საბჭოთა კავშირი და საქართველო – წარსული, როგორც აწმყოს იდეოლოგია

Share on Facebook67Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ავტორი: ნუკრი შოშიაშვილი, ისტორიკოსი.

საბჭოთა კავშირი იყო ის მოვლენა, რომლის შეფასება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. უმრავლესობა მას აღიქვამს, როგორც ყველაზე ნეგატიურ მოვლენას ჩვენს ისტორიაში, ზოგი მას დადებითად უყურებს და სიამოვნებით იხსენებს იმ დროს, ზოგი კი უყურებს, როგორც ისტორიულ კანონზომიერებას. ამ უკანასკნელს მივაკუთვნებ ჩემს თავს.

საბჭოთა ისტორია გამოიყენება, როგორც არსებული პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციის წყარო. საბჭოთა ისტორიის სახელმძღვანელო სავსე იყო იმ ადამიანების სახელებით, რომლებმაც რევოლუციას თავი შესწირა. 19-ე და 20-ე საუკუნის დასაწყისი წარმოჩინებული იყო, როგორც საშინელი კლასობრივი ჩაგვრის პერიოდი.  ისტორია ასწავლიდა ადამიანებს საბჭოთა კავშირის არსებობის აუცილებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი მსხვერპლი, რომელიც საბჭოთა კავშირის შექმნის და მისი დაცვის გამო შეიწირა, სრულიად უაზრო ხდებოდა. მსხვერპლის თემას ისტორიაში, უდიდესი იდეოლოგიური როლი გააჩნია, რომელიც ლეგიტიმაციის წყაროდ გვევლინება. საბჭოთა კავშირში რევოლუციონერების მსხვერპლი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო საბჭოთა სისტემის მისტიფიკაციაში. დამოუკიდებელ საქართველოში სხვა მსხვერპლის რევოლუციონერების მსხვერპლი დავიწყებული იყო (რადგან ლეგიტიმაციის წყაროდ არ ქცეულიყო) და სხვა მსხვერპლის თემა გახდა აქტუალური. დამოუკიდებელ საქართველოში ანტისაბჭოთა აჯანყებებისა და საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის სრული მისტიფიკაცია მოხდა. ყოველგვარი არგუმენტი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ იწყება მსხვერპლით და მთავრდება მსხვერპლით, რომელიც ამ სისტემამ შეიწირა. საბჭოთა კავშირი გვავიწყებდა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლს, დღეს კი გვავიწყებენ ცარიზმის მსხვერპლს (თუ ეს მსხვერპლი ანტიკოლონიალური მოტივებით არ იქნა მოკლული). ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციას. საბჭოთა რეპრესიების ისტორია ჩვენ გვეუბნება თანამედროვე პოლიტიკური სისტემის არსებობის აუცილებლობაზე. (საინტერესოა დღევანდელი მსხვერპლი, მომავალში რომელ პოლიტიკურ სისტემის იდეოლოგიური დასაყრდენი იქნება?!)

ისტორიის შერჩევითობას რომ დავუბრუნდეთ, ისეთი მოვლენა როგორიც „გურიის რესპუბლიკაა“ სრულიად დავიწყებულია, არცერთ სკოლის სახელმძღვანელოში არ არის ნახსენები, რომელსაც იმ ისტორიულ მომენტისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში, ხოლო ისეთი იმ დროისთვის მარგინალი პარტიების პროგრამები და მოღვაწეობებია დეტალურად აღწერილი, როგორიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყო (პარტია რომელიც ჯერ კიდევ 1917 წელს ავტონომიას ითხოვდა და რომელიც იმ დროინდელ საქართველოში ძალზე მცირე მხარდაჭერა ჰქონდა და პრაქტიკულად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქმის არანაირი როლი არ უთამაშია). თავისთავად გასაგებია, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკური სისტემისთვის ეროვნულ-დემოკრატიული პროგრამა უფრო მოსაწონია, ვიდრე გურიის რესპუბლიკა, რომელიც სოციალური იდეების მხარდამჭრები იყვნენ.

დღევანდელი საბჭოთა სისტემა, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ანტისაბჭოთა იდეოლოგიაზე იყო აგებული. ეკონომიკურ სისტემაზე აიგო ქართული ანტისაბჭოთა იდეოლოგია. ხედვა, რომელიც ამ პერიოდში ვრცელდებოდა იყო ესეთი: საბჭოთა კავშირში იმიტომ იყო რეპრესიები, რომ ტოტალიტარული სისტემა იყო, ხოლო ტოტალიტარული იმიტომ იყო, რომ თავისუფალი ბაზარი არ არსებობდა. გავრცელებულ აზრად იქცა, რომ ტოტალიტარული სისტემის არსებობა შეუძლებელი არის თავისუფალი ბაზრის არსებობის პირობებში. იმისთვის რომ იგივე არ განმეორდეს „თავისუფალი ბაზრის“ ნეოლიბერალური პრინციპები უნდა დავიცვათ და ვიცხოვრებთ თავისუფალ და აყვავებულ საქართველოში.  საბჭოთა კავშირს უკავშირებენ ყოველგვარი სოციალური სისტემების არსებობას, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევა, უფასო განათლება, უმუშევართა სუბსიდირება და სხვ. რა თქმა უნდა გეგმურ ეკონომიკაზე შეტევა უაზრობა იქნებოდა, რადგან არანაირი გეგმური ეკონომიკა აღარ არსებობდა. შეტევის ობიექტი გახდა ის სოციალური სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა. მიჩნეული იყო, რომ თუ კი ეკონომიკაში ყველა სფერო კერძო პირების ხელში აღმოჩნდებოდა, განათლება ფასიანი იქნებოდა, სამედიცინო დაზღვევაც ფასიანი და ა.შ  მაშინ არანაირი ტოტალიტარიზმი და არანაირი რეპრესიები არ იქნებოდა. საინტერესოა ის სფეროები, რომელსაც თავისუფალი ბაზარი ვერ ანვითარებდა, რას უპირებდნენ? რამოდენიმე თვის წინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ბევრი ნეოლიბერალი ექსპერტი მიიჩნევდა რომ სოფლის მეურნეობა თურმე საბჭოთა გადმონაშთი ყოფილა (იმ პრინციპებიდან, რომ მას თავისუფალი ბაზრის პრინციპებით ვერ ვამუშავებთ) და მის სუბსიდირებაზე უარი უნდა გვეთქვა. საინტერესოა საბჭოთა წარმატებები რატომ გახდა შეტევის ობიექტი და რატომ მიიჩნევა, რომ თუ კი იმ სფეროებში იგივე (ან უკეთესი) წარმატებები გვექნება, რაც საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა, საბჭოთა ნგრევა განმეორდებოდა? ჩემი აზრით ესეც ლეგიტიმაციის თემასთან არის კავშირში, უნდა მოეძებნოს ახსნა ჩვენი პოლიტიკური სისტემის წარუმატებლობებს და ჩვენი პოლიტიკური სისტემა უფრო წარმატებული უნდა გამოჩნდეს ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირის წარმატება თუ წარუმატებლობა იქნება – ხოლო ჩვენი წარუმატებლობა, თუ ჯანსაღი პოლიტიკის სინონიმად იქცევა – ეს ხომ პოლიტიკურ სისტემის მგრადობას იწვევს და მას უამრავ ვალდებულებებისგან ანთავისუფლებს.

მეორე მომენტი კი ესაა ნაციონალისტური მომენტი, რომელიც უფრო ემოციურ და ესე ვთქვათ, პრიმიტიულ პრინციპებზეა აგებული. ჩვენ უარს ვაცხადებთ საბჭოთა სისტემის ყველა სფეროზე, უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ოკუპანტები გვეზიზღება, ხოლო შემდეგ იმიტომ რომ ჩვენი ქართველობის მგრძნობელობა ამით უფრო წარმოჩინდება. მტრისგან რადიკალურად საწინააღმდეგო გზის არჩევა, ეს მისტიური ხსნაა – ჩვენ ევროპელობა, კაპიტალისტური სისტემა იმიტომ კი არ გვინდა, რომ ის უბრალოდ მოგვწონდა, არამედ იმიტომ გვინდა, რომ მტერი ანუ საბჭოთა კავშირი გვეზიზღება.  დღევანდელი რუსეთი ხომ საბჭოთა კავშირთან არის გაიგივებული, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჩვენში უფრო ცოცხალია ვიდრე არსებული კაპიტალისტური რუსეთი. ჩვენ თითქოს კაპიტალისტურ რუსეთს არც ვერბძვით, არამედ მოკავშირედ გვაქვს გაიგივებული – რუსული კომპანიების მიერ 2008 წლის ომის შემდეგ, მიყიდული სტრატეგიული ობიექტები, მიჩნეულია ნორმალურ კაპიტალისტურ მოვლენად. ჩვენი მტერი არარსებული საბჭოთა კავშირია და მასთან ბრძოლა გამოიხატება იმაში, რომ არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოს.

Share on Facebook67Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*