ნეოლიბერალიზმი: ისტორია, რომელზეც დონალდ ტრამპის ტრიუმფი დგას

Share on Facebook140Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

56ca7e5d479bb28cab4b5051ea67dac3

►  ავტორი: ჯორჯ მონბიო – ბრიტანელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, ჟურნალ  The Guardian-ის ყოველკვირეული მესვეტე. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორისაა “დატყვევებული სახელმწიფო – ბრიტანეთის კორპორატიული შთანთქმა”, რომელიც  2000 წელს გამოიცა. 

► თარგმნა გიორგი ჭანტურიამ 

► სტატია პირველად გამოქვეყნდა The Guardian-ზე.

► ფოტო გარეკანზე: ინსტალაცია Renzo Martens-ის 2008 წლის  ფილმიდან “ისიამოვნე სიღარიბით”.

► მედია პლატფორმა მადლობას უხდის თარგმანის ავტორს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

© European.ge

 

როგორ მოკლა არჩევანი და დაანგრია ხალხის რწმენა პოლიტიკისადმი სუპერ-მდიდარ იდეოლოგთა დაუნდობელმა ქსელმა

მოვლენები, რომლებმაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი, 1975 წელს, ინგლისში დაიწყო, მარგარეტ ტეტჩერის კონსერვატიული პარტიის ლიდერად არჩევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. პარტიულ შეკრებაზე, ერთ-ერთი თანაპარტიელი მას საკუთარ შეხედულებას უზიარებდა იმის შესახებ, თუ რას თვლიდა კონსერვატული ღირებულებების ძირითად რწმენებად. ტეტჩერმა ჩანთიდან წიგნი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო. “ეს არის, რისიც გვწამს” – თქვა მან. ასე დაიწყო პოლიტიკური რევოლუცია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა.

ეს წიგნი იყო ფრიდრიხ ჰაიეკის “თავისუფლების კონსტიტუცია” (The Constitution of Liberty by F. Hayek). 1960 წელს გამოცემულმა ამ პუბლიკაციამ – გულახდილი ფილოსოფიიდან, პირდაპირი რეკეტის ფილოსოფიაზე გადასვლას დაუდო საფუძველი. ამ ფილოსოფიას ნეოლიბერალიზმი დაერქვა. ნეოლიბერალიზმი განსაზღვრავდა კონკურენციას, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობების უმთავრეს მახასიათებელს. ბაზარს ბუნებრივად უნდა განესაზღვრა გამარჯვებულებისა და დამარცხებულების იერარქია და შეექმნა ისეთი ეფექტური სისტემა, რომლის მსგავსიც ვერ შეიქმნებოდა დაგეგმარებით. ის, რაც წინააღმდეგობას შეუქმნიდა ამ პროცესს, იქნებოდა მაღალი გადასახადები, რეგულაციები, პროფკავშირების აქტივობები თუ სახელმწიფო უზრუნველყოფა, კონტრ-პროდუქტიულად გამოცხადდა. შეზღუდვებს მოკლებულ მეწარმეებს უნდა შეექმნათ სიმდიდრე, რომელიც ყველასთან გაჟონავდა (Trickle Down Economics ან Trickle Down Theory). ასე იყო ჩაფიქრებული თავიდან.

იმ დროისთვის, ნეოლიბერალიზმის თითოეული ასპექტი არ ითვალისწინებდა მულტიმილიონერების ინტერესებს და როგორც ჩანს, ჰაიეკმა გადაწყვიტა ამის “გამოსწორება”, რადგან მის მიერ შექმნილი ლობისტებისა და მოაზროვნეთა ქსელი მსუყედ ფინანსდებოდა მულტიმილიონერების მიერ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეს დოქტრინა მათ დემოკრატიისგან დაიცავდა.

ჰაიეკი წიგნს იწყებს თავისუფლების ყველაზე ვიწრო კონცეფციის განვითარებით: წინააღმდეგობების არარსებობით. ის უარყოფს ისეთ ცნებებს, როგორიცაა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, უნივერსალური უფლებები, ადამიანთა თავისუფლება და სიმდიდრის გადანაწილება – ყველა ცნებას, რომელიც ზღუდავს მდიდართა და გავლენიანთა ქცევას.

დემოკრატია არ არის “უცვლელი და აბსოლუტური სიდიდე”. სინამდვილეში, თავისუფლება დამოკიდებულია იმაზე, რომ დააზღვიოს უმრავლესობა გადაწყვეტილებებისგან, რომელიც პოლიტიკოსებმა და საზოგადოებებმა შეიძლება მიიღონ.

თავის მოსაზრებას ჰაიეკი ამართლებს ზედმეტი სიმდიდრის ჰეროიკული ნარატივით. მან ეკონომიკურ ელიტებს შეუთავსა ფულის ახლებური ხარჯვა ფილოსოფიისა და მეცნიერების პიონერებთან ერთად. როგორც პოლიტიკური ფილოსოფიაა თავისუფალი საკუთარი აზრის განვითარებაში, ასევე მდიდრები უნდა იყვნენ თავისუფალნი თავის ქმედებებში, საზოგადოებრივი აზრის და ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

ძალიან მდიდრები არიან “სკაუტები” – “ცხოვრების ახალი სტილის ექსპერიმენტებით”, რომლებსაც დანარჩენი საზოგადოება გაყვება. საზოგადოების პროგრესი დამოკიდებულია “დამოუკიდებელთა” თავისუფლებაზე, მოიგონ იმდენი, რამდენიც სურთ და დახარჯონ ისე, როგორც მათ სურთ. შესაბამისად, ყველაფერი რაც კარგია და სასარგებლო, დამოკიდებულია უთანასწორობაზე. კავშირი დამსახურებასა და ანაზღაურებას შორის – არ უნდა იყოს, დამსახურებულ და დაუმსახურებელ შემოსავალს შორის – არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს და  არავითარი შეზღუდვა იმის შესახებ, თუ რამხელა გადასახადს (რენტას) დაიწესებენ მდიდრები.

ჰაიეკის აზრით, მემკვიდრეობითი სიმდიდრე სოციალურად უფრო სასარგებლოა, ვიდრე დამსახურებული: “უზრუნველ მდიდრებს”, რომლებსაც ფულის გამომუშავებაზე არ აქვთ საზრუნავი, შეუძლიათ თავი მიუძღვნან “აზრებზე, შეხედულებებზე, გემოვნებასა და რწმენაზე” გავლენის მოხდენას. მაშინაც კი, როცა ისინი თითქოს უაზროდ ხარჯავენ ფულს, ისინი, სინამდვილეში, საზოგადოების ავანგარდს წარმოადგენენ.

ჰაიეკმა შეარბილა საკუთარი შეხედულება მონოპოლიებზე და გაამკაცრა აზრი პროფესიული კავშირების შესახებ. მან გააკრიტიკა პროგრესული გადასახადების სისტემა და სახელმწიფოს მცდელობა, გაეზარდა მოსახლეობის კეთილდღეობა. ჰაიეკი ამტკიცებდა, რომ საყოველთაო უფასო ჯანდაცვის წინააღმდეგ უამრავი არგუმენტი არსებობს და უარყოფითად აფასებდა ბუნებრივი რესურსების კონსერვაციას. ასეთი შეხედულებების მიმდევართათვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი ის, რომ ჰაიეკმა ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკაში.

იმ დროს, როცა ტეტჩერმა მაგიდაზე ჰაიეკის წიგნი დააგდო, ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს,  ჰაიეკის დოქტრინაზე მომუშავე მკვლევართა, ლობისტთა და მეცნიერთა დიდი ქსელი იყო ჩამოყალიბებული. ეს ქსელი უხვად ფინანსდებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისა და კომპანიების მიერ. მათ შორის იყვნენ დიუპონი (DuPont), ჯენერალ ელექთრიქი (General Electric), ლუდსახარში კომპანია კურსი (The Coors Brewing Company), ჩარლზ კოხი (Charles Koch), რიჩარდ მელონ სქეიფი (Richard Mellon Scaife), ლოურენს ფერთიგი (Lawrence Fertig), უილიამ ვოლქერის ფონდი (William Volker Fund) და ერჰართის ფონდი (Earhart Foundation). ფსიქოლოგიისა და ლინგვისტიკის გამოყენებით, მოაზროვნეთა ამ ჯგუფმა მოძებნა საჭირო სიტყვები და არგუმენტები, რათა ჰაიეკის ჰიმნი ელიტებისადმი –  რეალურ პოლიტიკურ პროგრამად ექცია.

ტეტჩერიზმი და რეიგანიზმი არ იყო იდეოლოგიები თავისთავად: ისინი ნეოლიბერალიზმის ორ სახეს წარმოადგენდა. მათ მიერ გადასახადების მასიური შეკვეცა, პროფესიული კავშირების განადგურება, საზოგადოებრივი ბინათმშენებლობის შემცირება, დერეგულაციები, პრივატიზაცია –  ყველაფერი ეს – ჰაიეკისა და მისი მოწაფეების მიერ იყო ჩამოყალიბებული. ამ ქსელის რეალური ტრიუმფი არა მემარჯვენეების დაპყრობა, არამედ იმ პარტიების კოლონიზაცია იყო, რომლებიც სწორედ იმის უკან იდგნენ, რასაც ჰაიეკი ასე ვერ იტანდა.

ბილ კლინტონს და ტონი ბლერს არ ქონიათ საკუთარი ნარატივი. მათ ჩათვალეს, რომ საკმარისი იყო აეღოთ რამდენიმე ელემენტი იქიდან, რისიც მათ პარტიას ერთ დროს სჯეროდა, დაემატებინათ ამისთვის რამდენიმე ელემენტი იქიდან, რისიც მათ ოპონენტებს სჯეროდათ და ამ შეუსაბამო კომბინაციით მიეღოთ “მესამე გზა”.

აშკარა იყო, რომ ნეოლიბერალიზმის ბრჭყვიალა აჯანყებული თვითდაჯერებულება მეტ მიზიდულობას გამოიწვევდა, ვიდრე სოციალ-დემოკრატიის მომაკვდავი ვარსკვლავი. ჰაიეკის ტრიუმფის ნიშნები იყო ყველგან, ბლერის მიერ კერძო ფინანსების ინიციატივების გაფართოვებიდან დაწყებული, კლინტონის მიერ ფინანსური სექტორის მარეგულირებელი გლას-სთიგალის აქტის გაუქმებით დამთავრებული. დროთა განმავლობაში, ბარაკ ობამაც, რომელსაც ასევე არ ქონდა საკუთარი ნარატივი (გარდა “იმედისა”), მათი გავლენის ქვეშ მოექცა – მათი, ვინც დარწმუნების ბერკეტებსა და საშუალებებს ფლობდა.

როგორც ჩემს 2016 წლის აპრილის გაფრთხილებაში დავწერე, შედეგი, სავარაუდოდ, ჯერ თავისუფლების, შემდეგ კი უფლებების დაკარგვა იქნება. თუ დომინანტი იდეოლოგია შეაჩერებს მთავრობებს სოციალურ შედეგებზე ზემოქმედებისგან, მაშინ მთავრობები ელექტორატის საჭიროებებზე რეაგირებას ვეღარ მოახდენენ. პოლიტიკა არარელევანტური ხდება ადამიანებთან მიმართებაში. დებატები დაიყვანება ადამიანებისგან/მოსახლეობისგან შორს მყოფი ელიტების მოთხოვნილებამდე; იწყება შემობრუნება ანტი-პოლიტიკისკენ, სადაც არგუმენტებს ცვლიან სლოგანები, სიმბოლოები და სენსაციები. კაცი, რომელმაც გაჭრა ჰილარი კლინტონის ბანქო პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში, არა დონალდ ტრამპი, არამედ საკუთარი მეუღლე – ბილ კლინტონი იყო.

პარადოქსია, რომ ნეოლიბერალიზის მიერ პოლიტიკური არჩევანის დამსხვრევამ სწორედ ისეთი ადამიანის აღზევება გამოიწვია, როგორსაც ჰაიეკი ეთაყვანებოდა. ტრამპი, რომელსაც არ გააჩნია თანმიმდევრული პოლიტიკა, არ წარმოადგენს კლასიკურ ნეოლიბერალს, მაგრამ ის არის იდეალური რეპრეზენტაცია ჰაიეკის “დამოუკიდებელისა”. ის არის მემკვიდრე –  მორალური შეზღუდვების გარეშე, რომლის შეხედულებებსაც შესაძლოა სხვებიც გაყვნენ. ნეოლიბერალი მოაზროვნეები ირევიან ამ ცარიელი ადამიანის გარშემო. ცარიელი ჭურჭელი ელოდება მათ, ვინც იცის რა უნდათ, რათა ის გაავსონ. სავარაუდო შედეგი დარჩენილი ღირებულებების დანგრევა იქნება, რომელიც გლობალური დათბობის შეჩერების პროგრამის გაუქმებით დაიწყება.

ისინი, ვინც ყვებიან ისტორიებს, მართავენ მსოფლიოს. პოლოტიკოსები დამარცხდნენ კონკურენტუნარიანი ნარატივის არარსებობის გამო. ახლა, მთავარი ამოცანა ახალი ისტრიის ჩამოყალიბებაა – თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი 21-ე საუკუნეში: ის საინტერესო უნდა იყოს როგორც ტრამპისა და UKIP-ის ამომრჩეველთათვის, ასევე კლინთონის, სანდერსისა და კორბინის ამომრჩეველთათვის.

ზოგიერთმა ჩვენგანმა დაიწყო ამაზე მუშაობა და შეუძლია განსაზღვროს, თუ რა უნდა იყოს დასაწყისი. მეტის სათქმელად, ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა ახალი ნარატივი იმის აღიარებას უნდა დაეყრდნოს, რომ ადამიანები, სხვა არსებებისგან განსხვავებით, საოცრად სოციალურები და საოცრად არაეგოისტები არიან. ატომებად დამშლელი, ეგოისტური ნეოლიბერალიზმი ებრძვის და ხელს უშლის სწორედ იმის განვითარებას, რაც ასე ბუნებრივია ადამიანის ბუნებისათვის.

ჰაიეკმა გვითხრა – თუ ვინ ვართ, მაგრამ ის არ იყო მართალი. ჩვენი პირველი ნაბიჯი ჩვენი ჰუმანურობის დაბრუნება უნდა იყოს.

Share on Facebook140Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.