პასუხად ქალბატონებს

Share on Facebook15Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
ეს წერილი ავტონომიურადაც მზადდებოდა, თუმცა ქალბატონ ანა რეხვიაშვილის ძალიან საინტერესო გამოწვევამ გადამაწყვეტინა მისი შინაარსის უფრო დაკონკრეტება.  ამ ბოლო ხანებში აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მომიწია ყოფნა და მუშაობა და უამრავი საოცარი შთაბეჭდილება მივიღე.  მათზე დაწერას მუდმივად ვგეგმავდი, მაგრამ ვერ მოვახერხე დროის უკმარისობის და სხვა საკითხებში ჩართულობის გამო.  ამ წერილში მინდა ნაწილობრივ ჩემს შთაბეჭდილებებზე ვისაუბრო, აქ მიღებულ გამოცდილებაზე და ნაწილობრივ ქალბატონი ანას მეტად საინტერესო არგუმენტებს ვუპასუხო.
 
მოგეხსენებათ ტაივანის სახელმწიფოს ოფიციალური სახელი “ჩინეთის რესპუბლიკაა”.  ანუ ეს არის ჩინეთში მომხდარი სამოქალაქო ომის შემდეგ წარმოშობილი ქვეყანა, რომელსაც იგივე აღიარების პრობლემა აქვს, როგორც ბევრ სხვა სეპარატისტულ რეგიონს, თუმცა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ამას ნამდვილად ვერ იტყვი.  ტაივანი დღეს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკაა აზიაში და ამავე დროს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო.  ტაივანის სამედიცინო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, პირველ რიგში იმის გამო რომ ის ყველასათვის ხელმისაწვდომია და საკმაოდ მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა.  ამას წინათ CNN-ის მიერ შეკვეთილი კვლევის თანახმად ტაივანი დიდ ბრიტანეთთან და შვეიცარიასთან ერთად ლიდერობს საუკეთესო ჯანდაცვის სისტემით.  ტაივანის დედაქალაქი ტაიპეი ნამდვილად ერთ-ერთი წამყვანი პოსტ-მოდერნული ქალაქია, სადაც ძველი და ახალი არიქტექტურა ისე კარგად ერწყმის ერთმანეთს, რომ ერთის მხრივ არც შუასაუკუნეების სიბინძურე ჩანს არსად და მეორეს მხრივ არც ევროპული მოდერნის მოღუშული და ერთფეროვანი სახე.   ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ადგილობრივი სოციალური ცხოვრებაც სწორედ ძველის და ახლის ასეთ საინტერესო სინთეზზე დგას.  აქ ‘კულტურული რევოლუცია’ არ მომხდარა, მაგრამ ტექნოლოგიური რევოლუცია კი მოხდა.  
 
ამის გამო შენარჩუნებულია უძველესი ჩინური დამწერლობა და ამავე დროს მის გვერდზე არსებობს უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიის ცენტრები.  აქ ჩინეთის ძველ მუზეუმში ძველი ჩინეთის ისტორიული სიმდიდრის 80 პროცენტი ინახება – სამოქალაქო ომში დამარცხების წინ ჩანკაიშეკის მთავრობამ მოახერხა მათი პეკინის ‘აკრძალული ქალაქიდან’ გამოტანა და ამ კუნძულზე გადმოტანა, სადაც ისინი აქამდე არის შენახული.  აქ ნახავთ სრულიად საოცარ ხელოვნების ნაწარმოებებს, რომლებიც შექმნილია ქსია დინასტიის (ჩვენს წელთაღრიცვამდე 2070-1600 წლები), შანგის დინასტიის (1600 – 1046 წლები ქრისტეს დაბადებამდე) და ჟოუს დინასტიის (1046 – 221 ასევე ქრისტეს დაბადებამდე) დროს.  როცა ამ ნამუშევრებს ვუყურებდი მიკვირდა, როგორ შეიძლება ადამიანს ამ საოცარი ცივილიზაციის იგნორირება შეეძლოს.  ეს თავისთავად უდიდესი სამყაროა, რომელიც უამრავ ფილოსოფიურ პლასტს მოიცავს.  კონფუცი და ლაო ცზი ორივე დაახლოებით იმ დროს მოღვაწეობდნენ, როგორც ძველბერძნული ფილოსოფიის მამამთავრები, შეიძლება ცოტა ადრეც.  ანუ სახელმწიფო მმართველობის ანაბანა ჩინელებმა ბევრად ადრე იცოდნენ, ვიდრე რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ.   თავისი განვითარებით კი ჩინეთის რესპუბლიკა (ანუ ტაივანი) დღეს არანაკლებ თამამედროვეა ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყანა.
 
რატომ ვამბობ ამას?  სწორედ, იმიტომ რომ არსებობს განვითარების ალტერნატიული გზაც – ის არ არის მაინცამაინც გადაბმულ-გადაჯაჭვული ევროპა-ცენტრისტულ ბიურგერულ მოდელთან თავისი ტერმიორებითა და ჰოლოკოსტებით.  ცხადია, ყველა კულტურას თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს.  მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში არ გვაქვს მოსჯილი აუცილებლად უკვე გავლილი და მითუმეტეს სისხლით და გენოციდებით სავსე მოდერნიზაციის გზის განმეორება.  ყველას საკუთარი გზის მონახვა შეუძლია.  ჩვენ ქართველებმა ჩვენი საკუთარი გზა უნდა მოვნახოთ.  ისევე როგორც ჩინელები ან იაპონელები, ქართველებიც საკუთარი კულტურით ამაყობენ.  ცხადია ლაპარაკი არ არის ერთეულებზე, რომლებსაც ყველაფერი საკუთარი ეზიზღებათ და მხოლოდ ერთს ლამობენ: როდის მიეცემათ საშუალება ყველაფერს ქართულს შეურაცხყოფა მიაყენონ.  ეს ისეთივე პათოლოგიაა, როგორც გადაჭარბებული ნაციონალიზმი და ეთნოცენტრიზმი.  ჯანმრთელი მიდგომა საკუთარი ტრადიციების და კულტურული ძირების მუდმივი განახლების ძიება.  ამის ტრადიციაც გვაქვს.
 
 ‘ოთარაანთ ქვრივი’ ქართულ ფემინისტურ ლიტერატურაში გამორჩეული ნაშრომია.  მისი დაწერის დროს ავტორი ავტორი საზოგადოებაში გამეფებულ უაღრესად რეაქციულ განწყობას დაუპირისპირდა.  მაგრამ მაინც შესძლო ეთქვა პირდაპირ მისი სათქმელი.  ეს იყო საკუთარი განახლების მაგალითი.  სხვათა შორის, ამ თემაზე ძალიან საინტერესო კვლევა აქვს ჩატარებული ქალბატონ დოდონა კიზირიას, რომელიც მართალია ინდიანის უნივერსიტეტში მოღვაწეობს მაგრამ თავიდან ბოლომდე ქართველია საკუთარი აზროვნებით.  ჩვენ აქ არც ჩომსკიზე ვლაპარაკობთ და არც ჯუდით ბატლერზე.  ‘სტუმარ-მასპინძელი” ან ‘ალუდა ქეთელაური’ მათი დაწერილი არაა – და ეს ახლა ისეთივე აქტუალური ტექსტებია ნაციონალიზმის და იგივე იდენტობის პოლიტიკის შესახებ, რომ მათზე თანამედროვედ ბევრი უცხოური ნაშრომი ვერ გამოდგება.   საკუთარ კლანში, საკუთარ ნაჭუჭში, საკუთარ იდენტობის ჯგუფში ჩაკეტვა დამღუპველია – ეს არის ყველა ტიპის ნაციონალიზმის თვისება:  მხოლოდ ჩვენ ვართ ‘რჩეულები’ და სხვა არავინ ვარგა.  უფრო მეტიც, ყველა ეს ‘დანარჩენი’ გვიპირისპირდება და გვჩაგრავს – ამიტომაც მუდმივად ‘ფხიზლად უნდა ვიყოთ’ რომ ამ მტერმა არ გადაგვიაროს და დაგვჩაგვროს.  ხშირად, ამ ფილოსოფიის გამტარებლები თვითონ ხდებოდნენ მჩაგვრელები.  გავიხსენოთ ვერსალის ხელშეკრულების მერე დამარცხებული და დამცირებული გერმანია – ბევრი მკვლევარი მეორე მსოფლიო ომს სწორედაც რომ ვერსალის ხელშეკრულებაში ჩადებულ სტრუქტურულ ძალადობას აბრალებს.  თავად ჰიტლერიც ხელისუფლებაში მოვიდა როგორც ‘ჩაგრულთა მხსნელი’ და მერე თვითონ გახდა არნახული მჩაგვრელი და მკვლელი.  ეს ისტორია მარტო გერმანელებს არ ეხება – ძალიან ხშირად ვხვდებით ასეთ მაგალითებს მსოფლიო ისტორიაში.  ჩაგრული ჯგუფები ხშირად იკრებენ ძალას სწორედაც რომ იდენტობის პოლიტიკაზე აპელირებით და მერე ამ ბერკეტის გამოყენებით თვითონვე ხდებიან მჩაგვრელები.  ‘რჩეული ერის’ კომპლექსი ძალიან მაცდური ფენომენია.  ამაზე ვაჟა ფშაველაზე უკეთ ბევრი ავტორი არ წერს, თუმცა მიხეილ ჯავახიშვილის ‘ჯაყოს ხიზნებიც’ ძალიან კარგი მაგალითია.  ჯაყო არის ძალიან კარგი სიმბოლო იმისა რომ შოვინიზმის და ადამიანების ჩაგვრის ბაცილა შეიძლება ყველა ჩვენთაგანს შეეყაროს – არავინ არის დაზღვეული პრივილეგიების ბოროტად გამოყენებისგან.  ეს საშიშროება ყველა ჩვენთაგანს ერთნაირად ემუქრება.
 
ქალბატონი ანა, ძალიან კარგად უსვამს ხაზს სტრუქტურის მნიშვნელობას დღევანდელ სამყაროში.  დიახ, ძალის მქონე ინსტიტუტები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე არა.  ამაში მე მას მთლიანად ვეთანხმმები.  თუმცა, იმ არგუმენტს ვერ გავიზიარებ, რომ ძალა უმრავლესობის მხარესაა.  მსოფლიოში არსებული ყველანაირი სტატისტიკით კარგად ჩანს რომ თავისი ფინანსური და სოციალური შესაძლებლობებით კაცობრიობის ძალიან პატარა პროცენტს აქვს სტუქტურული ძალაუფლება.  თვით ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში მცხოვრებ იმ ეგრეთწოდებულ ‘ოქროს მილიარდსაც’ არა აქვს ისე კარგად საქმე, როგორც ეს ავტორს ჰგონია.  უამრავი ადამიანი, მიუხედავად აღმსარებლობისა, ეთნიურობისა, სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაციისა კარგავს სამუშაოს და უსახლკაროდ რჩება.  ახლა ამ ‘ბედნიერი ქვეყნების’ რიცხვს ესპანეთი და იტალიაც დაემატა.  დღეს, უუფლებო და დამცირებულია კაცობრიობის ძალიან დიდი პროცენტი – სხვადასხვა გათვლებით 80-იდან 99 პროცენტამდე.  ეს ადამიანები სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებს ეკუთვნის – და თუ ისინი ისევ დაიყოფიან და ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობებს არაფერი კარგი აქედან არ გამოვა.  
 
ისევ და ისევ ქართულ ლიტერატურას დავუბრუნდები და მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომელიც ცხადია ყველასათვის ცნობილია და რომელთაგან არცერთი არ არის არც სტრუქტურალისტი არც პოსტ-სტრუქტურალისტი ავტორის შეთხზული.  ილია ჭავჭავაძის ‘გლახის ნაამბობი’ მშვენივრად აღწერს ამ პრობლემას.  სამწუხაროდ ახლა მოდაში არაა ამ ნაშრომზე ლაპარაკი.  არც ნიკო ლორთქიფანიძის გენიალური ნაშრომი ‘ტრაგედია უგმიროდ’ ახსოვთ ჩვენი ლიბერალიზმის პროპაგანდისტებს.  არადა, მშვენიერი სახელმძღვანელოებია – სულაც არ არის საჭირო არც ლევი სტროსი, არც ჩომსკი, არც ვინმე სხვა.  
 
როდესაც მე დღევანდელი ლიბერალიზმის ნაკლოვანებებზე ვსაუბრობ, მინდა განვუმარტო ჩემს ღრმად პატივცემულ ოპონენტებს, სულაც არ ვგულისხმობ ჯონ ლოკს, ჟან ჟაკ რუსოს და კლასიკურ ლიბერალიზმს.  რა თქმა უნდა, თავისუფლების იდეა დღეს მთელი პოლიტიკური აზროვნების სპექტრის მიერ არის გათავისებული.  ამაზე დიდი ხანია აღარ არის ლაპარაკი.  ლაპარაკია ვიწრო გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმზე.  იმ მოძღვრებაზე, რომელიც ამბობს რომ დღევანდელ მსოფლიოში აუცილებელია რომ იყოს რესურსების და ძალაუფლების უკმარისობა, იმისათვის რომ ადამიანებმა და ეკონომიკამ იმუშავონ.  ამის გამო ხდება ამ რესურსების და შესაძლებლობების მეტად არათანაბრად გადანაწილება, რაზეც ქალბატონი ანა მეტად სამართლიან პროტესტს გამოხატავს.  მე მას მთლიანად ვუერთდები ამ პროტესტში.  უბრალოდ გამოსავალი აქ ისაა რომ შესაძლებლობების გადანაწილების ‘ლიბერალური’ გზა რომელიმე უკეთესით ჩავანაცვლოთ.  მაგალითად, ევროპაში უკვე აპრობირებული სოციალ დემოკრატიულით.  ანკი იაპონიაში გამოცდილი და ტაივანში კარგად მომუშავე სოციალური სისტემით.   ჩვენ კარგად ვხედავთ რომ არ არის აუცილებელი რომ ადამიანების დიდი ნაწილი შიმშილით მოკლა, რომ დანარჩენებმა იმუშავონ – ეს უკვე მოძველებული და წრფივი მიდგომაა, დღეს შესაძლებელია რომ მიღწეულ იქნას მეტნაკლები სოციალური თანასწორობა.  ეს თავისთავად გაუადვილებს ცხოვრებას უამრავ მართლაც მიტოვებულ და დამცირებულ ადამიანს მთელს მსოფლიოში.
 
როდესაც ქალბატონი ანა ლაპარაკობს იმაზე რომ ეკლესიის დამცირება მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ის ასეთი ძლიერი ინსტიტუტია, მე მას არ ვეთანხები.  ცხადია, მართლმადიდებლური ეკლესია თვითონ ძლიერი ინსტიტუტია, მაგრამ ეს ძლიერება არ დგას პოლიციაზე და არმიაზე. ეს ერთი.  მეორეც, მისი შეურაცხყოფა საჯარო პუბლიკაციებში ვის ხვდება ხელში.  ეს პირველ რიგში მისი მრევლია.  ახლა ისიც ვთქვათ, ვინ არის მისი მრევლი?  თვით ქართველი ლიბერალების მტკიცებით ქართული ეკლესიის მრევლი ქვეყანაში 80 პროცენტს უტოლდება (რაც მათ ასე ამწარებთ).  კარგი წარმოვიდგინოთ რომ ეს მართალია.  საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის დიდი ნაწილი (თუ არა აბსოლუტური უმრავლესობა) არის უაღრესად მარგინალიზებული, შეურაცხყოფილი და მიტოვებული ადამიანი, რომელიც ყოველ დღე იბრძვის გადარჩენისათვის.  როდესაც ეს ადამიანი გადაშლის გაზეთს ან ჟურნალს და წაიკითხავს რომ მის ხატებს აგინებენ, ანუ თუნდაც პატრიარქს ულანძღავენ უშვერი სიტყვებით, იმ წუთას როგორ ფიქრობთ იმას ამბობს რომ მე სტრუქტურულად პრივილეგირებული უმრავლესობის წევრი ვარ და ამ სისულელეებზე როგორ გავბრაზდე და გული როგორ მეტკინოსო?..  ცხადია, ყველამ ვიცით რომ ეს ასე არ არის.  პირიქით ყველაზე მეტი ამ ადამიანებს ხვდება.  ქართველი ლიბერალების უმრავლესობა (ქალბატონმა ანამ მაპატიოს, მას არ ვგულისხმობ, მისი ნაწერები უფრო რადიკალების ნაწერებს შეესაბამება, რატომაც, სიმართლე ვთქვა უფრო მომწონს კიდეც)  სწორედ ამ მიტოვებულ და გაუბედურებულ უმრავლესობას აქცევს საკუთარი დაცინვის ობიექტად, როგორც ‘ბნელ მასას’.   ამის გაგებას არც ჩომსკი სჭირდება, არც ფუკო, არც ლიოტარი და არც ბოდრიარი.  ამის გასაგებად თვალების და გრძნობის ორგანოების ქონაა საჭირო – პლიუს რა თქმა უნდა მეხუთე კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს წაკითხვა.  
 
ასევე მინდა მოვახსენო ქალბატონ ანას, რომ მისი არ იყოს დემოკრატიას მივესალმები.  ხალხის, დემოსის ბატონობა ნამდვილად საუკეთესო წყობილებაა.  თუმცა, ლიბერალიზმი, ისევ და ისევ თანამედროვე და ვიწრო გაგებით, არანაირად არ ნიშნავს ავტომატურად დემოკრატიას.  ეს თანამედროვე ოლიგარქიული კაპიტალიზმის დაცვის სისტემაა, რომლის მიხედვითაც ცოტაა მქონე და უამრავი უქონელი.  უქონელს კი პრაქტკულად არანაირი ‘სერვისის ყიდვის’ საშუალება არა აქვს.  მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირი მნიშვნელობით ბორკილები არ ადევს – ის მაინც შებორკილია სიღატაკით და იძულებულია თავისი ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად ვიღაცას ძალიან იაფად მონად მიეყიდოს.  დიახ, ჩვენ, როგორც შედარებით პრივილეგირებულ და განათლებულ ფენას გვაკისრია პასუხისმგებლობა რომ ეს არ დავმალოთ.  რომ დავიცვათ ნებისმიერი ასეთი ადამიანი, განურჩევლად მისი იდენტობისა.  ისევ და ისევ თქვენთვის კარგად ცნობილი ავტორის ‘ჩატეხილი ხიდის’ პრობლემით მინდა დავამთავრო.  თუ სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებს შორის ეს ჩამსხვრეული ხიდი ვერ აღვადგინეთ, მაშინ სოციალურ სამართლიანობაზე ვერც ვიოცნებებთ.   მუდმივად ერთმანეთის მტრებად დავრჩებით.
 
ასეთია ჩემთვის ‘ოთარაანთ ქვრივის’ ლოგიკა, მისი სტრუქტურა და პოსტ-სტრუქტურაც.
Share on Facebook15Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*