ნიცშე, საქართველო, თანამედროვეობა

Share on Facebook80Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

portrait-de-nietzsche-c-seb-jarnot-pour-philosophie-magazine► ავტორი: ოთარ ჭულუხაძე

►ოთარ ჭულუხაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ფილოსოფიის განხრით. მას ეკუთვნის ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალან უოტსის წიგნის – “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” – ქართული თარგმანი. 

► ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა წერილები

► ფოტო გარეკანზე :  Seb Jarnot, ნიცშეს პორტრეტი Philosophie magazine-სათვის.

© European.ge

ციფრულმა რევოლუციამ ინფორმაცია ადამიანისთვის აქამდე არნახულად ხელმისაწვდომად აქცია. თუმცა, სიახლეები არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების საშუალებაა, არამედ ადამიანის სულზე და განსაკუთრებით მის არაცნობიერზე აქამდე არნახული ზეწოლაცაა. სიახლის გამუდმებული, იდეოლოგიზებული წარმოება, როგორც ტვინის გამუდმებული გამაღიზიანებელი, ბლოკავს გონების უფრო „მაღალ“ ფუნქციებს, როგორებიცაა: ვითარების დამოუკიდებელი განსჯა, ფაქტების მიღმა ფაქტორების დანახვა, ვითარების მთლიანობითი გააზრება. ინფორმაციის ყოველწამიერი, იდეოლოგიზებული წარმოება და ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი სიახლით შეპყრობილობა უთუოდ წარმოშობს კითხვას ძველის, გარდასულისა და ისტორიულის შესახებ. რა როლს ასრულებს (უნდა ასრულებდეს) ძველი, გარდასული და ისტორიული ჩვენს, გამუდმებული სიახლეების ეპოქაში?

ძველისადმი უპატივცემულობა ჩვენი ეპოქის ერთგვარ ამპარტავნებად გვევლინება. ეს ფაქტი კი აქამდე არნახული ტექნოლოგიური წინსვლითა და ადამიანების შესაძლებლობის გაუმჯობესებითაა  განპირობებული. თანამედროვე ადამიანი, ტექნიკისადმი მისი ფეტიშური მიმართების გამო, ივიწყებს ძველსა და გარდასულს და, რაც მთავარია, ივიწყებს ამ ძველსა და გარდასულში შენახულ, სიცოცხლისათვის (და არა უბრალო, სამომხმარებლო არსებობისთვის) აუცილებელ მომენტებს. რა გასაკვირია, რომ ისტორიული პერსპექტივა დაფარული რჩება ადამიანისთვის, რომელსაც ხელში ბოლო მოდელის ტექნიკა უჭირავს და იდეოლოგიური მანქანითაა ტვინგამორეცხილი. ამ დროს, თავად ის  ამ ისტორიული დინების პატარა შედეგია – მონობისა და თავისუფლების მარადიული ბრძოლის შედეგი; ისტორიული პერსპექტივა კი მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ თუ რა ისტორიულ-კულტურული მოვლენების გაგრძელებები ვართ; რა არის ჩვენი წინაპრების შეცდომები თუ მიღწევები, რამაც ჩვენი სააზროვნო და მსოფლმედველობითი მოცემულობა განსაზღვრა და რა შეგვიძლია თავად ჩვენ გადავცეთ ან ავარიდოთ მომავალ თაობას. ზრუნვა, როგორც არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, მომავლისადმია მიმართული, მიუხედავად იმისა (და გამომდინარე იქიდან), რომ აწმყოში გამუდმებულ ძალისხმევას გულისხმობს.

დავუბრუნდეთ ძველის, გარდასულისა და ისტორიულის საკითხს. რადგან თანამედროვე ეპოქა და მეტწილად მისი ახალგაზრდა ნაწილი, რომელიც ციფრულ სამყაროში გადის სოციალიზაციას, განურჩევლად და ცინიკურად უკუაგდებს ძველს, ამიტომ, ერთი-ორად მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ისტორიული პერსპექტივები, რაც განაპირობებს ამას და აგრეთვე, შეკითხვა დავუსვათ თავად ისტორიას. ამ გააზრებისას, ერთგვარ სახელმძღვანელო ტექსტად ნიცშეს ესეს – „სიცოცხლისათვის ისტორიის სარგებლისა და ზიანის შესახებ“ წავიმძღვარებთ. როგორ ხედავს ნიცშე ისტორიას? რა მიმართებაა, მისი აზრით, ისტორიასა და სიცოცხლეს შორის? როგორ შეიძლება ნიცშეს განაზრებები მივუყენოთ დღევანდელობას, – როგორც ქართულ, ისე გლობლურ სინამდვილეს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხს ემსახურება წინამდებარე წერილი.

სამყაროს ნიცშესეული ხედვა ისტორიულია, მაგრამ ის ეწინააღმდეგება ისტორიზმის პრინციპს. ანუ ის აზროვნებს ისტორიულად, ღირებულებებს მიიჩნევს ისტორიული პრაქტიკის პროდუქტებად, მაგრამ, ამავე დროს, უარყოფს ისტორიით შეპყრობილობას, ისტორიაში მიზნისა და ისტორიაში ობიექტური კანონზომიერების არსებობას – ანუ იმ ყოველივეს, რისი რწმენაც მის ეპოქას (მეცხრამეტე საუკუნეს) ახასიათებდა. არცაა გასაკვირი, რომ ხსენებული ესე წარმოადგენს ნაწილს ნიცშეს ნაწარმოებისა, რომელსაც „არათანადროული განაზრებები“ ეწოდება.

ნიცშე გვაფრთხილებდა, რომ ისტორიით შეპყრობილობა და მასებში ხსნის განჭვრეტა „კარგს არაფერს მოგვიტანდა“. ნაცვლად ამისა, ნიცშე იმედს ამყარებდა ინდივიდზე, რომელმაც ადამიანი, როგორც ცხოველსა და ზეკაცს შორის ხიდი, ამაყად უნდა გადაიაროს. ნიცშე უარყოფს ისტორიის დეტერმინისტულ (ე.ი წინასწარგანსაზღვრულ) ხედვას და ნაცვლად ამისა, გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს, რაც, მისი აზრით, ახასიათებს ადამიანის ისტორიისადმი დამოკიდებულებას. მაგალითად, ნიცშე ამბობს, რომ ეს სენი – ისტორიით შეპყრობილობა – გადაივლის და მოვა დრო, როდესაც ადამიანს გაეცინება „ისტორისტულ“ შეხედულებაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა ზუსტად ეს დროა; დღესდღეობით, განსხვავებით მეცხრამეტე საუკუნისგან, ცოტას თუ სჯერა ისტორიაში არსებული ობიექტური კანონებისა, რომლებიც ხსნას მოუტანენ კაცობრიობას და თავისუფლებას დააფუძნებენ. ნაცვლად ამისა, ჩვენ შევდივართ ზრდასრულობის ფაზაში, როდესაც ღვთაებრივი ძალისა და ისტორიის ნაზავის აღარ გვჯერა; არც იმის, რომ „აწმყო თუ არ გვწყალობს მომავალი ჩვენია“ და არც იმის, რომ ძალისხმევისა და ამ ძალისხმევისთვის აუცილებელი მოტივაციის გარდა არსებობს რაიმე სხვა, რაც კაცობრიობის დღევანდელ, ვითომ პროგრესულ, მაგრამ სინამდვილეში კი უბადრუკ ყოფას გააუმჯობესებდა. ნიცშე ერთგან ამბობს, რომ ეპოქის მძლავრ ტენდენციას მისი პოლარული საპირისპირო აღმოფხვრის. შეგვიძლია მისი ნათქვამი ჩვენ ეპოქაზე განვავრცოთ და ვთქვათ, რომ სწორედ ისტორიზმის (ისტორიაში კანონებისა და მიზნის არსებობა) აღმოფხვრაა ის ანტი-ისტორიზმი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ: ქმნადობისა და ნგრევის შიშველი ძალებისადმი მინებებული, იმედდაკარგული კაცობრიობა, სადაც წარსულში ეფექტურად მოქმედი რწმენები თუ ცრურწმენები ინგრევა (მათ შორის რწმენა, ისტორიაში არსებული ავტომატური, განმათავისუფლებელი ძალისა) და სადაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა მიტოვებული დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მანქანის წინააღმდეგ. დღევანდელი ვითარება, რომელშიც ადამიანია აღმოჩენილი, ორმხრივია: ერთის მხრივ, ის აძლიერებს განცდას სამყაროში მიტოვებულობისა, მაგრამ, მეორე მხრივ, წარმოშობს საჭიროებას სამყაროსადმი უფრო ზრდასრული მიდგომისა, რომელიც სხვის იმედზე (ვინც არ უნდა იყოს სხვა, მიღმური თუ არამიღმური) ყოფნის ნაცვლად, სუბიექტურ, ინდივიდუალურ თვითგამორკვევასა და ძალისხმევაზე იქნებოდა გამიზნული. მართლაც, იდეით დაბრმავებულობა, რითაც პლანეტა გაჟღენთილი იყო ასი წლის წინ და რამაც, სხვა ბევრ უბედურებასთან ერთად, ბოლშევიზმის ტირანია მოიტანა, ჩვენს თაობას მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს – ილუზიების ნგრევის შედეგად გამოწვეული ტკივილი მარადიულ დეპრესიად კი არ გარდასახოს, არამედ – სამყაროსადმი და კულტურისადმი ზრდასრულ მიდგომად. ზრდასრულობაში, – რაც ცხადია, ინდივიდის ასაკით არ გაიზომება, – სხვებს შორის, ტრადიციულ ღირებულებათა მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება შეგვიძლია ვიგულისხმოთ; ანუ უნარი, დღევანდელი ე.წ „ლიბერალური მედიის“ მხრიდან ტრადიციების ცინიკურ გამასხარავებას არ ავყვეთ და თავად განვსაზღვროთ რა და როგორ უკუვაგდოთ და რა შევინახოთ? ხოლო თუ ნიცშეს შევეკითხებით, რისთვის ღირს ყოველივე ეს და რა პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამგვარი შერჩევისას, – ის უთუოდ გვიპასუხებდა: ავიღოთ მაგალითი ძველებისგან, ისტორია ჩავაყენოთ სიცოცხლის სამსახურში, რათა სიცოცხლეშივე ვიყოთ აქტიურნი, ძლიერნი და არ დავნებდეთ ნიჰილიზმის დემონს.

ხსენებული ორი ეპოქის (ასი წლის წინანდელისა და დღევანდელი) შედარებისას  (და მართლაც, მათი განსხვავებულობის გამო, ამ ორ პერიოდს შეიძლება ორი ეპოქა ვუწოდოთ), კიდევ ერთ ურთიერთდაპირისპირებულ ტენდენციას აღმოვაჩენთ; მაშინდელ კაცობრიობას ახასიათებდა ზღვარგადასული უკანმაცქერალობა, რასაც ნიცშე, ხსენებულ ესეში, კაცობრიობის დაბერებისა და ძალთა დეგრადაციის ნიშნად მიიჩნევს; დღევანდელს კი ზღვარგადასული მომავალში ცქერა, – ანუ, ჩვენს შემთხვევაში, ტექნოლოგიათა მოზღვავების გამო, შიშნარევი მოლოდინი იმისა, თუ რა იქნება, მაგალითად, ასი წლის შემდეგ; ცხადია, წინა ეპოქის უკანამაცქერალობაც მომავლისადმი მიპყრობილი მზერით იყო განპირობებული (ან კი, რა არის ამ პლანეტაზე, რაც ამ იმედით არაა ნაკურთხი?), მაგრამ ერთი მთავარი განსხვავება ამ ორ ვითარებას შორის ისაა, რომ პირველ შემთხვევაში იმედი წარულის, აწმყოსა და მომავლის შემაერთებელი ღვთაებრივი თუ ობიექტური წინასწარგანპირობებულობით იყო ნაკარნახევი, ჩვენს შემთხვევაში კი იმის შიშით, რომ ერთგვარად „ჰაერში ვართ გამოკიდებული“ და იმის ტვირთით (ვინ იცის რამდენად რეალურის?), რომ მომავალი ისტორიის ფარული დემონის კი არა, არამედ „ჩვენს ხელშია“. როდესაც ვამბობ, „ჩვენს ხელშია“, არ ვგულისხმობ იმას, თითქოს კლასები ან მათ შორის ანტაგონიზმი გამქრალიყოს (სინამდვილეში, მათ სახე იცვალეს: ბურჟუაზია-პროლეტარიატი შეიცვალა ადამიანი-კრედიტორისა (Homo Creditor) და ადამიანი-მოვალის (Homo Debitor) მიმართებით), არამედ ვგულისხმობ იმას, თუ ვის უპყრია ან ვის შეიძლება ეპყრას ხელთ ტექნოლოგიის მართვის სადავეები? ეს თუ იქნება მეტ-ნაკლებად გონივრულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ აფეტიშებს მოგებას და ამ მოგების გამო „ყველაფერზე წამსვლელი“ არაა, მაშინ შესაძლებელია ტექნოლოგია, სამყაროს უცვლელი პრინციპის – დაპირისპირების შენარჩუნების ფონზე, გამოდგეს იმის საშუალებად, რასაც მეოცე საუკუნე ისახავდა მიზნად. ანუ, ტექნოლოგიურ წინსვლას მორალური და შეგნებითი წინსვლა შევუწყვილოთ და პლანეტა ნაკლებ უბედურ ადგილად ვაქციოთ.

დავრჩეთ ამ ორი ეპოქის შედარების ფარგლებში და დავსვათ კითხვა: ხომ არ გვაკლია ჩვენ ის ფერმენტი, რაც წინა ეპოქის ხალხს ჭარბად ჰქონდა? ე.ი იდეით შეპყრობილობა, დაბრმავების უნარი და იდეისთვის „ყველაფრის გაკეთება“. ხომ არ ხდება ისე, რომ ჩვენი, ზოგადსაკაცობრიო ნიჰილიზმი (რომელიც თანდათანობით დაძლევის პროცესშია) მათი ზღვარგადასული ფანატიზმის ისტორიული გაგრძელებაა? ხომ არ ვართ ჩვენ, როგორც მამარდაშვილი იტყოდა, დიდი კატასტროფის რადიოაქტიური გამონატყორცნები? ჩვენი პასუხი დადებითი უნდა იყოს. დიახ, დღევანდელ ადამიანს აკლია ილუზია. სწორედ ილუზიის ფსიქოლოგიურ როლზე საუბრობს ნიცშე. ოღონდ, აქ უნდა აღვნიშნოთ, რა ტიპის ილუზიის აუცილებლობაზეა საუბარი. ნიცშე არ გულისხმობს, მაგალითად, ილუზიას, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“ ან რომ „ყველას ყველა ეყვარება“, არამედ იმას, თუ რამდენად გვწამს იდეის, რამდენად გვაქვს უნარი განვაგდოთ სკეპტიკური აზრები, რომლითაც კაცობრიობის წარსული თუ იდეოლოგიური აწმყო უხვად გვამარაგებს. მაგალითად, მსურს ექვსსაათიანი სამუშაო დღე. მსურს, მაგრამ ვარ კი სათანადოდ ილუზიური, რათა ამ იდეის რეალობად ქცევისთვის „ყველაფერი გავაკეთო“? ეგებ ფიქრები იმის შესახებ, (ა) რომ  კაცობრიობის ისტორია ერთი დიდი ტყუილია, (ბ) რომ მონობა ყოველთვის იყო, (გ) რომ ახლანდელი ეპოქა წინას ხომ ჯობია, (დ) რომ ჩვენ ინტერნეტი გვაქვს, სხვებს ეგეც არ ჰქონდა – სწორედ ისაა, რაც არღვევს ილუზიას, ანუ იმ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ძალისხმევისთვის. ყველა ზემოთჩამოთვლილი ფიქრის მიღმა კი სიკვდილის დემონი იმალება; ნებისმიერი კონფორმისტული აზრი, რაც ტანჯავს ადამიანს, სიკვდილის შიშზე დაიყვანება; ილუზია კი აუცილებელია სიცოცხლისთვის და სიცოცხლეში გასაწევი ძალისხმევისთვის. ამ ილუზიის არარსებობა იქნებოდა, მაჰათმა განდის რომ ეფიქრა: რა საჭიროა ახლა ეს განთავისუფლება, ინდოეთის მოსახლეობაში ხომ მაინც იქნება კასტები და უდიდესი სიღატაკე რამდენიმე ათწლეულის შემდეგო (რაც სიმართლეს შეესაბამება კიდეც დღევანდელ ინდოეთში).

ნიცშეს ზოგადსაკაცობრიო დიაგნოზი და მისი ცნობილი „ღმერთი მოკვდა“ სწორედ ისაა, რომ მოკდა დიდი ილუზია, რომელიც ანიჭებდა ძალას ჭეშმარიტებას და სხვა მიღმურ ღირებულებებს, – ღირებულებებს, რომლებზეც ჩვენ ზედმეტი დაფიქრების გარეშე აღვენთებოდით; დღეს კი არ აღვენთებით, რადგან ჭეშმარიტების იდეა, როგორც ჩვენი მსოფლხედვითი სისტემა, ჩაანაცვლა დაპირისპირებულ ძალთა პლურალიზმმა (სიმრავლემ), რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს კიდეც დღევანდელ ნიჰილიზმის. რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მინდა ექვსაათიანი სამუშაო დღე და მჭირდება მოტივაცია, რათა ამისთვის ვიბრძოლო. თუ მე ვცხოვრობ „ჭეშმარიტების იდეის“ მატრიცაში, მაშინ ჭეშმარიტების იდეა ბრძოლისთვის აღმანთებს. ამგვარ მსოფლაღქმაში, ექვსსაათიანი სამუშაო ჩემთვის ჭეშმარიტებად წარმოდგება, ხოლო რვასაათიანი არაჭეშმარიტებად და ბოროტებად და საბრძოლო მოტივაციის შექმნა უფრო მარტივია. ახლა, ვნახოთ, როგორია მეორე მსოფლხედვით მცხოვრები ადამიანის განწყობა; მისთვის, როგორც რვა, ისე ექვსსაათიანი სამუშაო დღე არც ჭეშმარიტია და არც მცდარი; ისინი ისტორიულ ხდომილებათა შედეგებია (ერთი დამდგარის, ხოლო მეორე შესაძლებლის), რაც ძალაუფლების ინტერესებითა და ბრძოლითაა გამოწვეული; ე.ი ჭეშმარიტება ჩემს მხარეს კი არაა (და არც მოწინააღმდეგის მხარეს), არამედ ამ ბრძოლაში საერთოდ არ ფიგურირებს; შესაბამისად, ყველაფერი დაიყვანება შიშველ ძალაზე, ანუ იმაზე, თუ ვისი აჯობებს? მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი ვერ აჯობებს, რადგან დარღვეული მაქვს ილუზიის ის აუცილებელი ფსიქოლოგიური სტრუქტურა, რომლითაც ჭეშმარიტების იდეა მამარაგებდა; ჭეშმარიტება ზურგს რადგან აღარ მიმაგრებს, მხრებზე მაწვება ფიქრი, (ა) რომ ჩემი ადგილი ვიცოდე და მადლობა ვთქვა რომ ცოცხალი ვარ, (ბ) რომ ყოველთვის ასე იყო, (გ) მონობა ხომ სულ იყო; ეს ხომ, სამყაროს ერთ-ერთი კანონია. ჩართეთ დოკუმენტური ფილმი ლომების პრაიდის შესახებ და პარალელი გაავლეთ გეოპოლიტიკასთან, დაპირისპირების პრინციპის ამ ზოგადპლანეტარულ გამოვლინებასთან, და „ჭეშმარიტების ილუზია“ საბოლოოდ გაქრება. სწორედ ეს არის დღევანდელი ადამიანის გამოწვევა – არ დანებდეს კაცობრიობის ისტორიულ-სოციალური ქარტეხილებით გამოწვეულ ნიჰილიზმს, დაგროვებულ სიმართლეს ადამიანის შესახებ და აქედან გამომდინარე, არ დაკარგოს რწმენა ადამიანში, არ ჩაიძიროს ცრუ ფუფუნების მორევში, არ გახდეს ტექნოლოგიური ცივლიზაციის ტყვე, „გამორთოს ტელევიზორი“ და ა.შ – ანუ, მთლიანობაში, უარი თქვას იმაზე, რაც ზემოთხსენებული, დარღვეული ფსიქოლოგიური მექანიზმის აღდგენას უშლის ხელს. ამ მექანიზმისა, ანუ, ილუზიისა, როგორც იდეის რწმენისა.

ნიცშეს ფილოსოფიაში და მეტადრე ისტორიის შესახებ მის განაზრებაში, ილუზიის აუცილებლობის მომიჯნავე კონცეპტია ფსიქოლოგიური ჰორიზონტი; – ფსიქოლოგიური ჰორიზონტი, რომელიც, ნიცშეს მიხედვით, ყველა ერს, კულტურასა და ინდივიდს განსხვავებული აქვს. ეს ჰორიზონტი ერთგვარად სამყაროს ხედვის მასშტაბი და სამყაროს გააზრების პოტენცია და ამპლიტუდაა; შესაძლოა, ტრადიციის ძალით, ვფიქრობდეთ და ვიცოდეთ, რომ ფართო ჰორიზონტი კარგია, ხოლო ვიწრო – ცუდი; ნიცშეს პასუხი არაა ასე ერთმნიშვნელოვანი; ის ადამიანის ცხოველთან შედარებისას (ეს ნიცშეს ერთ-ერთი საყვარელი საქმეა მთელს მის ფილოსოფიაში) ამბობს, რომ ცხოველის ჰორიზონტი წერტილოვანია; ე.ი ცხოველი მუდამ ერთი და იგივეში ცხოვრობს და არ ანაღვლებს ის, რაც ადარდიანებს უფრო ფართო ჰორიზონტის მქონეს, ე.ი ადამიანს. მაგალითად, არ ანაღვლებს საკუთარი მომაკვდაობა, ან უფრო სწორად თუ ვიტყვით, არ გააჩნია ცნობიერება და შესაბამისად, არც სიკვდილით გამოწვეული ძრწოლით მოწამლული ცნობიერება. ნიცშე ამბობს, რომ ჰორიზონტის მუდმივი გაფართოება, კულტურული მრავალფეროვანი ინფორმაციის ნაკადის შემოდინება, შესაძლოა კონკრეტული ჯგუფისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს:

„როგორც იმპერატორის დროინდელი რომაელი იქცა არარომაელად, იცოდა რა, რომ მას მთელი დედამიწა ემსახურებოდა, როგორც მან უცხოელთა შემოდინების გამო საკუთარი თავი დაკარგა და კოსმოპოლიტური ღმერთების, ჩვეულებებისა და ხელოვნების კარნავალების გამო გადაგვარდა, იგივე უნდა მოუვიდეს თანამედროვე ადამიანს, რომელიც ისტორიული შემოქმედების დახმარებით, გამუდმებით აწყობს მსოფლიო ბაზრის ზეიმს; ის იქცა განცხრომაში მყოფ, მოხეტიალე დამკვირვებლად და ისეთ მდგომარეობაში გადავიდა, რომელშიც თვით დიდ ომებს, დიდ რევოლუციებსაც კი მხოლოდ მცირე ხნით თუ შეუძლიათ რაიმეს შეცვლა. ომი ჯერ არ დასრულებულა და ის უკვე ათიათასჯერ გადააქციეს ბეჭდურ ქაღალდად;“  [1]

ნიცშეს ამ მოსაზრების ნათელსაყოფად, შორს წასვლა არაა საჭირო: შეგვიძლია მაგალითად დღევანდელი საქართველო ავიღოთ. გლობალურმა მანქანამ, რაც იდეოლოგიზებული ინფორმაციის გამუდმებულ შემოდინებაშიც გამოიხატება, ქართველ ადამიანს სწორედ ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ილუზია დაუნგრია, რაც საკუთარ ეროვნებაში რწმენა იყო და ის სამომხმარებლო ლოგიკის ტყვედ აქცია. ქართველი ახალგაზრდა სვამს (ხშირად გაუხმაურებლად) ჭეშმარიტ, მაგრამ ნიცშეს აზრით, დამღუპველ შეკითხვებს: ჩემი ქართველობა ხომ ალბათობაა, ხომ შეიძლება ნორვეგიაში დავბადებულიყავი? რატომ უნდა ვიზრუნო ჩემს გეოგრაფიულად განსაზღვრულ სოციუმში მიმდინარე მოვლენებზე, როცა შემიძლია ინტერნეტის მეშვეობით ჩემი გარემო შევიქმნა, ვუყურო და მოვუსმინო იმას, რაც მინდა, აღარ ვიყო დამოკიდებული მოვლენებზე, რომელიც აქ, ჩემს გეოგრაფიულად განპირობებულ გარემოში ხდება? თვითფრინავის ბილეთებიც ხომ არც ისე ძვირია? რა მნიშვნელობა აქვს მონა სად იქნები – აქ თუ გერმანიაში? იქ მეტ ფულს მაინც იხდიან! აქ ფული არ იშოვება, იქ იშოვება. ამ ილუზიის ნგრევას, რაც ჩვენს შემთხვევაში ერის მთლიანობა ქვია, სასიკვდილო შედეგები შეიძლება აღმოაჩნდეს. ანუ თუ ჩვენს ეროვნულ იდეაში გარკვეული ემოცია არ ჩაიდო, ადამიანთა მომხმარებლურ ლოგიკაზე გადაყვანა აუცილებლად მოხდება (და მეტწილად ხდება კიდეც). ნიცშე ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ილუზიის ნგრევის შემდეგ ეტაპად სწორედ ზღვარგადასრულ სიხარბესა და ეგოიზმს მიიჩნევდა:

თუ, … მოძღვრებები ქმნადობის აღმატებულობის შესახებ, ყოველგვარი ცნებების, ტიპების და სტილების ცვალებადობის შესახებ, ადამიანსა და ცხოველს შორის სერიოზული განსხვავებების არარსებობის შესახებ, – მოძღვრებები, რომლებსაც ჭეშმარიტად, მაგრამ მომაკვდინებლად მივიჩნევ – თუნდაც ერთი ადამიანური თაობის განმავლობაში სახალხო მასებში გავრცელდება დღესდღეობით ასე მიღებული ჭკუისდამრიგებლური სიშმაგით, მაშინ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ხალხი დაიწყებს კვდომას ეგოისტური მეწვრილმანეობისა და ეგოისტური უბადრუკობის გამო, გაქვავებითა და საკუთარი თავის მოყვარეობით, უპირველეს ყოვლისა კი იმის მეშვეობით, რომ ნაწილებად დაიშლება და შეწყვეტს იყოს ხალხი. მის ადგილზე კი, სავარაუდოდ, მომავლის სცენაზე გამოვა კერძო ეგოიზმის სისტემები, საძმოები „არა-ძმების“ მძარცველური ექსპლოატაციის მიზნით და უტილიტარული სულმდაბლობის სხვა მსგავსი ქმნილებები.“ [2]

ეს აუცილებელი ილუზია კი, როგორც ვხედავთ, ჰორიზონტის იძულებით ზრდასთან არის გამოწვეული; ოღონდ, აქ ერთი მომენტი უნდა შევნიშნოთ: ამ ჰორიზონტის ზრდა, დასახელებულ შემთხვევაში, შეზღუდულია. რადგან თავად ზემოთჩამოთვლილ შეკითხვებს არ დაესმის შემდეგი შეკითხვა: მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები მსოფლიო მოქალაქედ მაქცევს და ყოველგვარი კულტურულ-გეოგრაფიული მიჯაჭვულობისგან მათავისუფლებს, განა თვითგადარჩენისთვისა და თვითგამოვლენისთვის აუცილებელი არაა ზრუნვა იმ სოციუმსა და კულტურაზე, რომელშიც ვცხოვრობ და რომლის გენეტიკურ და კულტურულ კოდს ვატარებ? განა ზრუნვის პრინციპი უშუალოდ ჩემს გეოგრაფიულად განსაზღვრულ საზოგადოებაში არ უნდა განვახორციელო? ცხადია, ტრადიციის ბრმად მიყოლა არასდროს ყოფილა ინდივიდის თავისუფლების გარანტი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტრადიციას გააჩნია ერთი უპირატესობა;

ტრადიციას ახასიათებს ფორმათა, მოდელთა განმეორება; სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთიანობა; ტრადიციაში გამყარებულია მთელი რიგი მეტაფორები, არქეტიპები, ხატ-სახეები, შეხედულებები, რომლებიც კონკრეტული ჯგუფის სამყაროსთან მიმართებას არეკლავენ; ამ ყველაფერზე ხაზის გადასმა და გლობალიზმის ლოგიკის ბრმად ან სიხარბის გამო მიყოლა ისევ ამ მეტაფორებისა და არქეტიპების მატარებელი ინდივიდის სულიერი სიჯანსაღისთვისაა ცუდი. ნიცშეს, რომელსაც ადამიანის თავისუფლებასა და ამაღლების მეხოტბე იყო, რას რას და დოგმატურ აზროვნებას ვერ დავაბრალებთ, თუმცა ის აუცილებლად მიიჩნევს ამ სიღრმისეული შრეების პიროვნების მთლიანობაში ინტეგრაციას:

ხე საკუთარ ფესვებს უფრო მეტად გრძნობს, ვიდრე ხედავს; თუმცა, ამ გრძნობის სიდიდე ხილული ტოტების სიდიდითა და სიძლიერით გაიზომება.“[3]

ამ განმეორებად ჯაჭვში რაღაცის გამყარება კი საუკუნეების საქმეა; მაგრამ უკვე არსებული, სიცოხლისთვის აუცილებელი და საზიანო მომენტების გარჩევა კი შეიძლება: მაგალითად, (ა) ქალის ხატ-სახისა, რომელიც ქართულ კულტურაში წინაა წამოწეული, მაგრამ სოციალურ პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში, ქალები პატრიარქალური კულტურის მხსვერპლნი არიან; შესაძლებელია და აუცილებელია ქართველ ქალთა რეანიმაცია და არა მათი მამაკაცი მენეჯერის „თარგზე გამოჭრა“. (ბ) მაგალითად, ქრისტიანობის ოდნავ მეტი სიღრმით გაგება; (გ) ჩვენი დაკარგული მხნეობის კვლავაღმოჩენა; (დ) მკიდრობის, სახლობის ეთოსზე (ერთგვარი ჯგუფური სულზე) დაყრდნობა, რაც ახასიათებს ქართულ კულტურას, და მისი ფსიქოლოგიურად დაპირისპირება იმ სულიერ თუ ყოფით მოუსვენრობასთან, რითაც კაპიტალიზმი „აჯილდოებს“ თანამედროვე ადამიანს.

მსჯელობის ვექტორს თუ უფრო გულდასმით მივმართავთ საქართველოსკენ, შეიძლება ვიკითხოთ: რა არის ის ძალა, რაც გვაძლებინებს? რატომ ვგრძნობთ, რომ გლობალიზმი (თავისი ეკონომიკურ-კულტურული ლოგიკით) ჩვენთვის საფრთხეა? აქ, ისევ ნიცშეს ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი შეგვიძლია მოვიხმოთ – ეს დავიწყების უნარი და მისი სწორად გამოყენებაა. ნიცშე დავიწყების უნარს სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევდა, როგორც ადამიანისთვის, ისე ჯგუფისთვის; ოღონდ ამ უნარის ისე გამოყენებას მიიჩნევდა სიცოცხლისთვის აუცილებლად, როცა ვიცით როდის გვახსოვდეს და როდის დავივიწყოთ. ზოგადად, ნიცშესთვის, ადამიანი რომელიც ივიწყებს და ფსიქოლოგიური ნალექის, არაცნობიერში ჩატოვებული ბოღმის, მიერ არაა ნამართი, ამაღლებულია იმაზე, ვისაც ყოველთვის ყველაფერი ახსოვს და არ შეუძლია არაფრის ფსიქოლოგიური მონელება – მონელება კი, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრებისეულ „უსამართლობას“ ჭირდება; როდესაც ვამბობთ უსამართლობას, ვგულისხმობთ ადამიანური თვალსაზრისით მიჩნეულ უსამართლობას; ზოგადი პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, უსამართლობა შეიძლება სამართლიანად წარმოჩნდეს; აი, მაგალითად, სამართლიანია საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ საკუთარი ისტორიის მანძილზე მეტწილად დაპრყობილი იყო? ჩვენი გადმოსახედიდან – არა; ზოგადი პერსპექტივიდან თუ შევხედავთ – კი, რადგან სამყაროს ერთ-ერთი საწყისი პრინციპია, რომ დიდმა პატარა უნდა დაჩაგროს. სწორედ ამ პრინციპის საწინააღმდეგო და ერთგვარი გამანეიტრალებელია დავიწყების უნარი. შეიძლება ითქვას, რომ ქართველთა გადარჩენა უმთავრესად სწორედ ამ უნარს ემყარება – კერძოდ, იმას რომ „ყველაფრის მიუხედავად“ იოლად ვივიწყებდით გასაჭირს და ცივილიზაციათა გზაგასაყარზე ჯოჯოხეთური თვითგადარჩენის რეჟიმში ყოფნის მიუხედავად, მეტ-ნაკლებ თვითმყოფადობას ვინარჩუნებდით. ანუ, საკუთარი თავის შენარჩუნება, როგორც დავიწყების უნარი. დავიწყების უნარი ქართველთა ისტორიული მხნეობის უმთავრესი განმაპირობებელია, რადგან ის პლასტიკური ძალა, ერთგვარი ფსიქოლოგიური მომნელებელი მექანიზმი, რომელიც სამყაროს „უსამართლობებს“ გვანელებინებდა, ჩვენში მეტად ძლიერი იყო. თუმცა, დღესდღეობით აღმოჩნდება, რომ ეს დავიწყების მექანიზმი უკვე ჩვენსავე ფესვებს მიემართება; ანუ, ჩვენ ვივიწყებთ ქართველობას; აღარ გვწამს მისი; ცხადია, როცა ვამბობ, ვივიწყებთ ქართველობას, აქ არ იგულისხმება მოქალაქეობრივი კუთვნილების და სიმბოლიკის არცოდნა, არამედ არქონა მთლიანობის იმ განცდისა, რომელიც ადამიანის სიჯანსაღისთვის აუცილებელია. ჩვენს შემთხვევაში, დავიწყების უნარის ვექტორის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთ-ერთი არის სწორედ იმ მხნეობისა და ილუზიის დაკარგვა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის; ამის მაგალითად თაობების შედარება გამოდგეს; 100-200 წლის წინ საქართველოს უმღეროდნენ, მასზე ლექსებს წერდნენ დღეს კი ეს განცდა დაკარგულია. წინა თაობის იდეალიზაციას არ ვახდენ და ისიც სათქმელია, რომ ახლა „სხვა დროა“, მაგრამ აქ ისევ ნიცშეს ზემოთმოყვანილი ციტატა უნდა აღვნიშნოთ და ვთქვათ, რომ აუცილებელია ჯგუფურ ერთიანობას ფესვების დონეზე ვგრძნობდეთ და ამ ერთიანობის მიხედვით ვაწარმოებდეთ საგარეო, კულტურულ თუ ეკონომიკურ პოლიტიკას. პრობლემის ერთ-ერთი მიზეზად შეგვიძლია ისიც მივიჩნიოთ, რომ ძველ თაობას არ აწუხებდა ის, რაც ახლანდელს აწუხებს (ყოველ შემთხვევაში, ასეთი მასშტაბებითა და სიცხადით): უაზრობის განცდა, უიმედობა, სულერთიობა, ნიჰილიზმი. ეს ყველაფერი კი ჩვენი მხრიდან ევროპის ბრმა გაფეტიშებისა და მასთან განურჩეველი მიკედლების პოლიტიკითაა განპირობებული. აქ სახსენებელია, რომ ვსაუბრობთ არა „მაღალ კულტურულ“ ევროპაზე, არამედ დღევანდელ კონსიუმერიზმის, მომხმარებლობის ლოგიკაში ჩაძირულ ევროპაზე, რომელიც უკვე თავად ევროპაშიც მკაცრად აკრიტიკებენ. ასევე, სახსენებელია, რომ რუსეთს, რომელიც დღეს ცდილობს გამომდინარე ევროპის იდეური დასუსტებისა, ჩვენში ფეხის კვლავ მოკიდებას, საქართველოსთვის აუცილებელი სასიცოცხლოდ აუცილებელი მექანიზმების მორღვევაში დიდი წილი მიუძღვის; რუსეთს, რომელმაც მართალია, წინააღმდეგობის ძალა კი გაამძაფრა ჩვენში, (განსაკუთრებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში) მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა გარყვნა და მთლიანობაში გამოიწვია კიდეც იმ ფსიქოლოგიური მექანიზმების რღვევა, რაც ერის მთლიანობისთვისაა აუცილებელი. ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, ამდენი წაგებული ომითა და სხვისთვის „კოჭის გორებით“ დავიღალეთ. ევროპის ბრმად მიბაძვა გადმოგვდებს ევროპულ სენს, რასაც, როგორც ვთქვი, თავად ევროპაშიც გამალებით ებრძვიან. ცხადია, პოლიტიკაც და მათ შორის გეოპოლიტიკაც შესაძლებლის ხელოვნებაა და ევროპისკენ სვლა მნიშვნელოვანია იმის იმედით, რომ ევროპა გადალახავს კონსუმერიზმისა და ნეოლიბერალიზმის სენს და ჩვენც, მისი ბრმა და განურჩეველი მიმღებლობის ნაცვლად, „კარგ ევროპას“ (სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაციონალიზმი, განსჯა, კანონის მართვა, „მაღალი კულტურა“) გავიხდით სამაგალითოდ.

შეიძლება ითქვას, რომ ერის ფსიქოლოგიური გადაღლის მიმანიშნებელია ე.წ „ქართველი ლიბერალების“ სიმრავლე. ვფიქრობ, ეს მოვლენა („ქართველი ლიბერალების“ სიმრავლე) გასააზრებელია, როგორც ჩვენი სიცოცხლის დაღლის სიმპტომი. ანუ, საქართველო ქართველისთვის იქცა მარადიული ჩაგვრის, წაგების, უშუქობისა და უბედურობის არაცნობიერ სიმბოლოდ; ამ დროს კი საზღვრების გახსნამ, ციფრულმა რევოლუციამ, გლობალიზაციამ, „თავისუფლებებმა“ (სექსუალურმა თუ სხვა ტიპის) იოლად შემოგვთავაზა ალტერნატიული ლოგიკები, იდენტობები, რომლებსაც იოლად მოვარევინეთ თავი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიკითხოთ: სადაა გამოსავალი? გამოსავალი ინდივიდების განვითარებისა და თვითგადალახვასთან ერთად, ეროვნულ ინტერესებზე მზრუნავ ლიდერში შეიძლება ვეძებოთ, რომელიც იქნებოდა გამაერთიანებელი და ამსახველი იმ დაგროვილი ბოღმისა და განდევნილი სურვილებისა, რაც დღეს ქართველთა არაცნობიერში ჩაბეჭდილა, ეკონომიკური ჩაგვრისა და კულტურის დეგრადაციის გამო; ანუ ისეთ ლიდერში, რომელიც უპირველეს ყოვლისა, აღადგენს იმ სასიცოცხლოდ აუცილებელ ილუზიას, რასაც ჯგუფის სიძლიერის რწმენა ჰქვია.

შენიშვნები:

[1] https://www.staff.uni-giessen.de/~g807/text1.pdf  ციტატის დასაწყისი: Wie der Römer

[2] https://www.staff.uni-giessen.de/~g807/text1.pdf ციტატის დასაწყისი: Lehren vom souverainen

[3] https://www.staff.uni-giessen.de/~g807/text1.pdf ციტატის დასაწყისი: Der Baum fühlt

Share on Facebook80Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.