პარლამენტარები ბიზნეს ასოციაციებს პარლამენტში დებატებზე იწვევენ

Share on Facebook37Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

პარლამენტი© European.ge

პარტია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების” წევრები კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით “ბიზნეს ასოციაციების” გუშინდელ განცხადებას ეხმიანებიან და ამ ორგანიზაციებს 19 ივნისს პარლამენტში სადისკუსიოდ იწვევენ.

იხილეთ პარლამენტარების მიმართვის ტექსტი:

“გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე (ახალი რედაქციით 67-ე) მუხლის შესაძლო ამოღების საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ პარტიამ ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მიმართა საკონსტიტუციო კომისიას აღნიშნული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღების მოთხოვნით.

ჩვენ, ევროპული და ზოგადად დასავლური საკონსტიტუციო გამოცდილების და რეპრეზენტაციული დემოკრატიის ტრადიციული პრაქტიკების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის 94 (ახალი რედაქციით 67-ე) მუხლის გაუქმება, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, განსაზღვროს ქვეყნის საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო შეზღუდვა არ უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესიდან პარლამენტის გამორიცხვის საფუძველი.

პარლამენტს, მთავრობას, სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს კონსტიტუციური შეზღუდვა იმისათვის, რომ აწარმოოს მოქნილი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური ვითარებისა და გამოწვევის პირობებში, საყოველთაო ინტერესის შესაბამისად ტრანსფორმირდება. აღნიშნულ შეზღუდვას არ აქვს ანალოგი ჩვენთვის ცნობილი ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყნების კონსტიტუციებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ჩანაწერის არსებობა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ანტიდემოკრატიული და არამართებულია.

ასევე, არასწორად მიგვაჩნია, აღნიშნული მუხლის შენარჩუნების მომხრეთა მიერ, ქვეყნის არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აქცენტირება, ვინაიდან ჩვენი მხრიდან საუბარი არ არის გადასახადების დაუყოვნებელ ზრდაზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში არ არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს პარლამენტის, მთავრობის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკურ განვითარებაზე.

იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის და საზოგადოების ადეკვატური ინფორმირება, მივმართოთ დღევანდელი განცხადების ავტორებს, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სადისკუსიო ფორმატში.”

Share on Facebook37Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*