ოთარ ჭულუხაძე გრებერის წიგნზე: ვალი – პირველი 5000 წელი

Share on Facebook44Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

 

ოთარრამდენიმე კვირის წინ, 2017 წლის 2 ივლისს, წარვადგინე ცნობილი ანთროპოლოგის დევიდ გრებერის წიგნი „ვალი: პირველი 5000 წელი“. გამომდინარე ლექციის ფორმატისა და კითხვა-პასუხის ნაწილში აუდიტორიის ინტერესისა, რომელიც ძირითადად წიგნში მოცემული პერიოდიზაციის მეხუთე, „ნეოლიბერალურ“ პერიოდს მიემართებოდა, გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ამ წიგნის ერთგვარი კონსპექტი, რომელშიც ჩასმულია პრეზენტაციისას მოხსენიებული სხვა წიგნების – „მორალის გენეალოგია“, „ვალიანი ადამიანის შექმნა“, „ძველი აღთქმა“ – შინაარსის მნიშვნელოვანი მომენტები.

კონსპექტში, განსხვავებით ლექციისა, მთელი რიგი მომენტები უფრო გაშლილია და მოყვანილია მეტი ემპირიული მაგალითები, რაც პოტენციურ მკითხველს გაუმარტივებს ვალის, როგორც ისტორიულ-კულტურული მოვლენის გააზრებას.

ვალი – პირველი 5000 წელი

დევიდ გრებერის წიგნში შეიძლება ორი მთავარი სტრუქტურული ხაზი გამოიყოს. პირველია ბარტერისა და თავისუფალი ბაზრის მითების მსხვრევა; აგრეთვე, ვალის საზოგადოებრივ-კულტურული და ფილოსოფიური ექსპლიკაცია; მეორე ხაზი კი წარმოადგენს ქრონოლოგიას, რომელსაც გრებერი გვთავაზობს:

ა) აგრარული იმპერიების ხანა (ძვ.წ 3500- ძვ.წ 800)

ბ) ღერძული დრო (ძვ.წ 800-ახ.წ600)

გ) შუა საუკუნეები (600-1450)

დ) დიდი კაპიტალისტური იმპერიების ხანა (1450-1971)

ე) 1971-დასაწყისი იმისა, რაც უნდა განისაზღვროს (მას, შეგვიძლია ნეოლიბერალური ხანა ვუწოდოთ)

1) წიგნის პირველი მთავარი ღერძი (ბარტერის და ღია ბაზრის მითების მსხვრევა; რა არის ვალი? ვალის კულტურული ექსპლიკაცია)

ბარტერის მითი, ღია ბაზრის მითი გრებერის მიხედვით, ადამ სმიტს, რათა დამოუკიდებელი მეცნიერებისთვის სახელად „ეკონომიკა“ დაედო საფუძველი, დასჭირდა მოეგონებინა ბარტერის მითი, რომლის თანახმადაც თავდაპირველად ადამიანები ცვლიან ერთმანეთში ნივთებს, შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩნდება ფული და შემდეგ კრედიტი. გრებერი, ისტორიულ ფაქტებზე[1] დაყრდნობით აჩვენებს, რომ ეს ალგორითმი, რომელიც ეკონომიკის სახელმძღვანელოებში დღემდე მეორდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

სმიტს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ფული არ არის მთავრობის შექმნილი. ის მიყვებოდა ლიბერალურ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც მთავრობა იწყება კერძო საკუთრების დაცვიდან და უკეთესად იფუნქციონირებს თუ საკუთარ თავს ამ მოვალეობით შეიზღუდავს.

სმიტმა განავრცო ეს არგუმენტი და გამოაცხადა, რომ საკუთრება, ფული და ბაზარი არის არა მხოლოდ წინმსწრები სახელმწიფოსი (ე. ი პოლიტიკურ ინსტიტუტებამდე არსებული), არამედ ადამიანის საზოგადოების საფუძველიც. ხოლო, მთავრობა, თუ რაიმე როლს ითამაშებს, მან უნდა უზრუნველყოს ვალუტის სიმყარე. მხოლოდ ასეთ არგუმენტს შეეძლო ეკონომიკის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის შექმნა და შესაბამისად, სახელმწიფო-ბაზრის დიქოტომიის დაფუძნება, რომელიც დღესაც ჩვენი დისკურსის შემადგენელია.

გრებერი აჩვენებს, რომ სტანდარტულ ვერსიაში მთავრობას აქვს მხოლოდ ფუნქციის როლი, თუმცა, ამავე ვერსიის მიხედვით, მეფეთა ახირებების გამო, ზარაფხანები ცარიელდება და წარმოიშვებოდა პოლიტიკური აურზაური.

კიდევ ერთხელ: ეს ნარატივი საჭირო იყო ეკონომიკის მეცნიერების დაფუძნებისათვის და ეკონომიკის, როგორც პოლიტიკური, მორალური კატეგორიებისგან დაცლილი დამოუკიდებელი სფეროს დაფუძნებისთვის. გრებერის თანახმად, ჩვენ მონეტარულ ისტორიას „უკუღმა“ ვხედავთ. ჩვენ არ დაგვიწყია ბარტერით, აღმოვაჩინეთ ფული და განვავითარეთ საკრედიტო სისტემები. ეს ყოველივე მოხდა პირიქით.  პირველად იყო ვირტუალური ფული. მონეტები შემოვიდნენ გაცილებით გვიან. ისინი არათანაბრად ვრცელდებოდა და მთლიანობაში არასდროს შეუცვლიათ საკრედიტო სისტემები. ბარტერი, თავის მხრივ, ჩანს რომ არის შემთხვევითი გვერდითი პროდუქტი ფულისა და მონეტების გამოყენებისა: ისტორიულად, ეს (ბარტერი) ხდებოდა მაშინ, როდესაც ადამიანებს, რომლებიც, როგორც წესი, ფულს იყენებდნენ, კონკრეტულ მომენტში არ გააჩნდათ წვდომა ფულზე.

შესაბამისად, გრებერის მიხედვით, სახელმწიფოები ქმნიან ბაზრებს. მონეტარული სისტემები კი ფუძნდება მილიტარისტული ექსპედიციების პარალელურად; ეს მონეტარული სისტემები, როგორც წესი არმიის კვებისთვის იხარჯებოდა (ამის მაგალითებს ქვევით მოვიყვანთ).

რა არის ვალი?  – ა) ვალი, გრებერის მიხედვით, არის დაპირების პერვერსია, და მისი ქვანტიფიცირებული სახე. თემობრივი წყობილებებში, შედარებით მცირემასშტაბიან კომუნებში, ვხდებით ნდობაზე დამყარებულ ეკონომიკას; რადგან „ყველა ყველას იცნობს“, ყველამ იცის თუ ვის ვისი რა მართებს. ეს იცვლება მას შემდეგ, რაც იწყება მიმოსვლა (გლობალიზაციის პირველი ნაბიჯები) ვაჭრებისა; ვაჭრებისადმი ჩნდება უნდობლობა, საჭირო ხდება მათი „დაპროცენტება“.

შესაბამისად, ვალი თემიდან უფრო მრავალრიცხოვან საზოგადოებაზე გადასვლისას, ხდება არაპირადული და უამრავი ადამიანური უბედურების მომტანი. მორალი იქცევა არაპერსონალურ არითმეტიკად.

ბ) ვალის შესახებ მნიშვნელოვანი მომენტს წარმოადგენს ფაქტი, რომლის მიხედვითაც კონტრაქტი ვალის შესახებ იდება მხარეებს შორის, რომლებიც თანასწორ მხარეებად მიიჩნევიან. კონტრაქტის დადებისას, თანასწორობა ატარებს ერთგვარ ცინიკურ ხასიათს. მაგალითად, როდესაც გვალვის შემდეგ გლეხი საქონელს კარგავს და მიდის მდიდარ „თანამოძმესთან“ კონტრაქტის დასადებად, არავითარ თ ა ნ ა ს წ ო რ ო ბ ა დ არ შეიძლება ჩავთვალოთ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი არგუმენტები დღესაც პოპულარულია და ვლინდება ნახევრად ცინიკურ, ნახევრად „თავისუფლების მოყვარულ“ შეკითხვაში: „თუ არ გინდა, რატო იღებ ვალს?“. ეს მორალური აღრევა, თითქოსდა ვალის შესახებ კონტრაქტი თანასწორ მხარეებს შორის იდებოდეს, გრებერის აზრით, მორალური გაუგებრობის წინაპირობაა, რომელიც ვალს დღესაც თან ახლავს. გრებერს თავისი წიგნის პირველ თავში მოჰყავს  მადაგასკარის მაგალითი (1:5). ფრანგებმა როდესაც მადაგასკარი დაიპყრეს, ამ  ქვეყანას ვალი დააკისრეს, რომლის ხდა მათ ეკისრებოდათ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გაუმართლათ და… დაიპყრეს.

ზოგადად, ეს არგუმენტი მეტად მოგვაგონებს სტალინის პოტენციურ ხედვას, როდესაც ციხეში გაწამებული ადამიანები „ხელს აწერდნენ“ აღიარების აქტებს. ცხადია, „ციხეში წამებით აღიარება“ და ვალის ხელშეკრულების დადებას შორის არის მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ არსებობს ბევრი მსგავსებაც. მაგალითად, ორივე აფიქსირებს ერთ-ერთი მხარის სიტყვას და მიიჩნევს მას „ნების გამოხატულებად“, ისე, რომ წინაპირობები არ მიიღება მხედველობაში.

გ) გრებერის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ვალი და მის მიერ გამოწვეული მონობა ახდენს ადამიანის დეკონტექსტუალიზაციას ანუ ამოგდებას იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან და მიმართებებიდან, რასაც მისი ბუნებრივი არსებობა გულისხმობს. ადამიანი, რომელიც მისი საზოგადოებრივი ურთიერთობების ჯამია (ცხადია, არამექანიკური), წყდება რა საკუთარ სოციალურ კონტექსტს, სოციალურ გარემოს, ხდება მისი დეკონტექსტუალიზაცია. მაგალითად: როდესაც ქალი ორი წელი მეძავად მსახურობს კრედიტორის სახლში (როგორც ეს აღმოსავლეთ ჰიმალაის ტომებში ხდებოდა) ან, როდესაც საკუთარ სამშობლოს მოშორებული რომელიმე ქართველი „არაჩამორჩენილ“ ქვეყანაში მისთვის არასასიამოვნო სამუშაოს ასრულებს (როგორც, ეს დღევანდელი ქართველების – და ცხადია, არამხოლოდ მათ – შემთხვევაში ხდება).

დ) გრებერი ხაზს უსვამს გადასახადების მნიშვნელობას. აი, აქ ამყარებს გრებერი მის კავშირს ფულს-სახელმწიფოსა და ბაზარს შორის. მთავრობა იყენებს გადასახადებს რათა შექმნას ფული; ის ამას აკეთებს, რადგან ის იქცა დამცველად ვალისა, რომელიც მოქალაქეებს გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ.

„ყოველი მცდელობა დავაშოროთ მონეტარული პოლიტიკა სოციალური პოლიტიკიდან მცდარია. პრიმორდიალური ვალის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი დაშორება ყოველთვის ხდებოდა. მთავრობები იყენებდნენ გადასახადებს ფულის შესაქმნელად. მათ ამის გაკეთება შეეძლოთ, რადგან ისინი იქცნენ მცველებად იმ ვალებისა, რომელიც მოქალაქეებს ერთმანეთის მიმართ ემართათ. ეს ვალი არის საზოგადოების არსი. ის არსებობდა იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ფული და ბაზარი, ხოლო ფული და ბაზარი უბრალო საშუალებებია მისი [ამ ვალის – ო.ჭ] დაქუცმაცებისა“ (1:56).

ე) ვალი თვით საზოგადოების ფუნდამენტია. ვალი კრავს საზოგადოებას. ამის მაგალითია, ერთ-ერთი „პრიმიტიული“ ნიგერიული ტომის – ტივის ჩვეულება: ტიველები ნაწყენდებიან თუ გაცემული საჩუქრის სანაცვლოდ, მადლიერების ნიშნად იგივე ღირებულების საგანს დაუბრუნებ. ტივის ტომის საქციელი გულისხმობს, რომ ჯგუფში უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი იერარქია, რომელიც მოვალეობაზე იქნება დამყარებული. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მოვალეობა კრავდა Gemeinschaft-ს (თემს), ხოლო ვალი „კრავს“ დიდ საზოგადოებებს. ოღონდ, ეს „შეკვრა“ არის მონობის და ადამიანური უბედურების გამომწვევი.

ვალის, როგორც ეკონომიკური ფენომენის, კულტურული ექსპლიკაციაგრებერს თავისი 391-გვერდიანი წიგნის მანძილზე მოჰყავს მრავალი საზოგადოებრივ-კულტურული განზომილება ვალისა. მათ შორის გამოსარჩევია ეტიმოლოგიური მომენტები, რომლებიც მიგვითითებენ თუ როგორ აისახებოდა – და დღესაც აისახება – ვალის ან ვალთან დაკავშირებული საზოგადოებრივ-კულტურული მომენტები სხვადასხვა ადამიანის სამეტყველო პრაქტიკაში.

მნიშვნელოვანი ეტიმოლოგიური მომენტები –

  • მაგალითად, შუმერებში სიტყვა „ამარგი“ – რაც არის პირველი ჩაწერილი სიტყვა „თავისუფლება“ – ნიშნავდა „დედასთან დაბრუნებას“; დედასთან დაბრუნება იყო ის, რასაც ვალის მოჯამაგირეები აკეთებდნენ გათავისუფლების შემდეგ;
  • აღსანიშნავია, რომ ინგლისური სიტყვა free მომდინარეობს გერმანული ფუძიდან და ნიშნავს friend, რადგან თავისუფლად ყოფნა ნიშნავდა მეგობრების გაჩენას, დაპირებების შესრულებას და თანასწორთა შორის ცხოვრებას. ამიტომაც, იყო, ამბობს გრებერი, რომ გათავისუფლებული მონები იქცეოდნენ მოქალაქეებად: იყო თავისუფალი, განსაზღვრებაშივე ნიშნავს იყო კომუნაში, ყველა მის უფლებებსა და პასუხისმგელობებთან ერთად (1:23);
  • რომაული სიტყვის libertas დრამატულად შეიცვალა დროთა განმავლობაში – ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში თავისუფლების ცნება გულისხმობდა უკვე არა მეგობრებთან ყოფნას, არამედ დომინაციის თავისუფალ ძალას. აღსანიშნავია, რომ თავისუფლება და მონობა პარალელურად ვითარდებიან. „ლიბერტას“ იქცევა უფლებად ქნა ყველაფერი, რაც მოგესურვება. ამას კი აქვს მონობის კონოტაცია, რადგან ძველ რომში მონა იყო კერძო საკუთრება (1:200). მხოლოდ მონობის შემოღების გამო გახდა საჭირო განსაკუთრებული ხაზგასმა იმაზე, რომ თავისუფლება არის კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული სრული „კარტ ბლანში“ (1:203);
  • ებრაული სიტყვები „პადაჰ“ და „გოალ“ ნიშნავს „გამოსყიდვას“; აშკარაა, რომ თეოლოგიური ტერმინი „ხსნა“ მომდინარეობს აქედან; ხოლო, ეკონომიკურ ცხოვრებაში ტერმინი გამოიყენებოდა იმ შემთხვევის აღსაწერად, როდესაც ვალის მოჯამაგირე ან „ზალოგად დატოვებული“ ოჯახის წევრების გათავისუფლება აღიწერებოდა. იხ. (ლევიანნი 25: 25,26);
  • ყველა ინდოევროპულ ენაში სიტყვა „ვალი“ სინონიმურია სიტყვისა ბრალი ან დანაშაული. ეს იდენტურობა აჩვენებს კავშირს რელიგიასა და ეკონომიკას, „საკრალურსა“ და „პროფანულს“ შორის. მაგალითად, არსებობს კავშირი სიტყვათა შემდეგ ოთხეულს შორის:
    Geld (ფული – გერმანულად), Geild (შესაწირი – ძველ ინგლისურად), Gild (გადასახადი – გოთიკურად) და Guilt (ბრალი -ინგლისურად);
  • სიტყვა Credit არის იგივე ფუძიდან რაც Creed (რწმენა; კრედო) და Credibility (მოსალოდნელობა; ალბათობა);
  • აღსანიშნავია, ნიცშეს მიერ „მორალის გენეალოგიაში“ აღნიშნული წყვილი: Schuld (ბრალი) და Schulden (ვალი) – სწორედ ამ მსგავსებით მივიდა ნიცშე ვალის და ბრალის ფსიქო-კულტურულ კრიტიკამდე (რომელსაც ქვევით გავეცნობით);
  • Bond>>ბორკილი; ხუნდი; სესხის ბარათი; ქონების დაგირავება
  • საჭდე ჯოხები წარმოადგენდნენ IOU-ს (მე შენი მმართებს): ტრანზაქციის ორივე მხარე იღებდა კაკლის წნელს, გამოჩორკნიდა მასზე ვალის ოდენობას და შემდეგ გაყოფდა შუაზე. კრედიტორი იტოვებდა ერთ ნაწილს, რომელსაც ერქვა “the stock” (ხის ტანი) (აქედან არის ტერმინი “stock holder”) ხოლო მოვალე იტოვებდა მეორე ნაწილს “the stub”-ს (ჯირკვი). გადასახადების შემფასებლები იყენებდნენ წნელებს, რათა დაეთვალათ ოდენობა, რომელსაც ფლობდა ადგილობრივი შერიფი. ხშირად, ნაცვლად იმისა, რომ დალოდებოდა გადასახადების შემოსვლას, მეფე ჰენრი II-ის ხაზინადარი ყიდიდა ამ საჭდეებს ფასდაკლებით, ისინი იწყებდნენ ცირკულაციას, როგორც მთავრობისადმი არსებული ვალის სიმბოლოები. ყველას შეეძლო მათით ევაჭრა (1:48).
  • საინტერესოა, რომ როდესაც არისტოტელე ამტკიცებდა, რომ მონეტები უბრალო სოციალურ შეთანხმებას წარმოადგენდნენ, ის იყენებდა სიტყვას symbolon, რომლიდანაც ცხადია, მომდინარეობს სიტყვა „სიმბოლო“. Symbolon იყო ბერძნული სიტყვა და ნიშნავდა საჭდეს – ობიექტს, რომელსაც ორად ტეხდნენ, რათა მოენიშნათ კონტრაქტი ან შეთანხმება, ან აღენუსხათ ვალები (1:298). საინტერესოა, რომ თანამედროვე ჩინური სიტყვა, რაც ნიშნავს სიმბოლოს, არის „ფუ“ ან „ფუჰაო“, რასაც ბერძნული Symbolon-ის მსგავსი მნიშვნელობა გააჩნია: „ფუ“-ც ნიშნავს – შეთანხმებას; საჭდის ორი ნაწილს; იდენტობის დამადასტურებელს; მოვალეობის შესრულების რწმუნების სიგელს (1:442);
  • მნიშვნელოვანია აგრეთვე მადლობის და არაფრის თქმის პროცედურა. „მადლობა“ მთელ რიგ ინდოევროპულ ენებში დაკავშირებულია ისეთ სიტყვებთან, როგორებიცაა მოვალეობა (obrigado პორტუგალიურად) ან შეწყალებასთან (mercy – ფრანგულად). ხოლო „არაფრის“-ს (ფრანგულად de rien, ესპანურად de nada) – ამ სიტყვები აქვს დატვირთვა, რომლის მიხედვითაც კეთილისმქმნელი სიკეთის მიმღებს მიუთითებს, რომ ის მასთან ვ ა ლ შ ი არ არის.
  • სიტყვა Domestic, дом რაც დაკავშირებულია სიტყვასთან dominus (ბატონი ან მონათმფლობელი), მაგრამ თავდაპირველი კავშირია სიტყვასთან domus (სახლი ან საოჯახო მეურნეობა). ეს უკავშირდება რა თქმა უნდა, ინგლისურ ტერმინს domestic, რომელიც ახლაც გამოიყენება ორი მნიშვნელობით: „კერძო ცხოვრებასთან დაკავშირებული“ ან მიუთითებს მოსამსახურეზე, რომელიც ალაგებს სახლს. ბატონები კი რომში იყვნენ მონის მფლობელები, მათ შორის ისეთების, რომლებიც ვალის გამო იყვნენ დამონებული. საინტერესოა, რომ ოჯახის აღმნიშვნელი მეორე სიტყვა Family მომდინარეობს სიტყვიდან famulus, რაც „მონას“ ნიშნავს. ანუ რომაული საოჯახო მეურნეობა გულისხმობდა მონობას. ოჯახი თავდაპირველად იყო ყველა ის ადამიანი, რომელიც საშინაო ავტორიტეტს, paterfamilias-ს (პატრიარქალური ოჯახის) ექვემდებარებოდა.

ვალი კაცობრიობის სხვადასხვა მნიშვნელოვან ტექსტებში ვალის შესახებ კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ტექსტები საუბრობენ:

პლატონის „სახელმწიფო“ – წიგნი იწყება სოკრატესა და მის ძველ მეგობარს შორის საუბრით. სოკრატეს თანამოსაუბრე ამბობს, რომ სამართლიანობაა არის ყოველთვის სიმართლის თქმა და ვალების დროულად გადახდა. ამაზე სოკრატე პასუხობს, რომ ჭკუიდან გადასულ ადამიანს თუ დავუბრუნეთ ხმალი, ეს სამართლიანობა იქნებაო? აშკარაა, რომ სამართლიანობის ცნება „საღი აზრი“, common sense (რომელსაც, როგორც ვიცით, პლატონის დიალოგებში სოკრატეს თანამოსაუბრეები გამოხატავდნენ ხოლმე) უკვე პლატონის დროს უიგივებს სამართლიანობას ვალის გადახდას.

„ძველი აღთქმა“ – ძველ აღქმაში ვალთა დაკავშირებით აღსანიშნავია „ნეემია“.

ნეემია იყო სპარსეთის იმპერატორის მეგობარი, რომელსაც თავი მშობლიური იუდეის მმართველად დაანიშვნინა. ძველ აღთქმაში გადმოცემულია ნეემიას მონათხრობი. ის საუბრობს იუდეაში ჩასვლის შემდგომ პერიოდზე, როდესაც ის აწყდება ვალების პრობლემას. ღარიბი მოსახლეობის შვილები მიჰყავდათ კრედიტორებს.

მისი პირველი რეაქცია იყოს კლასიკური ბაბილონური „ცარიელი ფირფიტების“ (ქვევით ვნახავთ, რომ ბაბილონურ კულტურაში ხშირი იყო ვალის ანულირება, ანუ „ცარიელი ფირფიტების“ გამოცხადება) გამოცხადება. აშკარაა, რომ ნეემია, როგორც ბაბილონში დაბადებული, იცნობდა ზოგად პრინციპს. ყველა არაკომერციული ვალი მიტევებულ იქნა. ნეემიამ შეძლო ძველი ებრაული კანონების – რომლებიც შენახულნი არიან „გამოსვლაში“, „მეორე მამათა“-ში და „ლევიანნი“-ში –  პათოსის ინსტიტუციონალიზაცია. მან დააფუძნა იუბილეს კანონი (დაახლოებით „ხანდაზმულობის ვადის“ მსგავსი): კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ვალი ავტომატურად გაუქმდებოდა „შაბათის წელს“ (შვიდი წლის გასვლის შემდეგ), ხოლო ასეთი ვალების გამო დაპატიმრებული ადამიანები გათავისუფლდებოდნენ .

ძველი აღთქმაში, „ნეემიას“ გარდა, სხვა „ღია“ ტექსტებსაც ვხვდებით:

„ყოველ მეშვიდე წლის თავზე გამოაცხადე პატიება. აი, პატიების რაობა: აპატიოს ყოველმა მევალემ, ვისაც რამე უსესხებია თავისი მოყვასისათვის, და ნურაფერს მოთხოვს თავის მოყვასს ან მოძმეს, რადგან პატიება იქნება გამოცხადებული უფლის სახელზე. უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ აპატიე შენს მოძმეს, თუ შენი ვალი ექნა“ (მეორე რჯული;  15: 1-3).

ყოველ 49-50 წელს მოდიოდა იუბილე, როდესაც ყველა საოჯახო მიწა უნდა დაბრუნებოდ თავდაპირველ მესაკუთრეს და გაყიდული ოჯახის წევრები ოჯახს. „გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი. დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში. წმინდა ჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი, თქვენ-თქვენ სამკვიდრებელს დაუბრუნდით; თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი“ (ლევიანნი 25: 9).

„ახალი აღთქმა“ (მამაო ჩვენო) – აღსანიშნავია, რომ მამაო ტექსტში გვხვდება სიტყვა – Opheilema, რაც ძველ ბერძნულ ორიგინალში, ნიშნავს „ი[მა]ს რაც ქონებაშია.“ ჩანს, რომ ეს სიტყვა გამოიყენეს, რათა ეთარგმნათ არამეული hoyween, რომელიც ნიშნავს და ორივეს – ვალს და ცოდვას. ანუ მამაო ჩვენოს ტექსტს აქვს ეკონომიკური კონოტაცია;

დედის რძის ნარატივი – საინტერესოა, რომ ვალის გამამართლებელი ერთ-ერთი ბუდისური ტექსტის თანახმად, ახალშობილი ცხოვრების პირველი სამი წლის მანძილზე 45 ბუშელ რძეს მოიხმარდა. ამაზე გრებერი ამბობს, რომ ზოგადად, ასეთი ტიპის ძველებურ ნარატივებში საჭირო იყო თავდაპირველი ქვანტიფიკაცია, იმისთვის რომ ითქვას, რომ ვალს ვერასდროს გადაიხდი. ცხადია, დედისადმი გადასახდელი ვალები ხაზინაში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ვედები – ადრეული ვედური პოემები (ძვ.წ 1500- ძვ.წ 1200) ავლენენ მუდმივ ყურადღებას ვალის მიმართ; ვალისა, რომელიც დანაშაულთან და ბრალთან ასოცირდება. აქ ვხვდებით, უამრავ ლოცვას, რომელიც თხოვს ღმერთს, დაიხსნას უფლის მადიდებელი ვალის ბორკილებისგან. მაგალითად, რიგვედაში ვხვდებით ვრცელ აღწერილობას მოთამაშეებისა, რომლებიც „დახეტიალობენ უსახლკაროდ, გამუდმებულ შიშში, ვალიანები და დაეძებენ ფულს.“ სხვა ტექსტებია უფრო მეტაფორულია, მაგრამ დასკვნა ერთია: ცხოვრება არის ვალი (1:56).

 

მორალის გენეალოგია – ფრიდრიხ ნიცშემ „მორალის გენეალოგიის“ მეორე განაზრებაში ვალის თემა ფილოსოფიურად გაანალიზა. ამ განხილვაში იგი ახდენს რეფლექსიებს ბრალის, არასუფთა სინდისის და დაპირების შესახებ. ნიცშემ მიხედვით, ადამიანური მორალი არის ვალით განსაზღვრული. შემდეგ კი ხდება ამ გრძნობის იდეალიზაცია და „ცაში ატანა“, მისი მონოთეისტური ღმერთის პრედიკატად, მის მახასიათებლად ქცევა. ანუ ვიღებთ ღმერთს, როგორც კრედიტორს და ადამიანს, როგორც მოვალეს.

იმისთვის, რომ უფრო თვალნათელი გახდეს ნიცშეს შეხედულება ვალზე, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ნიცშეს ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დავიწყების უნარი.

დავიწყების უნარი ნიცშესთვის არის არა უბრალოდ ინერცია, არამედ სიცოცხლის ფუნქცია, რომელიც არ უშვებს მთელ რიგ მომენტებს ცნობიერებამდე. დაახლოებით ისე, როგორც არ აღწევს ცნობიერებამდე სიცოცხლისთვის აუცილებელი ყოველდღიური ბიოლოგიური პროცესები. დავიწყების უნარი არის ერთგვარი ბუნებრივი სულიერი ჰიგიენა: რომ არა დავიწყება, არ იარსებებდა არავითარი ბედნიერება, მხიარულება, იმედები, სიამაყე, არავითარი  – აწმყო. ნიცშეს აზრით, დავიწყების უნარი იხედნება, იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს გამოთვლადი, შეეძლოს დაპირება (2:440). ნიცშეს ამ პასაჟზე საინტერესო კომენტარს აკეთებენ დელიოზი და გვატარი „ანტი-ოიდიპოსში“. ისინი ხაზს უსვამენ ცვლილების ამ მომენტს, როდესაც ადამიანის ბიოკოსმიურ მახსოვრობას რეპრესიულად ანაცვლებს სიტყვიერი მახსოვრობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება კიდეც დაპირება (3:83).

ამგვარად იბადება პასუხისმგებლობა. პრე-ისტორიული სამუშაო მართლდება ტირანიაში, უსულგულობასა და  იდიოტიზმში გამოვლენილ საქციელებში: ადამიანი უნდა იქცეს გამოთვლადად. შემდგომში კი გამოთვლადობა, დაპირების გაცემის უნარი იქცევა ღირსებად და ადამიანის სრულყოფილების მიმანიშნებლად. ამით ის საკუთარ თავს ღირსების მსაზღვრელად დანიშნავს: ის თვითონ აფუძნებს საზომს, რომლის მიხედვითაც უნდა სძულდეს ან უნდა უყვარდეს სხვები. ამაყი გაცნობიერება პასუხისმგებლობის პრივილეგიის შესახებ, საკუთარი თავის ფლობა და ბედზე ბატონობა დომინანტ ინსტინქტად იქცა – ამ ინსტინქტს, ნიცშეს მიხედვით, ადამიანი უწოდებს სინდისს (2:441).

ამრიგად, სინდისი დამოკიდებულია მახსოვრობის განვითარებაზე და დაპირების გაცემისა და მისი შესრულების უნარზე (დაპირების გაცემა და შესრულება კი თავისთავად წარმოადგენენ ბედისწერისა და მომავლის კონტროლის უნარს).  ეს უნარი – დაპირების უნარი – ყველაზე გვიანდელია. მნემოტექნიკის გამომუშავება არის ალბათ ყველაზე მეტად ჯოჯოხეთური რამ, მიიჩნევს ნიცშე. ისტორიის მანძილზე გამოვლენილი დასჯის მასშტაბი მიუთითებს იმაზე, თუ რამხელა დრო და ძალისხმევა დასჭირდა ადამიანის გახედვნას; მისი, როგორც სიტყვის შემნახველი არსების, გაწვრთნას.

ადრეულ დასჯებს, ფიქრობს ნიცშე, თან გასდევდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ყოველ მიყენებულ ზარალს გააჩნდა ექვივალენტი, რომლითაც ეს ზარალი უნდა გადახდილიყო. ეს ექვივალენტი ხშირად ბრუტალური სასჯელი იყო. საიდან უნდა წარმოშობილიყო ზარალის და ტკივილის შესაბამისობა, ამგვარი რიცხვითი სიზუსტე? რა თქმა უნდა, კრედიტორის და მოვალის ურთიერთობიდან. ეგვიპტეში მოვალის სხეული ვერ პოულობდა საფლავში მოსვენებას, შეგვახსენებს ნიცშე.

ვალს უკავშირდება ნიცშეს ფილოსოფიის კიდევ ერთი პრინციპი – არასუფთა სინდისი.

„არასუფთა სინდისს მივიჩნევ სიღრმისეულ დაავადებად, სადამდე დასვლა ადამიანს იმ ცვლილების გამო მოუწია, რომელიც ყველაზე სიღრმისეულია; ცვლილება, რომელიც მას მაშინ შეემთხვა, როდესაც საბოლოოდ გააცნობიერა მასზე დადებული უღელი საზოგადოებისა და მსოფლიოსი“  (2:461).

ყველა ინსტინქტი, რომელიც გარეთ ვერ ვლინდება, მიემართება შიგნით, ამგვარად ადამიანი „საკუთარ თავში მიდის.“ ასე იზრდება ადამიანში ის, რასაც მოგვიანებით მის სულს უწოდებენ. ინსტინქტის ყოველი გამოვლინება – დევნა, ნგრევა, ცვლილება – შეტრიალდა ადამიანის წინააღმდეგ. აი, ეს არის „არასუფთა სინდისის“ წარმოშობის წინაპირობა. ადამიანმა დაიწყო საკუთარი თავით ტანჯვა, როგორც  ცხოველური წარსულისაგან ძალადობრივი ჩამოშორების შედეგი; როგორც შედეგი არსებობის ახლებურ მოდუსში ყოფნისა, – ომის გამოცხადება ძველი ინსტინქტებისთვის, რომელიც აქამდე მის უმთავრეს ძალას წარმოადგენდა.

როგორც ისტორია გვასწავლის, ღმერთისადმი მოვალეობის შეგრძნება არავითარ შემთხვევაში არ წყდება Gemeinschaft-ის ნგრევის შემდეგ. ღმერთისადმი მოვალეობის (ან ზოგადად მოვალეობის) გრძნობა ნარჩუნდებოდა „დიდ“ საზოგადოებებშიც.

ნიცშეს მიხედვით, ქრისტიანული ღმერთის აღზევებამ გამოიწვია ყველაზე დიდი დანაშაულისა და ბრალეულობის გრძნობა ამ პლანეტაზე. ქრისტიანული ღმერთის გაქრობა გამოიწვევს მოვალეობის გრძნობის შესუსტებას. ანუ ათეიზმი, როგორც „პირველადი მიზეზისადმი“ მოვალეობის გრძნობის გაქრობა. არაა გასაკვირი, რომ რეფლექსიები ვალის (ბრალეული ცნობიერების ამ ეკონომიკური პროტოტიპის)  შესახებ ემთხვევა ეპოქას, როცა ინდივიდის ბრალეულობა მოსახლეობის მეტ სულ უფრო და უფრო მზარდ ნაწილს არ სწამს ან ყოველ შემთხვევაში, ანაქრონიზმად ეჩვენება.

არასუფთა ცნობიერება მიმართულია მოვალის მიმართ; აქედან იბადება ღმერთის იდეა, რომლიც თავს სწირავს, რათა გამოისყიდოს ცოდვები. ანუ კრედიტორი თავს სწირავს მოვალეთათვის (ჯვარცმის ეკონომიკურ-სოციალური განმარტება).

ვალიანი ადამიანის დაბადებაიტალიელი ფილოსოფოსის მაურიციო ლაზარატოს წიგნი „ვალიანი ადამიანის დაბადება“ 2011 წელს დაიწერა. აქ, იგი ფილოსოფიურად მიმოიხილავს ნეოლიბერალურ ეპოქაში ვალის ფუნქციას. ლაზარატო ეყრდნობა რა ნიცშეს, დელიოზსა და მარქსს, მთელ რიგ საინტერესო მოსაზრებებს ანვითარებს:

  • ჩვენ აღარ ვართ პირველადი ცოდვის მემკვიდრეები, არამედ წინა თაობების ვალების მემკვიდრეები. თუ წარსულ დროში ჩვენ ვიყავით ვალში წინაპრებისადმი, ახლა ვართ ღმერთისადმი სახელად – „კაპიტალი“.
  • ლაზარატო ხაზს უსვამს ვალის, როგორც სუბიექტის ჩამოყალიბების ფუნქციას. ვალისა, რომელიც მისი ცხოვრების წინასწარ დანიშნული დირიჟორია.
  • ვალს გააჩნია შექმნა/განადგურების ძალა. ის ანადგურებს უამრავი ადამიანის ცხოვრებას და წარმოქმნის ახალს. ამრიგად, ის, ლაზარატოს მიხედვით, უნდა განვიხილოთ არა იმდენად როგორც ეკონომიკური ფენომენი, არამედ ძალაუფლების სოციალური ფენომენი.
  • ვალი არის რწმენის მკვლელი. ლაზარატოს მიხედვით, შესაძლებელია ორნაირი რწმენა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან: ა) რაიმეს – იქნება ეს რელიგიური, სოციალური თუ სხვა შეხედულება – ბრმა რწმენა; ანუ ის, რასაც შეიძლება დარწმუნებულობა ვუწოდოთ და ბ) რწმენა, როგორც პასუხი სამყაროს განუსაზღვრელობაზე, როგორც, სიფხიზლე მოულოდნელობების წინაშე. შესაბამისად, როგორც იმედი და ქმედება მიმართული „უკეთესი მომავლისაკენ“. აი, ვალი კი ბ)-ს ანადგურებს, რადგან ცხოვრებას წინასწარ დაწერილი სცენარით უქადის განვითარებას. ანუ ვალი, როგორც მომავლის შესაძლებლობათა ერთსახოვანი განეიტრალება.
  • ნეოლიბერალიზმი და შესაბამისად, ვალი, როგორც დაპირება მომავლისადმი: ჩვენ გადავიხდით; თუ ჩვენ არა ჩვენი მომავალი თაობა. დაახლოებით ისე, როგორც ეს ხდებოდა ინდოეთში: როდესაც შთამომავალთა სამი თაობა მოჯამაგირეობით იხდიდა წინაპრის ვალს.
  • სამყარო უნდა შეიცავდეს საკუთარი თავის რეალიზების ღია ტემპორალობას. სწორედ ღია შესაძლებლობებისა და ალტერნატივების დაბლოკვას ახდენს ვალი. ქმედებისთვის უნდა გვჯეროდეს მოძრაობისა და აწმყოს არსებობის. ფინანსებისთვის კი მომავალი არის უბრალო დომინირება და ექპლოატაცია.
  • ლაზარატო ნიცშეს ვრცლად მიმოიხილავს და ხაზს უსვამს ჯვარცმის, როგორც კრედიტორის მიტევებას მოვალისადმი.
  • ქრისტიანობას, ლაზარატო მიიჩნევს უსასრულობის ცნების შემომტანად, რაც მისი აზრით, ხდება ვალის უკვდავყოფის წინაპირობა.
  • ლაზარატო ხაზს უსვამს, დელიოზის ფუნდამენტურ შენიშვნას, რომელიც ვალის გააზრების ტიპის ცვლილებაზე მიუთითებს: თუ ქრისტიანობაში ვალი არის ტრანსცედენტალური, კაპიტალიზმში – გამომდინარე სეკულარული, ინდივიდუალური ეპოქისა – იმანენტური. გავიხსენოთ ნიცშე შენიშვნა: თემური წყობილების ნგრევა არ გულისხმობს ბრალეულობის გრძნობის ნგრევას. ხოლო რასაც გულისხმობს, დელიოზის მიხედვით, არის ვალის ტრანსცედენტალური სფეროდან იმანენტურში გადასვლა. უფრო სწორად თუ ვიტყვით, დაბრუნება და ტრანსცედენტალურის, ზოგადსაკაცობრიოს საფარის ჩამოშორება.
  • ვალი, როგორც საკუთარ თავზე მუშაობა. საკუთარი ცხოვრების ვალის ლოგიკის მიხედვით დაგეგმვა.
  • ვალის ეკონომიკა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური – ის ახდენს კოლექტიური მიმართებების ნეიტრალიზაციას, სოლიდარობის დაკნინებას, წარსულის დავიწყებას, სოციალურ ატომიზაციას.
  • ფუკოსგან განსხვავებით, ლაზარატო „ჰომო ეკონომიკუსისა“ და „ჰომო იურიდიკუსის“ ჰეტეროგენულობას „სოციალურში“ კი არ ხედავს, არამედ „ჰომო დებიტორის“ შექმნაში.
  • ლაზარატო, იხსენებს რა დელიოზის მოსაზრებას, ამბობს, რომ სოციალური კონტროლი მოქმედებს მის სინდისზე და მახსოვრობაზე (ნიცშე), სამანქანო მორჩილება კი მოლეკულურ, წინაინდივიდუალურ დონეზე (მარქსი) (4:146).
  • ინდივიდის შესახებ, ტერმინის – „ავტონომიური“ (რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს საკუთარი თავის კანონმდებელს) გამოყენება თანდათან თვით იდეოლოგიისთვისაც კი რთულდება: ინდივიდის დივიდად ქცევა ძლიერდება. ის დაშლილია, დაკარგული აქვს ავტონომიურობა და დაყვანილია უბრალო რეაქტორზე, რომელიც „ჩარიცხვის აპარატის“ მითითებს კონკრეტული ვალის გადახდის შესახებ, რეაქციულად უნდა მიყვეს;
  • ვალი გაცდება დაყოფას დასაქმებასა და დაუსაქმებლობას, მუშაობას და არმუშაობას, პროდუქტიულ და არაპროდუქტიულს შორის, პრეკარიატსა (არასაიმედოდ დასაქმებულსა) და არაპრეკატიარტს შორის. ანუ იმ წყვილებს, რომელსაც ეყრდნობოდა მემარცხენეობა და აფუძნებდა თავისი თეორიასა და ქმედებების სტრატეგიებს. ლაზარატოს აზრით, უნდა მოხდეს თეორიულად და ქმედითად ვალის წინააღმდეგ ორგანიზება: არა მხოლოდ ვალის დესტრუქციული სახის გაუქმება, არამედ ვალიანი მორალის, ბრალეული ცნობიერების უკან მოტოვება (4:163).

სანამ გრებერის წიგნის მეორე ხაზზე, ანუ მის მიერ შემოთავაზებულ ქრონოლოგიურ დაყოფაზე გადავიდოდეთ, საინტერესო იქნებოდა ვალის კულტურული განაზრება ვალის შესახებ არსებული რამდენიმე ნიშანდობლივი სოციალური ფაქტით დაგვესრულებინა:

ორწლიანი პროსტიტუცია – აღმოსავლეთ ჰიმალაიში ქალიშვილის გათხოვება იყო დიდი ხარჯი, რომელსაც ქალიშვილი მდიდართან ორწლიანი პროსტიტუციით იხდიდა და მხოლოდ შემდეგღა ახერხებდა დაეწყო ცოლ-ქმრული ცხოვრება.

ბრუტალური კანონი რომში – რომში, კანონის მიხედვით, კრედიტორს შეეძლო მოეკლა ან დაემონებინა მოვალე.

ვალის გაუქმება რომში – რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის მონათხრობის მიხედვით, ვალის ინსტიტუტის აკრძალვა უკავშირდება შემდეგ ისტორიას: ჩვ.წ 326 წელს წარმოსადეგ რომაელს სახელად კაიუს პუბლილიუსს ჰქონდა ვალი, რომელიც მამისაგან ერგო. კაიუსი სასტიკად ცემეს, რადგან მან უარი განაცხადა სექსუალურ კავშირზე კრედიტორთან. როდესაც მან რომის ქუჩებში მოყვა თავისი ისტორია, ხალხის მასა შეიკრიბა და რომის სენატისკენ დაიძრა, რათა გაეუქმებინათ ინსტიტუტი. ინსტიტუტი გაუქმდა კიდეც.

ინგლისური პრესა ციხეში მყოფ მოვალეებზე – 1720-იან წლებში ინგლისურ პრესაში დიდი სკანდალი ატყდა მოვალეთა ციხეებში არსებული მდგომარეობის გამო. ციხე ორ სექციად იყო გაყოფილი. არისტოკრატები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ – მათ შეეძლოთ ესარგებლათ მეძავების მომსახურებით, შეეძლოთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება; ღარიბები კი – ვიწრო კამერებში სიბინძურითა და მავნებლებით დაფარულნი, ელოდნენ სიკვდილს.

ვალი ძველ ეგვიპტეში – როდესაც, ძველ ეგვიპტეში, მოვალე ვერ იხდიდა ვალს, კრედიტორს შეეძლო მისი სასამართლოში წაყვანა, სადაც მოვალე დაჰპირდებოდა თანხის მთლიანად გადახდას განსაზღვრულ დღეს. როგორც მისი დაპირების ნაწილი, მას უნდა მიეღო 100 მათრახი ან გადაეხადა თავდაპირველის ორმაგი ოდენობა, თუ კი ის ვერ მოახერხებდა დანიშნულ დღეს გადახდას. ჩანს, რომ ფიცის დადების ცერემონიალის იყო დასჯითი ქმედების გამართლება: ის დაისჯებოდა ან როგორც ფიცის გამტეხი ან როგორც ქურდი.

საბჭოთა კავშირი – საბჭოთა კავშირიდან გასვლა არ შეიძლებოდა, რადგან, იდეოლოგიის მიხედვით, მოქალაქეს ჰქონდა საბჭოთა კავშირის, როგორც მისი შემქმნელისადმი ვალი.

2. ქრონოლოგია

გრებერი გვთავაზობს ხუთ ნაწილიან დაყოფას იმის მიხედვით, თუ რომელ ეპოქაში როგორი ფულადი სისტემა იყო მეტად (!) გავრცელებული: „კრედიტი“ (და მეტწილად ნდობაზე დამყარებული) თუ „მეტალი“ (შესაბამისად დაქირავებული არმიებით და ფართომასშტაბიან ომებზე დამყარებული).

მონეტები თითქმის თანადროულად ჩნდება სამ სხვადასხვა ტერიტორიაზე: ჩრდილოეთ ჩინეთის დიდ დაბლობზე, განგის სანაპიროებში  – ჩრდილო აღმოსავლეთ ინდოეთში – და ეგეოსის ზღვის არეალში. მონეტები მართალია, საერთაშორისო ვაჭრობაში გამოიყენებოდა, მაგრამ ამას არ ჰქონია ყოველდღიური მიმოცვლის სახე. ამ პერიოდიდან მოყოლებული – ე.ი დაახლოებით ღერძული დროის დასაწყისიდან – ეს ინოვაცია თანდათანობით ვრცელდება და სახელმწიფოთა უმრავლესობა უშვებს საკუთარ მონეტებს. თუმცა, ახალი წელთაღრიცხვით 600 წლისთვის, მონობის გაქრობის პარალელურად,  ყველაფერი იცვლება. ხელშესახები ფული ქრება და ფინანსური სისტემა უბრუნდება კრედიტს.

საინტერესოა, რატომ ხდება ასე? გრებერის მიხედვით (1:213), უმთავრესი ფაქტორი მონეტების მოჭრისა არის ომი. რადგან ზოდები დომინირებს, უპირველეს ყოვლისა, საყოველთაო აგრესიის პერიოდში. ამის მარტივი მიზეზი არსებობს: ოქროსა და ვერცხლის მოპარვა შეიძლება. ვალი კი არის  ჩანაწერი, ისევე როგორც ნდობის მიმართება. ხოლო ის, ვინც იღებს ოქროსა და ვერცხლის სტანდარტს, არ ჭირდება არაფრის ნდობა თუ არა შკალათა სიზუსტისა, მეტალის ხარისხისა და იმის მოლოდინისა, რომ სხვაც მიიღებს ამ კრიტერიუმებს. ხოლო მსოფლიოში ომი და ძალადობა ყოველდღიურობის ნაწილია – ეს ასე იყო ჩინეთის მეომარ სახელმწიფოებში, რკინის ხანის საბერძნეთსა და წინამავრულ ინდოეთში – აშკარაა ტრანზაქციათა გამარტივების უპირატესობა. მით უმეტეს ჯარისკაცების შემთხვევაში.  ჯარისკაცებს ხელი მიუწვდებათ „მსუყე“ ნადავლზე, რომელთა დიდი ნაწილი ოქროსა და ვერცხლისგან შედგება. ის კი ყოველთვის ეცდება, რომ ოქრო/ვერცხლი უკეთეს საგნებზე გაცვალოს. ეკონომისტების ბარტერის მითი შეიძლება არის აბსურდი, როდესაც პატარა სასოფლო კომუნაში მაცხოვრებელ მეზობლებზეა საუბარი, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ ამგვარი კომუნის მაცხოვრებელსა და გამვლელ, დაქირავებულ ჯარისკაცს შორის ურთიერთობაზე, რადგან ამ ორს შორის ნდობა არ არსებობს.

2.1.  პირველი აგრარული იმპერიები – (3500BC-800BC)

მესოპოტამია –   ფიქსირებული საკრედიტო განაკვეთი, გრებერის მიხედვით, გამოიწვია ნდობის კლებამ რაც სავარაუდოდ, ვაჭრების მიერ დასაფარი გრძელი მანძილით აიხსნება. საპროცენტო განაკვეთის წარმოშობა სამუდამოდ დარჩება საიდუმლოდ, რადგან ის წინ უსწრებს პირველ დამწერლობით ნიმუშებს.  მესოპოტამიაში არსებობდა ფირფიტა, რომელიც აღნუსხავდა ვალს 5 შექელის ოდენობით. ეს ფირფიტა იყო თამასუქი (promisory note) ანუ ფული.

საინტერესოა, რომ ძველ მესოპოტამიურ კულტურაში გავრცელებული იყო ვალების კოლექტიური ანულირების პრაქტიკა, ერთგვარი „სუფთა ფირფიტების“ პოლიტიკა. ძვ.წ 2400 წელს, ლაგაშის მეფე ენმეტენამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც, დააფუძნა „ამარგი“ (თავისუფლება) და აღადგინა შვილი მშობლისთვის და მშობელი შვილისთვის. სულ ცოტა ხანში, ძვ.წ 2350 წელს მისმა მემკვიდრე ურუინიმგინამ აგრეთვე გამოაცხადა მოვალეების საყოველთაო ამნისტია ახალი წლის ცერემონიალზე. მსგავსი პრაქტიკა მესოპოტამიაში ფრიად გავრცელებული იყო: არა მხოლოდ ვალების ანულირება, არამედ ამ ვალების მიერ გამოწვეული მონობის გაუქმებაც. ბაბილონის მეფე ხამურაბიმ იგივე პრაქტიკა გამოიყენა ძვ. წ 1761 წელს.

ეგვიპტე –   წარმოადგენს საინტერესო შემთხვევას, რადგან საკუთარი ისტორიის დიდი ხნის მანძილზე ეგვიპტემ მოახერხა და „პროცენტებით არ ცხოვრობდა.“ არსებობდა საკრედიტო სისტემა, თუმცა უფრო მეტად გავრცელებული იყო ორმხრივი დახმარება. ხოლო ისეთი ტიპის სესხები, რომლებსაც შეეძლოთ ახლობლების ან ქონების დაკარგვამდე მიეყვანა ეგვიპტელი ადამიანი, შედარებით იშვიათად გვხვდება. ძალიან იშვიათად ვხვდებით ვალით გამოწვეული მონობის შემთხვევებს. აშკარაა, რომ მესოპოტამიური ტიპის კრიზისები არ ხდებოდა ეგვიპტეში მთელი საუკუნეების მანძილზე.

ეგვიპტეში მესოპოტამიური ტიპის ვალების კრიზისს ვაწყდებით მხოლოდ და მხოლოდ რკინის ხანაში, ანუ იმაზე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ეგვიპტეს სპარსეთის იმპერია დაიპყრობდა. მაგალითად, ეგვიპტის ფარაონმა ბაკენრანეფმა (მეფობდა ძვ. წ. 720- ძვ.წ 715) მოახდინა ვალების ანულირება იმ მოტივით, რომ ჯარისკაცები, რომელსაც სამშობლოსთვის უნდა ებრძოლათ, მოუწევდათ მოვალის ციხეში (მოვალის ციხის პირველი ხსენება ისტორიაში) წასვლა, რაც სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის კარგი არ იყო.

საინტერესოა, რომ შამპოლიონის მიერ გაშიფრული როზეტის ქვა პტოლემეიოს V-ის მიერ ძვ.წ 196 წელს გამოცხადებულ საკრედიტო ამნისტიას გადმოგცემს (1:219).

2.2. ღერძული დრო – (800BC-600AD)

„ღერძული დრო“ გერმანელი ექსისტენციალისტი ფილოსოფოსის, კარლ იასპერსის ტერმინია. იასპერსმა შეამჩნია, რომ თითქმის ერთდროულად სამ ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილას, ხდება ფილოსოფიური გენიის ამოხეთქვა: ძველ საბერძნეთში (პითაგორა, პლატონი, არისტოტელე), ინდოეთსა (ბუდა) და ჩინეთში (ლაო-ძი, კონფუცი). ექვსასწლიან (ძვ.წ 800-ძვ.წ 200) პერიოდში იბადება სხვადასხვა ფილოსოფიები.

გრებერი ქრონოლოგიურად აფართოებს იასპერსის ამ კონცეპტს და მას ძვ.წ 800 წლიდან ახ.წ 600 წლამდე მონიშნავს. ახალი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის ქრებიან იმპერიები (რომის, აშოკას, ჩინური) და მეტალზე დამყარებული სისტემაზე კვლავ გაბატონდება კრედიტზე ორიენტირებული სისტემა.

გრებერი ეყრდნობა კლასიცისტ რიჩარდ სიფორდს და ღერძული დროის მთავარ მახასიათებელს – სხვადასხვა ფილოსოფიების დაბადებას – მონეტების მოჭრასთან აკავშირებს. ზუსტად იმ ადგილას, სადაც მოჭრეს მონეტები, ცხოვრობდნენ ეს ფილოსოფოსები და იბადება ფილოსოფიური მოძღვრებები: ეს ადგილებია: ეგეოსის ზღვა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთი, ჩრდილოეთ ჩინეთი. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიის თანადროული განვითარება არ შეიძლება ყოფილიყო ამის გამომწვევი, რადგან სამივე ადგილას მონეტები განსხვავებული მეთოდითა და ტექნოლოგიებით იჭრებოდა.

როგორი იყო მონეტების მოჭრის ისტორიული წინაპირობა და ფონი? გრებერის პასუხი, რომელიც ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა, ასეთია: საერთაშორისო ვაჭრობაში გამოიყენებოდა ვერცხლი, მაგრამ გლეხს არ ქონდა მასზე წვდომა, თუმცა თანდათან დაიშვა მისი მოსახლეობაში ცირკულაცია. ზოგიერთი ვერცხლი სასახლეებში ზოდების სახით იყო დაგროვილი, როგორც თავდებობა სესხებისა. როგორ მოხდა ეს? ჯარისკაცები ძარცვავდნენ სასახლეებს.. რადგანაც ძარცვა იყო ძლიერი წამქეზებელი საერთაშირისო ვაჭრობის განვითარებისთვის.

შეიძლება ვიკითხოთ: ომი ადრეც – ე.ი ღერძულ დრომდეც – ხომ იყო? გრებერის პასუხია: კი, იყო, მაგრამ  ღერძულის დროის სამივე დასახელებულ გეოგრაფიულ არეალში იბრძოდნენ არა არისტოკრატები, არამედ დაქირავებული არმიის წევრები. მაგალითად, პერიოდი, როდესაც ბერძნებმა დაიწყეს მონეტები მოჭრა, იგივე დროა, როდესაც მათ გამოიგონეს ცნობილი ფალანგის ტაქტიკა, რომლითაც ჰოპლიტები ვარჯიშობდნენ. ბერძენ პროფესიონალ ჯარისკაცებს სახელი გაუვარდათ ყირიმიდან ეგვიპტემდე. არმიას, განსხვავებით ჰომერული გმირებიდან, ესაჭიროებოდა დაჯილდოება გარკვეული აზრიანი გზით. საქონლით გადახდა და თამასუქები არ გამოდგებოდა (ამ უკანასკნელს ჯარისკაცის ქვეყანაში არ გააჩნდა ღირებულება). ამიტომ, მცირე ზომის მეტალი მშვენიერი გამოსავალი აღმოჩნდა. ეს ახალი არმიები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მთავრობას ექვემდებარებოდნენ. ამიტომაც, საჭირო გახდა მთავრობას მეტალის ზოდები ნამდვილ ვალუტად ექცია. ამის უმთავრესი მიზეზი მასშტაბია: იმისთვის, რომ შეიქმნას საკმარისი მონეტები, რათა ადამიანებმა მოიხმარონ ისინი ყოველდღიურ მიმოცვლაში, საჭიროა მათი მასობრივი პროდუქცია უფრო ფართო მასშტაბით ვიდრე  ადგილობრივი ოქრომჭედლები ახდენდნენ. ბაზრების არსებობა მთავრობისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ასე უფრო ადვილია არმიის დაპურება. ხოლო საერთო მონეტების მოჭრა იქნებოდა საფუძველი ერთიანი ეროვნული ბაზრის დაფუძნებისთვის.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, პირველი ლიდიური მონეტები მოჭრეს დაქირავებული ჯარისკაცების გასასტუმრებლად. ამან შეიძლება დაგვეხმაროს იმ ფაქტის ახსნაში, თუ რატომ აითვისა საბერძნეთმა ასე სწრაფად მონეტები: მათაც სჭირდებოდათ დაქირავებულების შენახვა. უკვე, ძვ.წ 480 წელს საბერძნეთში 100 ზარაფხანა იყო. მაშინ, როცა არც ერთ სხვა ხმელთაშუაზღვის ქვეყანას არ ქონია მათი აშენების ინტერესი. მაგალითად, ფინიკიელები, რომლებიც ანტიკურობის ყველაზე კარგ ვაჭრებად და ბანკირებად მიიჩნეოდნენ, არ ჭრიდნენ მონეტებს. ამის კეთება დაიწყეს ძვ.წ 365 წელს, როდესაც კართაგენმა – დიდმა ფინიკიურმა კოლონიამ – მონეტების მოჭრა სიცილიელი დაქირავებულების გადასახდელად დაიწყო.

ვალთან დაკავშირებული სოციალური მსვლელობების შესახებ ყველაზე უხვი მასალა ხმელთაშუაზღვის რეგიონის შესახებ არსებობს. ისტორია იწყება ვალთან დაკავშირებული კრიზისების სერიით, რომელმაც გამოიწვია სოლონის რეფორმები ძვ.წ 594 წელს. მონეტების მოჭრა იყო ამ კრიზისებიდან გამოსავალი. ვალთან დაკავშირებულ კრიზისებს, როგორც წესი ჰქონდა ორგვარი გამოსავალი: პირველი: არისტოკრატები საშვილიშვილოდ იმონებდნენ ვალის მეშვეობით გლეხებს (ასეთი ქვეყნები წარუმატებლები იყვნენ), ან (მეორე): მიწებს გადაანაწილებდნენ, რათა აღმოფხვრილიყო ვალთან დაკავშირებული მოჯამაგირეობა. ასე იქმნებოდა თავისუფალი ფერმერების კლასი, რომელთა შვილებიც ხდებოდნენ დაქირავებულები და მთელი ცხოვრება ომისთვის ემზადებოდნენ. ამისთვის კი მონეტების ქონა მეტად მნიშნელოვანი იყო. მონეტები მნიშვნელოვანი იყო, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო მსგავს თავისუფალ ფერმერთა არსებობა და რათა ისინი არ ყოფილიყვნენ ბატონთან ვალით „მონური ძაფებით“ დაკავშირებულნი.

ოქრო და განსაკუთრებით კი ვერცხლი მოიპოვებოდა ომში ან ომის მონების მიერ. ზარაფხანები განლაგებული იყო სასახლეში.

მაგალითად, როდესაც ალექსანდრემ გადაწყვიტა სპარსეთის იმპერიის დაპყრობა, მან უმეტესი ფული ისესხა და გადაიხადა თავისი პირველი მოჭრილი მონეტებით, რომლებიც თავის მხრივ, ნაძარცვი ოქროთი და ვერცხლით დამზადდა. არმიას ესაჭიროებოდა კვება და ნახევარი ტონა ვერცხლი დღეში მხოლოდ ხელფასებისთვის. შესაბამისად, დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეებს მონებად უშვებდნენ მაღაროში სამუშაოდ. ასე კვებავდა ომის მანქანა საკუთარ თავს. ალექსანდრეს იმპერიებმა გაძარცვეს ბაბილონური და სპარსული სასახლეები, რომლებსაც ადგილობრივი საკრედიტო სისტემა ეყრდნობოდა. შედეგად, ალექსანდრემ გამოუშვა 285 მილიარდი დოლარის ექვივალენტი მონეტები – 180 000 ტალანტი.

აღსანიშნავია, რომ რომაული მონეტების მოჭრის თარიღი (ძვ. წ 338 წელი) ახლოსაა ვალთან დაკავშირებული მონობის გაუქმების წელს გაუქმების წელთან (ძვ.წ 326). ამრიგად, მონეტები, რომლებიც დამზადდნენ ნადავლიდან, არ იწვევდნენ კრიზისს. მათ, როგორც გამოსავალს იყენებდნენ. თუმცა, აღნიშნავს გრებერი (1:231), გასათვალისწინებელია, რომ ეს გამოსავალი დროებითი იყო. ექსპანსიის დასრულების შემდეგ, კვლავ დგებოდა კრიზისები.

ინდოეთი აქაც, როგორც ყველგან,  მონეტები წარმოიქმნნენ, როგორც ომის მანქანის შემნახველი. საინტერესოა მავრების იმპერიის ერთ-ერთი მინისტრის არტასასტრას (ძვ.წ 321-185) პოლიტიკური ტრაქტატი, რომელიც ღიად აცხადებდა:

„საგანძური ეფუძნება მაღაროს სამუშაოს, არმია კი საგანძურს; ვისაც ჰყავს არმია და საგანძური, შეიძლება დაიპყროს მთლიანი დედამიწა“  (1:233).

აშოკას იმპერიის დაშლის შემდეგ მონეტების მოჭრა თითქმის გაუქმდა, მაგრამ წარმოიშვა დახვეწილი საკრედიტო ფორმები.

ფილოსოფიის წარმოშობის დაკავშირება მონეტების შემოღებასთანსაწყისი თემური კავშირების და სტატუსზე დამყარებული აზროვნების რღვევამ თანდათანობით განავითარა რაციონალური აზროვნება. აქედან იბადება ისეთი მომენტები, როგორებიცაა „მოგება“, „სარგებელი“. აგრეთვე დიხოტომია – „ადამიანი როგორც საშუალება vs ადამიანი როგორც მიზანი“ და ა.შ.

ხშირია საბაზრო ტერმინებისა და ფილოსოფიური ტერმინოლოგიის მსგავსება სხვადასხვა ეპოქებში. მაგალითად, ჩინური სიტყვა „ლი“ თავდაპირველად ნიშნავდა მარცვლეულის მოგებას მოსავლის აღებისას. შემდეგ ის დაიტვირთა ინდივიდუალური „სარგებლის“ მნიშვნელობით.

მნიშვნელოვანია, რომ ღერძულ დროში ღმერთები და ქალღმერთები, მსხვერპლშეწირვის რიტუალები, წინაპართა კულტი, კასტური და სარიტუალო სისტემები ქრება ან საწყის მნიშვნელობას კარგავს – ისინი აღარ არიან მიჩნეულნი თავისთავად მიზნად, არამედ მატერიალური სარგებლის მიღების საშუალებად. შესაბამისად, წარმოიშობოდა ინტელექტუალთა კასტა, რომელიც მატერიალურ სარგებელზე მსჯელობდა. მათი მსჯელობაა მაამებელი იყო მმართველების. წარმოიშვა აგრეთვე მათი ანტი-მოძრაობა, რომელსაც ორი არჩევანი ჰქონდა – მიეღო ბაზრის ენა და გამოეყენებინა ის სარგებლის საწინააღმდეგოდ, ან უარეყო იგი.

მაგალითად, ჩინური ფილოსოფიური მიმდინარეობის, მოიზმის ფუძემდებელმა მო-ძიმ მიიღო ტერმინი „ლი“ და ის „სოციალური სარგებლიანობის“ მნიშვნელობით დატვირთა. კონფუციანელობამ საწინააღმდეგო მიდგომა აირჩია.

ღერძული დროის სულიერება ემყარება მატერიალიზმს. რიჩარდ სიფორდის წიგნი „ფული და ადრეული ბერძნული აზროვნება“ იძლევა ამის შესანიშნავ მაგალითებს.  ლიდიაში პირველი მონეტების მოჭრის შემდეგ, მონეტები ძველ საბერძნეთშიც მოიჭრა. მნიშვნელოვანია, რომ მილეთი იყო პირველი ბერძნული პოლისი, რომელმაც საკუთარი მონეტები მოჭრა. მილეთი რეგიონის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ფილოსოფოსები (თალესი, ანაქსმანდრე, ანაქსმენე) იყვნენ მილეთელები და სწორედ მონეტების მოჭრის პერიოდში ცხოვრობდნენ. ისინი ცხოვრობდნენ იმ პერიოდში, როცა მონეტები ახალი შემოსული იყო.

რა არის მატერია? ისინი წარმოადგენენ მყარ და შესახებ საგნებს, მაგრამ აგრეთვე აბსტრაქციებს. მათ გააჩნიათ პოტენცია იქცნენ სხვა რამედ. ამიტომაც, უკვე მატერიალისტურ ფილოსოფიაში გვაქვს ფორმისა და მატერიის დუალიზმი; რა უდევს ყოველივეს საფუძვლად? რა არის სუბსტანცია? ანუ ქვემდებარე პრინციპი? ფული, სიფორდის მიხედვით, საფუძვლად უდევს ფილოსოფიურ დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც არსებობს რაღაცა, რაც შეიძლება იქცეს ყველაფერად (ეს მომენტი კლასიკურ ბერძნულ ფილოსოფიაში, პოტენციალობის კატეგორიად დაფიქსირდება).

ღერძული დროის სულიერება მატერიალურ საწყისებს ეფუძნება. ეს წარმოადგენს მის საიდუმლოს. თუ გადავხედავთ ფილოსოფიური გამოკვლევების საწყისს ძველ საბერძნეთსა და ინდოეთში, სწორედ მსგავს ტენდენციას წავაწყდებით: რა არის საფუძვლად მდებარე პრინციპი, რომლისგანაც შექმნილია სამყარო? რა არის საფუძვლად მდებარე მატერიალური ფორმები სამყაროს ობიექტებისა? არის ყველაფერი ცვალებადი კომბინაცია საბაზისო ელემენტებისა, თუ არსებობს უფრო ელემენტარული ფორმები, მაგალითად დემოკრიტეს ატომები. ყველა ჯერზე, მატერიალისტური კონცეპციების საპასუხოდ, ღმერთის, გონების, სულის და რაღაც აქტიური ორგანიზატორული პრინციპის იდეა დაიბადა.

გრებერი აჯამებს „ღერძულ დროში“ განვითარებულ მოვლენებს:

ა) ჩანს, რომ ბაზარი წარმოიშვა, როგორც გვერდითი მოვლენა (ყოველ შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში), მთავრობის ადმინისტრაციული სისტემებისა. დროთა განმავლობაში, ბაზრის ლოგიკა გადაება სამხედრო ლოგიკას. შედეგად, ის უკვე განურჩეველია  ღერძული დროის მილიტარიზმის მოხეტიალე ლოგიკისაგან; საბოლოდ კი ლოგიკამ დაიპყრო მთავრობა;

ბ) ვღებულობთ „არმია-მონეტები-მონობა“ კომპლექსს; იბადება მატერიალისტური ფილოსოფიები; მატერიალისტური ორივე აზრით 1 . იმით, რომ სამყარო შედგება მატერიისგან და არა ღვთაებრივი ნაწილებისგან 2.  ადამიანის საბოლო მიზანი არის მატერიალისტური სარგებელი; ხოლო ისეთი იდეალები, როგორებიცაა მორალი და სამართლიანობა იცვლის სახეს იმისთვის, რომ მასები დააკმაყოფილოს;

გ) პარალელურად, ყველგან ვხვდებით მატერიალისტური ფილოსოფიის საწინააღმდეგო ფილოსოფიას, რომლებიც ცდილობენ იპოვნონ ახალი დასაყრდენი მორალისა და ეთიკისთვის; ეს იდეები იღებენ მოძრაობების სახეს და ხშირ შემთხვევაში, უპირისპირდებიან ცინიკურ ელიტებს. ყველგან ეს მოძრაობები თავდაპირველად არიან მშვიდობის მოძრაობები და უარყოფენ ძალადობასა და აგრესიულ ომს, როგორც პოლიტიკის წინაპირობას;

ე) ცხადია, ეს მოძრაობები თავდაპირველად მარცხდებიან. იბადება მიღმური სამყაროს, როგორც იდეური ტოპოსის შესახებ წარმოდგენა, სადაც ვალი აღარ არსებობს და სადაც „მგელი და კრავი ერთად ძოვს“. ფილოსოფიები და რელიგიები,  რომლებშიც სოციალური მიმართებები ნაჩვენებია, როგორც მონობის ფორმა, ხოლო სხეული – როგორც საპყრობილე;

ვ) ჩანს, რომ თანდათანობით მმართველები იცვლიან მიმართებას. ისინი იღებენ ამ მოძღვრებებს, თუმცა სინამდვილეში ცინიკური რეალპოლიტიკის მიმდევრებად რჩებიან. თუმცა, თანდათანობით ეს მოძღვრებები ხდებიან იმპერიების მიერ აღიარებული: აშოკა – ბუდიზმი; კონსტანტინე – ქრისტიანობა; ვუ-ტი- კონფუციანელობა. ამ სამიდან ვუ-ტი იყო წარმატებული. ჩინურმა იმპერიამ ამა თუ იმ ფორმით გაძლო 2000 წელი, კონფუციანელობით, როგორც წარმმართველი იდეოლოგიით. აშოკას პროექტი ყველაზე ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, ბუდიზმი გასცდა ინდოეთს და გავრცელდა ჩინეთში, შრი-ლანკაზე, იაპონიაში და სხვაგან;

ზ) ღერძულ დროში წარმოიშვა სოციალური დაყოფა, რომელიც დღესაც არსებობს. ბაზარმა დაბადა – ალტრუიზმის გაგება, სხეულის სიძულვილის ლოგიკა, მატერიალისტური მიდრეკილებების მოჩვენებითობა და ა.შ.
წმინდა გაუმაძღრობა და წმინდა გულუხვობა წარმოადგენენ ეპი-ცნებებს (ზედნაშენ ცნებებს). მნიშნელოვანია, რომ ღერძული დროის რელიგიები ყურადღებას ამახვილებენ ხელგაშლილობაზე, რაც აქამდე არ არსებობდა. ჩანს, რომ ასეთი ხედვები იბადება არა-პერსონალური, „გულცივი“ ბაზრის დაბადების პარალელურად.

2.3. შუა საუკუნეები – (600AD-1450AD)

ზოგადად ამ მონაკვეთს ახასიათებს მტაცებლური გასესხების მეტი კონტროლი ან აკრძალვა. აგრეთვე, ვირტუალური ფულის დაბრუნება. ეს კი, გრებერის მიხედვით, დაკავშირებულია იმპერიების დაშლასთან:

ინდოეთიბრაჰმინებს საუკუნეების მანძილზე ეკრძალებოდათ სესხის გაცემა, ხოლო სასახლეებს – არა. თავდაპირველი ინდური კოდექსები წლიურ % აფუძნებდნენ შემდეგნაირად:

2% (წელიწადში – 24%) – ბრაჰმინისთვის (ქურუმისთვის)

3% (36%) – ქშატრიასთვის (მეომარისთვის)

4%(48%) – ვაიშასთვის (ვაჭრისთვის)

5% (60%) – შუდრასთვის (ფერმერებისთვის)

ინდოეთში ხშირი იყო ვალები; ა.წ 1000 წლისთვის ბრაჰმინებთან დაკავშირებული ტაბუ აიკრძალა. ინდოეთში, გრებერის მიხედვით, ყველაზე „ლიბერალური“ კანონები მოქმედებდა მოვალესთან დაკავშირებით: იქ არ იმონებდნენ ვალის გამო, და მოვალეს არ უყიდიდნენ ქალიშვილებს. კანონის მიხედვით, ვალის მოჯამაგირეები უბრალოდ იხდიდნენ ვალს; ხანდახან ამას სამი თაობა სჭირდებოდა.  ინდოეთში არ არსებობდა უთანასწორობის განცდა, რადგან, როგორც ფრანგი ანთროპოლოგი ლუი დუმონი შენიშნავს, რთულია ისაუბრო უთანასწორობაზე საზოგადოებაში, სადაც წარმოდგენაც  კი არ არსებობს თანასწორობაზე.

ჩინეთიეს პერიოდი, ისევე როგორც სხვაგან, ჩინეთშიც იმპერიის დაღმასვლა იწყება. თუმცა, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ჩინეთში აღდგა იმპერია, მაგრამ, როგორც ქვევით დავინახავთ, შედარებით მეტი ეკონომიკური სიკეთით. ამ პერიოდში ჩინური საზოგადოების „ოპერაციულ სისტემად“ მკვიდრდება კონფუცის მოძღვრება.

კონფუცის სისტემა მორგებული იყო რურალურ (სოფელში მაცხოვრებელ) პატრიარქზე. ვალების გამო პატრიარქს სინდისი ელახებოდა, შესაბამისად, შუა საუკუნეების ჩინეთში ხშირი იყო აჯანყებები.

ზოგადად კი, კონფუცისეული ბიუროკრატია ახალისებდა ბაზარს. ისინი იყვნენ ბაზრის მომხრე, მაგრამ ანტი-კაპიტალისტური. კომერციული სარგებელი იყო მისაღები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სპეკულაცია. ხალისდებოდა ბაზარი, ანუსაქონელი-ფული-საქონელი“ -ს ალგორითმი და არა ფული-საქონელი-ფული“ სისტემა.

გრებერის მიხედვით, ჩინეთში იყო არაკაპიტალისტური, მაგრამ ღია ბაზარი. განსხვავებით, ევროპელი ბიუროკრატებისა, ჩინელი ბიუროკრატები (გამომდინარე კონფუცის მოძღვრებისა) უარს ამბობდნენ პოტენციურ ჩინელ კაპიტალისტებთან გაერთიანებაზე. კონფუცისეული ხედვით, ჯარისკაცები ინდივიდუალურად არ იყვნენ კარგი ადამიანები, მაგრამ იყვნენ კარგები ფრონტის დასაცავად. ამგვარად აფასებდა ჩინური ბიუროკრატია ვაჭრებსაც და მათ ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ განათავსებდა.

რაც არ უნდა ითქვას ჩინეთის შესახებ, ამ პერიოდის ჩინეთს ჰქონდა ცხოვრების უმაღლესი სტანდარტი მსოფლიოში 1820 წლამდე (ე.ი ინდუსტრიული რევოლუციის განვითარების დრომდე).

ახლო დასავლეთი (ისლამი)ისლამის მიღებით, ვაჭრები განთავისუფლდნენ სიძულვილისგან, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იმსახურებდნენ (ისლამი კრძალავდა მევახშეობას). ეს გამოწვეული იყო ისლამის პოზიტიური დამოკიდებულებით ვაჭრობის მიმართ. მოჰამედმა თავისი ზრდასრული ცხოვრება, დაიწყო როგორც ვაჭარმა. არც ერთი მუსულმანი მოაზროვნე არ მიიჩნევდა მოგების ინტერესს საზიანოდ. მევახშეობის აკრძალვა კრედიტის აკრძალვას არ ნიშნავდა და არც ვაჭრობის დაჩაგვრას; პირიქით. ისლამში ვაჭარი პატივსაცემი ფიგურა იყო.

თავდაპირველად, მთავრობა ერეოდა ვაჭრობაში. თუმცა, ეს დიდ წინააღმდეგობას იწვევდა. ალბათ ისლამი იყო ის ერთადერთი მოძღვრება, რომელმაც ვაჭარი საძულველიდან საყვარელ პერსონაჟად აქცია. თვით მუჰამედმა მედინაში კრიზისის დროს უარყო ფასების ხელოვნურად დაწევა, რადგან ეს ღმერთის ნებაში ჩარევად მიიჩნია.

ადამ სმიტის მოძღვრება დავალებულია შუა საუკუნეების მუსულმანი მოაზროვნეების – ღაზალის და ტუსის მოძღვრებებისგან: სმიტის მიერ მოყვანილი მაგალითები: სამუშაოს დანაწილება, ქინძისთავის ფაბრიკა და ა.შ, აღებულია ღაზალისგან, მაგრამ განსხვავებით სმიტისგან,  მუსულმანები გაცვლას ინდივიდუალური სარგებლის მიღების საშუალებად კი არ მიიჩნევდნენ, არამედ ურთიერთდახმარების წინაპირობად.

ღაზალი მიიჩნევდა, რომ დინარები და დირჰემები თავისთავად უსარგებლონი არიან. თუმცა, ისინი მუშაობენ, როგორც სოციალური შეთანხმება ორი სხვადასხვა ნივთის შედარებისთვის, რომელსაც საერთო მახასიათებელი არ გააჩნია. შესაბამისად, ფული არ არის შექმნილი იმისთვის, რომ შექმნას ფული. ფული ჰგავს გრამატიკულ ნაწილაკს – წინდებულს. მას არ გააჩნია საკუთარი მნიშვნელობა, მაგრამ მიუთითებს სხვა რამეზე. ღაზალი გმობდა მევახშეობას.

ჩანს, რომ ღია ბაზრის იდეოლოგია აღებულია განსხვავებული სოციალური და მორალური მსოფლიოდან.

შორეული დასავლეთი (ქრისტიანობა) – აქაც ვხვდებით მონეტების გაქრობას.

მსგავსად ადრეული ისლამისა, მევახშეობისადმი ქრისტიანობის დამოკიდებულება იყო მკაცრი და ვაჭრებისადმი კი უფრო მკაცრი: ფსალმუნი (15:5, 54:12), იერემია (9:6) ნეჰემია (5:11). ლუკა (6:34)

მრავალ ქრისტიანულ ტექსტში (1:282-296), ვხვდებით მევახშეობის გმობას.

2.4. კაპიტალისტური იმპერიები – (1450AD-1971AD)

ეს ეპოქა იწყება აღმოჩენებით, რაც აღინიშნა უმრავი ახალი მომენტით: ახლებური მეცნიერებით, კაპიტალიზმით, ჰუმანიზმის, ერ-სახელმწიფოებით. თუმცა, გრებერი ამ პერიოდს თავისი ალგორითმის (მეტალი/ვირტუალური) მორიგ ციკლად მიიჩნევს. ეპოქა იწყება 1450 წელს, როდესაც ვირტუალური საკრედიტო ეკონომიკებიდან ბრუნდებიან ოქროსა და ვერცხლისკენ. ზოდების ამერიკიდან შემოდინებამ პროცესი დააჩქარა, გამოიწვია რა ფასების რევოლუცია დასავლეთ ევროპაში და ტრადიციული საზოგადოება თავდაყირა დააყენა.

რაც მთავარია, აღმოჩენებმა ის მომენტები დააბრუნა, რაც მთლიანად გამქრალი ან შემცირებული იყო: დიდი იმპერიები და პროფესიონალური არმიები, მასიური მტაცებლური ომები, შეუზღუდავი მევახშეობა, მონათმფლობელობა, ვალზე მიბმული მოჯამაგირეობა. თუმცა, აგრეთვე წარმოიშვა ახლებური მატერიალისტური ფილოსოფიები, აზვირთდა სამეცნიერო და ფილოსოფიური შემოქმედების ახალი ტალღა, თუმცა, ეს არ იყო უბრალო განმეორება.

1400-იანი წლები ევროპული ისტორიაში  დიდი კატასტროფის წლებია. ამას მოყვა ბუბონური შავი ჭირი, რომელმაც ევროპული სამუშაო ძალის ერთი მესამედი გაანადგურა. შედეგად, ხელფასებმა დრამატულად მოიმატა. თუმცა, არა დაუყონებლივ – არამედ თანდათანობით. მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტები გაიზარდა იქამდე, რომ მთავრობა გამოსცემდა კანონებს, რომელიც დაბალი ფენის წარმომადგენლებს უკრძალავდა აბრეშუმისა და ყარყუმის ბეწვის ტარებას. ზოგიერთი ქალაქებსა და სოფლებში სადღესასწაულო დღეების რაოდენობამ წელიწადის დღეების 1/3-ს მიაღწია. თუმცა, პურიტანიზმის, კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის მეოხებით, ეს ყველაფერი თანდათან განადგურდა.

მაგალითად, ინგლისში 1500-დან 1650-წლამდე მოხდა მასობრივი ინფლაცია, რამაც 500 პროცენტით გაზარდა ფასები, ხოლო ხელფასები ნელა იმატებდა. მსგავსი რამ ხდებოდა ევროპაშიც. რატომ? ყველაზე პოპულარული პასუხი ეკუთვნის ჟან ბოდენს. ბოდენმა 1568 წელს წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ეს პროცესები გამოწვეული უნდა ყოფილიყო ოქრო-ვერცხლის ფართო შემოდინებით „ახალი მსოფლიოს“ დაპყრობილი ქვეყნებიდან. თუმცა, ამ კონვენციური ხედვის ნაკლი ის არის, რომ ოქრო-ვერცხლის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩერდებოდა დიდი ხნით ევროპაში. უმრავლესობამ ინდოეთსა და ჩინეთში ამოჰყო თავი. თუ გვინდა გავიგოთ, თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკა, მოყოლა უნდა დავიწყოთ არა ევროპიდან, არამედ ჩინეთიდან, მიიჩნევს გრებერი (1:309). ეს ამბავი ღირს მოყოლად, რადგან ცოტა ადამიანმა თუ იცის მის შესახებ:

ჩინეთში მაღალი გადასახადების გამო, გლეხობამ სამამულო მიწები მიატოვა. მოხეტიალე მოსახლეობა, როგორც წესი, მეწვრილმანეობით, მეკობრეობით, ყაჩაღობით და მეძაობით კავდება. ჩინელებმა კი დაიწყეს ოქროს მაძიებლობა. შედეგად არალეგალური მაღაროები მომრავლდა და არაოფიციალურმა ფულმა დაიწყო დინება. მთავრობამ სცადა ჩარევა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად, მთავრობამ არაფორმალური ეკონომიკის ჩახშობის ნაცვლად, ქაღალდის ფულზე უარი თქვა, ლეგალურად აქცია მაღაროები, წაახალისა ვერცხლის ზოდებით ვაჭრობა და კერძო ზარაფხანებს ნება დართო ფულის წარმოებისა. ამან, თავის მხრივ, მუშაობით გადახდის ნაცვლად, დააფუძნა საყოველთაო გადასახადის სისტემა, რომელიც ვერცხლს ეფუძნებოდა. ჩინეთი დაუბრუნდა ბაზრის წახალისების ძველ პრაქტიკას (მონღოლეთმა გააწყვეტინა) და ბაზარში მხოლოდ მაშინ ერეოდა, როდესაც კაპიტალის ზედმეტად კონცენტირდებოდა. ამან ეკონომიკური აღმასვლა გამოიწვია, მაგრამ საჭირო იყო სახალხო აჯანყებების თავიდან აცილება, რადგან ჩინური მაღაროები სწრაფად იცლებოდა. ჩინეთმაც დასავლეთით გაიხედა.

ევროპა საუკუნეთა მანძილზე ახდენდა ოქროს ექსპორტს აღმოსავლეთით, რადგან ისეთს ვერაფერს აწარმოებდა, რითაც აზიელებს მოხიბლავდა და გააკვირვებდა. 1540 წლისთვის, ვერცხლის სიჭარბემ გამოიწვია ფასების რევოლუცია მთელს ევროპაში; ამერიკულ მაღაროებს, აქედან გამომდინარე, უნდა შეეწყვიტა ფუნქციონირება, მაგრამ ჩინეთის მოთხოვნის გამო, ეს ასე არ მოხდებოდა. შედეგად ვერცხლით სავსე ხომალდებმა უარი თქვეს ევროპაში გაჩერებაზე და პირდაპირ აზიაში მიდიოდნენ. გვიანდელ მეთექვსმეტე საუკუნეში ჩინეთი 90%-ს თავისი ვერცხლისა იღებდა იმპორტით, ხოლო ადრეულ მეჩვიდმეტე საუკუნეში 97%-ს (1:312). სანაცვლოდ, ცხადია, ამერიკაში უშვებდნენ ჩინურ საქონელს.

შესაბამისად, ვინც აკონტროლებდა აზიური სავაჭრო გზის ბერკეტებს – განსაკუთრებით, იტალიელი, ჰოლანდიელი და გერმანელი ვაჭარი ბანკირები – გახდნენ გამორჩეულად მდიდრები. ევროპაში შემოდინებული მეტალი რიგითი ევროპელი ჯიბეში იშვიათად თუ აღმოჩნდებოდა: ამაზე მოწმობს ტუდორების ინგლისში ხშირი ჩივილები ფულის ნაკლებობაზე. ყოველდღიური სავაჭრო საქმიანობა კი კვლავაც და კვლავაც ხორციელდებოდა ვირტუალური საკრედიტო ფულით: საჭდეებით, თამასუქებით (promisory note) ან უფრო პატარა კომუნებში უბრალო თვალყურის მიდევნებით იმაზე, თუ ვის ვისი რა მართებდა. ინფლაცია გამოიწვია იმან, რომ ვინც აკონტროლებდა ზოდებს, – მთავრობა, ქორ-ვაჭრები, ბანკირები – დაიწყო თამაშის წესების შეცვლა: თავდაპირველად, იმაზე დაჟინებით, რომ ოქრო და ვერცხლი იყო ფული, შემდეგ კი საკრედიტო ფულის ახალი ტიპების შემოღებით და თანდათანობით ნდობის ადგილობრივი სისტემების განადგურებით. ეს მცირე კომუნები კი მეტალის ფულის გარეშე ახერხებდნენ ფუნქციონირებას.

ეს იყო პოლიტიკური ბრძოლა. ზოდის ფულის ახალი რეჟიმი ყველას თავს ეხვეოდა თვალით უნახავი ძალადობით – როგორც შინ, ისე გარეთ. მთლიანად ევროპაში, უწინდელმა გლეხებმა, ჩინელი გლეხების მსგავსად, მამულის დატოვება დაიწყეს. ამ ევროპელებმა დაიწყეს ხეტიალი. ევროპული მთავრობის რეაქციები ჩინურისგან  განსხვავებული აღმოჩნდა. აჯანყებები ჩაახშეს, მოხეტიალეებს კოლონიებში წაასხამდნენ, ან ამუშავებდნენ კოლონიურ არმიასა და ფლოტში, ანდაც საშინაო ფირმებში. ყოველივე ეს კი ვალთან დაკავშირებული მანიპულაციით ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ აცტეკების იმპერიის ამაოხრებელი, უდიდესი ავანტიურისტი – ერნან კორტესი ვალებში ჩაფლული ადამიანი იყო, რომელმაც ექსპედიციის უფროსობამდე გაიკვალა გზა და თავის თანამოძმეებს (აგრეთვე ვალებში ჩაფლულებს) დაპირდა ექსპედიციიდან დიდ ნადავლს. ექსპედიციის განმავლობაში ისედაც ვალებში ჩაფლულმა თანამოძმეებმა გაიგეს, რომ კორტესი დანაპირებს არ აასრულებდა და არ უწილადებდა მათ არაფერს. შესაბამისად, ისინი დარჩნენ ვალში ჩაფლულები. კოლონისტები დანიშნეს უფროსებად. კოლონისტებმა, თვითონაც ვალში ჩაფლულებმა, აბორიგენებს დააწყებინეს მაღაროებში სამსახური და დააკისრეს დიდი ვალები. ტორიბიო დე მოტოლინიას მიერ აღწერილ ათ უბედურებას შორის, – რომელიც მისი აზრით, „ღმერთმა“ დაატეხა თავს მექსიკის მაცხოვრებლებს – იყო ომი, ყვავილი, გადასახადები და უპირველეს ყოვლისა მუშაობა მაღაროებში, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა (1:314).

აღსანიშნავია ის, თუ როგორ იცვლებოდა ქრისტიანობის შეხედულება მევახშეობასთან დაკავშირებით. ლუთერმა კარიერა, როგორც ვალების წინააღმდეგ მებრძოლმა დაიწყო. თუმცა, მიხვდა რა, რომ ამით ადამიანებში დიდი დემონი გააღვიძა, ბოლოს შეარბილა პოზიცია და ბრძანა, რომ ცოტაოდენი სარგებელი დასაშვებია. კალვინმა მიიჩნია, რომ 5% ოპტიმალური იყო. პროტესტანტიზმმა კი საბოლოდ მიიღო მევახშეობა; თანდათან მას მიჰყვა კათოლიციზმიც.

განათლებული კლასებისთვის ფული თანდათანობით იქცა ოქროსა და ვერცხლის სინონიმად. თითქოს ოქრო-ვერცხლი ყოველთვის გამოიყენებოდა ასეთი ტიპის ფინანსური ტრანზაქციებისთვის. ეს პოზიცია – რომელსაც ინგლისის ზარაფხანის უფროსის, სერ ისააკ ნიუტონის მრჩეველი, ლიბერალი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი იცავდა – არა მხოლოდ არისტოტელეს შეხედულებას უპირისპირდებოდა, რომლის თანახმადაც ფული იყო უბრალო სოციალური შეთანხმება, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროპელი მოგზაურების აღმოჩენებთან – ნიჟარის ფულთან, მარილის ფულთან, ბუმბულის ფულთან, საფუარის ფულთან.

როდესაც კრედიტი ინდივიდებს შორის რეალურ, თვალით გადევნებად  ურთიერთობებს მოშორდა (ვაჭრები იქნება თუ სოფლის მაცხოვრებლები), შესაძლებელი გახდა ფულს ეარსება მხოლოდ თქმით იმისა, რომ იგი არსებობს. ანუ ფული გაჩენილიყო მხოლოდ იმის თქმით, რომ იგი არსებობს. ეს კი ცხადია, იწვევდა უამრავ უბედურებას, პანიკასა და მოთხოვნილებას, ფული ისევ ოქროს ან ვერცხლის სტანდარტისთვის მიებათ.

თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ვაჭრებმა დაიწყეს მთავრობისთვის ფულის გასესხება სამხედრო მიზნებისთვის. მეთორმეტე საუკუნეში, როდესაც ვენეციის მთავრობას დასჭირდა სწრაფი შემოსავალი სამხედრო მიზნებისთვის, დააკისრა იძულებითი გადასახადი გადასახადის გადამხდელ მის მოქალაქეებს, რომლისთვისაც დაპირდა 5% წლიური მოგებას და ნება დართო კონტრაქტები ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი, რითაც შექმნა ბაზარი, რომელიც  სახელმწიფო ვალს ეფუძნებოდა (გრებერის თქმით, აქედან მომდინარეობს ყოველწლიური 5% ზრდის „მანტრა“ თანამედროვე კაპიტალისტურ სახელმწიფოებში). მსგავსი პრაქტიკები სხვა იტალიურ ქალაქებსა და ჩრდილო ევროპულ საბაზრო კავშირებშიც გავრცელდა: ჰოლანდიის გაერთიანებულმა პროვინციამ დააფინანსა დამოუკიდებლობისთვის ხანგრძლივი ომი ჰაბსბურგების წინააღმდეგ (1568-1648), მეტწილად იძულებითი სესხებით. გადასახადის გადამხდელისთვის ფულის სესხების დაძალება არის ერთის მხრივ მოთხოვნა, რომ მათ გადასახადები ადრე გადაიხადონ; თუმცა, როდესაც ვენეციის სახელმწიფო პირველად დათანხმდა %-ის გადახდას, ის მეტწილად საკუთარ თავს აჯარიმებდა იმისთვის, რომ მან ფული დაუყონებლივ არ დააბრუნა. არამხოლოდ კომერციული კლასები, არამედ ჰოლანდიურ ოჯახთა უმრავლესობა ფლობდა სამთავრობო ვალს. თუმცა, ნამდვილი პარადოქსი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს ამ ვალის „მონეტიზებას“ – ანუ, როცა გადახდის შესახებ მთავრობის დაპირებები მოსახლეობას აწვება კისერზე, ხოლო დაპირების ცირკულაცია იწყება ფულის სახით.

1694 წელს ინგლისის ბანკის შექმნის შემდეგ ისინი უშვებდნენ ბანკნოტებს, რომელიც იყო არა ვალდებულებები, როგორც მანამდე, არამედ უკავშირდებოდნენ მეფის ომებს. ფაქტმა, რომლის მიხედვითაც ვალი აღარ იყო თანხა, რომელიც მეფისთვის ემართათ, არამედ თანხა, რომელიც მეფეს ემართა, მთლიანად შეცვალა ვალის სტრუქტურა. პირველი ინგლისური ბანკი შეიქმნა, როდესაც ორმოცი კრედიტორის კონსორციუმმა მეფე უილიამ მესამეს შესთავაზა 1.2 მილიონის სესხი, რათა დაეფინანსებინა ომი საფრანგეთის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, მათ დაარწმუნეს მეფე, რათა ნება დაერთოთ მისთვის ბანკნოტების გამოცემის მონოპოლიაზე. ამ ბანკში განვითარდა პირველი ევროპული ქაღალდის ვალუტა. ჩარტალისტების[2]  წინააღმდეგ მებრძოლმა, ლიბერალმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა გაიმარჯვა დებატებში. თანდათანობით მეტალის ფული ჩამოვიდა „ზევიდან ქვევით“ და ყოველდღიური ტრანზაქციების ნაწილად იქცა. აქედან, უკვე იოლია ფილოსოფიური განზოგადება, რომ ყოველდღიური ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა საკუთარ თავზე ორიენტირებული კალკულაცია.

ქაღალდის ფული არის ვალის ფული; ვალის ფული არის ომის ფული. ისინი, ვინც აფინანსებდნენ ევროპის დაუსრულებელ სამხედრო კონფლიქტებს, აგრეთვე არჩენდნენ მთავრობის პოლიციას და  ციხეებს, რათა გამოეწვიათ მარად მზარდი პროდუქტიულობა დანარჩენი საზოგადოებაში.

კაპიტალიზმი არასდროს ეფუძნებოდა თავისუფალ სამუშაოს. ამერიკის დაპყრობა დაიწყო მასობრივი დამონებით, რომელმაც ვალზე მიბმული მოჯამაგირეობა წარმოშვა; ამის მაგალითია აგრეთვე აფრიკული მონობის ტიპი, – როდესაც წინასწარ აძლევდნენ ადამიანებს ფულებს, რათა შემდეგ ემუშავათ მთელი 5, 7, 10 წელი, რათა ეს ფული უკან გადაეხადათ. საჭირო არაა იმის თქმა, რომ ასეთ ადამიანებს იყვანდნენ იმათგან ვინც უკვე იყო მონა.

გრებერის მიხედვით (1:351), უმრავლესობა ფიქრობს, რომ კაპიტალიზმი დამყარებულია თავისუფალ სახელფასო შრომაზე (თვით მარქსისტებიც კი, რომლებიც სახელფასო შრომის თავისუფლებას უსვამენ კითხვის ნიშანს, აღიარებენ ამას). მაგრამ ასეთი მსოფლაღქმის მიღებისას მხედველობიდან გამოგვეპარება ის მილიონობით მონა და ვალზე მიბმული მოჯამაგირე, რომელიც სისტემის მუდმივი შემადგენელი იყო.

2.5. ოქროს სტანდარტის გაუქმება, ნეოლიბერალიზმი – (1971 AD-…)

გრებერი, თავისი კლასიფიკაციის უკანასკნელ, მეხუთე სეგმენტში გამოყოფს თანამედროვე დებატების ნაკლს: ეს არის საბანკო სისტემასა და სამხედრო-საომარი ლოგიკას შორის არსებული კავშირის უგულვებელყოფა.

გრებერის თქმით: „არსებობს მიზეზი რატომაც ჯადოქარს აქვს ასეთი უცნაური უნარი, შექმნას ფული არაფრისგან. მას ზურგს იარაღიანი კაცი უმაგრებს. … უკვე ვახსენე, რომ თანამედროვე ფული ემყარება სახელმწიფოს ვალს. ხოლო, მთავრობები სესხულობენ ფულს, რათა დააფინანსონ ომები. ეს ისეთივე სიმართლეა დღეს, როგორც სიმართლე იყო მეფე ფილიპ მეორის დროს. ცენტრალური ბანკების შექმნა წარმოადგენდა მეომართა და დამფინანსებელთა ინტერესების გადაკვეთის მუდმივ ინსტიტუციონალიზაციას, რაც უკვე წარმოჩნდებოდა რენესანსის დროინდელ იტალიაში და რაც საბოლოოდ იქცა კიდეც ფინანსური კაპიტალიზმის საფუძვლად. ნიქსონმა მეტალის სტანდარტს მოაშორა დოლარი, რათა გადაეხადა ომისთვის, რომლის განმავლობაშიც, მხოლოდ 1970-72 წლებში, მან გასცა ბრძანება ოთხ მილიონ ტონაზე მეტი ბომბის ჩამოგდებაზე ინდოჩინეთის სოფლებში. ვალთან დაკავშირებული კრიზისი იყო პირდაპირი რეზულტატი საჭიროებისა, გადაეხადათ ბომბებისთვის, ან თუ უფრო ზუსტნი ვიქნებით, იმ ფართომასშტაბიანი სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მათ წარმოებას ესაჭიროებოდა“ (1:364).

გრებერის მიხედვით, დღეს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს 800-ზე მეტი ბაზა აქვს საკუთარ საზღვრებს მიღმა, მილიტარისტული მანქანა წარმოადგენს ვალების ლოგიკის ნაწილს. „ამერიკის იმპერიული ძალაუფლება ემყარება ვალს, რომელიც ვერასდროს გადაიხდება – და შეუძლებელია რომ გადახდილ იქნას. მისი ნაციონალური ვალი იქცა დაპირებად არა მხოლოდ საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ მსოფლიოს ხალხების მიმართ, [დაპირება], რომელიც ყველამ იცის რომ არ შესრულდება“  (1:367).

გრებერი ხაზს უსვამს, რომ მისი კლასიფიკაციის ლოგიკა, რომელშიც „საკრედიტო პერიოდი“ „მეტ მშვიდობას“ გულისხმობდა, არ მუშაობს 1971(ნიქსონის მიერ ოქროს სტანდარტის გაუქმება)-2011(გრებერის წიგნის დაწერის თარიღი) წლების შემთხვევაში. ნაცვლად, ნდობაზე დაფუძნებული ლოგიკისა, სახეზეა არნახული მილიტარიზმი და მონური მუშაობის ფართო მასშტაბები. გრებერის მხრიდან მეხუთე სტადიის – ნეოლიბერალური სტადიის – გამოყოფა უნდა მივიჩნიოთ არა მხოლოდ კლასიფიკაციის ლოგიკისთვის შინაარსის დაქვემდებარებად, არამედ ავტორის სურვილად გავამახვილოთ ყურადღება ვალისა და ომის კავშირზე და ზოგადად, ადამიანის, როგორც სიცოცხლის ორგანიზებული ფორმის მომავალზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  • Graeber David; Debt The First 5000 Years; First Melville House Printing, New York, 2011;
  • Ницше Фридрих; Сочинения в двух Томах, Том 2; Издательство , „Мысль“ Москва, 1990;
  • Делёз, Ж., Гваттари, Ф.; Анти-Эдип: Капитализм и шизофрения; „У-Фактория“, Екатеринбург, 2007;
  • Lazzarato Maurizio; The Making of the Indebted Man: An Essay on the Neoliberal Condition; SEMIOTEXT(E) INTERVENTION SERIES, Amsterdam, 2011.

[1]

  • ადამ სმიტის ნახსენებ ტომებში არავითარი ბარტერი არ ხდება;
  • ანთროპოლოგების მიერ დაკვირვებულ არც ერთ ტომში არ არის ასეთი სისტემა;
  • ბარტერი ხდება, როგორც წესი, უცხო ტომებს შორის და ამას თან სდევს ხანგრძლივი რიტუალები;
  • მაგალითად იროკეზებში დოვლათი გროვდებოდა გრძელ სახლებში და ქალთა კონსული მიერ ნაწილდებოდა;
  • ინდოელ ტომებში არ ხდებოდა ისე, როგორც სმიტი წარმოაჩენდა;
  • სინამდვილეში ადამ სმიტის მიერ მოყვანილი ხალხები იყენებდნენ ფულს;
  • მესოპოტამიური ჩანაწერების აღმოჩენამ დაადგინა, რომ (!) კრედიტი წინ უსწრებს ფულს;

ხშირად თავად სმიტიანელები მუშაობდნენ სახელმწიფოებზე და აძლევდნენ ისეთ რჩევებს, რომელიც ამართლებდა ჩარტალისტების მოსაზრებას. (ბარტერის მითთან დაკავშირებით, იხ. გრებერის ხსენებული წიგნის შემდეგი გვერდები:  43-45; 396 (შენიშვნა1); 33-41; 36-38; 395(შენიშვნა 24); 52-62; 386; 22-24; 34-36 46; 374; 383-384; 385)

[2] ჩარტალიზმი – ფულის არამეინსტრიმული თეორია, რომელიც ხაზს უსვამს მთავრობის პოლიტიკისა და აქტივობების როლს ფულის ღირებულების წარმოქმნაში. მეოცე საუკუნის ეკონომისტმა გეორგ ფრიდრიხ კნაპმა პირველად განავითარა ჩარტალისტური თეორია, რომლის მიხედვითაც ფული არის აღრიცხვის ერთეული (unit of account)  ღირებულებით, რომელიც განსაზღვრულია მთავრობის მიერ, იმის მიხედვით თუ რას იღებს მთავრობა, როგორც საგადასახო ვალდებულებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩარტალიზმის მიხედვით, ფულს არ აქვს შინაგანი, თავისთავადი ღირებულება, არამედ მთავრობის მიერ მინიჭებული ღირებულება.

Share on Facebook44Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*