ოთარ ჭულუხაძე: ნიცშე, როგორც აღმზრდელი

Share on Facebook76Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

Untitled

► ავტორი: ოთარ ჭულუხაძე

►ოთარ ჭულუხაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ფილოსოფიის განხრით. მას ეკუთვნის ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალან უოტსის წიგნის – “აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა” – ქართული თარგმანი. 

► ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა წერილები

© European.ge

ნიცშეს ჩაქუჩი და პოლიტიკოსები

ჩაქუჩი ნიცშეს მეტაფორაა, რომელიც აღწერს მისი ფილოსოფიის კრიტიკულ, დამამსხვრეველ, გამანადგურებელ ხასიათს. ჩაქუჩი მეტაფორაა იმისა, რომ ნიცშე ებრძოდა მისთვის მიუღებელ ფილოსოფოთა შეხედულებებს. როგორია ამ ჩაქუჩის, ე.ი იდეურ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის იარაღის მოქმედების ალგორითმი?

მაგალითად კანტის კრიტიკისას, ნიცშე არ ამბობს, კანტს ვეთანხმები „ა“, „ბ“, „გ“ პუნქტში, ხოლო არ ვეთანხმები „დ“, „ე“, „ვ“ პუნქტშიო. ასეთი მსჯელობა იქნებოდა დამახასიათებელი ლოგიკოსისთვის და არა სიცოცხლის ფილოსოფოსისთვის. როდესაც სიცოცხლის ფილოსოფოსი არ ეთანხმება რაიმე შეხედულებათა სისტემას, ის ირჩევს მასში მიუღებელ მომენტებს და უტევს მათ – იდეურად, სტილით, აქცენტირებით. ამით იგი ცდილობს მოარყიოს, ან სრულად გაანადგუროს ეს სისტემა – მისი „დადებითი“ მხარისათვის ყურადღების მიქცევის გარეშე. სწორედ შეტევის ამგვარ ალგორითმში ვლინდება სიცოცხლის ერთი კონკრეტული ფორმა, რომელსაც სურს დაამარცხოს და დაჯაბნოს მეორე; სადაც კი ეს შესაძლებელია, მას არ სურს იმსჯელოს ისე, როგორც ამას ლოგიკის სახელმძღვანელოები გვარიგებენ. ის მოწინააღმდეგის ყველა ელემენტს კი არ იღებს მხედველობაში (ან თუ იღებს, მხოლოდ, როგორც უმნიშნელო რამეს, რომელიც მეტოქის ნაკლოვანებებზე აქცენტირებით უნდა გადაიფაროს), არამედ  სამიზნეში ამოიღებს გასანადგურებელ ნაწილებს და სრული ზეწოლით, მთელი იდეური თუ სტილისტური არსენალით უტევს მათ. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სწორედ ასე იქცევიან პოლიტიკოსები, რომლებიც ძალაუფლების ნებით აღტკინებულნი, არად დაგიდევენ „ობიექტურობას“ და მეტოქის მსჯელობის ყველა პუნქტის გააზრების „წმინდა ლოგიკურ“ საჭიროებას. ისინი მოქმედებენ პრინციპით: მეტოქის ძლიერ მხარეებზე რაც შეიძლება ნაკლები საუბარი და რაც შეიძლება მეტი კრიტიკა. გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკური სფერო სიცოცხლის ყველაზე უშუალო გამოვლინებაა. თუმცა, ცხადია, აუდიტორია, რომელიც პოლიტიკოსს ჰაერივით ჭირდება, ლოგიკური განსჯის უნარით არის შეიარაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსის ხელოვნებაა – ერთის მხრივ, შეინარჩუნოს ზემოთაღწერილი მიდგომა ოპონენტთა მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, არ გადაეშვას ფაქტების იაფფასიან ფაბრიკაციაში და მსჯელობის გამართულობას ტექნიკურად შეუთავსოს საკუთარი ინტერესის პირველადობა.

ინტერპრეტაციები ნიცშეს შესახებ

საინტერესოა, რომ ყველა მოძღვრებაშია ერთგვარი იდეური იარაღი, რომელსაც ამავე მოძღვრების წინააღმდეგ შეატრიალებენ ხოლმე. ნიცშეს, ამ ყველაზე არათანადროულ ფილოსოფოსს, მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღი – ინტერპრეტაცია – მისსავე საწინააღმდეგოდ შემოუტრიალეს.

ნაციონალ-სოციალისტებმა, რომლებმაც ვიწრო ნაციონალისტური სათვალით წაიკითხეს ნიცშეს ტექსტები და მისი ინტერპრეტაცია ანტისემიტიზმის ხაზით მოახდინეს, სწორედ ის გააკეთეს, რაც ზემოთ აღვწერეთ, ე.ი მათ ნიცშეს ფილოსოფიის ყველა მომენტზე არ გაამახვილეს ყურადღება, არამედ მხოლოდ იმაზე, რაც მათ იდეოლოგიას აწყობდა. მაგალითად, მათ არ წაიკითხეს ნიცშეს მოძღვრების ის ნაწილები, სადაც იგი ანტისემიტიზმისადმი ღია ზიზღს გამოხატავდა – შედეგად, მათ ნიცშეს ტექსტების ჰეროიკულ-მილიტარისტული პათოსი გერმანული ნაციონალიზმის სამსახურში ჩააყენეს, რომელსაც თავად ნიცშე ასევე ღიად გმობდა.

ზოგიერთმა ნიცშე ნიჰილისტადაც შერაცხა. არადა, მისი ფილოსოფია იმ ნიჰილიზმთან ბრძოლა უფროა, რომელიც ევროპულ კულტურაში მიღმური ღმერთის იდეამ და შემდეგ, უკვე ამავე ღმერთისა და ზოგადად, მიღმურობის იდეის უარყოფამ გამოიწვია. ნიცშეს ფილოსოფია არის ნიჰილიზმის გადალახვისა და სიცოცხლის მტკიცების ფილოსოფია, ხოლო მისი ცალსახა რელატივისტად მონათვლა ისეთივე უაზრობაა, როგორც მისი ვითომდა ანტისემიტობა. ნიცშე ამბობს, რომ არ არსებობს ყოვლისმომცველი ჭეშმარიტება და ყველაფერი დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს, გვამარაგებს ინტერპრეტაციათა ბადით, რანგების ერთგვარი ტაბულით, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამ რანგების ტაბულაში სიცოცხლის მტკიცება ყველაფერს აღემატება. შესაბამისად, ნიცშე მოგვიწოდებს ვერიდოთ დეკადენტურ მდგომარეობას, ან თუ მასში მაინც აღმოვჩნდებით, ამოვიცნოთ ის, შევაფასოთ ასეთად და დავუქვემდებაროთ ჩვენს სასიცოცხლო ინსტინქტებსა და ჩვენსავე გაძლიერებას.

ქრისტე თუ ქრისტიანობა

ზოგადად, ვისაც ნიცშეს ტექსტები გულდასმით წაუკითხავს, აუცილებლად აღმოაჩენდა ორაზროვნებას მის ქრისტესადმი მიმართებაში. ერთის მხრივ, ის ქრისტეს იმ მახარობლად მიიჩნევს, რომლის მოძღვრებაც შემდეგ პავლემ დაამახინჯა;  საკმაოდ „დადებით კონტექსტში“ მოიხსენიებს ქრისტეს, თუმცა, მთელ რიგ პასაჟებში, არ ერიდება მისი, როგორც დაბალი ფენის წარმომადგენლის კრიტიკას და უხეშ გამონათქვამებსაც კი იყენებს.

ნიცშეს ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ ნაწარმოებში, „ანტი-ქრისტე“ – კრიტიკის დიდი ნაწილი მიმართულია არა იმდენად ქრისტესაკენ, არამედ ქრისტიანობისკენ, როგორც ადამიანში სასიცოცხლო ენერგიების დამრთგუნველი მოძღვრებისა და პრაქტიკის წინააღმდეგ. სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო ნიცშეს წაკითხვა და არც ნიცშესა და ქრისტეს სწავლებებს შორის მსგავსებებია დასავიწყებელი. ქრისტესთან გვაქვს: როდესაც ერთი კაცი ნათდება, ხარობს ცათა სასუფეველი; ნიცშესთან კი ვხვდებით კაცობრიობაზე ხელის ჩაქნევას და ინდივიდის თვითგადალახვასა და განვითარების პათოსზე აქცენტირებას; მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, ასევე, სტილი, რომელსაც ნიცშე იყენებს და რომელიც ქრისტეს საუბარს  მოგვაგონებს: მიმართვები მომავალში, ქადაგის პათოსი, მოწაფეებთან მუდმივი კომუნიკაცია და ასე შემდეგ. ჩნდება კითხვა: რატომ ჰქვია ტექსტს „ანტი-ქრისტე“ და არა „ანტი-ქრისტიანობა“?

ნიცშე, როგორც აღმზრდელი

მოკლედ ჩამოვაყალიბოთ, რა შეიძლება გვასწავლოს ნიცშემ. უპირველეს ყოვლისა, ესაა ჰორიზონტის, საზღვრების მნიშვნელობა. ადამიანს მთელ რიგ ცხოვრებისეულ ასპექტებში ესაჭიროება თვითშეზღუდვა; ყველაფერს აქვს თავისი ჰორიზონტი, რომელშიც ცოცხალი არსება თავს შეიძლება ჯანსაღად გრძნობდეს; სწორედ ამ ჰორიზონტის მიღმა უნდა მოთავსდეს ყოველივე ის, რაც ცალკეული არსებისთვის თუ ჯგუფისთვის საზიანოა. შესაძლებელია გამოიყოს ის ფრაგმენტები ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც საზიანო შეიძლება გამოდგეს ადამიანის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის:

(1) იდეოლოგიზებული ინფორმაციის ნაკადის შემოდინების საწინააღმდეგოდ, აუცილებელია ის ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც მორალურად და მენტალურად არ წაგვლეკავს და ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ფსიქოლოგიურ მთლიანობას არ დაგვაკარგვინებს; ამ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს სწორედ ჰორიზონტის შემოზღუდვა და ინფორმაციის სიმრავლისადმი სელექციური, შერჩევითი მიდგომა; ე.ი ავარჩიოთ, რას და რატომ ვკითხულობთ და ვუყურებთ? მაგალითად, შესაძლებელია ფეისბუქიდან არასასურველი ინფორმაციის დამალვა, რაც ტვინის უშინაარსო გამაღიზიანებლებისგან დაცვის ერთ-ერთი კარგი ხერხია დღეს – ეს ნიშნავს, დავეხსნათ არასასურველ ინფორმაციას, რათა შევძლოთ განსჯის დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა, ცოდნისა და ხედვის გაფართოება, რაც „მეინსტრიმ“ თუ სოციალური მედიის დაუბალანსებელი მოხმარებით, გამორიცხული ხდება.

(2) ჰორიზონტის შემოზღუდვა საჭიროა ექსისტენციალურ შეკითხვათა წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის მნიშვნელობას, სიცოცხლის ღირებულებას უსვამს კითხვის ნიშანს. მაგალითად, თუ ადამიანი საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობას ან სხეულის ზომებს შეადარებს კოსმოსის ასაკსა და ზომებს, შესაძლებელია, მას გაუჩნდეს შეკითხვები: მთელი ეს ფილოსოფიები, მოძღვრებები, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში იკვებებოდა ადამიანის გონება, მხოლოდ ადამიანის ნუგეშისცემისკენ ხომ არ არის მოწოდებული? ისინი ხომ გეოცენტრული მსოფლხედვის ერთგვარი იდეური ზედნაშენია? კოსმიურად ხომ ჩვენ უმნიშვნელონი ვართ? 70-80 წლიანი ცხოვრება – მილიარდობით წლების წინააღმდეგ? რა არის ცხოვრების საზრისი? კოსმიური პერსპექტივიდან, რა მნიშვნელობა აქვს კაპიტალიზმი იქნება თუ სოციალიზმი? ამგვარი კითხვების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი ექსისტენციური სიმძიმის გასისხლხორცების შემთხვევაში, ადამიანს საგონებელში ჩააგდებს, ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ ჰორიზონტის შემოზღუდვაა; ანუ, ამ კითხვების „სიმძიმესთან“ ერთად თანაცხოვრება და მიუხედავად ამისა, სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება – თქმა იმისა, რომ  რაოდენ ხანმოლეც არ უნდა იყოს ჩემი ცხოვრება (ყველა ცალკეული არსების ცხოვრება ხანმოკლეა უსასრულობასთან შედარებით), ის მაინც ღირებულია; ცხოვრების ისე წარმართვა, რომ საკუთარი მოკვდავობა ცნობიერი დირიჟორი იყოს ჩვენი ცხოვრებისა (არაცნობიერი ხომ ისედაც არის). ამ შემთხვევაში, ჰორიზონტი გულისხმობს მომაკვდავის მსგავსად ცხოვრებას: იმაზე ნაკლებ ფიქრს, რა იქნება პლანეტაზე 40 000 წლის შემდეგ და იმაზე მეტ ფიქრს, თუ რა იქნება პლანეტაზე 100 წლის შემდეგ. ანუ ჩვენს ფსიქოსომატურ მექანიზმში არსებული ზრუნვის პრინციპის მომავალში მიმართვას სათანადო მასშტაბით, და ცხოვრების ამ მასშტაბის მიხედვით დაგეგმვას. თუ ერთგვარი დევიზის სახით შევაჯამებთ, ადამიანის არსებობა შესაძლოა უმნიშვნელო იყოს კოსმიური მასშტაბით, მაგრამ ჩვენთვის, ადამიანებისთვის ის  მნიშვნელოვანი და ღირებულია, ამიტომაც, ხელი უნდა შევუწყოთ მას.

დავიწყება

ნიცშე ხაზს უსვამს, რომ დავიწყება აუცილებელია სიცოცხლის ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის და ორ ფსიქოლოგიურ ტიპსაც გამოყოფს, რომელთაც ფილოსოფიური ხარისხი ენიჭებათ – ერთია ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიურად „ვერაფერს ინელებს“; მეორე კი ისაა, ვისაც ბევრი ცხოვრებისეული სირთულისა თუ ტრავმის  ფსიქოლოგიურად “‘მონელება” შეუძლია, მათ შორის უსამართლობისაც – იქნება ეს მის მიმართ ჩადენილი, თუ მის მიერ ჩადენილი. თუმცა ნიცშე ხაზს უსვამს, რომ დავიწყების უნარის გამუდმებული ფუნქციონირება არაა სასურველი: უნდა ვიცოდეთ, როდის გვახსოვდეს და როდის ვივიწყებდეთ.

დავიწყების ფენომენში შეგვიძლია გამოვყოთ ორი ტიპი. პირველია „კარგი“ დავიწყება, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია და „ცუდი“ დავიწყება, რომელიც სასიცოცხლოდ საზიანოა. პირველ შემთხვევაში, სასიცოცხლო ძალებისათვის საზიანო ასპექტები განიდევნება ცნობიერებიდან, მეორე შემთხვევაში კი – პირიქით, დავიწყებულია ის, რაც სიცოცხლისთვის სასარგებლოა. პირველის მაგალითია გადატანილი უბედურების გადაფასება, მისგან მიღებული ფსიქოლოგიური კვალის ცნობიერებაში ინტეგრირება და მსგავსი უბედურების კვლავ გამეორების თავიდან აცილებისაკენ ორიენტაცია; მეორეს მაგალითი კი საკუთარი სიძლიერისა და პოტენციის დავიწყებაა (როგორც ინდივიდის, ისე ჯგუფის შემთხვევაში); ასევე, წარსული გამოცდილებისაგან  სასარგებლო დასკვნების ვერ გამოტანა და ა.შ.

შეფასების სამშრიანი სისტემა

ნიცშე გვამარაგებს ხედვით, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს : 1) ქმედებას, 2) ამ ქმედების განმაპირობებელ განზრახვას და 3) ამ განზრახვის განმაპირობებელ სულიერ მდგომარეობას, რომელიც უნდა შეფასდეს ან სიცოცხლის უარმყოფელად და დეკადენტურად, ანდაც სიცოცხლისა და ძალის გამამყარებლად. ანუ, მოქმედების შეფასებისას, ნიცშესთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად მოტივი, არამედ მოტივის გამომწვევი სასიცოცხლო მდგომარეობა – ერთგვარი სასიცოცხლო ფონი მოტივის მიღმა: რატომ მსურს ასე და არა სხვაგვარად? იმიტომ, რომ სიცოცხლისგან დაღლილი ვარ, თუ იმიტომ, რომ სიცოცხლით აღსავსე ვარ?

სწორედ ამ თვალსაზრისს ემყარება ნიცშეს კიდევ ერთი ხედვა: მორალი, როგორც ფსიქოლოგიური სიმპტომატოლოგია. ნებისმიერი მორალი, შეხედულებათა სისტემა, საგნებისათვის თუ მოვლენებისათვის „კარგი“-ს ან „ცუდი“-ს იარლიყის მიკერება წარმოადგენს ამ მესამე შრის (ე.ი ქმედების მოტივაციის სასიცოცხლო ფონის) როგორობის გამოხატულებას და სწორედ ამ ფონის მიხედვით განირჩევიან, ნიცშეს მიხედვით კულტურები – დეკადენტურად და სიცოცხლის მამტკიცებლად.

გენეალოგია

იდეალების წარმომავლობის კვლევა, ე.ი გენეალოგია. ნიცშე გვეკითხება, რა ალგორითმებით წარმოიშობა ესა თუ ის იდეალები? რა ადამიანური აფექტები, ინსტინქტები და მოთხოვნილებები ქმნიან იდეალებს? სიცოცხლის როგორ ტიპს – აღმავალს თუ დეკადენტურს – ამტკიცებს ისინი?

„რასაც აქვს დეფინიცია, არ აქვს ისტორია“

ნიცშეს ამ ნათქვამში მთელი მისი ფილოსოფიის სულია გადმოცემული – სული ქმნადობის ფილოსოფიისა. მართლაც, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ საგანი (მაგ: ლურსმანი), რომელიც თავისი ისტორიის მანძილზე დიდად არ იცვლებოდა. თუმცა, შეგვიძლია კი განვსაზღვროთ, მაგალითად, სიკეთე ან ჭეშმარიტება? მათი მყარი განსაზღვრება, დეფინიცია შეუძლებელია: 1) კულტურათაშორისი განსხვავებების გამო, 2) მათი არასაგნობრიობის გამო, 3) მათში ადამიანური აფექტების არსებობის გამო. შეგვიძლია ვიკითხოთ: განა არასაგნობრივს არ მიესადაგება დეფინიცია? მაგალითად კაპიტალიზმს, რომელიც ურთიერთობათა გარკვეული ტიპის სტრუქტურაა და ა.შ, თუმცა მისი დეფინიცია შესაძლებელია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მსჯელობის სუბიექტი არ ივიწყებს ცვალებადობისა და ქმნადობის ცნებებს, ე.ი აღიარებს ცვალებადობას, როგორც პრინციპს და არ განსაზღვრავს მას საბოლოოდ – ანუ იმ მომენტში, როდესაც ის მზადაა „ღია სისტემაში“ აზროვნებისთვის (ისტორია სწორედ ამგვარი ღია სისტემაა) და როდესაც მისთვის უცხოა „ჩაკეტილი“ აზროვნება; სწორედ აქედან მომდინარეობს ცნობილი განსხვავება ზუსტსა და მკაცრს (ცნებებს) შორის. ზუსტი, როგორც მათემატიკური, ხოლო მკაცრი, როგორც სოციოლოგიური აბსტრაქცია –  ეს უკანასკნელი, მზად არის ღიაობისთვის, ან თუ ამას ისტორიული პრაქტიკა მოითხოვს, სულაც სიტყვათხმარებიდან ამოღებისთვისაც.

პოზიტიური და ნეგატიური თავისუფლება

ნიცშე გამოყოფდა ნეგატიურ და პოზიტიურ თავისუფლებას. ნეგატიურში იგულისხმება რაღაცისგან თავისუფლება; ხოლო პოზიტიურში – რაღაცისთვის თავისუფლება. ის მეორეს ანიჭებდა უპირატესობას და ფიქრობდა, რომ სწორედ პირველი ტიპის თავისუფლებაზე შეჩერება და უმიზნოდ ცხოვრება გამოიწვევდა „უკანასკნელი ადამიანის“ ტიპის დაფუძნებას, ანუ ადამიანის ტიპისა, რომელიც მართალია, თავისუფალია ავტორიტარული რეჟიმისგან, ეკონომიკური წნეხისგან და ასე შემდეგ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მის ცხოვრებას უმიზნობა გასდევს ფონად. ნეგატიურ თავისუფლებას უფრო მეტად აქვს „ობიექტური“, „სოციალური“ მნიშვნელობა, პოზიტიურს კი უფრო მეტად „ინდივიდუალური“, „იდეალისტური“.

რა დამოკიდებულებები შეგვიძლია გამოვყოთ ნეგატიურსა და პოზიტიურ თავისუფლებებს შორის? როგორია მათი ურთიერთმიმართება?

უპირველეს ყოვლისა, რასაც ისტორიული პრაქტიკა თუ ინდივიდუალური გამოცდილება გვიჩვენებს, მდგომარეობს იმაში, რომ ნეგატიური თავისუფლების მიღწევის შემდეგ (მაგალითად, ავტორიტარული რეჟიმისგან განთავისუფლების შემდეგ) დგება ერთგვარი „ბუფერული“ სტადია, როდესაც ადამიანს ეუფლება უმიზნობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ აქამდე ადამიანის მთელი ფსიქოლოგიური სტრუქტურა მიმართული იყო ამ ნეგატიური თავისუფლების მიღწევისკენ, ხოლო ამ თავისუფლების მიღწევის შემდეგ, ჩნდება ერთგვარი სიცარიელე, როდესაც მოხსნილი ბორკილის ადგილები ტკივილისგან კვლავ ფეთქავს, ხოლო „უფრო ამაღლებული“ მიზნის დასახვა და სხეულის (იქნება ეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური, სოციალური სხეული) მისკენ ორიენტაცია ჭირს. ვფიქრობ, სწორედ ასეთ ბუფერულ მდგომარეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ სააკაშვილის რეჟიმის შემდგომი პერიოდის საქართველო, როდესაც ავტორიტარული რეჟიმის მოშორების შემდეგ, საზოგადოებას უჭირს იდეალების შობა და საკუთარ თავს ჯერ კიდევ წინა რეჟიმთან მიმართებით აფიქსირებს. ანუ, თუ ხატოვნად ვიტყვით, ნეგატიურ პოზიტიურ თავისუფლებებს შორის არსებობს ერთგვარი „ხიდი“, რომლის გადალახვის სისწრაფეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად დაფუძნდება იდეალები, რომელიც „პოზიტიურ თავისუფლებაში“ შეიძლება მოიაზრებოდეს: მაგალითად, ინდივიდის ინტელექტუალური სრულყოფა, სამყაროსგან ისეთი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც თვითგადარჩენის რეჟიმის მიღმაა და ა.შ.

საგულისხმოა, რომ „ნეგატიურ თავისუფლებასა“ და „პოზიტიურ თავისუფლებას“ შორის არ არსებობს მკვეთრი გამიჯვნა და მათ ურთიერთგადაკვეთის გარკვეული სივრცეები გააჩნიათ. შეგვიძლია ერთმანეთისგან გამოვყოთ ნეგატიური თავისუფლების ოთხი სხვადასხვა შრე და ვთქვათ, თუ რამდენად უწყობს ხელს თითოეული მათგანი პოზიტიურ თავისუფლებას. ჩამოვთვალოთ სოციალური ვითარებები, რომლებიც ამ ოთხ შრეს შეიძლება შეესაბამებოდეს.

(1) სრული ხელშეშლა: მაგალითად, ნეგატიური თავისუფლების ერთ-ერთი კონკრეტული სახე შეიძლება იყოს თავისუფლება აუშვიცისგან, ჰოლოდომორისგან ან მსგავსი ტიპის სოციალური ვითარებებისგან. საჭიროა თუ არა მათგან თავისუფლება ადამიანის პოზიტიური თავისუფლებისთვის? ცხადია, საჭიროა. ვერავითარ „სულიერ გასხივოსნებაზე“ ადამიანი ვერ იფიქრებს, როდესაც „ობიექტური მიზეზების გამო“ მას უწევს საკუთარი თანამოძმის ჭამა ან გაზის კამერაში ჯგუფური სიკვდილის ლოდინი. არსებობს პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ასეთ დამამცირებელ შემთხვევაშიც კი, შენ ხარ თავისუფალი და შეგიძლია აირჩიო, შეჭამო ან არ შეჭამო შენი თანამოძმე; თუმცა, ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიმშილის ზომამდე ადამიანის მიყვანა და იმ არჩევანის წინაშე დაყენება, შეჭამოს თუ არა თავისი თანამოძმე, უკვე გულისხმობს მის არათავისუფლებას. შესაბამისად, დასახელებული ვითარებები მოვლენათა ისეთ რიგს განეკუთვნება, რომელთაგან თავისუფლება (ე.ი ნეგატიური თავისუფლება) აუცილებელია პოზიტიური თავისუფლებისთვის.

(2) უდიდესი ხელშეშლა: მოვიყვანოთ ნეგატიური თავისუფლების ნაკლებად მძიმე მაგალითები, როგორიცაა, მაგალითად, თავისუფლება ჭარბვალიანობისგან და თავისუფლება რვა საათიანი სამუშაო დღისგან. უშლის თუ არა ჭარბვალიანობა და რვასაათიანი სამუშაო დღე ხელს ადამიანის პოზიტიურ თავისუფლებას? ცხადია, უშლის. შესაძლოა, ეს ხელშეშლა ისეთი ფატალური არ იყოს, როგორც აუშვიცისა და ჰოლოდომორის შემთხვევები, მაგრამ ხელშეშლის დოზა მაინც საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაშიც, ამ ფაქტორებისაგან გათავისუფლება აუცილებელია.

(3) ნაწილობრივი ხელშეშლა: ზედმეტი კომფორტი, ანუ ვითარება, როდესაც ადამიანი სიდუხჭირეში კი არა, ფუფუნებაში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში ხელშეშლა ნაკლებად მძიმეა, რადგან ის განპირობებულია არა სასიკვდილო ვითარებით ან უქონლობით (როგორც ეს წინა ორ შემთხვევაშია), არამედ საგნებზე დამოკიდებულებით, ფუფუნებას დამონებით. ეს კატეგორია მოიცავს ადამიანის საჭიროებათა უზრუნველყოფას, თუმცა ასეთ შემთხვევაში ჩნდება რისკი, რომ ადამიანი დაემონება საგნებს და სავსებით არ იფიქრებს „პოზიტიურ თავისუფლებაზე“, არამედ, მხოლოდ დატკბება „ნეგატიური თავისუფლებით“. ცხადია, ეს ვითარება დღევანდელ კაპიტალისტურ სისტემას და მის კონსიუმერისტულ, სამომხმარებლო სულს შეეფერება. ფუფუნებისგან თავისუფლება სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი „პოზიტიური თავისუფლებისთვის“. ადამიანს შეუძლია ფუფუნებას არ მიეჯაჭვოს და უზრუნველყოფილი თვითგადარჩენა „პოზიტიური თავისუფლების“ სამსახურში ჩააყენოს.

(4) იდეალური ბალანსი – როგორი შეიძლება იყოს ის საზოგადოებრივი პირობები, რომელიც იდეალურად მოარგებდა ნეგატიურ თავისუფლებას პოზიტიურს? ასეთად შეგვიძლია, მივიჩნიოთ მძიმე სამუშაო დღისგან თავისუფლება, 5-6 საათიანი სამუშაო დღე, საზოგადოების მხრიდან ინვესტიციის ჩადება ადამიანის სულიერ განვითარებაში და ასე შემდეგ.

აქ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნეგატიური თავისუფლება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა პოზიტიური თავისუფლებისთვის, ადამიანის ინდივიდუალური სრულყოფისთვის. შესაძლოა ადამიანი ეკონომიკურ სიდუხჭირეში არ ცხოვრობდეს და არც ავტორიტარული რეჟიმი იმეტებს მას  სიკვდილისა და თანამოძმის ჭამისათვის, მაგრამ მას არ ჰქონდეს „პოზიტიური თავისუფლებისკენ“ მიდრეკილება. საჭიროა ადამიანის ძალისხმევა და მზაობა იმისთვის, რომ „პოზიტიურ თავისუფლებას“ მიეგებოს. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა, ადამიანი არ ცხოვრობდეს ფუფუნებაში, მაგრამ „პოზიტიურ თავისუფლებასთან“ წილნაყრობის მეტ ხარისხს ავლენდეს, თუმცა, არსებობს უკიდურესი საზოგადოებრივი ვითარებები (მაგალითად, აუშვიცი და ჰოლოდომორი), რომლებშიც „პოზიტიურ თავისუფლებაზე“ საუბარი ზედმეტია.

მეოცე საუკუნე

დავუბრუნდეთ ნიცშეს: ხშირად მეოცე საუკუნეს ნიცშეს საუკუნეს უწოდებენ. რა არის ამის მიზეზი?

(1) ნიცშე, როგორც ფსიქოანალიზის ფილოსოფიური მამა – ნიცშეს ფილოსოფიის უმთავრესი ალგორითმი ფსიქოტიპთათვის ფილოსოფიური ხარისხის მინიჭებაა. მას აინტერესებს არაცნობიერი და მასში მიმდინარე პროცესები. მისთვის ემოციისა და გონების გამიჯვნა უცხოა; ხოლო რაციონალიზმის მისეული კრიტიკა ეფუძნება რაციონალისტების მხრიდან არაცნობიერისადმი და მასში არსებული პრინციპებისადმი არასათანადო  და არასიღრმისეულ ყურადღებას. ნიცშეს მხრიდან ფსიქოტიპების კულტურული განვრცობა (მაგ: ებრაელი ქურუმის ტიპი და ამ ქურუმის როლი რესენტიმენტის გადამისამართებაში) მისი ფილოსოფიის „ფსიქოლოგიურ“ შეფერილობას ხდის ნათელს.

(2) ნაციონალ-სოციალიზმის განჭვრეტა – მეცხრამეტე საუკუნის გერმანელებში გამძაფრებულ ანტისემიტიზმს, რომელსაც დიდწილად ჰქონდა გერმანულ ნაციონალიზმთან კავშირი, ნიცშე საფრთხის შემცველად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ მისი განვითარება უდიდესი ნგრევის მომტანი იქნებოდა.

(3) მუშათა მოძრაობის განმათავისუფლებელ პათოსში ეჭვის შეტანა – მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პერსპექტივიდან, ნიცშეს მოსაზრებების წაკითხვა მუშათა შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნოა და უამრავ შედავებას შეიძლება იწვევდეს, ერთ რამეში ის ალბათ, მართალი იყო: ჭეშმარიტებაში დარწმუნებული ნახევრადგანათლებულობა (მაგალითად, ბოლშევიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი) უდიდესი დამანგრეველი ეფექტის გამომწვევია; ხოლო მუშათა კლასისაგან, როგორც ჩაგრული ჯგუფისგან, არ შეიძლება პლანეტაზე აპრიორულად „სამოთხის“ დაფუძნებას მოველოდეთ.

(4) არა-ისტორიზმი – ნიცშე ისტორიზმის კულტს გმობდა და მისადმი ბრმა მსახურების გავრცელებაში ადანაშაულებდა ჰეგელს. როგორც მეოცე საუკუნემ აჩვენა, ისტორიისთვის დეტერმინისტული ხასიათის მინიჭება და რომელიმე სოციალური კლასის მეშვეობით, ამ დეტერმინიზმის საბოლოო ეტაპის დაფუძნება არ აღმოჩნდა მართებული.

(5) ღმერთის სიკვდილთან დაკავშირებული რყევები – ნიცშემ დიდებულად განჭვრიტა ღმერთის სიკვდილთან დაკავშირებული რყევები, რომელიც ადამიანს შეაწუხებდა და რომელიც მას დიდი იდეოლოგიებისათვის მოწყვლადს გახდიდა. თუ ისევ ფსიქოანალიზს დავუბრუნდებით, ნიცშეს ფილოსოფიის ეს ასპექტი უთუოდ უნდა ყოფილიყო ფროიდის შთაგონების ერთ-ერთი წყარო; ფროიდისა, რომლის სწავლების ერთ-ერთი ღერძს სწორედ შვილების მხრიდან მამის წინააღმდეგ მიმართული ჯანყი წარმოადგენს.

კონფორმიზმი

ნიცშეს ერთ-ერთი საყვარელი საქმე იყო, ნებისმიერი მოვლენა გაერჩია სიცოცხლისთვის სარგებლისა და ზიანის შუქზე, ამიტომ, ურიგო არ იქნება, ამ ჭრილში, კონფორმიზმის (შემგუებლობის) შესახებ თუ ვიტყვით ორიოდ სიტყვას:

კაცობრიობის ყოველი ეპოქა და განსაკუთრებით მეოცე საუკუნე კონფორმიზმის სასიცოცხლო ფუნქციას ამოწმებს. კონფორმიზმი სიცოცხლის გაგრძელებისთვის – როგორც ჯგუფის, ისე ინდივიდისთვისაა აუცილებელი; უბრალოდ მასაც, როგორც სიცოცხლის ყველა სხვა ფუნქციას, საკუთარი საზღვრები აქვს, რომლის შიგნითაც ის დაშვებულია და რომლის შიგნითაც ის შეიძლება გამართულად ფუნქციონირებდეს. როდესაც ეს საზღვრები ვეღარ უზრუნველყოფს სიცოცხლის გაგრძელების აუცილებლობას, იღვიძებს საზოგადოებრივი ღელვა. ამის კარგი მაგალითია დღევანდელი საქართველო, რომლის საზოგადოების საბანკო სექტორისადმი შემგუებლობა შემდეგ მიმართებაში ვლინდება: „კი, გვჭამენ ბანკები; მაგრამ ჩვენს უახლოეს წარსულს ხომ ჯობს; სამაგიეროდ, ქვეყანაში მეტი მშვიდობაა, მაღაზიები სავსეა (ანუ სიცოცხლის გაგრძელებას ხელი ეწყობა), რეჟიმიც ნაკლებავტორიტარულია და ა.შ.“ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მრავალი უდიდესი პრობლემაა, მისთვის აუცილებელია დასვენება, კონფორმიზმი, თვალის დახუჭვა, რათა აღდგეს სასიცოცხლო ძალები, საზოგადოებრივმა ძალებმა აზროვნება გადააწყონ განსხვავებულ რეჟიმში. ჩვენს შემთხვევაში – გავიაზროთ საბანკო სისტემის როლი, გავაცნობიეროთ სისტემური ძალადობა, რომელიც ფარულ ფინანსურ მექანიზმებს იყენებს ჩვენს სამართავად და დასამორჩილებლად. შემგუებლობა, რომელსაც დღევანდელი საზოგადოება იჩენს, თანდათან ირღვევა და ჩნდება უკმაყოფილების კერებიც, თუმცა ეს ხდება მას შემდეგ, რაც ხსენებული პრობლემა „ყოველგვარ ზღვარს ცდება“, ანუ მაშინ, როცა შეგუება ნაკლებად სასარგებლო ხდება სიცოცხლის გაგრძლებისთვის და როცა ამ უსარგებლობას საზოგადოება ჯგუფურად აცნობიერებს. თავდაპირველად ჯგუფი, როგორც ერთობა, ამას არაცნობიერ დონეზე გრძნობს, თუმცა საჯარო სივრცეში ის მაინც რამდენიმე სოციალურად აქტიურ ჯგუფს გამოაქვს და მის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოთავსებას ცდილობს.

აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთი ასპექტზე, რომელიც აბრკოლებს კონფრომიზმის გადალახვას ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემის დროს. ვინაიდან კონფორმიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელია, ყოველ ცოცხალ არსებას სჭირდება შემგუებლობის გარკვეული დოზა, რათა ჯანსაღად ფუნქციონირებდეს. ამ აუცილებელ დოზაში არა მხოლოდ ის შედის, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგალითად, შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთებისას გადასვლა (რაშიც, ასევე, მარტივად შეგვიძლია დავინახოთ სიცოცხლის გაგრძელების აუცილებლობა), ელემენტარული ეთიკის დაცვა და ა.შ;  არამედ ის, რასაც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა მიმართ წაყრუება შეიძლება ვუწოდოთ, რაც ძველისძველ პრინციპში – „ჩათრევას ჩაყოლა სჯობს“ – გამოიხატება. წაყრუება ხორციელდება სარგებლისა და უსარგებლოს არაცნობიერი შეპირისპირებითა და შეფასებით, რის შედეგადაც ჯგუფი ირჩევს ბრძოლას ან შეგუებას, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ინსტინქტი ვერ განსაზღვრავს, როდის უნდა გამორთოს აუცილებელი კონფორმიზმის რეჟიმი და გადაერთოს ბრძოლაში. ამ შემთხვევაში, ის  ერთგვარად აუცილებელ კონფორმიზმს ( სიცოცხლის გაგრძელებისთვის აუცილებელს) ურევს არააუცილებელში (სიცოცხლისთვის საზიანოში); ე.ი კონფორმიზმის აუცილებელი დოზა გადაფარავს ბრძოლისთვის აუცილებელ იმპულსებს. სწორედ ასეთ დროს ხდება კულტურათა მოსპობა, ხალხის დამორჩილება და ა.შ. ამის მაგალითია შემთხვევები, როდესაც რომელიმე ჯგუფი საკუთარ სოციალურ სხეულში არსებული „მეხუთე კოლონისადმი“ გულგრილობას იჩენს, ვერ აფიქსირებს მას საკუთარი თავისთვის საზიანოდ; ასეთ შემთხვევაში კი ეს „მეხუთე კოლონა“ ზომაში იზრდება, ძლიერდება და ამ ჯგუფს სხვა უფრო დიდი ჯგუფის მორჩილებაში მოაქცევს.

კონფორმიზმზე მსჯელობისას, აუცილებელია აღინიშნოს ეგრეთწოდებულ ნონ-კონფორმისტთა საკითხი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ შავკანიანთა განთავისუფლების ისტორია. როგორი იყო მათი განთავისუფლების ალგორითმი? გარკვეული პერიოდის მანძილზე, ისინი იყვნენ მონურ მდგომარეობაში, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი გადარჩენას მაინც ახერხებდნენ – აუცილებელი კონფორმიზმი მუშაობდა და მონური პირობების მიუხედავად, კონკრეტული ჯგუფის სიცოცხლე გრძელდებოდა. ზოგადად, სამყაროს დიდად არ ანაღვლებს სიცოცხლის გაგრძელება მონურად მოხდება თუ ღირსეულად, ეს ჩვენ, ადამიანებს, ცნობიერ არსებებს შემოგვაქვს ღირებულებითი მიმართებები სამყაროში: „თავისუფლების ცნობიერება“, „ღირსეული ცხოვრების“ მოთხოვნილება. ისე კი, „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ ყოველთვის მხოლოდ გამონაკლისი იყო და არავითარ შემთხვევაში წესი, ერთგვარი ფარული იდეალი-გამონაკლისი, რომელსაც კაცობრიობა სიცოცხლის „უბრალო“ გაგრძელებიდან თანდათანობით გადაჰყავდა სიცოცხლის „ღირსეული“ გაგრძელების რეჟიმში. მთელ რიგ შემთხვევებში, „სახელოვანი სიკვდილი“ (ილია ჭავჭავაძის, განდის, მარტინ ლუთერ კინგის, იან ჰუსის) ამის მიღწევის საზღაური იყო.

დავუბრუნდეთ შავკანიანების საკითხს. ამ შემთხვევაში, შემდეგი რამ მოხდა: ღირსეულად ცხოვრების მოთხოვნილებამ საკუთარი თავი გააცნობიერა, როგორც სიცოცხლის გაგრძელების უკეთესმა წინაპირობამ, ჩაეშვა ქმნადობის დინებაში, დანერგა იდეალები და სოციალური ბრძოლის (ოფლისა და სისხლის) ათწლეულების შემდგომ, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში შაკვანიანთა განთავისუფლებას მიაღწია.

რატომ არის კონფორმიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელი? სამყაროს რა მოცემულობა განაპირობებს ამას.

  1. სხეული და სიცოცხლის იმპერატივი

სადაც სხეულია, იქვეა კონფორმიზმი. სხეული, რომელიც წარმავალია და გააჩნია თავდაცვის ფუნქცია, იძულებულია დაექვემდებაროს სიცოცხლის გაგრელების ბრძანებას ყველაფრის ფასად. სწორედ ეს განაპირობებს მაგალითად ე.წ ფუნქციონალურ ნიჰილიზმს, ანუ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ასრულებს საზოგადოებაში მის კუთვნილ ფუნქციას, საკუთარ თავს აიგივებს (იძულებით, იდეოლოგიურად) თავის ფუნქციასთან, თუმცა, ამავე დროს, მისი არაცნობიერი ნიჰილიზმითაა მოცული. ასეთ დროს, ადამიანი სამყაროსადმი არ აფიქსირებს სიცოცხლის მამტკიცებელ მიმართებას; მას სიცოცხლის ხალისი არ აქვს, მაგრამ მაინც ცოცხლობს; ასეთ მდგომარეობას კარგად გამოხატავს რუსული სიტყვა – доживать (ცხოვრების ჩამთავრება). სწორედ ის ფაქტი, რატომაც ის არ „ეცემა ბოლომდე“ და რატომაც доживает (ცხოვრებას ჩაამთავრებს), არის სიცოცხლის იმპერატივი. სიცოცხლის გაგრძელება არის ძალადობა ცალკეულზე. მართალია, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთია, მაგრამ ის მაინც არ „ეცემა ბოლომდე“ და ყველაფრის მიუხედავად, მაინც აგრძელებს ცხოვრებას. მაგალითად, რა აძლებინებს ადამიანს, თუ არა ეს არაცნობიერი, ყველაზე ძლიერი იმპერატივი, როდესაც ის დღეში თორმეტ საათს მუშაობს და ხელფასის სახით 200 ლარს იღებს? სიცოცხლე ყველაფრის ფასად – ასეთია წესი, ღირსეული სიცოცხლე – ასეთია გამონაკლისი.

კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც სიცოცხლის გაგრძელების იმპერატივის პირველადობას ავლენს, მშობლისა და შვილის ურთიერთობაა, ანუ ის ურთიერთმიმართებაა, რომელშიც სიცოცხლე მისი უმთავრესი კანონით – გაგრძელებით გამოდის. შვილი, როგორც სიცოცხლის გამაგრძელებელი, ძალადობს მშობელზე ისე, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ორივესთვის გაუცნობიერებელი რჩება, რადგან ძალადობა გადაფარულია მშობლის შვილისადმი და შვილის მშობლისადმი სიყვარულით. ამ დროს, მშობლის ინსტინქტი (რომლის ნამდვილი სახელიც სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტია) ამ ინსტინქტის მატარებელ კონკრეტულ ინდივიდს (მშობელს) მის საკუთარ ინტერესებს მეორე პლანზე გადააწევინებს, რითაც მასზე, როგორც ცალკეულ ადამიანზე, ძალადობს და აგრძნობინებს, რომ მისი შვილის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკანასკნელი „სიცოცხლის გამგრძელებელია“. ცხადია, ეს ფორმულა ერთგვაროვანი არ არის და ის თავისი ინტენსივობითა და ფუნქციონირების დროით განირჩევა. მაგალითად, ის მეტწილად აქტიურია გარდატეხის ასაკის დროს და იმ პერიოდში, როდესაც შვილი „ფეხზე უნდა დავაყენოთ“. ზოგიერთი ადამიანი მეტ-ნაკლებად ახერხებს ამ ძალადობის განეიტრალებას და თავის პირად, ინდივიდუალურ ინტერესებს მაინც ატარებს, თუმცა  შედეგად, არ აყოვნებს „ცუდი მშობლის“ იარლიყი შვილის მხრიდან, რომელიც, როგორც სიცოცხლის გამაგრძელებელი, მშობელი/შვილის მიმართებაში სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტს გამოხატავს, ანუ ჯგუფურის აუცილებელ ძალადობას ინდივიდზე. „ცუდ მშობელში“ სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტი (შვილის პირით გამოხატული) სხვა რაიმეს გულისხმობს: “მე, როგორც გვიან დაბადებული, სიცოცხლის გამგრძელებელი ვარ, სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ცალკეულზე, ანუ შენზე, შენ კი შენს თავსა და შენს კარიერაზე ფიქრობდი და მე სათანადო ყურადღებას არ მაქცევდი”. შვილი, როგორც სიცოცხლის გამაგრძელებელი, ყოველთვის უმადურია (მეტ-ნაკლებობით) მშობლის მიმართ, იმის მიუხედავად, თუ რამდენადაა მზრუნველი/არამზრუნველი ეს მშობელი და აგრეთვე, იმის მიუხედავად, თუ რამდენად ჰპოვებს შვილში არსებული ეს უმადურება გამოხატულებას კულტურის რაობის (მაგალითად, კულტურის პატრიარქალურობის) გამო. არცაა გასაკვირი, რომ ქალთა ემანსიპაციის თანამედროვე იდეა ოჯახის, როგორც ინსტიტუტის დაღმასვლას იდეურად გულისხმობს: მართლაც, თუ ვაღიარებთ, რომ „ქალის სხეული მისია“, მას შეუძლია უარი თქვას სიცოცხლის გაგრძელების იმპერატივზე და იმ ინსტიტუტზე, რომელიც ამ იმპერატივს ემსახურება.

2.  ცალკეული ყოველთვის სუსტია ჯგუფზე

ცალკეულის სისუსტე ჯგუფთან მიმართებაში, რაც სამყაროს წყობის გარდაუვალი  კანონია, სიცოცხლეში კონფორმიზმის აუცილებლობას ამტკიცებს. როგორც ცხოველთა ჯგუფს აქვს ერთი მთლიანი სული, რომელიც აიძულებს მათ თვითგადარჩენისთვის იყვნენ შემგუებლები, ასევეა ადამიანიც, რომლის ცნობიერება და ინდივიდუალობაც ზღვაში წვეთია ჯგუფურ ინსტინქტთან მიმართებაში.

3. პატარა უნდა ექვემდებარებოდეს დიდს 

პატარის დიდისადმი დაქვემდებარება სწორედ იმ კანონის ზოგადი სახეა, რომლითაც დიდი იმორჩილებს პატარას; ამ პატარას კი სჭირდება, შეძლოს სწრაფი ადაპტაცია, ჯგუფში გამოყოს ისეთი სეგმენტი, რომელიც დიდი ჯგუფის ელიტურ ნაწილთან მოაგვარებს მათი ჯგუფის სასიცოცხლო ინტერესებს.

ამ მხრივ, საქართველოს ისტორია მეტად სახასიათოა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ის ელიტები, რომლებიც უცხოელ “დამპყრობლებთან” საკუთარი ინტერესების გამო მიდიან მოლაპარაკებებზე, ცუდ სამსახურს გვიწევენ, სინამდვილეში კი პირიქითაა. ისინი ამით ერთგვარად ჯგუფის თვითგადარჩენას ემსახურებიან, თუმცა, როგორც ჩანს, აქ კვლავ თავს იჩენს ზემოთხსენებული გადარჩენისა და „ღირსეულად გადარჩენის“ დაპირისპირება. ელიტები დიდ უცხო სხეულთან ადაპტაციით ჯგუფს გადარჩენას სთავაზობენ, თუმცა ჯგუფის მთელ რიგ წევრებს სურთ არა გადარჩენა, არამედ „ღირსეული გადარჩენა“. მაგალითად, დღევანდელ საქართველოში „არასამთავრობოების“ კრიტიკა სწორედ „ღირსეულ გადარჩენას“ უკავშირდება – ეს პოზიცია დაახლოებით ასეთია: „კი – დიდია დასავლური ცივილიზაციის სხეული, მაგრამ მოდი, ყველაფერს „ნუ გადმოვიღებთ“ და მათ უბრალო მსახურებად ნუ ვიქცევით. გავატაროთ მეტი დამოუკიდებელი პოლიტიკა, შევიძინოთ მეტი გეოპოლიტიკური წონა“.

რომ შევაჯამოთ, არსებობს სიცოცხლის გაგრძელების უძლიერესი ინსტინქტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა კონფორმიზმი და გარემოსთან (თუნდაც უსასტიკესთან) შეგუება. თანდათანობით, კაცობრიობა აცნობიერებს ღირსეული ცხოვრების მოთხოვნილებას, ჩნდება თავისუფლების ცნობიერება, თუმცა ეს ცნობიერება მაინც დაკავშირებულია სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტთან, რადგან კაცობრიობა აცნობიერებს, რომ თვითგადარჩენის ტვირთი მსუბუქდება, კონფორმიზმს კი განაპირობებს სხეულის წარმავალობა, დიდისა და პატარის ასიმილაციის კანონი და ჯგუფის ინდივიდზე აღმატებულობის საწყისი კანონი.

Share on Facebook76Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.