პოლ კრუგმანი: ცოდნა არ არის ძალა

krugmanგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

გთავაზობთ ეკონომისტ პოლ კრუგმანის მიერ გამოცემა New York Times-ის საავტორო სვეტზე 2015 წლის 23 თებერვალს გამოქვეყნებული წერილის ქართულ თარგმანს.

პოლ კრუგმანი 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ეკონომიკის დარგში მისი ინტელექტუალური კონტრიბუციისთვის ახალი ვაჭრობის თეორიისა და ახალი ეკონომიკური გეოგრაფიის მიმართულებით. კრუგმანი ფლობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს. 2015 წლამდე ის გახლდათ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და პრინსტონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. საერთაშორისო პროექტ Research Papers in Economics-ის მიხედვით, ის 24-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ეკონომისტთა რიცხვში მისი ნაშრომების ციტირების ინდექსის მაჩვენებლით.

მისი ბესტსელერი წიგნებია: “End This Depression Now!“, “The Return of Depression Economics and the Crisis of 2008“, “The Conscience of a Liberal“.

© European.ge

ჩემმა ერთგულმა მკითხველმა კარგად იცის, თუ როგორ დავცინი “ძალიან სერიოზულ ხალხს“ ხანდახან – პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც მთელი სერიოზულობით იმეორებენ სტანდარტულ სიბრძნეს, რაც პრაგმატულად და რეალისტურად ჟღერს. საქმე იმაშია, რომ რაც სერიოზულად ჟღერს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეშიც სერიოზულია. ზოგიერთი თითქოსდა პრაგმატული მიდგომა სინამდვილეში არის თვალის ახვევის საშუალება, რათა გვერდი ავუაროთ ჭეშმარიტად რთულ საკითხებს.

უკანასკნელ წლებში, აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითი, რა თქმა უნდა გახლდათ „ბოულზ-სიმპსონიზმი“ (Bowles-Simpsonism) – ელიტური დისკურსი, რომელიც გულისხმობს ყურადღების გადატანას მაღალი უმუშევრობის მიმდინარე ტრაგედიიდან, მათი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე თუ როგორ მოხდება სოცილური დაზღვევის პროგრამის დაფინანსება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ეს კონკრეტული აკვიატება თანდათან ქრება, რაც მე ძალიან მახარებს. მაგრამ, ჩემი აზრით სახეზეა მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის ახალი ფორმა, რომელიც „სერიოზულობის“ სახელითაა შეფუთული. ამჯერად, საკითხების გადაფარვა გულისხმობს ეროვნულ დისკურსში უთანასწორობის პრობლემიდან განათლების პრობლემებზე ყურადღების გადატანის მცდელობას.

დიახ, ეს ნამდვილად ყურადღების გადატანაა, ვინაიდან მზარდი უთანასწორობა არ უკავშირდება განათლებას, არამედ ძალაუფლებას.

მეტი სიცხადისთვის განვმარტავ, რომ მე უკეთესი განათლების მომხრე ვარ. განათლება ჩემი მეგობარია. და ვფიქრობ, რომ ის ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, განუწყვეტლივ ვხედავ ხალხს, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ხელფასების შემცირების, მზარდი უთანასწორობისა და ახალი სამსახურების არ არსებობის მიზეზი, განათლებაში არსებული ხარვეზებია. ეს მოსაზრება საკმაოდ დამაჯერებლად და გააზრებულად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში მოკლებულია მტკიცებულებებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წარმოადგენს ერთგვარ ხერხს რეალური პრობლემის გარშემო დისკუსიისგან თავის არიდებისა.

ეს პრობლემა განათლების ჭრილში შემდეგნაირად განიხილება: ჩვენ უპრეცენდენტო ტექნოლოგიური ცვლილებების ხანაში ვცხოვრობთ და ამერიკელი მშრომელების დიდ ნაწილს აკლია უნარ-ჩვევები ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. ე.წ. „კვალიფიკაციის ნაპრალი“ აფერხებს ზრდას, ვინაიდან ბიზნესი ვერ პოულობს მისთვის საჭირო მუშა ხელს. ეს ასევე კვებავს უთანასწორობას, ვინაიდან იმ მუშახელის ხელფასი, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნია იზრდება, ხოლო დანარჩენების ხელფასი კი განიცდის სტაგნაციას ან შემცირებას. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი და უკეთესი განათლება.

ჩემი აზრით, ეს არგუმენტები კარგად ნაცნობია თქვენთვის – ამას ისმენთ ტელევიზორებიდან, კითხულობთ წამყვანი ბიზნესმენების მიერ დაწერილ სტატიებში, ისეთების როგორიცაა ჯეიმი დაიმონი JPMorgan Chase-დან, ამაზეა საუბარი ბრუკინგსის ინსტიტუტის ცენტრისტული „ჰამილტონის პროექტის“ „შემაჯამებელ ნაშრომებშიც“.

პირველ რიგში გასარკვევია, ნუთუ მართლა ასეთი სწრაფი ტემპით ხდება ტექნოლოგიური ცვლილებები? „ჩვენ მფრინავი მანქანები გვინდოდა და ამის სანაცვლოდ 140 სიმბოლო მივიღეთ“ – ცინიკურად აღნიშნა ვენჩურულმა კაპიტალისტმა პიტერ თილმა. წარმოების ზრდა რაც 1995 წლის შემდეგ მოკლე ხანში დაიწყო, საგრძნობლად შემცირრებულია.

გარდა ამისა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სწორედ „კვალიფიკაციის ნაპრალი“ აფერხებს დასაქმებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ბიზნესს ასე ძალიან სჭირდება გარკვეული ტიპის კვალიფიკაციის მქონე მუშა ხელი, ისინი სავარაუდოდ მაღალ ხელფასებს უნდა აწესებდნენ მათ მოსაზიდად. მაგრამ, სად არიან ეს იღბლიანი პროფესიონალები? მათ მხოლოდ აქა-იქ თუ შევხვდებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ხელფასების ზრდა შეინიშნება ისეთ კვალიფიციურ ფიზიკურ შრომაზე, როგორიცააა მაგალითად სამკერვალო დანადგარების ოპერატორები, და შემდუღებლები. ეს ხდება ზოგიერთი მანუფაქტურული წარმოების ამერიკაში დაბრუნების პარალელურად. თუმცა, წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მაღალკვალიფიციური მუშახელი ზოგადად ძალიან მოთხოვნადია, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს.

და ბოლოს, განათლება /უთანასწორობის ურთიერთკავშირი შეიძლება ერთ დროს საკმაოდ სარწმუნოდ ჟღერდა, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია არ ასახავს რეალობას. „მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი მუშახელის ხელფასი სტაბილურად მზარდია“ აცხადებს „ჰამილტონის პროექტი“. სინამდვილეში, ინფლაციის გათვალისწინებით გამოთვლილი რეალური ანაზღაურება მაღალკვალიფიციური ამერიკელებისთვის, 1990 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

რა ხდება სინამდვილეში? მთლიან ეროვნულ შემოსავალში, კორპორატიული მოგების წილი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა, ინვესტიციიდან მოგების ნორმის ზრდის ნიშანწყალიც კი არ ჩანს. ნუთუ ეს შესაძლებლია? პასუხია დიახ, თუკი მზარდი მოგება, მონოპოლიურ ძალაუფლებას ასახავს, ნაცვლად იმისა, რომ დაუბრუნდეს კაპიტალს.

რაც შეეხება ხელფასებს და ანაზღაურებას, ის კავშირში არაა კოლეჯის/უმაღლეს განათლებასთან – ყველა დიდი მოგება თავს იყრის ინდივიდთა იმ მცირე ჯგუფებთან, რომელთაც დიდ კორპორაციებში სტრატეგიული თანამდებობები უჭირავთ ან მართავენ ფინანსებს. მზარდი უთანასწორობა არ უკავშირდება იმას თუ ვის აქვს ცოდნა და ვის არა, არამედ იმას თუ ვის აქვს ძალაუფლება.

ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ძალაუფლების უთანასწორობის გამოსასწორებლად. შეგვიძლია კორპორაციებს მაღალი გადასახადები დავუწესოთ და აქედან მიღებული თანხით დავაფინანსოთ ის პროგრამები, რომელიც მშრომელი ხალხის ოჯახებს დაეხმარება. ასევე შეგვიძლია დავაწესოთ მინიმალური ხელფასის ზღვარი და გავხადოთ მშრომელთა თვითორგანიზება უფრო მარტივი. როგორც ჩანს არც თუ ისე წარმოუდგენელი ძალისხმევაა საჭირო, რათა ამერიკა უფრო ნაკლებად უთანასწორო გავხადოთ.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი მთავარი პარტია თავის პოლიტიკას სრულიად საპირისპიროდ მიმართავს, მსგავსი პოლიტიკის ადვოკატირებით ჩვენ მხარე გამოვდივართ. ეს აღვივებს სურვილს რომ მთელი ეს პრობლემა განათლების ჭრილში განვიხილოთ. თუმცა, სწორედ აქ უნდა ამოვიცნოთ თავის დაძვრენის მეთოდი: რაც ღრმად არასერიოზულ ფანტაზიას წარმოადგენს.

 


– ინგლისურიდან თარგმნა მაგდა ლაბაძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ