ადამიანების გვერდზე დგომა და უსამართლობასთან ბრძოლა ცენტრალურ ქრისტიანულ სათნოებად ითვლება. ეკლესიებში ჩაისახა მრავალი სოციალური მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით იბრძოდნენ და კონკრეტულ შედეგებსაც მიაღწიეს. ასე მაგალითად, აფრიკაში აპარტეიდის დამარცხებაში დიდი როლი შავი განთავისუფლების თეოლოგიას მიუძღვის, გერმანიაში XIX-XX საუკუნის  ქრისტიან მუშათა მოძრაობებმა დღეს არსებული  მშრომელთა  უფლებების ჩამოყალიბებაში განუზომელი წვლილი შეიტანეს, სამხრეთ ამერიკის განთავისუფლების თეოლოგიის მიღწევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამ მოძრაობის წარმომადგენლის ეპისკოპოსი ჰელდერ კამარას სიტყვებს თუ დავჯერდებით  „განთავისუფლების თეოლოგია იარსებებს მანამ, სანამ დედამიწაზე უკანასკნელი ღარიბი არ გაქრება.“

სამწუხაროდ მსგავსი მკაცრი და რადიკალური ხმა ჩვენი დროის საქართველოში ჯერ არ გვსმენია არც მღვდელმსახურებისაგან, არც თეოლოგებისგან. არსად ჩანს მაღალი საეკლესიო იერარქიის  მშრომელებისადმი თანაგანცდა, რომელთაც არაადამიანურ პირობებში უწევთ შრომა და სარჩოსაბადებლის მოპოვება. თითქოსდა ღვთისმსახურის შესამოსელი ამ მოვალეობისაგან მათ ანთავისუფლებს. არ დაგვავწიყდეს სწორედ  მშრომელები წარმოადგენენ ეკლესიის მორწმუნეთა უდიდეს ნაწილს, ისინი შეადგენენ სამრევლოებს, ისინი ინახავენ  მღვდელმსახურებს, საეკლესიო შენობა-ნაგებობებს. ქრისტიანული ეკლესიის უახლესი ისტორიიდან ქვემოთ მოყვანილმა რამდენიმე მაგალითმა შეიძლება დაგვაფიქროს(დააფიქროს) ეკლესიის მშრომელებისადმი თანაგრძნობის, თანადგომის, ზრუნვის (სულიერი და პრაქტიკული სახის) და ბოლოს მათი უფლებებისათვის ბრძოლის პასუხისმგებლობაც დაიბადოს.

„მუშების ეპისკოპოსი“ ემანუელ კეტელერი (1811-1877)

XIXს-ში მშრომელების უმძიმესი პირობებით შეწუხებულმა მაინცის ეპისკოპოსმა ემანუელ კეტელერმა ქრისტიანული სარწმუნოების პოზიციებიდან მუშების პრობლემებს აქტიურად შეეხო. ეპისკოპოსი   სახელმწიფოს მხრიდან  რადიკალურ სოციალურ რეფორმას და ჯანსაღ სოციალური პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა, რომელიც იმ დროს უმძიმეს პირობებში მყოფი მშრომელების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. მისი წიგნი „მშრომელების საკითხი და ქრისტიანობა“ ერთერთი პირველი საეკლესიო ანალიტიკური ნაშრომია იმ დროის მუშათა პრობლემებზე, რომელიც ეპისკოპოსის მიერ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის  პრაქტიკულ გეგმას სახავდა. „ეს არის მონების ბაზარი ჩვენი ლიბერალური ევროპის“- წერს თავის წიგნში კეტელერი. მის მიერ აღწერილი მშრომელთა ყოფა საქართველოში   დღეს არსებულ მდგომარეობას ძალიან გავს. „ქრისტემ სამყაროს გამოხსნით არა მხოლოდ ჩვენი სულები გამოიხსნა, ასევე მან ყოველი ადამინის სიცოცხლისათვის აუცილებელი სამოქალაქო,  სოციალური და პოლიტიკური  საჭიროებანი მოიტანა. განსაკუთრებით ის  მუშათა კლასის  მხსნელია“ – აღნიშნავს კეტელერი ერთერთ საშობაო ქადაგებისას. 1869 წელს გერმანელი ეპისკოპოსების და 10.000 მუშის წინ გამოსულმა კეტელერმა სასწრაფოდ მოითხოვა საეკლესიო დახმარების მხარდამხარ  სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ინდუსტრიულ ზონებში მშრომელების და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისათვის. მან    შემდეგი მოთხოვნები ჩამოაყალიბა: 1. მუშების ხელფასები მომატება 2. სამუშაო დროის შემცირება  3. დასვენების დღეების უფლება 4. ბავშვების მუშაობის აკრძალვა. დღეს გერმანიაში კეტელერის ღვაწლს არავინ უარყოფს   და იმ ნაყოფს, რომელიც მოგვიანებით ქვეყანაში მშრომელთა უფლებებზე აისახა.

ieso1
იესო გლეხებთან ერთად, სამხრეთ ამერიკული მხატვრობა.

მუშა-მღვდლების მოძრაობა (1920-1959)

XX ს-ის პირველ ნახევარში ეკლესიის შიგნით წარმოქმნილი სოციალური მოძრაობა „მღვდელი-მუშების“ სახელწოდებით შემორჩა ისტორიას.  ახალგაზრდა მღვდლები და სემინარისტები ბელგიასა და საფრანგეთის ქარხნებში   მუშაობას იწყებენ, თავდაპირველი მიზანი – ეკლესიას და მშრომელთა კლასს შორის არსებული გაუცხოვების აღმოფხვრა და ახალი ევანგელიზაციაა. ქარხნებში სამოღვაწეოდ მისული მღვდლები უმძიმესი სამუშაო და საცხოვრებელ პირობებში მყოფი მუშების მხარდამხარ ბრძოლას გადაწყვეტენ. მღვდელი-მუშები აქტიურად ერთვებიან მშრომელთა გამოსვლებში,  სხვადასხვა  პროფკავშირებსა და სოციალურ მოძრაობებში წევრიანდებიან. ვატიკანმა მოძრაობა მალევე საფრთხედ და კომუნისტების გავლენის ქვეშ მიიჩნია, პაპმა პიუს XII -მ ქარხნებში დასაქმებულ მღვდლებს სამუშაო დრო სამ საათამდე შეუმცირა, მოგვიანებით კი მისია (მუშა-მღვდლების მოძრაობა) დასრულებულად გამოაცხა (აკრძალა). მოძრაობა რომელიც სულ რაღაც ოთხმოცდაათამდე მღვდელს ითვლიდა, აქედან დაახლოებით ორმოცდაათი მღვდელმსახური უმაღლესი საეკლესიო იერარქის მოთხოვნას არ დაემორჩილა, მღვდლობა დატოვა და მშრომელების გვერდით დარჩა. ამ მოვლენების პარალელურად ცნობილი ფრანგი თეოლოგი, დომინიკანელი ივ კონგარი, შრომის თეოლოგიის და ამ მოძრაობის მთავარი გონებრივი ძალა დასაჯეს, სემინარიებში ღვთისმეტყველების სწავლება და  ნაშრომების გამოქვეყნება აუკრძალეს. ბოლოს კი პარიზიდან იერუსალიმში გაგზავნეს.

„ღარიბების ეკლესიის წინასწარმეტყველი“ ოსკარ რომერო (1917-1980)

მუშა-მღვდლების მოძრაობის დროს მოღვაწე ფრანგი თეოლოგების  იდეებმა და ღვთისმეტყველებამ მოგვიანებით დიდი გავლენა  სამხრეთამერიკელ სასულიერო პირებზე   მოახდინა, რომლებიც კონტინენტზე არსებულ უმძიმეს სოციალურ უსამართლობას აპროტესტებდნენ და დიქტატორულ რეჟიმებს უპირისპირდებოდნენ. დღემდე არსებული მოძრაობის გაცნობისათვის სრულებით საკმარისია სალვადორელი ეპისკოპოსი ოსკარ რომეროს მოწამეობრივი ღვაწლი. ვატიკანისგან გამორჩეული, თავის დროზე ცენტრის ერთგული და ტრადიციონალისტი ეპისკოპოსი ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას სწრაფადვე გააცნობიერებს. არჩევანი, რომელიც მის წინაშე იყო: დარჩენილიყო ვატიკანის ერთგულ საეკლესიო დიპლომატად ან არსებულ სასტიკ რეალობას დაპირისპირებოდა, რომერომ  უკანასკნელი ვარიანტი აირჩია. ელ-სალავადორში მისი მოღვაწეობის დროს შემოსავლის ძირითადი წყარო ყავის პლანტაციები წარმოადგენდა, სადაც ადგილობრივ გლეხებს მონებივით ამუშავებდნენ. თავად საქმიანობას წარმართავდა და მიღებულ სარგებელს ქვეყანაში მცხოვრები თოთხმეტი ოჯახი ინაწილებდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარი იყო, ამას ემატებოდა საავადმყოფოების და ექიმების კატასტროფული სიმცირე. დროთა განმავლობაში ეს პრობლემები ნაწილობრივ განთავისუფლების თეოლოგების მიერ დაარსებულმა სამრევლოებმა გადაჭრა, შეიქმნა სკოლები სადაც სასულიერო პირები ღარიბ მოსახლეობას წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მარტო ბრაზილიაში ასეთი 80.000 სამრევლო იყო. ეპისკოპოსის მხარდაჭერა პლანტაციის გლეხებს, ღარიბი მოსახელეობას და  რეჟიმის კრიტიკა მალევე საფრთხედ აღიქვეს ქვეყნის მდიდარმა უმცირესობამ.  რომერო რამდენიმე თავდასხმის შემდეგ ღვთისმსახურების აღსრულებისას სამხედროებმა ტაძარში მოკლეს.  ოსკარ რომეროს გარდა სამხრეთ ამერიკაში ღარიბების მხარდამხარ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში  ბევრი ღვთისმეტყველი და სასულიერო პირი დაეცა.

ამ რამდენიმე მოკლე მაგალითმა შეიძლება ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნას, რათა ეკლესიამ (ეკლესიებმა) თავის სამწყსოს წინაშე არსებულ ამქვეყნიურ მძიმე პრობლემებზე თვალი არ  დახუჭოს,  ეგოიზმს არ  მიეცეს  და თავისი ჭეშმარიტი  სიტყვა თქვას, სული წმინდისგან შთაგონებულს ეკლესიის მართალ სიტყვას ყოველთვის აქვს გავლენა, ძალა და კონკრეტული შედეგები!  დაე ნუ დავემსგავსებით მოწყალე სამარიტელის იგავში ნაჩვენებ გზაზე უპატრონოდ, სასიკვდილოდ მიგდებული კაცის გვერდით ჩავლილ მღვდელს, არამედ გავხდეთ მოწყალე სამარიტელები (მათ 10, 25-37). ეკლესია ამქვეყნად მხსნელად მოსული ღმერთკაცის გვერდით ისტორიულ იესოს ვერსად გაექცევა, რომელიც გომურში დაიბადა,  იყო სულმუდამ დევნილი, სიღარიბეში განლია წლები და თავად წარმოადგენდა მშრომელთა კლასს „განა ეს არ არის ხურო“ (მარკ 6,3).

მსოფლიოში არსებულ მძიმე  სოციალურ სურათზე კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე შემდეგ სიტყვებით მოგვმართავს: „იმქვეყნად ჩვენ არ განვისჯებით იმისდამიხედვით, თუ რამდენად ხშირად ვლოცულობდით, რამდენად მძიმედ ვმარხულობდით, რამდენი პროზელიტი მოვაქციეთ ჭეშმარიტ რწმენაზე ან რამდენი ფორმალური „კეთილი საქმე“ გავაკეთეთ. და რაღათქმაუნდა ჩვენ არ გვკითხავენ  იმაზე თუ რას  მივაღწიეთ ამ ქვეყანაზე, როგორი რეპუტაცია მოვიპოვეთ,   ავედით თუ არა მაღალ კარიერულ საფეხურზე, რამდენად ვიყავით წარმატებულნი.  ჩვენ დაგვისვამენ მხოლოდ ერთ კითხვას:  გავუზიარეთ სხვას, ის რაც გაგვაჩნდა? გამოვკვებეთ თუ არა მშიერი, შევმოსეთ თუ არა შიშველი?(მათ 25.31-46)  ჩვენი ღვთისადმი სიყვარული გამოიხატება ჩაგრულისადმი და სუსტისადმი სიყვარულით.“

ეკლესიის მხრიდან სოციალური სახის პროტესტისათვის არ იქნება ტრაგედია თუ სახელმწიფო, რომელიმე ბანკი, კერძო კომპანია   ან ბიზნესმენი არ დააფინანსებს თქვენს რეზიდენციას, ტაძრების მშენებლობას, ძვირფას საეკლესიო ჭურჭელს, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი ხომ ყველაზე დიდი ტაძარი და განძია! და როდესაც მას უსამართლო პირობებში ამუშავებენ და ამყოფებენ?  სამართლიანობისათვის ბრძოლა და მისი ფაქტიური განხორციელება ეს უკვე ღვთისმსახურებაა. თუ დავუჯერებთ განთავისუფლების თეოლოგ ლეონარდო ბოფს ბრაზილიიდან, რომელმაც თავისი  ცხოვრება ეკლესიაში ღარიბების დაცვას და სამართლიანობისათვის ბრძოლას შეალია ის ახალ  მოცემულობას გვთავაზობს: “ეკლესიამ საკუთარ თავს გამოწვევა მოუწყო, ეს ასევე ყველა სხვა ეკლესიასაც შეეხება. ის უნდა იყოს ღარიბების და ჩაგრულების  მოკავშირე, დამცველი, მხარდამჭერი…ეკლესიის დღევანდელი მოწოდება მათი  არსებული მძიმე ყოფიდან განთავისუფლებაა – ეს  სახარებისეული მოქმედების ახალი ჰორიზონტია“.

და ბოლოს IVს-ის  კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი წმინდა იოანე ოქროპირი ამბიონიდან მკაცრად მეტყველი დღესაც რადიკალური იქნებოდა და ჩვენ დღევანდელ უთანასწორო საზოგადოებას კვლავ ასე მოგვმართავდა: „ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი, ერთი მდიდარი და მეორე ღარიბი!“


აღნიშნული წერილი პირველად გამოქვეყნდა შემდეგ ბლოგზე.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ