ნეოლიბერალიზმი – იდეოლოგია, სადაც ჩვენი ყველა პრობლემის ფესვებია

Share on Facebook110Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

neoliberals► ავტორი: ჯორჯ მონბიო – ბრიტანელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, ჟურნალ  The Guardian-ის ყოველკვირეული მესვეტე. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორისაა “დატყვევებული სახელმწიფო – ბრიტანეთის კორპორატიული შთანთქმა”, რომელიც  2000 წელს გამოიცა. 

► სტატია პირველად გამოქვეყნდა The Guardians-ზე.
► გარეკანზე გამოყენებულია Evonomics-ის ფოტო.

► თარგმნა საბა ტლაშაძემ
►რედაქტორი: ალექსანდრა აროშვილი

►მედია-პლატფორმა მადლობას უხდის თარგმანის ავტორს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

© European.ge

წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა ხალხს არასდროს ჰქონოდა გაგონილი კომუნიზმი. იდეოლოგია, რომელიც დღეს დომინირებს ჩვენს ცხოვრებაში,  ჩვენი უმრავლესობისთვის, უსახელოა. ახსენეთ ის საუბრისას და გაოცდებით – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ტერმინი თქვენს მსმენელებს მანამდეც სმენიათ, ისინი შეგეწინააღმდეგებინ მის განსაზღვრებაში. ნეოლიბერალიზმი: იცით ეს რა არის?

მისი ანონიმურობა, ერთდროულად მისი ძალაუფლების სიმპტომიცაა და მიზეზიც. ნეოლიბერალიზმმა გადამწყვეტი როლი შეასრულა სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინო კრიზისებში, როგორიცაა: 2007-2008 წლებში, მოულოდნელი ფინანსური ვარდნა,  სიმდიდრისა და ძალაუფლების ოფშორიზაცია [1], რომლისთვისაც თვალი მხოლოდ Panama Papers-ზე გვაქვს მოკრული,  სახელმწიფო ჯანდაცვისა და განათლების ნელი კოლაფსი, ბავშვთა სიღარიბის დაბრუნება, მარტოობის ეპიდემია, ეკოსისტემის განადგურება და დონალდ ტრამპის აღმავლობა. ამ კრიზისებს ჩვენ ისე ვპასუხობთ, თითქოს ისინი იზოლაციურად წარმოიშვებიან – ვერ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული მათგანი კატალიზდება და მწვავდება ერთი და იგივე კოჰერენტული ფილოსოფიის მიერ – ფილოსოფიისა, რომელსაც აქვს ან ჰქონდა სახელი. რას შეიძლება ჰქონდეს იმაზე დიდი ძალაუფლება, ვიდრე უსახელოდ ფუნქციონირებას?

ასეთ ყოვლისმომცველ და ყველგან შეღწევად ნეოლიბერალიზმსაც კი, ჩვენ იშვიათად თუ ვაღიარებთ იდეოლოგიად. ჩვენ, როგორც ჩანს, ვეთანხმებით მტკიცებას, რომ ეს უტოპიური, ათასწლეულისათვის დამახასიათებელი რწმენა აღწერს ნეიტრალურ ძალას, ერთგვარ ბიოლოგიურ კანონს, დარვინის ევოლუციის თეორიის მსგავსად, თუმცა ფილოსოფია წარმოშობილია ცნობიერი მცდელობისაგან,  შეიცვალოს ადამიანის ცხოვრება და გადაადგილდეს ძალაუფლების წერტილი.

ნეოლიბერალიზმი კონკურენციას ადამიანური ურთიერთობების განმსაზღვრელ თვისებად სახავს. ის ხელახლა განსაზღვრავს მოქალაქეებს  მომხმარებლებად, რომელთა დემოკრატიული არჩევანი საუკეთესოდ რეალიზდება ყიდვა-გაყიდვის პროცესში,  სადაც ჯილდოვდება უნარიანობა და ისჯება უუნარობა. ნეოლიბერალიზმის მიხედვით, „ბაზარი“ ისეთ სარგებელს ქმნის,  რომლის მიღწევაც შეუძლებელია დაგეგმვით.

კონკურენციის ლიმიტირების მცდელობა თავისუფლების მტრობად მიიჩნევა. გადასახადები და რეგულაციები უნდა შემცირდეს, საჯარო სერვისები უნდა პრივატიზირდეს. სამუშაო ძალის ორგანიზება და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება პროფკავშირების მიერ, დახატულია ბაზრის სიმახინჯედ, რომელიც ხელს უშლის გამარჯვებულისა და დამარცხებულის ბუნებრივი იერარქიის ჩამოყალიბებას. უთანასწორობა შეფასებულია სათნოებად: სასარგებლო საქმის მკეთებელთა დაჯილდოვებად და სიმდიდრის გენერირებად, რომელიც ჩამოიჟონება ქვემოთ, რათა დანარჩენები გაამდიდროს. მცდელობა, შეიქმნას უფრო თანასწორი საზოგადოება – ერთდროულად კონტრპროდუქტიულიცაა და მორალურად მიუღებელიც –  ბაზარი უზრუნველყოფს, რომ ყველამ მიიღოს ის, რასაც დაიმსახურებს.

ჩვენ ინტერნალიზაციას ვუკეთებთ ამ კრედოს და ვახდენთ მის კვლავწარმოებას. მდიდრები არწმუნებენ საკუთარ თავს, რომ სიმდიდრეს დამსახურებულად იღებენ და უგულებელყოფენ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა განათლება, გარემო, კლასი – რაც მათ ამ ყველაფრის მიღწევაში შეიძლება დახმარებოდა. ღარიბები საკუთარ თავს აბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას მაშინაც კი, როცა საკუთარი გარემოს შესაცვლელად ძალზე მწირი შესაძლებლობები აქვთ.

არ აქვს მნიშვნელობა სტრუქტურულ უმუშევრობას: თუ არ გაქვს სამუშაო, ეს იმიტომ, რომ უინიციატივო ხარ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არაადეკვატურად ძვირია საცხოვრებელი: თუ შენი საკრედიტო ბარათი ფუნქციას კარგავს, ეს შენი უპასუხისმგებლობისა და უყურადღებობის ბრალია. არ აქვს მნიშვნელობა არც იმას, რომ თქვენს შვილებს არ აქვთ სკოლებში სათამაშო მოედნები: თუ ისინი გასუქდნენ, თქვენი ბრალია. კონკურენციით მართულ მსოფლიოში – ის, ვინც უკან რჩება -მიიჩნევა და განისაზღვრება უუნაროდ – საკუთარი თავის მიერაც კი.

საკუთარ წიგნში, სახელად “რაც შემეხება მე – იდენტობისათვის ბრძოლა ბაზარზე დაფუძნებულ საზოგადოებაში” (What About Me? – The Struggle For Identity In A Market-Based Society), პოლ ვერეგე აღწერს ამგვარი საზოგადოების შედეგებს, რომელთა შორისააა : თვითდაზიანების ეპიდემია,  კვებითი აშლილობა, დეპრესია, მარტოობა, შფოთვა და სოციალური ფობია.  ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ ლონდონი, სადაც ყველაზე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ნეოლიბერალურ იდეოლოგიას, მარტოობის დედაქალაქია ევროპაში, ჩვენ კი, ამჟამად, ყველანი ნეოლიბერალები ვართ.

ტერმინი ნეოლიბერალიზმი სათავეს იღებს 1938 წლის პარიზის შეხვედრიდან, სადაც დელეგატები ლუდვიგ ფონ მიზესი და ფრიდრიხ ჰაიეკი იყვნენ. სწორედ მათ განსაზღვრეს ასე იდეოლოგია. ფრანკლინ რუზველტისა და დიდი ბრიტანეთის კეთილდღეობის სახელმწიფოს გრადუალური განვითარების სოციალ-დემოკრატიულ მაგალითში მათ კოლექტივიზმის მანიფესტაცია დაინახეს, რაც მსგავსი აზროვნების ველში ნაციზმსა და კომუნიზმს უტოლდება.

წიგნში „გზა მონობისკენ“, რომელიც 1944 წელს გამოიცა, ჰაიეკს მოჰყავს არგუმენტი, რომ მთავრობის მიერ გეგმარება, ინდივიდუალიზმის  მოსპობით, მიგვიყვანს ტოტალიტარულ კონტროლამდე. როგორც მიზესის წიგნი „ბიუროკრატია“, „გზა მონობისკენ“ ასევე იყო ფართოდ კითხვადი. წიგნმა რამდენიმე ძალიან მდიდარი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც ამ იდეოლოგიაში დაინახეს შესაძლებლობა, საკუთარი თავი რეგულაციებისა და გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინათ. 1947 წელს, როდესაც ჰაიეკმა პირველი ორგანიზაცია “მონ პელერინის საზოგადოება” დააარსა, და მას შემდეგი დღის წესრიგი ჰქონდა – გაევრცელებინა ნეოლიბერალიზმის დოქტრინა, მისი ფინანსური მხარდამჭერები მილიონერები და მათი ფონდები იყვნენ.

სწორედ მათი დახმარებით დაიწყო ჰაიეკმა იმგვარი რამის შექმნა, რასაც დანიელ სტედმან ჯონსი “ერთგვარ ნეოლიბერალურ ინტერნაციონალს“ უწოდებს – ტრანსატლანტიკური ქსელისა, რომელიც აერთიანებდა ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, აკადემიკოსებსა და აქტივისტებს. მოძრაობის მდიდარმა მხარდამჭერებმა დააფინანსეს “სინქ-თენქების” მთელი სია,  რომელთაც უნდა დაეხვეწათ და გაევრცელებინათ იდეოლოგია. მათ შორის იყო ამერიკის სამეწარმეო ინსტიტუტი, მემკვიდრეობის ფონდი (the Heritage Foundation), კატოს ინსტიტუტი (the Cato Institute), ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტი (the Institute of Economic Affairs), პოლიტიკური კვლევების ცენტრი (the Centre for Policy Studies) და ადამ სმიტის ინსტიტუტი (the Adam Smith Institute). მათ ასევე დააფინანსეს აკადემიური ფაკულტეტები და პოზიციები, კერძოდ ჩიკაგოსა და ვირჯინიის უნივერსიტეტებში.

განვითარების ამგვარი გზის შემდეგ, ნეოლიბერალიზმი ბევრად უფრო მძლავრი გახდა. თუ ჰაიეკის შეხედულების მიხედვით,  მთავრობამ უნდა გააკონტროლოს კონკურენცია, რათა თავიდან აიცილოს მონოპოლია, მისსავე ამერიკელ მოციქულებს შორის, როგორიცაა მაგალითად მილტონ ფრიდმანი, გაზიარებული იყო რწმენა, რომ მონოპოლიური ძალა შეგვიძლია დავინახოთ, როგორც ეფექტურობის გასამრჯელო.

რაღაც მოხდა ტრანზიციის ამ მონაკვეთში – მოძრაობის სახელი გაუჩინარდა. 1951 წელს, ფრიდმანი ამაყად განსაზღვრავდა საკუთარ თავს ნეოლიბერალად, თუმცა, ძალიან მალე, ტერმინმა გაუჩინარება დაიწყო – სხვათა შორის, ეს კიდევ გრძელდება –  მაშინაც კი, როცა იდეოლოგია გახდა უფრო მძლავრი და თანმიმდევრული, დაკარგული სახელი არ ჩანაცვლებულა რაიმე საერთო ალტერნატივით.

მიუხედავად ძლიერი ფინანსური მხარდაჭერისა, პირველ ეტაპზე ნეოლიბერალიზმი გარკვეულ საზღვრებში ექცეოდა. ომის შემდგომი შეთანხმება თითქმის უნივერსალური იყო: ჯონ მეინარდ კეინზის ეკონომიკური ხედვები ფართოდ იყო გაზიარებული, სრული დასაქმება და სიღარიბის აღმოფხვრა საერთო მიზანს წარმოადგენდა აშშ-სა და ევროპის დიდი ნაწილისათვის: საგადასახადო განაკვეთები იყო ძალიან მაღალი, მთავრობები ცდილობდნენ შეექმნათ სოციალური სიკეთეები, განევითარებინათ ახალი საჯარო სერვისები და უსაფრთხოების სისტემები.

მაგრამ 1970-იანი წლებიდან, როდესაც კეინზიანურმა პოლიტიკებმა ეკონომიკიდან გამოსვლა დაიწყო და ატლანტიკური სივრცე კრიზისებმა მოიცვა, ნეოლიბერალურმა იდეებმა მეინსტრიმში იწყეს გადასვლა. სიმპატიებით განწყობილი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მრჩევლების დახმარებით, ნეოლიბერალური პოლიტიკის მონეტარული რეცეპტები გაიზიარეს ჯიმი კარტერის ადმინისტრაციამ ამერიკაში და ჯეიმს კალაჰანის მთავრობამ დიდ ბრიტანეთში.

მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის ძალაუფლების სათავეში მოსვლას მალევე მოჰყვა ნეოლიბერალური პოლიტიკების სხვა პაკეტებიც: მდიდრებისთვის გადასახადების მასიური შემცირება, პროფკავშირების ჩამოშლა, დერეგულაცია, პრივატიზაცია, აუთსორსინგი და კონკურენცია საჯარო სერვისებს შორის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, მაასტრიხტის ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეწყობით ნეოლიბერალური პოლიტიკები მთელ მსოფლიოში დაინერგა, ხშირად დემოკრატიული შეთანხმების უგულებელყოფითაც კი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ადაპტაცია იმ ქვეყნებში, სადაც წინათ იყო მემარცხენე: ლეიბორისტული და დემოკრატიული მთავრობები. როგორც სტედმან ჯონსიმ აღნიშნა: „ძნელია მოიფიქრო სხვა უტოპია, რომელიც ამდენად სრულად რეალიზდა“.

***

შეიძლება უცნაურადაც  გვეჩვენებოდეს, მაგრამ დოქტრინა, რომელიც იძლეოდა დაპირებებს არჩევანისა და თავისუფლების შესახებ, სცენაზე გამოდის სლოგანით: „არ არსებობს სხვა ალტერნატივა“. როგორც ჰაიეკმა აღნიშნა პინოჩეტის ჩილეში ვიზიტის დროს (ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც პროგრამა სრულყოფილად განხორციელდა) – „ჩემთვის უპირატესია ლიბერალური დიქტატურა, ვიდრე დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ჩამოცილებულია ლიბერალიზმს“. თავისუფლება, რომელსაც გვთავაზობს ნეოლიბერალიზმი – რომელიც ასე მაცდურად ჟღერს ზოგადი ტერმინებით აღწერისას, რეალურად ნიშნავს თავისუფლებას ქარიყლაპიებისთვის[2] და არა ლიფსიტებისთვის.

პროფკავშირებისაგან და კოლექტიური მოლაპარაკებებისაგან გათავისუფლება ნიშნავს ხელფასებზე ზეწოლის, ხელფასების შემცირების თავისუფლებას; რეგულაციებისაგან გათავისუფლება კი ნიშნავს თავისუფლებას – მოწამლო მდინარე, საფრთხეში ჩააგდო მშრომელები, გაგაჩნდეს უსამართლო ინტერესები და ქმნიდე ეგზოტიკურ ფინანსურ ინსტრუმენტებს მათ მისაღწევად. გადასახადებისაგან გათავისუფლება – კეთილდღეობის რედისტრიბუციისგან გათავისუფლებას ნიშნავს, რაც ადამიანებს სიღარიბეში ტოვებს.

როგორც ნაომი კლაინი აღწერს „შოკურ დოქტრინაში“, ნეოლიბერალი თეორეტიკოსები ადვოკატირებენ  კრიზისების გამოიყენებას იმისათვის, რათა დაბნეულ ადამიანებს თავს მოახვიონ მანამდე არაპოპულარული პოლიტიკები. ასეთი კრიზისები იყო პინოჩეტის გადატრიალებაც, ერაყის ომიც, ქარიშხალი კატრინაც – რაც ფრიდმანმა განსაზღვრა, როგორც “შესაძლებლობა განათლების სისტემის რადიკალური რეფორმირებისთვის“ ნიუ-ორლეანში.

იქ, სადაც ნეოლიბერალური პოლიტიკა ვერ იმკვიდრებს თავს ქვეყნის შიგნიდან, მას ეხმარება საერთაშორისო პროცესები, მაგალითად სავაჭრო შეთანხმებები, რომლებიც ატარებს შინაარსს – „ინვესტორი სახელმწიფო პრობლემის გადამწყვეტია“ – ოფშორული ტრიბუნალები, სადაც კორპორაციებს შეუძლიათ მოითხოვონ მათთვის დაკისრებული სოციალური დაცვისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემზღუდველი მექანიზმების გაუქმება. როდესაც პარლამენტები კენჭს უყრიან სიგარეტის გაყიდვების შეზღუდვას, იცავენ წყლის მარაგებს მომპოვებელი კომპანიებისგან, ყინავენ ენერგეტიკულ პროექტებს ან თავიდან იცილებენ ფარმაცევტული კომპანიების სახელმწიფოსგან გამოცალკევებას, კორპორაციები ძალიან წარმატებულად უწევენ მათ წინააღმდეგობას.  დემოკრატია  დაყვანილია თეატრამდე.

ნეოლიბერალიზმის სხვა პარადოქსია უნივერსალური კონკურენცია, დაფუძნებული უნივერსალურ შედარებითობასა და რაოდენობითობაზე, რის შედეგადაც მშრომელები, სამუშაოს მაძიებელნი და ყველა სახის საჯარო სერვისები მიჩნეულია უმნიშვნელო წვრილმანებად, დაქვემდებარებულებად მონიტორინგისა და შეფასების დახშული რეჟიმისადმი, რომელიც შექმნილია გამარჯვებულის გამოსავლენად და დამარცხებულის დასასჯელად. დოქტრინამ, რომელიც ფონ მიზესმა შემოგვთავაზა, რათა გავეთავისუფლებინეთ ცენტრალური დაგეგმვისათვის დამახასიათებელი ბიუროკრატიული კოშმარისაგან,  შექმნა სულ სხვა რამ.

ნეოლიბერალიზმი არ იყო ჩაფიქრებული, როგორც თვითმართვადი რაკეტა, მაგრამ ის მალევე გახდა ასეთი. ნეოლიბერალურ ერაში, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა (1980-იანი წლებიდან, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში), წინა დეკადასთან შედარებით, თუმცა ეს არ შეხებია მდიდრებს. შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანასწორო გადანაწილება განსაკუთრებით გამწვავდა – ჩამოიშალა რა პროფკავშირები, შემცირდა გადასახადები, გაიზარდა რენტა, მოხდა დერეგულაცია და მიმდინარეობდა პრივატიზაცია.

იმგვარი საჯარო სერვისების პრივატიზაცია/მარკეტიზაციამ, როგორიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, რკინიგზა, ჯანდაცვა, განათლება, სატრანსპორტო ქსელი და ციხეები, კორპორაციებს საშუალება მისცა,  დაეკისრებინათ  გადასახადი როგორც მოქალაქეებისათვის, ისე მთავრობებისათვის ამ სერვისების გამოყენებაზე. სწორედ ასე ქვია უშრომელ შემოსავალს სხვანაირად: როცა მატარებლის ბილეთში გაბერილ ფასს იხდი, მისი მხოლოდ ნაწილი აკომპენსირებს დანახარჯებს საწვავზე, ხელფასებზე და სხვა მომსახურებაზე, დანარჩენი კი მიუთითებს იმაზე, რომ მათ შენ ხელ-ფეხშეკრული ყავხარ.

ისინი, ვინც ფლობენ და მართავენ დიდი ბრიტანეთის პრივატიზებულ ან ნახევრად-პრივატიზებულ სივრცეებსა და სერვისებს, ბრწყინვალე შესაძლებლობა აქვთ, მცირედი ინვესტირებით კოლოსალური სარგებელი მიიღონ. რუსეთსა და ინდოეთში, ოლიგარქებმა სახელმწიფო აქტივები ჩაიგდეს ხელში გიჟური პრივატიზაციით. მექსიკაში, კარლოს სლიმმს ქვეყნის თითქმის მთლიანი სატელეკომუნიკაციო ქსელი  შეხვდა, რის შემდეგად, მალევე, გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი.

ფინანსიალიზაციას, როგორც ენდრიუ საიერი აღნიშნავს,  წიგნში „რატომ არ შეგვიძლია მდიდრების რჩენა“, იგივე შედეგები აქვს. “როგორც რენტის შემთხვევაში” – წერს ის – „ინტერესი აქაც უშრომელი შემოსავალია, რაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეგიძლია მიიღო“. მაშინ, როცა ღარიბები უფრო ღარიბდებიან, მდიდრები კი კიდევ უფრო მდიდრდებიან, ეს უკანასკნელნი მზარდად ეუფლებიან სრულ კონტროლს კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქტივზე – ფულზე. მაღალი საპროცენტო განაკვეთები ნიშნავს ფულის გადადინებას ღარიბებიდან – მდიდრებისაკენ. საკუთრებაზე ფასების ზრდითა და სახელმწიფო სესხების განდევნით (ვიფიქროთ სტუდენტური გრანტებიდან სტუდენტურ სესხებზე გადასვლის შემთხვევაზეც) სწორედ  ბანკები და მათი დირექტორები გამდიდრდნენ.

საიერი ასაბუთებს, რომ გასული ოთხი დეკადა ხასიათდებოდა არა მხოლოდ კეთილდღეობის ღარიბებიდან მდიდრებისკენ გადადინებით, არამედ სიმდიდრის გადადინებით მათგანაც, ვინც ფულს წარმოებითა და სერვისების შექმნით ქმნიდა – იმათზე, ვინც ქმნის ფულს აქტივებისა და კაპიტალის კონტროლით. შრომით მიღებული შემოსავალი ჩანაცვლდა უშრომელად მიღებული შემოსავლით.

ნეოლიბერალურ პოლიტიკებს ყველგან თან სდევს საბაზრო ჩავარდნები. არა მხოლოდ მსხვილი ბანკები დგანან ამ საფრთხის წინაშე, არამედ საჯარო სერვისების მიმწოდებელი მსხვილი კორპორაციებიც. ტონი ჯატი, საკუთარ წიგნში “უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას” – საუბრობს იმაზე, რომ ჰაიეკს დაავიწყდა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების არსებობა, რომელთა ჩავარდნაც არ შეიძლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სერვისთა მიწოდება კონკურენციის კანონებით ვერ წარიმართება. ბიზნესი იღებს სარგებელს, სახელმწიფო კი ზრუნავს რისკებზე.

რაც უფრო მწვავეა კრიზისი, მით უფრო ექსტრემალური ხდება იდეოლოგია. სახელმწიფო ნეოლიბერალურ კრიზისებს გადასახადების შემცირების, საჯარო სერვისების პრივატიზაციისა და დერეგულაციისათვის იყენებს – როგორც  შესაძლებლობად, ისე გამამართლებელ საშუალებად. საკუთარ თავზე მონადირე სახელმწიფო ახლა კბილებს  ყველა ძირითადი საჯარო სექტორის მიმართულებით ილესავს.

შესაძლოა, ნეოლიბერალიზმის მთავარი საფრთხე იყოს არა მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი,  არამედ პოლიტიკური კრიზისი. სახელმწიფოს როლის შემცირებასთან ერთად, შემცირდა ჩვენი შესაძლებლობაც, ხმის მიცემის გზით შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების კურსი. მეტიც, ნეოლიბერალური თეორია ამტკიცებს, რომ ხალხს საკუთარი არჩევანის განხორციელება ხარჯვით შეუძლია, მაგრამ ზოგს უფრო მეტი აქვს დასახარჯად: შესაბამისად, დიდ კონსუმერისტულ დემოკრატიაში, ხმები არაა თანაბრად გადანაწილებული, შედეგი კი ის არის, რომ დაბალი და საშუალო კლასი დარჩა ძალაუფლების ინსტრუმენტის გარეშე, როცა მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის მსგავს  ნეოლიბერალურ პოლიტიკებს ატარებდნენ. ძალაუფლების დელეგირება ხალხზე, რაც ხმის მიცემის მექანიზმს გულისხმობდა, გადაიქცა ხმის უფლების პრივილეგიად [3].  ასე ჩამოშორდა პოლიტიკას ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი.

კრის ჰეჯი აღნიშნავს, რომ “ფაშისტური მოძრაობა ეფუძნება არა პოლიტიკურ აქტივობას, არამედ “უუნაროთა” ინერტულობას, რომლებიც ხშირად მართებულად ფიქრობენ, რომ მათ არ აქვთ არავითარი ხმის უფლება, ან როლი – პოლიტიკურ სივრცეში. როცა პოლიტიკური დებატები საერთოდ აღარ ლაპარაკობს ჩვენს შესახებ, ხალხი რეაგირებს მხოლოდ სლოგანებზე, სიმბოლოებსა და სენსაციებზე. დონალდ ტრამპის მხარდამჭერთათვის, მაგალითად, ფაქტები და არგუმენტები არარელევანტურია.

ჯატი განმარტავს, რომ როცა ინტერაქცია წყდება ხალხსა და სახელმწიფოს შორის, ეს კავშირი ეყრდნობა სხვა აღარაფერს, თუ არა ავტორიტეტსა და იძულებას, რადგან ამ დროს, ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად  ისევ სახელმწიფო ძალა რჩება. ჰაიეკის შიში ტოტალიტარიზმისადმი უფრო მეტად რეალური ხდება მაშინ, როცა სახელმწიფო კარგავს სერვისების მიწოდების მორალურ ავტორიტეტს, რადგან ამ შემთხვევაში, ხალხის მოტყუება, დაშინება და იძულება ხდება მათი დამორჩილების ერთადერთი საშუალება.

***

კომუნიზმის მსგავსად, ნეოლიბერალიზმიც ის ღმერთია, რომელმაც არ გაამართლა, თუმცა მისი დოქტრინები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას, როგორც ზომბები. რისი ერთ-ერთი მიზეზიც  მისი ანონიმურობაა – ან, უფრო სწორად – სიმრავლე ანონიმურობებისა.

უხილავი დოქტრინის უხილავი ხელი ფუნქციონირებს უხილავი ბანკირების ხელშეწყობით. ჩვენ ნელა, ძალიან ნელა დავიწყეთ რამოდენიმე მათგანის სახელის აღმოჩენა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტი (Institute of Economic Affairs), რომელიც მედიაში თითქოს მკაცრად ეწინააღმდეგება თამბაქოს ინდუსტრიის ახალ რეგულაციებს, საიდუმლოდ შექმნილია ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს მულტინაციონალურო კომპანიის (BAT) მიერ, 1963 წელს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანის, ჩარლზ და დევიდ კოხების მიერ დაფუძნებული ინსტიტუტიდან განვითარდა “Tea Party” მოძრაობა (ამერიკელი კონსერვატორული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიულ ფრთასთან გაერთიანებული; რედ.შენიშვნა). ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩარლზ კოხის ჩანაწერებში, როდესაც ის ერთ-ერთ სინქ-თენქს აფუძნებდა, იყო ასეთი შენიშვნა: „იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი კრიტიკა – თუ როგორ იმართება ან კონტროლდება ორგანიზაცია, საჭიროა მოვერიდოთ მის ფართოდ რეკლამირებას“.

სიტყვები, რომელთაც ნეოლიბერალიზმი ხშირად იყენებს, უფრო მეტს მალავენ, ვიდრე ხსნიან. „ბაზარი“ ისე ჟღერს, როგორც ბუნებრივი სისტემა, რომელიც თანაბრად მიმოიქცევა ჩვენს შორის; ბუნებრივი, როგორც, მაგალითად, გრავიტაცია ან ატმოსფერული წნევა. მაგრამ რეალურად, ის გაჯერებულია ძალაუფლებათა ურთიერთქმედებებით. რაც „ბაზარს უნდა“ ნიშნავს იმას, რაც კორპორაციებს და მათ ბოსებს სურთ. „ინვესტიციას“, როგორც მაიერი აღნიშნავს, აქვს ორი განსხვავებული განმარტება. პირველია პროდუქტიული და სოციალურად საჭირო აქტივობების უზრუნველყოფა, მეორე კი – არსებული აქტივების შეძენა რენტის, მერკანტილური ინტერესების, დივიდენდებისა და კაპიტალის დაუფლების მიზნით. მსგავსი სიტყვები კეთილდღეობის მითვისების შესანიღბად გამოიყენება, შედეგად კი ჩვენ ერთმანეთში ვურევთ კეთილდღეობის შექმნისა და მისი მიტაცების პროცესებს.

ეს ანონიმურობები და ბუნდოვანებები გამოწვეულია თანამედროვე კაპიტალის უსახელობითა და ულოკაციობით: ფრანჩიზის მოდელი იძლევა გარანტიას, რომ მუშებმა არ იცოდნენ, თუ ვისთვის შრომობენ; კომპანიები რეგისტრირდებიან იმდენად კომპლექსურ ოფშორულ ქსელებში, რომ პოლიციასაც კი არ შეუძლია მათი აღმოჩენა და მფლობელების დადგენა; საგადასახადო შეთანხმებებით ტყუვდებიან მთავრობები და მუდმივად იქმნება ახალი ფინანსური პროდუქტები, რომლებიც არავის ესმის.

ნეოლიბერალიზმის ანონიმურობა მკაცრადაა დაცული. ისინი, ვინც ჰაიეკის, მიზესის, ფრიდმანის გავლენის ქვეშ არიან, ამ ტერმინს რადიკალურად ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ – სხვათა შორის, სამართლიანად – რომ ის მხოლოდ უაყოფით კონტექსტში გამოიყენება, თუმცა არავითარ ახალ ალტერნატივას არ გვთავაზობენ. მათი ნაწილი საკუთარ თავს განსაზღვრავს კლასიკოს ლიბერალად ან ლიბერტარიანად, თუმცა ამ განსაზღვრებებს არამხოლოდ ჩვენ  შევყავართ შეცდომაში, არამედ  ისინიც. ისინი საკუთარ თავს იტყუებენ, როდესაც აღნიშნავენ, რომ ჰაიეკის (გზა მონობისკენ), მიზესის (ბიუროკრატია) და ფრიდმანის (კაპიტალიზმი და თავისუფლება) ნაშრომებში არავითარი ბუნდოვანება არ არის.

***

ამ ყველაფერთან ერთად,  თუ არის რაიმე მომხიბლავი ნეოლიბერალურ პროექტში, განსაკუთრებით კი მის ადრეულ საფეხურებზე, ესაა გამორჩეული და ინოვაციური ფილოსოფია, რომელსაც მხარი დაუჭირა მოაზროვნეთა და აქტივისტთა ერთგვაროვანმა ქსელმა – მათ ნათლად ჰქონდათ განსაზღვრული მოქმედების გეგმა – გამოიჩინეს შესაშური გამძლეობა და გამტანობა,  „გზა მონობისკენ“ კი გახდა ბილიკი ძალაუფლებისაკენ.

ნეოლიბერალიზმის ტრიუმფი აირეკლავს მემარცხენეობის მარცხსაც. როდესაც 1929 წელს, ჩაურევლობის ეკონომიკამ მარცხი განიცადა, კეინსმა წარმოადგინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თეორია, რათა არსებული შეცვლილიყო. როდესაც კეინსიანური მენეჯმენტი ბუფერულ ზონებს შეეჯახა 70-იან წლებში, ალტერნატივა უკვე მზად იყო, მაგრამ მაშინ, როცა 2008 წელს, ნეოლიბერალური ეკონომიკა ჩავარდა, არ არსებობდა მისი შემცვლელი. სწორედ ამიტომ აგრძელებს არსებობას უსიცოცხლო იდეოლოგია. ესაა მიზეზი, რის გამოც ზომბი დადის. მემარცხენეებსა და ცენტრისტებს არ შეუქმნიათ ახალ ეკონომიკურ ხედვათა ჩარჩოები 80 წლის მანძილზე.

ჩავარდნის გამოხატულებაა, ასევე, კეინსის თეორიაზე მიჯაჭვაც. XXI საუკუნეში, კრიზისების გადაჭრისას კეინსიანისტური მოდელის გამოყენების მცდელობა სამ მნიშვნელოვან პრობლემას არ უსწორებს თვალს: პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ძველი იდეების გარშემო, ხალხის მობილიზება რთულია. მეორე ისაა, რომ ხარვეზები, რომლებმაც თავი 70-იან წლებში, იჩინეს, დღესაც არ გამქრალა. ხოლო მესამე და მთავარი ეხება გარემოს კრიზისებს, რომლებზეც არაფერია ნათქვამი. კეინსის ეკონომიკური მოდელი გულისხმობს ეკონომიკური ზრდის მიღწევას მოხმარების სტიმულირებით, მომხმარებლობა და ეკონომიკური ზრდა კი გარემოს განადგურების ძრავს წარმოადგენს.

გაკვეთილი, რომელსაც ორივე: კეინსიანიზმისა და ნეოლიბერალიზმის ისტორია გვასწავლის, მიგვითითებს, რომ ჩავარდნილი სისტემის წინააღმდეგ გამოსვლა არ არის საკმარისი. საჭიროა თანმიმდევრული ალტერნატივის შემუშავება. ლეიბორისტებისათვის, დემოკრატებისა და მემარცხენეებისთვის ცენტრალური საკითხი ახალი ეკონომიკური პროგრამის შექმნა უნდა იყოს, რომელსაც XXI საუკუნე ითხოვს.

შენიშვნები:

[1]კომპანიის მიერ ბიზნესის პროცესის ან მისი (ამ პროცესის) ნაწილის მდებარეობის შეცვლა, პერიფერიაში გადატანა ან დანერგვა. (რედ.შენიშვნა)

[2]ქარიყლაპია – 1,0 – 1,8 მეტრის სიგრძის თევზი,  იწონის 35 -მდე კგ-ს. (რედ.შენიშვნა)

[3]“disempowerment turns to disenfranchisement” – “ძალაუფლების დელეგირებისაგან დაცლა გარდაიქმნა ხმის უფლების ქონისგან დაცლად” – პირდაპირი თარგმანი. გულისხმობს იმას, რომ ძალაუფლების დელეგირება ხალხზე , რაც ხმის მიცემის მექანიზმს გულისხმობდა, გადაიქცა ხმის უფლების პრივილეგიად  – ანუ ყველას აღარ შეუძლია ხმის მიცემა. (რედ.შენიშვნა)

Share on Facebook110Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.