ნოე ჟორდანია: ქართველი სოციალ-დემოკრატია

ისტორიის რუბრიკაში გთავაზობთ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას წერილს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ისტორიის შესახებ.  წერილი ოც პუნქტად არის დაყოფილი სადაც ჟორდანია თანმიმდევრულად აღწერს ქართველი სოციალ-დემოკრატების მიზნებს, მოქმედებებსა და ბრძოლის სტრატეგიას. პირველი რესპუბლიკის დროს სოციალ-დემოკრატების მმართველობასა და განხორციელებულ რეფორმებს. აგრეთვე საბჭოთა ოკუპაციასა და ემიგრაციას. წერილი სწორედ ნოე ჟორდანიას ემიგრაციაში ყოფნის დროს 1947 წელს არის დაწერილი.

1. შესრულდა 56 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოში სოციალ-დემოკრატია გამოვიდა საზოგადო ასპარეზზე საკუთარი სოციალური და ნაციონალური პროგრამით: ბატონობა ხალხის, ბატონობა ერის, სოციალიზმი – აი ამ პროგრამის ძირითადი მუხლები.

2. ის დაუპირისპირდა რუსეთის თვითმპყრობელობას, დიდ მემამულეთა მიწათმფლობელობას და კაპიტალისტების გაბატონებას საქართველოში
 
3. ის აღორძინდა და განვითარდა სრულიად დამოუკიდებლად რუსეთის ასეთივე მიმდინარეობისაგან. ათი წლის მუშაობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პატარა ერის რევოლუციური ძალა სრულიად არ კმარა დიდი რუსეთის უღელის დასამხობათ და გადაწყვიტა შეერთებოდა რუსეთის ასეთსავე დაჯგუფებას და საერთო ბრძოლით თავისი დროშის გამარჯვებას. ეს შეერთება მოხდა 1903 წელს საერთო ყრილობაზე ლონდონში.
 
4. ეს გაერთიანება ჩამოყალიბდა ერთი ძირითადი საერთო მოთხოვნილების პირველ რიგში დაყენებით, რომლის განხორციელება კარს უღებდა დანარჩენ მოთხოვნილების გატარებას. ეს მთავარი მიზანი იყო მეფის რეჟიმის დაცემა და ხალხური რესპუბლიკის დაარსება.
 
5. პირველ აგორებულ რევოლუციურ ტალღამ თვითმპყრობელობა დასჭრა, მაგრამ ვერ მოსპო. იწყება სათათბიროს პერიოდი. ყველა ოთხივე სათათბიროს დეპუტატებათ ქართველი ხალხი ირჩევდა მხოლოდ სოციალ-დემოკრატებს, ერთის გამოკლებით (სოციალისტ-ფედერალისტი). ყველა ოთხივე სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას მთელი რუსეთისას მეთაურობდნენ ქართველი სოცალ-დემოკრატები.
 
6. მეორეთ აგორებულ რევოლუციურ ტალღამ, 1917 წ. დაამხო მეფის რეჟიმი, გამოაცხადა დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ დიდ გარდატეხის მთავარ ორგანოს, პეტერბურგის მუშათა ანტიბოლშევიკურ საბჭოს, მეთაურობდა ქართველი სოციალ-დემოკრატი, მეოთხე სათათბიროს წევრი, არცეული ერთხმათ მის თავმჯდომარეთ.
 
7. ქართველი სოციალ-დემოკრატია დაუპირისპირდა ბოლშევიზმს თავიდანვე, მისი ღორძინების დღიდანვე, ლონდონის კონგრესზე. პირველად ის გამოვიდა მის წინააღმდეგ პრინციპიალური კრიტიკით საერთო რუსეთის მასშტაბით, მაშინ როდესაც რუსეთის სოციალ-დემოკრატები მას ედავებოდნენ ორგანიზაციული მოტივებით. საქართველოში მან სავსებით გაანადგურა მათი ორგანიზაციული წყობა, გაანიავა მათი გავლენა მუშათა კლასზე.
 
8. ამიტომ როცა რუსეთში აღსდგა ძველი რუსულ-აზიური სულისკვეთება და ის დაუბრუნდა ეკატერინე მეორის წინ არსებულ სოციალურ წყობას, გაბატონებულს ბოლშევიკების მეთაურობით, საქართველოში ძალაში დარჩა ევროპული სულისკვეთება და მთელ რევოლუციურ ასპარეზს დაეპატრონენ ქართველი სოციალ-დემოკრატები. მათ პირველათ ახლა მიეცათ საშუალება განეხორციელებინათ თავისი პროგრამა.
 
9. საქართველოს და რუსეთის სავალი გზები საქვეყნოთ გაიყარნენ, რაიცა ჩამოყალიბდა შესაფერ ნაციონალურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფორმებში. პირველ ყოვლისა საქართველო ჩამოშორდა რუსეთს და გამოაცხადა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასი წლის წინეთ შეწყვეტილი რუსეთის ჯარების მიერ; ყველა რევოლუციურ ორგანოებს და ერის ნაციონალურ მთავრობას მეთაურობდნენ სოციალ-დემოკრატები, მათ მისდევდნენ, მათ მეთაურობას სცნობდნენ ყველა ნაციონალურათ და პროგრესულათ მოაზროვნე დაჯგუფებანი მთელი ერისა. საქართველოს ირგვლივ აგორებულ რუსულბოლშევიკურ ტალღებს, რუსის გაბოლშევიკებულ მილიონიან ჯარებს დაუპირისპირდა ერთი მთლიანი ნაციონალური ფრონტი.
 
10.  მთელ ძველ რუსულ იმპერიაში ერთადერთი საქართველო წარმოადგენდა ერთერთ კუთხეს, სადაც მეფობა მყუდროება, წესიერება და დისციპლინა თავისუფლების საფუძველზე. მის ირგვლივ ანთებული კოცონი სამოქალაქო ომისა მის სხეულს სრულიად არ მიეკარა, მის არცერთ ნაწილს და წრეს არ გადაედვა. ერის მეთაურის, სოციალ-დემოკრატიის ასეთი უმაგალითო ნაყოფიერი შემოქმედება აიხსნება მისი ძირითადი თვისებებით, რითაც ის განსხვავდებოდა და განსხვავდება დღესაც რუსეთის და დასავლეთის ასეთსავე მიმდინარეობისგან.
 
ა)    მისი სოციალიზმი იყო და არის რევოლუციური და არა პარლამენტალური, საარჩევნო, საკარიერო და სალაპარაკო ხასიათის;
 
ბ)  მისი დემოკრატიზმი იყო და არის ურყევად ხალხური, ანტიბურჟუაზიულ-პლუტოკრატიული, ანტითავადაზნაურულ-პომეშჩიკური;
 
გ)  ის იყო და არის მომხრე და შემქმნელი ერის სამი კლასის ბლოკის: გლეხების, მუშების, და წვრილი ბურჟუაზიის. ეს ბლოკი, მცხოვრებთა ეს დიდი უმრავლესობა, არის ბატონი და პატრონი მთელი ერის, წინამძღოლი მისი სავალი გზების, მისი ყოფა-ცხოვრების ამწყობი და დამწყობი. ნაციონალური ბურჟუაზიის უყოლობის გამო, მის გარეთ დარჩა მხოლოდ მემამულეთა კლასი, ძველი ისტორიული თავად-აზნაურობა, რომელიც დაემორჩილა ისტორიის განაჩენს და უბრძოლველად, უკონტრ-რევოლუციოთ გაყვა ერის უმრავლესობას.
 
 ქართველი სოციალ-დემოკრატიის სოციალიზმი და დემოკრატიზმი იყო და არის მართლაც თავისებური, უაღრესათ ნაციონალური და ხალხური, რაიცა გაკვირვებით აღნიშნა დასავლეთის სოციალ-დემოკრატიის მეთაურმა კ. კაუცკიმ თავის წიგნში “საქართველო”. სოციალიზმი ერის სამსახურში აი, რა აწერია თავიდანვე მის დროშას.
 
11. რაკი ქართული სოციალიზმი იყო უაღრესად ნაციონალური, ამიტომ პირველი მისი რეფორმატორული ნაბიჯი შეიცავდა ერის დიდი უმრავლესობის – გლეხობის ინტერესების დაცვას, მისი დაბალი სოციალური საფეხურიდან მაღლა ამოყვანას და ერის ფუძეთ გამოცხადებას. ეს კი იქნა შესრულებული აგრარული რეფორმით. მიწათმფლობელთა წოდებას ჩამოერთავა უსასყიდლოთ მამულები და  ყველა სახნავ-სათესი მიწები დაურიგდა უმიწაწყლო და მცირე მესაკუთრე გლეხობას, ხოლო დიდი გაშენებული მამულები, ტყეები და საბალახოები გამოცხადდა ნაციონალურ საკუთრებად.
 
12.  ერის ხელში გადავიდა აგრეთვე მტამადნები, გზები, წყლები, კულტურულათ დამუშავებული სხვილი მამულები. რის გაყოფა იქნებოდა ეკონომიკური უკანდახევა. და აგრეთვე რუსის ხაზინის მთელი ქონება საქართველოში დარჩენილი.
 
13.  ამნაირათ, საქართველოში დამყარდა კოორდინაცია, მოთანხმება სახელმწიფო და კერძო ეკონომიკას შორის. სხვილი ნაციონალური და წვრილი კერძო საკუთრება შეიქმნა ახალი საქართველოს სოციალურ ფუძეთ.
 
14.  ქართველი მუშათა კლასი ღებულობს ყველა მისთვის მიუცილებელ რეფორმებს ამ კერძო და ნაციონალური საკუთრების ფარგლებში და მჭიდროთ ეკავშირება ერის უმრავლესობას – მცირე მესაკუთრეთა კლასს, რომელსაც ის იმავე დროს უწევს მეთაურობას სოციალ-დემოკრატიის დროშით.
 
15.  ეს ახალი, ხალხური საქართველო თავის საგარეო პოლიტიკას აწყობს ორ დებულებაზე; თავის ძველი საზღვრების აღდგენა და მისი დაცვა გარედან შემოსევისაგან. პირველი ამოცანა მან დიდებულად შეასრულა. მან დაიბრუნა ოლქები ბათომის , ართვინის და არდაგანის. 1918 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობას ჯერ ფაქტიურათ, შემდეგ იურიდიულად ევროპის ყველა სახელმწიფოები. მისი დამოუკიდებლობა იცნო აგრეთვე განსაკუთრებული ხელშეკრულობით რუსეთის საბჭოთა მთავრობამ.
 
16.  ამ ნაციონალურ და სოციალურ გარდაქმნას აგვირგვინებს ხალხის პოლიტიკური გაბატონება. მას მიეცა ყველა თავისუფლება, გარდა ერთისა – ნაციონალური და სოციალური წყობის დანგრევისა, მის წინააღმდეგ ბრძოლისა.
 
17.   ქვეყნის უმაღლეს გამგეთ გამოცხადდა ერთპალატიანი პარლამენტი, უპარლამენტარიზმოთ. მთავრობა ირჩეოდა მის მიერ ვადით, რომლის განმავლობაში მისი შეცვლა სხვადასხვა საარჩევნო კომბინაციებით არ შეიძლებოდა, მთავრობა ასრულებდა პარლამენტის დადგენილებებს. უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობა დაეკისრა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც იმავე დროს იყო შეფი სახელმწიფოსი. ხალხს მიეცა უფლება კანონმდებლობის ინიციატივის და გამოცემული კანონის გადასინჯვის (რეფერენდუმი)
 
18.  აი ეს ახალი საქართველო, გამთლიანებული ტერიტორიალურათ, სულიერად და ნაციონალურათ შექმნა ხანგრძლივ სახალხო მოძრაობამ სოციალ-დემიკრატიის მეთაურობით და თავდადებით, რაიცა, იქმნა დადასტურებული თითქმის ერთხმად დაფუძნებული კრების არჩევნებით (1919 წ.) დეპუტატთა ოთხმოცი პროცენტი ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიას, ხოლო დანარჩენი დაჯგუფებანი- სოციალისტ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები მთავარ საკითხებში არ განსხვავდებოდნენ მართველი პარტიისაგან.
 
19.  საქართველოს დაპყრობისთანავე მოსკოვის მიერ იგივე სოციალ-დემოკრატია ეწყობა არალეგალურ, საიდუმლო ორგანიზაციებში, აჩაღებს ბრძოლას საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ და თავის ირგვლივ იკრებს ყველა თავდადებულ მებრძოლს. ეს ბრძოლა გაგრძელდება 1921 წლიდან დღევანდლამდე: მას შეეწირა მრავალი მსხვერპლი, დაიხვრიტა ათასობით საუკეთესო მებრძოლი, მაგრამ ის ვერ ჩაკლეს, ვერ შეაჩაერეს ტირანებმა ვერავითარი ზომით. ამავე დროს დაფუძნებული კრების მიერ ევროპაში გამოგზავნილი ნაციონალური მთავრობა მთელი ამ ხნის განმავლობაში ეწევა პილიტიკურ ბრძოლას ბოლშევიკების წინააღმდეგ და საქართველოს განსათავისუფლებათ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობას არ გაუშვია არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ყრილობა სოციალისტური ინტერნაციონალისა, რომ არ დაესვას საქართველოს საკითხი. ერთა ლიგა, პარლამენტები, ჟურნალ-გაზეთები, კონგრესები ხდებოდნენ ამ საკითხის მთავარ ასპარეზათ. ის ისმოდა აგრეთვე ყველა მთავრობათა წინაშე.
 
20. მთელ ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქართველი სოციალ-დემოკრატია მუშაობდა აშკარათ, ლეგალურად მხოლოდ ოთხ წელიწადს (1917-1921). საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში. მთელი დანარჩენი დრო ის ეწეოდა ბრძოლას და ეწევა დღეს არალეგალურათ, კონსპირატოულათ, საიდუმლო ორგანიზაციების საშუალებით, არალეგალური პრესით, ჩუმი კრებით და სიტყვიერი პროპაგანდით, დროის დროს კი ქუჩაზე გამოსვლით, დემონსტრაციებით და აჯანყებებით. ამავე ლეგალურ პერიოდში ის ხელიდან არ უშვებდა არც ერთ ლეგალურ შემთხვევას, რომ თავისი პრინციპები საჯაროთ არ გამოეფინა. მთელ იმ პერიოდში მხოლოდ საქართველოში ქართულ ენაზე, მანამდე კი ის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ლეგალურ ორგანოებში.
 
მონარქიულ და ბოლშევიკურ ტირანიამ ვერავითარი რეპრესიებით მისი მუშაობა ვერ შეაჩერა, ვერ ჩაკლა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია დარწმუნებულია იმაში, რომ, როგორც დაეცა მისი პირველი მტერი ცარიზმი, დაეცემა აგრეთვე მისი მეორე მტერი კომუნიზმი და თვით დარჩება საბოლოოთ გამარჯვებული.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ