ნუკრი შოშიაშვილი: რას ვასწავლით ევროპის შესახებ სკოლებში?

Share on Facebook90Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

nukri-photo

ავტორი: ნუკრი შოშიაშვილი, ისტორიკოსი.

© European.ge

განსხვავება შეინიშნება ევროპისა და ზოგადად დასავლეთის წარმოჩენაზე შევარდნაძის მმართველობის დროს გამოცემულ სახელმძღანელოსა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოცემულ სახელმძღვანელოებში.

განსხვავება თვალშისაცემია სახელმძღვანელოებში ისეთი თემების გაზრდით, რომელიც ევროპისა და ამერიკის ისტორიას ეხებოდა. თუ კი მაგალითად 2001 წელს გამოცემულ XI კლასის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც მოიცავდა პერიოდს 1945 წლიდან 1991 წლამდე, აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ისტორიას ეთმობოდა 15 თავი, სსრკ-ს და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ისტორიას – 11 თავი, აზიის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის კონტინენტების სახელმწიფოების ისტორიას – 14 თავი, ხოლო იაპონიას – 3 თავი. დაახლოებით იგივე სტრუქტურით იყო დაწერილი 2001 წელს გამოცემული IX კლასის ისტორიაც – ერთი განსხვავებით, რომ ეს სახელმძღვანელო ისტორიის უფრო დიდ მონაკვეთს 1919 წლიდან 1991 წლამდე პერიოდს, აქაც მსგავსად იყო გადანაწილებული თემები ოდნავი განსხვავებით, ამიტომ ამ პერიოდში დაწერილი ისტორიის სახელმძღვანელო მოსწავლეებს მეტ-ნაკლებად თანაბრად აწვდიდა მსოფლიოს ყველა კონტინენტის სახელმწიფოების ისტორიაზე ინფორმაციას.

2012 წელს გამოცემულ XII კლასის სახელმძღვანელო, რომელიც იწყება ნაპოლეონის ომებით და მთავრდება 2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული ომით, გაცილებით ევროცენტრული გახდა. ამ სახელმძღვანელოში  36 თავი ეხება აშშ-ს და დას. ევროპის ისტორიას, 25 თავი ეხება საქართველოს და რუსეთის ისტორიას და 6 თავი ეხება დანარჩენ კონტინეტების რამოდენიმე სახელმწიფოს ისტორიას. ამის გარდა, უნდა აღინიშნოს რომ 2016 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამაში არ შეიტანეს ის 6 თავი, რომელიც ეხებოდა დანარჩენი კონტინენტური ქვეყნების ისტორიას.  2001 წლიდან 2012 წლამდე სახელმძღვანელოები გახდა გაცილებით ევროცენტრისტული, ვიდრე ეს იყო აქამდე. დანარჩენი სამყაროსადმი ინტერესი საგრძნობლად შემცირდა.

ისტორიის წარმოჩინებაში ასევე შინაარსობრივად განსხვავებულ სურათს ვიღებთ 1990-იანი წლებიდან 2001 წლამდე გამოშვებულ სახელმძღვანელოებში. სტრუქტურულად ისეა აგებული, რომ თვითონ თავი ეხება კონკრეტული ქვეყნის ისტორიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, 2001 წელს გამოცემულ XI კლასის სახელმძღვანელოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სამი თავი აქვს მიძღვნილი XX საუკუნის სხვადასხვა ათწლეულების მიხედვით და ძირითადად ინფორმაციულ საკითხებს ეხება, მაგრამ ამ ინფორმაციულ საკითხებთან ერთად ასევე ორი ტენდენცია შეინიშნებოდა: პირველი ის, რომ ისტორია იყო დაწერილი როგორც ერი-სახელმწიფოების ისტორია, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ინტერესებისთვის და კონკურენციაში არიან სხვა ერ-სახელმწიფოებთან და მეორე ტენდენცია იყო ის, რომ „მემარცხენე“ იდეოლოგიისა და პოლიტიკური ძალების არაეფექტიანობა წარმოეჩინა. მაგალითად, საფრანგეთის ისტორიის აღწერისას გაკრიტიკებული იყო ფრანსუა მიტერანის ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით მისი მმართველობის პერიოდში სოციალური ხარჯების გაზრდის გამო და შირაკის პოლიტიკა, როგორც მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკა, წარმოჩინებული იყო როგორც ეფექტური ეკონომიკური მოდელი: „შირაკმა დენაციონალიზაციით დაიწყო და სახელმწიფო სექტორი ნორმალურ ჩარჩოებს დაუბრუნა, გააუქმა გადასახადები შემოსავალზე და შეამცირა ხარჯები სოციალურ სფეროში“. მემარცხენეების ეკონომიკური მოდელების და „სოციალურ ხარჯებზე დატვირთული ეკონომიკის“ მოდელის კრიტიკა გვხდება თითქმის ყველა ქვეყნის მაგალითზე, სამაგიეროდ დადებითად არის წარმოჩენილი მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის ეკონომიკური და პოლიტიკური მოღვაწეობა. ტეტჩერის ეკონომიკურ წარმატებას უკავშირებდნენ შემდეგ პუნტქტებს: „აღდგა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ძველი პრინციპი, შესაბამისად შეიკვეცა სოციალური პროგრამები“, „ტეტჩერის რადიკალურ ეკონომიკურ პოლიტიკას კარგი შედეგი მოჰყვა… 1982-1987 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით დიდი ბრიტანეთი ლიდერობდა ევროპაში“. ერთი სიტყვით, ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიზანმიმართული პროპაგანდა ხდებოდა, ხოლო მემარცხენე პოლიტიკა მიზანმიმართულად იყო წარმოჩენილი როგორც წარუმატებელი მოდელი.

2012 წელს გამოშვებული XII კლასის სახელმძღვანელოები განსხვავებული სტრუქტურითაა აგებული, ამ სახელმძღვანელობში თავები დაყოფილია არა ცალკეული სახელმწიფოების ისტორიის მიხედვით, არამედ  საერთო პროცესების კონტექსტში, როგორიც იყო ნაპოლეონის ომები, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ტოტალიტარიზმი და ცივი ომი. ამის გარდა, არის გამონაკლისი თავები რომელშიც კონკრეტულად ერთ ქვეყანას, საქართველოს ეხება. ამავე წელს გამოშვებულ VIII კლასის სახელმძღვანელოში, რომელიც ძირითადად იგივე პერიოდს მოიცავს (ახალ და უახლესს ისტორიას), ოდნავი განსხვავებებით დანაწილებულია თემატიკების მიხედვით. სულ არის 6 კარი: აქედან 3 ეხება კონფლიქტებს, 1 კარი ეხება პოლიტიკურ რეჟიმებს, 1 ვაჭრობასა და კომუნიკაციის სახეებს და 1 რელიგიას, კულტურას და სპორტს. ორივე კლასის სახელმძღვანელობი ავითარებენ 2 ნარატივს: პირველი ის, რომ გერმანულ ნაციზმსა და საბჭოთა კავშირს შორის ტოლობის ნიშანია და მას ორივეს ტოტალიტარიზმის ჯგუფში აერთიანებენ და მეორე, ცივი ომი განხილულია როგორც პროგრესულ დასავლეთსა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე, კეთილდღეობაზე, განვითარებაზეა ორიენტირებული და საბჭოთა კავშირის, არათავისუფალი, ტოტალიტარული რეჟიმის დაპირისპირებაზე. ამ ნარატივში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს, რომელიც წარმოჩინებულია ამ რეპრესიების მსხვერპლი და როგორც დასავლური დემოკრატიული ფასეულობების მქონე ერთეული, რომელიც უპირისპირდება ჯერ საბჭოთა კავშირს, ხოლო შემდეგ რუსეთს და ამიტომ ხშირად რუსეთისგან ის ისჯება რეპრესიებით მისი დემოკრატიული, თავისუფალი მისწრაფებების გამო.

2001 წელს გამოცემულ IX და XI კლასის სახელმძღვანელოებში ერთნაირად არის განმარტებული ევროკავშირის მიზნები: „ევროპის გაერთიანება, ევროპელთა შორის მშვიდობისა და ზესახელმწიფოების კონფროტაციის პირობებში, ევროპის „მესამე ძალად“ ჩამოყალიბების გარანტია უნდა ყოფილიყო. ევროპას უნდა შესძლებოდა თავის დაცვა როგორც ამერიკული ეკონომიკური დიქტატურისგან, ასევე საბჭოთა ექსპანსიონიზმისგან.“ ხოლო საფუძველი, რომლითაც ერთიანდებოდა ევროპა, იყო ეკონომიკური ინტერესი და გამოყოფილი იყო „შუმანის გეგმა“: „შუმანის აზრით, ასეთი კავშირი შეარიგებდა ფრანგებს და გერმანელებს, მომავალში მათ შორის ომები არათუ წარმოუდგენელი, არამედ ‘მატერიალურად შეუძლებელლი’ გახდებოდა.“ და შემდეგ აღწერილია სხვადასხვა ევროპული სტრუქტურის დაარსების წელი და მოკლე ინფორმაცია. ესეიგი, 2003 წლამდე ევროკავშირი წარმოჩინებული იყო როგორც მესამე ძალა, რომელიც საკუთარ ინტერესებისთვის იბრძვის, რომლის მიზანია ევროინტეგრაცია და ევროპაში ომის არ დაშვება და რომელსაც აერთიანებს ეკონომიკური ინტერესი, საერთოდ არაფერი არ ეწერა ღირებულებათა სისტემაზე, კულტურაზე.

ევროკავშირი აბსოლუტურად განსხვავებულად იყო წარმოჩინებული 2006 და 2012 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოებში. ამ თავებში ევროკავშირი არა ცალკე თავად, არამედ გლობალიზაციის ქვეთავად არის წარმოჩენილი. გლობალიზაციის მიზნად წარმოჩენილია ერთიანი საბაზრო ეკონომიკის შექმნა, რომელიც თავისუფალ ვაჭრობაზეა დამყარებული და გულისხმობს მსოფლიოს ერთიან პოლიტიკურ მართვას, ადამიანის უფლებებისა და თავდაცვის ერთიანი სისტემების შექმნას. გლობალიზაციის საუკეთესო მაგალითად კი ევროკავშირია წარმოჩენილი. ევროკავშირის ამგვარი წარმოჩენა მიზნად ისახავდა იმას, რომ აშშ-ზე და ევროპაზე ერთიანი წარმოდგენა შექმნილიყო და გლობალიზაციის პროცესის გარდაუვლობა და სიკეთეები ყოფილიყო წინა პლანზე წამოწეული. არსებულ ტექსტებში მოყვანილია წყარო მაასტრიხის შეთანხმებიდან, სადაც ნაჩვენებია ის სამი ძირითადი ღირებულება რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირში შემავალი ქვეყნები: „1. ქვეყნებში უნდა იყოს სტაბილური ინსტიტუტები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემა და მათი დაცვის უზრუნველყოფა; 2. უნდა არსებობდეს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა; 3. ქვეყანას უნდა შეეძლოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება.“ 2006 და 2012 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოებში ყურადღება ეთმობა ევროკავშირის შექმნაში უფრო მეტად დემოკრატიას და დემოკრატიულ ღირებულებებს, ვიდრე ეკონომიკურ ფაქტორებს.

1990-იან და 2001 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში საერთოდ არაფერი ეწერა დასავლურ საზოგადოებაზე და კულტურაზე, ამ პერიოდში გამოცემული სახელმძღვანელოები იყო პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორია, ხოლო 2008 და 2012 წლებში გამოცემულ სახელმძღვანელოებში ცალკე ორი თავი აქვთ თანამედროვე კულტურაზე. 2012 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოებში სხვადასხვაგვარად გვხდება თანამედროვე საზოგადოებისა და კულტურის წარმოჩენა. მაგალითად, ერთ სახლმძღვანელოში ამ თავის სათაური არის „თამედროვე საზოგადოება და კულტურა“, მაგრამ მარტო ევროპული და ამერიკული საზოგადოება და კულტურაა წარმოჩენილი, ხოლო მეორე სახელმძღვანელოში კი ამ თავს ჰქვია „ინდუსტრიული საზოგადოების განვითარება და კულტურა“, რომელიც ასევე მარტო დასავლურ საზოგადოებას და კულტურას ეხება.

საბოლოო ჯამში, დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მთავარი საკითხი ევროპის წარმოდგენაში გულისხმოს იმას, რომ მოსწავლეებს შეექმნათ სურათი, რომ არსებობს დასავლურ-რუსული ანთროპოლოგიური, ცივილიზაციური კონფლიქტი და საქართველო ამ კონფლიქტში წარმოადგენს ევროპას, რომელსაც მოძველებული იმპერია (ხშირად ციტირებენ რეიგანის მიერ შემოღებულ ტერმინს „ბოროტების იმპერიას“)  ებრძვის. ხოლო ევროპა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დახმარებას. ამ ნარატივში ევროპის იდეა დაკავშირებულია დემოკრატიულ ღირებულებებთან და თავისუფალ კაპიტალისტურ ეკონომიკასთან. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი ხდება თავად დასავლური მემარცხენეობაც კი. თუ კი საბჭოთა კავშირის დროს სახელმძღვანელოები მომავალ სამოთხეს ხატავდნენ კომუნიზმის სახით, დღევანდელმა სახელმძღვანელოებმა მეტწილად დატოვეს იგივე კონცეფცია უბრალოდ კომუნიზმი შეცვალეს ნატო-თი და ევროკავშირით. ხოლო, თუ კი ადრე მტერი კაპიტალისტური სისტემა იყო, დღეს საქართველოს ნომერ პირველ მტრად რუსეთია წარმოდგენილი.


აღნიშნულ საკითხზე European.ge-ს ვებგვერდზე მალე გამოქვეყნდება სრულფასოვანი კვლევა.

Share on Facebook90Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*